ქრისტი დათიაშვილი – მეც აქ ვარ!

”საქართველოში ლგბტქ თემის წევრებს მხოლოდ სუნთქვის უფლებას აძლევენ (ისიც, ყოველთვის არა). ამას ადრეულ ასაკში მივხვდი. საზოგადოების ნაწილი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სახლში ყველაფრის გაკეთების უფლება გვაქვს (სახლშიც გვივარდებიან) და საჯარო სივრცის დაკავებაზე პრეტენზია არ უნდა გაგვაჩნდეს. ისინი ამ ”დათმობისთვის” ჩვენგან მადლობას ელიან.

ჰომოფობიური დაჯგუფებები დიდი მონდომებით ცდილობენ, ადამიანები დაარწმუნონ, რომ ლგბტქ თემის წევრები გარყვნილებას უწევენ პროპაგანდას და ამ ხერხით უნდათ, საზოგადოება თემის წინააღმდეგ აამხედრონ. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, ჩვენი გაჩუმება და სახლში დარჩენაა. საჯარო სივრცის დაკავება იმისთვისაა აუცილებელი, რომ საზოგადოებამ დაინახოს, როგორია რეალურად თემი და გაიაზრონ, რომ ქვიარ ადამიანსაც აქვთ სრულყოფილად ცხოვრების უფლება. ხილვადობის უფლება ყველას თანაბრად გვაქვს, იქნება ეს რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობა. ლგბტქ თემის ხილვადობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საწყისი ადამიანების ცნობიერების ასამაღლებლად.

სოლიდარობის მარშის იდეას პირველივე დღიდან ვიზიარებ და ვუერთდები.

ეს არის შანსი, მივაწვდინოთ ხმა საზოგადოებას და გავაგებინოთ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. ქვიარ ადამიანები ისევე ვიმსახურებთ უსაფრთხო ცხოვრებას, როგორც სხვა დანარჩენები. სამწუხაროდ, საქართველოდან სხვა ქვეყანაში მომიწია საცხოვრებლად წასვლა და ამჯერად მხოლოდ ონლაინ რეჟიმში შემიძლია გამოვხატო თანადგომა.

ვფიქრობ, პრაიდის კვირეული ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. გასული წლების პრაიდ კვირეულების შემდეგ, აშკარად არის წინგადადგმული ნაბიჯები და ვფიქრობ, წელს ბევრად მეტი ადამიანი დაინახავს ქვიარ თემის ნამდვილ სახეს.

თბილისი პრაიდი საინტერესო ღონისძიებებს აწყობს, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში დაგვეხმარება. მგონია, რომ თემის აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი ხმა ვერაფერს შეცვლის, მაგრამ ეს არასწორია – დღეს თითოეული ადამიანის მარშზე გასვლას უდიდესი ძალა და მნიშვნელობა აქვს. ჩემს ქვიარ მეგობრებს მოვუწოდებ, რომ გავიდნენ სოლიდარობის მარშზე, თუნდაც, მხოლოდ ერთი ადამიანის ცნობიერების ასამაღლებლად და მისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ ყველა ადამიანს აქვს არსებობის უფლება.

ვფიქრობ, ჰომოფობიურმა დაჯგუფებებმა აუცილებლად უნდა დაინახონ, რომ აღარავინ აპირებს სახლში ჩუმად ჯდომას და როლის მორგებას. მე არ ვაპირებ ჩავჯდე სტანდარტებში, რომელზეც ისიც კი არ ვიცი, ვინ და რა უფლებით დააწესა.

ოჯახს უდიდესი როლი აქვს ამ ბრძოლაში. იმისთვის, რომ დაწყებული ძვრები გაგრძელდეს, ოჯახის თანადგომა აუცილებელია. ოჯახის წევრებმა უნდა გაიაზრონ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, გამოვხატოთ საკუთარი თავი და დავასრულოთ სხვა ადამიანის როლის მორგება. როდესაც ადამიანი საკუთარი თავის გამოხატვას იწყებს, პირველ რიგში, მას ოჯახის იმედი უნდა ჰქონდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში ასეთი ჰომოფობიაა. მნიშვნელოვანია, რომ გიყვარდეთ და თუ საჭირო გახდა, კბილებით დაიცვათ თქვენი ოჯახის წევრი. მათთან ერთად იბრძოლეთ და არავის მისცეთ მათი ჩაგვრის უფლება. თუ თქვენ ამას შეძლებთ, ნახევარი ბრძოლა უკვე მოგებული იქნება. ყველაზე დიდი საყრდენი ოჯახია, რომელიც გვერდით გიდგას და ბრძოლის ძალას გაძლევს.

ძალიან მტკივნეულად მახსენდება ის წლები, როცა მე უარმყოფდნენ ჩემი გარეგნობის გამო. დღემდე ვერ ვივიწყებ იმ სიძულვილით სავსე მზერას, რომელსაც ვარცხნილობის ან პირსინგის გამო მაყოლებდნენ. სიძულვილი, რომელსაც გამოხატავდნენ მაშინ, როდესაც იგებდნენ, რომ მე ქვიარ თემს ვუჭერ მხარს. იყო ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, რომელზეც სახელმწიფოს არანაირი რეაგირება არ ჰქონდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის პრივილეგირებული ”უმრავლესობაა”.

სახელმწიფო ამდენი დაუსჯელობით ჰომოფობიური ჯგუფების წისქვილზე ასხამს წყალს და პირდაპირ ახალისებს ძალადობას. ქვეყანაში, სადაც მე ამჟამად ვცხოვრობ, ძალიან მკაცრად იცავენ ადამიანის უფლებებს. ბელგია 100% -ით ლგბტქ მეგობრულია. აქ ქვიარ თემის მიმართ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას აუცილებლად მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება და, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კავშირშია ძალადობის შემცირებასთან. ეს ის ნაბიჯებია, რომლის გადადგმაც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დაიწყოს. როდესაც მოძალადე ქუჩაში ვეღარ ისეირნებს, ვეღარ იცხოვრებს ჩვენს მეზობლად  და ყოველ დილით სადარბაზოსთან ვეღარ შეგვეჩეხება, სხვებიც მიხვდებიან, რომ მარტივად ვერ ”გამოძვრებიან.” სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ძალადობა ეკლესიის მხრიდანაც წახალისებულია.

მე ვფიქრობ, რომ სოლიდარობის მარშზე გასვლა დღეს ჩვენი პრიორიტეტია, თუ გვინდა, ცხოვრება უსაფრთხო ქვეყანაში გავაგრძელოთ. ეს თავისუფლებამდე მისვლაში დაგვეხმარება. ჩემი უდიდესი თანადგომა თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარი ღირსების დასაცავად გავა.

იმედს ვიტოვებ, ოდესმე საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას შევძლებ და თავს ნებისმიერ სიტუაციაში დაცულად ვიგრძნობ, იქნება ეს სახლი, კაფე, პრაიდის ღონისძიება თუ სხვა საზოგადოებრივი შეკრება. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ერთმანეთი შევიყვაროთ.”

წინა

მამუკა ჯუღელი, ლეიბორისტული პარტიის წევრი – მეც აქ ვარ!

შემდეგი

დაჩი შოშიტაშვილი – მეც აქ ვარ!

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,