ლევან გელბახიანთან სათემო შეხვედრა შედგა – მსახიობმა And Then We Danced-ის თანმდევ მოვლენებზე ისაუბრა

5 დეკემბერს, Tbilisi Pride-ის ოფისში ლევან გელბახიანთან სათემო შეხვედრა შედგა. მსახიობი კარიერის გასაგრძელებლად აშშ-ში მიემგზავრება, იქამდე კი ფილმ And Then We Danced-ის გადაღების პროცესსა და გამოწვევებზე ისაუბრა, გაიხსენა ფილმის პრემიერის თანმდევი მოვლენები, ასევე ის გავლენა შეაფასა, რაც ფილმს მის ცხოვრებაზე ჰქონდა.

ლევან გელბახიანის თქმით, პირველი სირთულე როლზე დათანხმება იყო, რადგან აგრესიული განწყობების მოლოდინი ჰქონდა, თუმცა პრემიერის თანმდევი ძალადობრივი აქციების მიუხედავად, აგრესიის სამიზნე არ გამხდარა.

„როცა ფილმში მონაწილეობის მიღება შემომთავაზეს, დათანხმება გამიჭირდა, რადგან მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა რთული იყო, თანაც, ოჯახისგან ვიგრძენი დიდი წინააღმდეგობა, ისინი თვლიდნენ, რომ აგრესიის სამიზნე გავხდებოდი. სამსახიობო კარიერა მცირე ასაკიდან ჩემი მიზანი იყო, რაშიც ოჯახიც მხარს მიჭერდა და როცა ფილმში მონაწილეობა საბოლოოდ გადავწყვიტე, ოჯახიც იმ არგუმენტით დავითანხმე, რომ ეს იყო რეალური შანსი, რაც ჩემს კარიერას წაადგებოდა. გასაკვირი იყო ის, რომ პირადი თავდასხმის სამიზნე არ გავხდი, ონლაინ სივრცეში აგრესიული ადამიანებიც მრავლად იყვნენ, თუმცა რეალურ სივრცეში ყველა დადებითად იყო განწყობილი”, — აღნიშნა ლევანმა.

მსახიობმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც გადაღების პროცესს უძღოდა წინ. მისი თქმით, ყველაზე რთული ქორეოგრაფისა და მოცეკვავეების დათანხმება იყო, რეჟისორს უარი იმ მიზეზით უთხრეს, რომ ქართულ ცეკვას გეი ვერ შეასრულებს.

„ერთ-ერთ წამყვან ქართულ ანსამბლთან შეხვედრაზე, ფილმის რეჟისორი, ლევან აკინი, შვედეთის დიპლომატიურ კორპუსთან ერთად მივიდა, სადაც განხილვის გარეშე უთხრეს უარი, მიზეზად კი ის უთხრეს, რომ ,,ქართულ ცეკვაში გეი არ არის” და სჯობდა, სხვა ნებისმიერი ცეკვის მიმდინარეობაზე გადაეღო ფილმი. ანსამბლის წარმომადგენელმა სხვა ანსამბლის ხელმძღვანელებიც გააფრთხილა, რომ თანამშრომლობაზე უარი ეთქვათ. მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლები პერსონალური კონტაქტებითა და კასტინგებით შეარჩიეს. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ის იყო, რომ ფილმის წარმოებაში ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანები არ უნდა ყოფილიყვნენ ჩართული, რამაც გადამღები ჯგუფის შეკრება გაართულა, ამ გამოწვევების გამო, ფილმზე მუშაობა 2 წელი გაგრძელდა, გადაღების პროცესი კი 27 დღის განმავლობაში გრძელდებოდა“, — გაიხსენა ლევანმა.

ლევან გელბახიანის თქმით, პრემიერის თანმდევი მოვლენები საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობისა და საოსკარე კამპანიის პროცესს დაემთხვა, რაც დიდი სტრესი იყო, რადგან ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული სიახლეები მათ მთავარ საზრუნავად იქცა, რაც საერთაშორისო აუდიტორიას დიდად არ ესმოდა.

მსახიობის თქმით, ფილმმა მის კარიერაზე დადებითი გავლენა იქონია, თუმცა სირთულეც ახლდა თან, რადგან როგორც კი ფილმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ურეკავდნენ და გეი პერსონაჟის შესრულებას სთავაზობდნენ, მისი მიზანი კი მრავალფეროვანი, განსხვავებული როლების შესრულება იყო.

„როგორც კი ფილმის შესახებ ხმა გავრცელდა, მირეკავდნენ და სხვადასხვა კლიპში თუ ფილმში გეი პერსონაჟის შესრულებას მთავაზობდნენ, რაც პრობლემა შეიძლება არ არის, თუმცა ჩემი მიზანი მრავალფეროვანი, საინტერესო პერსონაჟების შესრულებაა და მხოლოდ პირველი ფილმის მსგავსი როლებით კარიერის განსაზღვრა არ მინდა“, — აღნიშნა მსახიობმა.

ლევან გელბახიანი კარიერის გასაგრძელებლად ნიუ იორკში მიემგზავრება და სათემო შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და იმ მიზეზებზე, რამაც წასვლა გადააწყვეტინა, უფრო დეტალურად ისაუბრა.

„პანდემიის პერიოდმა მიმახვედრა, რომ საქართველოში ჩემი რესურსი ამოვწურე. ერთ ადგილას გაჩერებამ და უძრაობამ ნათლად დამანახა, რომ წასვლა საუკეთესო გამოსავალია. უკვე გავაფორმე ერთ-ერთ სააგენტოსთან კონტრაქტი, ისინი როლების მოპოვებაში დამეხმარებიან. დიდი მოლოდინებით არ მივდივარ და მცირე ნაბიჯებით ვაპირებ კარიერის განვითარებას, ამჟამად ჩემი მთავარი მიზანი საინტერესო როლების მოპოვებაა, რაც აქ ნაკლებად წარმომიდგენია“, — აღნიშნა სამომავლო გეგმებზე საუბრისას ლევანმა.

მსახიობმა აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ფილმით უამრავი ადამიანი დაინტერესდა, დისკუსია დაიწყო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ აგრესიულად განწყობილი მცირე ჯგუფის მიღმა უამრავი ადამიანია, რომელსაც ცვლილებებისთვის მზაობა აქვს.

„ფილმის ქართულ პრემიერაზე 6 ათასი ბილეთი იყო ხელმისაწვდომი, რომელიც პირველივე დღეს გაიყიდა, არალეგალურად გავრცელებული ჩანაწერი კი 200 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მცირე, მართული ძალადობრივი ჯგუფის იქეთ უამრავი ადამიანია, რომელიც დაინტერესდა, ფილმის ნახვის სურვილი გაუჩნდა, რაც სასიკეთო ცვლილებაა. ფილმს ძირითადად კარგი გამოხმაურება მოჰყვა და ამან ხილვადობას, ქვიარ თემის საჭიროებებზე საუბარს ხელი შეუწყო. იმ ადამიანებს, რომლებიც ქვიარ უფლებების ადვოკატირებაში არიან ჩართული, ბევრად დიდი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ, რადგან სასიკეთო ცვლილებების მოტანა კონსტრუქციული ნაბიჯების გარეშე ძნელად წარმოსადგენია, მიხარია, თუ ამ პროცესს მცირედით მაინც შევუწყეთ ხელი“, — აღნიშნა საუბრის დასასრულს ლევან გელბახიანმა.

წინა

„მატრიცას“ პირველი ნაწილიდან Warner Brothers-მა ტრანსგენდერი პერსონაჟი ამოიღო

შემდეგი

შესაძლოა, საფრანგეთში ბულერებს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,