ლელუჩი მორჩაძე – მეც აქ ვარ!

”ძალიან მინდა აქედან წასვლა. ჩაძირული ვარ. ვერ ვსუნთქავ. აქ არ ვარ ბედნიერი. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ქარი ამოვარდა და მე გარეთ დავრჩი.” – მწერს მეგობარი, რომელიც საკუთარმა სამშობლომ მიატოვა და ამის გამო თვითონ ფიქრობს საყვარელი სახლის, ოჯახისა და მეგობრების მიტოვებაზე. მე კი ერთი მარტივი წინადადებაც არ მომდის თავში, რომლითაც, მინიმუმ, გამხნევებას ან მის გონებაში ამტყდარი კორიანტელის ოდნავ შემსუბუქებას შევძლებდი.

გული მიტყდება. ჩემი მეგობარი უბედურია. მისი კარანტინი იმაზე დიდი ხნის წინ დაიწყო, ვიდრე ვინმე ამის წარმოდგენას შეძლებს. წლებია, რაც გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით იზოლაციაში იმყოფება და ეს მდგომარეობა კონკრეტული ვადით არ არის განსაზღვრული. ვირუსი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია გავრცელებული (და არა მხოლოდ), ვერც COVID-19-ის მსგავსად განიკურნება და მას ვერც რამე სახის ვაქცინა უშველის. ამიტომ ზის ჩემი საყვარელი ადამიანი თავის უფანჯრო ოთახში და ფიქრობს, სად გაიქცეს.

ჩემი მეგობარი მოუსვენარი, სევდიანი თვალებითა და კეთილი გულით, შემოდგომის სუსხიან დღეს დაიბადა. წლების შემდეგ დავიბადე მე. დავმეგობრდით. ჩემთვის ეს ერთი მიზეზიც კმარა ჩვენი დაბადების გასამართლებლად. არ მინდა, სადმე წავიდეს. ის ძლიერია. შემიძლია, ნებისმიერ დროს მხრებზე დავეყრდნო. მყარი კედელია და ჩამონგრევის საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ საჯაროდ გამოვლენილი ძლიერი მხარის გარდა, არსებობს მისი სისუსტეც, რომელიც შეუძლებელია უცხო თვალმა შეამჩნიოს. ჩემი მეგობარი უბედურია და შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს ადგეს და თავი მოიკლას. ”მიზეზი არ ვიცით, ვერაფერს ვამჩნევდით.” – იტყვიან სხვები. შემზარავი სიმართლე მხოლოდ რამდენიმეს გვეცოდინება, მაგრამ კრინტსაც ვერ დავძრავთ. მისგან მიტოვებულს ქვეყნიდან გაქცევა მომინდება, შემდეგი მსხვერპლი მე რომ არ აღმოვჩნდე და ვიღაცებმა გულუბრყვილოდ მხრები არ აიჩეჩონ – აბა, ჩვენ რა ვიცით, სიცოცხლით სავსე გოგოს ამის გაკეთება რაში დასჭირდაო.

ჩემს მეგობარს ძალიან კარგად ესმის, რომ ყველაზე ძლიერი იარაღი სიტყვაა, რომელიც, სამწუხაროდ, იმ ადამიანების ყურამდე ვერ აღწევს, რომლებიც იარაღად სიტყვის ნაცვლად, მართლა იარაღს იყენებენ, ან რამე მძიმე საგანს, მაგალითად, ჩვენთვის კარგად ნაცნობ სკამს. აქედან გამომდინარე, ის ვერც ტრანსპარანტებით ხელში დადგება ქუჩაში და ხმის ჩახლეჩამდე ვერ იყვირებს, რომ ეს ქვეყანა მისიცაა, რომ თავისუფლება სწყურია და დამალვით დაიღალა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინმე გაკიცხავს მალვის, შიშის, უკან დახევისა და წინგადაუდგმელი ნაბიჯების გამო?!

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია, რატომაც ვაპირებ სოლიდარობის მარშზე გასვლას. ჩემი მეგობრის ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს და თუ თვითონ ვერ შეძლებს ამას, მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც მის ხმას გააჟღერებს. სოლიდარობის მარში არის შესაძლებლობა, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, ვისაუბროთ ყველაზე მნიშვნელოვან თემებსა და იმ პრობლემებზე, ქვიარ ადამიანები თითქმის ყოველდღე რომ ვაწყდებით. ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება სწორი არ იქნება.

ჩვენი ერთიანობა აუცილებელია. ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი არა მხოლოდ ქვიარ ადამიანებისთვის, არამედ ჩვენი მეგობრებისთვის, მეგობრების მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, მხარდამჭერებისთვის და, ზოგადად, იმათთვის, ვისაც უკეთეს, თანასწორ, ტოლერანტულ ქვეყანაში ცხოვრება სურს.”

წინა

ბერლინი – პრაიდის დედაქალაქი ევროპაში

შემდეგი

ნინი მაისურაძე – მეც აქ ვარ!

ბოლო სიახლეები

სახალხო დამცველმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა

Facebook5Tweet0Shares5 საქართველოს სახალხო დამცველმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ

გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს

Facebook16Tweet0Shares16 საქართველოში გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და

ჩვენი სხეული, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი უფლებები – 2022 წლის 17 მაისის მთავარი თემა

Facebook29Tweet0Shares29 17 მაისი ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც ოფიციალურად ევროპის პარლამენტისა და

17 მაისი: მეხსიერება და პერსპექტივები — პანელური დისკუსია წარსულის გამოცდილების გადაფასებისა და სამომავლო პერსპექტივების დასახვის მიზნით

Facebook26Tweet0Shares26 ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Pride-მა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით,

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

Facebook13Tweet0Shares13 დღეს ევროპაში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული დაიწყო, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოებას,