მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა მცველმა, პატრის ევრამ Le Parisien-თან ინტერვიუში საფეხბურთო სამყაროში არსებულ ჰომოფობიაზე ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელის თქმით, კარიერის განმავლობაში კოლეგების მიმართ ჰომოფობიური თავდასხმის მოწმე არაერთხელ ყოფილა.
„როცა ინგლისში ვთამაშობდი, ერთ-ერთ შეხვედრაზე სპიკერი მოიყვანეს, რათა ჰომოსექსუალობაზე ესაუბრა. ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ დისკუსიისას აღნიშნა, რომ გასახდელში გეი ფეხბურთელის ყოფნა მის რელიგიას ეწინააღმდეგებოდა და უნდოდა, ჰომოსექსუალი ფეხბურთელი გუნდიდან გაეშვათ. მაშინ უბრალოდ ვუთხარი, მოეკეტა. იმ დროისთვის გეი ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობდი, რომლებიც მხოლოდ პირადი საუბრისას იხსნებოდნენ, რადგან საკუთარ ორიენტაციაზე ღიად საუბრის ეშინოდათ. ნებისმიერ კლუბში არის 2 გეი ფეხბურთელი მაინც, მაგრამ ფეხბურთელისთვის ქამინგაუთი კარიერის დასასრულს ნიშნავს“, – აღნიშნა ევრამ.
საფეხბურთო სამყაროში არსებულ ჰომოფობიურ განწყობებს ერთადერთი ღიად ჰომოსექსუალი პროფესიონალი ფეხბურთელის, ჯოშ კავალოს გამოცდილებაც მოწმობს. იანვრის დასაწყისში, ადელაიდ იუნაითედისა და მელბურნ ვიქტორის თამაშის მსვლელობისას ფეხბურთელი მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრების თავდასხმის სამიზნე გახდა.
კავალომ ინსტაგრამზე დაწერა: „არ ვაპირებ გაჩუმებას და თავის მოტყუებას, თითქოს გუშინდელი თამაშისას ჰომოფობიურ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია. ვერ გეტყვით, რამდენად იმედგაცრუებული ვარ. მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ და ჰომოფობიურად განწყობილ ადამიანებს პასუხი მოვთხოვოთ. არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას იმის გამო, რომ საკუთარი სიმართლით ვცხოვრობ და ღიად ვამბობ, ვინ ვარ“, – დაწერა კავალომ ინსტაგრამის პირად გვერდზე.
წყარო: Sport Bible
ფოტო: Getty Images