სიყვარული რა ფორმისაც არ უნდა იყოს ის, ცოდვა არაა…

თომა ლიპარტიანი – ეპისკოპალური/ანგლიკანური ეკლესიის ღვთისმსახური:

როდესაც ჰომოსექსუალობის ცოდვილ ბუნებაზე საუბრობენ, კონსერვატორი თეოლოგები და სასულიერო პირები უპირველეს ყოვლისა სოდომ-გომორის პასაჟს ციტირებენ დაბადების მე-19 თავიდან, სადაც ვკითხულობთ – “ჯერ კიდევ არ დაწოლილიყვნენ, რომ ქალაქის მცხოვრები სოდომელნი გარშემოერტყნენ სახლს, ჭაბუკიდან მოხუცამდე მთელი ხალხი ერთად. და დაუძახეს ლოტს, და უთხრეს: „სად არიან კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა მივუწვეთ!“ (დაბადება 19: 4-5).

თუ კი ამ კონკრეტულ ტექსტს ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ რომ აქ საერთოდაც არ არის საუბარი 2 მამაკაცს შორის არსებულ ჰარმონიულ სექსუალურ ურთიერთობაზე, არამედ აქ საუბარია ბრბოზე, რომლებიც ძალდატანებითა და აღტკინებით ცდილობდნენ სხვა მამაკაცების (რომლებიც სინამდვილეში ანგელოზები იყვნენ) გაუპატიურებას. დიახ, აქ საუბარია გაუპატიურებაზე და შესაბამისად ეს იყო მიზეზი, რის გამოც ღმერთმა სოდომ-გომორი დასაჯა.

როგორც პროტესტანტული მოძრაობის ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი ჟან კალვინი ამბობს „წმინდა წერილი თავად განმარტავს საკუთარ თავს“, ახლა კი მეც მოგიყვანთ 2 ბიბლიურ მუხლს, რომელიც სოდომ-გომორის პასაჟს განმარტებას უკეთებს, რითაც დარწმუნდებით რომ დასჯის მოტივი სულაც არ ყოფილა ჰომოსექსუალობა, არამედ მოტივი იყო ძალმომრეობა და აღვირახსნილობა:

„აჰა, ეს იყო ურჯულოება სოდომისა – შენი დისა: ამპარტავნება, ღორმუცელობა და უზრუნველობა მისი და მისი ასულებისა; და ღარიბ-ღატაკის შეუწყალებლობა“ (ეზეიკიელი 16:49).

„ასევე, სოდომი და გომორა და მათ ირგვლივ ქალაქები, მათ მსგავსად რომ მრუშობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის მაგალითად არიან დადგენილნი.“ (იუდა 1:7).

ასე რომ, სოდომ-გომორის ამბავი ვერ და არ გამოდგება ჰომოსექსუალთა ცოდვიანობის დამამტკიცებელ საბუთად.

უპირველეს ყოვლისა მინდა განვიხილო ცოდვის რაობის საკითხი. როგორც ანგლიკანმა ღვთისმსახურმა, უპრიანია დავიხმარო ჩემი ეკლესიის კატეხიზმო (სწავლებათა კრებული), რომელიც ამბობს: „ცოდვა არის ესწრაფვოდე საკუთარი ნების აღსრულებას, ღმერთის ნების აღსრულების მაგივრად, ამგვარად ხდება ჩვენი ურთიერთობის შებღალვა ღმერთთან, ადამიანებთან და მთელს მის ქმნილებასთან.“

დამიჯერეთ, შეუძლებელია შეიბღალოს ღმერთთან ადამიანის ურთიერთობა იმით, თუ კი მას მისივე სქესის ადამიანი უყვარს. სიყვარულის უნარი სულიწმინდისაგან მონიჭებული ნიჭია, თუ კი ადამიანი ან ინსტიტუცია უარყოფს კონკრეტული ადამიანთა ჯგუფის ერთმანეთის მიმართ გულწრფელი რომანტიული სიყვარულის უნარს, ის გმობს თავად სულიწმინდას, სულიწმინდის გმობა კი წმინდა წერილის თანახმად მიუტევებელი ცოდვაა („ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას. ხოლო თუ ვინმე სულიწმიდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება მას არც ამ საუკუნეში და არც მომავალში“ – მათე 12:32).

აქედან გამომდინარე იკვრება ლოგიკური ჯაჭვი – ერთნაირსქესიან წყვილთა სიყვარულის გმობა და ხელის შეშლა არის მიუტევებელი ცოდვა. რა თქმა უნდა ყოველი ჰომოსექსუალი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ცოდვილია, მაგრამ არა იმიტომ რომ მათი იდენტობა ასეთია, არამედ იმიტომ რომ ზოგადად ადამიანური ბუნებაა ცოდვილი. თავმდაბლად, სიყვარულით შევაგონებ ყოველ ღვთისმსახურს, თავი დაანებონ ადამიანთა ჩაგვრასა და მათ დაკნინებას, არამედ ხელი შეუწყონ მათი მრევლის ცნობიერების ამაღლებას, რათა გახადონ ისინი ინკლუზიურები და მიმღებლები. ჰომოსექსუალი ადამიანები არ საჭიროებენ სიყვარულის გამო სინანულს, ჰომოფობები კი სიძულვილის გამო სინანულს ნამდვილად საჭიროებენ.

მხოლოდ იოანეს სახარება 16-ჯერ გვიმეორებს რომ „ღმერთი სიყვარულია“, თუმცა ამ წმინდა წერილის მორწმუნენი ხშირად საპირისპიროს სწავლობენ და კიდევ უფრო მეტად საპირისპიროს აკეთებენ მაშინ, როცა ადამიანთა ცხოვრებას მხოლოდ იმიტომ ართულებენ რომ ადამიანთა რაღაც ჯგუფს მათგან განსხვავებული სიყვარულის უნარი აქვს. კიდევ უფრო დიდ ცოდვას სჩადიან ისინი მაშინ, როცა ლგბტქ ადამიანებს პედოფილებთან აიგივებენ, თუმცა მე აქ არა მსოფლმხედველობით პრობლემას, არამედ განათლების არასაკმარისობას ვხედავ.

ჩემი ეკლესია ამ მხრივ სრულად ინკლუზიურია, ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს სექსუალური ორიენტაციის კუთხით. საეკლესიო საიდუმლოებები ლგბტ ადამიანებზე ზუსტად ისე აღესრულება, როგორც ამას ჰეტეროსექსუალი ადამიანების შემთხვევაში ვაკეთებთ.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და ამ დღეს ალტერნატივად სულაც არ ჭირდება „ოჯახის სიწმინდის დღე“. ლგბტ ადამიანებს დაუპირისპირო ოჯახის სიწმინდის დღე, ამაში უფრო მეტად სარკასტულ ქვეტექსტს ვხედავ.

ოჯახია წმინდაა მაშინ, როცა მასში სიყვარული და პატივისცემა სუფევს. ოჯახში სიწმინდეს ქმნის არა მასში მყოფ ადამიანთა სექსუალური ორიენტაცია, არამედ იქ მსუფევი ჰარმონია. ჰომოფობი ადამიანების შემთხვევაში, ხშირად მათი ოჯახი ძალადობის ადგილია, ასე რომ მოვუწოდებ მათ – მიხედონ თავიანთ ოჯახებს და სიძულვილი სიყვარულად გარდაქმნან.

ჩემი ეკლესია დგას ჩაგრულის გვერდით, ანუ ჩემი ეკლესია 17 მაისს დგას მათთან, ვინც აღნიშნავს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს.

წინა

გამოსვლა კარადიდან

შემდეგი

ჰომოფობიური ბულინგი სკოლაში – სტატისტიკის მიღმა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების