კინო ის მედიუმია, რომელთან ერთადაც მცირე ასაკიდან ვიზრდებით. ბავშვობის და მოზარდობის საყვარელი ფილმები არა მხოლოდ ჩვენს კინოგემოვნებას განსაზღვრავს, არამედ სამყაროს აღქმასაც აყალიბებს. სპაიდერმენი, ბეტმენი, ინდიანა ჯონსი თუ სხვა თეთრკანიანი, ჰეტეროსექსუალი, დაკუნთული კაცები, რომელთაც ბოროტების დამარცხება, გადამრჩენის როლის მორგება საუკეთესოდ შეეძლოთ, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყვნენ. ზოგიერთი ზრდასრულობაში გმირებს კი ივიწყებს, მაგრამ წარსულში სანუკვარი პერსონაჟების მსგავს ნიშნებს ახალ, ყოველდღიური საზრუნავის მოგვარებით დაკავებულ გმირებშიც ეძებს. რაც უფრო ვიზრდებით, სიახლის მიღება უფრო რთულია, თანაც, საუკუნოვანი კინოგამოცდილება მსგავსი სიუჟეტებისა და პერსონაჟების სათქმელის ირგვლივ დატრიალდა.
პოპკულტურაში გავრცელებული ნარატივები ისე გვაყალიბებს, გვიცვლის წარმოდგენებს, განსაზღვრავს სამყაროს აღქმას, რომ ამას ვერც კი ვხვდებით. ალბათ, ყველას მოგვისმენია მოსაზრება, რომ ნეთფლიქსის შოუებში ქვიარ ადამიანების გამოცდილებების ასახვა ზედმეტად ხელოვნურად ხდება, მაგრამ, იქნებ, სულაც არ არის ასე?! შეგვიძლია ერთად გადავავლოთ თვალი საუკუნოვან კინოგამოცდილებას და დავფიქრდეთ – იქნებ, ხელოვნური ის კინო იყო, რომელმაც ჩვენი ბავშვობა, მოზარდობა თუ ზრდასრულობა უფრო ჯადოსნურად აქცია.
Making Love (1982) – [20th Century Studios]
1982 წლის ფილმი – Making Love პირველი ფილმი იყო, რომელმაც გეი კაცის გამოცდილება პოზიტიურ ჭრილში ასახა, იქამდე კი მრავალი წლის განმავლობაში ქვიარ პერსონაჟები უარყოფით როლში გვევლინებოდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისის კომედიური ფილმები ქვიარ პერსონაჟებს სტერეოტიპულად წარმოაჩენდნენ, ამას ჰეისის კოდი მოჰყვა, ჰოლივუდის კინოსტუდიების შინაგანაწესი, რომელიც 1934-1968 წლებში მოქმედებდა და თვითცენზურას ემსახურებოდა. კოდი გულისხმობდა სიშიშვლის, სექსის სცენების, ასევე, ქვიარ ურთიერთობების ასახვის აკრძალვას. კოდი თავდაპირველად რეკომენდაციის სახით არსებობდა, თუმცა მალევე დაუწერელ კანონად იქცა, რამაც კინოში მხოლოდ „მოკრძალებული“ ჰეტეროსექსუალების ადგილი დატოვა. ქვიარ პერსონაჟებს მხოლოდ მინიშნებებით თუ ამოიცნობდით, ისიც ნეგატიურ ჭრილში. ამ წლების ერთ-ერთი ტენდენცია ბოროტმოქმედების და ჰომოსექსუალობის დაკავშირება იყო, რასაც არაერთი სახელოვანი რეჟისორი აქტიურად იყენებდა, მაგალითად, ჰიჩკოკი, რომლის ფილმები – Rope Rebecca, Strangers on a Train თუ Psycho პირდაპირ კი არ გვეუბნება, რომ ფილმის მთავარი ბოროტმოქმედები ქვიარები არიან, რადგან ეს შინაგანაწესს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ უკვე დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე აგებდა პერსონაჟებს. ბოროტებასა და სექსუალურ ორიენტაციას კი ხშირად ერთმანეთთან შეჭიდულ ორ ფენომენად წარმოგვიდგენდა.
უარყოფითი ქვიარ პერსონაჟების რეპრეზენტაცია პრობლემა სულაც არ არის, თუ არ გავითვალისწინებთ ერთ მნიშვნელოვან დეტალს – თუ პოზიტიური რეპრეზენტაცია, ფაქტობრივად, არ არსებობს, ისედაც სტერეოტიპებზე დამყარებულ მოსაზრებებს ქვიარ ადამიანების მუდმივად ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა კიდევ უფრო ამძაფრებს.
The Rocky Horror Picture Show (1975) – [Twentieth Century Fox]
ჰეისის კოდის შემდეგ პერიოდში სიტუაცია უკეთესობისკენ კი შეიცვალა, მაგრამ ახალი ათწლეულები მაინც ცალსახად პრობლემური იყო – 70-იანმა წლებმა ქვიარ ადამიანების ცხოვრება, როგორც თავბრუდამხვევი, ეგზოტიკური სანახაობა, ისე წარმოგვიდგინა. წლების განმავლობაში არსებული შეზღუდვების შემსუბუქება მარგინალიზებული, კინოდან განდევნილი ადამიანების რადიკალური დაბრუნებით გაგრძელდა. ამ პერიოდის ყველაზე ღირსშესანიშნავი ნამუშევრები The Rocky Horror Picture Show თუ თრეშ კინოს ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორის, ჯონ უოტერსის ფილმები იმდროინდელი მაყურებლისთვის შოკისმომგვრელიც კი იყო, რამაც ქვიარ გამოცდილებების კინოში ხმამაღლა გაჟღერება განაპირობა, მაგრამ მიუჩვეველ აუდიტორიას ის განცდაც გაუმძაფრა, რომ ქვიარ ადამიანების ცხოვრება ფერადოვანი, გიჟური ამბების კარუსელია.
Longtime Companion (1989) – [American Playhouse]
80-იან წლებში ქვიარ გამოცდილებებზე გადაღებული არაერთი შესანიშნავი ფილმი გამოვიდა, რომელთა შორის Kiss of the Spider Woman, My Beautiful Laundrette, Before Stonewall, Victor / Victoria და პედრო ალმოდოვარის ფილმები გამორჩეულია, ათწლეულის ბოლოს გამოსული კიდევ ერთი კარგი ფილმი Longtime Companion კი აივ-ინფექციის აფეთქების პერიოდს ასახავდა და გეი მეგობრების თავს დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებზე ჰყვებოდა. აივ-ინფექციამ ქვიარ ადამიანებს დიდი დარტყმა კი მიაყენა, მაგრამ ამ თემაზე გადაღებული ყველაზე ცნობილი ფილმების სიუჟეტი გეი კაცების გამოცდილებების ირგვლივ დატრიალდა და იმ არასწორი მოსაზრების განმტკიცებას შეუწყო ხელი, რომ – „აივ-ინფექცია გეი კაცების დაავადებაა“. ამ საზიანო აზრის განმტკიცებას 90-იანი წლების Philadelphia-მ და 2000-იანების ვარსკვლავებით დახუნძლულმა მინი-სერიალმა – Angels in America – ხელი შეუწყო.
Paris is Burning (1990) – [Art Matters Inc.]
მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში გადაღებული გამორჩეული ნამუშევრები: My Own Private Idaho, Priscilla, Queen of the Desert, Brokeback Mountain ჰეტეროსექსუალების მიერ მოყოლილი ამბებია, ჰეტერო მსახიობებით მთავარ როლებში, ბოლრუმ კულტურაზე გადაღებული ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმიც კი, როგორიც Paris is Burning-ია ქვიარ ადამიანების ექსპლუატაციის შედეგად შეიქმნა.
70-იანი წლებიდან მოყოლებული, 4 ათწლეულის განმავლობაში ქვიარ კინოში სასიკეთო ძვრები ხდებოდა და ამის საპირწონედ, აუდიტორიის არასწორი მოლოდინებისა თუ გარკვეული ტენდენციების გამო, სტერეოტიპები მძაფრდებოდა.
Pariah (2011) – [MBK Entertainment]
თუ 80-იანი წლებიდან მოყოლებული, პედრო ალმოდოვარის სახით ერთადერთი ქვიარ ხმა გვესმოდა, 2010-იან წლებში ქვიარ რეჟისორები, ქვიარ მსახიობები უფრო მომძლავრდნენ და წარსული მანკიერი გამოცდილებების უკან მოტოვება დაიწყეს. Pariah, Tangerine, 120 BPM, ქსავიე დოლანის ფილმები ამის ნათელი მაგალითია, სერიალ Pose-ის სამსახიობო გუნდი სრულად ტრანსგენდერი და გეი მსახიობებით არის დაკომპლექტებული, მართალია, წინა ათწლეულის ყველაზე ცნობილი ფილმები Moonlight, Blue Is the Warmest Colour თუ Pride მაინც ჰეტეროსექსუალის მზერით გვანახებს ქვიარ გამოცდილებებს, მაგრამ ცვლილებები ნელ-ნელა მაინც ხდება.
ამ სტატიაში ნახსენები ფილმების უმეტესობას კიდევ ერთი საერთო აქვს, ისინი მნიშვნელოვან, დიდ გამოწვევებს ასახავს, რომელთა წინაშეც ქვიარები არიან, რაც რეალობის ასახვაა – საკუთარი იდენტობის ძიება, ძალადობრივ გარემოში ცხოვრების, შიშების მოყოლა მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ ჩვენ ამ საზოგადოების ნაწილი ვართ, რომელიც მხოლოდ არაერთი გამოწვევის გამო კი არ არის საინტერესო, არამედ შეუძლია სუპერგმირად იქცეს და სხვათა გადამრჩენად მოგვევლინოს, კომიკური ამბები გადახდეს თავს, საშინელებათა ფილმებში ბოლო გადარჩენილი პერსონაჟი აღმოჩნდეს ან, სულაც, თვითონ იყოს იდუმალი მკვლელი.
თითქმის წარმოუდგენელია, გავიგოთ, რომ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფილმის რიმეიქს იღებენ და ერთ-ერთი პერსონაჟი თეთრკანიანი ჰეტერო აღარ იქნება და ამ სიახლეს კრიტიკა არ მოჰყვეს, უამრავი ადამიანი ისტორიის გაყალბებას, პირველწყაროს შეურაცხყოფას მოიგონებს მიზეზად და ჯერარგამოსულ ფილმს დაგმობს. ახლა, როცა ინფორმაციაზე წვდომა ყველაზე გამარტივებულია, ნებისმიერი მომხდარი ფაქტი აღირიცხება, ჩვენი ბავშვობის ფილმებიც ათას სხვადასხვა წყაროში იძებნება – ისტორიას როგორ გადაწერ?!
კარგად ნაცნობი ამბების ახლებურად მოყოლა იმ დანაკლისის შევსების მცდელობაა, რომელიც ქვიარ ადამიანებს ბავშვობის ანიმაციების, ფილმების, სერიალების ყურებისას გვქონდა. ამიტომ, თუ ერთ დღეს გაიგებთ, რომ ახალ ფილმში ბეტმენი აღმოაჩენს, რომ ქვიარია, თავზე ჩამონგრეულ ბავშვობას ნუ დაიტირებთ – უბრალოდ, კარგად ნაცნობი ფილმით დატკბით და სხვებს აცადეთ მოზარდობის გმირები ახალი, მათთვის ბევრად ახლობელი გამოცდილებებით იხილონ.
ან, როცა ახალი შოუს ყურებას დაიწყებთ და მიხვდებით, რომ ქვიარ პერსონაჟი საკუთარ გამოწვევებზე კი არ ჰყვება, უბრალოდ, სხვების გვერდით თანაარსებობს, ჩვეულებრივი მოსაწყენი პერსონაჟია ან, სულაც, ნერვებისმომშლელი, არც ეგ იქნება არაორგანული, აქამდე თუ მხოლოდ გამოწვევებთან, სირთულესთან ვიყავით თანაზიარნი, ნელ-ნელა მეინსტრიმის ნაწილად ვიქეცით, რომელმაც რეალობა ბევრად უკეთ უნდა ასახოს.
ავტორი: გიორგი ბასხაჯაური