გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ UEFA-მ შეწყვიტა მოკვლევა გერმანიის ნაკრების კაპიტნის, მანულ ნოიერის მიერ, EURO 2020-ის მატჩებზე ცისარტყელიანი სამკალურის ტარების ფაქტზე. ლგბტქ+ საზოგადოების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, ივნისში, პრაიდის თვეში, ნოიერს ცისარტყელას სამკლაური პირველად ლატვიის წინააღმდეგ მატჩში ეკეთა, ასე გააგრძელა თამაში EURO 2020-ის ჯგუფური ეტაპის მატჩების განმავლობაშიც – საფრანგეთთან და პორტუგალიასთან.
UEFA განიხილავდა, არღვევდა თუ არა სამკლაური წესს, რომელიც მოედანზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას კრძალავს, თუმცა განხილვა შეწყდა და განმარტეს, რომ ნოიერის ჟესტი სოლიდარობას გამოხატავს ლგბტქ თემის მიმართ და ”კარგ მიზნებს” ემსახურება. სამკლაური, როგორც მრავალფეროვნების სიმბოლო, ისე შეფასდა.
ოთხშაბათს, უნგრეთის წინააღმდეგ მატჩის დროს, გერმანია მიუნხენის სტადიონის – ”ალიანც არენას” განათებას პრაიდის დროშის ფერებში გეგმავს. მიუნხენის მერმა, დიტერ რაიტერმა კვირას განაცხადა, რომ ის UEFA-ს ”ალიანც არენის” პრაიდის დროშის ფერებში განათების ნებართვას სთხოვს. ”ეს ტოლერანტობისა და თანასწორობის ნიშანი იქნება.” – თქვა რეიტერმა ახალ ამბებში.
მიუნხენის საკრებულომ უკვე მოითხოვა სტადიონის ცისარტყელის ფერებით განათება, რისი მიზანიც უნგრეთის დეპუტატების მიერ, სამშაბათს მიღებული ახალი კანონის გაპროტესტებაა, რომელიც ჰომოსექსუალობის ან სქესის შეცვლის შესახებ ნებისმიერი შინაარსის კონტენტის კარასრულწლოვნებთან გაზიარებას კრძალავს. ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები ამ კანონს გმობენ, როგორც ანტი-ლგბტქ-სა და დისკრიმინაციულს.
”მნიშვნელოვანია, რომ მიუნხენმა გამოიჩინოს სოლიდარობა უნგრეთის ლგბტ+ საზოგადოების მიმართ, რომელიც უნგრეთის მთავრობის ამჟამინდელი ჰომოფობიური და ტრანსფობიური კანონმდებლობით იჩაგრება.”- განაცხადა მიუნხენის საბჭომ.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, საბოლოო გადაწყვეტილებას UEFA მიიღებს.
ამავდროულად, UEFA-მ დაადასტურა, რომ იგი იძიებს სავარაუდო დისკრიმინაციულ ინციდენტებს, რომელიც EURO 2020-ის პირველი ორი მატჩის დროს, უნგრეთში, ”პუშკაშის” სახელობის არენაზე მოხდა.
ანტიდისკრიმინაციულმა ჯგუფის მიერ გაგზავნილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამშაბათს, ბუდაპეშტში, პორტუგალიასთან მატჩის დროს, ტრიბუნებზე ჰომოფობიური ბანერი იდგა.
ასევე, დისკრიმინაციული შეძახილები გაისმა შავკანიანების მიმართ შაბათს, უნგრეთის საფრანგეთთან შეხვედრის დროს. აღნიშნული ფაქტის გამოსაძიებლად, ეთიკისა და დისციპლინური ინსპექტორი დაინიშნა.