დევიდ გაშის ”სიძულვილით სავსე ქადაგების დასასრული”

დევიდ გაში – ”სხვაგვარად ვფიქრობთ”

გიგა ბერიაშვილის თარგმანი

ახალი ეონის ბიბლიოთეკა

თავი მეოცე

სიძულვილით სავსე ქადაგების დასასრული

ეს არის სიტყვა, რომელიც 2014 წლის 8 ნოემბერს, როდესაც „სხვაგვარად ვფიქრობთ“ პირველად გამოიცა, „პროექტი რეფორმაციის“ ფარგლებში, ვაშინგტონში წარმოვთქვი. ეს ანალიზი ნაწილობრივ ეხმიანება მე-17 თავში დასმულ საკითხებს. ტექსტი ემყარება ჩემს ძველ კვლევებს და იმ გაკვეთილებს ასახავს, რომელიც ლგბტქ საკითხების შესწავლის დროს მივიღე და რომელსაც იმ ადამიანებისკენ მივმართავ, მოძულებული ადამიანების მიღების გამო, აღშფოთებულები რომ მწერენ.

”ამაღამ, მინდა გესაუბროთ საზოგადოების ერთ ნაწილზე, რომელიც, სულ მცირე, 2000 წლის განმავლობაში, რელიგიებისა და ქრისტიანული ეკლესიის მიერ შთაგონებული ხალხისგან დესტრუქციული ქმედებების მსხვერპლია.

საზოგადოების ამ ნაწილის ჩაგვრის მიზეზი რამდენიმე ბიბლიური ტექსტის რამდენიმე მუხლია, რომელიც ქრისტიანი მოძღვრებისა და აწ უკვე ქრისტიანული ტრადიციის მიერ სხვადასხვანაირად ინტერპრეტირდა. ამ ტექსტების ამგვარი დესტრუქციული ინტერპრეტაცია ქრისტიანობის ადრეულ ხანაში გვაბრუნებს, რომლიდანაც დღემდე ვერ გამოვიდა მართლმადიდებელი, რომის კათოლიკე და პროტესტანტი ეკლესია. ამ ეკლესიებს ძალიან ცოტა აქვთ საზიარო, მაგრამ ამ საკითხზე უთქმელად შეხმატკბილდნენ. ძალიან რთულია, ამ საკითხზე შიგნით განსხვავებული პოზიცია იპოვო, რადგან ეს დამოკიდებულება თაობიდან თაობას გადაეცემა და ყოველ ახალ თაობაში უფრო მეტად განმტკიცდება. ყველამ ისე იცოდა, თითქოს საზოგადოების იმ ნაწილის განდევნა, რომელიც ეკლესიის აგრესიული სწავლების ობიექტია, სწორედ ბიბლიური მიზეზებით ხდებოდა, ამას უდასტურებდნენ ეკლესიის მაღალი იერარქები.

ეკლესიის ეს სწავლება ყველაფერს მოედო. ეკლესიამ ზიზღის ნთხევა დაიწყო როგორც მთელი ამ ჯგუფის, ისე ცალკეული ინდივიდების მიმართ. ეკლესია ხალხს ასწავლიდა, რომ ისინი მორალურად გახრწნილები იყვნენ. ეკლესია მათ ეშმაკებსა და სატანას ადარებდა. ეკლესია ასწავლიდა, რომ ისინი ღმერთისთვის მიუღებლები არიან. ეკლესია ასწავლიდა, რომ ამ ადამიანების გვერდით დგომა მიუღებელი იყო. ეკლესია ამ ადამიანებს სხვადასხვა მანკიერებაში სდებდა ბრალს, მათ შორის, სექსუალურ გაუკუღმართებაში, ძალადობასა და პედოფილიაში. საზოგადოების ამ ნაწილის აღმნიშვნელი სიტყვებიც კი ამ იდეებით იქნა გაჯერებული.

მიუხედავად ამისა, ეკლესია ცდილობდა, ეს ადამიანები თავის წიაღში მიეღო, მაგრამ ეს მიღება ორაზროვანი იყო. ისინი უნდა შეცვლილიყვნენ და ამასთანავე, მუდმივად მეასეხარისხოვანი წევრები იქნებოდნენ, თუკი საერთოდ მიღებული იქნებოდნენ. ხოლო როდესაც ეს ადამიანები ამ ვაი-მიღებაზე უარს აცხადებდნენ, არა მარტო ეკლესიიდან, არამედ თავიანთი საცხოვრებელი სახლიდანაც კი ასახლებდნენ, ან ისეთ გარემოს უქმნიდნენ, რომ გადასახლებულიყვნენ.

ვინაიდან ეკლესიების წინამძღვრები არასოდეს ასწავლიდნენ თავიანთ მრევლს, ეს ადამიანები არ დაემცირებინათ, ადამიანთა ისეთი ჯგუფების ჩამოყალიბება ხალისდებოდა, რომლებიც მათ წინააღმდეგ მძიმე სახის დანაშულებს სჩადიოდნენ. ამ ადამიანების ცხოვრებაში დამცირება ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა. დამცინავი სახელების დაძახება უცხო არ იყო. არც სოციუმიდან განდევნა წარმოადგენდა რამე ახალს. ყველა მქადაგებელი ცდილობდა მათთვის კბილის გაკვრას, რადგან არც ერთ ქრისტიანს არ სურდა მათთან რაიმე ფორმით ასოცირებულიყო, რადგან უბრალო მორალური მხარდაჭერის გამოცხადებაც კი, ოჯახის, სამეზობლოსა და ეკლესიისგან მათ ათვალწუნებას ნიშნავდა.

როდესაც სახელმწიფოებმა დაიწყეს ამ ხალხის დევნა, ქრისტიანებს შორის თითქმის არ მოიძებნებოდა ადამიანი, რომელიც მათ მიმართ სოლიდარობას გამოხატავდა.

ეს ადამიანები სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ქრისტიანობის სახით, ყველაზე საზარელი მტერი ყველგან ჰყავდათ ჩასაფრებული. ეკლესია, ბიბლია, ჯვარი, სამღვდელოება, ყველა, აბსოლუტურად ყველა, რაღაც ძალიან სასტიკთან ასოცირდებოდა, ტკივილთან ასოცირდებოდა. ამ მსხვერპლთა შორის, ზოგიერთი ქრისტიანობის მშვენიერ მხარესაც იცნობდა და გაეგონათ ისეთი კეთილი შეგონებები, როგორიცაა „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ და „ისე მოექეცი სხვებს, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ“; იცოდნენ, ეს შეგონებები ქრისტიანობის გული იყო, რადგან ქრისტიანობა სიყვარულთან, პატივისცემასთან უნდა ყოფილიყო გაიგივებული, მაგრამ ქრისტიანებს შორის ამ ღირებულებებს ვერ ხედავდნენ.

ქრისტიანულმა ეკლესიამ მხოლოდ მათ მიმართ არ დააშავა. არსებობს საზოგადოების კიდევ ერთი ჯგუფი, რომელთა ერთი მესამედი მოკლულია და ერთ-ერთი ვარ იმ მკვლევართა შორის, რომელსაც მტკიცებულებები აქვს, როგორ შეეძლო ქრისტიანულ ეკლესიას მათი დახმარება და არაფერი გააკეთა. მიხვდით, ვისზე ვსაუბრობ? ებრაელები, რომლებსაც უღმერთოდ მოექცნენ ქრისტიანები, როდესაც თავიანთ თავს ანტი-იუდეველებს უწოდებდნენ და ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ანტისემიტურ პროპაგანდას ეწეოდნენ. ქრისტიანობის ეს უღმერთოება დეტალურად მაქვს აღწერილი ჩემს წიგნებში. (უღმერთოებას 14-ჯერ გამოვიყენებ ამ საუბრისას და როდესაც მას გაიგონებთ, ეს არის ყველაფერი, რაც იესო ქრისტეს სწავლებას ეწინააღმდეგება – დანაშაული, უსიყვარულობა და ყველაფერი ქრისტეს საპირისპირო)

ვინმეს 1935 წლის ამბები რომ ენახა, იფიქრებდა, ამას არასოდეს უწერია დასასრულიო. თავად ის ებრაელებიც, რომლებიც ფაქტების დოკუმენტირებას ახდენდნენ, ასევე ფიქრობდნენ. მაგრამ ყველას გასაკვირად, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, არაერთმა ეკლესიამ, რომელიც ებრაელების ამდენწლიან ტანჯვას უყურებდა, იუდაიზმისა და იუდეველების მიმართ ჩამოყალიბებული სწავლების შეცვლა დაიწყო. ეს იყო სრულიად მოულოდნელი ძირფესვიანი ტრანსფორმაცია, რომელმაც ძველი სწავლება უკან მოიტოვა და ახლის ჩამოყალიბებას შეუდგა. ეს ტრანსფორმაცია სრულიად შეესაბამება ჩვენი ამჟამინდელი საუბრის თემას.

როდესაც ქრისტიანობამ თავისი ანტიიუდაისტური და ანტისემიტური სწავლების შეცვლა დაიწყო, ეს ცვლილება, პირველ რიგში, იმ ბიბლიური პასაჟების ინტერპრეტირებას შეეხო, რომელიც ყველას გაზეპირებული ჰქონდა. მკვლევარებმა ამ პასაჟების კონტექსტის დაზუსტებასა და მათთან დაკავშირებული მუხლების გადალაგებას მიჰყვეს ხელი.

ტექსტების გაგებაც შეიცვალა. მაგალითად, როდესაც მათე 27:25 აღწერს ქრისტეს ჯვარცმისას ბრბოს შეძახილებს, იქ ასეთი რამ არის ნათქვამი: „ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი.“ ამ მუხლს ისე განიხილავდნენ, თითქოს ებრაელები, ყველა ებრაელი მთელ მსოფლიოში, ქრისტეს მოკვლის გამო პასუხისმგებლობას იღებდა. ამ მუხლის ინტერპრეტაციის გამო, ყველა ებრაელი ქრისტეს მკვლელად შეირაცხა და ამავე სახელით მოიხსენიებდნენ. ასე ეძახდნენ ქრისტიანი ბავშვები ებრაელ ბავშვებს. 1965 წლის დასაწყისში, ქრისტიანი და ებრაელი სასულიერო პირები სასაუბროდ ერთად დასხდნენ და მას შემდეგ, თითქმის აღარავის უთქვამს, რომ ქრისტეს მკვლელობა ებრაელების ზურგზეა. დღეს მათ ”ქრისტეს მკვლელებს” აღარ ეძახიან, რაც კარგი ამბავია.

იოანე 8:44 ებრაელების მიმართ იესოს ერთ ნათქვამს გვამცნობს: „თქვენ მამათქვენის – ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა.“ საუკუნეების განმავლობაში მთელი საქრისტიანო ერთხმად გაიძახოდა, რომ ებრაელები სატანის ჩამომავლები არიან და თავიანთი ეშმაკეული ბატონის ისეთ საქმეებს განასახიერებენ, როგორიც მკვლელობა და სიცრუეა. ცნობილი ამბავია, რომ ევროპაში ქრისტიანი ბავშვები ებრაელი ბავშვების თმის ქვეშ ხელებით რქებს ეძებდნენ. 1965 წელს ებრაელი და ქრისტიანი სასულიერო პირების მიერ გამართული დიალოგის შედეგად, აღარავის უთქვამს, რომ ებრაელებს რქები აქვთ, რადგან სატანის შვილები არიან, რაც თავისთავად კარგი ამბავია.

მოციქულთა საქმეები 7, პირველმოწამე სტეფანეს ამბავი გემახსოვრებათ, სანამ ქვები დააცვივა თავზე, რას ეუბნება ებრაელ მსაჯულებს: „ქედმაგარნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, ყოველთვის რომ ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ისე თქვენც! წინასწარმეტყველთაგან რომელს არ სდევნიდნენ თქვენი მამები? მათ მოკლეს ისინი, წინასწარ რომ აუწყებდნენ მართლის მოსვლას, ვისი გამცემნიც და მკვლელნიც ახლა თქვენ გახდით! თქვენ, რომლებმაც ანგელოზთა მეშვეობით მიიღეთ რჯული და არ დაიცავით იგი!” – ეს ბრალდება საუკუნეების განმავლობაში ისმოდა ებრაელების მიმართ და ისე ისმოდა, თითქოს ებრაელების მთელი ისტორია ღვთის წინააღმდეგ წასვლა ყოფილიყო. ვინაიდან ებრაელი და ქრისტიანი სასულიერო პირები 1965 წელს დასხდნენ და დიალოგი გამართეს, მას შემდეგ, აღარავის დაუდანაშაულებია ისინი ღვთის კანონის მოძულეობაში, რაც თავისთავად კარგი ამბავია.

არ გეგონოთ, მხოლოდ ბიბლიურ პასაჟებთან გვქონდეს საქმე. ისტორიკოსებმა იკვლიეს ეკლესიის მამებისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების ნამუშევრები და ისეთი ავტორების ტექსტებში, როგორებიც იყვნენ ტერტულიანე, ოქროპირი, იპოლიტე, ავგუსტინე და მრავალი სხვა, ანტიებრაულ განწყობებს წააწყდნენ. აღმოჩნდა, რომ პრობლემამ ფესვები ბევრად უფრო დიდი ხნის წინ, რეფორმაციის პერიოდში გაიდგა.

მაგალითად, მარტინ ლუთერს თავის წიგნში – „ებრაელებისა და მათი სიცრუის შესახებ“, საშინელი რაღაცები აქვს ნათქვამი ებრაელებზე, მათ შორისაა მოწოდებები მათი რელიგიური წიგნების დაწვისკენ, სინაგოგების ნაცარტუტად ქცევაზე. ერთგან ამბობს „დავაშავეთ, რომ ერთიანად არ ამოვწყვიტეთო“ – მსგავსი არავის უთქვამს! ქრისტიანებმა ჰოლოკოსტის დროს ცხადად დაინახეს ებრაელების ტანჯვა და თავიანთი სწავლებებიდან ამგვარი დამოკიდებულებების ამოღებით, მცირეოდენ დაეხმარნენ მათ. აქტიურ დისკუსიებში მრავალი იყო ისეთი, ვინც ანტი-ებრაული განწყობის წინააღმდეგ გამოყენებულ არასწორად ინტერპრეტირებულ მუხლებს ამხელდა.

ომის დასრულების შემდეგ, ეკლესიების უმრავლესობამ საბოლოოდ უარყო ეს მიდგომები. ლუთერულმა ეკლესიამ გერმანიასა და ა.შ.შ.-ში საჯაროდ დაგმო ლუთერის ეს საზარელი წიგნი. დღევანდელ გამოცემებს კი თან ახლავს მოწოდება განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ ამ ტექსტის ციტირების დროს.

აი, ამ ცვლილებებმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი ებრაელის სიცოცხლე იხსნა. თავად იუდაიზმის გაგებაც ძირფესვიანად შეიცვალა. ანტისემიტიზმი აღარ წარმოადგენს სიამაყის საგანს. ქრისტიანობის ეს უღმერთო მხარე, მისი ეს ოდესღაც სახალხოდ ნაქადაგები სწავლება, აბსოლუტურად ყველგან და განსაკუთრებით, დასავლურ სამყაროში, ძირფესვიანად შეიცვალა. დღესდღეობით, მერსერის უნივერსიტეტის თეოლოგიის სკოლაში იუდაიზმისა და იუდაური ტრადიციის შესახებ ებრაელი რაბინები ასწავლიან და არა დაგეშილი ქრისტიანები.

ჰოდა, დღეს, 50 წლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, არც ერთ ჩვენგანს აღარ ესმის მათე 27, იოანე 8, საქმეები 7 ისე, როგორც 50 წლის წინ ესმოდათ და როგორც 2000 წლის წინ ისწავლებოდა. სავარაუდოდ, თქვენს შორის ბევრმა არც კი იცოდა, რომ ეკლესიას საუკუნეების განმავლობაში თავის წიაღში ანტიებრაული სწავლება ჰქონდა. არც გეცოდინებოდათ, რადგან დღესდღეობით, ეს სწავლება სამარცხვინოდაა მიჩნეული, განდევნილია და უარყოფილი. დიდი იმედი მაქვს, ეს სწავლება არასოდეს დაბრუნდება.

საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე ებრაელების მიმართ ეკლესიის ძველი სწავლების შესახებ, თუ როგორ მოიტოვა მან ეს დამოკიდებულება უკან და 2000-წლიანი უღმერთო ქრისტიანობა, როგორც შეიცვალა.

და მაინც, ამ საღამოს ამდენს რისთვის ვლაპარაკობ? ისტორიული ანალოგიების მწამს. მე, როგორც ებრაულ-ქრისტიანული ხანგრძლივი დიალოგის მონაწილე, კარგად ვაცნობიერებ ისტორიული ანალოგიების ფასს. მოდით, გადავალ საკითხზე, რომელიც მწამს, ამ ძალიან მძიმე ისტორიული ფაქტის ზუსტი ანალოგიაა.

ქრისტიანულმა ეკლესიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი უღმერთო მხარე, რომელსაც განვიხილავთ, როგორც სიძულვილის ქადაგებას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ. ეს სიძულვილით სავსე ქადაგება დამყარებულია ქრისტიანი წინამძღვრების ინტერპრეტირებულ რამდენიმე ბიბლიურ მუხლზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებულ გავლენას იძენდა. დღეს, უკვე ძალიან რთულია, იპოვო ის, ვინც ადამიანებს შორის განხეთქილების ჩამოგდება დაიწყო, ვინაიდან სიძულვილით სავსე ეს სწავლება განფენილია წმინდა წერილში, ქრისტიანულ ტრადიციაში, სამღვდელოებაში და თაობიდან თაობამდე ძლიერდება და ძლიერდება. დღესდღეობით, ამ სწავლების ქვეშ მოქცეულმა ადამიანებმა იციან, რომ გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანები ეკლესიის მიერ უარყოფილები არიან, მათი მრევლს შორის ყოფნა არ შეიძლება და უნდა განიდევნოს არა მხოლოდ მათი სექსუალური სწრაფვები და რომანტიკული ურთიერთობები, არამედ თავად პიროვნებები. დღესდღეობით, არაერთი ქრისტიანისთვის ანტი-გეი მოძრაობაში ჩართულობა, მისი, როგორც ქრისტიანის იდენტობის შემადგენელი ნაწილია.

ეკლესიის ანტი-გეი სწავლება ყოვლისმომცველია. ეკლესია ასწავლის, რომ ლგბტქ ადამიანებს დასცინონ და თავადაც დასცინის მათ. ეკლესია ასწავლის, რომ ლგბტქ ადამიანები მორალურად გარყვნილები არიან. ეკლესია ასწავლის, რომ ლგბტქ ადამიანები ბოროტების მსახურები არიან. ეკლესია ასწავლის, რომ ლგბტქ ადამიანები სამოთხიდან მოწყვეტის განსახიერებანი არიან. ეკლესია აფრთხილებს თავის მრევლს, არ ასოცირდებოდნენ ლგბტქ ადამიანებთან. ეკლესიამ ლგბტქ ადამიანებს სხვადასხვა სახის სექსუალურ გადახრაში დასდო ბრალი, მათ შორის პედოფილიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიას სურს, მიიღოს ლგბტქ ადამიანები თავის სამწყსოში, მათი მიღება სრულებით არ წარმოადგენს მათ თანასწორად ჩათვლას.

ლგბტქ ადამიანებს ეკლესიებში მეასეხარისხოვანი როლი უჭირავთ. (ამ მომენტში, ლექციის ერთმა დამსწრემ კომენტარი გააკეთა, რომ ებრაელებიც მეასეხარისხოვან მრევლს წარმოადგენდნენ ქრისტიანულ ეკლესიებში, თუმცა მათთვის ბევრად ადვილი იყო ამის დაძლევა, რადგან შეეძლოთ, იუდაიზმიდან ქრისტიანულ რწმენაზე გადასულიყვნენ, რაც არ ხდება ლგბტქ ადამიანების შემთხვევაში, ვინაიდან ჰომოსექსუალი ჰეტეროსექსუალად ვერასოდეს გარდაიქმნება, შესაბამისად, ეკლესიაში მისი იერარქიული დაწინაურება შეუძლებელია.)

მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიას არასოდეს აუღია პასუხისმგებლობა თავისი მრევლის საქციელზე, მათ შორის არაერთმა წევრმა შექმნა დაჯგუფება, რომლებიც ლგბტქ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. უფრო მსუბუქ შემთხვევებში, გავლენა მოახდინეს სკოლებში დამცინავი სახელების შერქმევის წახალისებაში, სოციუმიდან გარიყვასა და მოძულებაში. ქადაგებები სისტემატიურად დევნის ლგბტქ ადამიანებს. ძალიან ცოტაა ისეთი ქრისტიანების რიცხვი, რომლებიც ლგბტქ ადამიანებს გვერდით დადგებოდნენ და მორალურ მხარდაჭერას გამოუცხადებდნენ, რადგან ასეთი თანადგომის გამოცხადება მეგობრების, ოჯახის, მრევლისა და ეკლესიის მხარდაჭერის დაკარგვას ნიშნავს. ამიტომაც ლგბტქ ადამიანებს ისე ექცევიან, როგორც ნაგავს. როდესაც სახელმწიფომ ლგბტქ ადამიანები მიზანში ამოიღო, ქრისტიანებს შორის თითქმის არავინ აღმოჩნდა ისეთი მამაცი, მათ გვერდით რომ დამდგარიყო.

ლგბტქ ადამიანები სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ქრისტიანობის სახით ყველაზე საზარელი მტერი ყველგან ჰყავდათ ჩასაფრებული. ეკლესია, ბიბლია, ჯვარი, სამღვდელოება, ყველა, აბსოლუტურად ყველა, რაღაც ძალიან სასტიკთან ასოცირდებოდა, ტკივილთან ასოცირდებოდა. ლგბტქ ადამიანებს შორის ზოგიერთი ქრისტიანობის მშვენიერ მხარესაც იცნობდა და გაეგონათ ისეთი კეთილი შეგონებები, როგორიცაა „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ და „ისე მოექეცი სხვებს, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ“; იცოდნენ ეს შეგონებები ქრისტიანობის გული იყო, რადგან ქრისტიანობა სიყვარულთან, პატივისცემასთან უნდა ყოფილიყო გაიგივებული, მაგრამ ქრისტიანებს შორის ამ ღირებულებებს ვერ ხედავდნენ.

მოკლედ, აქ მთავრდება ისტორიული ანალოგია. მიუხედავად ამ ორი ისტორიული ანალოგიის მოყვანისა, მესმის, რომ არსებობს საზღვრები. მაგალითად, ის, რომ ლგბტქ ადამიანებს გენოციდი არ დასტყდომიათ თავს.

ცალსახად ცხადია და განსაკუთრებულ ძიებას არ საჭიროებს ფაქტი, რომ ლგბტქ ადამიანები დევნის ობიექტები არიან. მსოფლიოს სხავდასხვა მხარეში მცხოვრები ჩემი სტუდენტები ხშირად მიყვებიან, როგორ ამცირებენ და ფიზიკურად ანადგურებენ ლგბტქ ადამიანებს მათ ქვეყნებში. მართალია, ლგბტქ ადამიანების გენოციდი არ მომხდარა, მაგრამ ამ ნიშნით მათი გამორჩევა და მკვლელობის რიცხვი იმდენად მაღალია, რომ დღესდღეობით, ნაცისტური გერმანიის ლგბტქ მსხვერპლსაც აღემატება.

ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების იმ ჯგუფზე, რომლებიც აქაც, ჩვენს ქვეყანაში, გესლიანი საუბრის ობიექტია, ამ საუბარს კი წმინდა წერილიდან ამოღებული მუხლებით განამტკიცებენ და ითხოვენ, რომ სახელმწიფომ მათი დასჯა დაიწყოს. არ დამავიწყდება, ერთხელ, ერთ-ერთ ქრისტიანულ რადიოში, ჩემ გვერდით მჯდომმა სტუმარმა ზუსტად ეს სიტყვები თქვა.

ებრაელებთან მიმართებაში უღმერთო ქრისტიანული სწავლება შეიცვალა. არც ერთი ცნობილი ქრისტიანი მქადაგებელი აღარ ქადაგებს ამას, რადგან გაგება შეიცვალა. ბიბლია არ შეცვლილა. ბიბლიის გაგება შეიცვალა.

ახლა, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ლგბტქ ადამიანებისკენ მიმართული ქრისტიანობის უღმერთო სწავლება თანდათან თავის ძალას კარგავს. მისი ავტორიტეტი და გავლენა ყოველწლიურად იკლებს და ეს მაფიქრებინებს, რომ ქრისტიანული ეკლესია ზუსტად იმავე პროცესებს გაივლის, რა პროცესებმაც ანტისემიტური სწავლების ამოღებამდე მიიყვანა.

სწორედ ეს არის ჩემი შედარების მიზანიც, ნათლად გაჩვენოთ ქრისტიანობის უღმერთო ტრადიცია, რომელთაგან, ერთ შემთხვევაში, ეს უღმერთოება მოშორებული და განდევნილი იქნა და მეორე შემთხვევაში, ამავე განდევნისა და მოშორების პროცესშია. ვფიქრობ, თანდათანობით საზეიმო მიზეზებს ვუახლოვდებით, რადგან რაღაც დროის შემდეგ ეს სწავლება ლგბტქ ადამიანების დევნას აღარ დაუშვებს.

პროგრესი ცალსახაა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. სიძულვილით სავსე დამოკიდებულება ჯერ კიდევ არ გამქრალა და ასე ადვილად არც გაქრება. ლგბტქ ადამიანებს ჯერ ისევ არ მიიჩნევენ თანასწორებად და პატივის არ სცემენ, ოჯახები, ეკლესიები, სკოლები და მეგობრები ისევ უარყოფენ და რიყავენ. მას შემდეგ, რაც საჯაროდ განვაცხადე ლგბტქ ადამიანების მიმართ ჩემი სოლიდარობის შესახებ, ახალგაზრდები მოდიოდნენ და მიყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს, მომითხრობდნენ როგორ მოიძულეს მშობლებმა, დებმა, ძმებმა, მეგობრებმა, როგორ გასწირეს ისინი ტკივილისა და ტანჯვისათვის. ასეთი რამ დაუშვებელია, მეგობრებო, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს!

მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ ახალგაზრდა ლგბტქ ადამიანების ტკივილზე. ამაზე საუბარი მნიშვნელოვანია.

ამერიკის ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ვაშინგტონში მცხოვრები უსახლკარო ლგბტქ ახალგაზრდების შესახებ მოხსენება მოამზადა: ამ მოხსენების მიხედვით – ”უსახლკარო ახალგაზრდები არიან 12-დან 24 წლამდე ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი სივრცე.“ უმეტესობა ამ ახალგაზრდისა სახლიდანაა გამოქცეული ან გამოგდებული. ისინი გაუსაძლისი პირობების გამო გაექცნენ თავიანთ მშობლებსა და მინდობილ პირებს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მხოლოდ ამერიკაში 2.4-3.7 მილიონი უსახლკარო ახალგაზრდა ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ასაკი 12-დან 24 წლამდე მერყეობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ უსახლკარო ახალგაზრდებს შორის ჭარბობს უსახლკარო ლგბტქ ადამიანები. ”ზოგიერთ შტატში უსახლკარო ახალგაზრდა ლგბტქ ადამიანების ჯგუფების შესწავლისა და უსახლკარო ახალგაზრდა ჰეტეროსექსუალ ადამიანთა შესწავლისა და რიცხვობრივი შეფარდების მეშვეობით, განმაცვიფრებელი შედეგები მივიღეთ – უსახლკარო ახალგაზრდების 65% ლგბტქ ადამიანია. 2000 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, იმ უსახლკარო ადამიანთა მაჩვენებელი, რომლებიც თავს ლგბტქ პიროვნებებად აიდენტიფიცირებდნენ, ასე გამოიყურება: ნიუ-იორკში 33%, სიეტლში 39%, ლოს-ანჯელესში 25%, ილინოისში 15%, ჩიკაგოში 22%.

რთული არ არის დაადგინო, რა იქცა მათი უსახლკარობის მიზეზად და რატომ არის ასეთი მაღალი მაჩვენებელი. პასუხი ისაა, რომ ისინი თავიანთი ოჯახებისთვის მიუღებლები აღმოჩნდნენ და ოჯახურ ძალადობასა და კონფლიქტებს გაქცევა ამჯობინეს. ოჯახებისგან თავიანთი შვილების უარყოფის მოტივატორი რელიგიებია. ეს სწორედ იმ უღმერთო ქრისტიანობის კისერზეა, რომელზეც უკვე ვისაუბრე. იგი ადამიანების ცხოვრებას ანადგურებს და ოჯახებს ხლეჩს. და რაც არანაკლები ტრაგედიაა, ეს ყველაფერი ღმერთის სახელით ხდება.

ქეითლინ რაიანი, რომელიც ”ოჯახისგან მიღების ხელშემწყობ პროექტს“ ხელმძღვანელობს, ტრაგიკულ სურათს გვიხატავს: დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო მეტი თინეიჯერი ახდენს ადრეულ ასაკში თვითიდენტიფიცრებას ლგბტქ ადამიანად. ყველაზე ახალგაზრდა ლგბტქ ადამიანი, რომელსაც ორგანიზაცია ეხმარება, 13 წლისაა. ამავე ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ყველაზე ადრეულ ასაკად, როდესაც ადამიანი ჰომოსექსუალად აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს, 7-დან 12 წლამდე მერყეობს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები ძალიან პატარები არიან და ჯერ კიდევ არ გააჩნიათ გამოცდილება, იცხოვრონ ოჯახის გარეშე, დამოუკიდებლად, თავიანთი ასაკის გამო საკმაოდ მოწყვლადი არიან და უფრო მეტი საფრთხის წინაშე დგანან, ვიდრე მაშინ იდგებოდნენ, შედარებით დიდები რომ ყოფილიყვნენ.

ამგვარად, როდესაც ოჯახები იგებენ, რომ მათი შვილები ლგბტქ ადამიანები არიან და ისინი მათ უარყოფენ, ამ ბავშვების ცხვირწინ არა მხოლოდ ოჯახური სითბოს მიღებისა და ღირსეული ცხოვრების შანსი ინგრევა, არამედ წარმოდგენაც თავიანთ თავზე, რადგან ეს უჩენთ საკუთარი თავის მიმართ მიუღებლობისა და სიძულვილის განცდას. ეს ყველაფერი ძალიან დიდ გავლენას ახდენს მათზე და ართმევს ძალას, უყვარდეთ თავიანთი თავი, იზრუნონ საკუთარ თავზე, აირიდონ სხვადასხვა საფრთხეები, კარგავენ ძალას, ებრძოლონ მავნე ჩვევებს და რაც კიდევ უარესია, ისინი იმედს კარგავენ და კარგავენ სიცოცხლის სურვილს.

სამწუხაროდ, რიცხვი ასეთი ახალგაზრდებისა, რომლებიც ოჯახებმა განდევნეს, რადგან მათი ლგბტქ იდენტობის შესახებ გამოარკვიეს, საკმაოდ დიდია. ასევე დიდია რიცხვი იმ ოჯახებისა, რომლებმაც ქეითლინ რაიანის ორგანიზაციასთან მუშაობის შემდეგ, თავიანთი შვილი უკან დააბრუნეს და ეცადნენ, მიეღოთ ისეთი, როგორიც არის. ორგანიზაციამ გააანალიზა ათობით განსხვავებული ოჯახის დამოკიდებულება თავიანთ ლგბტქ შვილთან მიმართებაში და დაადგინა, რომ მოზარდობის დროს ოჯახისგან მათი მიღება-არმიღების საკითხი ძალიან დიდ გავლენას ახდენს შემდგომში მოზარდის ფსიქიკური ჯანმრთელობის ჩამოყალიბებასა და გაუარესებაში. რაც უფრო მძიმეა ოჯახის დამოკიდებულება, მით უფრო მძიმეა მოზარდის ჯანმრთელობა, მენტალური სიჯანსაღე და ქცევა. რაც უფრო მეტად მიმღებელია ოჯახი ლგბტქ შვილის მიმართ, მით უფრო ნაკლებია მოზარდის ფსიქიკური ზიანის შანსი.

ორგანიზაციამ შეისწავლა ოჯახის მიერ შვილების უარყოფის სხვადასხვა ფორმა: ცემა, სხვადასხვა სახის ფიზიკური დამცირება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაცინვა, აგდებული მიმართვა, სახელების შერქმევა, ბავშვის დადანაშაულება, როდესაც იგი დამცირებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლია, ბავშვისთის კაცურობისა თუ ქალურობის დაძალება, ღვთისგან მოვლენილი სასჯელით დამუქრება, ლოცვის იძულება და ლგბტქ იდენტობის შეცვლის მიზნით, ეკლესიაში მსახურება, სექსუალური ორიენტაციის შესაცვლელი თერაპიის ჩატარება, ოჯახის წინაშე მისი შერცხვენა, მათი ლგბტქ იდენტობის ტაბუირება და ამაზე საუბრის აკრძალვა, ოჯახის წევრებისთვის ან სხვებისთვის ამის გამხელის აკრძალვა და მისი საიდუმლოდ შენახვის დავალდებულება.

კვლევებმა აჩვენა, რომ ოჯახისაგან უარყოფილმა ლგბტქ ადამიანმა:

• რვაზე მეტჯერ სცადა თვითმკვლელობა

• ცხოვრებაში ექვსჯერ ან მეტჯერ ებრძოდა დეპრესიის გართულებულ ფორმებს

• სამჯერ ან მეტჯერ გამოუყენებია არალეგალური და მძიმე ნარკოტიკები

• სამჯერ უფრო მაღალია რისკი აივ-ინფექციითა და სხვა სგგდ-ით დაავადების შანსი

ამავე კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული პრობლემები თითქმის არ არსებობს იმ ლგბტქ ადამიანთა ცხოვრებაში, რომლებიც ოჯახებმა მიიღეს. მაგალითად, თვითმკვლელობის მცდელობა მიმღებლურ ოჯახებში მხოლოდ მესამედია იმ რიცხვისა, რა რიცხვთანაც საქმე გვაქვს, როდესაც ოჯახებისგან განდევნილ ლგბტქ ახალგაზრდებზე ვსაუბრობთ.

”ოჯახისგან მიღების ხელშემწყობი პროექტის“ მენეჯერმა ასეთი რამ მომწერა: ”ყოველდღიურად, ისეთ გულისმომწურავ ისტორიებს ვისმენ, წარმოიდგინეთ, იმის გამო, რომ მათთვის თავშესაფრები არ არსებობს, ამ ზამთარში,  ამ სიცივეში ბავშვებს  ხიდების ქვეშ სძინავთ. შარშან, იანვარში, ხუთი ბავშვი მოვიდა ჩვენთან, რელიგიურმა ოჯახებმა მათზე უარი განაცხადეს და სახლებიდან გამოყარეს, წასასვლელი არსად ჰქონდათ. ერთ-ერთ გოგონას თავისი სკოლის წინ პირდაპირ თოვლში ეძინა. ეს გოგონა 16 წლისაა.“ კვლევების მიხედვით, 85% სახლიდან გამოქცეული ან გამოგდებული ლგბტქ ახალგაზრდისა, რომელიც ცხოვრებას ქუჩაში იწყებს, განწირულია მთელი ცხოვრების იქ გატარებისთვის. ეს პრობლემა უფრო ხშირად გვხვდება ტრანსგენდერი ადამიანების შემთხვევაში. უსახლკარობასა და ქუჩაში ცხოვრებას კარგი რომ არაფერი მოჰყვება, ეს ყველამ ვიცით.

გთავაზობთ პრობლემების სიას, რომელსაც ეს ახალგაზრდები ქუჩებში აწყდებიან:

• კარგავენ სახელმწიფო დაზღვევასა და ბავშვებისთვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სარგებლის მიღების უფლებას.

• ოჯახის მიერ უარყოფილი ახალგაზრდები უფრო ხშირად ხვდებიან ბავშვთა და მოზარდთა გამოსასწორებელ კოლონიებში.

• მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული ლგბტქ ახალგაზრდების უმეტესობა ცხოვრებას მაინც ქუჩაში ასრულებს, ვინაიდან ხშირია მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რაც ხშირად სექსუალურ ძალადობასაც გულისხმობს.

• სამართალდამცავ სტრუქტურებში ლგბტქ ადამიანებისთვის ”მეძავის” სტატუსის მინიჭება უფრო ხშირად ხდება და მსგავსი ჩანაწერები მათ მომავალს დაღს ასვამს.

• უარყოფილი ლგბტქ ადამიანების უმრავლესობას არ აქვს ღამის გასათევი, სადაც თავს დაცულად იგრძნობს.

• მოკლებულია ორმხრივი თანხმობით დამყარებულ სქესობრივ კავშირს, სამაგიეროდ, მაღალია მათი გაუპატიურების, სასტიკი მოპყრობისა და მკვლელობის რიცხვი.

• ძალიან მაღალია ნარკოტიკისა და ალკოჰოლის სისტემატურად მომხმარებელთა რიცხვი.

• ძალიან დიდია რიცხვი თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობისა.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ ძალიან დიდი სიისა, რომელიც მე მოვიპოვე. დასასრული თითქმის არც აქვს. ამის დასრულება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუკი უღმერთო ქრისტიანულ სწავლებას დავასრულებთ ისევე, როგორც უღმერთო ქრისტიანობა დასრულდა ებრაელებთან მიმართებაში. ფაქტია, რეფორმაციის საჭიროების წინაშე ვდგავართ. ქრისტიანობის დამოკიდებულება ებრაელების მიმართ, რამდენიმე კარგ მაგალითს გვაძლევს იმის თაობაზე, თუ როგორ შეგვიძლია დავასრულოთ ეს უღმერთოება ლგბტქ ადამიანებთან მიმართებაში.

აუცილებელია, ადამიანის, როგორც უმაღლესი ღირებულების საკითხი დაისვას.  აუცილებელია, ადამიანების გულები შემოვაბრუნოთ ამ ადამიანების ტანჯვისკენ.  არც ერთი დიალოგი არ უნდა შედგეს თუკი ამ დიალოგში ჩართული არ იქნება ერთი ლგბტქ ადამიანი მაინც და თავად მათ არ მიეცემათ ხმის ამოღების საშუალება.

კონსერვატორებსა და განსაკუთრებით რელიგიურ ლიდერებს, არ უნდა მიეცეთ საშუალება ისეთი შეურაცხმყოფელი ტონით ისაუბრონ, როგორც ერთ დროს ებრაელების მიმართ საუბრობდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა შეიქმნას ისეთი სივრცე, სადაც თითოეულ ადამიანს მოუწევს, არ გადავიდეს დაწესებულ საზღვარს, რაც, თავისთავად, პროგრესისკენ წაგვიყვანს. არ უნდა დავუშვათ, რომ ადამიანები უკან დასწიონ.

ყურადღება უნდა დაეთმოს ნეგატიურ კონტექსტში ციტირებულ ბიბლიურ მუხლებს და დაზუსტდეს, ტექსტის კონტექსტუალური ანალიზის შედეგად, კვლევის საგანი გახდეს მისი მნიშვნელობა, ჩამოყალიბდეს და გათვალისიწინებულ იქნას ის მამოძრავებელი იდეები და გავლენები, რამაც მისი დაწერის აუცილებლობა გააჩინა.

მაგრამ ერთი ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ანტიიუდაისტურ განწყობებთან ბრძოლამ გვასწავლა, ის არის, რომ უმჯობესია, ძირითადი აქცენტი არ გაკეთდეს ბიბლიის იმ ექვს-შვიდ მუხლზე, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებენ ანტი-გეი კამპანიაში, ვინაიდან ის ცვლილება, რომელიც იუდაიზმთან მიმართებაში მოხდა, გამოწვეული იყო არა იმით, რომ ეს ტექსტები ამოაგდეს და აღარ კითხულობდნენ, არამედ იმისგან, რომ საუბარი წარიმართა ტექსტებში არსებული ისეთი ფუნდამენტური საკითხებისკენ, როგორიცაა ქრისტეს გზა. ამრიგად: საუბარი უნდა შეიცვალოს იმისაკენ, თუ რა არის ქრისტეს სწავლება.

ჰოლოკოსტის დროს ქრისტიანებმა ებრაელების გადარჩენა დაიწყეს. ის მამაცი უმცირესობები, რომლებმაც კბილებდაღრჭენილი უღმერთო ნაცისტების ცხვირწინ ებრაელების გადაარჩენა მოახერხეს, ქრისტიანობის ძირითადი პრინციპის – „როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ ადამიანნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12), რჯულის მთავარი კანონის, კეთილი სამარიელის, ძმის მცველისა და მფარველის განსახიერებანი არიან. თითოეულმა მათგანმა ისეთი საქმე ითავა, რაც ქრისტიანობისთვისა და ქრისტიანებისთვის უმაღლესი ღირებულებაა, ვინაიდან საქმე გვაქვს თანაგრძნობასთან, მოწყალებასა და სამართლიანობასთან. თუმცა ისეც მოხდა, რომ იოანე 8, მათე 27 და საქმეები 7, ამ გზას ასცდა, ან სხვანაირად იქნა გაგებული. როდესაც ჩვენი დროის დიდ ნაწილს ისეთ ტექსტებზე საუბარს დავუთმობთ, როგორიცაა ლევიანთა 18, პირველი კორინთელთა 6 და რომაელთა 1, ვკარგავთ შესაძლებლობას, ქრისტიანები დავაბრუნოთ ისეთ ძირეულ საკითხებთან,

რაც ამ აბზაცში აღვწერე და რაც ქრისტიანების ცხოვრებაში ფუნდამენტს უნდა წარმოადგენდეს.

მაშასადამე, ჩვენი მოვალეობაა, მივყვეთ ქრისტეს მაგალითს და მისი შესაბამისი გაგება დავნერგოთ. მთელი ჩვენი დრო სახარებაში უნდა ჩავდოთ. აუცილებელია, გავითვალისწინოთ მისი ღირებულებები ყველა ადამიანთან მიმართებაში, მისი დამოკიდებულება განდევნილ და მოძულებულ ადამიანებთან მიმართებაში, მისი შემტევი ქცევა და პათოსი ისეთ რელიგიურ ლიდერებთან, რომლებიც ღვთის დამახინჯებულ ინტერპრეტაციას იძლევიან, მისი გულწრფელობა, როდესაც იგი ღვთის მიმართ ლოცულობდა და, რაღა თქმა უნდა, მის სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომაზე. უნდა ვუსმინოთ მას და მზად ვიყოთ ღვთით აღვსებისათვის, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც ჩვენს გულებს ვხსნით, სხვაგვარად ვფიქრობთ, სული სინანულს ეძლევა.

ბოლო დროს, განცდა მაქვს, თითქოს ჩვენი ეკლესიები გაიხსნა უცხოებისთვის, ჩვენი სიყვარული უცნობებს შორის განივრცო, ჩვენი გულები გამბედაობით აღივსო, თითქოს დახშული თანაგრძნობა გათავისუფლდა. მიუხედავად ამისა, საქმე, რომელიც უნდა ვითაოთ, რთულია, რადგან:

• საკითხი, რომლის წინაშეც ვდგავართ, ძალიან რთულია და გარდა ამისა, თავად ეკლესია და მისი ავტორიტეტიც ძალიან პრობლემური საკითხია, რადგან რთულია აღიარება, რომ შეცდი. მოკლედ, ეს საკითხი სულაც არ არის ბიბლიის რამდენიმე მუხლის სხვაგვარად წაკითხვა-გაგებაზე. აქ საქმე გვაქვს წმინდა წერილის, ქრისტიანული ტრადიციისა და სასულიერო პირების ავტორიტეტის შესაძლო რღვევასთან. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ქრისტიანებს არ სურთ აღიარონ, რომ ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, ცუდად იქცეოდნენ. აღიარება ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებელია ეკლესიამ თავის მრევლს შეახსენოს, რომ ის გასაღები, რომელიც აქამდე ეჭირა, დაჟანგდა და მისი განახლების დროა. ეკლესია ასე მოიქცა მონობასთან, სეგრეგაციასთან და ანტისემიტიზმთან მიმართებაში. ახლაც შეუძლია იგივე გააკეთოს.

• უცილობელ ფაქტორს წარმოადგენს ახალი პარადიგმებისა და ტრანსფორმაციული შეხვედრების გახშირება. მაგრამ ცხადია, ამისთვის საჭირო ძალისხმევის გამოჩენა ძალიან რთულია. გამხელა ჩვენი ლგბტქ იდენტობისა და ლგბტქ-მეგობრული განწყობისა, უმაღლესი საჭიროების საკითხია. თუკი ყველა ჩვენგანი ამის შესახებ ხმამაღლა დაიწყებს საუბარს, ევანგელური ამერიკა იძულებული გახდება აღიაროს, რომ ეს სხვისი პრობლემა არ არის და ეს ყველაფერი მის ცხვირწინ ხდება. ადამიანებს უჭირთ სხვაგვარად ფიქრი, თუკი ლგბტქ ადამიანებთან შეხება არა ჰქონიათ.

• ადამიანები ლგბტქ საკითხებს აღიქვამენ, როგორც კულტურის უარყოფასა და ახალი წესების დანერგვას, რაც ქრისტიანთა უმეტესობას აშფოთებს. იმისათვის, რომ დასრულდეს ლგბტქ ადამიანების დევნა და უარყოფა, აუცილებელია, ქრისტიანმა ლგბტქ ადამიანებმა იმდენად აღიმაღლონ ხმა, რომ ადამიანებს დაეხმარონ  გაცნობიერებაში, რომ ისინი კულტურის უარმყოფელები კი არ არიან, არამედ  შევიწროვებული ქრისტიანები, რომლებსაც ეკლესიაში ინტეგრაცია და თავიანთი რწმენის დამოწმება სურთ. გარდაუვალია გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარი ქრისტიანის ეკლესიაში ისევე მიღება, როგორც ნებისმიერ ადამიანს იღებენ. ეკლესიების წესები ისევე უნდა გავრცელდეს მათზე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანზე ვრცელდება.

ლგბტქ ადამიანების სანახევროდ მიღება საერთოდ არ არის საკმარისი. თქვენ (ჩვენ) ვალდებულები ვართ და გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ სრული, თანასწორი მიღება ქრისტეს ეკლესიაში, როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ეძიებს წყალობას იესო ქრისტეში. ეს უკვე ნიშნავს, რომ ქრისტიანობის სექსუალური ეთიკა გადახედვას უნდა დაექვემდებაროს. თუკი ლგბტქ ქრისტიან მრევლზეც გავრცელდება ის პრინციპები, რომელიც ვრცელდება თითოეულ მორწმუნეზე მიუხედავად მისი ჩამომავლობისა, რასისა, ეთნიკური ნიშნისა, ქრისტიანობის სექსუალური ეთიკა ერთხელ და სამუდამოდ მიიღებს სრულყოფილ ფორმას და განმტკიცდება.

და მაინც, რა სტანდარტებზე ვსაუბრობთ? მონოგამია, ერთგულება მთელი ქორწინების განმავლობაში. ეს არის ის, რაც ყველა ქრისტიანს მიემართება. მისი გული კი მოზარდებისა და ბავშვების შესაფერის გარემოში აღზრდას გულისხმობს.

ცხადად ვხედავ, რომ ამ კანონებისა და პრინციპების განვრცობა იმდენადვეა შესაძლებელი ლგბტქ წყვილებზე, როგორც ნებისმიერ ჩვენთვის ცნობილ ქრისტიან წყვილს შორის განივრცო, მიუხედავად მათი იდენტობისა.

ძალიან ვწუხვარ, რომ ამ მარტივი ჭეშმარიტების გასაგებად ოცი წელი დამჭირდა.

დასასრულს, მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მადლობა მინდა გადავუხადო მეთიუ უაინსსა და ამ პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს, აღფრთოვანებული ვარ თქვენით, ჩემთვის სამაგალათოა თითოეული თქვენგანი. თქვენ ხართ ეკლესიის მომავალი და თქვენზე დგას ეკლესია. თქვენ ხართ ის უცილობელი მოძრაობა, რომელიც ჩაგრულთა განთავისუფლებას მოიტანს და ისტორიას ახსოვს არაერთი ასეთი მაგალითი. თქვენ ხართ იმედი იმ ძალისა, რომელიც ეკლესიას სჭირდება. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელთა ჟამმა მოაწია.

მზად ვარ, თქვენთან ერთად ვიბრძოლო ნებისმიერი ფორმის მჩაგვრელობის წინააღმდეგ. ვეცდები, გვერდში დაგიდგეთ ამ მძიმე მომენტში, როდესაც ქრისტიანები თქვენ წინააღმდეგ ილაშქრებენ.

ჩვენი აქ შეკრების მიზეზი ერთ-ერთი ისეთივე ტრაგიკული ფაქტია, როგორიც, სამწუხაროდ, არაერთხელ ყოფილა ქრისტიანობის ისტორიაში, როდესაც წმინდა წერილს ბოროტი მიზნებისთვის იყენებდნენ, ადამიანებს მისით ტკივილს აყენებდნენ და იესო ქრისტეს სწავლებას, მაგალითსა და ცოდნას ზიანისთვის იყენებდნენ. დიახ, ეს ხდებოდა და ეს უკვე აღარ ხდება. ამჯერადაც შეგვიძლია ჩაგვრა წარსულს ჩავაბაროთ. მწამს, ეს ყველაფერი იმაზე ბევრად ადრე მოხდება, ვიდრე ზოგიერთს ჰგონია. ეს საუბრები დასრულდება და ადამიანებს გაეცინებათ, რომ ოდესღაც ამის საჭიროება იდგა.

ერთ დღეს, ჩვენ ყველანი შევიკრიბებით ძე ღმრთისასთან ერთად სერობაზე. და გვკითხავს იგი, გვიყვარდა თუ არა და ვემსახურებით თუ არა უფალს ყველაფრით, რითაც შეგვეძლო. და შემდეგ ნამდვილი სერობაც დაიწყება. დღევანდელი შეხვედრა მოლოდინია მტკიცე ეკლესიის მომავლისადმი. ხოლო ეკლესია, მოლოდინია ღვთის სასუფევლისა. გახსოვთ, ეს სიტყვები?

”მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი.“ (გამოცხადება 21:3-4)

და სწორედ მაშინ, ჩვენ ერთნი ვიქნებით. უფალმა დაგლოცოთ, ძვირფასო მეგობრებო.”

წინა

თამრიკო ჭოხონელიძე – “ჩაიარონ, დიახ! არავის აქვს უფლება, იძალადოს ადამიანზე”

შემდეგი

ბექა კვაჭანტირაძე – მეც აქ ვარ!

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი