ქვიარ ლიტერატურის ნაკლებობას, ქართველი ავტორებისა თუ თარგმანების წყალობით, ქართველი მკითხველი ნამდვილად არ განიცდის, რაც, ალბათ, უკვე კარგის ნიშანია. თუმცა, ამ ტექსტებზე ნაკლებად მსჯელობენ და ნაკლებად განიხილავენ ქვიარ კონტექსტში.
გერტრუდ სტაინის ”სამი სიცოცხლე” წლევანდელ წიგნის ფესტივალზე ერთ-ერთ უახლეს თარგმანად იყო წარმოდგენილი გამომცემლობა ”წიგნები ბათუმში”-ს მიერ. გერტრუდაზე პირველად Mindight In Paris /”შუაღამე პარიზში” – დან გავიგე, მაგრამ მის მწერლურ ასპექტზე არაფერი ვიცოდი, ხოდა, ავდექი და (რა თქმა უნდა) ვიყიდე.
გერტრუდა 1874 წელს პენსილვანიაში, თანამედროვე პიტსბურგში, ებრაულ ოჯახში დაიბადა, თუმცა ბავშვობა გარკვეულწილად ევროპაში – ვენასა და პარიზში – გაატარა. ჰარვარდისა და ჰოპკინსის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, 1903 წელს, ძმასთან, ლეო სტაინთან ერთად, ჯერ ლონდონში, საბოლოოდ კი, პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. გერტრუდასა და ლეო სტაინების სახლი პარიზში მოდერნიზმის კერად იქცა. აქ იკრიბებოდნენ მწერლები, პოეტები და მხატვრები, მათ შორის ისეთებიც, რომლებმაც შემდეგ მსოფლიო აღიარება მოიპოვეს – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ერნესტ ჰემინგუეი, ჯეიმს ჯოისი, პაბლო პიკასო, ანრი მატისი. გარკვეული ადამიანებისა და ხელოვნების მიმდინარეობებით გერტრუდას გატაცებამ, ლეოსთან უთანხმოების ჩამოვარდნას შეუწყო ხელი და 1914 წელს ლეო სტაინი საცხოვრებლად ცალკე გადავიდა. ძმასთან თანაცხოვრების პერიოდში შედარებით ჩრდილში მყოფი გერტრუდა საბოლოოდ გამოვიდა ასპარეზზე და პარტნიორთან, ელის ბ. ტოკლასთან, ერთად გააგრძელა ცხოვრება, რუ დე ფლერიუს N27-ში. ახლა მათი სახლი იქცა მეოცე საუკუნის ყველაზე პოპულარულ ლიტერატურულ სალონად.
გერტრუდ სტაინი ძმებთან მაიკლ და ლეო სტაინებთან ერთად
გერტრუდა და ელისი 1907 წელს პარიზში შეხვდნენ ერთმანეთს და თითქმის 40 წელი ერთად გაატარეს ჯერ პარიზში, რუ დე ფლერიუს N27-ში, შემდეგ კი ნაცისტურ საფრანგეთში, ქალაქგარე სახლში. მათი ურთიერთობა გერტრუდასა და ლეოს შორის უთანხმოების ჩამოვარდნის ერთ-ერთი მიზეზი იყო, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მათი ღიად ქვიარ ურთიერთობა არასდროს არავისთვის ყოფილა დამალული. ელისი გერტრუდას პარტნიორობას უწევდა ყველა საქმეში – აორგანიზებდა შეხვედრებს, ტურებს, სალონურ საღამოებს, სადილებს, 1946 წელს, გერტრუდას გარდაცვალების შემდეგ კი გამოსცა სტაინის რამდენიმე ნაწარმოები.
1933 წელს გერტრუდამ გამოსცა ”ელის ბ. ტოკლასის ავტობიოგრაფია”, რომელიც სათაურის მიუხედავად, უფრო მეტად თავისივე ბიოგრაფიაა. ამ ტექსტმა გერტრუდასა და ელისს უზარმაზარი წარმატება მოუტანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ამერიკაშიც, სადაც მათ 1930-იან წლებში ერთგვარი ლიტერატურული ტური მოაწყვეს. მეორე მსოფლიო ომის დროს წყვილის ცხოვრება და მოღვაწეობა ნამდვილად საინტერესოა, რამდენადაც ნაცისტურ საფრანგეთშიც კი, ორმა შუახნის ქვიარ ებრაელმა ქალმა ქვეყანა არ დატოვა, მეტიც – გერტრუდა თარგმნიდა ფაშისტურ ანტისემიტურ ტექსტებს და მხარს უჭერდა ადოლფ ჰიტლერს, ბენიტო მუსოლინისა და ვიშის მთავრობის მეთაურს, ანრი ფილიპ პეტინს.
პაბლო პიკასოს პორტრეტი, გერტრუდა სტაინი, 1906
რაც შეეხება გერტრუდას შემოქმედებას, ბევრი მკვლევრის აზრით, სტაინის ტექსტები კუბიზმის ლიტერატურული ექვივალენტია – მაგალითისთვის, მისი ლექსები ნამდვილად არღვევს მანამდე არსებულ პოეზიის სტანდარტებს და მკითხველს ერთგვარი აბსტრაქტული ნახატის შთაბეჭდილებას უტოვებს. 1914 წელს გამოქვეყნდა გერტრუდას პირველი ლექსების კრებული სათაურით Tender Buttons (რაც ძუძუსთავების მეტაფორა შეიძლება იყოს), რომელიც რამდენადაც წმინდა ლიტერატურული (როგორც სტაინის ერთგვარი ექსპერიმენტული პოეზია), იმდენად ქვიარ პერსპექტივიდანაც ძალიან საინტერესოა.
ლექსი გერტრუდას ჩანაწერებიდან, რომელიც ელის ბ. ტოკლასს ეძღვნება:
Do you really think I would yes I would and
I do love all you with all me.
Do you really think I could, yes I could
yes I would love all you with all me.
Do you really think I should yes I should
love all you with all me yes I should
yes I could yes I would.
Do you really think I do love all you
with all me yes I do love all you with all
me And bless my baby.
Gertrude Stein
”სამი სიცოცხლე” სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამბავია, რომელიც გამოგონილ ქალაქ ბრიჯპოინტში ხდება. სამივე ამბავს, რომლებიც საშუალო კლასის ქალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, თხრობის ერთგვარი სტრუქტურა აერთიანებთ – დასაწყისში მკითხველი ეცნობა პერსონაჟის ”ზოგად ბიოგრაფიას”, შემდეგ მის წარსულს ემოციურ და ინტელექტუალურ ასპექტში, ბოლოს კი, მშრალი დასასრულით ვიგებთ, ვინ როგორ ამთავრებს სიცოცხლეს.
პირველი მოთხრობა – ”კარგი ანა”, გერმანელი ქვიარ ქალის ამბავია, რომელიც ბრიჯპოინტში ცხოვრობს და მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად მუშაობს. ერთი შეხედვით, ანა თითქოს მარტოა, მაგრამ ჰყავს ძაღლები და ადამიანები, რომლებიც უყვარს და პატივს სცემს და რაც მთავარია, ჰყავს მისის ლენტმანი – ქვრივი ბებიაქალი და ანას ცხოვრების სიყვარული (რასაც ავტორი არაერთხელ აღნიშნავს). მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობა მთლიანად ანასა და მისის ლეტმანის ურთიერთობაზე კონცენტრირებული არ არის, ქვიარ ურთიერთობის შტრიხები აშკარაა.
კრებულის მეორე ნაწილი – ”მელანქტა”, სტაინის უფრო ძველი ტექსტის Q.E.D.-ის ადაპტაციადაა მიჩნეული. Q.E.D. ღიად ქვიარ ტექსტია, რომელიც 1904 წელს დაიწერა, თუმცა მხოლოდ 1950 წელს (გერტრუდას გარდაცვალების შემდეგ) დაიბეჭდა. ორი ქალის ამბის უკან სტაინის სასიყვარულო ურთიერთობა დგას, რომელიც სხვადასხვა სირთულით იყო სავსე. ”მელანქტა” Q.E.D.-ის გაჰეტეროებული ვერსიაა, რომელიც შავკანიანი, საკმაოდ თავისუფალი სექსუალური ცხოვრების ქალის ამბავს მოგვითხრობს. როგორც რომანის წინასიტყვაობაშიც აღნიშნავენ, ”მელანქტა” ყველაზე კარგად აჩვენებს სტაინის წერის თავისებურებებს, რაც პუნქტუაციის სრულ უგულებელყოფასა და გამეორების, ”დაჟინების” ხერხს გულისხმობს.
რაც შეეხება მესამე მოთხრობას, ”თვინიერი ლენა”, მოცულობით ყველაზე პატარა და უდავოდ ყველაზე სევდიანია – გარშემომყოფების პერსპექტივიდან დანახული დეპრესია და უმოქმედობა ან არასწორი ქმედება, რომელსაც ხშირად ტრაგიკული შედეგები მოჰყვება ხოლმე. ეს ნოველა კრებულში, შეიძლება ითქვას, ყველაზე ნაკლებად ქვიარია, თუმცა დაგვაფიქრებს ჰეტერონორმატიულ, დრომოჭმულ შეხედულებებზე, რომლებიც იწირავდნენ და იწირავენ ადამიანების ცხოვრებას.
ბოლოს კი ამონარიდი ნინო ძანძავას სტატიიდან:
,,უმეტესწილად სტაინმა გავლენა იქონია არა როგორც ლიტერატორმა და როგორც ლიტერატურული სალონის მასპინძელმა (რასაც ნამდვილად ვერ დავუკარგავთ), არამედ ქალმა, რომელიც აბსოლუტურად არ ცდილობდა თავისი ლესბოსელობის დაფარვას. მაშინ, როცა ლესბოსელთა სასიყვარულო ურთიერთობები მკაცრად გასაიდუმლოებული იყო, გერტრუდა სტაინი და ელის ბ. ტოკლასი მთელი მსოფლიოსთვის ცნობილ წყვილს წარმოადგენდნენ.‘’
”სამი სიცოცხლე” გერტრუდ სტაინის ქართულად თარგმნილი პირველი ნაწარმოებია, თუმცა, გერტრუდა არაერთი ძალიან საინტერესო ტექსტის ავტორია, რომელიც, იმედია, მომავალში (სხვა ქვიარ ავტორებთან და ტექსტებთან ერთად) აუცილებლად ითარგმნება.
ავტორი: ანამარია