თებერვალი 2023 - Page 4

ვალენტინობის 5 საჩუქარი მედღეხვალიე ქვიარებისთვის

14 თებერვალი ყველა მარტოხელას საძულველი დღეა, ხოლო ურთიერთობაში მყოფი ყველა ადამიანის თავის ტკივილი, რადგან ვალენტინობა აღნიშვნისა და საჩუქრების გარეშე ვის გაუგია?! არა, კი ვიცით, რომ ზოგიერთი თქვენგანისთვის ყველა დღე სიყვარულისაა და ამ მაღალფარდოვან გრძნობას ისეთი მატერიალური საგნებით განმტკიცება თუ დამტკიცება არ სჭირდება, როგორიც ვარდები და დიდ ყუთში მოთავსებული რაფაელოებია, რომელსაც ბავშვობაში მხოლოდ რეკლამაში ვხედავდით, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც გაგვკრავს ხოლმე რაღაც, როდესაც ინსტაგრამის სთორიზე გამოფენილ ნაირ-ნაირ საჩუქრებსა თუ მილოცვებს ვხვდებით. ჰოდა, წელს თქვენს იმ რწმენასაც თუ წყალი შეუდგა, რომლის მიხედვითაც, სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი და ახლა უბრალოდ გამალებით ეძებთ რაიმე გამორჩეულ საჩუქარს, რომ ბოლო წამამდე მოყვანილი საქმის მიერ მონიჭებული ადრენალინი არ შეგეტყოთ, მაშინ ამ სტატიამ, გამოდის, რომ სულზე მოგისწროთ. 

ამ სიაში ქვიარ წყვილებისთვის 5 საჩუქარს მოვუყარეთ თავი, რის შეძენასაც დღესვე შეძლებთ, თუკი საკმარისად მოინდომებთ. საჩუქრები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია და აქედანვე გვაპატიეთ, თუკი თქვენს გემოვნებას ვერ დავაკმაყოფილებთ, თუმცა, მაინც გახსოვდეთ, რომ საჩუქრებზე უფრო მნიშვნელოვანი გრძნობების გაცვლაა!

წიგნები და აქსესუარები

ფოტო: dribbble.com

დიახ, ამ სიის სათავეში ერთი შეხედვით ბანალური საჩუქარი მოვაქციეთ, მაგრამ თქვენს პარტნიორის თუ საღამოობით სახლში მოკალათება და კითხვა ყველა სხვა აქტივობას ურჩევია, იქნებ, ხაზი ჯერ არ გადაგესვათ პირველივე ვარიანტისთვის. თანაც, ფერად-ფერადი სანიშნეები, საინტერესო დიზაინის წიგნის სანათები თუ გამორჩეული წიგნაკები ყველა “წიგნის ჭიისთვის” სასურველი და, რაც მთავარია, მეტად პრაქტიკული საჩუქარი იქნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ქვიარ ლიტერატურად მომრავლდა, თუ თქვენს პარტნიორს ამ თემებზე კითხვა აინტერესებს:

სამზარეულოს ტექნიკა და ჭურჭელი

ფოტო: dribbble.com

პანდემიის აქტიურ ფაზაში ლამის ყველამ დავიკაპიწეთ სახელოები და ბანანის პურების ცხობას მივყავით ხელი. სახლში გამოკეტილ ზოგიერთ უხეირო ჩვენგანს გორდონ რემზიდ ჩამოყალიბების ისტერიამ გადაგვიარა, მაგრამ ზოგიც საკმაოდ ნიჭიერი აღმოჩნდა კულინარიაში და დღემდე აგრძელებს ერთმანეთზე უკეთესი კერძების მომზადებას. თუკი ამ აღწერაში თქვენი პარტნიორი ამოიცანით, იქნებ, დროა, მის ჰობის ხელი შეუწყოთ და სამზარეულოს ისეთი ტექნიკა აჩუქოთ, რომელიც ერთდროულად გაახარებს და საქმესაც გაუმარტივებს? ტოსტერი, წვენსაწური, საცხობი აპარატი, ან თუნდაც ღვინის ელექტრო სახსნელი იმ ქვიარებისთვის, ვისაც ხან ბოთლისთვის თავის მომტვრევა და ხანაც გასაღების ტრიალით კუნთების დაყენება გვიწევს, რომ საღამოობით სანუკვარი და ნანატრი ღვინო მივირთვათ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამით საკუთარ თავსაც წაეხმარებით, თუკი ვალენტინობის საღამოს ვახშმის მომზადება ისევე გემძიმებათ, როგორც სიზიფეს — ლოდი. 

ფირსაკრავი და მუსიკალური ფირფიტები

ფოტო: dribbble.com

იშვიათად იპოვით ადამიანს, მუსიკა რომ არ უყვარდეს და საჩუქრის ეს არჩევანიც ლოგიკურია. ფირფიტების შერჩევა გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ და მუსიკის ჭეშმარიტმა მოყვარულებმა იციან, რომ ფირსაკრავზე მოსმენილ საყვარელ ალბომთან ახლოსაც კი ვერ მივა ბლუთუზ დინამიკში ახმაურებული მელოდია, რომელიც მეზობლებსაც კი აწუხებს. ვალენტინობის რომანტიკულ ვახშამს, რომლის მომზადებასაც, იმედი გვაქვს, რომ ბოლო წამამდე არ მიიყვანთ, ფონად განსაკუთრებით მოუხდება ნაზი ჯაზი ან ის ერთი სიმღერა, თქვენს ურთიერთობას რომ თან გასდევს და საყვარელ ადამიანს პირველივე ბგერებზე გახსენებთ. 

სამაგიდო თამაშები

ფოტო: dribbble.com

შესაძლოა, სამაგიდო თამაშების წესების ახსნის დროს თქვენც ისეთივე სახეს იღებდეთ, როგორიც მანქანის უკანა სავარძელში მჯდომი გოგოს მიმშია — კი, აი ის, ამრეზით რომ შესცქერის მის თვალწინ მომხდარ მოვლენებს, ანდაც იქნებ, თქვენც საათობით თამაშობთ ხოლმე ავალონს, Dungeons & Dragons-ს, ან Truth or Drink-ს, უფრო სწორად, სიმართლესაც და დალევასაც, რადგან, ამ თამაშის დროს, ძირითადად, ორივე ქმედება პარალელურად მიმდინარეობს. ჰოდა, თქვენი პარტნიორიც თუ ამ თამაშების განუყრელი მეგზურია, კიდევ ერთი ახალი და ორიგინალური სამაგიდო თამაშის არჩევა და მისი გულის მოგება ურიგო არ იქნებოდა.

სექს-სათამაშოები

ფოტო: dribbble.com

და მოვიდა იმის ჯერი, რასაც ამ სიაში, რა თქმა უნდა, ყველანი ელოდით — სექს-სათამაშოები, რომლის იმხელა არჩევანი არსებობს, რომ ყველა ქვიარ წყვილი იპოვის თავის “საკბილოს”. დილდო, ბათფლაგი, ვიბრატორი თუ უბრალოდ სასაჩუქრე ვაუჩერი იმ ქვიარ წყვილებისთვის, ვისაც უჭირს გადაწყვეტილების მიღება — მოკლედ, ყველაფერს იპოვით, თუ გული საკმარისად ქვიარობს. 

ბოლოს კი, სანამ საბოლოოდ აარჩევთ თქვენთვის სასურველ და არდაწუნებულ საჩუქარს, მაინც კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ყოველთვის სჯობს, პარტნიორს საჩუქარი მისი გემოვნების მიხედვით, განსჯის გარეშე შეურჩიოთ და მისგანაც მსგავს ქმედებას ელოდოთ. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი ნინო ლომჯარიას 13 თებერვალს შეხვდა, რათა მისთვის ეცნობებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ის ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა.

“ეს ჯილდო ქ-ნ ლომჯარიას გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუტიციის სათავეში შეასრულა. გულწრფელად ვულოცავთ მას,” — ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დაჯილდოებას პირად Facebook გვერდზე გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტსა და საფრანგეთის ელჩებს საქართველოში.

“აღნიშნული ჯილდო ჩემთვის და იმ ინსტიტუტისთვის, რომელსაც მე წარმოვადგენდი, ძალიან დიდი დაფასება და აღიარებაა! დიდი მადლობა საფრანგეთის პრეზიდენტს და საფრანგეთის ელჩებს საქართველოში ქართული დემოკრატიის გულმხურვალე მხარდაჭერისთვის! ახლა ძალიან ემოციური წუთებია ჩემთვის! იმედი მაქვს, მალე ვიზეიმებთ საქართველოს და ქართველი ხალხის ჯილდოსაც ევროპისგან,” — წერს ლომჯარია.

ნინო ლომჯარია და მისი გუნდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც დააჯილდოვა და 2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების გლობალური ჯილდო გადასცა.

13 საუკეთესო ქვიარ წყვილი დრამატული სერიალებიდან

კარგი სერიალი ეკრანს გვაჯაჭვავს და რთულია სერიიდან სერიამდე, სეზონიდან სეზონამდე განვითარებულ ამბებს თვალი მოსწყვიტო. სერიალის მიმართ სიყვარული კიდევ უფრო მძაფრია, როცა პერსონაჟების გამოცდილებების თანაზიარი ხდები, როცა საკუთარ გამოცდილებასა და სიუჟეტს შორის თანხვედრას პოულობ.

კომედიური სერიალების საუკეთესო წყვილების შესახებ სტატიაში როგორც ვახსენეთ, ქვიარ რეპრეზენტაცია ხშირად მოიკოჭლებს. ასეთივე მდგომარეობაა დრამატული სერიალების შემთხვევაში. თუმცა, მაინც შეიძლება არაერთი პერსონაჟისა და წყვილის გამორჩევა, რომელთა პიროვნული ზრდის თუ ურთიერთობის ამბავი მრავალშრიანი, კარგად დაწერილი და განვითარებულია.

სტატიაში 13 საუკეთესო ქვიარ წყვილს ნახავთ, რომელთა ამბავი დრამატულ სერიალებში სიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილია.

დეივიდი და კიტი — Six Feet Under

HBO

Six Feet Under HBO-ს შესანიშნავი ოჯახური ანთოლოგიაა, რომელიც 5 მთავარი პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება. ფიშერების ოჯახის ისტორია მრავალფეროვანი გამოცდილებების ასახვით გამოირჩევა და სიუჟეტურ ხაზში ორგანულად შემოდის, მათ შორის, სექსუალური თვითგამორკვევისა და ქვიარ ურთიერთობების თემა.

სერიალის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი, დეივიდ ფიშერი გეია და ურთიერთობა აქვს კიტ ჩარლზთან, რომელიც პოლიციელია. როგორც დეივიდისა და კიტის ინდივიდუალური განვითარება, ისე მათი ურთიერთობის გზა შესანიშნავად არის დაწერილი და მრავალშრიან გამოცდილებებს სიღრმისეულად ასახავს. დეივიდი და კიტი 5 სეზონის განმავლობაში პერსონალურ ტრავმებს უმკლავდებიან, ხშირად დანგრევის პირას მისულ ურთიერთობას, მათ შორის, პროფესიონალური დახმარების საშუალებით ხელახლა აგებენ და ახერხებენ, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ბედნიერად იცხოვრონ. თუმცა, თუ სერიალი არ გინახავთ, Six Feet Under მრავალჯერ გატკენთ გულს და. ბედნიერ მომენტებთან ერთად, არაერთ გულისმომკვლელ დეტალსაც ნახავთ.

კალი და არიზონა — Grey’s Anatomy

ABC

Grey’s Anatomy ყველაზე წარმატებული სამედიცინო დრამაა, რომელშიც ქვიარ რეპრეზენტაციაც ხშირია. სერიალიდან მრავალი პერსონაჟის გამორჩევა შეიძლება, თუმცა ფანებისთვის განსაკუთრებით საყვარელი არიზონასა და კალის წყვილია.

ექიმებს პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში არაერთი მძიმე გამოცდილების გამოვლა მოუწიათ და ურთიერთობის დაწყების შემდეგაც ისეთ სირთულეებს უმკლავდებოდნენ, როგორიც ჰომოფობიურად განწყობილ მშობლებთან დავა, შვილის ყოლასთან დაკავშირებული უთანხმოება, დანაკარგით გამოწვეული ტკივილის გადალახვა, ფიზიკური და მენტალურ ჯანმრთელობის პრობლემებია. არაერთხელ დაშორების შემდეგ, კალი და არიზონა ერთმანეთთან ბრუნდებოდნენ და სერიალში მათ სიუჟეტურ ხაზს მაინც ბედნიერი დასასრული ჰქონდა.

ეინჯელი და პაპი — Pose

FX

Pose ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვიარ სერიალია, რომელიც ტრანსგენდერი მსახიობების და პერსონაჟების რეპრეზენტაციით ყველა სხვა სერიალს აღემატება და 90-იანი წლების ნიუ-იორკის ანდერგრაუნდ სივრცის, უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ქვიარ პერსონაჟების, მათი მეგობრობის, აივ/შიდსის ადრეული წლების გამოწვევების შესახებ ამბავს შესანიშნავად გადმოსცემს.

სერიალში არაერთი გამორჩეული ურთიერთობა ვითარდება, თუმცა მათ შორის ყველაზე ამაღელვებელი და ურყევი ეინჯელისა და პაპის სიყვარულის ისტორიაა. გამოუცდელი წყვილი ერთობლივად ვითარდება და ერთმანეთს მრავალი გამოწვევის გადალახვაში ეხმარება. მათ დაბრკოლებები კიდევ უფრო აახლოებთ. სერიალის დასაწყისიდან ბოლომდე ეინჯელმა და პაპიმ ყველაზე დიდი განვითარების გზა გაიარეს და შემდგარ ინდივიდებად და პარტნიორებად იქცნენ.

კონორი და ოლივერი — How to Get Away with Murder

Pin on HTGAWM
ABC

How to Get Away with Murder ჩამთრევი კრიმინალური დრამა და დეტექტივია, რომელიც არაერთი სახასიათო პერსონაჟით გამოირჩევა. მათ შორის ფანებისთვის განსაკუთრებით საყვარელი კონორი და ოლივერი არიან.

სერიალებსა და ფილმებში აივ-ინფექციაზე საუბრისას ძირითადად 80-იან წლებს, განსაკუთრებით მძიმე მომენტს უბრუნდებიან. აღნიშნულ შოუში კი საკმაოდ კარგად გაიშალა აივ-დადებითის სტატუსით ცხოვრების თემა თანამედროვე სამყაროში.

კონორი და ოლივერი რამდენიმე სეზონის განმავლობაში გულისტკენას, პირადი შიშებითა და დაბნეულობით გამოწვეულ დაბრკოლებებს, არაერთ სასიკვდილო საფრთხეს გადალახავენ და მყარი ურთიერთობის შენარჩუნებას მაინც ახერხებენ.

ლინდსი და მელანი — Queer as Folk

Showtime

იმავე სახელწოდების ბრიტანული შოუს ამერიკული ვერსია, Queer as Folk პირველი 1-საათიანი დრამატული სერიალი იყო, რომელიც სრულად ქვიარ ადამიანების ცხოვრებას ასახავდა. 5 სეზონის განმავლობაში არაერთი დრამატული, ამაღელვებელი თუ კომიკური ისტორია ვიხილეთ, რომელიც გეი და ლესბოსელი სამეგობროს თავს დატრიალდა.

სერიალის ზოგიერთი დეტალი შესაძლოა დღეს მოძველებულად მოგვეჩვენოს, თუმცა უნდა ითქვას, რომ 2000 წელს, როცა სერიალის პირველი სეზონი გამოვიდა, მიმღებლობის, ოჯახის მხრიდან უარყოფის თუ უწყვეტი მხარდაჭერის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, შვილად აყვანის, სამოქალაქო პარტნიორობის და რიგი საკითხების შესახებ მეინსტრიმულ მედიაში საუბარი ცვლილებების მომტანი იყო.

Queer as Folk-ის ერთ-ერთი გამორჩეული წყვილი ლინდსი და მელანი არიან, რომლებსაც ურთიერთობაში არაერთი სირთულის გადალახვა უწევთ, მათ შორის, თანასწორი უფლებების არქონისგან გამოწვეული დაბრკოლებების. მცირე გაურკვევლობების მიუხედავად, ლინდსის და მელანის წყვილი სერიალში ერთ-ერთი ყველაზე მტკიცეა.

უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ლესბოსელი წყვილის რეპრეზენტაციას აკრიტიკებენ, რადგან ლინდსისა და მელანის ხაზში ერთ-ერთი უმთავრესი ბავშვების გაჩენა და აღზრდაა, რასაც ძველმოდურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. თანაც, ლინდსიც და მელანიც შემდგარი, წარმატებული ქალები არიან, თუმცა ეს ნაწილი სათანადოდ არ არის გაშლილი.

ბრაიანი და ჯასტინი — Queer as Folk

Showtime

ბრაიანი და ჯასტინი სერიალის კიდევ ერთი დაუვიწყარი წყვილია, რომლებიც ურთიერთობაში არაერთ სირთულეს გამოცდიან. ახალგაზრდა ჯასტინი ბრაიანთან ერთად გადის ცხოვრებისეულ სირთულეებს, მშობლებისგან უარყოფის გამოცდილებას თუ ჯანმრთელობის პრობლემებს.

სერიალის მსვლელობისას იმასაც მიხვდებით, რომ რიგ შემთხვევებში ჯასტინი და ბრაიანი, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი, ერთმანეთზე ტოქსიკურად ზემოქმედებენ, თუმცა ნელ-ნელა უკეთესი ურთიერთობის განვითარებას ახერხებენ. სერიალის დასასრულს კი ერთმანეთის წარმატებისა და პიროვნული განვითარებისთვის მსხვერპლის გასაღებადაც მზად არიან.

ლიტო და ჰერნანდო — Sense8

Netflix

დები ვაჩოვსკების სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალი, Sense8 ამაღელვებელ მომენტებს, სახასიათო პერსონაჟებსა და ინკლუზიურ გამოცდილებებს ნამდვილად არ უჩივის. სერიალში სექსის გრაფიკული სცენები, ექსპერიმენტები, რომანტიკული მომენტები თუ თავბრუდამხვევი საბრძოლო სცენები ენაცვლება ერთმანეთს და მაყურებელი მუდმივად დაძაბულია. თანაც, პერსონაჟები იმდენად გიყვარდება, არ გინდა უეცრად მათ თავს რაიმე ცუდი დატრიალდეს.

სერიალის გამორჩეულად კომიკური, სენსიტიური და ფანების საყვარელი პერსონაჟი ლიტოა — მექსიკელი მსახიობი, რომელიც უეცრად 7 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ პერსონაჟთან მენტალურად ხდება გადაჯაჭვული. ამასთან, ლიტოს სტაბილური ურთიერთობა აქვს ჰერნანდოსთან, რომელიც სერიალის დასაწყისიდან ბოლომდე შეყვარებულის ირგვლივ განვითარებული გიჟური ამბების მომსწრეა და ერთგული მხარდამჭერი. 3 სეზონის განმავლობაში ეს შესანიშნავი წყვილი აუცილებლად შეგაყვარებთ თავს.

ნომი და ამანიტა — Sense8

Netflix

ნომი და ამანიტა სერიალის კიდევ ერთი გამორჩეული წყვილია, რომელთა ურღვევი კავშირი ფიზიკური თუ ემოციური საფრთხის არაერთი მომენტის მიუხედავად ვითარდება და კიდევ უფრო მტკიცდება.

ორი ქალის სიყვარულის ამბავი ურთიერთ რწმენის, ნდობის, საყვარელი ადამიანისთვის მსხვერპლის გაღებისთვის მუდმივი მზაობის დადასტურებაა, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

ბილი და ფრენკი — The Last of Us

HBO

The Last of Us HBO-ს ახალი, პოსტ-აპოკალიფსური სერიალია, რომელიც უკანასკნელი გადარჩენილი ადამიანების ისტორიას ჰყვება. როგორია ცხოვრება მას შემდეგ, რაც საყვარელი ადამიანების დიდი ნაწილი დაკარგე და მარტო ხარ დარჩენილი სამყაროში, რომელშიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე სასიკვდილო საფრთხე გელის; როგორ ყალიბდება ახალი ურთიერთობები; როგორ სწავლობ ადამიანების ნდობას ხელახლა; რაზე ხარ წამსვლელი, რომ გადარჩე და გზადაგზა გაცნობილი ახალი ადამიანებიც დაიცვა.

ჯერ სერიალის 5 ეპიზოდი გამოვიდა, თუმცა უკვე არაერთი ამაღელვებელი მომენტი ვიხილეთ. განსაკუთრებით სულისშემძვრელი კი სერიალის მე-3 ეპიზოდი იყო, რომელშიც მარტოხელა გადარჩენილი პერსონაჟი, ბილი გავიცანით — ცივი, საზრიანი, პოსტ-აპოკალიფსურ გაერთიანებებს მიღმა მცხოვრები კაცი, რომელიც არავის ენდობა. ბილის ცხოვრებაში მოხეტიალე გადარჩენილის, ფრენკის გამოჩენა შემთხვევითია და ნელ-ნელა მათი ურთიერთობა ახალ სიღრმეებს აღწევს. პერსონაჟები, რომელთა გზები ალბათ არც გადაიკვეთებოდა, რომ არა უკაცრიელი სამყარო, ერთმანეთს ცვლიან, მარტოობას უმსუბუქებენ, ურთიერთობის მრავალ წელს ერთად გადიან, უყვართ, ჩხუბობენ, მეგობრებს იჩენენ და ერთი სერიის განმავლობაში მარტოხელა გადარჩენილის “ბუნაგი” ნელ-ნელა სახლს ემსგავსება, რომელიც ურთიერთსიყვარულზე დგას. თუ The Last of Us ჯერაც არ გინახავთ, ცრემლის ღვრა გელით, მე-3 ეპიზოდის ყურებისას კი სულისმოთქმა გაგიჭირდებათ.

კლარკი და ლექსა — The 100

Lexa Clarke GIF - Lexa Clarke Commander - Discover & Share GIFs
CW

The 100 პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროში გადარჩენისთვის ბრძოლის ამბავს გვიყვება. ამ ბრძოლაში კლარკი და ლექსა დაპირისპირებულ მხარეებზე აღმოჩენილი პერსონაჟები არიან, რომლებიც ერთმანეთს საკუთარი ხალხის დაცვისთვის მიმდინარე მოლაპარაკებისას ხვდებიან. მათი ურთიერთობა ნელ-ნელა ვითარდება და მაყურებელმა ზუსტად იცის, რომ დიდი ალბათობით, წარუმატებლობისთვისაც არის განწირული.

კლარკი და ლექსა ერთმანეთს აძლიერებენ, ერთმანეთს გამძლეობას, ემოციების გამოხატვას ასწავლიან, მუდმივად უწევთ არჩევანის გაკეთება სხვების უსაფრთხოებასა და სიყვარულს შორის, უმკლავდებიან სასტიკ სამყაროში დამალულ სასიკვდილო საფრთხეებს და ამ გზაზე სწავლობენ, რომ ცხოვრება მეტია, ვიდრე გადარჩენისთვის ბრძოლა.

ნიკი და ჩარლი — Heartstopper

Netflix

Heartstopper შესანიშნავი თინეიჯერული დრამაა, რომელიც თვითგამორკვევის პროცესს, მჩაგვრელ გარემოსთან გამკლავების ამბავსა და რომანტიკული ურთიერთობის განვითარების ისტორიას აღწერს.

ორი სკოლის მოსწავლის ახალგაზრდული, თავბრუდამხვევი, რიგ მომენტებში დამაბნეველი და ემოციური ურთიერთობა ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე არის აქცენტირებული, როგორიც ქამინგაუთი, სექსუალური ორიენტაციის გაცნობიერებასთან დაკავშირებული შიშები და დაბნეულობა, სიძულვილით მოტივირებული ჩაგვრა, მასკულინობის საზიანო გავლენა, მშობლების მხრიდან მიმღებლობა, სასკოლო სივრცეში არსებული გამოწვევები და სხვა რიგი საკითხებია.

ჯერ სერიალის ერთი სეზონი გამოვიდა, თუმცა საინტერესოა, როგორ განვითარდება ორი ახალგაზრდა ბიჭის ურთიერთობა მომდევნო სეზონში, როცა ახალ სირთულეებთან შეჭიდება მოუწევთ.

სტეფი და ლენა — The Fosters

ABC

ოჯახური დრამის, The Fosters-ის ცენტრალური პერსონაჟები, სტეფი და ლენა სერიალების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური წყვილია, რომელიც სიუჟეტის დაწყებამდე 10 წლით ადრე შეხვდნენ. სერიალის განვითარებასთან ერთად, წყვილს ოჯახური ცხოვრების არაერთი სირთულის გამოვლა და დანგრევის პირას მისული ურთიერთობის ხელახლა შენება უწევს.

სტეფი და ლენა 5 ბავშვს ზრდიან და სერიალში შვილად აყვანის, უფრო კი ძალადობრივ, არაჯანსაღ გარემოს გამორიდებული ბავშვების გამოცდილებები, ახალი ოჯახის შენების, ნდობის მოპოვების, წარსულის ტრავმებთან გამკლავების თემები იშლება.

ტობიასი და კრისი — Oz

kazeo2se on Tumblr
HBO

Oz-ის სიუჟეტი კაცების ციხეში ვითარდება. 6 სეზონის განმავლობაში ძალაუფლებისთვისა და გადარჩენისთვის მიმდინარე რასობრივ და სოციალურ ბრძოლას ვხედავთ. სერიალი ფოკუსში აქცევს ძალადობრივ მიკროსამყაროს, რომელიც ადამიანისთვის გამანადგურებელი საფრთხის შემცველია.

ამ გარემოში შეუძლებელია ჯანსაღი ურთიერთობა და სერიალის მთავარ პერსონაჟ ტობიასსა და კრისს შორის რომანტიკული მიზიდულობაც არ არის სამაგალითო. მათი ურთიერთმიზიდულობა ძალმომრეობით, ეჭვებით თუ სხვა პატიმრების მხრიდან მომდინარე საფრთხესთან გამკლავების აუცილებლობით არის დაღდასმული. თუმცა ეს ორი პერსონაჟი ყველაზე უიმედო ადგილას ერთმანეთს პოულობს და პატიმრობის დღეები მცირედით მაინც მსუბუქდება. ამიტომ, ეს ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია.

ქვიარ ლექსიკონი — ლგბტქი ტერმინების განმარტებები

გახსოვდეთ, რომ ტერმინები მუდმივად იცვლება და მნიშვნელოვანია, ადამიანებთან მიმართებით მათ იდენტობაზე საუბრისას ჰკითხოთ ამ ადამიანს, რომელი ტერმინის გამოყენება ურჩევნია მას, თუკი თავად არ ხართ დარწმუნებული. შესაძლოა, ზოგი სიტყვა დამაბნეველი იყოს, მაგრამ ისეთი ტერმინების გამოყენება, რომლებიც ადასტურებს და შეესაბამება ადამიანის გენდერულ, სექსუალურ თუ სხვა იდენტობას, გამოხატავს პატივისცემასა და იმას, რომ მზად ხართ და ღია ხართ იმის მიმართ, რომ დაინახოთ სამყარო სხვისი პერსპექტივიდან.

ამ სტატიაში მოცემულია ქვიარ თემთან (და არამხოლოდ) დაკავშირებული ტერმინების სია ანბანის მიხედვით.

ქვიარ ტერმინების სია

„აუთინგი“ (ინგლ. Outing) — ვინმეს „აუთინგი“ გულისხმობს სხვისი გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, როცა ის ადამიანი ჯერ კიდევ არ არის „დაქამინგაუთებული“. „აუთინგი“ შეიძლება ძალიან საზიანო იყოს ადამიანისთვის, რადგან ის შეიძლება არ იყოს უსაფრთხო გარემოში, რომელშიც თავად გაამხელდა საკუთარ იდენტობას.

აგენდერი — ის, ვინც არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ერთ კონკრეტულ გენდერთან, ან ის, ვისაც საერთოდ არ აქვს გენდერი.

ანდროგინი — ის, ვისი გენდერიც ან ერთდროულადაა ფემინური და მასკულინური ან ფემინურობასა და მასკულინურობას შორისაა.

არაბინარული — ის, ვისი გენდერული იდენტობაც სცდება გენდერული ბინარულობის ფარგლებს. გენდერული ბინარულობა არის გენდერის ის კლასიფიკაცია, რომელიც მხოლოდ ორ გენდერს აღიარებს: კაცს და ქალს. თუკი ადამიანი არაბინარულია, ეს ნიშნავს, რომ ის არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ამ კატეგორიებიდან მხოლოდ ერთთან ან საერთოდ რომელიმესთან.

არომანტიკული ის, ვინც ნაკლებად ან საერთოდ არ გრძნობს რომანტიკულ მიზიდულობას სხვების მიმართ.

ასექსუალი — ის, ვისაც სხვების მიმართ სექსუალური მიზიდულობა ნაკლებად ან საერთოდ არ აქვს.

ბიგენდერი — ის, ვისაც ორი გენდერი აქვს. ბიგენდერი ადამიანები ხშირად წარმოაჩენენ საკუთარ თავს როლებში, რომლებსაც საზოგადოება ფემინურად და მასკულინურად მიიჩნევს.

ბისექსუალი — ის, ვისაც ემოციური, რომანტიკული და/ან სექსუალური მიზიდულობა აქვს როგორც ქალების, ისე კაცების მიმართ, ან ერთზე მეტი გენდერის მიმართ.

ბიფობია — არაკეთილგანწყობა ბისექსუალობისა და ბისექსუალი ადამიანების მიმართ. ჰომოფობიის მსგავსად, ის აღნიშნავს უარყოფით წინასწარგანწყობას და ზიზღს მათ მიმართ, ვინც ბისექსუალთა თემის ნაწილად მოიაზრებს თავს. ის შეიძლება მოიცავდეს იმის უარყოფას, რომ ბისექსუალობა გულწრფელი სექსუალური ორიენტაციაა, ან უარყოფით სტერეოტიპებს ბისექსუალი ადამიანების მიმართ (მაგალითად, წარმოდგენებს, თითქოს მათ მრავალი ხანმოკლე სექსუალური ურთიერთობები ახასიათებდეთ ან არიან არაგულწრფელები).

ბი-ცნობისმოყვარეობა (ინგლ. Bi-curiosity) — ბი-ცნობისმოყვარე (ინგლ. Bi-curious) არის ადამიანი, როგორც წესი, ჰეტეროსექსუალი, რომელსაც აინტერესებს მისი ჩვეული სექსუალური პარტნიორებისგან განსხვავებული სქესისა თუ გენდერის მქონე ადამიანთან სექსუალურ აქტივობებში ჩართვა ან ღიაა ამის მიმართ. ამ ტერმინით ხშირად აღინიშნება ჰეტეროსექსუალობასა და ბისექსუალობას შორის არსებული სექსუალური ორიენტაციის ვრცელი სპექტრი, რომელიც მოიცავს დიდწილად ჰეტეროსექსუალ ან დიდწილად ჰომოსექსუალ ადამიანებს.

გეი — თანამედროვე მეტყველებაში „გეი“ გამოიყენება როგორც ზედსართავი სახელი ან არსებითი სახელი, რომელიც აღნიშნავს ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებულ თემს, პრაქტიკებსა და კულტურებს. 1960-იან წლებში ჰომოსექსუალი კაცები საკუთარი სექსუალური ორიენტაციის აღსანიშნავად ამ ტერმინს ანიჭებდნენ უპირატესობას. ტერმინი უფრო ხშირად აღნიშნავს კაცს, რომლებსაც იზიდავს მხოლოდ კაცები (განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი), თუმცა ის ასევე გამოიყენება „ქვიარის“ სინონიმად ყველა იმ ადამიანის აღსანიშნავად, ვინც არ არის ჰეტეროსექსუალი.

გენდერინკლუზიური ნაცვალსახელები — უცხო ენებში, მაგალითად, ინგლისურში, გენდერულად ნეიტრალური ნაცვალსახელები (მაგალითად: they, them, their).

გენდერი — სოციალური და სამართლებრივი სტატუსი, საზოგადოების მხრიდან ადამიანის მიმართ არსებული მოლოდინების ერთობლიობა, რომლებიც მოიცავს ქცევებს, მახასიათებლებსა და ფიქრებს. თითოეულ კულტურას თავისი ნორმები აქვს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები მათი გენდერის მიხედვით. კულტურების უმეტესობაში გენდერი ბინარულია, ანუ იყოფა ორ კატეგორიად — ქალად და კაცად. თუმცა, დაბადებისას მინიჭებული სქესისგან განსხვავებით, გენდერის შემთხვევაში მთავარი აქცენტი კეთდება არა სხეულის ნაწილებზე, არამედ იმაზე, თუ რას ელიან ადამიანისგან მისი გენდერის გამო.

გენდერის დადასტურების ოპერაცია — ქირურგიული ოპერაცია, რომელიც მოიცავს ინდივიდის პირველადი ან მეორეული სქესობრივი ნიშნების შეცვლას მისი გენდერული იდენტობის შესაბამისად. ეს შეიძლება საჭირო იყოს გენდერული დისფორიის შესამსუბუქებლად.

გენდერულად აპათიური — ადამიანი, რომელსაც არ ადარდებს არც საკუთარი გენდერი და არც ის, თუ როგორ აღიქვამენ სხვები გენდერის თვალსაზრისით.

გენდერულად არაკონფორმული — ის, ვისი ქცევაც და გენდერული ექსპრესიაც საზოგადოების მასკულინურ ან ფემინურ გენდერულ ნორმებსა თუ სოციალურ მოლოდინებს არ შეესაბამება. მათ შორის არიან ანდროგინული ადამიანები, ფემინური კაცები, მასკულინური ქალები და სხვა. გენდერულად არაკონფორმული შეიძლება იყოს ნებისმიერი გენდერის ადამიანი (მაგ., სისგენდერი, არაბინარული, ტრანსი).

გენდერულად კონფორმული — ადამიანი, რომელიც მისდევს საზოგადოების წესებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ და გამოიყურებოდნენ სხვადასხვა გენდერის ადამიანები.

გენდერული ბინარულობა — გენდერის ბინარული (ორობითი) დაყოფა მხოლოდ ორ ტიპად (ქალი ან კაცი). ამ მოდელში ხშირ შემთხვევაში ნაგულისხმევია, რომ ადამიანის გენდერი მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს უნდა შეესაბამებოდეს. ეს სისტემა ზღუდავს იმ ადამიანებს, რომლებიც ბინარული სისტემის გარეთ არსებულ გენდერულ იდენტობებთან აიდენტიფიცირებენ საკუთარ თავს.

გენდერული დისფორია — გენდერული დისფორია აღნიშნავს იმ დისკომფორტისა და ცუდად ყოფნის შეგრძნებას, რომელსაც განიცდის ადამიანი, როდესაც მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესი არ ემთხვევა მის გენდერულ იდენტობას. გენდერული დისფორიის მქონე ადამიანი შეიძლება არაკომფორტულად გრძნობდეს თავს საკუთარი სხეულის სქესობრივ მახასიათებლებსა და საკუთარ რეალურ იდენტობას შორის არსებული კონფლიქტის გამო.

გენდერული ექსპრესია / გამოხატვა — ის, თუ როგორ გამოხატავს ადამიანი საჯაროდ საკუთარ გენდერს (იქნება ეს მასკულინური, ფემინური, ანდროგინული თუ სხვა). მაგალითად, გენდერი შეიძლება გამოიხატოს ჩაცმულობით, ვარცხნილობით, მაკიაჟით, სხეულის ენით, არჩეული სახელით, ნაცვალსახელებით, მანერებით, ინტერესებით და ა.შ.

გენდერული იდენტობა: ის, თუ როგორ გრძნობს და აღიქვამს ადამიანი საკუთარ გენდერს შინაგანად — იქნება ეს ქალი, კაცი თუ არაბინარული გენდერული იდენტობა — და როგორ გამოხატავს ის ამ გრძნობებს (ჩაცმულობით, გარეგნობით, ქცევებით და ა.შ.). ადამიანის გენდერული იდენტობა ყოველთვის არ შეესაბამება მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს. ის შეიძლება განვითარდეს და შეიცვალოს დროთა განმავლობაში.

გენდერული როლები — კულტურული და სოციალური როლები, რომლებიც ზოგადად მიიჩნევა მისაღებად, შესაფერისად და სასურველად ადამიანის სქესის მიხედვით. გენდერული როლები გავლენას ახდენს ცხოვრების მრავალ ასპექტზე, მათ შორის, ჩაცმულობასა და გარეგნობაზე, პროფესიაზე, ურთიერთობებზე, ქცევებზე და ა.შ.

გენდერფლუიდიის, ვისი გენდერული იდენტობაც არ არის ფიქსირებული და იცვლება დროთა განმავლობაში.

გენდერქვიარი — ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ ჯდება ტრადიციულ გენდერულ ნორმებში, მათ შორის, გენდერულ იდენტობებში, ექსპრესიაში, გენდერულ როლებსა თუ მოლოდინებში. გენდერქვიარი ზოგადი, გამაერთიანებელი ტერმინია და მას ხშირად „არაბინარულის“ სინონიმად იყენებენ.

გრეიგენდერი — აღნიშნავს ადამიანს, რომელიც არ გრძნობს ძლიერ მიკუთვნებულობას რომელიმე კონკრეტული გენდერული იდენტობისა თუ ექსპრესიის მიმართ და ნაწილობრივ მაინც არის გენდერული ბინარულობის ფარგლებს გარეთ.

დაბადებისას მინიჭებული სქესი — სამედიცინო შეფასება, რომელიც კეთდება დაბადებისას სხეულის ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით. სქესი შეიძლება იყოს კაცი, ქალი ან ინტერსექსი.

დრეგი — განზრახ გაზვიადებული მასკულინურობის, ფემინურობის ან გენდერული ექსპრესიის სხვა ფორმების გამომხატველი ჩაცმულობა და პერფორმანსი. „დრეგ-ქვინი“ არის ის (როგორც წესი, კაცი), ვინც განასახიერებს/ასრულებს ფემინურობას, ხოლო „დრეგ-ქინგი“ არის ის (როგორც წესი, ქალი), ვინც განასახიერებს/ასრულებს მასკულინურობას. პერფორმანსებში ხშირადაა კომედია, სოციალური სატირა და პოლიტიკური კომენტარები. დრეგ-შოუს დროს ხშირად დრეგში ჩაცმული ადამიანები მღერიან ან პირის მოძრაობით ჰყვებიან სიმღერას წინასწარ მომზადებული მოძრაობებისა თუ ცეკვის თანხლებით.

ინტერგენდერი — ის, ვისი გენდერული იდენტობაც ქალსა და კაცს შორისაა.

ინტერნალიზებული ტრანსფობია / ჰომოფობია: ჰომოსექსუალობისა, ტრანსგენდერობის და ლგბტქი ადამიანების მიმართ არსებული უარყოფითი სტერეოტიპები, რწმენები, სტიგმები და წინასწარგანწყობები, რომლებსაც გრძნობს ტრანსგენდერი / ჰომოსექსუალი ადამიანი. იგი მიმართავს ამ გრძნობებს საკუთარი თავისკენ, განურჩევლად იმისა, იდენტიფიცირდება თუ არა ქვიარად. ინტერნალიზებული ტრანსფობია / ჰომოფობია ასევე მოქმედებს ცნობიერ თუ ქვეცნობიერ ქცევებზე, რომელთა შესრულების საჭიროებასაც გრძნობს ადამიანი მათ შორის იმის გამოც, რომ მეტად მოერგოს ჰეტერონორმატიულობისა და ჰეტეროსექსიზმის კულტურულ მოლოდინებს.

ინტერსექსიინტერსექსი არის ქოლგა-ტერმინი და აღნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთ სექსუალურ-რეპროდუქციულ ანატომიაში აქვთ ისეთი ვარიაციები (მაგ., რეპროდუქციული ორგანოები, ქრომოსომები, ჰორმონები), რომლებიც განსხვავდება იმისგან, რაც ტრადიციულად „ქალად“ ან „კაცად“ მიიჩნევა. ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია, თუმცა დაახლოებით დათვლილია, რომ ყოველი 100 დაბადებული ადამიანიდან 1-2 არის ინტერსექსი, რის გამოც ინტერსექსობა იმაზე უფრო ხშირია, ვიდრე ჟღალთმიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მას უკიდურესად იშვიათ რამედ მიიჩნევს. თუმცა, დაბადებისას ინტერსექს ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ანიჭებენ სქესს „ქალი“ ან „კაცი“. ინტერსექსი ადამიანი შეიძლება საკუთარ თავს აიდენტიფიცირებდეს მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესთან, მის საპირისპირო სქესთან ან იდენტიფიცირდებოდეს ინტერსექსად.

კაცი — ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს კაცად, განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი (შეესაბამება თუ არა მისი გენდერული იდენტობა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს).

ლგბტქია — აკრონიმი, რომელშიც ასახულია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ასექსუალი ადამიანები. არსებობს აკრონიმის სხვა ვარიანტებიც, მაგალითად, ლგბტ, ლგბტქ, ლგბტქი და ა.შ. ზოგჯერ მათ ასევე დაერთვის „+“ ნიშანი, რომელიც ასახავს იმ ადამიანებს, ვინც ქვიარ თემის ნაწილია, მაგრამ ვისთვისაც აკრონიმის სხვა ასოები ზუსტად არ გამოხატავს მათ იდენტობას, ასევე ინკლუზიურობას იმისა, რომ ქვიარ თემი ღიაა ყველასთვის, ვინც მის ნაწილად მიიჩნევს თავს.

ლესბოსელი — ქალი, რომელსაც იზიდავს მხოლოდ ქალები (განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი).

მესამე გენდერი — ტერმინი „მესამე გენდერი“ მომდინარეობს ადგილობრივი ამერიკული და არადასავლური კულტურებიდან და ის აღნიშნავს გენდერის იმ კატეგორიას, რომელიც „ქალისა“ და „კაცის“ ფარგლებს გარეთაა.

მოკავშირე / მხარდამჭერი (ინგლ. Ally) — ადამიანი, რომელიც აქტიურად და სრულად უჭერს მხარს ლგბტქი თემს.

ორბუნებოვანი (ასევე „ორი სულის მქონე“; ინგლ. Two-spirit) — ქოლგა-ტერმინი, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა სექსუალობასა და გენდერს ადგილობრივი ამერიკელების თემებში. ამ კულტურებში ისინი ტრადიციული მესამე გენდერის (ან სხვა გენდერული ვარიანტის) ცერემონიულ და სოციალურ როლებს ასრულებენ.

პანგენდერი (ასევე პოლიგენდერი ან ომნიგენდერი) — ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ არის შეზღუდული მხოლოდ ერთით და შეიძლება მოიცავდეს ერთდროულად რამდენიმე ან ყველა გენდერს.

პანსექსუალიის, ვისაც რომანტიკული, სექსუალური ან ემოციური მიზიდულობა აქვს სხვა ადამიანების მიმართ, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა თუ სქესისა.

„როლი“აღნიშნავს ადამიანის სექსუალურ პრეფერენციების გეი-სექსში. გეი-სექსში ტრადიციულ როლებს შორისაა: „აქტი“, „პასი“, „უნი“ და „საიდი“:

  • „აქტი“ — „აქტით“ („აქტიური“, იგივე „ტოპი“; ინგლ. Top), როგორც წესი, აღიწერება ის ადამიანი, რომელსაც სექსის დროს სურს, თავად აკონტროლებდეს სიტუაციას ან/და იყოს გამცემი ანალურ სექსში.
  • „პასი“ — „პასი“ („პასიური“, იგივე „ბოთომი“; ინგლ. Bottom) არის ის, ვისაც, ჩვეულებრივ, სექსში ძალაუფლების და კონტროლის გაცემა სურს. როგორც წესი, პასები ანალურ სექსში „მიმღების“ როლს ასრულებენ.
  • „უნი“ — „უნი“ („უნივერსალი“), იგივე „ვერსი“ (ინგლ. Verse/Versatile) ან „სვიჩი“ (ინგლ. Switch), არის ადამიანი, რომელსაც აქტობაც მოსწონს და პასობაც.
  • „საიდი“ — აღნიშნავს ისეთ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ მოსწონს ან არ უნდა ანალური პენეტრაცია — არც მიღება და არც გაცემა — და რომელიც უპირატესობას ანიჭებს სხვა სექსუალურ აქტივობებს.

საკუთარ იდენტობაში დაეჭვება ან თვითგამორკვევის პროცესი (ინგლ. Questioning) — საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში, სექსუალურ იდენტობაში, გენდერულ იდენტობასა თუ სამივეში ერთად დაეჭვება არის თვითგამორკვევის პროცესი, რომელსაც გადის ადამიანი, რომელიც შეიძლება არ იყოს დარწმუნებული, ჯერ კიდევ იკვლევდეს, რომელი სოციალური იარლიყი შეეფერება მას სხვადასხვა მიზეზით. ლგბტქი აკრონიმში (და სხვა აკრონიმებში, რომლებშიც Q არის გამოყენებული), ასო „Q“ ხშირად აღნიშნავს როგორც „ქვიარს“, ისე ამ თვითგამორკვევის პროცესში მყოფ ადამიანებსაც (Questioning).

სექსუალური ორიენტაცია — ის, თუ რომელი გენდერ(ებ)ის მიმართ აქვს ადამიანს ემოციური, რომანტიკული და სექსუალური მიზიდულობა. სექსუალურ ორიენტაციებში გამოიყოფა ჰომოსექსუალობა, ჰეტეროსექსუალობა, ბისექსუალობა და ასექსუალობა (და მათში შემავალი ქვეკატეგორიები).

სისგენდერი — ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს იმ სქესთან, რომელიც დაბადებისას მიენიჭა. მაგალითად, სისგენდერი კაცი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს კაცად და მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესიც კაცია.

ტრანზიცია — საკუთარი გენდერული გამოხატვის (მაგალითად, ჩაცმულობის, ნაცვალსახელების, სახელის და ა.შ.) ან სასქესო ნიშნების შეცვლა საკუთარი შინაგანი გენდერული იდენტობის შესაბამისად (იქნება ეს ქალი, კაცი თუ არაბინარული გენდერული იდენტობა). ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ეს პროცესი, როგორც წესი, მოიცავს ჰორმონალურ თერაპიას ან გენდერის დადასტურების ოპერაციას. ტრანზიცია შეიძლება მოიცავდეს სამედიცინო ჩარევას, თუმცა არა ყოველთვის. ის ასევე შეიძლება მოიცავდეს სოციალურ ტრანზიციას (მაგალითად, სახელისა და ნაცვალსახელების ცვლილებას), ასევე, სამართლებრივ ცვლილებებს (სახელისა თუ სქესი სამართლებრივად შეცვლას). ეს პროცესი განსხვავებულია ყველა ადამიანისთვის მისი სურვილებისა და საჭიროებების შესაბამისად და მასში შემავალი აქტივობები არ არის უნივერსალური.

ტრანსგენდერი — ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ ემთხვევა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს. „ტრანსგენდერი“ არის ქოლგა-ტერმინი, რომელიც მოიცავს როგორც ქალსა და კაცს, ისე არაბინარულ ადამიანებს.

ტრანსი ან ტრანს* — უფრო ინკლუზიური ტერმინი, რომელიც უგენდერო ადამიანებსაც მოიცავს.

ტრანს კაცი ან ტრანსგენდერი კაცი — ტრანსი ან ტრანსგენდერი კაცი არის ადამიანი, რომელსაც დაბადებისას სქესად მიენიჭა „ქალი“, თუმცა ახლა იდენტიფიცირდება კაცად.

ტრანს ქალი ან ტრანსგენდერი ქალი — ტრანსი ან ტრანსგენდერი კაცი არის ადამიანი, რომელსაც დაბადებისას სქესად მიენიჭა “კაცი“, თუმცა ახლა იდენტიფიცირდება ქალად.

ტრანსმასკულინური — ის, ვისაც მასკულინური გენდერული იდენტობა აქვს, თუმცა დაბადებისას სხვა სქესი მიენიჭა.

ტრანსფემინური — ის, ვისაც ფემინური გენდერული იდენტობა აქვს, თუმცა დაბადებისას სხვა სქესი მიენიჭა.

ტრანსფობია— ტრანს* ადამიანებისა და ტრანს* თემის მიმართ არსებული არატოლერანტულობა, შიში, ზიზღი, უარყოფითი წინასწარგანწყობა, დისკრიმინაცია და ძალადობა სტერეოტიპებისა და მცდარი წარმოდგენების გამო.

ტრიგენდერი — ის, ვისაც ერთდროულად სამი გენდერი აქვს.

ქალი — ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს ქალად, განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი (შეესაბამება თუ არა მისი გენდერული იდენტობა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს).

„ქამინგ აუთი“ ან „დაქამინგაუთება“— საკუთარი გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის გაცხადება სხვებისთვის (მაგალითად, მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და ა.შ.).

ქვიარი — ქოლგა-ტერმინი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან ჰეტეროსექსუალები ან სისგენდერები. თავდაპირველად ტერმინი ნიშნავდა „უცნაურს“ ან „თავისებურს“ და გამოიყენებოდა დამამცირებელი ფორმით იმ ადამიანების მიმართ, ვისაც თავისი სქესის ადამიანების მიმართ ჰქონდა მიზიდულობა ან ურთიერთობა, ჯერ კიდევ გვიან მე-19 საუკუნეში. თუმცა, 1980-იანი წლებიდან დაწყებული ქვიარ აქტივისტებმა ტერმინი „დაიბრუნეს“ და ის ახლა ლგბტ ადამიანის სინონიმურად გამოიყენება.

ქროსდრესერი (ინგლ. Crossdresser) — ადამიანი, რომელიც იცვამს ისეთ ტანსაცმელს, რომელიც, საზოგადოებაში არსებული შეხედულებების მიხედვით, მისი გენდერისთვის არ არის დამახასიათებელი. როგორც წესი, ამ ტერმინით აღნიშნავენ კაცებს, რომლებსაც ქალის სამოსის ჩაცმა მოსწონთ. ეს შეიძლება იყოს თვითგამოხატვისთვის ან რამე სხვა მიზნით. ქროსდრესერობა იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი ტრანსგენდერია.

ჰეტეროსექსიზმი — წინასწარგანწყობების, დამოკიდებულებებისა და დისკრიმინაციის სისტემა ქალსა და კაცს შორის ურთიერთობების (ჰეტეროსექსუალობის) სასარგებლოდ. ის შეიძლება მოიცავდეს რწმენას, რომ ყველა ადამიანი ჰეტეროსექსუალი უნდა იყოს და რომ მხოლოდ ჰეტეროსექსუალური ურთიერთობებია ბუნებრივი და, შესაბამისად, უზენაესი.

ჰეტერონორმატიულობა — ჰეტეროსექსისტური წარმოდგენებისა და ქცევების ნორმალიზაცია ჩვენს ყოველდღიურობაში ინსტიტუციურ, ინტერპერსონალურ და პერსონალურ დონეზე. ეს კონცეფცია მოქცეულია გენდერული ბინარულობის (მხოლოდ ორი საპირისპირო გენდერის არსებობის) ჩარჩოებში და გულისხმობს, რომ სექსუალური ურთიერთობები და ქორწინება ყველაზე შესაფერისი საპირისპირო სქესის ადამიანებს შორის.

ჰეტეროსექსუალი — ის, ვისაც ემოციური, რომანტიკული და/ან სექსუალური მიზიდულობა აქვს საპირისპირო სქესის ან გენდერის ადამიანების მიმართ. ამ ცნების აღსანიშნავად ასევე იყენებენ ინგლისურენოვან ჟარგონს „სთრეითი“ (ინგლ. Straight).

ჰომოსექსუალი — ის, ვისაც ემოციური, რომანტიკული და/ან სექსუალური მიზიდულობა აქვს თავისი სქესის ან გენდერის ადამიანების მიმართ. მე-20 საუკუნის მიწურულიდან ეს ტერმინი უფრო ნაკლებად გამოიყენება და ზოგჯერ შეურაცხმყოფლად მიიჩნევა, რადგან ის უკავშირდება უარყოფით სტერეოტიპებსა და მოძველებულ კლინიკურ წარმოდგენებს ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ჰომოსექსუალობა ფსიქიკურ აშლილობად მიიჩნეოდა. დღეს ტერმინი დიდწილად ჩანაცვლებულია ტერმინებით „გეი“, „ლესბოსელი“ ან ინკლუზიური აბრევიატურებით, მაგალითად, „ლგბტ“ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი).

ჰომოფობია: უარყოფითი მიმართებები, შეგრძნებები, ზიზღი თუ ანტიპათია ჰომოსექსუალობის ან იმ ადამიანების მიმართ, ვინც იდენტიფიცირდებიან ლესბოსელად, გეიდ ან ბისექსუალად.

წყარო: Verywell Mind, WISG, Femea.ge

თანასწორობის მოძრაობა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

ლგბტქი არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობა  აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. ამ დროისთვის ორგანიზაციის აღამსრულებელი დირექტორი დავით კახაბერია. თანასწორობის მოძრაობის ახალი აღმასრულებელი დირექტორი მუშაობას 2023 წლის ივლისიდან, 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით დაიწყებს, განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადა კი 10 მარტამდეა.

ვაკანსიის ტექსტის მიხედვით, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატები ცოდნის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად შეირჩევიან. კანდიდატებს მოეთხოვებათ:

  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • საერთაშორისო დონორებთან მუშაობის გამოცდილება (დონორების მოძიება, საპროექტო განაცხადების მომზადება, ანგარიშგება და სხვა);
  • ლგბტქი+ თემებზე მუშაობის გამოცდილება და თემის საჭიროებების ცოდნა;
  • საქართველოსა და საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობისა და ლგბტქი+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულობა;
  • ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ლგბტქი+ აქტივიზმში მოღვაწეობის გამოცდილება;
  • კონკრეტული და ნათელი დავალებების გაცემა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი სწორი დელეგირება;
  • სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღება და მოქნილობა;
  • თანამშრომლების პროფესიულ თუ კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • გუნდის საქმიანობის მკაფიო ხედვა და მისი განვითარების სტრატეგია;
  • ლგბტქი+ თემის საჭიროებებისა და მდგომარეობის შესახებ სპიკერობა.

თანასწორობის მოძრაობის მიერ გამოქვეყნებული ვაკანსიის მიხედვით, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქცია-მოვალეობებში იქნება:

  • ორგანიზაციის წარდგენა დაინტერესებულ მხარეებთან/მესამე პირებთან ურთიერთობისას;
  • საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • ორგანიზაციის თანამშრომლების მართვა და მათი საქმიანობის მონიტორინგი;
  • დირექტორთა საბჭოსთან ერთად ორგანიზაციის თანამშრომლების დანიშვნა/გათავისუფლება;
  • დირექტორთა საბჭოსთან ერთად დონორების მოძიება და საპროექტო განაცხადების მომზადება;
  • ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება და საპროექტო ანგარიშგების პროცესში ჩართულობა;
  • პროექტების ფარგლებში განსაზღვრული აქტივობების წარმატებით განხორციელების მონიტორინგი;
  • ორგანიზაციის გამგეობასა და დონორებთან ანგარიშგება.

განცხადებების გადარჩევის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გასაუბრების ეტაპზე გადავლენ. აღმასრულებელი დირექტორის ვაკანსიის სრულად ნახვას თანასწორობის მოძრაობის საიტზე შეძლებთ.

ქვიარ-აქტივიზმის ონლაინ აკადემია — განაცხადების მიღება დაიწყო

საერთაშორისო ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი & ინტერსექსი ახალგაზრდებისა და სტუდენტების ორგანიზაცია (IGLYO) აცხადებს უნარ-ჩვევების ტრენინგის 2-კვირიან პროგრამას ახალგაზრდებისთვის.

პროგრამა შემუშავებულია ახალგაზრდა აქტივისტებისთვის 18-იდან 30 წლამდე, ვინც ახლა იწყებს თავის აქტივისტურ კარიერას და ვისთვისაც მნიშვნელოვანია აქტივიზმი, ლგბტქი უფლებები, სწავლა და კოლაბორაცია სხვა ლგბტქი აქტივისტებთან მთელი მსოფლიოდან. აკადემიის მიზანია, ახალგაზრდა აქტივისტებს ხელი შეუწყოს და წაახალისოს ლგბტქი ორგანიზაციებში ლიდერული პოზიციების დაკავებისკენ.

IGLYO-ს აქტივისტების აკადემია გლობალურად და ონლაინ გაიმართება 2023 წლის 23 მარტიდან 9 აპრილამდე, 2 კვირის განმავლობაში, ინგლისურ ენაზე. განაცხადები მიიღება 26 თებერვლამდე.

აქტივისტების აკადემია უფასოა და იღებს აპლიკაციებს როგორც ცალკეული ინდივიდებისგან, ისე 3 ადამიანამდე შემდგარი ჯგუფებისგან.

ორი კვირის განმავლობაში აკადემიაში მონაწილეები ჩაერთვებიან ექსპერტების მიერ ჩატარებულ 3 ვორკშოპში, შემდეგ კი მათ ელით 2 მისია, რომელშიც ნასწავლ უნარ-ჩვევებს გამოცდიან და მიიღებენ უკუკავშირს აქტივისტების აკადემიის ჟიურის წევრებისგან. გამარჯვებულ 3 გუნდს გადაეცემა ჯილდოები შესრულებული მისიების მიხედვით — თითოეულს €500.

განაცხადის შევსების დეტალებით იხილეთ IGLYO-ს ვებგვერდზე.

დედლაინი: 2023 წლის 26 თებერვალი, კვირა, 23:59 CEST.

“სადაც არ უნდა მეცხოვრა, ასეთ საინტერესო გამოცდილებას ვერ მივიღებდი” — გიორგი თაბაგარი

“დავიბადე ჭიათურაში, 1985 წელს, სანამ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. როცა უკვე აზროვნება დავიწყე და ჩემი ცხოვრება მახსოვს, ეკონომიკური კრიზისი იყო და თუ სადმე იგრძნობოდა სიდუხჭირე საქართველოში, ალბათ ერთ-ერთ ასეთი ქალაქი ჭიათურა იყო. პრაქტიკულად მთელი ინდუსტრია ჩამოიშალა და ისევე როგორც ყველას, ჩემს ოჯახსაც ძალიან გაუჭირდა. შედეგად, ჩვენც შიდა მიგრაციის ტალღაში მოვყევით და 90-იანების მიწურულს თბილისში გადავედით საცხოვრებლად”, — გვიყვება გიორგი თაბაგარი, Tbilisi Pride-ის დამფუძნებელი და სამოქალაქო აქტივისტი.

ბავშვობა და ქამინგაუთი

“ბავშვობას დიდად არ ვუბრუნდები ხოლმე. კარგი რაც მახსენდება, არის ის, რომ ფეხბურთი მიყვარდა ძალიან და მინდოდა პროფესიონალი ფეხბურთელი ვყოფილიყავი. ეს ეტაპი ბავშვობასთან ერთად დასრულდა — მშობლებმა გამომიყვანეს, სწავლასა და ფეხბურთს შორის სწავლაზე გააკეთეს არჩევანი. ძალიან რთული იყო. უარყოფითად მახსენდება ის კრიზისი და გაჭირვება, რომელიც ჩემმა ოჯახმა გამოიარა. იყო პერიოდი, როცა საჭმელიც არ გვქონდა”, — ამბობს გიორგი და აღნიშნავს, რომ ალბათ კარგი იქნებოდა, ფეხბურთელის კარიერა გაეგრძელებინა.

“რაღაცები ალბათ ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული, მაგალითად, როგორ ვიგრძნობდი თავს ქალაქში, სადაც ძალიან მიყვარს ცხოვრება”

დაახლოებით 10 წლის იყო, როცა ტელევიზიით ნახა სერიალი დინასტია, სადაც ერთ-ერთმა პერსონაჟმა ქამინგაუთი გააკეთა.

“ქართულ ტელევიზიებში მისი სიტყვები ასე თარგმნეს: “მე ვარ ცისფერი”. ვიკითხე, რას ნიშნავს-მეთქი და პასუხი ვერავინ გამცა. არ არსებობდა არანაირი ინფორმაცია, მათ შორის უფროს თაობებშიც. რა თქმა უნდა, თვითგამორკვევის პროცესში ინფორმაცია არ მქონდა, ჩვენი თაობის ადამიანები მაგ კუთხით ცოტა დავიჩაგრეთ, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც არანაირი ცოდნა და არ არსებობდა არცერთ თემაზე, რომელიც სექსუალურ განათლებასთან იქნებოდა ბმაში”.

ინტერნეტის ხელმისაწვდომობასთან ერთად, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო. გაუმართლა და მეგობრები შეხვდა ისეთი, ვისთანაც ამ თემებზე საუბარი შეეძლო.

“სამმა მეგობარმა ერთად გავაკეთეთ ქამინგაუთი, პირველად სწორედ მათ ვუთხარი. ამ საუბრებში, განხილვებში იდენტობაც უფრო მკვეთრად ფორმირდა, ვიდრე მანამდე”.

საკმაოდ გვიან, 2018 წელს იყო ქამინგაუთი მშობლებთან. იმ დროს ხშირად უწევდა საზღვარგარეთ წასვლა და იქ ცხოვრება, ამიტომ მანამდე არ ჩათვალა საჭიროდ, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან აქტივიზმში იყო ჩართული. 

“დედაჩემი კოვიდით გარდაიცვალა და გარდაცვალებამდე ვერ გადახარშა ეს ინფორმაცია, საკმაოდ მძიმე იყო მისთვის. და კარგად არ მახსენდება ეს ამბავი… ორი და მყავს და მამა, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან. დედასთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა ურთიერთობები ხომ შრეობრივია, არის რაღაც საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით, რაც მოგვწონს ან არ მოგვწონს და ამის მიუხედავად გვიყვარს ადამიანები. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩემთვის და მე მგონი მათთვისაც, ალბათ”.

გიორგი თაბაგარი
ფოტო: ვახო ქარელი

ამბობს, რომ ძალიან ბევრი შეუძლია ისაუბროს ქამინგაუთის მნიშვნელობაზე და ამას თავისუფლების მოპოვებას უწოდებს — როცა შეგიძლია ყველაზე ახლობელ ადამიანებთან იყო ის, ვინც ხარ. თუმცა ხაზს უსვამს იმასაც, რომ ეს რთული პროცესია და მზაობა სჭირდება, მათ შორის, ემოციური.

“ეს არ არის მხოლოდ ის, ვინ მოგწონს. რეალურად, გიწევს ტყუილში ცხოვრება და ეს ტყუილი იმდენად შემაწუხებელია, რომ რაღაც ეტაპზე მიდიხარ იმ მომენტამდე, როცა მეტი უბრალოდ აღარ შეგიძლია”.

აქტივიზმი

“ყველგან, სადაც მივედი, მივედი მოხალისედ. ინკლუზივში იმისთვის მივედი, რომ მაშინ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ვიყავი და მინდოდა, გვეთანამშრომლა. პირველი ადამიანი, ვისაც შევხვდი, თუ სწორად მახსოვს, ეკა აღდგომელაშვილი იყო, იმ სივრცეში, სადაც ახლა თბილისი პრაიდის ოფისია. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვიხსენებ ხოლმე, თითქოს მაშინვე მინდოდა ჩართვა, მაგრამ ვერ დავინახე სად და რა ფორმით შეიძლებოდა”, — გვიყვება გიორგი და ამატებს, რომ ამის გამო დაახლოებით 2 წელი გამოტოვა. შემდეგ იდენტობაში მივიდა, სადაც ტარდებოდა შეხვედრები, ფილმების ჩვენებები. ამბობს, რომ ამ შეხვედრების, დისკუსიების შედეგად ძალიან გაიზარდა, გარდა ამისა, გაიცნო ახალი ადამიანები, მისი თაობის აქტივისტები, რომლებთან ერთად მოგვიანებით ჩართული იყო ორგანიზაცია ლგბტ საქართველოს შექმნაში.

“მალე გავარღვევთ ამ ზღვარს და ბევრად მეტი ადამიანი იფიქრებს იმაზე, რომ It’s okay to be gay”

აქტივიზმის პარალელურად, სწავლას აგრძელებდა უცხოეთში. პირველად 2007 წელს წავიდა, ორი წლით. თუმცა აღნიშნავს, რომ მაშინ ისეთი პერიოდი იყო, ხალხი ქვეყნიდან გაქცევაზე არ ფიქრობდა და უფრო პირიქით — ბრუნდებოდნენ საქართველოში. ვერ წარმოედგინა, რომ სადღაც წავიდოდა და დარჩებოდა, ამიტომ 2 წლის შემდეგ დაბრუნდა. მაგრამ სწავლისა თუ სამსახურის გამო წასვლა ხშირად უწევდა და ამბობს, რომ 2018 წლამდე, რეალურად, ემიგრაციაში იყო. 

“იცვლებოდა ხოლმე ჩემი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ — იყო პერიოდი, როცა ერთი სული მქონდა, როდის გავა*ვამდი საქართველოდან და პირიქით, როცა ერთი სული მქონდა, როდის დაბრუნდებოდი. ამ დროის განმავლობაში 7 ქვეყანაში ვიცხოვრე და საბოლოოდ მომწიფდა ის, რომ მინდოდა საქართველოში ხანგრძლივად დაბრუნება”. 

იხსენებს, რომ 2018 წელს საქართველოში აქტიური სოციალური მოძრაობების პერიოდი იყო: თეთრი ხმაურის მოძრაობა, ანდერგრაუნდ სივრცეები, ბასიანი, ხიდი, ჰორუმ ნაითსი. ამბობს, ყოველ ჩამოსვლაზე ფეხი უკან მრჩებოდა და წასვლა აღარ მინდოდაო, მით უმეტეს ვარშავაში, სადაც მაშინ ცხოვრობდა და იქაური ზამთრების გაძლება ძალიან უჭირდა. დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზად აქტივიზმსაც ასახელებს — “ლევან ბერიანიძე იწყებდა მაშინ თანასწორობის მოძრაობის შენებას და მახსოვს, ღამე ბასიანზე გამომიჭირა და ძალიან ბევრი მელაპარაკა ამ თემაზე”. 

იმ პერიოდში ბრიუსელში აპირებდა გადასვლას, ევროკომისიაში ჰქონდა სტაჟირების შეთავაზება და ძალიან უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ საბოლოოდ საქართველოში დაბრუნება და თანასწორობის მოძრაობაში მუშაობა გადაწყვიტა. 

“მქონია პერიოდი, როცა მინანია. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, სად მოეთრეოდი-მეთქი, თან მალევე აირია სიტუაცია, ბასიანის დარბევა და ა.შ., როცა ერთმანეთის მიყოლებით ცუდი რაღაცები მოხდა”, — ამბობს გიორგი, თუმცა ამატებს, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ჩამოსვლას არ ნანობს. 

ყველამ ვიცით, რომ აქტივიზმი არ არის მარტივი, მით უფრო, ლგბტქი აქტივიზმი ქვეყანაში, სადაც ჰომოფობია ჯერ კიდევ მძლავრადაა. გიორგი ამბობს, რომ ამ პროცესში ბევრი კონკრეტული ზიანი მიადგა, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, საჯარო სივრცეში უსაფრთხოდ არსებობის კუთხით.

გიორგი თაბაგარი
ფოტო: ვახო ქარელი

“რაღაცები ალბათ ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული, მაგალითად, როგორ ვიგრძნობდი თავს ქალაქში, სადაც ძალიან მიყვარს ცხოვრება. რაღაც ეტაპზე ფეხით სიარულის დისკომფორტი შემექმნა, მუდმივად იყო საფრთხის შეგრძნება, მუდმივად უნდა უყურო აქეთ-იქეთ, იფიქრო იმაზე, რატომ გიყურებს სხვა და ა.შ.”

“თუ საკანონმდებლო ცვლილებები ან რაიმე თემაზე ადვოკატირება გვჭირდება, ეს ხდება პოლიტიკის გავლით. ვინც სხვანაირად ფიქრობს, ან თავს იტყუებს, ან არაეფექტური მეთოდები აქვს პოლიტიკის განსახორციელებლად”

მიუხედავად ბევრი სირთულისა, გიორგი ფიქრობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვიარ უფლებების კუთხით ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს, როგორც კანონმდებლობის, ისე სოციალური თვალსაზრისით — “დღეს თითქმის არ არსებობს მნიშვნელოვანი კლუბი საქართველოში, რომელიც ქვიარ ფართის არ აორგანიზებს. ეს შეიძლება მხოლოდ გასართობ მოვლენად წარმოედგინოს ვინმეს, მაგრამ რეალურად, უდიდესი სოციალური დატვირთვა აქვს”.

გარდა ამისა, გიორგი საუბრობს თაობის ცვლილებაზე, ასევე, გამოკითხვებზე, რომლის მიხედვით, უფრო მეტ ადამიანს მიაჩნია, რომ ლგბტ უფლებები მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კანონმდებლობას, ის ფიქრობს, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომლის მიხედვით ოჯახი ქალისა და კაცის ერთობად განისაზღვრა, მთლიანობაში უკეთესი კანონმდებლობა გვაქვს, ვიდრე იყო და ამას განაპირობებს ანტიდისკრიმინაციული კანონიც.

“ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ უკეთეს გარემოში იმ პერიოდთან შედარებით, როცა მე ვიწყებდი. წარმოუდგენელი სხვაობაა. თუმცა ახლა მიგრაცია გვაქვს ქვიარ თემში და ეს დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ალბათ. ამის მიუხედავად, მგონია, რომ პროგრესი არის შეუქცევადი და ვერაფერი შეაჩერებს — გაიზარდა განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ახალი თაობა, ასევე, 50 წლამდე ადამიანები ბევრად გახსნილები არიან რიგი საკითხების მიმართ, ვიდრე წინა თაობა. ეს ყველაფერი მოქმედებს იმაზე, რომ მალე გავარღვევთ ამ ზღვარს და ბევრად მეტი ადამიანი იფიქრებს იმაზე, რომ It’s okay to be gay”.

დაყოფა და ერთობა

აქტივიზმის პერიოდში ყველაზე რთულად 2018 წლის 17 მაისის და 2021 წლის 5 ივლისის პერიოდები ახსენდება — ამბობს, რომ 2018 წელი იყო წყალგამყოფი, როცა ძალიან დიდი გაყოფა მოხდა ქვიარ მოძრაობაში, ხოლო 5 ივლისის პერიოდი ემოციურად ძალიან მძიმე იყო და დღემდე რთულად ახსენდება.

“თვითმიზანი სადღაც ჩავლა არასდროს ყოფილა. ჩვენი მიზანი ყოველთვის უსაფრთხო და თანასწორ გარემოში ცხოვრება იყო, სადაც ადამიანები თავს დაცულად გრძნობენ”

“2018 წელს, როცა 17 მაისს ვაორგანიზებდით, ბევრი ადამიანი იყო ჩართული და რამდენიმე დღით ადრე მივიღეთ ინფორმაცია, რომ თუ გარეთ გავიდოდით, ამას შესაძლოა მოჰყოლოდა დაპირისპირება, დაიღვრებოდა სისხლი და ა.შ. ამ ინფორმაციისთვის მზად არ აღმოვჩნდით. საერთო გადაწყვეტილება იყო, რომ არ გავდიოდით გარეთ და ვაუქმებდით ღონისძიებას. მე, ნინო ბოლქვაძე და ანა სუბელიანი ამას არ ვეთანხმებოდით. იმის მიუხედავად, რომ სრულ უმცირესობაში ვიყავით და ვმუშაობდი თანასწორობის მოძრაობაში, მართალია, ორგანიზებაში არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ გავედი აქციაზე. ძალიან რთული პერიოდი იყო, ალბათ ყველაზე დრამატული, რაც მახსენდება ქვიარ მოძრაობაში, როცა მთელმა ქვიარ კომუნამ გაგვრიყა ეს სამი ადამიანი. რთული იყო ამ პროცესის გავლა. მერე მეტ-ნაკლებად აღვადგინეთ ურთიერთობები, მაგრამ თანასწორობის მოძრაობის განვითარების პროცესში საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციის ადვოკატირების ნაწილი პრიორიტეტად ვეღარ დავინახე. ჩავთვალე, რომ იყო დრო, რაღაც ახალი გამეკეთებინა”.

როგორც ამბობს, 17 მაისის გამოცდილება იყო ის, რამაც დაარწმუნა, რომ ნაბიჯი უნდა გადაედგათ და საჯარო შეკრებისთვის ბრძოლა უფრო მეტი ხილვადობით გაეგრძელებინათ — “ამას ემატებოდა ისიც, რომ თითქოს 17 მაისმა თავი ამოწურა, ძალიან საკრალური თარიღი გახდა საპატრიარქოს გამო”.

“მე არ მაქვს ბევრი დრო, რომ 20-წლიან პერსპექტივაზე მქონდეს წარმოდგენილი, როგორ შეიცვლება ადრე თუ გვიან სიტუაცია თავისით, პატარ-პატარა აქტივობებით. ეს არ მაკმაყოფილებდა არასდროს, მინდოდა, ცოტა დამეჩქარებინა ის პროცესი, რომელიც ამ მიმღებლობას გაზრდიდა”

გადაწყვიტეს, გაეკეთებინათ ღონისძიება სრულიად ახალ მოცემულობაში, რომელიც შეიცავდა პრაიდის ელემენტებს და მათი ნიშა იქნებოდა ხილვადობისა და ადვოკატირების ნაწილი. მზადების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, უნდა ეზრუნათ სტრატეგიაზე და სხვა დოკუმენტებზე, გუნდზე.

“პრაქტიკულად ყოველ დღე მივდიოდით სოციალურ სივრცეებში, საქსეს ბარში, ჰორუმზე და ა.შ. და ვლაპარაკობდი პრაიდის იდეაზე, ძალიან მოტივირებული ვიყავი. იმ გადმოსახედიდან ორ რაღაცას ვანიჭებდი მნიშვნელობას: ისეთი აქტივისტები უნდა მომეძებნა, ვინც უკან არ დაიხევდა ხილვადობის საკითხში. რეალურად, როცა ამ საქმეს აკეთებ, გჭირდება, იყო ხილვადი, სხვანაირად პრაიდს ვერ გააკეთებ. აქტივისტების შერჩევისას, მეორე საკითხი იყო, რამდენად შეიძლებოდა დავყრდნობოდით ისეთი რთული გამოწვევების დროს, რომელიც აუცილებლად დაგიდგება და ამას სჭირდება ემოციური მზაობა და სიმამაცე, რადგან ძალიან დიდი წნეხია. ასე შევიკარით 7 ადამიანი, რომლებმაც დავაფუძნეთ თბილისი პრაიდი”.

ამბობს, რომ ორგანიზაციის კეთება სრულიად ნულიდან, მოხალისეობრივ საწყისებზე დაიწყეს და დღემდე აქვს სიამაყის შეგრძნება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს. მათ შორის, მემორანდუმი პოლიტიკურ პარტიებთან, როცა 15-მა პარტიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვით, პირობას დებდნენ, რომ უზრუნველყოფდნენ თანასწორობას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

“დღევანდელ რეალობაში იშვიათად შეძლებთ გაიხსენოთ ისეთი ფაქტი, როცა 15 პოლიტიკური პარტია რამეზე შეთანხმდა. მე და ანა სუბელიანი ვმუშაობდით ამაზე და როცა ვიწყებდით, არც კი სჯეროდათ, ალბათ 2-3 პარტია მოგიწერთ ხელსო. ჩვენ მართლა შეუძლებელი შევძელით და ისეთმა ადამიანებმაც კი მოგვიწერეს ხელი, რომლებზეც ვერ ვიფიქრებდი, რომ რაიმე ფორმით მოუნდებოდათ აფილირება დოკუმენტთან, სადაც ლგბტქი უფლებები ან ჰომოფობია იქნებოდა ნახსენები. მნიშვნელოვანია, რომ ჰომოფობია, როგორც პრობლემა, იყოს აღიარებული. ცვლილებები უცებ არ ხდება. დაიძრა ყინული, რომ პოლიტიკურ პარტიებთან რაღაც ტიპის თანამშრომლობა გვქონოდა. თუ საკანონმდებლო ცვლილებები ან რაიმე თემაზე ადვოკატირება გვჭირდება, ეს ხდება პოლიტიკის გავლით. ვინც სხვანაირად ფიქრობს, ან თავს იტყუებს, ან არაეფექტური მეთოდები აქვს პოლიტიკის განსახორციელებლად”.

“მნიშვნელოვანია, როდის რას აკეთებ, რამდენად იაზრებ კულტურულ-პოლიტიკურ პროცესს და როცა ამხელა საერთო მტერი გვყავს, ცოტა უფრო მეტი სოლიდარობა, გვერდში დგომა და ნაკლები ფეხის დადებაა საჭირო იმისთვის, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ. რესურსის ნაკლებობას არ განვიცდიდით, მხარდაჭერა გვაკლდა”

გიორგის აზრით, იმაში, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანების დამოკიდებულებები შეიცვალა და უფრო მეტი ფიქრობს, რომ ლგბტქი უფლებები მნიშვნელოვანია, თბილისი პრაიდმა დიდი როლი ითამაშა. მისი თქმით, ორგანიზაციამ ეფექტურად იმუშავა მედიასთანაც და საზოგადოებასთანაც.

“თვითმიზანი სადღაც ჩავლა არასდროს ყოფილა. ჩვენი მიზანი ყოველთვის უსაფრთხო და თანასწორ გარემოში ცხოვრება იყო, სადაც ადამიანები თავს დაცულად გრძნობენ. რიგი საკითხების უფრო გაპოლიტიკურება, პრობლემებზე პირველ პირში საუბარი რეალურად ჩვენ დავიწყეთ აქტიურად და ყველაზე ხილვადი ჯგუფი გავხდით ქვიარ თემში, რაც ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანებს ჰყავდეთ ხილული მაგალითები, ვის რა საკითხი აწუხებს. ხშირად საუბრობენ ხოლმე, რომ ხილვადობის ყველა იმ აქტს, რომელიც თბილისი პრაიდს ჰქონდა, ძირითადად, მარშის ირგვლივ, ახლავს ხოლმე ნეგატიური რეაქცია, რომ უფრო მწვავდება უსაფრთხოების გამოწვევები. მოლოდინიც გვქონდა, რომ ასე იქნებოდა, ცვლილებები მარტივად არ ხდება. ჩემს წარმოდგენაში, მე არ მაქვს ბევრი დრო, რომ 20-წლიან პერსპექტივაზე მქონდეს წარმოდგენილი, როგორ შეიცვლება ადრე თუ გვიან სიტუაცია თავისით, პატარ-პატარა აქტივობებით. ეს არ მაკმაყოფილებდა არასდროს, მინდოდა, ცოტა დამეჩქარებინა ის პროცესი, რომელიც ამ მიმღებლობას გაზრდიდა”.

გიორგი თაბაგარი
ფოტო: ვახო ქარელი

გიორგი თაბაგარს ვკითხე იმის შესახებაც, რას ფიქრობს ქვიარ აქტივისტებს შორის თვალსაჩინო აზრთა სხვადასხვაობის, ხშირად დაპირისპირების შესახებაც. მისი თქმით, არასწორია იმის მოლოდინი, რომ იმხელა ჯგუფში, როგორიცაა ქვიარ თემი, ჰარმონია უნდა იყოს — “იმდენი სხვადასხვა ჯგუფია, სხვადასხვა გამოცდილებით, რომ ჩაგვრები კი გვაერთიანებს, მაგრამ ბევრი საკითხია, რომელზეც შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი. სტრატეგიაშიც შეიძლება გქონდეს აცდენა, თუ როგორ ვხედავთ პრობლემის მოგვარების გზას. გარდა ამისა, პოლარიზება მხოლოდ პოლიტიკურ ველზე არ არის, ეს აისახება მედიაზე, სამოქალაქო მოძრაობებსა თუ აქტივისტებზეც”.

“აქტივიზმში ჩემს ჩართულობას მხოლოდ ის განზომილება არ ჰქონდა, რომ თემის წევრი ვარ. მე ეს საქმე მეხერხება, პროფესიულად მაინტერესებდა აქტივიზმი”

თუმცა ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, მათ შორის, ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით, არ უნდა, ეს ურთიერთობები იყოს არაკონსტრუქციულ ფორმატში. 

“ამ განხილვებში ჩვენ დიდი დრო დავკარგეთ წარსულში. ამიტომ თბილისი პრაიდის პირველი წლის გამოცდილების შემდეგ, გუნდში მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ არ შევსულიყავით დაპირისპირებაში, განსაკუთრებით, საჯარო ველზე იმ ადამიანებთან, რომლებიც თემს ან სხვა ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ. შეიძლება მცირე გადაცდომები იყო ამ პროცესში, იმიტომ, რომ ადამიანები ვართ, მაგრამ ყოველთვის ვაკონტროლებდით ერთმანეთს”.

ფიქრობს, რომ ეს მეტ-ნაკლებად წარმატებით გააკეთეს, თუმცა სასურველ უკუკავშირს ხშირად ვერ იღებდნენ. მაგალითად ასახელებს 5 ივლისის პერიოდს, როცა პრაიდის ორგანიზებაში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული და ამბობს, რომ აკლდათ ქვიარ ორგანიზაციები.

“ეს ჩემთვის ცოტა გაუმართლებელია და რადგან აღარ ვმუშაობ ამ სფეროში, შემიძლია ცოტა რეფლექსია მქონდეს — ცოტა სამარცხვინო იყო ალბათ, რიგი ორგანიზაციები და ადამიანები არასწორ მხარეს აღმოჩნდნენ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, როდის რას აკეთებ, რამდენად იაზრებ კულტურულ-პოლიტიკურ პროცესს და როცა ამხელა საერთო მტერი გვყავს, ცოტა უფრო მეტი სოლიდარობა, გვერდში დგომა და ნაკლები ფეხის დადებაა საჭირო იმისთვის, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ. რესურსის ნაკლებობას არ განვიცდიდით, მხარდაჭერა გვაკლდა. დღემდე გული მწყდება რიგ ადამიანებზე. მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მესმის რაღაც მომენტში, ვცდილობ წარმოვიდგინო რაღაც საკითხები მათი მხრიდან, რატომ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში ისე, როგორც მოიქცნენ. მაგრამ გული მწყდება ვიღაცებზე, კი და დღემდე მომყვება რაღაც ეტაპზე ეს გულისწყვეტა. თუმცა ამას არ ვიყენებ ბოროტად”.

როგორც გვიყვება, 2021 წლის დასაწყისში, სანამ 5 ივლისი მოხდებოდა, ორგანიზაციის გამგეობასა და თანამშრომლებს უთხრა, რომ თბილისი პრაიდს ტოვებდა.

“რატომ ვართმევთ ადამიანებს თანასწორად ცხოვრების შესაძლებლობას? რას ვკარგავთ ჩვენ იმით, რომ ვიღაცას აქვს სამოქალაქო პარტნიორობის უფლება? — ეს კითხვა ალბათ ყველა ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს”

“3 წელი ვიყავი ორგანიზაციის დირექტორი, მანამდე ჯამში სამოქალაქო აქტივიზმის დაახლოებით 12 წელი დამიგროვდა და ძალიან დიდი გზა გამოვიარე ამ პერიოდში. თითქოს ამოვწურე საკუთარი თავი სამოქალაქო აქტივიზმში იმ ფორმით, რა ფორმითაც ვიყავი. ჩემი ასაკიდან, გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია, უკეთესი ანაზღაურება მქონდეს. ის სტრესი და გამოცდილება, რომელიც გავიარე, საკმარისი იყო, რომ ჩემი ცხოვრების ის თავი დამეხურა”.

როგორც ამბობს, ძალიან შორსაც არ წასულა და ზოგადად, საქმე, რომელიც აინტერესებს, სოციალურ ცვლილებებთან უნდა იყოს ბმაში — “ამის ირგვლივ ვიტრიალებ ალბათ მთელი ცხოვრება, ალბათ ეს არის ჩემი როლი, რომელიც მინდა, რომ მქონდეს”.

გიორგი თაბაგარი
ფოტო: ვახო ქარელი

მიიჩნევს, რომ მისი ცხოვრება სხვადასხვა პროექტისგან შედგება და თბილისი პრაიდიც ერთი ასეთი, დიდი პროექტი იყო.

“აქტივიზმში ჩემს ჩართულობას მხოლოდ ის განზომილება არ ჰქონდა, რომ თემის წევრი ვარ. მე ეს საქმე მეხერხება, პროფესიულად მაინტერესებდა აქტივიზმი”.

სამოქალაქო პარტნიორობა

გიორგი თაბაგარი ახლა პარტნიორთან ერთად ცხოვრობს და აღელვებს ის საკითხი, რომ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, მათი ურთიერთობა სამართლებრივ ფორმებში მოექცეს. ამ შემთხვევაში ის საუბრობს სამოქალაქო პარტნიორობაზე ყველა იმ უფლების გათვალისწინებით, რომლებიც აქვთ თანაცხოვრებაში მყოფ ადამიანებს, გარდა ქორწინების და შვილად აყვანის საკითხისა. 

“თანაცხოვრებას აქვს ბენეფიტები, რომლებიც ნორმალურ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს. მაგალითად, როდესაც ორი ადამიანი აგროვებს საერთო ქონებას, მათ სჭირდებათ ისეთ რაღაცებზე წვდომა, როგორიც არის, მაგალითად, მემკვიდრეობა ან თუნდაც ქონებრივი დავა — თუ ცხოვრობ ადამიანთან ერთად 10 წლის განმავლობაში და ერთად შეიძინეთ ბინა, მანქანა, ნებისმიერი მცირე თუ დიდი ნივთი, ეს ყველაფერი არის თანაცხოვრების დროს შეძენილი და გჭირდება რაღაც საკანონმდებლო ჩანაწერი. იგივე ეხება, ვთქვათ, სესხის გამოტანას ბანკიდან, როცა ოჯახის წევრებს შეუძლიათ ერთობლივი სესხი გააკეთონ. გარდა ამისა, თუ ერთი პარტნიორი აღმოჩნდა საავადმყოფოში, მეორეს უნდა ჰქონდეს უპირატესი უფლება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იგივე ეხება ციხეს, ჩვენების მიცემის ნაწილს და ა.შ.”.

გიორგი ფიქრობს, როგორც საზოგადოება, ისე პოლიტიკოსები უკვე მზად არიან იმისთვის, რომ ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყოს, მაგრამ ამას სჭირდება სხვა ტიპის საკანონმდებლო რეგულირება, ხედვა და სწორი მუშაობა. მისი თქმით, სწორი არ არის შეხედულება, რომ ამ საკითხის წინ წამოწევა უფრო მეტ აგრესიას იწვევს. ის იხსენებს საკუთარ გამოცდილებას, როცა თანასწორობის მოძრაობაში სამოქალაქო კამპანიის წარმოების პროცესში ფოკუს ჯგუფები ჩაატარეს სხვადასხვა რეგიონის, ჯგუფის, ასაკის ადამიანებთან და გამოიკვეთა, რომ “როცა საქმე არ მიდგება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ქორწინება და შვილად აყვანა და საუბარია სამოქალაქო პარტნიორობის იმ გაგებაზე, რომელიც კონკრეტულ უფლებრივ ჩამონათვალს გულისხმობს, მოსახლეობას ამაზე პრობლემა არ აქვს”. 

“შეიძლება სინანულის რამდენიმე კონკრეტული მიზეზი იყოს მთლიანად პროცესში, მაგრამ ერთიანობაში არა, პირიქით — მგონია, რომ სადაც არ უნდა მეცხოვრა, სხვაგან ასეთ საინტერესო ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვერ მივიღებდი”

“თუ არ იმუშავებ, რა თქმა უნდა, მარტივია თქვა, რომ საზოგადოება ჯერ არ არის მზად. არასდროს იქნება მზად, თუ არ დაიწყება ამაზე მუშაობა”.

მისი თქმით, სამოქალაქო პარტნიორობა ქვიარებს შეუქმნის მეტ-ნაკლები თანასწორობის შეგრძნებას, რომ “ჩვენც ვართ ამ საზოგადოების მეტ-ნაკლებად თანასწორი ნაწილი, რომ ყოველ ნაბიჯზე არ ვგრძნობდეთ განსხვავებას”.

ჰომოფობიაზე საუბრისას გიორგი ამბობს, რომ ბევრი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებამ კითხვები უნდა დასვას. მისი თქმით, მთელი ამ პროცესის კრიტიკული გააზრება, საერთოდ რატომ გვაწუხებს სხვა ადამიანების ორიენტაცია, კრიტიკული ანალიზის ნაკლებობის და გაუნათლებლობის შედეგია. 

რატომ ვართმევთ ადამიანებს თანასწორად ცხოვრების შესაძლებლობას? რას ვკარგავთ ჩვენ იმით, რომ ვიღაცას აქვს სამოქალაქო პარტნიორობის უფლება? — ეს კითხვა ალბათ ყველა ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს, როცა მეორე ადამიანის უფლებრივ თანასწორობაზე მიდგება საუბარი. არაფერს, არაფერს კარგავენ რეალურად ადამიანები, არც პრაიდ მარშით კარგავენ. ეს პოლიტიკური და ყურით მოთრეული თემაა, რომელიც რუსული დეზინფორმაციის და პირდაპირ კრემლის პოლიტიკის შედეგია ამ ქვეყანაში. 2022 წლის პრაიდ კვირეული იყო ზუსტად იმის მაგალითი, რომ თუ ფულს არ ჩადებენ ჰომოფობიის ორგანიზებაში, საშუალო სტატისტიკური ქართველი ქუჩაში ქვას არ გესვრის. ამის უკან ყოველთვის დგანან რაღაც ინსტიტუციები, როგორიცაა ეკლესია, რომელიც რუსეთის მთავარი გავლენის აგენტია საქართველოში, ასევე, ალტინფო და კონსერვატიული პარტიები, რომლებიც პირდაპირ დაფინანსებას იღებენ რუსეთიდან. შესაბამისად, ჰომოფობია არის მართული პროცესი, რომელსაც კონკრეტული ინტერესი აქვს. კი, არიან ჰომოფობები ბუნებრივადაც ამ საზოგადოებაში, მაგრამ ქვით არ მოგდევენ”.

რაც შეეხება მის პირად გამოცდილებებს, ამბობს, რომ რაღაც ტიპის გამოწვევებს აწყდება და მისი საქმიანობიდან გამომდინარე, დღეს აღარ არის მარტივი იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობდა წარსულში. 

“მე ასე ვუყურებ, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრების გამოცდილება მქონდა პროფესიული ზრდის თვალსაზრისითაც და თვითრწმენის გაუმჯობესების კუთხითაც. შეიძლება სინანულის რამდენიმე კონკრეტული მიზეზი იყოს მთლიანად პროცესში, მაგრამ ერთიანობაში არა, პირიქით — მგონია, რომ სადაც არ უნდა მეცხოვრა, სხვაგან ასეთ საინტერესო ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვერ მივიღებდი”.

სად შეგიძლიათ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება თურქეთში დაზარალებულებისთვის

6 თებერვალს, დილის საათებში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა და დაზარალებულთა რაოდენობა იზრდება.

  • ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 7 108-ს აღწევს და დაშავებულია 37 011 ადამიანი.
  • სირიაში დაღუპულთა რიცხვი 2 470-მდე გაიზარდა.

7.8-ბალიანი მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გაზიანთეფის მახლობლად იყო და მას რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათ შორის ერთ-ერთი კი თითქმის ისეთივე მაღალი მაგნიტუდის იყო (7.5), როგორიც პირველი.

საზღვართან ახლოს თურქეთის ტერიტორიაზე ამჟამად სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 79 000-ზე მეტი პერსონალია ჩართული.

მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით საქართველოში თურქეთის საელჩომ განცხადებაა გააკეთა:

„2023 წლის 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშში მომხდარი და ვრცელ ტერიტორიაზე დამანგრეველი შედეგების მომტანი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით, საელჩოს კოორდინაციით მოხდება საჭირო მასალების შეგროვება და ჩვენს ქვეყანაში გაგზავნა.

საჭირო მასალების სია ჩამოთვლილია ქვემოთ.

თუ მასალები გამოუყენებელი და ზამთრის პირობებზე იქნება მორგებული, ასევე ღია ყუთებში იქნება განთავსებული, დიდად მადლობელი ვიქნებით“.

საჭირო მასალების სიაშია:

  • ქურთუკი
  • საწვიმარი
  • ჯემპრი
  • ხელთათმანი
  • ქუდი
  • წინდა
  • პლედი
  • საძილე ტომარა
  • საკვების შეფუთვა (დაკონსერვებული)
  • საკვები ბავშვებისთვის
  • ჰიგიენური საფენები (ბავშვისა და ქალის)
  • ჰიგიენის მასალები

მსურველებს შეუძლიათ შემოწირულობები 2023 წლის 10 თებერვლის ჩათვლით მიიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე თბილისში:

თურქეთის საელჩო

მისამართი: ილია ჭავჭავაძის #35

ელ. ფოსტა: Embassy.tbilisi@mfa.gov.tr

საკონტაქტო ნომრები: 511 130 198 (Beliz Turpçu), 599 033 560 (Boran Can Koçboğan).

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიადი“

მისამართი: თავისუფლების მოედანი #4

ელ. ფოსტა: gurtiad@gurtiad.ge

საკონტაქტო ნომერი: 577 562 000 (Mert Softer)

დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „მუსიადი“

მისამართი: ილია ჭავჭავაძე, #37

ელ. ფოსტა: Musiadtbilisi@hotmail.com

საკონტაქტო ნომერი: 557 505 946 (ხათუნა)

Yonpas Georgia Ltd. Depo

მისამართი: ლიბანის ქუჩა #4/გ, ავჭალა

საკონტაქტო ნომერი: 577 562 007 (İsa Altun)

წყარო: The Guardian, BBC, T.C. Tiflis Büyükelçiliği’

ქვიარი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

10 ქვიარ რეჟისორი, რომელთა ფილმებს ყველა კინომოყვარული უნდა იცნობდეს

მიუხედავად იმისა, რომ კინო დიდხანს იყო ჰეტერონორმატული სივრცე, არაერთმა ქვიარ რეჟისორმა შეძლო, გავლენა მოეხდინა, ახალი სიტყვა ეთქვა და საუკეთესო რეჟისორთა რიგებში დაემკვიდრებინა თავი.

სტატიაში მოხსენიებული თითოეული რეჟისორის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ კინოს ისტორიაში ყველაზე გამორჩეულ, გავლენიან რეჟისორებს შორის არიან, რომლებმაც კინომოყვარულებს დაუვიწყარი ფილმები აჩუქეს.

პიერ პაოლო პაზოლინი

Film Galerie 451

მე-20 საუკუნის იტალიისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნე, მწერალი, პოეტი, ვიზუალური არტისტი, მსახიობი და რეჟისორი, პიერ პაოლო პაზოლინი 1975 წელს, 53 წლის ასაკში მოკლეს. დღემდე გაუხსნელ მკვლელობას შეწირულმა ქვიარ რეჟისორმა მოასწრო და 14-წლიან სარეჟისორო კარიერაში ყველა დროის საუკეთესო ფილმებს შორის ხშირად მოხსენიებული ნამუშევრები გადაიღო.

პაზოლინის ფილმების მთავარი თემები რელიგიური და პოლიტიკური ძალაუფლებისა და ინდივიდის მიმართება, სექსუალობის კვლევა, სექსუალური ძალმომრეობა, სოციალური გამოწვევები, მაღალი კლასის აბსურდული, უაზრო ყოფა, იმ ადამიანების გამოცდილების ასახვა იყო, რომელიც სახელმწიფოს დღის წესრიგის მიღმა, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. საკუთარი ფილმების სცენარზე ძირითადად თვითონვე მუშაობდა და ორიგინალ სცენარებთან ერთად, ადაპტირებული აქვს ბერძნული თუ ქრისტიანული მითები, შუა საუკუნეებისა და აღორძინების ხანის ლიტერატურული ნაწარმოებები.

პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, აკატონე 1961 წელს გამოვიდა და მომდევნო 13 წლის განმავლობაში კიდევ 11 ფილმის გადაღება მოასწრო. 1964 წლის ფილმისთვის, მათეს სახარება, ვენეციის კინოფესტივალის ვერცხლის ლომი მოიპოვა. ბერლინის კინოფესტივალის ვერცხლის დათვით აღინიშნა 1971 წელს გამოსული დეკამერონი, ოქროს დათვი მოიგო ფილმისთვის კენტერბერიული მოთხრობები (1972). ხოლო 1974 წელს გამოსული ფილმისთვის 1001 ღამის ყვავილი კანის კინოფესტივალის სპეციალური პრიზი მოიპოვა. პაზოლინის ბოლო და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ფილმი, სალო ანუ სოდომის 120 დღე მის მკვლელობამდე რამდენიმე წლით ადრე, 1975 წელს გამოვიდა.

პედრო ალმოდოვარი

KVIFF

ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც პედრო ალმოდოვარის რომელიმე ფილმი თუ არა, მისი სახელი მაინც არ სმენია. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, ესპანური და მსოფლიო კინოს გამორჩეული ხმაა, ვისი ფილმების ფერებს, პერსონაჟების თავსგადამხდარ ამბებს თუ მუსიკალურ თანხლებას ყველასგან განასხვავებთ.

აღსანიშნავია მისი პირველივე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგოები, რომლის შემდეგაც, მთელი კინო კარიერის განმავლობაში არ შეუწყვეტია მრავალშრიანი, გამორჩეული ქალი პერსონაჟების შექმნა, ქვიარ გამოცდილებების ასახვა, ტრავმასთან გამკლავების, სიყვარულისა და ურთიერთობების, ძალმომრეობის, თვითაღმოჩენების ამბების მოყოლა.

პედრო ალმოდოვარის, როგორც შემოქმედის გასაგებად მისი 2019 წლის ფილმი, ტკივილი და დიდება საუკეთესო საშუალებაა. ავტობიოგრაფიული მხატვრული ფილმი რეჟისორის ბავშვობის მოგონებებს, თვითგამორკვევას, დედასთან ურთიერთობის ფაქიზ ამბავს, ფიზიკური თუ ემოციური ტკივილების გულახდილ მონათხრობს აერთიანებს და ასაკში შესულ შემოქმედს გვაცნობს, რომელიც წარსულის მოგონებებს, სინანულს, დანაკარგს, დიდებასა და დღევანდელობას შორის არის გამოკიდებული. თუმცა, მისთვის დიდება ნამდვილად არაა წარსული — 2021 წელს კიდევ ერთი წარმატებული ფილმი, პარალელური დედები გადაიღო, რომელიც იმის ნათელი მაგალითია, რომ სათქმელი კიდევ აქვს და იქნებ იმაზე მნიშვნელოვანიც, ვიდრე ფილმებით, ყველაფერი დედაჩემის შესახებ, ქალები ნერვული კრიზისის ზღვარზე, ხულიეტა, ცუდი აღზრდა თუ სხვა ნამუშევრებით მოგვიყვა. 

ლუკინო ვისკონტი

თეატრისა და კინოს იტალიელი რეჟისორი, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოქმედი, ლუკინო ვისკონტი იტალიური ნეორეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო და გაჭირვებული მუშათა კლასის ყოველდღიურობას იკვლევდა, უფრო გვიანდელ პერიოდში კი იტალიური ბურჟუაზიის კრიზისზე ჰყვებოდა. რეჟისორის ყურადღების ცენტრში უნივერსალური, მუდმივად აქტუალური თემები იყო, ამიტომ მისი ფილმები დღესაც ისეთივე საინტერესოა, როგორც გადაღების პერიოდში.

მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, აკვიატება 1943 წელს გამოვიდა. ამის შემდეგ კიდევ 13 ფილმი გადაიღო, რომლებიც მუდმივად კინოკრიტიკოსებისა და დაჯილდოებების ყურადღების ცენტრში იყო. ფიოდორ დოსტოევსკის მოკლე მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმი, თეთრი ღამეები, რომელიც 1957 წელს გამოვიდა, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ვერცხლის ლომით აღინიშნა, 1965 წლის ფილმი, სანდრა კი ოქროს ლომით დაჯილდოვდა. 1963 წელს გამოსული ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, ლეოპარდი კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. გარდა ამისა, მის ფილმოგრაფიაში გამორჩეულია 1960 წლის ფილმი, როკო და მისი ძმები, ასევე ალბერ კამიუსა და თომას მანის ნაწარმოებების ეკრანიზაციები, უცხო და სიკვდილი ვენეციაში.

ლუკრეცია მარტელი

Metrograph

ლეგენდარული არგენტინელი რეჟისორი, ახალი არგენტინული კინოს გამორჩეული შემოქმედი, თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო რეჟისორად მიჩნეული ლუკრეცია მარტელი უხვფილმიანი კარიერით არ გამოირჩევა. 2001 წლიდან დღემდე სულ 4 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღო, თუმცა ყველა მათგანს კრიტიკოსების მოწონება ხვდა წილად.

რეჟისორის სადებიუტო ფილმი 2001 წელს გამოსული ჭაობია, რომელიც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს დათვის ნომინანტი გახდა. 2004 წლის ფილმი, წმინდა გოგო და 2008 წლის ფილმი, უთავო ქალი კანის კინოფესტივალზე მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. რეჟისორის ამ დროისთვის ბოლო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 2017 წელს გამოსული ზამა, მაყურებელთა აზრით, ყველა დროის საუკეთესო არგენტინულ ფილმების შორის მე-19 ადგილს იკავებს (2022 წლის გამოკითხვა).

აპიჩატპონგ ვირასეტაკული

Kick The Machine

კანის კინოფესტივალის გრანპრის და ჟიურის პრიზის ორგზის მფლობელის, 52 წლის ტაილანდელი რეჟისორის სიზმარეულ ფილმებს ყველასგან გამოარჩევთ. ვირასეტაკულის თქმით, სიზმრების დღიურს აწარმოებს და მის ფილმებზე სიზმრის ლოგიკა თუ ალოგიკურობა ახდენს გავლენას, რაც მის ნამუშევრებშიც იგრძნობა. ქვიარ რეჟისორი მიიჩნევს, რომ სექსუალურ ორიენტაციას მნიშვნელობა არ აქვს და არც მის ხედვაზე აისახება, ის უბრალოდ ქმნის ფილმებს ყველასთვის, ვინც სიზმრებსა და მითებში დაემგზავრება.

პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი 2000 წელს გადაიღო — ექსპერიმენტული დოკუმენტური ფილმი, ამოუცნობი ობიექტი შუადღისას. 2 წლის შემდეგ გამოსული პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის, ნეტარებით თქვენი, კანის კინოფესტივალზე ჯილდოც გადაეცა — განსაკუთრებული ხედვისთვის. მას შემდეგ კიდევ 10 სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ორჯერ კანის კინოფესტივალის ჟიურის ჯილდოც მიიღო — 2004 წლის ქვიარ ფილმისთვის, ტროპიკული ავადობა და 2021 წელს გამოსული მემორიასთვის. 2010 წელს გრანპრის მფლობელი გახდა ფილმისთვის ძია ბუნმი, რომელსაც წარსული ცხოვრებების გახსენება შეუძლია. 2015 წელს კი იმავე დაჯილდოებაზე განსაკუთრებული ხედვისთვის კიდევ ერთხელ მიიღო ჯილდო, ფილმისთვის ბრწყინვალების სასაფლაო.

შანტალ აკერმანი

Slate

შანტალ აკერმანი ყველა დროის ერთ-ერთი ყველასგან გამორჩეული ბელგიელი რეჟისორია, რომლის ფემინისტური, ექსპერიმენტული ფილმები პირადი ცხოვრების პოლიტიკურ სარჩულს, ჰეტერონორმატული საზოგადოების მიერ ნაწარმოები გენდერული როლების წნეხსა და სიღრმეს იკვლევდა.

გაბედული, თავისი დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე თამამი რეჟისორის ფილმოგრაფია არაერთ გამორჩეულ ფილმს ითვლის. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, მე, შენ, ის [მამრობითი ნაცვალსახელი], ის [მდედრობითი ნაცვალსახელი] მარტოობის, იდენტობის, სხეულის, სექსუალური ძალმომრეობის კვლევაა, რომელშიც მთავარ როლს თავად რეჟისორი თამაშობს. ფილმი იმითაც არის გამორჩეული, რომ პირველი მეინსტრიმული კინონამუშევარი იყო, რომელშიც ლესბოსური სექსის გულახდილი სცენა ჩანდა. რეჟისორის მეორე, უკვე 1975 წლის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ჟან დილმანი, სანაპიროს 23, 1080 ბრიუსელი აქამდე თუ არ გინახავთ, იმ კინო გამოცდილების მოლოდინი უნდა გქონდეთ, რომელიც სრულიად ახალი იქნება. 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მაყურებელი ქვრივი დიასახლისის რუტინას უყურებს — არაფერი ხდება, გაღვიძება, საჭმლის მომზადება და სხვა საოჯახო საქმეები, მეზობლის ჩვილზე ზრუნვა, შუადღეობით სექს-მომხმარებლების მიღება, თინეიჯერ შვილთან, სრულიად ინერტულ, უუნარო ბიჭთან ურთიერთობა და კომუნიკაციის ფაქტობრივად არარსებობა გამაწამებლად მომაბეზრებელია. ჟანის მექანიკურ მოქმედებებში ნელ-ნელა იძირები და ფილმის ერთ მომენტში გამორჩენილი უმნიშვნელო რუტინული დეტალი მოულოდნელად გაცლის საყრდენს — იცი, რომ ქალის საათივით აწყობილ წესრიგს წყალი შეუდგა. ჟან დილმანი ალბათ ქალის უხილავ შრომაზე, დიასახლისების გამანადგურებელ რუტინაზე გადაღებული საუკეთესო ფილმია, რომელიც სოციალური დრამაც არის და შესანიშნავი კრიმინალური თრილერიც.

ჯონ უოტერსი

Jared Soares

ჯონ უოტერსისა და ლეგენდარული დრეგ ქვინისა და მსახიობის, დივაინის არაერთგზის თანამშრომლობა საკულტო ქვიარ კინოს საუკეთესო ნამუშევრებს დაედო საფუძვლად. ჯონ უოტერსი გაბატონებულ, ხშირად მცდარ წარმოდგენებს კინოენის საშუალებით ეწინააღმდეგებოდა და ფოკუსს მიმართავდა მარგინალიზებული, ტრადიციული ამერიკული საზოგადოების მიღმა მყოფი ადამიანების გამოცდილებებისკენ. რადიკალური გამოხატვის ფორმებით უოტერსი ანგრევდა დამკვიდრებულ წარმოდგენებს. მეტიც, სასაცილოდ იგდებდა მათ. უოტერსისა და დივაინის თანამშრომლობა 70-80-იანი წლების პერიოდში იყო ყველაზე აქტიური და ამ პერიოდში არაერთი დაუვიწყარი პერსონაჟი და ფილმი შექმნეს.

უოტერსის თავდაპირველი ფილმები მოკლემეტრაჟიანი იყო, რასაც სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები მოჰყვა. გამორჩეული იყო პირველივე სრულმეტრაჟიანი ფილმი, მონდო ტრაშო, რომლის პრემიერა 1969 წელს შედგა. 1970 წელს გამოვიდა მისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი, კომედიური და საშინელებათა ჟანრის რამდენიმე მანიაკი. ამის შემდეგ უოტერსმა თრეშ ტრილოგიაზე დაიწყო მუშაობა: 1972 წელს საკულტო ფილმი, ვარდისფერი ფლამინგოები გადაიღო, 1974 წელს — ქალის პრობლემა, ხოლო 1977 წელს გამოვიდა სასოწარკვეთილი ცხოვრება. გარდა ამისა, გამორჩეულია 1981 წლის კომედიური ფილმი, პოლიესტერი და 1988 წლის — თმის სპრეი.

რაინერ ვერნერ ფასბინდერი

Paris Review

37 წლის ასაკში გარდაცვლილი რაინერ ვერნერ ფასბინდერი ნაყოფიერი ფილმოგრაფიით გამოირჩევა. გერმანული ახალი ტალღის უმთავრესმა რეჟისორმა 40-ზე მეტი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება მოასწრო და მსოფლიო კინოს გამორჩეულ ხმად იქცა. ფასბინდერი მეორე ომის შემდგომ გერმანიას, იდენტობის კრიზისს, ადამიანურ ურთიერთობებსა და ემოციებს იკვლევდა.

ფასბინდერის ფილმოგრაფიაში გამორჩეულია რამდენიმე ქვიარ ფილმი: 1972 წელს გამოსული პეტრა ვონ კანტის ცხარე ცრემლები — ურთიერთობაში ძალაუფლებისა და მანიპულაციის ვიზუალურად გამორჩეული კვლევა, 1975 წლის ფილმი, ფოქსი და მისი მეგობრები — ფულის, ძალაუფლებისა და ურთიერთობების შესახებ გადაღებული ნამუშევარი და ჟან ჟენეს ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ქვირელ, 1982 წლის ფილმი, რომელიც მასკულინობის, ძალადობისა და სექსუალობის თემებს იკვლევს. 

ცაი მინ-ლიანი

Xiaomei Chen

მალაიზიელ-ტაივანელი შემოქმედი, ნელი კინოს ერთ-ერთი საუკეთესო ავტორი, ცაი მინ-ლიანი ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია, რომელსაც ამ დროისთვის 11 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული. ცაი მინ-ლიანი უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების გამოცდილებებზე, ადამიანურ მარტოობაზე, ურთიერთობების შეუძლებლობაზე, ურბანული გარემოსა და იზოლირების თემებზე ჰყვება და ამას გამორჩეული თხრობით ახერხებს.

პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ნეონის ღმერთის ამბოხებულები ახალგაზრდა ბიჭის თავგადასავალს გვიყვება, რომელიც სახლს ტოვებს და ტაივანის ქუჩებში დაეხეტება. ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომით აღინიშნა მისი მომდევნო ფილმი, გაუმარჯოს სიყვარულს, რომელიც ადამიანების სრულ იზოლირებაზე, კომუნიკაციისა და ურთიერთობების შეუძლებლობაზე მოგვითხრობს. გამორჩეულია რეჟისორის 2003 წლის ფილმი, მშვიდობით, დრეგონ ინ, რომლის სიუჟეტი იმ კინოთეატრში ვითარდება, რომელიც ბოლო კინოჩვენების შემდეგ უნდა დაიხუროს. ისევ მარტოობის თემას უტრიალებს რეჟისორის 2006 წლის ფილმი, არ მინდა მარტო ძილი. იზოლირების, მარტოსულობის თემას ასახავს რეჟისორის ამ დროისთვის ბოლო ფილმიც — 2020 წელს გამოსული წლები.

სერგო ფარაჯანოვი

Pera Museum

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორი, გამორჩეული ხედვის მქონე არტისტი, სერგო ფარაჯანოვი ეთნიკურად სომეხი რეჟისორი იყო, რომელიც საქართველოში დაიბადა და ცხოვრების დიდი ნაწილი უკრაინაში გაატარა. ფარაჯანოვი ამბობდა, რომ სწორედ ეს სამი ქვეყანა იყო მისი სამშობლო. სომხური, უკრაინული და ქართული ფოლკლორის, კულტურის გავლენა მის შემოქმედებაშიც აისახა. რეჟისორის მთავარი მუზა ლეგენდარული ქართველი მსახიობი, სოფიკო ჭიაურელი იყო. რეჟისორი საბჭოთა სისტემის თავდასხმის სამიზნე ხშირად გამხდარა და რამდენჯერმე პატიმრობაში და შრომით ბანაკშიც მოხვდა. მათ შორის, 1973 წელს ჰომოსექსუალობის ბრალდებით 4 წლით დააკავეს.

ფარაჯანოვის პირველი გამორჩეული ნამუშევარი 1965 წელს გამოსული დავიწყებული წინაპრების ლანდები იყო, რომელიც უკრაინული კინოპროდუქციაა. კიდევ ერთი გამორჩეული ფილმი, საყოველთაოდ ცნობილი ბროწეულის ფერი სომეხი პოეტის, საიათნოვას პოეტური ბიოგრაფიაა, რომელიც გამორჩეული ვიზუალური ხერხებისა და თხრობის გამო ყველა დროის საუკეთესო ფილმებს შორის სახელდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია 1985 წლის ფილმი, ქართული ხალხური ამბის რეჟისორისეული ვერსია, ლეგენდა სურამის ციხისა, რომელშიც მთავარ როლს დოდო აბაშიძე ასრულებს. ფარაჯანოვის ბოლო დასრულებული პროექტი 1988 წლის ფილმი, აშიკ-ქერიბი იყო, რომლის შთაგონების წყაროდ აზერბაიჯანული კულტურა იქცა.

რას ნიშნავს გენდერფლუიდი? — განმარტება და ნაცვალსახელები

გენდერფლუიდი არის არაბინარული გენდერული იდენტობის ერთ-ერთი ტიპი. ეს ნიშნავს, რომ ის გენდერული ბინარულობის, „ორობითობის“, გარეთ არსებობს, გენდერული ბინარულობა კი არის იდეა, რომ გენდერში მხოლოდ ორი კატეგორია არსებობს — კაცი და ქალი.

გენდერფლუიდ ადამიანს არ აქვს ფიქსირებული გენდერი. ნაცვლად ამისა, მისი გენდერი შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს.

ამ სტატიაში განხილულია, რას ნიშნავს, იყო გენდერფლუიდი, რა სხვა გენდერული იდენტობები არსებობს და როგორ დავუჭიროთ მხარი გენდერფლუიდ ადამიანებს.

► მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ გენდერული იდენტობები ძალიან პირადი რამაა და ადამიანებმა შეიძლება ისინი სხვადასხვაგვარად განმარტონ. ადამიანის სექსუალური, რომანტიკული თუ გენდერული იდენტობა ყოველთვის ისე უნდა განიხილოთ, როგორც თვითონ ეს ადამიანი აღწერს მას.

იხილეთ აგრეთვე გენდერული იდენტობა — მნიშვნელობა, ტიპები და საზოგადოების როლი

რას ნიშნავს გენდერფლუიდი?

გენდერფლუიდი ადამიანი შეიძლება გრძნობდეს, რომ მისი გენდერული იდენტობა ცვალებადია და არა — ფიქსირებული. მისი გენდერი შეიძლება იცვლებოდეს დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ — იქნება ეს დღე, კვირა, თვეები თუ წლები.

ვინაიდან გენდერული იდენტობა ძალიან პირადი და სპეციფიკური რამაა თითოეული ადამიანისთვის, ისინი შეიძლება ტერმინს „გენდერფლუიდი“ სხვადასხვანაირად იყენებდნენ. არ არსებობს გენდერფლუიდობის სტანდარტული განმარტება.

გენდერული იდენტობა

გენდერული იდენტობა არის ადამიანის მიერ საკუთარი გენდერის შინაგანი შეგრძნება და აღქმა. ადამიანი თავს შეიძლება გრძნობდეს მასკულინურად, ფემინურად, ორივეს ნაზავად ან არცერთად. ადამიანი ასევე შეიძლება საკუთარ თავს აიგივებდეს სხვა იდენტობასთან, რომელიც ამ კლასიფიკაციებში არ ჯდება.

გენდერული იდენტობა ასევე არის სახელი ან იარლიყი, რომელსაც ადამიანები იყენებენ სხვებისთვის საკუთარი გენდერის აღსაწერად. ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება იყოს იგივე, რაც მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესია, ან განსხვავდებოდეს მისგან.

იმის კვალდაკვალ, რომ ადამიანებს საკუთარი გენდერის აღსაწერად ტერმინების უფრო ვრცელი სპექტრი ეძლევათ, დროთა განმავლობაში მათ შეიძლება საკუთარი თავის აღსაწერად სხვა ტერმინის გამოყენება დაიწყონ.

გენდერული ექსპრესია

Gender Spectrum-ის თანახმად, „გენდერული ექსპრესია“ — გენდერის გამოხატვა — არის ის, თუ როგორ წარუდგენენ ადამიანები საკუთარ გენდერს საკუთარ თავსა და სამყაროს.

ადამიანმა შეიძლება საკუთარი გენდერი გამოხატოს ჩაცმულობით, მაკიაჟით, ვარცხნილობით, ხმით, ნაცვალსახელებით, სხეულის ენითა და ა.შ.

გენდერფლუიდმა ადამიანმა შეიძლება საკუთარი თავი ნებისმიერი ფორმით გამოხატოს, რომელიც მისთვის კომფორტულია. არ არსებობს ერთი კონკრეტული ფორმა, რომლითაც გენდერფლუიდი ადამიანები საკუთარ იდენტობას გამოხატავენ.

მაგალითად, გენდერფლუიდმა ადამიანმა შეიძლება საკუთარი თავი წარადგინოს ფემინურად, მასკულინურად, ნეიტრალურად, ანდროგინულად და მრავალი სხვა ფორმით. გენდერფლუიდმა ადამიანმა ასევე შეიძლება შეცვალოს საკუთარი გენდერული ექსპრესია, როცა და რამდენადაც ეს თვითონ მოუნდება.

გენდერფლუიდი და სხვა იდენტობები

ადამიანმა შეიძლება ტერმინი „გენდერფლუიდი“ საკუთარი გენდერული იდენტობის აღსაწერად გამოიყენოს ან გამოიყენოს ის სხვა იდენტობებთან კომბინაციაში. ამ ქვეთავში განხილულია რამდენიმე სხვა იდენტობა, რომელიც შეიძლება თან ახლდეს გენდერფლუიდობას.

გენდერფლუიდი და არაბინარული გენდერული იდენტობა

„არაბინარული“ არის ქოლგა-ტერმინი, რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს, თუკი მისი გენდერული იდენტობა გენდერული ბინარულობის გარეთ არსებობს.

გენდერული ბინარულობა არის გენდერის ის კლასიფიკაცია, რომელიც მხოლოდ ორ გენდერს აღიარებს: კაცს და ქალს. თუკი ადამიანი არაბინარულია, ეს ნიშნავს, რომ ის არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ამ კატეგორიებიდან მხოლოდ ერთთან ან საერთოდ რომელიმესთან.

გენდერფლუიდური იდენტობა არაბინარული იდენტობის ერთ-ერთი ტიპია. ზოგი არაბინარული ადამიანი შეიძლება იდენტიფიცირდებოდეს გენდერფლუიდად, თუკი მათი გენდერი უფრო ცვალებადია, ვიდრე ფიქსირებული.

გენდერფლუიდი და ტრანსგენდერი

ტრანსგენდერია ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც განსხვავდება მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესისგან.

ტრანსგენდერი ადამიანი შეიძლება საკუთარ თავს აიდენტიფიცირებდეს ქალად ან კაცად, არაბინარულად, გენდერულად არაკონფორმულად ან რაიმე სხვა იდენტობად.

არაბინარული გენდერები, მათ შორის გენდერფლუიდი, ტრანსგენდერობის ქვეშ ერთიანდება. თუკი ტრანსგენდერ ადამიანს აქვს ისეთი გენდერული იდენტობა, რომელიც იცვლება ცხოვრების განმავლობაში, ის შეიძლება გენდერფლუიდად იდენტიფიცირდებოდეს.

მიუხედავად ამისა, გენდერფლუიდმა ადამიანმა შეიძლება არჩიოს, რომ საკუთარი თავის აღსაწერად არ გამოიყენოს ტერმინი „ტრანსგენდერი“.

გენდერფლუიდი და გენდერქვიარი

„გენდერქვიარი“ ასევე ქოლგა-ტერმინია და აღნიშნავს ადამიანს, რომელიც არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ტრადიციული გენდერული ნორმებში — მათ შორის გენდერულ იდენტობებში, ექსპრესიაში, გენდერულ როლებსა თუ მოლოდინებში.

ზოგჯერ ადამიანები ტერმინებს „არაბინარული“ და „გენდერქვიარი“ ურთიერთჩანაცვლებადად იყენებენ. ზოგისთვის გენდერქვიარობა არაბინარული იდენტობის კატეგორიაში შედის, სხვებისთვის კი — არა. ადამიანი, რომელიც გენდერქვიარია, შეიძლება იყოს ან არ იყოს გენდერფლუიდი.

ნაცვალსახელები

ქართულ ენაში არ გვაქვს სქესსა თუ გენდერზე მიმანიშნებელი მესამე პირის ნაცვალსახელები, თუმცა უცხო ენაზე, მაგალითად, ინგლისურად, გენდერფლუიდმა ადამიანმა შეიძლება გენდერის აღმნიშვნელ ნებისმიერ ნაცვალსახელს მიანიჭოს უპირატესობა. ეს ასევე შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში.

შესაძლო ნაცვალსახელებს შორისაა:

  • they/them/theirs

  • he/him/his

  • she/her/hers

ადამიანმა ასევე შეიძლება გამოიყენოს ე.წ. „ნეონაცვალსახელები“, როგორებიცაა:

  • ey/em/eirs

  • ze/zir/zirs

  • per/per/pers

♦ სტატია მომზადებულია საგანმანათლებლო პლატფორმა Femea.ge-ს მიერ.