ჰომოფობიური ბულინგი სკოლაში – სტატისტიკის მიღმა

რატომ უნდა ვისაუბროთ ბულინგზე?

სანამ სტატიის წერას დავიწყებდი, ამ თემაზე ბევრი საჯარო გამოსვლა მოვისმინე. არ მგონია, ჰომოფობიურ ბულინგზე საუბარი გადმოცემით შეიძლებოდეს. ანდაც, ნებისმიერ ბულინგზე. ბულინგი უნდა იგრძნო, ბულინგი უნდა დაინახო, ბულინგი უნდა გაატარო გულსა და სხეულში, სხვანაირად ის მუდამ დარჩება „საკითხად“, მოძალადე და მსხვეპრლი – სტატისტიკად, ჩვენ ყველანი კი – მაყურებლებად. ბულინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების მთავარი მინუსიც ალბათ ეს არის, ანტი-ბულინგის სტრატეგიებს წერენ ისინი, ვისაც ბულინგი თავის თავზე არ უწვნია. გამოსავლებსაც ისეთს გვთავაზობენ, პროგრამულ -პოლიტიკურს, უფროსების გადასახეხდიდან, მოზარდებისათვის და ბავშვებისათვის ჩვეული ქცევების გაუთვალისიწინებლად, სისტემური გამომწვევების უგულებელყოფით.

ქვემოთ ბულინგის მეტად აკადემიურ აღწერას შემოგთავაზებთ, თუმცა, მანამდე გთხოვთ წარმოიდგინოთ, რომ მიდიხართ თქვენთვის მნიშვნელოვან ადგილას, თქვენთვის მნიშვნელოვან ხალხთან, მაშინ, როდესაც ჯერ სტაბილურად ფეხზე არ დგახართ, არც ემოციურად, არც ჰორმონალურად, არც ფიზიკურად, არც მენტალურად. მიდიხართ სკოლაში, ჩაკეტილ სისტემაში, სადაც მოწონების, პაექრობის, საკუთარი თავის დამკვირდების, წარმატების, წარუმატებლობის, პოპულარობისა თუ გარიყულობის მკაცრად გაწერილი წესებია. ეს წესები თქვენთვის იმ მომენტში სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. თანატოლები თქვენი არსებობის წამყვანი მამოძრავებელი ძალაა, მათთან ურთიერთობა კი, საკუთარი თავის შეცნობის მთავარი იარაღია. ხოდა, აი ასეთ მოცემულობაში შედიხართ, ამ დროს არც სახლში გაქვთ ყველაფერი დალაგებული, არც შინ გიღებენ და სინამდვილეში, თავადაც არ იცით, რამდენად იღებთ საკუთარ თავს. ის კი არა, ბოლომე ისიც არ იცით, ვინ ხართ, რა ხდება, რა გინდათ, ან რა არ გინდათ. უბრალოდ გრძნობთ, რომ სხვანიარად გიყვართ, სხვანაირად მოგწონთ, სხვანიარად გამოიყურებით, სხვანაირად აღგიქვამენ, მოკლედ, რაღაც ისე არ ხდება, როგორც აქამდე მას მედიის, ოჯახური ისტორიებისა თუ სხვების გამოცდილებით ყველამხრივ მოგეწოდებათ. და ამ დროს თქვენ დაგცინიან, თქვენს გვერდზე არ სხდებიან, გირტყამენ, სოციალურ ქსელებში მტკივენულ კომენტარებს გიწერენ, საერთო ჩატებში არ გიმატებენ, სკოლის მერე გხვდებიან და წიხლებით გდგებიან ზედ, ჭორებს გირვცელებენ, საიდუმლოს გიმჟღავნებენ, სხვების თანდასწრებით გამცირებენ და თქვენ კი არაფერი, არაფერი ჩაგიდენიათ იმისათვის, რომ ეს დაიმსახუროთ (ანდაც, რა უნდა ჩაიდინოს ადამიანმა რომ ეს დაიმსახუროს), თქვენ უბრალოდ ხართ ის, ვინც ხართ, მეტი არაფერი. ეს ჩაკეტილი სისტემა კი, სკოლა, არ გიღებთ, რადგან, ის ვინც ხართ, ამ სისტემის არსებობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. გამოსავლად კი გთავაზობენ რომ 1. გაძლიერდეთ და თავი დაიცვათ (როგორღაც. აი ასე, ერთხელაც გაიღვიძებთ, იმ მოწყვლად პოზიციას, რომელიც თქვენ არ აგირჩევიათ, თავს დააღწევთ და ხოპ და გაძლიედებით) 2. მიმართოთ უფროსს. იმ უფროსს, რომელიც ჯერ ეს ერთი არც თავად არის ჰომოფობიური სენტიმენტებისგან თავისუფალი, მეორეც, რეალურად ვერ დაგიცავთ.

ზუსტად ამიტომაც, ლგბტ თემში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, თვითმკვლელობის მაჩვენებლი საკმაოდ მაღალია – მაგალითად, ა.შ.შ-ში ლგბტ მოზარდების სუიციდის მაჩვენებელი ჰეტეროსექსუალური იდენტობის მქონე მოზარდებთან შედარებით სამჯერ მაღალია.[1]

ჰომოფობიური ბულინგის პრობლემატიკა მრავალი კვლევის საგანია. მაგალითად, ესპანეთში ჩატარებულმა ერთმა კვლევამ გამოავლინა, რომ სკოლის ის მოსწავლეები, რომლებიც ჰეტეროსექსუალებად იდენტიფიცირებულნი არ არიან, სხვა თანატოლებთან შედარებით მომატებული ბულინგისა და კიბერბულინგის მსხვერპლნი ხვდებიან. კვლევამ გამოავლინა, რომ მომატებული აგრესიისა და 20%ით მეტი კიბერბულინგის მიზეზი სწორად სექსუალური იდენტობა იყო[2]. საქართველოში ჩატარებული 2020 წლის კვლევის მიხედვით კი, გამოკითხულთა 28,6% გენდერული გამოხატვის ნიშნით ბულინგზე საუბრობს, რადგან მოსწავლეებზე ძალადობის მნიშვნელოვან მიზეზად ბავშვების მასკულინური და ფემინური ხასიათის სოციალიზაცია სახელდება – „ბიჭი უნდა იყოს მამაკაცური და გოგო – ქალური, თორემ იჩაგრებიან“[3]. 2015 წელს საჯარო სკოლებში ბულინგის მდგომარეობის კვლევამ გამოავლინა, რომ მოზარდები ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი რელიგიური, გენდერული და სექსუალური იდენტობის გამო. კვლევამ დაადგინა, რომ სასკოლო წლების გარკვეულ მონაკვეთში, უმეტესად კი, 7-9 კლასებში, მოსწავლეების დიდი ნაწილი ბულინგის მონაწილეა[4].

შემიძლია საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევების კიდევ მთელი ნუსხა წარმოგიდგინოთ, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ გავცდით იმ ეტაპს, როდესაც ამის მტკიცება გვიწევდა. გავცდით, იმ ეტაპს, როდესაც ჰომოფობიური ბულინგის პრობლემატიკის წარმოსაჩენად გამოკითხვები, ჩაღრმავებული ინტერვიუები, კორელაციები და რეგრესული ანალიზი გვჭირდებოდა. გავცდით იმ ეტაპს, როდესაც ვციტირებდით: „ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა ბავშვთა სუციდის შემთხვეევბმა…ბავშვთა უფლებათა კონვენციის რეკომენდაციებში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ბავშვთა სუიციდის ერთ-ერთი უმთავრესი გამომწვევა სწორედ მათ მიმართ ძალადობაა, რაშიც სასკოლო ბულინგიც მოიაზრება“[5] გავცდით, რადგან, ა მ ა ს მ ტ კ ი ც ე ბ ა  ა ღ ა რ ს ჭ ი რ დ ე ბ ა. რა თქმა უნდა, ჰომოფობიური ბულინგი მტკივნეულია, რა თქმა უნდა, ის აზიანებს როგორც მოძალადეს, ისე მსხვერპლს, რა თქმა უნდა მოზარდები ამას განიცდიან და რა თქმა უნდა, ზოგიერთი მოზარდი ამ წნეხს ვერ უძლებს, იმდენად ვერ უძლებს, რომ ხანდახან ურჩევნია საერთოდ აღარ არსებობდეს. რა თქმა უნდა, ეს წაუშლელ, ტრავმატულ კვალს ტოვებს მოზარდის ფსიქიკაზე, დაფიქრდით, თქვენზე რომ ასე ხშირად, ასე სისტემატურად და ასე სასტიკად ძალადობდნენ, თქვენ კი თავის დაცვის არც ერთი საშუალება არ გქონდეთ ხელთ, როგორ იგრძნობდით თავს?

არც იმას სჭირდება მეათასედ ხაზგასმა, რომ სკოლები ჰომოფობიური ბულინგის (ანდაც, ნებისმიერი ბულინგის) მართვისათვის არც მზად არიან, არც ძალისხმევას დებენ და რასაც აკეთებენ, არც ის არის გამართლებული. ამასაც მრავალი კვლევა ადასტურებს. მგონი მოვიდა დრო, ჰომოფობიური ბულინგის თემას აღარ ვუყუროთ, როგორც განყენებულ თეორიას, არამედ ყველამ ჩვენი პატარა, პირადი პასუხსიმგებლობა ავიღოთ იმაზე, რომ მოზარდებს და ბავშვებს ნაკლებად ტკიოდეთ. რადგან, რაც არ უნდა პათეთიკურად ჟღერდეს, „მთელი სამყაროს შეცნობაც ხომ არ ღირს იმად, რომ ბავშვი ცრემლს ღვრიდეს“[6].

რა არის ბულინგი[7]

 

განმარტება

ბულინგი განიმარტება, როგორც სკოლაში არსებული არასასურველი, აგრესიული ქცევა, რომლის შედეგადაც როგორც ბული (ადამიანი რომელიც ბულინგს ახორციელებს), ისე ბულინგის მსხვერპლიც სერიოზულ, ხანგრძლივ პრობლემებს განიცდის.

იმისათვის, რომ ქცევა ბულინგად ჩაითვალოს, ორი მთავარი პრინციპი უნდა დააკმაყოფილოს:

1. ძალაუფლების არათანსწორი გადანაწილება – ბავშვებს, რომლებიც ბულინგს ახორციელებენ, მეტი ძალაუფლება გააჩნიათ. მაგალითად, ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან, იციან სხვისი საიდუმლო, პოპულარულები არიან, მისაღებები არიან და ა.შ. ძალაუფლების ბალანსი მუდმივი არ არის, ის არასტაბილურად იცვლება, იცვლება ბულისა და მსხვერპლის როლებიც დაა ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ძალისხმევის გაღება სასკოლო ცხოვრების თითქმის ყოველდღიური ნაწილია. მაგალითად, ჰეტერნორმატიულ საზოგადოებაში, ჰეტეროსექსუალად აღქმული ადამიანი მეტ ძალაუფლებას და პრივილეგიას ფლობს (მიღებულია ოჯახში, საზოგადოებაში, ა.შ.), ვიდრე ჰომოსექსუალად და გენდერულად არაკომფორმულად აღქმული ადამიანი (განიხილება ცოდვილად, ავადმყოფად, ნაკლულად, გარყვნილად, ა.შ.)

2.  განმეორებადობა: აგრესიული ქცევა ერთზე მეტჯერ ვლინდება, ან პოტენციალი გააჩნია, რომ განმეორდეს.

ბულინგის სახეები

ბულინგი შესაძლოა იყოს:

სიტყვიერი – დაცინვა, დამუქრება.

სოციალური – იგნორირება, გარიყვა, ჭორების გავრცელება, საჯარო შერცხვენა.

ფიზიკური – დარტყმა, დაფურთხება, ხელის კვრა, ნივთების განადგურება.

ბულინგში ჩათრეული მხარეები

ამ მხრივ შეგვიძლია განვიხილოთ უშუალოდ ბულინგში მონაწილე ბავშვები/მოზარდები და ასევე ე.წ. მაყურებლები. ბულინგში უშუალოდ მონაწილეობენ:

  • მოძალადე, ანუ ვინც ახორციელებს ბულინგს. ინგლისურად მას ბული – bully- ეწოდება. ეს არის ბავშვი, რომელიც თანატოლების მიმართ აგრესიულ ქმედებებს განახორციელებს (არათანატოლების ჩაგვრა ბულინგი არ არის, ეს ძალადობის სხვა ფორმაა). როგორც წესი, არსებობს რისკ ფაქტორთა მთელი წყება, რომელიც ბავშვს/მოზარდს უბიძგებს თანატოლი დაჩაგროს.
  • მსხვერპლი, რომელის მიმართაც ხორციელდება ბულინგი. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ბავშვი/მოზარდი, რომელსაც თავს კონკრეტულად მისი სექსუალური და გენდერული იდენტობის გამო ესხმიან.
  • თუკი ბავშვი ბულინგში პირდაპირ არ არის ჩართული, შესაძლოა ბულინგს ირიბად აძლიერებდეს ან პირიქით, ასუსტებდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს, რისი გაკეთება შეუძლია, როდესაც ბულინგს ხედავს. ბულინგში ასევე მონაწილეობენ:
  • დამხმარე: ეს ბავშვები ჩაგვრას არ იწყებენ, მაგრამ ლიდერი ბულის დამხმარეები არიან, შესაძლოა ხანდახან თავადაც განახორციელონ ჩაგვრა.
  • დაინტერესებული მაყურებელი: ეს არის ბულინგის აუდიტორია, რომელიც სიცილით, ყურებით, კომენტარებით აქეზებს აგრესიულ ქცევას.
  • ნეიტრალური მაყურებელი: ხალხი, რომელიც ბულინგში არ ერევიან. არც აქეზებენ, არც აჩერებენ, არც ერევიან. მიუხედავად ამისა, „სტატუს კვო“ აუდიტორია მაინც აუდიტორიაა, ხოლო კვლევებიდან ვიცით, რომ აუდიტორია ბულის ძალაუფლების დემნოსტრირებას აქეზებს.
  • დამცველები: ეს ბავშვები აქტიურად ცდილობენ ბულინგის გაჩერებას, იცავენ მსხვერპლს.

სად შეიძლება განხორციელდეს ბულინგი?

პასუხი მარტივია – ყველაგან. თუკი სკოლაში ოფიციალურად გმობენ ბულინგს, მაშინ ბული ეცდება მსხვერპლი ნაკლებად შესამჩნევ ადგილებში გამოიჭიროს: საპირფარეშო, სკოლის ეზო, კიბის ქვეშ სივრცე. თუკი მოძალადეს აუდიტორია სჭირდება, ეს შეიძლება დერეფანი ან საკლასო ოთახი იყოს. თუკი უფრო დიდი აუდიტორია სჭირდება – მაშინ კიბერბულინგი იწყება, ციფრულ სივრცეში თავდასხმა, ან გარიყვა. კიბერბულინგი, სოციალურ ქსელებში ადამიანზე თავდასხმა, სხვადასხვა ჯგუფებიდან თუ ღონისძიებებიდან ადამიანების სპეციალურად გამოტოვება, ინფორმაციის გავრცელება, არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე არავირტუალურ სივრცეში გადატანილი შეურაცხყოფა. გამიმართლა, რომ ჩემს მიმართ განხორციელებული ბულინგი კისტის თოფით მიღებული ჩალურჯებები იყო და არა საჯაროდ გატანილი „სქრინები“.

ჰომოფობიური ბულინგი

ის ყველაფერი, რაც ზემოთ აღვწერე, ნებისმიერ, მათ შორის ჰომოფობიურ ბულინგსაც ეხება. ჰომოფობიური ბულინგის მსხვერპლი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც:

– გაუმხელს საიდუმლოს საკუთარი სექსუალობისა და გენდერული იდენტობის შესახებ მეგობარს, რომელიც ამ ინფორმაციას დაუკითხავად გაამჟღავნებს. მოზარდის/ბავშვის დაუკითხვად მისი სექსუალობის გამჟღავნება ბულინგია, რადგან ამ მოზარდს/ბავშვს მოწყვლად, დაუცველ პოზიცაში აყენებს. ასევე შესაძლებელია ამ ინფრომაციამ შემთხვევით გაჟონოს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მსხვეპრლის პოზიციას.

–  სხვადასხვა მიზეზით, გარშემომყოფებმა ჩათვალეს რომ ის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი ან ტრანგსგედნერი იდენტობის მქონეა. ამავე დროს, კერძოდ ამ ბავშვის/მოზარდის პოზიცია საკუთარი სექსუალობისა თუ გენდერული იდენტობის კვლევა/დადგენაში ბულისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

–  არის ღიად არაჰეტეროსექსუალი ადამიანის და-ძმა ან მეგობარი, რომელიც ახლობელს მხარს უჭერენ.

 ჩვენ რა შეგვიძლია?

ალბათ მთავარი კითხვა, რომელიც ამ ყველაფრის მერე გვიჩნდება შემდგომში მდგომარეობს: რა ვქნათ? აშკარაა, რომ სისტემური ცვლილებები შორსაა და მათ იმედზე ვერ ვიქნებით. რა საკვრვიველია, აუცილებელია ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელსაც მკვლევარები და ექსპერტები გვირჩევენ, თუმცა, სანამ გამართულ სისტემამდე მივალთ, ახლა ამ წუთას რა ვქნათ? რა ვქნათ, თუკი მხოლოდ სექსუალობის გამო კი არა, საყურის, თმის განსხვავებული ფერის, ოდნავ არაკონფორმული ქცევის გამო მოზარდებს და ბავშვებს მორალურიდან დაწყებული და ფიზიკურით დამთავრებული უამრავი ტკვილის გავლა უწევთ?

მოდით, დავიწყოთ ბულით. რატომ ძალადობს ბული? რომ თავი დაიმკვიდროს, რომ მაგარი გამოჩნდეს, რომ თავისმა პრივილეგიებმა გარკვეული სოციალური სტატუსი, სარგებელი მოუტანოს. ამ ყველაფრის მიღწევა სხვა გზითაც შეიძლება, თუმცა ბული ამ სხვა გზას ვერ ხედავს. სხივისი დამცირების ხარჯზე საკუთარი თავის წინ წამოწევა ადვილია. თუკი გაგვიმართლა და შანსი გვაქვს, შევცავლოთ ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ, თუკი აღმოვჩნდით სკოლაში როგორც მასწავლებელი, როგორც მანდატური, როგორც დირექტორი, როგორც კლასის დამრიგებელი, როგორც ფსიქოლოგი, როგორც მოწვეული ექსპერტი, ტრენერი, როგორც აქტივისტი, რომელიც სისტემის ცვლილებას ცდილობს, ჩვენ გვეძლევა შანსი დავანახოთ მოძალადეს, რომ შეჯიბრებითობის, თვით-დამკვიდრების, აგრესიის გამოხატვის მეტად ჯანსაღი გზები არესებობს. არ არის ბუნებრივი მსგავსი ასაკის ამდენი ბავშვის ერთ სივრცეში გამოკეტვა და ეს არაბუნებრიობა სასტიკი კონკურენციის პირობებს ქმნის. ჩვენ, როგორც უფროსებს, გვევალება დავამკვიდროთ ისეთი ღირებულებები, თუნდ ჩვენი ქცევითა და დამოკიდებულებებით, რომლებიც ამ რთულ სიტუაციას განმუხტავს. გვეყო სკოლის რომანტიზირება. ყველას გვახსოვს, რამდენად რთული იყო გარადარჩენა, რამდენი ენერგია იხარჯებოდა თანატოლებთან გარკვეული სტატუსის მიღწევაში და მერე შენარჩუნებაში. თუკი სკოლაში არ არსებობს სპორტული ღონისძიებები, შეჯიბრები, არაფორმალური განათლების ისეთი მეთოდები, როგორის არის სხვადასხვა კლუბები, წრეები, თუკი ბულის არსად შეუძლია მოგება განიცადოს, თუნდ ფიზიკურად დაიხარჯოს, ის ყოველთის აირჩევს თვით-დამკვიდრების ყველაზე მარტივ გზას. ხოლო, თუკი სკოლაში ამ ყველაფრის არჩევანი არის, მაშინ ხელი უნდა შევუწყოთ, ჩაერთოს. აუცილებელია არამხოლოდ ბულისთან, არამედ მთელს სკოლასთან განხილვა, მაგალითად ფორმალური დებატების გზით, რა არის ბულინგი და რა არის ჰომოფობიური ბულინგი და კარგი იქნება ეს ყველაფერი ბულინგამდე მოხდეს, რადგან ძალადობის თავიდან აცილება უფრო მარტივია, ვიდრე მომხდარი ძალადობის მართვა.

როგორც წესი, ბული თავად აგრესიის მიმღებია და დაისწავლა, რომ პრობლემებთან გამკვლავების საუკეთესო გზა სუსტზე გამარჯვებაა. აქვე დავძენ, რომ ეს ეს სუსტი-ძლიერი დიქოტომია სინამდვილეში ხელოვნურია, რომ არაჰეტეროსექსუალური იდენტობს ადამიანი მხოლოდ იმიტომ არის სუსტი, რომ ჩვენ კოლექტიურად ასე ვთვლით. ამიტომ, ბულინგის აღმოსაფხვრელად აუცილებელია მოძალადესთან ემპათიური საუბარი, თუნდაც მისი ოჯახური მდგომარეობის გამოკითხვა, აგრესიის წყაროს დადგენა.

მაგრამ, ყველაზე მთავარი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს ჩვენს თავებში არსებული ბულის მოთვინიერებაა. რამდენი წრეც არ უნდა გაიხსნას სკოლაში, რამდენი პოლიტიკურად სწორი აზრიც არ უნდა გავაჟღეროთ, თუკი ჩვენ, სკოლაში მომუშავე ადამიანები გულის სიღრმეში ვთლით, რომ საყურის გამო იმ ბიჭის ცემა გამართლებულია, ვერასოდეს ვერაფერს შევცვლით. ამიტომ მინდა ვიკითხო, ჩვენ პირადად რა გვაკლდება იმით, რომ ზოგიერთი ადამიანი გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი ან ტრანსგენდერია? რას წამოკრავს ეს ფაქტი ჩვენს გულებში ისეთს, რომ ბულინგს არ ვეწინააღმდეგებით? ეს არ არის თეორიული შეკითხვა. უბრალოდ იმდენჯერ გვითხრეს და დაგვაჯერეს, რომ გასნხვავებული სექსუალური თუ გენდერული იდენტობის ადამიანი ხიხიაა, თავად რამდენად ცნობიერად ვიცით, რატომ ვღიზიანდებით?

ამავე დროს, ძალადობის მსხვერპლთან მუშაობაც აუცილებელია. ძალიან უსამართლოა ეს, მაგრამ ბულინგთან დაპირისპირება მოითხოვს, რომ მსხვეპრლი თავად გაძლიერდეს. ანუ მსხვერპლმა თავადვე უნდა ჩადოს საჭირო ძალისხმევა მიხვდეს, რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად დასაფასებელია და არ მისცეს უფლებას ბულის, რომ ის დაჩაგროს. რა საკვირველია, არ მაქვს საუბარი იმ შემთვევევბზე, როდესაც მსხვერპლს ფიზიკურად უსწორდებიან, რადგან მჩაგვრელი მასზე ძლიერია ან ერთ ადამიანს ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგება. მრავალი მაგლითი გვაქვს, როგორ ფატალურად მთავრდება ასეთი კონფლიქტები და ამ შემთხვევაში ჩვენც მკაცრი და დროული რეაგირება უნდა გვქონდეს. მაგრამ, გაუძლოს დაცინვას, გარიყვას, ჭორებს, კიბერბულინგს, აი ამაში კი ნამდვილად შეგვიძლია მხარში ამოვუდგეთ ძალადობის მსხვერპლს, დავანახოთ, რომ ეს დროებითი მოვლენაა, ვესაუბროთ, შევახსენოთ თავისი ძლიერი მხარეები, ვეცადოთ ხელი შევუწყოთ თვით-მიმღებლობას, იმის ფონზე, რომ თანატოლები თანსწორად არ აღიქვამენ. შესაძლოა ბავშვობასა და განსკუთრებით მოზარდობაში ჩვენი მხარდაჭერა თანატოლების მიმღებლობაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამით ბავშვს ვეხმარებით, საკუთარი თავის შეცნობის უფრო მყარი საძირკველი ჰქონდეს, რომ როდესაც სკოლას დაამთავრებს და გაცდება, ეს ბულინგი ისეთ ტრავმად არ იქცეს, რომელიც მუდამ მთელი ცხოვრების განმავლობაში ნორმალურ ფუნქციონირებაში ხელს შეუშლის. დავანახოთ ბულიგნის მსხვერპლს, რომ მას პატივს ვცემთ, რომ მოძალადის პოზიციიის გარდა სამყაროში სხვა დამოკიდებულებაც არსებობს. რაც უფრო გაძლიერდება ძალადობის მსხვერპლი, რაც უფრო ნაკლებად მისცემს უფლებას თანატოლებს, განუსაზღვრონ საკუთარი მნიშნელოვნება, მით ნაკლებად გამოუვათ მოძალადეებს ბულინგი.

ასევე ვახსენით ყველაზე ადვილად სამართავი, მაგრამ არანკალებად მნიშვნელოვანი რგოლი – მაყურებლები. განსკუთრებით კი, ნეიტრალური მაყურებლები. აქ გვეძლევა შანსი ნაკლები ძალისხმევით მეტი ცვლილება მოვახდინოთ. თუკი ბულის აუდიტორია არ ეყოლება, ბულინგის შემთხვევები შემცირდება. აქტიურად დაუპირსიპიდით სკოლაში ბულინგის არსებობას, გახადეთ ეს მიუღებელი, არასასურველი ქცევა. თქვენი მაგალითით, საგანმანათლებლო აქტივობებით, ხელი შეუწყვეთ მაყურებლებს არ წააქეზონ ბულინგი. ეს ის სფეროა, რომელიც შედარებით ადვილად იცვლება, სწორი ინფორმაციისა და დამოკიდებულებების პირობებში.

და ბოლოს

როდესაც 17 წლის ვიყავი, გაცვლითი პროგრამით ამერიკაში ვსწავლობდი. ძალიან საინტერესო ისტორიის მასწველებელი გვყავდა, ახლგაზარდა გოგო, თავისი საგანიც კარგად იცოდა და ჩვენი განთლებითაც ძალიან იყო დაინტერესებული და ჩანდა, რამდენ ძალისხმევას დებდა, რომ მისი გაკვეთილი ადვილად, აქტიურად წარმართულიყო. გვაძლევდა დავალებებს, გვისმენდა, უკუკავშირს გვაწვდიდა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მის კლასში აზრის გამოხატვა შემეძლო. ამავე დროს, ნიშნებს მკაცრად წერდა და დავალებების ჩაგდებას არ გვპატიობდა. მსგავსი მიდგომით ის ჩვენს თვალში ავტორიტეტი გახდა და მის სიტყვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ერთხელაც, მახსოვს კლასის მოერე ნახევარში ბიჭები ერთმანეთს რაღაც წერილებს ესროდნენ, ჩემკენ იყურებოდნენ და იცინოდნენ. დღემდე არ ვიცი, რა დაწერეს ან საერთოდ რა ხდებოდა. ისტორიის მასწავლებელმა ეს წერილები ჩამოართვა, გადახედა და ძალიან გაბრაზდა. შეაჩერა გაკვეთილი და იკითხა: რას ვსწავალობთ აქ მთელი წელი? როგორ ვითარდებიან დემოკრატიული ქვეყნები? ყველანი გაჩუმდნენ და ამ რიტორიკულ კითვაზე „კი“ უპასუხეს. შემდეგ იკითხა: ამ განვითარების ნაწილი არ არის რომ ყველა ეროვნებას პატივს ვცემთ? „კი“ წავილუღლუღეთ ყველამ. შემდეგ: „ყველა ადამიანი არ იმსახურებს პატიცივისცემას, განურჩევლად მისი ეროვნებისა?“ ამას ისევ დარცხვენილი „კი“ მოჰყვა. გადმოგვხედა და გვითხრა: კარგით. ასეთი საქციელი აღარ გამეორებულა.

20 წელი გავიდა მას შემდეგ. ჩემს ცხოვრებაში არც მანამდე და არც მაგის მერე არც ერთი მასწავლებელი არ გამომსარჩლებია ასე. მაშინაც კი, როდესაც ფიზიკურად მტკენდნენ, რაც ამ სტატიის წერისას არანაკლებ მწყინს, ვიდრე მაშინ მწყინდა. აღფრთოვანებული ვუყურებ იმ ყველაფერს, რაც ამ გოგომ გააკეთა: მთელი წელი როგორ დაიმკვიდრა თავი, როგორ მოიპოვა ჩვენი აღიარება, როგორი პატივისცემით გვექცეოდა ყველას და როგორი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ასეთი ავტორიტეტის ბრაზი. როგორ გაუსვა ხაზი ამ საქციელის მიუღებლობას ისე, რომ არც მოძალადე და არც მსხვეპრლი, ანუ მე, არ გამოუცალკევებია. როგორ გახადა ეს საკითხი მთელი კლასის პასუხისმგებლობა და როგორ დაუკავშირა უფრო დიდ ცნებებს. მარტივად, მოზარდებისათვის გასაგებად, დიდი ფილოსოფიისა და ჩაღრმავებების გარეშე. როგორ მოახდინა რეაქცია სულ პატარა ბულინგზეც კი.

როდესაც ჩემი გაცვლითი წელი დამთვრდა, სასკოლო წელი დასრულებული ჯერ არ იყო. დაუმთვრებალად, დაუმშვიდობებლად, „გრედუეიშენის“ გარეშე წამოვედი. მახსოვს, ჩემი სკოლაში ყოფნის ბოლო დღე იყო, ყველა მოსწავლე კლასში იჯდა, მე კი ცარიელ დერეფნებში დავბოდიალობდი და ვბღაოდი. წამოსვლა არ მინდოდა. ხოდა, დავჯექი და ისტორიის მასწავლებელს მადლობის წერილი მივწერე. წესები დავარღვიე, შუა გაკეთილში შევეჭერი და გადავეცი.

მუხედავად იმისა რომ მთელი სასკოლო განათლების პერიოდში განცდილმა სექსისტურმა ბულინგმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, რის გამოც, ზოგადად მიმნდობი და ღია, კომუნიკაციური და კონტაქტზე ორიენტირებული ადამიანი არც ერთ მამაკაცს არ ვენდობი, ფიზიკურად თუ გვერდზე მიზის, ვწუხდები და საკუთარი სივრცის დაცვას ვიწყებ, რასაც უკვე ვერც თერაპია, ვერც წასრულის გადახედვა და ვერაფერი შეცვლის, მიუხედავად ამისა, იუთას შტატის ერთი პატარა ქალაქის ახალგზარდა ისტორიის მასწვლებლის ის ძლიერი ჩარევა დღემდე მახსოვს. ამერიკიდან მე სულ სხვანაირი, თავდაჯერებული, საკუთარ თავზე დაიმედებული ჩამოვედი. მჭირდებოდა მაგალითი, რომ მიუხედავად იმისა, რაც მანამდე გადამხვდა, სხვა გზაც, სხვა ალტერნატივაც არსებობდა. რომ თუნდაც ერთხელ, ვიღაცამ საჯაროდ დამიცვა. იმდენად, რომ 20 წლის მერეც მადლიერებით ვიხსენებ.

ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო გადავწვიტე პროფესიად ადამიანების მხარდაჭერა ამომერჩია. მაგრამ, ნამდვილად ვიცი, რომ ამ შემთხვევამ ემპათიის ძალა დამანახა. ეს ჩვენი პრივილეგიაა, ჰომოფობიური ბულინგი შევაჩეროთ. ეს ჩვენი პრიგიველეგიაა, გავიხსნოთ ჩვენი ტკივილი და მას აზრი მივცეთ. ეს ჩვენი პრივილეგიაა, დავეხმაროთ სხვებს. ეს ჩვენი პრივილეგიაა, არ დავრჩეთ მაყურებლებად.

ავტორი – ლიკა ბარაბაძე, ფსიქოლოგი

___

[1] CDC. (2016). Sexual Identity, Sex of Sexual Contacts, and Health-Risk Behaviors Among Students in Grades 9-12: Youth Risk Behavior Surveillance. Atlanta, GA: U.S. Department of Health and Human Services. https://www.cdc.gov/mmwr/volumes/65/ss/pdfs/ss6509.pdf

[2] Paz Elipe María de la Oliva Muñoz Rosario Del Rey.. Homophobic Bullying and Cyberbullying: Study of a Silenced Problem. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/28569622/

[3] ტაბიძე ნუკრი, ხათუნა ხარჩილავა (2020). ქვიარ ბულინგი სკოლაში.თანასწორობის მოძრაობა. http://www.equality.ge/6576

[4] სუბელიანი ანა, აჩო ხაჩიძე, ჰომოფობიური ბულინგი საჯარო სკოლებში,https://osgf.ge/bulingis-prevencia-skole/

[5] https://osgf.ge/bulingis-prevencia-skole/

[6] დოსტოევკი ფიოდორი. ძმები კარამაზოვები

[7] https://www.stopbullying.gov/

წინა

სიყვარული რა ფორმისაც არ უნდა იყოს ის, ცოდვა არაა…

შემდეგი

შეუძლებელი სიყვარული

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,