ახალი კანონპროექტი კრძალავს კონვერსიულ თერაპიას უმეტეს შემთხვევებში და მიმართულია LGBTQ+ მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. კანონპროექტი ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრის, ჯასინდა ანდერნის კამპანიის ნაწილი იყო.
‘’კონვერსიული თერაპიის ადგილი არ არის თანამედროვე ახალ ზელანდიაში,’’ – თქვა იუსტიციის მინისტრმა კრის ფააფოიმ როიტერთან საუბრის დროს. ‘’აღნიშნული პრაქტიკა დამყარებულია ცრურწმენაზე, რომ ადამიანის სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა ან გენდერული გამოხატვა შეიძლება იყოს დაზიანებული და საჭიროებს მკურნალობით ჩარევას.’’
კონვერსიული თერაპია არის პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალდატანებით სექსუალური ორიენტაციის შეცვლას. თერაპიაში შესაძლებელია ჩართული იყოს ჰიპნოზი და ელექტროშოკების გამოყენებაც.
‘’ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, რელიგიური ლიდერები და ადამიანის უფლებების დამცველები, როგორც ახალ ზელანდიაში, ასევე, მთელს მსოფლიოში, აფასებენ კონვერსიულ თერაპიას, როგორც მავნე პრაქტიკას, რომელსაც შეუძლია, გააძლიეროს ცრურწმენები, დისკრიმინაცია და შეურაცხყოფა ლგბტქ+ ადამიანების მიმართ,’’ – ამბობს ახალი ზელანდიის იუსტიციის მინისტრი.
კანონპროექტი კრძალავს თერაპიის ნებისმიერ მეთოდს, რომელიც ცდილობს, შეცვალოს 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი ადამიანის სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა ან გენდერული გამოხატულება. აღნიშნული ქმედება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
კონვერსიული თერაპიის აკრძალვის პროცესები მიმდინაროებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: კანადა, ალბანეთი და გაერთიანებული სამეფო. რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის, ბრაზილიამ, ეკვადორმა, გერმანიამ, მალტამ და ტაივანმა – წარმატებით აკრძალეს კონვერსიული თერაპიის პრაქტიკა.
სოციალური მედიის პლატფორმებმა, ფეისბუქმა, ინსტაგრამმა და TikTok– მა, ახლახან დაიწყეს ისეთი შინაარსის პოსტების აკრძალვა, რომელიც ხელს უწყობს კონვერსიული თერაპიის პრაქტიკას.
ფოტო: Phil Walter/Getty Images
წყარო: them.us