მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ პანდემიამ ლიტერატურული პროცესები უფრო მეტად შეანელა, ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით მომრავლდნენ ახალი ქალი ავტორები, რომლებიც უფრო აჯანსაღებენ ლიტერატურულ პროცესებს და სრულიად ახლებურ გამოცდილებას სთავაზობენ ქართველ და არამარტო ქართველ მკითხველებს.
გაიცანით დებიუტანტი ავტორები, რომლებიც სულ ახლახანს გამოჩნდნენ ქართულ ლიტერატურაში და ჯერ კიდევ ელოდებიან მკითხველთან შეხვედრას.
ნანა აბულაძე – აკუმი
„ნანა აბულაძის “აკუმი” არის წიგნი საკუთარი თავის ძიების შესახებ და იმის შესახებ, როგორ არ გვყოფნის ადამიანების უმეტესობას სიმამაცე იმისთვის, რათა გავუგოთ ჩვენს თავს. ამ წიგნში დევიაცია ზეიმობს, ჰიბრიდულობა კი მითოსად იქცევა. ყველაფერ ამას დებიუტანტი ავტორი გოეთესეული თხზვის ხალისითა და სრულიად მოულოდნელი ინტელექტუალური განსჯით ახერხებს. მგონია, რომ ლიტერატურული დებიუტი თავისი ინოვაციურობით, ინტელექტუალური სიღრმითა და აქტუალურობით სწორედ ასეთი უნდა იყოს“.
ლევან ცაგარელი – ლიტერატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ანოტაცია: „გიფიქრიათ ოდესმე, რა მოხდებოდა, ადამიანს სქესი საერთოდ რომ არ ჰქონდეს? ჰო, ჰო, ასე: თქვენს საახლობლოში იბადება ჩვილი და ის არც გოგოა და არც ბიჭი. გიფიქრიათ? აი, ნანა აბულაძის სადებიუტო რომანში სწორედ ეს ხდება. ამ წიგნში ერთი ქართველი და ერთი უცხოელი მეცნიერი ამ ანომალიის კვლევითაა დაკავებული, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარი იმ ცხრა მთავარი პერსონაჟის ამბებია, რომლებიც სქესთან, გენდერთან, სექსუალობასთან, აუსრულებელ (და ასრულებულ) სურვილებთან, სულიერ ძიებებთან და კიდევ მრავალ სხვა რამესთან დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებიან. როგორ უნდა მოჰყვე ამ ყველაფრის შესახებ? ერთი ტექსტით? ერთ ტექსტში კიდევ სხვა ტექსტების შემოყვანით? თუ ასეც და ისეც? „აკუმი“ სწორედ ამგვარი რომანია.“
ნანა აბულაძე: წიგნის დაწერის იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა იოსებ ისიქასტის წერილებს ვკითხულობდი სულიერი შვილებისადმი, წიგნში ავტორი წერს, მე ისე გარიგებთ თქვენ, როგორც ჩემს ძმებს ვარიგებ – სქესი მხოლოდ გამრავლებისთვის არსებობს, ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და არ არის არანაირი „ქალის სული“ ან „კაცის სული“, სული სულიაო. გამიკვირდა, ეს რომ წავიკითხე და ვიფიქრე, რა იქნებოდა, ადამიანი უსქესოდ რომ დაიბადოს-მეთქი. ვიცოდი, რომანის იდეა რომ იყო, მაგრამ იქამდე ჯერ სამედიცინო პრობლემა იყო – თანდაყოლილ ანომალიაზე ვწერდი. ამიტომ ჯერ ის უნდა გამერკვია, ნორმალურ შემთხვევაში, ადამიანის ნაყოფი როგორ ვითარდება, მერე კი ის, არსებობს თუ არა ასეთი ანომალია. თუ არ არსებობს, უნდა გამომეგონებინა.
როცა მოქმედების სივრცე და პერსონაჟები დავინახე, ყველაფერი დავტოვე, სამსახურიდან წამოვედი, სოფელში წავედი და იქ დავწერე პირველი ოცი გვერდი. ასე წარმომიდგენია, რომ ჩემი მკითხველი ინტელექტუალი, ლიტერატურის მოყვარული მკითხველია, მაგრამ „აკუმი“ დიდი ხანია, გასცდა მკითხველთა მაგ კატეგორიას. ეს კი ძალიან მახარებს. გულისგულში ვნატრობდი, ისეთ ადამიანებს წაეკითხათ, სამყაროს მრავალფეროვნება რომ აშინებთ და დამოკიდებულება შესცვლოდათ.
მარიამ გურგენიშვილი – მარგალიტები
„გულწრფელობის და სილაღის ხარისხი, მოურიდებელი პირდაპირობა – დებიუტანტი ავტორისთვის შესაშური სიმწყობრე და გამართულობა. ეს და კიდევ სრულიად განმაიარაღებელი ემოციურობა, იუმორის გრძნობა – არის მხოლოდ ნაწილი იმისა, რის გამოც მარიამ გურგენიშვილის წიგნი სულმოუთქმელად წავიკითხე და ყველას ვურჩევ, თუ ვინმე დამეკითხება“.
დავით გაბუნია – მწერალი, მთარგმნელი და დრამატურგი
ანოტაცია: “15 წლის მარგო სვანეთისუბანში ცხოვრობს, ანანასებზე ოცნებობს, ძალიან ბევრს კითხულობს და ამჩნევს ყველაფერს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით და ამ სასწაულების შუაგულში სამნი არიან: მარგო, მისი უმშვენიერესი და, ანა, და პუტკუნა, საყვარელი ბიძაშვილი, ბელა. დიდი ქალაქის ამ პატარა უბანში დღეები ერთმანეთს ჰგავს – უდენობის გამო ტელევიზორს იშვიათად რთავენ, სამეზობლოში ყველას პირად თუ საჯარო ამბებს ხან უბნის ბირჟაზე, ხან ეკლესიაში და ხანაც სამზარეულოებში, ლამპის შუქზე, ფინჯანი ყავის თანხლებით განიხილავენ, ჭორაობენ, ჩხუბობენ, კამათობენ, სიყვარულს უხსნიან… მარგო, რომელსაც უნდა, რომ მწერალი და შინაბერა გამოვიდეს, დეტალურად გვიყვება ამ ამბებს – ხან გვაბრაზებს, ხან გვაცინებს… და ამასობაში ხდება რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის… დებიუტანტი მწერლის, მარიამ გურგენიშვილის რომანი 1990-იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ. ”
მარიამ გურგენიშვილი: წერა მას შემდეგ გადავწყვიტე, როცა ცამეტი წლის ასაკში „ანა ფრანკის დღიური“, „გრძელფეხება მამილო“ და „პატარა ქალები“ წავიკითხე ერთმანეთის მიყოლებით, ზუსტად ამ თანმიმდევრობით. მაშინ მეც პატარა ვიყავი და ამ წიგნის გმირებიც, და თან ოთხივეს – ანას, ჯუდის, ჯოს და მე – ძალიან, ძალიან გვინდოდა, მწერლები გამოვსულიყავით. ჯერ კიდევ მაშინ ამეკვიატა აბეზარ ფიქრად, ასეთი წიგნები რატომ ქართველებს არ გვაქვს-მეთქი. ასეთი, ანუ გოგოებზე და გოგოებისთვის დაწერილი.
ანა ფრანკის დღიურების წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ არ მქონდა უფლება, ჩემი ოცნებებისთვის არ მებრძოლა. „მარგალიტები“, ვფიქრობ, ამ ბრძოლის შედეგია; შეიქმნა, ალბათ, როგორც ერთგვარი ნუგეში გოგოებისთვის, როგორც დასტური, რომ მარტო არ არიან და მათი ეჭვები, გულისტკივილი, ან თუნდაც არასრულფასოვნებისა და ნაკლოვანების შეგრძნება სხვებსაც გაუვლიათ და გადაულახავთ კიდეც.
მაია ცირამუა – მშვიდობით ძია გერშვინ
“რატომ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნი? – ამ კითხვაზე, მე, როგორც მკითხველს, მაქვს პასუხი – იმიტომ, რომ ეს წიგნი არა იმდენად სიყვარულზე, არამედ სიცოცხლისთვის ბრძოლაზე, მის ბოლო წვეთებზე ჩაბღაუჭებასა და გადარჩენაზეა. იმაზე, რაც დიდი ხანია მიგვავიწყდა პატარა, უბედური ქვეყნის ყოველდღიურ ორომტრიალში – რომ ამქვეყნად არსებობს რაღაცები, რისთვისაც სიცოცხლე და ბრძოლა ღირს, რისთვისაც თავგანწირვაც არ დაგენანება. სულის სიღრმემდე შემძრა სიმძაფრემ, რომლითაც აღწერილია ბრძოლა ადამიანურ სურვილებსა და „კარგ ადამიანად“ დარჩენას შორის – ისეთად, როგორიც წარმოუდგენიხარ, როგორსაც შენგან ელიან; რა მწარეა ზოგჯერ ხარკი, რომელსაც რიგიანი, სწორი საქციელისთვის გავიღებთ ხოლმე; რა მძიმეა შეგრძნება, რომ ცხოვრება რაღაც ამაოში, რაღაც ჩირის ფასის მქონეში გალიე და ამ დროს უმნიშნელოვანესმა და ძვირფასმა, შეიძლება, გვერდით ჩაგიარა”.
მარი კონითელი – გამომცემელი, მთარგმნელი
ანოტაცია: „მაია ცირამუას რომანი – ,,მშვიდობით, ძია გერშვინ!” – ძველ ზარდახშაში ნაპოვნი ხელნაწერია. საოცრად ემოციური და გულწრფელი ნაწარმოები ხანშიშესული მამაკაცის გარშემო ტრიალებს, რომელიც, მისგან დამოუკიდებლად, ცხოვრების ახალ აზრსა და სიყვარულს პოულობს. აკრძალული ურთიერთობა სევდიანი, თითქმის მიუწვდომელი, თუმცა მაცდური, გიჟური და მაცოცხლებელია. რას დათმობს ადამიანი სანუკვარი სურვილების ასასრულებლად? რას გაიღებს იმისთვის, რომ ახალგაზრდული ემოციები ისე გაუცხოველდეს, თითქოს არც არასდროს გაზრდილა.“
მაია ცირამუა: წიგნი არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ძალიან დეპრესიულ პერიოდში, 2000 წელს დაიწერა. ეს იყო ერთგვარი მცდელობა, თავი დამეღწია დიასახლისობის დამქანცველ რუტინას და მეპოვა მედიტაციური საშუალება, რათა ცოტა ხნით მაინც გავქცეოდი ყოველდღიურ პრობლემებს. წერის დასრულების შემდეგ, წიგნს 20 წლის შემდეგ მივუბრუნდი და ვიფიქრე, რატომაც არა, იქნებ დღევანდელ დღესაც აქტუალური იყოს ეს პრობლემები, ძალიან ცოტა რამ შევცვალე რომანში და გადავწყვიტე, გამომცემლობაში გამეგზავნა. ჩვენ, ქალებს, პატარაობიდანვე გვასწავლიან, რომ ყველაფერი უნდა დავმალოთ, საკუთარი ცოდნა გარეთ არ უნდა გამოვიტანოთ და ეს წიგნი იყო ზუსტად ამ სირცხვილის გადალახვის საშუალება ჩემთვის და ამიტომაც, განსაკუთრებით მინდა ისეთი ადამიანების ხელში აღმოჩნდეს, ვისაც დღემდე ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში და აშინებს ექსპერიმენტები, მინდა, ასეთმა გაუბედავმა და საკუთარ თავთან გაუცხოებულმა ადამიანებმა წაიკითხონ.
მართა ურუშაძე – მეხამრიდი
„მართა ურუშაძის “მეხამრიდი” ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება, ამბის თხრობა კი ძალიან საინტერესო და ორიგინალურია. ნაწარმოებში ნათლად იკვეთება მიზანი, ამბის სიმძაფრე, კულმინაცია და დასასრული. თუ გსურთ ახალი სახეების, ახალი ავტორების აღმოჩენა, “მეხამრიდი” აუცილებლად უნდა წაიკითხოთ“.
ნინია მაჭარაშვილი – “თბილისი-იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” დირექტორი
ანოტაცია: „წიგნის სიუჟეტი თბილისში ვითარდება. მთავარი გმირი დეა კვაშილავაა – გოგო, რომელიც სინამდვილეს ყველასგან განსხვავებულად აღიქვამს. დეას ძმა, გიო, ხუთი წლის წინ, უკვალოდ გაუჩინარდა. გოგო დაგვიანებით აღმოაჩენს, რომ გიოს ფარული და საინტერესო ცხოვრება ჰქონია და ერთხელაც გადაწყვეტს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ბიჭი იპოვოს. დეა მზად არის, ყველაფერს ხელი გაუშვას და საკუთარი თავიც კი დაკარგოს სიმათლის გასაგებად. ამ ძიებისას, სადაც მისტიკა და რეალობა ერთმანეთშია გადახლართული, მას საოცარი ამბები გადახდება. მთავარმა გმირმა იცის, რომ ყოველდღიურობას ჩრდილად უხილავი სამყარო გასდევს, რომელიც მისი შეკითხვების პასუხებსაც მალავს. დეას წინაშე მთავარი დილემა დგება – კომფორტული ცხოვრება თუ ცნობიერების ახალ საფეხურზე გადასვლა“…
მართა ურუშაძე: „მეხამრიდს“ ოთხი-ხუთი წელი ვწერდი და ყველაზე მეტად მინდა, იმ ადამიანებმა წაიკითხონ, ვისაც ფენტეზი უყვარს, განსაკუთრებით Spiritual Fantasy, რაც ქართულად ალბათ „სულიერ ფენტეზიდ“ ითარგმნება. „მეხამრიდი“გაუცხოებაზეა – რეალობისგან, საკუთარი თავისგან, ყოველდღიურობისგან… ამიტომ წიგნი ასევე მათთვისაა, ვისაც ეს პრობლემები აწუხებს.
ელენე ჯაფარიძე – დამალობანა
„ელენე ჯაფარიძის “დამალობანა” კარგი პირველი ნაბიჯია ლიტერატურაში. ესაა სადად და გულწრფელად დაწერილი ამბავი ქალზე, რომელმაც ბევრი ტკივილი გამოიარა. ასეთი ამბავი უამრავი წაგვიკითხავს, მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო, ჩემი, როგორც მკითხველის მოგზაურობა დროში და ამბებში. ელენე ახერხებს მძიმე ეპიზოდებიც კი მსუბუქად გადაგატანინოს, თითქოს გიფრთხილდება, რომ არ დაზიანდე. აქ მოთხრობილი ყოველი ეპიზოდი, თითქოს სხეულზეც კი გეხება, მაგრამ რაღაც ძალასაც გაძლევს. მარტო არც შენ რჩები და არც ანიკო, კიდევ უფრო ძლიერად ჩასჭიდებ ხელს მთავარ გმირს და ასე სუნქვაშეკრულები გადაივლით უღელტეხილებზე სევდიან ფინალამდე, რომელიც წიგნის პირველ ფურცლებთან მიგაბრუნებს, რომ შვებით ამოისუნთქო. და კიდევ, ძალიან შემიყვარდა გუ, რომელიც ჩემი თაობის იმ ბიჭებს მაგონებს, რთული ცხოვრების ლაბირინთებში რომ ჩაიკარგნენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალაც ერჩოდათ, გულიც სუფთა ჰქონდათ და საოცარი სიყვარულიც შეეძლოთ“.
მაია ცირამუა – მწერალი, ფსიქოლოგი
ანოტაცია: „ანიკოსა და მისი ოჯახის ამბავი 1992 წელს იწყება, როცა ის, რვა წლის გოგონა, დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ტოვებს აფხაზეთს და იწყებს გრძელსა და მძიმე სვლას. მისი არსებობა სავსეა ტკივილით, შიშით, უსამართლობით, სიყვარულით და უზარმაზარი იმედით.
ჭუბერის უღელტეხილი ანიკოს ცხოვრების ყველაზე ძნელი გზა არ არის. მას წინ კიდევ უამრავი სირთულე და ტკივილი ელოდება: სამშობლოს დატოვება, უცხო ქვეყანაში გადასახლება და ბრძოლა იქ ადგილის დასამკვიდრებლად; დიდი და მოულოდნელი სიყვარული, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
მებრძოლი და იმედიანი ხასიათი ეხმარება ახალგაზრდა ქალს, მაშინაც კი არ დაკარგოს ოპტიმიზმი, როცა ყველაზე ძალიან უჭირს. შეძლებს კი ის, რომ წარსულის აჩრდილებს სამუდამოდ დააღწიოს თავი? მოახერხებს, რომ უზარმაზარი იმედგაცრუების შემდეგ არ დაემალოს რეალობას?“
ელენე ჯაფარიძე: ძალიან მახარებს მკითხველის უკუკავშირი, როდესაც მწერენ ახალგაზრდა თუ ასაკოვანი ადამიანები თავის შთაბეჭდილებებს. ყველაზე მეტად სოხუმიდან მოსულმა უკუკავშირმა გამახარა, ძალიანდიდი სურვილი მაქვს, რომ აფხაზეთში მცხოვრებმა ადამიანებმა მოახერხონ ამ წიგნის წაკითხვა. ჩემთვის ეს წიგნი არ არის მხოლოდ აფხაზეთზე ან ჭუბერზე. ჩემთვის ეს წიგნი იმაზეა, თუ რამდენად დიდია ომის, სამშობლოს დაკარგვის ტრამვა და ამ ტრამვას როგორ შეიძლება გაუმკლავდეს ჩვენი ფსიქიკა. რა თამაშს შეიძლება გვეთამაშოს, რომ უსაზღვროდ ძლიერ ტკივილს გადავურჩეთ და შევძლოთ ცხოვრების გაგრძელება.
ავტორი – ზურა აბაშიძე