მე ვარ ამანდა, ტრანსგენდერი ქალი

მე ვარ ამანდა, ტრანსგენდერი ქალი. იძულებითი სექსმუშაკი და მხატვარი.

ბავშვობა, ბებია და ოჯახი

ბავშვობაში ძალიან მშიშარა და ნაზი ვიყავი. ფრენბურთი მიყვარდა და წრეზეც დავდიოდი, ოღონდ ჯგუფში სულ გოგოები იყვნენ და ბიჭი მარტო მე ვიყავი.

ყველაფრის მეშინოდა. სულ მეშინოდა, რომ ვიღაც დამარტყამდა. მაშინაც მეშინოდა, როცა მამაჩემი სახლში მთვრალი მოდიოდა და დედაჩემზე ხელს სწევდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, დანა მივიტანე და მამაჩემს ვუთხარი, მე დამარტყი, ოღონდ დედას არ დაარტყა-მეთქი. ამის მერე მისთვის ხელი აღარ დაუკარებია.

ჩემი ბავშვობის ყველაზე პოზიტიური მოგონებები და ბედნიერი წლები ბებიაჩემს უკავშირდება. იდეალური ცხოვრება მქონდა, სანამ ბებია ცოცხალი მყავდა. ის იყო ჩემთვის ყველაფერი – ბებია, დედაც, მამაც… ბებია იყო ჩემთვის ღმერთი და მისი სიტყვა – კანონი. თავიდანვე შეამჩნია, რომ განსხვავებული ვიყავი, ყოველთვის იბრძოდა და მიცავდა. როცა გარდაიცვალა, თავზე ცა ჩამომექცა და ცხოვრების ეს ეტაპი ამით დასრულდა. ბებიისგან რამდენიმე თვისება გამომყვა – არასდროს იყო უსამართლო, იყო ცოტა მკაცრი და თავს არასდროს ჩაღუნავდა. არც მე ჩავღუნავ – ათი კაცი რომ მირტყამდეს და მაგრადაც რომ მცემონ, არ დავთმობ და ბოლომდე ვიბრძოლებ, თუნდაც, უკან გავყვე ჩემს მეგობრებს, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან.

დღეს ოჯახთან არ ვცხოვრობ, თუმცა კონტაქტი მაქვს დედასთან, დასთან, მამასთანაც. ფული რომ დამჭირდეს და დედაჩემს დავურეკო, მკითხავს – რამდენი მინდა და თუ მას არ აქვს, აუცილებლად იშოვის. დედაა მაინც. სადაც არ უნდა წახვიდე, ვინც არ უნდა გაიცნო და შეგიყვარდეს, მშობლის ფასი მაინც არავინაა. ოჯახს სულ სხვა ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში და ეს სამუდამოა.

გარდატეხა და სექს-სამუშაო

12 წლის ვიყავი, როცა გავიაზრე, ვინ ვიყავი. პირველი სიგარეტიც მაშინ მოვწიე. მანამდე სკოლაში ფრიადოსანი ვიყავი, ამ ასაკში კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა – მასწავლებელი მეუბნებოდა, შენ ის ბავშვი აღარ ხარ, შეგცვალესო. მაშინ მქონდა პირველი სქესობრივი კავშირი კაცთან, მისი ინიციატივით. ძალა არ დაუტანებია, მაგრამ ჩემზე უფროსი იყო – 19 წლის, რაც ამ გადმოსახედიდან პედოფილიაა. დედაჩემის დაქალის შვილი იყო და დედაჩემი დღესაც საკუთარ თავს აბრალებს ყველაფერს, მაშინ რომ გადამერჩინე, დღეს ასეთი არ იქნებოდიო.

12 წლის ჩავერთე სექს-სამუშაოშიც. პედოფილია დღეს ხომ ყვავის და მაშინაც არანაკლებ ყვაოდა – როცა იგებდნენ, ბავშვი ვიყავი, სამმაგს და ოთხმაგს მიხდიდნენ, ოღონდ გავყოლოდი. პატარა ვიყავი, დავინახე, რომ იოლი ფული იშოვებოდა და მაშინ ეს ყველაფერი მომწონდა. დროთა განმავლობაში ეს მოწონება თვითგადარჩენა და ერთგვარი სამსახური გახდა და მაშინ მივხვდი, რომ ძალიან ცუდ რაღაცაში შევტოპე.

საკუთარი თავის დაცვა და ციხე

ზოგადად, სადაც აგრესიაა, იმ გარემოს ვეცლები, მაგრამ მე ან ჩემს მეგობრებს თუ ფიზიკურად გვეხებიან, ამ დროს სხვა, რადიკალურად განსხვავებული ამანდა იღვიძებს იმისთვის, რომ იბრძოლოს. ხანდახან გზის მეორე მხარეს დგანან და მიყურებენ, რამე თუ გინდა, მოდი-მეთქი, დავუძახებ, მაგრამ ეშინიათ.

პირველად ჩემი უფლების დაცვა პატრულთან, 2004 წელს მომიწია. მე და ზიზი, რომელიც ცოცხალი აღარ არის, ცირკთან ვიდექით. პატრული მოვიდა და მითხრა, აქ ვერ იდგებიო. შენი ხელფასის ნახევარი მომეცი და აღარ დავდგები-მეთქი, ვუპასუხე. რატომ უნდა მოგცეო და აბა, მე რატომ უნდა დავტოვო ეს ტერიტორია-მეთქი. ავტეხე განგაში, მაშინ ისეთი დრო იყო, ცირკთან ხალხს კლავდნენ და არავის ადარდებდა ეს ამბები. მაგ პერიოდში საქართველოში ყველაზე ძველ ტრანსგენდერ ქალს, მაკა მამუკას, ყელი გამოჭრეს. ასევე, ძალიან გახმაურებული საქმე იყო, როცა ოთხმა ბიჭმა მცემა და აღმოჩნდა, რომ ოთხივე პოლიციელი იყო. იმის მერე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ჯარისკაცები დამესხნენ თავს ორთაჭალის სადგურში. ამ დღეს სასწრაფოს ექიმებიც კი ისეთი ჰომოფობები შემხვდნენ, პირველადი დახმარება არ გამიწიეს. შემდეგ ჟურნალისტები მოვიდნენ და რომ ნახეს დასისხლიანებული ვიყავი, ამათ დანახვაზე დაფაცურდნენ.

საკუთარი თავისა და უფლებების დაცვის გამო, ცხოვრების გარკვეული პერიოდი ციხეშიც გავატარე – სამუშაოდ ვიყავი გამოსული, როცა უცხო ადამიანი მოვიდა და მომსახურება მომთხოვა, ფასზე შევთანხმდით. ფული რომ უნდა მოეცა, შემაგინა. ამაზე ამასხა, ვცემე, ჩემი კუთვნილი თანხა წავართვი, 10-20 ლარი ჰქონდა ზედმეტად და ისიც არ დავუტოვე. წავიდა და ძარცვაზე მიჩივლა. ყველაფერი გაჩალიჩებული იყო. მაშინ რამდენიმე ტრანსი ვბუნტაობდით, არ აწყობდათ და მომქესტეს. ციხეში შვიდი წელი ვიჯექი. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვიყავი. ერთგვარი სკოლა იყო და ბევრი რამეც ვისწავლე – მოთმინება, ადამიანების ამოცნობა, თავის დაცვა… მარტო ვიყავი ოთხ კედელში გამოკეტილი. მოვითხოვე ბიბლიოთეკა, წიგნები მოჰქონდათ, ვიჯექი და ვკითხულობდი. ჩემი სამყარო შევქმენი და იმ სამყაროში ვიყავი, მაკიაჟიც მქონდა და ყველაფერიც. ციხეში ყოფნის დროს ყველაზე რთული პირველი და ბოლო წელი იყო. პირველი წელი, შეჩვევის და ბოლო – მოლოდინის. ის ხუთი წელი ისე გაფრინდა, საერთოდ ვერ მივხვდი.

თანასწორობა, ქალები და ქვიარ ქალები

ტრანსგენდერი ქალის ცხოვრება სხვა ქალების ცხოვრებისგან განსხვავდება, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ქალებისა და ტრანსების ცხოვრებას თითქმის ერთი ფასი აქვს. ქალებს არ აფასებენ. ესაა ქვეყანა, სადაც 112-ში შესული ყოველი მეათე ზარი ქალზე ძალადობას ეხება.

გვეუბნებიან, რომ თანაბარი უფლებები გვაქვს. როგორ მაქვს თანაბარი უფლება, როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში რომ ავიდე, ვიღაცა ჩამქოლავს. თანასწორი იმაში ვარ, რომ მეც ისევე ვიხდი გადასახადებს, როგორც სხვები. პატრული ჩემი გადასახადებით ნაყიდ მანქანაში რომ ზის, ხომ უნდა დამეხმაროს?!

თავისუფლება ჩემთვის მშვიდ გარემოში ცხოვრებაა, სადაც არ გამკიცხავენ იმის გამო, რომ განსხვავებული ვარ. იდეალურ ცხოვრებას არ ვეძებ. სირცხვილია, როცა მთელი მსოფლიო მყარად დგას ფეხზე, ჩვენ კი ჯერ კიდევ არ ავმდგარვართ. სირცხვილია, როცა ადამიანს იმის გამო არ აძლევენ სამსახურს, რომ დაქამინგაუთებული გეი ან ლესბოსელია. ტრანსი ადამიანები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია იმიტომ, რომ თავისი იდენტობის დამალვას არ აპირებენ. გეი შეიძლება შეინიღბოს, ლესბოსელმა მოითმინოს, მაგრამ ტრანსგენდერი ქალი ვერ მოითმენს. ტრანსგენდერის შემთხვევა სულ სხვაა. ბიჭივით რომ მეცხოვრა, არაფერი დამაკლდებოდა – მექნებოდა კარგი სამსახური და სახლ-კარიც ჩემი იქნებოდა, მაგრამ ასეთი ვარ და მინდა, ასეთი მიმიღონ.

მტრულ გარემოში მცხოვრებ ქვიარ ქალებს ვეტყვი, რომ ძლიერები იყვნენ, არ დანებდნენ, ყოველთვის აკეთონ ის, რაც სწორად მიაჩნიათ. ნუ შეეშინდებათ, ძალიან მართლა ძალიან ბევრნი ვართ. ვურჩევ, რომ ყოველთვის ხმამაღლა ამბობდნენ თავიანთ სათქმელს, ისე, რომ ყველას ესმოდეს.

ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა

თუ ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და ფინანსური დახმარება მჭირდება, იმ ორგანიზაციებს მივმართავ, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ და ისინი გვამისამართებენ. მათ იციან ექიმები, რომლებსაც შეუძლიათ, გაგვიწიონ მომსახურება და კონსულტაცია. ასევე, ჰყავთ ფსიქოლოგებიც და თუ დაგვჭირდა, ორგანიზაცია იქაც თავისი ხარჯებით გვიშვებს.

ტრანსგენდერი ქალების პრობლემა ჰორმონალური თერაპიის დაფინანსებაა, ძალიან ძვირი ჯდება და ჯერჯერობით, არ ფინანსდება. საჭიროა, ყველამ გაიაროს ტრანზიცია, ვისაც ამისი სურვილი აქვს.

მოტივაცია, თანადგომა და იმედი

საქართველოში ტრანსგენდერი ქალი ასე ესმით – რადგან ტრანსი ხარ, სექს-სამუშაოში უნდა იყო ჩართული. თუმცა მოდის ტრანსგენდერი ქალების ახალი თაობა, რომლებიც სექსსამუშაოში არ ჩართულან, არც აპირებენ და ძალიან მიხარია. მათ ოჯახის თანადგომა აქვთ, როცა შენი შვილი ასეთია, რომ დაუშალო, აზრი არ აქვს, პირიქით, ხელი უნდა შეუწყო. ადრე ასეთი შვილების გამო რცხვენოდათ. ბრძოლის მოტივაციასაც ეს ჭკვიანი და ძლიერი მომავალი თაობა მაძლევს და იმედი მაქვს, უფრო თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრებენ, ვიდრე ახლა ჩვენ ვცხოვრობთ.

მიუხედავად ყველაფრისა, რაც გამოვიარე, ამ პერიოდში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და ბევრი ადამიანის თანადგომაც ვიგრძენი. განსაკუთრებით, 6 ივლისს გამოვყოფ, რომლის გახსენებაზე ახლაც ჟრუანტელი მივლის. იმ დღეს ბევრი ისეთი სახე ვნახე, რომლებიც სულ არ არიან ტრანსები, გეები, ლესბოსელები, მაგრამ დავინახე, რომ იქ იდგნენ, ჩვენ გვერდით. ჩვენთან ერთად საქართველოს ჰიმნს მღეროდნენ დროშის ქვეშ და უცებ ეს ემოცია და სიყვარული ერთ მუშტად შეიკრა, გულში შევიდა, გამოვიდა, შევიდა, გამოვიდა…. ძალიან ამაღელვებელი იყო.

რა გავაკეთოთ? როგორ გადავრჩეთ?

ეს გარემო რომ შევცვალოთ, ხალხმა უფრო მეტი განათლება და ინფორმაცია უნდა მიიღოს ამ საკითხზე. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი გაუნათლებელი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ეს თვითონ საზოგადოების კი არ არა, სახელმწიფოს ბრალია – თავისი ამომრჩევლები მარტო არჩევნების დღეს ახსენდებათ, სხვა დროს კი არც აინტერესებთ, რა სჭირდებათ.

მგონია, რომ სანამ ეს მთავრობაა, არაფერი გვეშველება, სიძულვილს თესავენ. იქ, სადაც ეკლესია გამოდის და ამბობს, ქრისტეს სახელით მოკალითო, რაზე უნდა ილაპარაკო?! სანამ ასე იქნება, ადამიანები განსხვავებულობის გამო ისევ დაიჩაგრებიან.

მგონია, რომ ყველა ტრანსგენდერმა საზოგადოებას თავი სხვა კუთხით უნდა გააცნოს, როგორც მხატვარმა, მომღერალმა, მოცეკვავემ, სპორტსმენმა და ა.შ. მახსოვს, ჩემთვის ყველაზე დიდი wow იყო, როცა გავიგე, რომ ტრანსგენდერი ქალი ბარაკ ობამამ თეთრ სახლში დაასაქმა. ყველა ადამიანი თანასწორია და უნდათ თუ არა, ოდესმე მოუწევთ ამისი აღიარება.

მომავალი

მალე საქართველოდან წასვლას ვაპირებ. წასვლა რატომ მინდა? იმიტომ, რომ აქ ვარსებობ და იქ ვიცხოვრებ. მე სხვა ოცნებები და გეგმები მაქვს – მინდა, სექს-სამუშაოს თავი დავაღწიო, სამხატვრო აკადემია დავამთავრო და ცნობილი მხატვარი გავხდე. ცნობილი ტრანსგენდერი ქალი მხატვარი.

ახლა ერთ ადგილას, დისტრიბუციაში ვმუშაობ, სადაც უფროსმა იცის, რომ ტრანსი ვარ, მაგრამ პირობაა, რომ ამას სამსახურში არ გავამჟღავნებ. ვუთხარი, რომ საქართველოდან წასვლას ვაპირებდი და ფულის შეგროვება მინდოდა. თანამშრომლებმა ჩემზე არაფერი იციან, არ ვაძლევ საშუალებას, რომ ამ თემაზე მელაპარაკონ. ერთი ქალია, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, ”ჩემო გოგოო” მეძახის. ხვდება, ვინც ვარ და ასე რომ მეძახის, ძალიან მიხარია.

ხატვა

ძალიან ღრმა ბავშვობიდან ვხატავდი, განათლება არ მაქვს, თვითნასწავლი ვარ. ხატვის ტექნოლოგიებს ინტერნეტის საშუალებით დავეუფლე, ვუყურებდი ვიდეო-ინსტრუქციებს, როგორ იხატება ადამიანი, ცხოველები, სხვადასხვა ფიგურები თუ ნივთები, მიღებულ განათლებას მივუმატე ჩემი ხედვა და სტილი. ხატვას სერიოზულად 2012 წელს მივუდექი, როცა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დაკვეთით მომიწია დახატვა, ამის შემდეგ იყო სასჯელაღსრულებითი დაწესებულება, სადაც ხატებს ვწერდი და თავს ამით ვირჩენდი, სხვა პატიმრები ჩემს ხატებს ყიდულობდნენ და მცირე შემოსავალი მქონდა, შემოსავალთან ერთად, ამან ძალიან დიდი გამოცდილება მომცა.

ჩემი დახატული ქალები ჩემი ცხოვრების კონკრეტულ მომენტებს ასახავენ, ამ ქალების ხატვით საკუთარ შინაგან მდგომარეობასა და იმ ეტაპებს გამოვხატავ, რაც გამომივლია. ამ პერსონაჟი ქალების ხატვით, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ, ქალები, არ ვაპირებთ გაჩერებას, რომ მართალია, ჩვენთვის ბრძოლა არავის უსწავლებია, მაგრამ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის ისე, როგორც ამას კაცები აკეთებენ. მორჩა ის დრო, როცა ქალები ჩაგრულ ჯგუფთან ასოცირდებოდნენ, ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, მსოფლიოში, ეს დიდი ხნის წინ მორჩა, ქალების მონობას წერტილი დაუსვა ჩვენი ქალი მეფის, თამარის მმართველობის წლებმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ადამიანებს არ ახსოვთ და მინდა, რომ ჩემი ნახატებით საზოგადოებას ეს შევახსენო.

ჩემს ნახატებში ბევრი სათქმელისა და იდეის ჩატევა მსურს, მაგრამ რასაც ყველაზე მეტად გამოვარჩევდი, ალბათ, არის ის, რომ არა სიძულვილს, არა ძალადობას, არა ტრანსფობიას და არა ადამიანების ჩაგვრას განსხვავებული სქესის, რელიგიის თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. ჩვენს თემშიც ხშირია, როცა სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ერთმანეთის მიმართ მიუღებლობას იჩენენ, არ აძლევენ საშუალებას ერთმანეთს, განვითარდნენ, გაძლიერდნენ, ჩემი ნახატებით სწორედ ამ ადამიანებს მინდა მოვუწოდო, გამოიჩინონ მეტი მიმღებლობა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, მინდა ვაჩვენო, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ქალი ხარ თუ კაცი, ტრანსგენდერი თუ გეი, შავკანიანი თუ თეთრკანიანი, ჩემი ნახატების საშუალებით, ვცდილობ, წავშალო ის საზღვრები, რაც ადამიანებს შორის არის დაწესებული და ჩემს გმირებს არ გააჩნდეთ ის მახასიათებლები, რის გამოც ასე ხშირია სიძულვილი და დაპირისპირება.

ბებიაჩემი ბავშვობაში მეუბნებოდა, რომ ცხოვრება უზარმაზარი ტორტია, ამ უზარმაზარი ტორტიდან ყველას თითო ნაჭერი ეკუთვნის, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თავისი წილი არ გააჩნია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვისი ტორტის ნაჭრების მითვისებას ცდილობენ. ჩემი შემოქმედებაც ბებიაჩემის ამ სიტყვებზე დგას, მინდა, ჩემი ნახატებით ყველას ვუთხრა, რომ იკმარონ თავისი წილი, არავის წაართვან და თან, არავის მისცენ იმის საშუალება, რომ სხვა მოსტაცოს.

ჩემი ერთადერთი ოცნება ისაა, რომ დავამთავრო სამხატვრო აკადემია, მყავს მეგობრები ბელგიაში, გერმანიაში და ჰოლანდიაში, მპირდებიან, რომ უნივერსიტეტში ჩაბარებაში დამეხმარებიან. მინდა, ვიცხოვრო უფრო მშვიდად, მეტი დრო დავუთმო ხატვას და შევქმნა ისეთი ნახატები, რომლითაც სიამოვნებას მივანიჭებ საკუთარ თავს და ადამიანებს ჩვენ გარშემო. გაჩერებას არ ვაპირებ, ხოლო რაც შეეხება ქვიარ არტისტებს, მე ყოველთვის ვამბობ და მოვუწოდებ ადამიანებს – გაიღვიძეთ, რაც მოგწონთ, ის აკეთეთ! მღერი? – იმღერე, ხატავ? – დახატე! თუ გაქვს რამე სათქმელი, აუცილებლად თქვი, იპოვე შენი მედიუმი, ერთად შევცვალოთ ადამიანების დამოკიდებულებები ლგბტ საზოგადოების მიმართ!

ინტერვიუ მომზადებულია საქართველოში ქალთა ფონდის (WFG) მხარდაჭერით

ავტორი: ნინო ურუშაძე

ფოტოები: ვახო ქარელი

წინა

კარა დელევინი – ქვიარ მოდა და წითელი ხალიჩა

შემდეგი

როგორ არ ვიყოთ ცუდად ისეთ დღეებში, როცა კარგად არაფერია

ბოლო სიახლეები

სახალხო დამცველმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა

Facebook2Tweet0Shares2 საქართველოს სახალხო დამცველმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ

გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს

Facebook2Tweet0Shares2 საქართველოში გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და

ჩვენი სხეული, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი უფლებები – 2022 წლის 17 მაისის მთავარი თემა

Facebook9Tweet0Shares9 17 მაისი ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც ოფიციალურად ევროპის პარლამენტისა და

17 მაისი: მეხსიერება და პერსპექტივები — პანელური დისკუსია წარსულის გამოცდილების გადაფასებისა და სამომავლო პერსპექტივების დასახვის მიზნით

Facebook13Tweet0Shares13 ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Pride-მა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით,

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

Facebook5Tweet0Shares5 დღეს ევროპაში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული დაიწყო, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოებას,