ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში ერთი და იმავე სქესის მშობლები და მათი შვილები ოჯახად უნდა იყოს აღიარებული.
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEU) განაცხადა, რომ თუ ერთი ქვეყანა აღიარებს ლგბტ მშობლებსა და მათ შვილებს ოჯახად, მაშინ ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო ვალდებულია, იგივე გააკეთოს, რათა ბავშვის თავისუფლად გადაადგილების უფლება იყოს უზრუნველყოფილი.
აქმე სასამართლომდე მას შემდეგ მივიდა, რაც ბულგარეთის ხელისუფლებამ ერთი და იმავე სქესის წყვილს უარი უთხრა ახალშობილი ქალიშვილის დაბადების მოწმობის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ არ შეიძლება ბავშვს ორი დედა ჰყავდეს. ბულგარელი კალინა ივანოვა და გიბრალტარში დაბადებული ბრიტანელი ჯეინ ჯოისი 2019 წელს ესპანეთში დაბადებული სარას დედებად არიან რეგისტრირებული, არცერთი მშობელი არ არის ესპანელი წარმოშობის. ჯონსი თავის ქალიშვილს ვერ გადასცემს მოქალაქეობას, რადგან თავად გიბრალტარში დაიბადა. ამის საფუძველზე, ივანოვამ ქალიშვილისთვის ბულგარეთის მოქალაქეობა მოითხოვა, რაც ერთი და იმავე სქესის წყვილის ქორწინებისა და პარტნიორობის გამო ლეგალურად არ აღიარეს.
სასამართლოს დადგენილებით, ბავშვზე ბულგარეთის პასპორტი უნდა გაიცეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ILGA Europe-ის სამართალწარმოების ხელმძღვანელის განცხადებით, ეს არის ჭეშმარიტი მოწმობა იმისა, რომ ევროკავშირი თანასწორი ქვეყნების გაერთიანებაა და მოუთმენლად ელოდება დღეს, როდესაც ოჯახები ისარგებლებენ გადაადგილების თავისუფლებითა და სხვა ფუნდამენტური უფლებებით თანასწორ პირობებში, არა მხოლოდ პატარა სარა და მისი ოჯახი, არამედ სხვა ადამიანებიც ევროკავშირის მასშტაბით, რომლებიც მსგავსი წინააღმდეგობების წინაშე დგანან.
საქმე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
წყარო: EuroNews