ქვიარ გამოცდილებები ანტიკურ სამყაროში და ქრისტიანული სწავლება, რომელიც სიძულვილის დასაყრდენად იქცა

ანტიკური სამყაროს სხვადასხვა კულტურაში არ არსებობდა ისეთი ტერმინები, როგორიც LGBTQ+-ია, რადგან ჰომოსექსუალობასა და ჰეტეროსექსუალობას შორის აშკარა ზღვარი არ იყო გავლებული. გენდერული იდენტობა თუ სექსუალური ორიენტაცია ადამიანთა დაყოფის მიზეზი არ იყო და ვის შეიყვარებდა, მხოლოდ ინდივიდის საქმე იყო.

ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებს შორის ურთიერთობაში არსებული სტიგმა მხოლოდ კლასობრივ განსხვავებას ეფუძნებოდა. საბერძნეთში, რომში და სხვა ცივილიზაციებში არსებობდა მოსაზრება, რომ თავისუფალი მოქალაქე, რომელიც ურთიერთობაში საპირისპირო სქესის როლს ირგებდა, საკუთარ გენდერულ იდენტობას თმობდა, თუმცა არაფერი იყო ნათქვამი მსგავსი ურთიერთობის ბუნებაზე. ანტიკური ავტორები სექსუალური ორიენტაციის საკითხს განყენებულად არც კი განიხილავდნენ, მხოლოდ მაშინ, როცა ის კონკრეტულ მოვლენაზე ახდენდა გავლენას, რადგან სექსუალური იდენტობა სასაუბრო თემა არ იყო. „ცივილიზაციის აკვნად“ წოდებულ მესოპოტამიაში ერთი და იმავე სქესის ადამიანების კავშირი ჰეტეროსექსუალური ურთიერთობის თანასწორი იყო, რასაც შემორჩენილი ხელოვნების ნიმუშები და ლიტერატურაც მოწმობს.

ისტორიკოს ბრუს ლ. გერიგის მოსაზრებით: „სექსი ბუნებრივი მოცემულობა იყო და არა დამამცირებელი. ადამიანს შეეძლო, სექსი ჰქონოდა სასურველ ადამიანთან, თუ ეს გარეშე პირს არ ვნებდა ან ისეთ საკრალურ საკითხთან არ მოდიოდა წინააღმდეგობაში, როგორიც გარკვეულ რიტუალურ დღეებში სექსისგან თავშეკავების დათქმა ან ღმერთების ქურუმი ქალებისთვის დაწესებული აკრძალვები იყო. მეტიც, ისტორიკოსი უილიამ ნეფი აღნიშნავს, რომ ანტიკური ახლო აღმოსავლეთის გაკვირვებას იწვევდა, როგორ შეიძლებოდა ერთეულ კულტურებს ერთი და იმავე სქესის კავშირში მორალური საფრთხე დაენახათ, კულტურათა უმეტესობაში კაცებს შორის სექსი ნორმა იყო“.

ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად სხვა რელიგიებთან დაკავშირებული ნიშნები აკრძალვების, საზღვრების დაწესების სამიზნედ იქცა, ასე ნელ-ნელა აიკრძალა სექსუალური თვითშემეცნება და თანასწორი ურთიერთობები. ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობა იმთავითვე დაგმობილი არ იყო, უბრალოდ, ქრისტიანობისთვის საფრთხედ იქცა ყველაფერი, რასაც არაქრისტიანული ქვეყნები ნორმად თვლიდნენ, უპირველესად, წარმართული ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა და არაქრისტიანული რელიგიური ფესტივალები.

ანტიკურ ენებში ისეთი ტერმინებიც კი არ არსებობს, რაც 1869 წელს პირველად ნახსენებ ჰომოსექსუალს და ჰეტეროსექსუალს შეესაბამება. ბერძნული ტერმინი arsenokoites (ბიბლიის ინგლისურენოვან გამოცემაში ჰომოსექსუალად მხოლოდ 1946 წელს ითარგმნა, ქართულ გამოცემაში კი ტერმინი „მამათმავალი“ გვხვდება) იქამდე არ არსებობდა, სანამ პავლე მოციქულმა საკუთარ ეპისტოლეებში არ გამოიყენა. ეს შედგენილი სიტყვა „კაცს“ და „საწოლის გაყოფას“(სექსს) აერთიანებს, რაც ერთი და იმავე სექსის მქონე ადამიანთა შორის ურთიერთობაზე არ იძლევა მინიშნებას, არამედ არაქრისტიანულ სექსუალურ კავშირებზე (მათ შორის, პრივილეგირებული ფენის კაცების მიერ არასრულწლოვანებზე ძალადობა, სექსსამუშაო და სხვა.).

სექსუალურ იდენტობაზე მიმდინარე საუბარი და ტრადიცულ ღირებულებებთან მიბრუნებაზე გაკეთებული განცხადებები ირონიულია, რადგან ქრისტიანობის გავრცელებაზე ბევრად ადრე თანასწორი ურთიერთობები ტრადიციულად ითვლებოდა, დამამცირებელი არ იყო და ათასწლეულების განმავლობაში ნორმად ითვლებოდა.

შუამდინარეთი

ანტიკურ შუამდინარეთში ქალღმერთ ინანას (იგივე იშტარი) ქურუმი ქალები და კაცები ბისექსუალები და ტრანსგენდერები იყვნენ. მათი რწმენით, ქალღმერთს ადამიანთა ტრანსფორმაციის ძალა ჰქონდა და კაცის ქალად, ქალის კი კაცად გარდაქმნა შეეძლო. თქმულების მიხედვით, ქალღმერთის მამამ მესამე გენდერის მქონე ადამიანები შექმნა, რომლებიც ინანას მსახურები იყვნენ. არაბინარული იდენტობა ჯერ კიდევ 3 ათას წელზე მეტის წინ არსებობდა და ღვთიური ნების გამოვლინებად ითვლებოდა. თანასწორი ურთიერთობები ღმერთებისგან დალოცვილი იყო, რასაც ანტიკური ლიტერატურული წყარო შელოცვების ალმანახი ცხადყოფს. შუამდინარეთშიც და სხვა კულტურებშიც უბედურების მომტანად მხოლოდ სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანებს შორის თუნდაც ნებაყოფლობითი სექსი ითვლებოდა.

ჩინეთი

„ქალი კაც საყვარლებს უთვალთვალებს“ – ავტორი უცნობია

ჩინეთში მაღალი სოციალური ფენის კაცებს იმავე სქესის საყვარლების ყოლა შეეძლოთ, თანაც, დაბალი ფენიდან. ითვლებოდა, რომ დიდგვაროვანის სიყვარულს სხვა სოციალური ფენის ადამიანის გაკეთილშობილებაც შეეძლო. კაცებს შორის ურთიერთობა ჩინურ წყაროებში სულ მცირე ძვ. წ. 600 წლის წინ გვხვდება, ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილები ლექსებში, ანეკდოტებში და სხვა ისტორიულ წყაროებში გვხვდებიან, რომლებიც ჰანის დინასტიის პერიოდს(ძვ.წ. 202 – ახ.წ.220) განეკუთვნება. ქალებს შორის ურთიერთობა ტაბუდადებული იყო, რაც გასაკვირი არაა, რადგან ქალები ისტორიკოსთა ყურადღების მიღმა რჩებოდნენ, თუმცა კაცებს შორის სასიყვარულო კავშირი ურთიერთგაკეთილშობილების შესაძლებლობად ითვლებოდა.

ისტორიკოსი ლუის კრომპტონი იმ წყაროების მიმოხილვისას, რომლებიც ერთი და იმავე სექსის ურთიერთობებზე ჰყვებიან, წერს: „ცალსახაა, რომ რიგითი ამბები ასახავენ ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთა ურთიერთობის მიმღებლობას, რაც ჩინეთისთვის საუკუნეების ტრადიცია იყო. ეს მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება ქრისტიანობის შემზარავი წარმოდგენებისგან, რასაც სოდომში დატრიალებული ამბებიც მოწმობს. ჩინური ამბები სინაზით, ფაქიზი გრძნობებით არის განმსჭვალული, რაც ანტიკური საბერძნეთის მითებისგანაც განსხვავდება, რომლებიც საგმირო თავგანწირვის ისტორიებს გვიყვებიან“. 

ერთ-ერთი თქმულება, „მოჭრილი სახელო“ ხანის დინასტიის პერიოდის იმპერატორ აის ამბავს ჰყვება, რომლის ხალათის სახელოზეც მის საყვარელს მიეძინა. იმპერატორმა მისი გაღვიძების ნაცვლად ხალათს სახელო მოაჭრა. ფრაზა „მოჭრილი სახელო“ ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის არსებული სინაზის მეტაფორად იქცა.

იაპონია

„წყვილები საროსკიპოში“ – სუზუკი ჰარუნობუ / Royal Ontario Museum – 2015

მეიძის იმპერიამდელ იაპონიაში(800-1868 წწ.) ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობა გაკეთილშობილების საფუძველი და მეტიც, იმ დროის ბუდისტი ღმერთკაცის კობო დაიშის მიერ წახალისებულიც კი იყო, თუმცა კაცებს შორის ურთიერთობა მის სწავლებამდეც ნორმად ითვლებოდა. იაპონიაში ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს „მამაკაცების სიყვარულად“ ან „მამაკაცების ფერებად“ მოიხსენიებდნენ და არისტოკრატია თუ ლიტერატურული ელიტა ლეგიტიმურად მიიჩნევდა, რაც ჩინურ გავლენას უნდა უკავშირდებოდეს. იაპონელები რომანტიულ მიზიდულობასა და სექსს ცხოვრების ორგანულ ნაწილად თვლიდნენ, არ ჰქონდა მნიშვნელობა ურთიერთობა იმავე სქესის ადამიანთან გქონდა თუ საპირისპირო სქესთან.

მურასაკი შიკიბუს 1020 წელს დაწერილ ნაწარმოებში – ამბავი ბრწყინვალე უფლისწული გენჯისა – გვხვდება სცენა, რომელშიც ნაწარმოების გმირი ბიჭს აცდუნებს, თუმცა პერსონაჟის ბისექსუალობა დასაძრახ ქმედებად არ არის წარმოჩენილი, მეტიც, ამბავზე არავითარ გავლენას არ ახდენს.

ეგვიპტე

ეგვიპტის ისტორიაში გენდერფლუიდ ადამიანებს საუკუნეების წინ ვხვდებით, თუმცა იდენტობაზე მკვეთრი აქცენტები არ გვხვდება, თუ ამბავი გარკვეული სოციალური სტატუსის მქონე კაცის მიერ სექსში ქალის როლის მორგებას არ ეხება. ისტორიკოსი კოლინ სპენსერი აღნიშნავს, რომ „კაცისთვის ბისექსუალობა ბუნებრივი მოვლენა იყო, თუმცა სექსში პასიური როლის მორგება საკამათოდ ითვლებოდა. მეფისთვის ფემინური ნიშნების გამოვლენა არასახარბიელო იქნებოდა“.

სწორედ დიდგვაროვანი ადამიანის მიერ გამოვლენილი სისუსტე იყო პრობლემა და არა ჰომოსექსუალობა. ეგვიპტელებს ძლიერი ქალღმერთებიც ჰყავდათ, თუმცა მოკვდავი ქალი არასაიმედო დასაყრდენად ითვლებოდა (თუმცა ეს შეხედულებაც ისტორიული მაგალითებით ბათილდება). ჰომოსექსუალური კავშირი ნეგატიურ კონტექსტში მხოლოდ იმ შემთხვევაში გვხვდება, როცა სექსში ერთი კაცი მეორეს მასკულინურ ძალაუფლებას უთმობს, თუმცა არა ურთიერთობისას.

საბერძნეთი

ფრიგიული ღვთაება კიბელე და მისი ტრფობის ობიექტი ატისი ანტიკურ ბერძნულ მითებშიც გვხვდებიან. ქალღმერთის ქურუმი გალი კი ტრანსგენდერი იყო, რომელიც ქალად იდენტიფიცირდებოდა. მითი შესაძლოა ქალღმერთ ინანას გავლენით იყოს ნაწარმოები, თუმცა ჰომოსექსუალური ურთიერთობები საბერძნეთში იქამდეც გავრცელებული იყო.

პლატონი კაცებს შორის ურთიერთობას არაერთ დიალოგში ასხამს ხოტბას, თუმცა ეს მოსაზრება სიბერისას შექმნილ ნაშრომებში გადააფასა, რისი მიზეზიც მსგავსი ურთიერთობების თანმხლები დამანგრეველი ვნება შეიძლება იყოს. ჰომოსექსუალობა არისტოტელესაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ადარდებდა, როცა კაცი საკუთარ მასკულინობას თმობდა. სტოიციზმის ფუძემდებელი ზენონ კიტიონელი კი კაცებს შორის ურთიერთობას გამოწრთობის, გაკეთილშობილების წყაროდ თვლიდა.

სპარტაში ჯარისკაცებს შორის სექსს მისაღებად, მეტიც, სასარგებლოდ თვლიდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ ჯარისკაცი საყვარელი ადამიანის დასაცავად ბევრად დიდი შემართებით იბრძოლებდა. ეს მოსაზრება თებეს 300 კაცისგან შემდგარი არმიით დასტურდება, რომელიც 150 გეი წყვილისგან შედგებოდა და ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი დანაყოფი იყო, სანამ ბრძოლის ველზე ერთად არ დაეცნენ.

რომი

ადრიანე და ანტინოუსი

რომში ურთიერთობის უმთავრესი საფუძველი ურთიერთპატივისცემა და ჭეშმარიტი სიყვარული იყო, თუმცა დიდგვაროვანს ისევე როგორც სხვა კულტურებში, მასკულინობის დათმობა არ ეპატიებოდა, სამარცხვინოდ ითვლებოდა. მასკულინობის დათმობა ანალური სექსისას პასიურ როლში ყოფნას გულისხმობდა, თუმცა სხვა სექსუალური პოზიციების კრიტიკა არ დასტურდება. როგორც ცნობილია, იულიუს კეისარს ჰომოსექსუალური კავშირი ჰქონდა, რომლის დროსაც „მასკულინობა დათმო“, რამაც მის ავტორიტეტს ზიანი მიაყენა. რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეი ურთიერთობა იმპერატორ ადრიანესა და ანტინოუსს ჰქონდათ. ადრიანემ შეყვარებულის გარდაცვალების შემდეგ მისი კულტიც კი დააწესა.

გენდერული იდენტობა სხვა ანტიკურ კულტურებში

Pedro Ugarte/AFP/Getty Images

ანტიკური სამყაროს ქვეყნების უმეტესობაში უკვე განხილული მიდგომის მსგავსი ნარატივები არსებობდა. ტაილანდურ წყაროებში მესამე გენდერი (Kathoey) მე-14 საუკუნიდან ჩნდება, თუმცა დიდი ალბათობით იქამდეც აღიარებდნენ. ინდოეთში მესამე გენდერის მქონე ადამიანები (ჰიჯრა) ძვ.წ. 1250 წლიდან გვხვდება, თუმცა ისინი მარგინალიზებულნი არ იყვნენ, განსხვავებით დღევანდელი მდგომარეობისგან.

ადგილობრივი ამერიკელები მესამე გენდერს ასევე აღიარებდნენ. გენდერის შესატყვისი ანტიკური ტერმინი დაიკარგა, თუმცა თანამედროვე შესატყვისი ორი სულის მქონე დღესაც გამოიყენება. მესამე გენდერის მქონე ადამიანებს პატივისცემით ეპყრობოდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ისინი ღმერთებმა გარდასახეს. ჭაბუკი, რომელსაც ზრდასრულობაში უნდა შეებიჯებინა საკუთარი თავის შეცნობის მიზნით მოგზაურობას იწყებდა, რა დროსაც ღმერთი სტუმრობდა და იდენტობის შეცნობაში ეხმარებოდა. ზრდასრული ადამიანი ტომში ბრუნდებოდა და იმ საქმიანობაში ერთვებოდა, რაც ღმერთმა განუცხადა.

მესამე გენდერის ცნება აფრიკაშიც არსებობს, დღეს მარგინალიზებული ადამიანები ძველად სოციუმის თანასწორი წევრები იყვნენ, ტომის ცხოვრებაში მონაწილეობდნენ და ქორწინდებოდნენ კიდეც.

მიმღებლობის ნარატივი ქრისტიანობის გაძლიერებასთან ერთად შეიცვალა, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა ყოველივეს, რაც სხვა რელიგიას და სწავლებებს უკავშირდებოდა. მას შემდეგ, რაც რომის იმპერიაში ქრისტიანული მოძღვრება ერთადერთ ჭეშმარიტებად გამოცხადდა, ყველა განსხვავებული ნარატივი ყურადღების მიღმა დარჩა. ბიბლია კი, რომლის თარგმანშიც მნიშვნელობები დამახინჯდა, არ გმობდა თანასწორ ურთიერთობებს და საერთოდ არ საუბრობდა მესამე გენდერზე. LGBTQ+ ადამიანების წინააღმდეგ ყველაზე ხშირად გამოყენებული ფრაზა („არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლე“) იმავე იდეას უსვამს ხაზს, რასაც ძველი კულტურებიც მხარს უჭერდნენ – კაცმა სექსში მასკულინობა არ უნდა დათმოს. ეს ფრაზა არაფერს ამბობს თანასწორ ურთიერთობებზე.

სოდომ და გომორას ამბავსაც ხშირად იყენებენ ქვიარ ადამიანების დასაგმობად, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი ქრისტიანი მოძღვარიც კი, როგორიც წმინდა ამბროსია თვლის, რომ ამ ქალაქების მცხოვრებთა დანაშაული სტუმარ-მასპინძლობის წესების დარღვევა იყო და არა სექსუალური იდენტობა. კიდევ ერთი მონაკვეთი, რომელსაც დამახინჯებულად აღიქვამენ (რომაელთა მიმართ), ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც წარმართულ რიტუალებში მონაწილეობენ, ასევე ორგიებში ცოდვას მიეცემიან და ღმერთი სასჯელს მოუვლენს, რაც უფრო იმ გამოცდილების დაგმობაა, რომელიც ზოგიერთი წარმართული ღმერთის თაყვანისცემისას გამართული ორგიებია და ერთმანეთის მიმართ ორგიებისას გამჟღავნებული სურვილი ღმერთის მიერ მოვლენილ სასჯელად ჩაითვალა. ბიბლიის ეს პასაჟიც იმისკენ იყო მიმართული, რომ სხვა რწმენა-წარმოდგენები დაეგმო.

ქრისტიანობით დაწყებული არატოლერანტული სწავლება მოგვიანებით სხვა რელიგიებზეც გავრცელდა, მათ შორის ისლამში და ბუდისტურ სწავლებაზეც კი იქონია გავლენა, რომელიც იქამდე ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობას დასაძრახად არ მიიჩნევდა. სიძულვილი, მიმღებლობის არარსებობა, რომელიც ღმერთის მსახურებისა და „ტრადიციული ღირებულებების“ სახელით არის გამართლებული, სრულად უარყოფს სიყვარულისა და პატივისცემის იდეას.

სპენსერის აზრით: „სექსუალობა ღრმა, კომპლექსური საკითხია და არ ექვემდებარება საზოგადოების კონტროლს. ზოგიერთი თვლის, რომ ჩვენში უზენაესის ნიშნები ვლინდება და განსხვავებულის შიში ბუნებრივია, ამიტომ მისი მართვა უნდა ვცადოთ, მაგრამ ხშირად ამის საჭიროება არ არსებობს. „უკონტროლო სექსს“ ბევრი ველურ წარმონაქმნად აღიქვამს, ცივილური მიდგომისგან გადახვევად. შესაძლოა, სექსზე დაწესებული ცენზურა სწორედ ამ მორალური ცენზურის გავლენა იყოს. რა იქნებოდა მორალური ღერძი ტოლერანტობაზე რომ იყოს დაფუძნებული და არა ორგაზმზე“.

ქვიარ ადამიანებს 2 ათასი წლის განმავლობაში დევნიდნენ, სანამ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ადამიანებმა თავისუფლად ცხოვრების უფლებისთვის ბრძოლა არ დაიწყეს. 1969 წლის სტოუნვოლის ჯანყიდან ქვიარებმა უფლებრივი მდგომარეობა სულ უფრო განიმტკიცეს. ეს ტალღა, რომელიც ნიუ იორკში დაიწყო დღემდე მსოფლიოს არაერთ წერტილში იწვევს გამოძახილს, რომელიც თანასწორობისთვის ხმის ამაღლებით ვლინდება.

წყარო: World History Encyclopedia

წინა

ქვიარ სერიალები, რომლებიც იანვარში გამოვა ეკრანებზე

შემდეგი

კითხვები, რომლებიც დაქამინგაუთებულ ადამიანს არ უნდა დავუსვათ

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,