/

როგორ ესახებათ პოლიტიკოსებს ლგბტქ+ ადამიანების პრობლემების მოგვარება

,,მოგესალმებით, თამარი გიკავშირდებათ ონლაინ პლატფორმა queer.ge-დან” – წინასაარჩევნოდ, ყველაზე კულმინაციურ პერიოდში, ასე ვიწყებდი საუბარს ქართველ პოლიტიკოსებთან. პატარა ჟურნალისტური ექსპერიმენტი ჩავატარე და ზოგ ისეთ პოლიტიკოსს დავურეკე, რომლებსაც ნაკლებად მიმართავენ ამ თემებზე სასაუბროდ. რაღაც მხრივ, ჩემმა ექსპერიმენტმა გაამართლა, თუმცა, მასალის მომზადების დროს, შემხვდნენ ისეთი რესპონდენტებიც, რომლებიც პირდაპირ მათი პარტიის ქალ სპიკერებთან მამისამართებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია შეცვლილია, ჩვენს პოლიტიკოსებს მაინც უჭირთ ლგბტქ ტერმინოლოგიის გამოყენება თავიანთ ინტერვიუებში.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოგვეხმაურნენ. ჩვენს რესპოდენტებს დავუსვით კითხვა, როგორ ესახებათ ლგბტქ+ პრობლემების მოგვარება.

გიორგი ბარამიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

,,ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე. ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული, მიუხედავად მისი კანის ფერისა, რელიგიისა, სექსუალური ორიენტაციისა და ა.შ. ეს არის მთავარი, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია ჩადებული და ეს ევროპული სტანდარტი არის ყველა ცივილურ ქვეყანაში – ყველა ადამიანი არის თანასწორი კანონის წინაშე და ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული.

რაც შეეხება ეთიკის საბჭოს, ფაქტობრივად, არ მუშაობს. პრაქტიკულად, ამ ქვეყანაში არავინაა დაცული. ყველა თანაბრად უნდა იყოს დაცული, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაშიც, კანონმდებლობაშიც, ადამიანურიც და სწორედ ეს არის საღი აზრიც. ყველა უნდა ვსარგებლობდეთ თანაბარი უფლებებითა და თანაბარი შესაძლებლობებით, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ხშირად ასე არ ხდება საქართველოში.”

ნიკა მაჭუტაძე – მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის”

,,რაც შეეხება 5 ივლისს, უპირველეს ყოვლისა, ძალიან მკაფიო და ობიექტური გამოძიება უნდა მოხდეს. ეს არ ეხება კონკრეტულ თემს, ეს ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე, იმ ზოგად დემოკრატიულ ფონს, რომელიც ხელშეუხებელი უნდა იყოს ქვეყანაში. რაც შეეხება დისკრიმინაციას, რომელსაც თემის წევრები განიცდიან, არცერთი მოქალაქე არ უნდა იყოს დისკრედიტირებული. ეთიკის საბჭო, სამწუხაროდ, არის ფორმალური საბჭო, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. აუცილებელად უნდა მოწესრიგდეს ეს საკითხები. ამისთვის გაცილებით მეტი შრომაა გასაწევი, რომ შეიქმნას ცივილიზებული სისტემა, სადაც ადამიანებს შეეძლებათ, თავიანთი უფლებებისა და ცხოვრების დაცვა. საერთოდ, საზოგადოების უფრო მეტი ნაწილი, ასაკობრივი თუ სოციალური ჯგუფი უნდა იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტულად, თუ ეს უნდა ეხებოდეს სკოლას, უნივერსიტეტს, ეს უნდა გამოიხატებოდეს საზოგადოებრივ აქტივობაში – საზოგადოებაში ამის გავრცელება სპეციალისტების საქმეა.

უპირველესი არის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა – საქართველოში ამ მხრივ უმძიმესი ვითარებაა. უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფომ უნდა მოახერხოს ამ უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, რადგან სხვადასხვა ჯგუფებს ამის პირდაპირი საფრთხე უდგათ. პირველ რიგში, ჩემი აზრით, ქვეყანაში ესაა მოსაგვარებელი და შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ, სხვა ეტაპებზეც შეიძლება საუბარი.”

ნონა მამულაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

,,მე ვფიქრობ, რომ, ზოგადად, ტოლერანტობის პოლიტიკა დასახვეწია საქართველოში. ეს არ არის მხოლოდ LGBT-ს მიმართ ზიზღი და აუტანლობა, ეს გვახასიათებს ეთნიკური უმცირესობის მიმართაც და ყველა განსხვავებული ადამიანის მიმართ, ტოლერანტობა, როგორც ასეთი, აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ. ამას რაც უფრო ადრე ვიზამთ, მით უკეთესი.

სამწუხაროდ, ამ თემის გამოყენება ხშირად ხდება საარჩევნო პერიოდში, მანიპულაცია ქართული ტრადიციებით თემით, რომელიც, სინამდვილეში, არც ტრადიციაა და არც ქართულ იდენტობას წარმოადგენს – ეს არის რუსეთიდან წამოსული პროპაგანდა, რომელიც კარგად არის გამჯდარი მედიასაშუალებებსა და საზოგადოებაში. საზოგადოებაში ამხელა ზიზღი იმიტომაა, რომ არ იციან, არ იცნობენ, უბრალოდ, უთხრეს, რომ ასე უნდა მოიქცნენ. პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა აიღოს ყველა ადამიანმა. თავისუფლება იმას არ ნიშნავს, რომ შენ შეურაცხყოფა მიაყენო ვიღაცას და, მით უმეტეს, გამოიყენო იმისთვის, რომ მოუწოდო ძალადობისკენ. ვნახეთ, რომ ამისთანა შემთხვევები საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში.

უამრავი დასავლური ტაქტიკა არსებობს, როგორ შეიძლება ამასთან გამკლავება. მგონია, რომ შეიძლება ანალოგიური პრაქტიკა საქართველოშიც დავნერგოთ ძალიან წარმატებულად. უბრალოდ, ამას სჭირდება შესაბამისი ხელისუფლება და პოლიტიკური ნება.

დისკრიმინაციას რაც შეეხება, უნდა მოხდეს დისკრიმინაციის აღმოფხვრა შრომით ურთიერთობებში. არ ხდება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებთან ბრძოლა და ეფექტური გამოძიება, სათანადო დასჯა – 5 ივლისი ამის მაგალითია. ისევ იმას ვუბრუნდებით, რომ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და მერე ამ პოლიტიკური ნების განხორციელება. ამ შემთხვევაში, მოგვიწევს ძალიან სერიოზული საგანმანათლებლო პროექტების დანერგვა.

როდესაც ცხოვრობ ძალადობრივ სახელმწიფოში, სამწუხაროდ, არა გვაქვს არანაირი გარანტია იმისი, რომ ვიღაც დაგვიცავს. მით უმეტეს, სახელმწიფო არ იცავს და სხვებსაც ძალადობისკენ მოუწოდებს. როდესაც გვეყოლება სათანადო პოლიტიკური კლასი, ეს პრობლემაც ადვილად მოგვარდება. მე მესმის, რომ არის უამრავი პრობლებაა და ამის მოგვარება შეიძლება საკმაოდ მარტივად, თუ პოლიტიკური ნება იქნება. არანაირ პრობლემას არ ვხედავ იმაში, რომ თუნდაც პასპორტში სქესის შეცვლის პროცედურა გამარტივდეს, ეს არის ძალიან ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლება.”

თეონა აქუბარდია – ,,სტრატეგია აღმაშენებელი”

,,მთავარი პრობლემა დღეს რაც ქვეყანაშია, არის ის, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა. 5 ივლისი ამის გამოხატულება იყო, დაირღვა შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება. სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ ფუნდამენტური უფლებები დაცული იყოს. ჩვენ ვნახეთ, რომ მთავრობის მეთაური მხარს უჭერდა აგრესიულ რიტორიკას, იმ ბრბოს, რომელიც უპირისპირდებოდა 5 ივლისის კონტრაქციას და გამოხატვის უფლებას. შესაბამისად, მიმაჩნია ცნობიერების ამაღლება არის მთავარი ელემენტი, პოლიტიკური მიმღებლობა პოლიტიკურ ძალებს შორის, არის მეორე ელემენტი.

ვფიქრობ, რომ 8 პარტიის ხელმოწერა არის წინგადადგმული ნაბიჯი. თუმცა არსებობს საკმაოდ სენსიტიური თემები, რაზეც, ვფიქრობ, რომ უნდა ვიმუშაოთ, მაგალითად, მიმღებლობა. თავშესაფრებზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ეს არის დამატებითი პრობლემა ქვიარ ადამიანების. ამას სიღრმისეულად მე ვერ შევაფასებ, რადგან ჩემი სპეციალობა ეს არ არის.

მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი პრორუსული პროპაგანდაა, ღირებულებითი ომი, რომლის მიზანიც არის ანტი-დასავლურ კამპანიასთან დაპირისპირების წამორჩენა ქვეყანაში, რომელშიც რუსული ინტერესებია. ამის განეიტრალება მაშინ იქნება მოსახერხებელი, თუ ქვეყანაში მოვა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომლის მიზანიც იქნება ამ ქვეყანაში დემოკრატიის უზრუნველყოფა, რაც ნამდვილად არ გვაქვს. ამავდროულად, საჭიროა მეტი მიმღებლობა და ელემენტარული ცოდნა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. პოლიტიკური ლიდერშიფი და მართული ძალები ამ ყველაფერს უპირისპირდებიან და მე ვფიქრობ, რომ მთავარი მაინც პოლიტიკური ნებაა, რომელიც პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან უნდა მიმდინარეობდეს.

სხვა საკითხებს რაც შეეხება, ეთიკის კომისიის წევრი არ ვარ, მაგრამ ყველაფერი კეთდება პოლიტიკური ნებით. ქვეყანაში მოშლილია კანონის უზენაესობა, საყოველთაო უფლებები და რაც მთავარია, ეს უპირისპირდება იდენტობასაც. რასაც დღეს ვხედავთ, აბსოლუტურად არის რუსულ ნაროტივი. მე ამ ბრძოლას განვიხილავ ორ ჭრილში: ერთის მხრივ – რუსეთის ინტერესები, მეორე – უფლებების ნაწილი, სადაც ბევრი გამოწვევაა.

მე მყავდა სტუდენტი, რომლის ემოციებიც ჩემთვის ძალიან მძიმე იყო იმიტომ, რომ ის განიცდიდა ოჯახურ ძალადობას გარემოდან გამომდინარე. მადლობები მიხადა როგორც ლექტორს, რომ პრობლემები არ შევუქმენი, მე საკუთარი თვალით დავინახე მისი პრობლემები. შესაბამისად, მიმღებლობა მოდის ცოდნიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს სენსიტიური თემაა და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არა წინააღმდეგობა, არამედ მხარდამჭერა გავუწიოთ. ამასაც, გარკვეულწილად, სჭირდება დამუშავებული პოლიტიკა.

8 პარტიას გვაქვს ხელმოწერილი მემორანდუმი, რაც მნიშვნელოვანი განაცხადია. ვფიქრობ, ამას ხშირად იყენებენ, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებლის“ წინააღმდეგ პოლიტიკურად, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. ერთ-ერთ პოლიტიკური პარტია, რომლის წინააღმდეგაც არ იყენებენ, არის „ქართული ოცნება“, რითიც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აპირებენ ყველა ადამიანის უფლებების დაცვას ამ ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ 8 პარტია ხელს აწერს ამას, ეს გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი იქნება.

მე მივესალმები იმას, რომ საქართველოში ყველა ადამიანს გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ვიცხოვროთ. ჩაგვრაზე რამდენი ტრენინგია ჩატარებული, მაგრამ პოლიტიკური ნება თუ არ არსებობს, არა მგონია, ამას რამე ტრენინგმა უშველოს, პოლიტიკური ნების გარეშე სხვა გეგმები ვერ შესრულდება.”

ავტორი: თამარ ქუთათელაძე

ფოტო მთავარზე: ანა ზურაბიშვილი-წურწუმია

წინა

ტაივანის სასამართლომ ტრანსი ადამიანების იძულებითი ქირურგიული ოპერაცია არაკონსტიტუციურად სცნო

შემდეგი

ვის უჭერენ მხარს ქვიარები – არჩევნები 2021

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი