ფეხბურთელები, მორაგბეები, ჟოკეიები და სპორტის სხვა წარმომადგენლები ლგბტ+ თემის გაძლიერებისთვის Stonewall-ის ყოველწლიურ კამპანიაში ჩაერთნენ, რომელიც Rainbow Laces-ის სახელით არის ცნობილი და 2013 წლიდან დიდ ბრიტანეთში ტარდება.
სპორტსმენებმა სოლიდარობის გამოსახატად ცისარტყელას ფერებში გაწყობილი თასმები და სამკლაურები მოირგეს.
ლივერპულის მენეჯერმა, იურგენ კლოპმა და ქალთა კლუბის ფეხბურთელმა, მეიკაილა მურმა, Rainbow Laces-ის კამპანიის შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრეს. მურმა აღნიშნა, რომ სურდა წაეხალისებინა ადამიანები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, მაგრამ არ საუბრობენ ამაზე: ,,ქალების ფეხბურთში ძალიან გამიმართლა, რადგან ლგბტქ+ ადამიანად ყოფნა ისეთი უჩვეულო არ არის, როგორც ეს კაცების სპორტშია – ძალიან მისაღებია და გარშემო გაერთიანებული საზოგადოებაც ძლიერია.”
კლოპმა საკუთარ თავს „შესანიშნავი მაგალითი“ უწოდა იმისა, თუ როგორ უბიძგა Rainbow Laces-მა უფრო ინფორმირებული გამხდარიყო ლგბტ უფლებების შესახებ სპორტში: ,,54 წლის ვარ. ცხოვრებაში სხვადასხვა პერიოდი გამოვიარე, მაგრამ არის პრობლემები, რომელიც საკუთარ თავზე არასდროს გამომიცდია. ბევრი გეი მეგობარი მყავს, მაგრამ არ მიფიქრია იმაზე, თუ როგორია, როდესაც გარშემომყოფებისთვის გიწევს თქმა, რომ შეიძლება ისეთი არ იყო, როგორც ეს მათ წარმოედგინათ.”
2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც Rainbow Laces კამპანია დაიწყო, მასში უამრავი სპორტსმენი ჩაერთო – კალათბურთიდან დაწყებული, ეტლით მოსარგებლე მორაგბეებით დასრულებული. ისინი მოუწოდებენ სპორტულ გუნდებს, მხარდაჭერა გამოხატონ ლგბტ თემის მიმართ და სპორტი უფრო ინკლუზიური გახადონ.
კამპანიას ინგლისის რაგბის ნაკრებიც შეუერთდა.
საფეხბურთო კლუბებს შორის, რომლებიც კამპანიაში ჩაერთნენ, ჩელსის ქალთა გუნდიც არის. მათ განაცხადეს, რომ ეს მხარდაჭერა საამაყოა.
Racing Foundation-მა ტვიტერში ლგბტ+ თემის მხარდასაჭერად ფოტო შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ცხენოსნები ჩექმებზე თასმებს არ ატარებენ, ფონდმა იზრუნა, რათა ეჩვენებინა ცისარტყელას ფერები ჟოკეიების ქურთუკებზე და ტრანსგენდერთა დროშის ფერები ჩაფხუტებზე ფოტოშოპის საშუალებით.
Stonewall-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი საკულტო თასმები სპორტისა და ფიტნესის გარშემო ჩართულობის სიმბოლოდ იქცა.
კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 12 დეკემბერს დასრულდება.