”მე მივდივარ სოლიდარობის მარშზე, რადგან თითოეული ჩვენგანის იქ ყოფნა აუცილებელია – ერთმანეთისთვის ბრძოლის დროა.
ქვიარ თემისთვის საჯაროდ გამოსვლა აუცილებელია, მხოლოდ ონლაინ კამპანიები არ კმარა ცნობიერების ასამაღლებლად. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ისინი ონლაინ სივრცის მიღმა, მათ გვერდით არსებობენ. საჯაროდ უნდა გამოვიდეთ და ვისაუბროთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც არსებობს.
ეს ყველაფერი საჭირო არ გახდებოდა, საზოგადოებას მიმღებლობა რომ ჰქონდეს. სასამართლო და პოლიცია რომ სათანადოდ იცავდეს თითოეული ადამიანის უფლებას. გარდა ამისა, ყველა ადამიანს სჭირდება, თავი სოციუმის ნაწილად იგრძნოს. ქვიარ თემმა უნდა დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში და მოიპოვოს ის უფლებები, რომელიც არ აქვს – საჯარო სივრცე ჩემია, შენია, ჩვენია, ყველასია და ყველას აქვს უფლება, მისი ნაწილი იყოს. დროა, მივეჩვიოთ იმას, რომ სამყაროში უამრავი, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი არსებობს და რაღაც ნიშნით ერთმანეთის დისკრიმინაციას არ უნდა ვახდენდეთ.
პრაიდი ჩემთვის უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს. ერთად დგომას, ერთმანეთისთვის ბრძოლას, თავისუფლებას, მიმღებლობას, ერთმანეთის დახმარებას. პრაიდი რომ ადამიანი იყოს, ყველაზე კეთილი, გულღია, საყვარელი, ცნობისმოყვარე, ფერადი და ჩახუტების მოყვარული ადამიანი იქნებოდა – აი, ისეთი ადამიანი, რომ ჩაეხუტები და გგონია, სახლში ხარ, უსაფრთხოდ ხარ, ვიღაცას უყვარხარ.
პრაიდი ყველა ადამიანს აერთიანებს და ეს არ არის მხოლოდ ქვიარ თემის დღესასწაული – ყველასია. ყველა იმ ადამიანის, რომელსაც სოლიდარობა და სხვის გვერდით დგომა შეუძლია. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ვიღაცას უყვარდეს, იღებდნენ და მის შეცვლას არ ცდილობდნენ. ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ საკუთარი თავის მიღება არ კმარა – სამყარო მხოლოდ ჩვენ გარშემო არ ბრუნავს და ბევრი რამე მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
დისკრიმინაცია ყველას პრობლემაა. დღეს თუ ვიღაცას ქვიარ თემის წევრობისთვის ჩაგრავენ, ხვალ იმისთვის დაჩაგრავენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა,ზეგ კი იმისთვის, რომ ქალია და ა.შ. ჩვენს სოციუმში უამრავი ჩაგრული ჯგუფია. ერთმანეთის პრობლემებმა უნდა გაგვაერთიანოს, ბევრი რამ გვაქვს ქვეყანაში შესაცვლელი, უპირველესად კი, ფორმალური კანონები, რომელიც არავის იცავს და მათი დარღვევის შემთხვევაშიც, არავის სჯიან.
ნუ იტყვით, რა დროს პრაიდია, ქვეყანაში უამრავი პრობლემა გვაქვსო. სწორედაც რომ პრაიდის და ამ პრობლემებთან ბრძოლის დროა.”