პირადი ცხოვრების უფლება

ავტორი: თამარ ავალიანი

პირადი და ოჯახური ცხოვრების მნიშვნელობის გააზრება

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება სახელმწიფოსგან დამცავი უფლებაა, რომელიც ადამიანის კერძო სფეროს დაცულობის გარანტიებს ქმნის. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებით, პირადად შექმნას და დამოუკიდებლად განავითაროს პირადი სივრცე. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას და უზრუნველყოს ადამიანის კერძო სფერო სახელმწიფოსა და ნებისმერი სხვა პირის ჩარევისგან. პირადი ცხოვრების უფლება ნებისმიერი პირისა თუ სახელმწიფოს მხრიდან უკანონი ჩარევის წინააღმდეგ მიმართული მექანიზმია.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) იცავს თითოეული ადამიანის პირად სფეროს, მისი, როგორც ინდივიდუალური ადამიანის, იდენტობის მახასიათებლების დადგენის უფლების ჩათვლით1.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელოვან ასპექტს სქესობრივი ცხოვრება წარმოადგენს. საქმეზე – დადჯენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ2, ევროსასამართლომ სქესობრივი ცხოვრება პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ სფეროდ მიიჩნია. დადჯენის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის კანონმდებლობა, რომლითაც იკრძალებოდა ჰომოსექსუალური ურთიერთობა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს ეწინააღმდეგებოდა.

პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებით, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, განსაზღვრონ სასურველი ფორმა, რომლითაც საკუთარი იდენტობის საჯარო პოზიციონირებას და გამოხატვას მოახდენენ3.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – Oliari and Others v. Italy,იტალიის კანონმდებლობაში სპეციალური დეფინიციის არსებობა, რომელიც ვერ გარანტირებდა ერთი და იმავე სქესის მქონე პირების აღიარებას და დაცვას, კონვენციის მე-8 მუხლთან შეუსაბამოდ მიიჩნია.

ვენეციის კომისიის დასკვნით, ქორწინების უფლების მომწესრიგებელმა ნორმებმა არ უნდა დატოვონ ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილები სამართლებრივი აღიარებისა და გარანტიების გარეშე4. პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სახელწიფოს ავალდებულებს, ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინების ან ოჯახური ცხოვრების სხვა ალტერნატიული ფორმების საკანონმდებლო დონეზე აღიარებას. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, რომ ის უფლებები და ვალდებულებები, რაც რეგისტრირებულ ქორწინებაში არმყოფ ჰეტეროსექსუალ პირებს წარმოეშვებათ, ასევე გავრცელდეს ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობებზეც5.

პირადი ცხოვრების უფლების საკომუნიკაციო ასპექტი

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკომუნიკაციო ხასიათი, რიგ ასპექტებში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობისა და კავშირების დამყარების შესაძლებლობასაც მოიაზრებს6. ყოველდღიურ ცხოვრებაში პირს უწევს გარკვეული საქმიანობა, ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, საზოგადოების სხვა წევრებთან, რაც ასევე დაცულია პირადი ცხოვრების უფლებით7.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – Niemeitz v. Germany, განმარტა, რომ „პირადი ცხოვრების ცნების დაყვანა მხოლოდ „შიდა წრემდე,“ სადაც ინდივიდი ცხოვრობს ისეთი პირადი ცხოვრებით, როგორსაც იგი ირჩევს და გარესამყაროს სრულად გამორიცხვა, ამ ცნების ვიწრო განმარტება იქნება. არ არსებობს მართლზომიერი საფუძველი, რათა პირადი ცხოვრების ცნებიდან გამოვრიცხოთ ქმედებები, რომელიც ეხება საქმიანობას ან პროფესიას, ვინაიდან პირები სამუშაო ვითარებაში ამყარებენ საგრძნობ კავშირს და გააჩნიათ გარესამყაროსთან ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობა.“

პირადი ცხოვრების შესახებ მონაცემების შეგროვება, ფარული თვალთვალი და მიყურადება

ევროპული სასამართლოს შეფასებით, პირადი ცხოვრების შესახებ მონაცემების სისტემატიურად შეგროვება და შენახვა ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, არის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შეზღუდვა, რაც სათანადოდ უნდა იქნეს გამართლებული და დასაბუთებული სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან8.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – მელოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, განმარტა, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევისაგან დამცავი სამართლებრივი მექანიზმი9. ევროპული სასამართლოს შეფასებით, სატელეფონო საუბრების მოსმენა პირად ცხოვრებაში ჩარევის მძიმე ფორმაა, რომელიც დეტალურად გაწერილი, საგამონაკლისო და განჭვრეტადი სამართლებრივ პროცედურით უნდა განხორციელდეს, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევის რისკი. ევროპული სასამართლოს განმარტებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი ღონისძიებები ტარდება საიდუმლოდ, დიდია არამართლზომიერი მოქმედების რისკი10.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, ფარულ თვალთვალთან დაკავშირებული ღონისძიებები ამომწურავად და განჭვრეტადად უნდა იყოს კანონში გათვალისწინებული.11

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, ადამიანის ფოტო და ვიდეოგამოსახულება პირადი ცხოვრების უფლების განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით12, ფოტოსურათის ან ვიდეო გამოსახულების გამოქვეყნება, პირად ცხოვრებაში არსებით და ღრმა ჩარევად უნდა იქნას მიჩნეული.

კანონმდებლობის მინიმალური მოთხოვნები ფარულ მოსმენებთან და თვალთვალთან დაკავშირებით (ევროპული სასამართლოს სტანდარტები):

  • კანონით რეგლამენტირებული უნდა იყოს იმ დანაშაულთა სახეები, რომელთა ჩადენისას, შესაძლებელია, გაიცეს ფარული თვალთვალის ან მოსმენის ბრძანება;
  • კანონი უნდა განსაზღვრავდეს იმ პირთა წრეს, რომელთა კომუნიკაციის კონტროლიც დაიშვება გარკვეულ გარემოებებში;
  • კანონი მკაცრად და ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს კომუნიკაციის კონტროლის ან ფარული თვალთვალის ვადებსა და ხანგრძლივობას;
  • კანონი ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს ფარული თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გამოკვლევის, გამოყენებისა და შენახვის, ისევე როგორც ფარული თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მესამე მხარისათვის გადაცემის პროცედურებს13;
  • ეროვნული კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს ჯეროვან გარანტიებს ხელისუფლების ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად ან თვითნებურად გამოყენების საწინააღმდეგოდ14.
  • ევროპული სასამართლოს მხრიდან, გარანტიების შეფასებისას, ასევე დიდი ყურადღება ექცევა სამართლებრივი დაცვის რა საშუალებებს ითვალისწინებს ეროვნული კანონმდებლობა იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართ ხორციელდება ფარული თვალთვალი (კომუნიკაციის კონტროლი), ან რომლებიც ასაჩივრებენ მათ მიმართ ეროვნული კანონმდებლობით დაშვებულ პოტენციურ თვალთვალს15.
  • ეროვნული კანონმდებლობა უნდა მოიცავდეს საკმარის გარანტიებსა და დარღვეულ უფლებათა აღდგენის მექანიზმებს, მართლმსაჯულების ორგანოს მიერ საქმის სწრაფ, სიღრმისეულ და ამომწურავ განხილვას.

საქართველოს კანონმდებლობის და პრაქტიკის ხარვეზები

საქართველოში ლგბტქ თემს წართმეული აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რაც ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობის სამართლებრივად არაღიარების პოლიტიკაშიც ვლინდება. ლგბტქ თემის მიერ პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობით სარგებლობის შესაძლებლობას მორალური და გარედან თავსმოხვეული წესრიგით განსაზღვრავენ.

2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებმა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიცია განახორციელა და იგი ,,კაცის და ქალის ერთობად ცნო“. იგი ღიად ჰომოფობიური მუხლია, რომელიც ერთი და იგივე სქესის მქონე პარტნიორების ქორწინებას გამორიცხავს. ჰომოფობიური მუხლი ნეგატიურად აისახება ტრანსგენდერ ადამიანებზეც. იგი გამორიცხავს ყველა ტრანსგენდერ ადამიანს, რომელსაც მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესის მქონე პარტნიორი ჰყავს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბიოლოგიური სქესის მნიშვნელობას ფუნდამენტური სამოქალაქო უფლებების მინიჭებისას16.

კანონი ადგენს გენდერის სამართლებრივი აღიარების არაგანჭვრეტად და დისკრიმინაციულ პროცედურებს, რომელიც ხელოვნურ ბარიერებს უქმნის ადამიანებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით. სამოქალაქო აქტების ჩანაწერში ცვილებების შეტანასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული პრობლემები ექმნებათ ტრანსგენდერ პირებს. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონით, სამოქალაქო აქტების ჩანაწერში ცვლილებების შეტანის ერთ-ერთ საფუძველს სქესის შეცვლა წარმოადგენს. კანონში არ არის დეფინირებული, თუ რა მოიაზრება სქესის შეცვლაში, არ არის გაწერილი სქესის შესახებ ჩანაწერი რა პროცედურით იცვლება, რაც კანონს კიდევ უფრო ბუნდოვანს და არაგანჭვრეტადს ხდის. ამგვარი წესის არარსებობა შესაძლებლობას ართმევს ტრანსგენდერ ადამიანებს, ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი შეცვალონ სწრაფი და ხელმისაწვდომი გზით.

საქართველოში გენდერის სამართლებრივი აღიარება სამედიცინო პროცედურებს უკავშირდება. რეალობაში არ არსებობს რამე სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ საკითხს დეტალურად არეგულირებს და ქმნის ადეკვატურ სამართლებრივ შესაძლებლობებს იმ ტრანსგენდერი ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ, შეცვალონ სქესის შესახებ ჩანაწერი თავიანთ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში.

პერსონალური სტრესის გარდა, ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებულ სქესსა და პირის გენდერულ თვითგამოხატვას შორის წინააღმდეგობა ხშირად ხდება ტრანსგენდერი პირების დისკრიმინაციის საფუძველი შრომით ურთიერთობებში, საჯარო და კერძო დაწესებულებებში, სადაც პირადი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წარდგენაა საჭირო17. 2014 წელს, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) იმსჯელა ამ საკითხზე და მოუწოდა სახელმწიფოს გააუქმოს ტრანგენდერი პირების მიმართ მოქმედი შეზღუდვები საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მიღებაზე.18

,,პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ კანონი19 განსაკუთრებულ მონაცემად მიიჩნევს ჯანმრთელობასთან და სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ მონაცემებს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევისაგან განსაკუთრებული დაცვით უნდა სარგებლობდეს.

საქართველოში, სხვა ადამიანებთან ერთად, ლგბტქ ადამიანების უკანონო მოსმენა და მიყურადება სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რაც ხარვეზიანი კანონმებლობისა და პრაქტიკის შედეგია. საქართველოს კანონმებლობა არ ითვალისწინებს საკმარის მექანიზმებს და დაცვის გარანტიებს ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და უფლებამოსილების გადამეტების წინააღმდეგ. საქართველოს კანონმებლობა ვერც განჭვრეტადობის პრინციპს აკმაყოფილებს და არც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მექანიზმებისგან დაცვის გარანტიებს ქმნის.

1

 Christine Goodwin v. the United Kingdom, ECHR 2002-VI.

2

 Dudgeon v. the United Kingdom), § 52, 22 ოქტომბერი, 1981, Series A no. 45,

3

 Dr. Hannes Tretter, Artikel 8 EMRK als Grundlage eines individuellen Rechts auf zweisprachige Ortstafeln ?, გვ. 2.

4

 იხ. CDL-AD(2017)013-e Georgia – Opinion on the draft revised Constitution;

5

 CM/Rec(2010)5.

6

 Niemietz v. Germany), 16 დეკემბერი, 1992, § 29

7

 57პერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Perry v. the United Kingdom), № 63737/00, § 36, ECHR 2003-IX (ამონარიდები); პეკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Peck v. the United Kingdom), № 44647/98, §57, ECHR 2003-I.

8

 პეკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Peck v. the United Kingdom), № 44647/98, § 56, ECHR 2003-I -ე პარაგრაფი

9

 Malone v. the United Kingdom), 2 აგვისტო, 1984 წ., Series A no. 82,

10

 გროპერა რადიო AG და სხვები შვეიცარიის წინააღმდეგ (Groppera Radio AG and Others v. Switzerland), 28 მარტი, 1990, § 68, Series A no. 173; ასევე იხ. სლივენკო ლატვიის წინააღმდეგ (Slivenko v. Latvia) [დიდი პალატა], № 48321/99, § 104-109, ECHR 2003-X ;

11

 იხილეთ Kruslin, p. 23, § 33; Huvig, p. 55, § 32; Amann, § 56 in fine; და Weber and Saravia, § 93,

12

 Eerikainen and others v. Finland

13

 ვებერი და სავარია გერმანიის წინააღმდეგ (Weber and Saravia v. Germany) (განჩინება), № 54934/00, § 95, ECHR 2006-XI.

14

 კლასი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ (Klass and Others v. Germany), 1978 წლის 6 სექტემბერი, 54-56 პარაგრაფები, Series A no. 28.

15

 კლასი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ (Klass and Others v. Germany), 1978 წლის 6 სექტემბერი, 50-ე პარაგრაფი პარაგრაფი, Series A no. 28.

16

 ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების კვლევა საქართველოში, 2019, თანასწორობის მოძრაობა, 5

17

 საქართველო, კოალიციური ანგარიში ქალთა უფლებების შესახებ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა(მე-2 ციკლი, 23-ე სესია, 2015), არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: კავშირი საფარი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), „ალტერნატივა ჯორჯია”.

18

 CEDAW/C/GEO/CO/4-5, concluding observations on the combined fourth and fifth periodic report of Georgia, პარა. 34(e), 35(e)

19

 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1561437?publication=22

ფოტოები: https://goodvpns.com/

theguardian.com

https://caymannewsservice.com/

https://freerangestock.com

https://nationalmagazine.ca

წინა

გერმანიის პარლამენტში ორი ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს

შემდეგი

ტაივანის სასამართლომ ტრანსი ადამიანების იძულებითი ქირურგიული ოპერაცია არაკონსტიტუციურად სცნო

ბოლო სიახლეები

სახალხო დამცველმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა

Facebook5Tweet0Shares5 საქართველოს სახალხო დამცველმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ

გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს

Facebook2Tweet0Shares2 საქართველოში გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და

ჩვენი სხეული, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი უფლებები – 2022 წლის 17 მაისის მთავარი თემა

Facebook2Tweet0Shares2 17 მაისი ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც ოფიციალურად ევროპის პარლამენტისა და

17 მაისი: მეხსიერება და პერსპექტივები — პანელური დისკუსია წარსულის გამოცდილების გადაფასებისა და სამომავლო პერსპექტივების დასახვის მიზნით

Facebook26Tweet0Shares26 ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Pride-მა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით,

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

Facebook13Tweet0Shares13 დღეს ევროპაში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული დაიწყო, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოებას,