1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას ადგენდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, იმდროინდელი მსოფლიო მასშტაბით პროგრესულად აღიარებული დოკუმენტი, 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგება. ქვეყნის ძირითადი კანონით პოლიტიკურ წყობად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა. კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა.
კონსტიტუცია 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში დაიბეჭდა.
დოკუმენტი ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს და დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.