Ხშირად, გაცნობის აპლიკაციები ქვიარ ადამიანებისთვის ერთადერთი გაცნობის საშუალებაა. არსებობს ქვიარ მეგობრული სივრცეები, სადაც სოციალური ურთიერთობების დამყარება შესაძლებელია, თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ მეგობრებთანაც კი არ საუბრობენ, სხვადასხვა სოციალური სივრცეც ნაკლებად ხელმისაწვდომია.
PEW RESEARCH CENTER-ის 2019 წლის კვლევის მიხედვით, ქვიარ ადამიანების ნახევარზე მეტს გაცნობის აპლიკაციით ერთხელ მაინც უსარგებლია, რაც ჰეტეროსექსუალების შემთხვევაში სულ რაღაც 28%-ია. Სავარაუდოდ, პანდემიური რეალობა გაცნობის აპლიკაციებით სარგებლობის სტატისტიკას შეცვლიდა, რადგან იქამდე ხელმისაწვდომი რეალური სივრცეები ხელმისაწვდომი არ იყო.
ილუსტრაცია: Javier Zarracina / Vox
ჰეტეროსექსუალური ურთიერთობისგან განსხვავებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ქამინგაუთის პრობლემაა. ქვიარ გაცნობის აპლიკაციებში უმეტესად ინკოგნიტო ანგარიშებს შეხვდებით და ადამიანის გარეგნობის თუ მისწრაფებების შესახებ ხშირად მიმოწერისას იგებ, რაც, ძირითადად, დროის კარგვაა, ამას ქვიარის მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვაც მოწმობს.
გამოკითხვაში 37-მა ქვიარმა მიიღო მონაწილეობა და 24% აღნიშნავს, რომ ადამიანები მიმოწერას გარეგნობის გამო წყვეტენ, 30%-მა დააფიქსირა, რომ ხშირად აპლიკაციის მომხმარებლები ეძებენ ისეთ ადამიანს, რომელიც დაქამინგაუთებული არაა, ამდენივე აღნიშნავს, რომ ახალგაცნობილები უფრო მეტად მასკულინურ ადამიანს ეძებენ.
„რამდენიმეჯერ ვცადე და ჩემი პროფილის ფოტო დავაყენე, შევამჩნიე, რომ მიმოწერების რაოდენობა მკაფიოდ შემცირდა. როცა „უთავო-მხედრის“ ფოტო მიდევს, ბევრად მეტი ახალი ადამიანი იწერება და როცა სახეს ვაჩენ, მწერენ, მაგრამ თან აყოლებენ ხოლმე – „უი, შენ გაბაზრებული ხარ, ბრაატ“ და მბლოკავენ. დავაკვირდი და თუ სახის ფოტო მიდევს ან ინსტაგრამი მაქვს მიბმული, უფრო რეალური ადამიანები იწერებიან ან არ სჯერათ ხოლმე, რომ ჩემი ფოტოა. Ამას ორი მიზეზით ვხსნი: ერთი ის, რაც დავწერე უკვე და მეორე, ასეთ დროს მხოლოდ ის იწერება, ვინც მართლა დაინტერესებულია. ვისურვებდი, რომ მეტი ღია ანგარიში იყოს და იმის გადაწყვეტა შემეძლოს, ვის მივწერო და ვის – არა. როცა ცარიელ ანგარიშთან ვსაუბრობ, მილიონი კითხვის დასმა მიწევს, რაც ცოტა მოსაბეზრებელია. არადა, რა მარტივი იქნებოდა, ხედავ ინფორმაციას, ფოტოს და წყვეტ, გინდა თუ არ გინდა…“ — აღნიშნავს გამოკითხვის ერთ-ერთი მონაწილე.
ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტისთვის არც ინფორმაციის მითითებაა გამოსავალი. ლუკას თქმით, ადამიანები იმავე კითხვებს უმეორებენ, რაც ისედაც მითითებული აქვს.
„4 წელი იქნება, რაც Grindr მაქვს, ბოლო დროს უფრო და უფრო ნაკლებად ვიყენებ, რამდენიმე თვით წაშლილიც მქონდა, მაგრამ, რეალურად, ვინმეს გაცნობისთვისაც არ არის ბევრი სივრცე და მალევე გადმოვწერე. თან, არც პირდაპირი ადამიანი ვარ, რომელსაც ბიჭებთან ფლირტი შეუძლია და აპლიკაცია უფრო მიმარტივებს გაცნობის პროცესს, მაგრამ მიმოწერა შეხვედრამდე იშვიათად მიდის – უმეტესობა იმავე კითხვებს მისვამს, რაც ისედაც მითითებული მაქვს და მაინც, Grindr-ზე ძირითადად ის აინტერესებთ, თმიანი ხარ თუ არა, ფემინური ხომ არ ხარ, არ ვიცი, ამ კითხვაზე რა პასუხი უნდა გავცე – თითქოს ადამიანების მხოლოდ ორი კატეგორია არსებობს – ფემინურები და მასკულინურები, არადა ამ კითხვას 10-დან 9 ადამიანი სვამს, ისიც აინტერესებთ, „გაბაზრებული“ ხომ არ ხარ, ქამინგაუთი იშვიათად უხსენებიათ. არაერთს იმის გამოც დავუბლოკივარ, რომ ვუთხარი, მეგობრებმა იციან ორიენტაციის შესახებ-მეთქი, ეძებენ ადამიანს, რომელიც ორიენტაციას არავის უმხელს და მსგავს ტიპებთან შეხვედრა მეც არ შემიძლია. თუ უფრო ნორმალური კომუნიკაცია გინდა, ტინდერი ბევრად უკეთესია. ჩემი გამოცდილებით, ტინდერზე ბევრად ჯანსაღად გეურთიერთებიან“, – გვეუბნება ლუკა.
ილუსტრაცია: Mashable
ნინიმ საკუთარ იდენტობაზე კითხვები პირველად ცოტა ხნის წინ დასვა და მალევე ტინდერის ფილტრის ორივე სქესის ადამიანების საძიებლად გამოყენება გადაწყვიტა, თუმცა გვეუბნება, რომ აპლიკაციით გაცნობილ ადამიანს ჯერაც არ შეხვედრია, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ბიფობიაა.
„შარშან, 24 წლის ასაკში პირველად მომეწონა გოგო, რომელიც ჰეტერო იყო და არც რამე მიცდია. ბევრი არ მიფიქრია და ტინდერს ჩავუჯექი, მაგ პერიოდში ვინმე დამლაპარაკებელი უფრო მინდოდა, ვიდრე შეხვედრა, მაგრამ როცა იგებდნენ, რომ იქამდე გოგოსთან ურთიერთობა არ მქონია, მიმოწერას წყვეტდნენ. ერთადერთი გოგო გავიცანი, რომელიც ბისექსუალი იყო და ჩვენს გასაჭირზე ვისაუბრეთ, ბისექსუალ ადამიანებს ძირითადად არ ენდობიან, მაგ დროს ისიც არ ვიცოდი, ბისექსუალი ვიყავი თუ – არა, მაგრამ ეგ მიმოწერა მაინც დამეხმარა. ახლაც სულ რამდენიმე მეგობარმა იცის, რომ ბი ვარ და მაშინ ერთადერთი საშუალება იყო, თვითგამორკვევის პროცესში მყოფ ადამიანთან მიმოწერისას ვხვდები, რომ ბევრისთვის მისაღები არაა, რადგან დაკარგულ დროდ თვლიან, მაგრამ ახლაც ბისექსუალობა განგაშის სიგნალივით არის“, – ამბობს ნინი. – ამბობს ნინი.
ბიფობიას მიმოწერის შეწყვეტის მიზეზად გამოკითხვის მონაწილე 2 სხვა ადამიანიც ასახელებს, 13 გამოკითხული კი ამბობს, რომ მიმოწერას თვითონ წყვეტენ, რის მიზეზადაც საერთო ინტერესების არქონას ასახელებენ. გაცნობის აპლიკაციებს ბევრი ერთჯერადი შეხვედრისთვის იყენებს, თუმცა გამოკითხულთა ნაწილი ამბობს, რომ მიმოწერას სწორედ ამის გამო წყვეტს. გამოკითხულთა 79% გაცნობის საიტებზე მყარი კავშირების დამყარებას მეტ-ნაკლებად ან შესაძლებლად თვლის, 21% კი მიიჩნევს, რომ გაცნობის საიტებზე მყარი ურთიერთობების დამყარება შეუძლებელია.
ილუსტრაცია: Choice
გამოკითხვაში მონაწილე ადამიანთა დიდი ნაწილი მიმოწერის შეწყვეტის მიზეზად აგრესიული შინაარსის ჰომოფობიურ შეტყობინებებს ასახელებს, რისი გამოცდილებაც ლუკასაც აქვს. მისი თქმით, გეი გაცნობის აპლიკაციებში არაერთ ჰომოფობს შეხვედრია, რომლებიც ბევრად აგრესიულები არიან.
„მიმოწერის უმეტესობა, ალბათ, ძირითადად იმ ადამიანებისთვისაა უარყოფითი, ვინც მხოლოდ სექსს არ ეძებს. გაცნობის საიტებზე მიმოწერა ვაჭრობას ჰგავს. უნდათ სახის, ტანის ფოტო, მონაცემები სიტყვიერად, უმეტესობა მხოლოდ ვირტუალურ ნაცნობობას ეძებს, მაგრამ მაგას პირდაპირ არ გეუბნება. ჩემთვის პირველივე შეხვედრაზე სექსი არც არის მისაღები, საერთოდაც, მირჩევნია, ადამიანი სხვა სოციალურ ქსელში დავამატო და ნაცნობობის დამყარების შემდეგ შევხვდე, მაგრამ უმეტესობას იმავე დღეს, ინკოგნიტო შეხვედრის მოლოდინი აქვს და თუ მიმოწერას ამჯობინებ, არც ჰომოფობიურ მესიჯებს ერიდებიან. ბევრისთვის გეი სექსი უბრალოდ გასართობია და თავს ჰეტეროდ მიიჩნევენ. რამდენიმე ადამიანმა, როცა გაიგო, რომ გეი ვარ, შეურაცხმყოფელი მესიჯები მომწერა და დამბლოკა, ბევრს მითითებულიც აქვს, რომ კაცურ გაგებას და მეგობრობას ეძებს, სიტყვა ,,სექსის’’ ხსენებაც კი ეუხერხულებათ. თუ თვითშეფასების პრობლემა გაქვს, საკუთარ ორიენტაციაში დარწმუნებული არ ხარ ან, უბრალოდ, ცუდი პერიოდი გაქვს, შეიძლება თავი ცუდად იგრძნო ან ჩათვალო, რომ რასაც ეძებ, არასწორია. ერთადერთი ადამიანი გავიცანი საიტზე, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ და პერიოდულად მიმოწერაც მაქვს. გაცნობის აპლიკაციებთან სიძულვილისა და მიჯაჭვულობის დამოკიდებულება მაქვს, საიტით სარგებლობაც არ შემიძლია და თან წაშლაც რთულია, რადგან თავს იზოლირებულად ვგრძნობ“, – აღნიშნავს ლუკა და იმასაც ამბობს, რომ რამდენიმეჯერ დანიშნულ პაემანზე მისვლაც მოუწია, რომელიც ჩაიშალა – „რამდენიმესთან შეხვედრაზე მივედი და არავინ მოვიდა, ერთხელ მომწერეს კიდეც, მოვედი და არ მომეწონეო, მსგავსი შემთხვევები თავისთავად უარყოფითად მოქმედებს. მსგავსი გამოცდილებების შემდეგ შეხვედრამდე ბევრად მეტს ვფიქრობ, ვცდილობ, ადამიანი უკეთ გავიცნო, სულ რომ ერთჯერადი სექსი მინდოდეს, მირჩევნია დავრწმუნდე, რომ ნამდვილად ის ადამიანია, ვინც გამოგზავნილ ფოტოში ჩანს“.
ქვიარის გამოკითხვის ერთ-ერთი მონაწილე შეხვედრამდე იმავე გზას გადის, რასაც ლუკა, ცდილობს დარწმუნდეს, რომ სანდო ადამიანთან აქვს მიმოწერა.
„მიმოწერას ვწყვეტ, თუ აგრესიას ვამჩნევ, თუ პროფილზე სხვა ფოტო უდევს და მერე სხვა აღმოჩნდება. კიდევ თუ ეგოისტური და ზედმეტად თავდაჯერებულები არიან ან შეურაცხყოფას თუ გაყენებს, ან არაესთეტიკურ, უგემოვნო შიშველ ფოტოს აგზავნის, ყველაზე მნიშვნელოვანი კი სახის ფოტოა, უნდა ვიცოდე, ვინ მწერს და თუ ცარიელი ანგარიშია, დასაწყისშივე ვთხოვ ხოლმე, ვინც უარს ამბობს, მიმოწერას აღარ ვუგრძელებ. კიდევ ვცდილობ ხოლმე, გადავამოწმო რეალურია თუ არა, ხშირად არის, რომ სხვის ფოტოებს მიგზავნიან. ჩემივე შიშველი ფოტოც გამოუგზავნიათ და ამიტომ, ინსტაგრამს ვთხოვ და თუ უარზე არიან, ცოტა ნდობა მეკარგება, შეიძლება სურვილიც გამიქრეს. ისიც მესმის, რომ ამ გარემოში პერსონალურ ინფორმაციას მოფრთხილება სჭირდება“, — აღნიშნავს გამოკითხვის მონაწილე.
გამოკითხულთა 24% გაცნობის აპლიკაციებით სარგებლობისას მიღებულ გამოცდილებას ნეგატიურად აფასებს, 54% – ნეიტრალურად, 22%-ისთვის კი გამოცდილება პოზიტიურია. ამასთან, 49% გაცნობის აპლიკაციებს აღარ, 30% კი კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად იყენებს. გამოკითხვაში მონაწილე 19-მა ადამიანმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას მიღებული გამოცდილებაც შეაფასა. 13 ადამიანის აზრით, მოგზაურობისას საქართველოსთან შედარებით უკეთესი გამოცდილება აქვთ.
მთავარი ფოტო: Getty Image
ავტორი: გიორგი ბასხაჯაური