ცნობილი ამერიკელი პოეტი, მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი მაია ენჯელოუ პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელიც აშშ-ს 25-ცენტიანზე გამოსახეს. მონეტა მიმოქცევაში 10 იანვარს შევიდა.
ამ ამბავს შტატების სახაზინო დეპარტამენტის პირველი ქალი მდივანი, ჯანეტ იელენი გამოეხმაურა და თქვა, რომ ვალუტის დიზაინის ცვლილებისას, ყოველთვის ეძლევათ რაღაც მნიშვნელოვანის თქმის შესაძლებლობა საკუთარ ქვეყანაზე – როგორ ვითარდებიან და რა ღირებულებები აქვთ, როგორც საზოგადოებას.
25-ცენტიან მონეტებზე სხვა ამერიკელი ქალების გამოსახვაც არის დაგეგმილი, რომლებმაც ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს.
ენჯელოუს საყოველთაო აღიარება მოუტანა პირველმა რომანმა „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“, რომელშიც აღწერა საკუთარი ბავშვობის წლები და ის, თუ როგორ დაეხმარა მწერლობა და ლიტერატურა რასიზმთან, ასევე, ცხოვრებისეულ ტრავმებთან გამკლავებაში. ნაწარმოები აკრძალული წიგნების სიაშიც იყო შესული.
მაია ენჯელოუმ, რომელიც 36 წიგნის ავტორია, სიცოცხლე სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლასა და ლგბტ თემის მხარდაჭერაში გაატარა. მას 30-ზე მეტი საპატიო ჯილდო მიენიჭა და ბარაკ ობამასგან თავისუფლების საპრეზიდენტო მედალიც მიიღო. ასევე, ის მხარს უჭერდა ქორწინების თანასწორობას.
მაია ენჯელოუ 2014 წელს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.