10 რეჟისორი ქალი და მათი ფილმები ძლიერი ფემინისტური მესიჯებით

უკანასკნელ ათწლეულში კინოსამყარომ გენდერულ უთანასწორობაზე აქტიურად დაიწყო საუბარი. ქალი რეჟისორების რაოდენობა დიდწილად ჩამორჩება კაცი რეჟისორებისას, ხშირ შემთხვევაში, ქალი მსახიობების ანაზღაურებაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე მამაკაცი მსახიობების. ქალები იბრძვიან იმისთვის, რომ მამაკაცების მიერ მართულ სამყაროში თავიანთი ადგილი დაიმკვიდრონ და დაასრულონ ის უთანასწორობა, რაც კინოინდუსტრიაშია გაბატონებული.

გთავაზობთ ათი რეჟისორი ქალის 10 ფილმს ძლიერი ფემინისტური მესიჯებით. ფილმები სხვადასხვა ეროვნების, რასის, სექსუალური ორიენტაციისა მქონე ქალების მიერაა გადაღებული, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ – ფილმების მიზანი ქალების გაძლიერება და ფემინისტური საკითხების წინ წამოწევაა.

  •  დამშვიდობება (The Farewell, ლულუ ვანგი, 2019) 

ყველა ადამიანი, ვისაც დიდ და მრავალთაობიან ოჯახში უცხოვრია, ალბათ, ძალიან კარგად გაიგებს ჩინური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორის, ლულუ ვანგის 2019 წლის ფილმს  – „დამშვიდობება“. ფილმი ახალგაზრდა მწერლის გარშემო ვითარდება, რომელიც გაიგებს, რომ თავის საყვარელ ბებიას სულ რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა და იძულებული ხდება, დაბრუნდეს მშობლიურ ჩინეთში.

ფილმში მთავარ როლს ცნობილი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი და მსახიობი, ნორა ლუმი, იგივე Awkwafina ასრულებს. ერთი შეხედვით, კომედიისა და დრამის ეს საოცარი ნაზავი ქართული რეალობისგან შორს დგას, თუმცა დაკვირვებული თვალი ძალიან ბევრ მსგავსებას აღმოაჩენს ჩინურ და ქართულ ოჯახებს შორის.

  • არასდროს, იშვიათად, ზოგჯერ, ყოველთვის (Never Rarely Sometimes Always, ელიზა ჰიტმანი, 2020) 

ელიზა ჰიტმანი თანამედროვეობის კიდევ ერთი გამორჩეული კინორეჟისორია, რომელიც მტკივნეულ თემებს არ ერიდება და მისი ფილმები უნიკალური ხელწერით გამოირჩევა. „არასდროს, იშვიათად, ზოგჯერ, ყოველთვის“ რეჟისორის სხვა ფილმების მსგავსად, ამერიკელი ახალგაზრდების ცხოვრებაზე გვიამბობს, ფილმის მთავარი გმირები 16 წლის სკაილერი და ოთემი არიან. ფილმის დასაწყისში ოთემი აღმოაჩენს, რომ ის 10 თვის ორსულია და მას თავის შტატში აბორტის გაკეთება ეკრძალება, სწორედ ამიტომ, გოგონას ბიძაშვილთან ერთად უწევს ნიუ-იორკისკენ წასვლა, სამედიცინო მომსახურების მიღება რომ შეძლოს.

ელზა ჰიტმანი უარს ამბობს კაშკაშა ვარსკლავების გადაღებაზე,  ყოველთვის ახალ სახეებს ეძებს და მათ გზის გაკაფვაში ეხმარება, 2020 წლის ეს ფილმი კი იდეალურად ასახავს ახალგაზრდების რთულ და წინააღმდეგობრივ გზას მოზარდობიდან ზრდასრულობამდე.

  • ალმოდებული ქალის პორტრეტი (Portrait of a Lady on Fire, სელინ სიამა, 2019)

უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში სელინ სიამამ მოახერხა თანამედროვე ფრანგული კინოსთვის განსაკუთრებული თემებისა და ხმების დამატება. მისი გმირები ახალგაზრდა ქალები არიან და მათი ისტორიები განსხვავდება იმ ისტორიებისგან,  აქამდე რომ გვინახავს.

სიამას 2019 წლის ფილმი „ალმოდებული ქალის პორტრეტი“ 18 საუკუნის საფრანგეთში გვამოგზაურებს და გვიამბობს ორი ქალის, მხატვარი მარიანასა და მდიდარი ელოიზის რთულ და ჩახლართულ რომანტიკულ ისტორიას. პოეტური კინოს ეს შესანიშნავი ნიმუში კანის კინოფესტივალზე Queer Palm-ით დაჯილდოვდა.

  • პატარა ქალები (Little Women, გრეტა გერვიგი, 2019)

ლუიზა მეი ოლკოტის 1869 წელს გამოცემული „პატარა ქალები“ კლასიკად არის აღიარებული და მასზე უამრავი თაობა გაიზარდა. ამერიკელი ავტორის ეს ნახევრად ბიოგრაფიული წიგნი მარჩების ოჯახზე გვიამბობს ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. ოთხი და, მეგი, ჯო, ბეტი და ემი – უკიდურესი გაჭირვების დროს ცდილობენ, არ დაკარგონ მხნეობა, შეინარჩუნონ სამყაროს მიმართ ნდობა და სიყვარული ადამიანების მიმართ.

ფემინისტურ ბიბლიად მონათლული წიგნი იდეალურად აღწერს ქალების ცხოვრებას გასულ საუკუნეებში და გვაჩვენებს, როგორ აისახება ომები იმ ქალებზე, რომლებიც, მართალია, არ იბრძვიან ბრძოლის ველზე, თუმცა მათი ყოველდღიურობა არაფრით განსხვავდება ქვემეხების გრუხუნისგან გამოწვეული საზარელი ხმებისგან. და, რაც მთავარია, გრეტა გერვიგი თავისი ოსტატობის საშუალებით ახერხებს, ახალი სიცოცხლე შემატოს ადაპტაციას და თან, არ დაკარგოს ის, რაც გამოარჩევს რომანს სხვა უამრავი საყმაწვილო წიგნისგან.

  • სიუზენის უიმედო ძებნა (Desperately Seeking Susan, სიუზენ საიდელმანი, 1985)

გასული საუკუნის 80-იანმა წლებმა სამყარო ბევრი რამით დააჯილდოვა, ერთ-ერთ ასეთ ჯილდოდ, თამამად შეგვიძლია, სიუზელ საიდელმანის საკულტო ფილმი „სიუზენის უიმედო ძებნა“ მივიჩნიოთ. კომედიური ჟანრის ფილმი ორი ქალის, ნიუ ჯერსელი დიასახლისის, რობერტასა და ამერიკელი ბოჰემური საზოგადოების წევრის, სიუზენის მეგობრობის ისტორიას გვიამბობს. ფილმში სატიტულო როლს ლეგენდარული მადონა ასრულებს.

1985 წელს გადაღებული ფილმი კარგად ასახავს ორი განსხვავებული ქალის ცხოვრებას, ერთი ნიუ-ჯერსელი დიასახლისია, რომელსაც აღარ შეუძლია ყოველდღიური, მომაბეზრებელი რუტინის ატანა და მთლიანად მიენდობა ნიუ-იორკში მცხოვრებ წვეულებების დედოფალ სიუზენს (მადონა).

  • ცამეტი (Thirteen, Catherine Hardwick, 2003)

„ცამეტი“ კიდევ ერთი რეჟისორი ქალის, კეტრინ ჰარდვიკის ფილმია, რომელიც 13 წლის მელანის ისტორიას გვიამბობს, გოგონა საშუალო კლასის მოსწავლეა, რომელიც კარგი მანერებითა და მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, როცა მელანი სკოლის ყველაზე პოპულარულ გოგონას, ტრეისის დაუმეგობრდება და თავით გადაეშვება ნარკოტიკებსა და წვეულებებში.

კეტრინ ჰარდვიკმა ფილმის სცენარი სულ რაღაც 6 დღეში დაწერა, ფილმი ლოს ანჯელესში, ხელის კამერითაა გადაღებული. ახალგაზრდა რეჟისორმა ქალმა Sundance-ის კინო ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო დაიმსახურა

  • შენ აქ არასდროს ყოფილხარ (You Were Never Really Here, Lynne Ramsay, 2018)

„შენ აქ არასდროს ყოფილხარ“ შოტლანდიელი კინორეჟისორის, ლინ რემსის უკანასკნელი ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს ხოაკინ ფენიქსი და ეკატერინა სამსონოვა ასრულებენ. ფილმი ომის ვეტერანი და ფედერალური საგამოძიებო სისტემის აგენტის, ჯოსა და პროსტიტუციაში იძულებით ჩართული არასრულწოვანი ნინას ისტორიას გვიამბობს.

„კევინზე უნდა დაგელაპარაკოს“ რეჟისორის, ლინ რემსის 2018 წლის ფილმმა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მსახიობი მამაკაცის (ხოაკინ ფენიქსი) პრიზი აიღო. მრავალი კრიტიკოსის შეფასებით, ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივია, რაც ბოლო ათწლეულში გადაღებულა.

  • ასე თუ ისე (De Cierta Manera, Sara Gomez, 1974)

სარა გომეზი პირველი კუბელი რეჟისორი ქალია, რომელმაც კუბური რევოლუციის შემდეგ გადაიღო დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი – „ასე თუ ისე“. ფილმი ფემინისტი ქალის, იოლანდასა და მაჩო მამაკაცის, მარიოს სიყვარულის ისტორიას გვაჩვენებს. ფილმში მოქმედება ჰავანაში ვითარდება და გარდა რომანტიკული ისტორიისა, კუბური მარგინალიზებული ჯგუფების ცხოვრებასა და იმ სოციალურ პრობლემებს აღწერს, რის წინაშეც მოსახლეობა რევოლუციის შემდეგ აღმოჩნდა.

სარა გომეზი ფილმის გადაღების შემდეგ მალევე გარდაიცვალა და დღემდე რჩება აფრო-კუბელი ქალი რეჟისორების იმ მცირერიცხოვან ჩამონათვალში, რომლებმაც სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება შეძლეს. რეჟისორი არ ერიდებოდა ფემინისტური თემების წარმოჩენას და ამ ფილმშიც იოლანდას სახით ცდილობს, კუბელ ქალებს ემანსიპაციისკენ გზა აჩვენოს.

  • სულელი (Clueless, ეიმი ჰეკრელინგი, 1995)

„სულელი“ კიდევ ერთი საკულტო ფილმია, რომელიც 1995 წელს გამოვიდა ეკრანებზე და იდეალურად ასახავს 90-იანი წლების ესთეტიკასა და სულისკვეთებას. ფილმი ჯეინ ოსტინის ცნობილ რომანს, „ემას“ ეფუძნება, რეჟისორის ჩანაფიქრი იყო, გაეცოცხლებინა კლასიკოსი ბრიტანელი ავტორის პერსონაჟი და ეჩვენებინა, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება 90-იანი წლების ბევერლი ჰილსში.

ფილმი coming-of-age ჟანრისაა და ფემინისტურ სატირას განეკუთვნება, ფილმის გავლენა იმდენად დიდია, რომ მის მიხედვით გადაიღეს სატელევიზიო ადაპტაცია, დაიდგა ბროდვეის სცენაზე და გამოვიდა უამრავი კომიქსი, ხოლო სულ რამდენიმე წლის წინ Paramount Pictures-მა დაანონსა, რომ ეკრანებზე სულ მალე ვიხილავთ ფილმის რიმეიქს.

  • გვირილები (Daisies, ვერა ჰიტილოვა, 1966)

ვერა ჰიტილოვას 1966 წელს გამოსული გროტესკული და ინოვაციური ფილმი მრავალი წლის განმავლობაში ახერხებს მაყურებლის გონებაში სხვადასხვა ემოციის აღძვრას. ფილმი ორი გოგონას გარშემო ვითარდება. გოგონები გადაწყვეტენ, რომ ზუსტად იმ მეთოდებით იმოქმედონ, რა მეთოდებითაც სამყარო მუშაობს. ფილმში სიუჟეტი დანაწევრებული და ფრაგმენტულია, ჩეხი რეჟისორი ამბის თხრობის ტრადიციულ მეთოდებზე უარს ამბობს, გამუდმებით იცვლება გამოსახულების ფერი,  ხარისხი და ამ გზით გადმოგვცემს გოგონების მცდელობას, დატკბნენ ცხოვრებით, პატივი მიაგონ ახალგაზრდობის, სიყვარულისა და სიხარულის ძალას.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფილმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია კინემატოგრაფიისთვის, მრავალი წლის განმავლობაში ის აკრძალული იყო ჩეხეთში.

წინა

ქვიარ ოჯახი რუსეთიდან ესპანეთში გაიქცა

შემდეგი

კარა დელევინი – ქვიარ მოდა და წითელი ხალიჩა

ბოლო სიახლეები

სახალხო დამცველმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა

Facebook0Tweet0Shares0 საქართველოს სახალხო დამცველმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ

გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს

Facebook0Tweet0Shares0 საქართველოში გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და

ჩვენი სხეული, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი უფლებები – 2022 წლის 17 მაისის მთავარი თემა

Facebook0Tweet0Shares0 17 მაისი ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც ოფიციალურად ევროპის პარლამენტისა და

17 მაისი: მეხსიერება და პერსპექტივები — პანელური დისკუსია წარსულის გამოცდილების გადაფასებისა და სამომავლო პერსპექტივების დასახვის მიზნით

Facebook0Tweet0Shares0 ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Pride-მა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით,

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

Facebook0Tweet0Shares0 დღეს ევროპაში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული დაიწყო, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოებას,