9 დეკემბერს, უფლებადამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა ღონისძიება გამართა, რომელზეც უფლებადამცველების წინაშე არსებული გამოწვევები, საჭიროებები და 2021 წლის მდგომარეობა მიმოიხილეს, ასევე ლექსოს პრემიის პირველი გამარჯვებულებიგამოავლინეს, რომელიც უფლებადაცვით მასალებზე მომუშავე მედია პროფესიონალების საქმიანობას მიაგებს პატივს.
ფოტო: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
ღონისძიების მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, უფლებადამცველთა როლზე, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა.
„თუ უფლებადამცველების თავისუფალ გარემოში საქმიანობა არ იქნება უზრუნველყოფილი, თუ მათ შეექმნებათ პრობლემები, ეს აუცილებლად აისახება საზოგადოების ფართო ფენების უფლებრივ მდგომარეობაზე. შარშან აპარატმა შეიმუშავა ადამიანის უფლებათა საკითხზე მუშაობის სახელმძღვანელო, რომელიც უფლებადამცველის ცნების განმარტებას ისახავს მიზნად და იმ სირთულეების აღმოფხვრას, რაც ამ ცნების ინტერპრეტაციას უკავშირდება, ასევე გამოკვეთს ხელისუფლების ვალდებულებას, დაიცვას უფლებადამცველთა საქმიანობა და ხელი შეუწყოს მათ. გარდა ამისა, გვქონდა არაერთი საინფორმაციო კამპანია და გამოვეცით საინფორმაციო ბროშურა უფლებადამცველთა საქმიანობის შესახებ. ჩვენმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ წლების განმავლობაში, უფლებადამცველები მრავალგზის გახდნენ თავდასხმის მსხვერპლი – იქნება ეს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან წამოსული სიტყვიერი თავდასხმები თუ დისკრედიტაციის მცდელობები, ისე თბილისი პრაიდის დღეებში მიმდინარე განსაკუთრებით მძიმე მოვლენები, როცა ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტი ვიხილეთ, რასაც ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე ემსხვერპლა. მიუხედავად ამისა, თავდასხმის ორგანიზატორები დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემული”, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
უფლებადამცველთა წინაშე არსებულ გამოწვევებს ღონისძიებაზე წარდგენილი კვლევებიც ადასტურებს. ორგანიზაცია „საფარის“ კვლევა – უფლებადამცველების საჭიროებების კვლევა უფლებადამცველების „უსაფრთხოების მართვის“ კულტურის შესწავლას, ქართველი უფლებადამცველების სამუშაო გარემოს შესწავლას, ქართველ უფლებადამცველებში ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევების გამოვლენას, ასევე იმ საფრთხეებისა და რისკების შესწავლას ისახავდა მიზნად, რომელიც კოვიდ 19-ის პერიოდში არსებობს.
რაოდენობრივი კვლევა 5 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა, ამიტომ 2021 წლის მდგომარეობას სრულად არ ასახავს, თუმცა გამოკითხული 81 უფლებადამცველიდან, 57% საქმიანობას საფრთხის შემცველად მიიჩნევს, ხოლო 43% – საშუალოდ საფრთხის შემცველად, ამასთან, უფლებადამცველთა მხოლოდ 29%-ის საქმიანობაა სრულად ანაზღაურებადი, 30%-ის საქმიანობა კი სრულად მოხალისეობრივია.
ჩატარებული კვლევის კიდევ ერთი საგანგაშო ასპექტი მმართველი პარტიისგან (70%) და რელიგიური ლიდერებისგან (69%) მტრული დამოკიდებულების განცდაა, გარდა ამისა:
- გამოკითხულთა 82% თვლის, რომ ქართველ უფლებადამცველს საზოგადოებისგან ნეგატიური დამოკიდებულება ემუქრება;
- 78% თვლის, რომ ფიზიკური საფრთხე ემუქრება;
- 78%-ს სახელმწიფოსგან უგულებელყოფის მოლოდინი აქვს;
- ხოლო 69% -ს ფინანსური გაჭირვების;
- 67%-ის აზრით, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხის წინაშე არიან.
კვლევაში ასახული ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევები ფინანსური პრობლემების, მტრული დამოკიდებულებისა და პანდემიური რეალობის რისკების გამოძახილია. გამოკითხულთა უმრავლესობა პროფესიული გადაწვის, შფოთვისა და სხვა მენტალური ჯანმრთელობის რისკების წინაშე არიან, ამასთან, გამოკითხულ რესპონდენტთა 55% აღნიშნავს, რომ პროფესიული გადაწვისთვის დამახასიათებელი ნიშნები უკვე აღენიშნებათ.
უფლებადამცველთა საერთაშორისო დღეს წარმოდგენილი კიდევ ერთი ანგარიში იმ იურიდიული დახმარების სტატისტიკას შეეხებოდა, რომელიც უფლებადამცველებს ბოლო 5 თვეში გაეწიათ. ანგარიშის თანახმად, ბოლო თვეებში იურიდიული დახმარება 117 პირს გაეწია – 62 შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს შეეხებოდა, 40 საქმე კი ოქტომბერ-ნოემბრის აქციებზე დაკავებული პირების ქეისებია. დაკავების საფუძვლებთან და კანონიერებასთან დაკავშირებით არსებული კითხვების გარდა, საგანგაშოა ის, რომ ხშირად მტკიცებულებად მხოლოდ პოლიციელის ჩვენება გამოიყენება, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეჭვქვეშ აყენებს, ამიტომ 9 განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა, თბილისი პრაიდის საქმეზე კი ანგარიში მზადდება, რომელიც არაადამიანური მოპყრობისა და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობას შეეხება.
ღონისძიებაზე უფლებადამცველთა უსაფრთხოების გზამკვლევის პრეზენტაციაც შედგა, რომელიც ქართველ უფლებადამცველებს მათ ხელთ არსებული ბერკეტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებს, ასევე სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას გააერთიანებს და გამოწვევების შესახებ ინფორმაციას მოუყრის თავს.
კიდევ ერთი სიახლე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ მომზადებული ახალი საიტია – Defenders.ge, რომელიც უფლებადამცველთა საქმიანობის შესახებ ცნობადობის ზრდას ემსახურება, ასევე იმ რესურსებისა და შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც უფლებადამცველებს პროფესიულ საქმიანობაში დაეხმარება. საიტზე აღრიცხული იქნება უფლებადამცველებზე თავდასხმის შემთხვევები და ყოველწლიური სტატისტიკის წარმოებაც შესაძლებელი გახდება.
მთავარი ფოტო: NewsClick