ივლისი 2024

სიამაყე და ცრურწმენა

 ბლოგის ავტორი: გოჩა გაბოძე

ყველას თავისი პრაიდი აქვს. ყველა პრაიდი კი განსხვავებულია ერთმანეთისგან.

უფლებებისთვის ბრძოლა ბევრ ქვეყანაში კომერციული ფესტივალის სტატუსამდე დავიდა. სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის ამ სტრატეგიულმა მეთოდმა ბევრ ქვეყანაში  იმუშავა წარმატებით და დღეს ქვიარებს თანასწორი უფლებებით სარგებლობის პრივილეგია სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის ამ ინსტრუმენტის დამსახურებით აქვთ მოპოვებული.

ცვლილებები თანასწორობისთვის ბრძოლის გარეშე არსად  მომხდარა. გაბრაზებული ქვიარების ჯანყს სტოუნვოლში დღემდე ამ მოძრაობის ათვლის წერტილად მიიჩნევენ.

არავისთვის არის მარტივი გავიდეს პირადი კომფორტის სივრციდან, არაერთი მოუშუშებელი მენტალური და ფიზიკური ჭრილობა მიიღოს საკუთარი და სხვების უფლებებისთვის. ეს საფასურია, საკუთარი და სხვების თავისუფლებისთვის.

ყველა გამოცდილება განსხვავდება ერთმანეთისგან. არ არსებობს სწორი ან არასწორი მეთოდი, თუ როგორ შეიძლება მოიპოვო ადგილი საზოგადოებაში. აქტივიზმს საზღვრები არ აქვს. კულტურები განსხვავდება ერთმანეთისგან. ის, რაც ერთ საზოგადოებაში ცვლილებების მომტანი სტრატეგია შეიძლება იყოს, განსხვავებულ კულტურულ გარემოში შეიძლება  უშედეგო აღმოჩნდეს.

აქტივიზმს არ აქვს დადგენილი წესები. ადვოკატირების პროცესი კი არსად არ არის სწორხაზოვანი. ის ინდივიდებზე და მათ მიერ შემუშავებულ კომუნიკაციის ფორმებზე გადის.

აქტივიზმის სივრცე ასევე არაა შემოსაზღვრული. მით უფრო – თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც ადამიანები ონლაინ სივრცეში მეტ დროს ატარებენ, ვიდრე ფიზიკურ სივრცეებში.

სოციალური ქსელები ჩვენს დროში არა მხოლოდ დეზინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტია, ის ცოდნის გაცვლის საშუალებაც არის და, შესაძლოა, თანამედროვე სამყაროში ადამიანთა შორის გამოცდილებების გაზიარების და აქტივიზმის პლატფორმაც იყოს. სოციალური ქსელები თავისი პოზიტიური და ნეგატიური მხარეებით დღეს ისეთივე მედიუმია, როგორიც წლების წინ  გავლენიანი მედიაგამოცემები იყო. ტრადიციული მედიისგან განსხვავებით კი სოციალურ ქსელების გამოყენებაზე წვდომა ყველა ადამიანს თანაბრად აქვს.

არაერთ სოციალურ კამპანიას სწორედ ინტერნეტ სივრციდან მოუხდენია გავლენა საზოგადოების განწყობებზე. ჰქონია ეფექტი კონკრეტული ჯგუფების მიმართ მიმღებლობის გაზრდასა თუ შემცირებაზე.  ქართულ ქვიარ აქტივიზმშიც ბევრი წარმატებული მაგალითია, ვინც სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით, მათი უნიკალური კომუნიკაციის ფორმის და ღიაობის  დამსახურებით არაერთ ადამიანს შეუცვალა სტერეოტიპები. მათ შეძლეს ის, რაც არაერთმა ორგანიზაციამ თუ აქტივისტურმა ჯგუფმა ვერ მოახერხა – საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია მათთვის გასაგები ფორმითა და ენით.

სიამაყე საკუთარი უნიკალურობით ნორმაა. ყველა ადამიანი იმსახურებს იყოს ბედნიერი. იყო ის, ვინც ხარ, მოცემულობაა. გიყვარდეს საკუთარი თავი, ეს პრივილეგია არაა. საკუთარი თავის სიყვარული ნორმაა.  ბედნიერებისთვის ბრძოლა კი ინდივიდუალური გამოცდილება.

ჩემი პირველი „უსაფრთხო“ „პრაიდი“ გასულ წელს ანტვერპენში შედგა. ყოველთვის თავს ვიკავებდი ტურისტული მიზნით მსგავს ღონისძიებაზე დასწრებისგან. გასული წლის მოვლენების შემდეგ ის ბევრად თერაპიული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი.  ბედნიერი ადამიანების კოლონა ცისარტყელას ფერებში მორთულ ქალაქში ნამდვილად ღირდა გამოცდილებად, საქართველოში განცდილი ტრავმების დავიწყების საშუალებად. ეს ნამდვილად ის ადგილი იყო, სადაც ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორია.

პრაიდი თავისუფალ ქვეყნებშიც კი შეიძლება იყოს წინააღმდეგობის სივრცე, განსხვავებული იდეოლოგიებისა და ღირებულებების მქონე ქვიარებს შორის. ნაწილობრივ კომიკურადაც შეიძლება ჩანდეს განსხვავებული იდეოლოგიების ქვიარების მიერ ერთმანეთის საწინააღმდეგო სკანდირებები. მსვლელობისას, სადაც უსაფრთხოება და განსხვავებულის მიმართ ურთიერთპატივისცემა ნორმა უნდა იყოს.

წელს ეს გამოცდილებაც მივიღე.  „ფაშისტი“ Cistem-ის დამცველი გეის იარლიყი. მხოლოდ იუმორით ვუყურებ ამ მოცემულობას. ქვიარებში იდეოლოგიურად გარიყული კოლონის მონაწილე რომ ვიყავი, ადრენალინიც იყო, ვერ დავმალავ. წინააღმდეგობა კი ალბათ საჭიროა. გამოგონილი მტერიც, თუნდაც უსაფრთხო ქვეყანაში, სადაც ყველა ის სოციალური ცვლილება ათეული წლით ადრე მოხდა, რაც ადამიანების თანასწორუფლებიან გარემოში ცხოვრებისთვის არის აუცილებელი.

ანტვერპენის პრაიდზე ქართული დროშა ამაყად ფრიალებდა.

ქართველი აქტივისტების ჯგუფმა საკუთარი სათქმელის გაზიარება ამ სივრცეში ღირსეულად შეძლო. აქ ყველას ადგილია, განსხვავებული კულტურების შეხვედრის წერტილი, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერა კულტურული ნორმაა. აქტივისტების შრომა ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ფასდაუდებელია. სიამაყით აღვსილებმა უნდა დავამარცხოთ ყველა ცრურწმენა, რაც ჩვენს მიმართ არსებობს.

 

ბედნიერი „პრაიდი“ ყველას!

 

დრეგი ჩემთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო – ინტერვიუ Otaraant Queer-თან

/

Otaaraant Queer – თავისუფლება და ემპი

დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზა. ყოველთვის, როცა დრეგ ქვინების პერფომანსებს ვუყურებდი, ვფიქრობდი, რა მაგარია, როცა ასეთი თავისუფალი ხარ, რაც გინდა, იმას აკეთებ, არაფერი გბოჭავს, ჩემი მთავარი მიზანიც ეგ იყო, რომ თავისუფლება მეგრძნო. რამდენიმე არტისტული სფერო ვცადე, მაგრამ ყველაზე კარგად და ყველაზე კომფორტულად მაინც დრეგში ვიგრძენი თავი.

იმ თავისუფლებას, რომელსაც სცენაზე გრძნობ, ადრენალინს,  სცენაზე რომ ახვალ და ყველა თვალი შენკენ იქნება მომართული, პროცესს, როცა ლაინერს წაისვამ და წარბს აიწევ, ვერაფერთან შეადარებ და ეს ყველაფერი, მართალია, დიდი რისკის ფასად ხდება, მაგრამ მაინც მზად ხარ ამ რისკებზე წასასვლელად. ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა დიდ ყურადღებას გითმობენ, გეშინია, რადგან ქვიარ ადამიანი ხარ, სულ გახსოვს ეს და საფრთხეს ელოდები, მაგრამ სცენაზე ყურადღება, პირიქით, გსიამოვნებს. ეს შეგრძნებები აქამდე არ გამომიცდია და ვერაფერს ვერ შევადარებ.

Otaaraant Queer -ის დაბადება და მთავარი ინსპირაციები

სულ მინდოდა სცენაზე ვყოფილიყავი და ვერ ვბედავდი, ეს ჩემმა მეგობრებმაც იცოდნენ, ერთ-ერთ დრეგ ბოლზე, სადაც მეგობრებთან ერთად ვიყავი და სადაც იყო მათე ხიდეშელიც, ბექსთეიჯში მინდოდა მივსულიყავი მათესთან და მეთხოვა, რომ თავის დრეგ ჰაუსში ავეყვანე. მივედი, დავაპირე თქმა, მაგრამ უკან მოვბრუნდი, რადგან დრეგის გარეშე ძალიან მორცხვი და ინტროვერტი ვარ და ეს რომ მეგობრებმა დაინახეს, ხელი მკრეს და ლამის მაიძულეს, დავლაპარაკებოდი. ეგ იყო მომენტი, როცა ყველაფერი დაიწყო, თუმცა მანამდე ბევრი მქონდა ნაფიქრი ჩემს დრეგ პერსონაზე, რა იქნებოდა ჩემი მთავარი მესიჯი, როგორი ვიქნებოდი სცენაზე, რას გავაკეთებდი, რით იქნებოდა გამორჩეული ჩემი შოუები. სულ ვგრძნობდი, რომ ჩემი დრეგი იქნებოდა კემპი, ჩემი პერფორმანსები კი მაღალი ენერგიულობით, ეიფორიული განცდებით იქნებოდა გამორჩეული. მესიჯიც ეგ იყო, just have fun. რაც არ უნდა იყოს, როგორი მესიჯებითაც არ უნდა დატვირთო დრეგი, ის უკვე თავისთავად არის პოლიტიკური, მით უმეტეს, ჩვენს რეალობაში ეს სუბტექსტი ყოველთვის არსებობს, ამიტომ მინდოდა, რომ უბრალოდ მაყურებელს დავიწყებოდა ყველაფერი ის, რაც გარეთ ხდებოდა − უთანასწორობა, ჩაგვრა და ის რამდენიმე საათი, რასაც დრეგ პერფორმანსებზე გაატარებდა, ყოფილიყო ერთგვარი ერთგვარი უსაფრთხო სივრცე, სადაც დაცული იქნებოდი გარე აგრესიისგან.

ჩემი პირველი ინსპირაცია Divine-ის შემოქმედება იყო. პატარა ვიყავი, როცა Female Trouble-ს და Pink Flamingo-ს ვუყურე და მართალია, არ ვიცოდი, ვინ იყო, რას წარმოადგენდა, რას აკეთებდა, მაგრამ ეკრანზე დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ მინდოდა ის მეკეთებინა, რასაც Divine აკეთებდა. ასევე ძალიან მომწონს Sasha Colby-ის დრეგი, ძალიან მომაჯადოებელია მისი შოუები, ბავშვობიდან ვუყურებ მათე ხიდეშელის შოუებს და ძალიან დიდი ინსპირაციაა ჩემთვის მისი გამბედაობა, სულ მაძლევს ძალას, რომ იმაზე უკეთესი შოუ დავდგა, ვიდრე აქამდე მქონდა, საოცარი პერფორმერია და ეგ იყო მიზეზი, რატომაც მინდოდა ჩემი drag mother ყოფილიყო და მის house-ში მოვხვედრილიყავი. დრეგის კეთების დროს სულ მეხმარებიან ჩემი მეგობარი ქვინები, Galina Blanca და სასიკვდილო ნაპასი, ასევე ტრანსია ადამიანი, რომლებიც ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევენ, ეს მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ინსპირაციულია, სულ ვცდილობ, გავაუმჯობესო საკუთარი თავი და ჩემით უფრო ამაყები იყვნენ.

დრეგ კულტურის მომავალი საქართველოში და მისი პოზიტიური გავლენა

თუ ის ყველაფერი, რასაც მმართველი პარტია აანონსებს, რეალურია, არჩევნებში გაიმარჯვეს და კანონი გაიტანეს, სამწუხაროდ, დრეგ კულტურის განვითარება საქართველოში წარმოუდგენელი მგონია, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ძალიან პოზიტიური მოლოდინები მაქვს. წელიწადზე მეტია, რაც ამ სფეროში ვარ ჩართული და უამრავი კრეატიული ადამიანი მხვდება, რომლებიც დიდ შრომის  და დაუღალავი ენთუზიაზმის შედეგად ქმნიან ახალ ხელოვნებას. ეს აუცილებლად გამოიღებს დადებით შედეგებს.

დადებითი შედეგები დიდია, მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ, როცა დრეგის კეთება დავიწყე და ქუსლიანი ფეხსაცმლის საყიდლად გავდიოდი დრეგ მაკიაჟის და პარიკის გარეშე, როცა უფრო მამაკაცურად გამოვიყურებოდი, მქონდა შემთხვევები, როცა გამყიდველები მეუბნებოდნენ − რად გინდა შვილო ეს, რისთვის გჭირდებაო. ბევრჯერ შემშინებია, რა ვქნა ახლა, რა ვუთხრა, რა მოვატყუო, მაგრამ დროსთან ერთად სხვადასხვა ადგილას ასეთი გასვლების შემდეგ მხვდებოდა უფრო და უფრო მეტი მიმღებლობა. ერთი მაღაზიაა, სადაც პირველად მივედი რაღაცების საყიდლად და თავიდან ძალიან ცუდად მიყურებდნენ, რაც ძალიან მანერვიულებდა, მაგრამ რამდენიმე თვეში ეს დამოკიდებულება შეიცვალა და დღეს ჩვეულებრივად მივდივარ, ვირგებ ქალის ფეხსაცმელებს და არავის აქვს აგრესიული დამოკიდებულება, პირიქით, მეგობრულად მხვდებიან, მეუბნებიან, აბა, ეს ნახე, ეს მოიზომე. ამ ცვლილებებს ყოველდღიურად ვგრძნობ, შეიძლება მეც გამომიმუშავდა იმუნიტეტი, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები ჩემ გარშემო უფრო მეტ მიმღებლები გახდნენ.

კიდევ ერთი კარგი მაგალითია ტაქსის მძღოლები. თავიდან წარმოუდგენლად მეჩვენებოდა დრეგით ჩავმჯდარიყავი ტაქსიში, თუმცა დღეს უფრო თამამი ვარ და აღარ მეშინია და მგონია ეს პატარ-პატარა ნაბიჯები ცვლის საბოლოოდ მტრულად განწყობილ საზოგადოებას, ამიტომაც ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, ჩვენი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ცვლილებებს ჩვენს ცხოვრებაში სხვები არ მოიტანენ, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა ჯანსაღი გარემოს შექმნა და ადამიანების ცნობიერების ამაღლება ასეთი სენსიტიური საკითხების მიმართ. რაც უფრო მეტად იზრდება ხილვადობა, მიმღებლობაც იმატებს.

ოჯახი და მიმღებლობა

წლების წინ დრეგი რომ მეხსენებინა ჩემს ოჯახში, რეაქციაც არ ექნებოდათ, ვერც გაიგებდნენ, რაზე ვლაპარაკობდი, მაგრამ დღეს  ჩემი ოჯახის წევრს არაერთ აქვს მიმღებლობა ამის მიმართ, ყოფილან კიდეც ჩემს შოუებზე. პირველად როცა გადავწყვიტე, ჩემი ძმისთვის მეთქვა, რომ დრეგს ვაკეთებდი, ძალიან მეშინოდა, არ ვიცოდი, რა შედეგი მოჰყვებოდა, მეგონა ამიკრძალავდა, მეტყოდა, როგორ გაბედეო. თუმცა, რომ ვუთხარი, არანაირი რეაქცია არ ჰქონია. როცა შოუზე მაყურებლებს შორის  დავინახე, ეს ძალიან ამაღელვებელი იყო − ოჯახის წევრის მხარდაჭერა სხვანაირად მოქმედებს, სხვანაირ ძალას გრძნობ, როცა ოჯახის წევრი გიდგას გვერდით და მხარს გიჭერს იმაში, რაც გიყვარს. ვერ ვხვდები, ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს ქვიარ ადამიანისთვის.

რაც შეეხება დედაჩემს, მას უფრო გვიან ვუთხარი, All Star-ის მეორე დღე იყო, ქალაქგარეთ გავედით და დედაჩემმა მკითხა,  ვიყავი თუ არა Drag Ball-ზე. ვუპასუხე, რომ ვიყავი; მონაწილეობდი თუ უბრალოდ უყურებდიო, მეგონა, თუ ვეტყოდი, რომ გავიმარჯვე და საუკეთესო Queen გავხდი, დადებითად იმოქმედებდა მასზე და ასეც მოხდა. დღეს უკვე მეკითხება, მაკიაჟი როგორ გავიკეთო, ამაზე რას მირჩევო და საოცარ მიმღებლობას ავლენს. ძალიან ამაღელვებელია ეს ყველაფერი, ბევრი წელი ვცხოვრობდი შიშში, როცა არ იცი, რა მოჰყვება ქამინგაუთს და უცებ გაიგებენ, რომ დრეგ ქვინი ხარ. სახლში თითქმის ყოველდღე რეპეტიციები მაქვს, ვინახავ პარიკებს, შოუს რეკვიზიტებს და ამ ყველაფერში მხარს მიჭერენ.