17 მაისი: მეხსიერება და პერსპექტივები — პანელური დისკუსია წარსულის გამოცდილების გადაფასებისა და სამომავლო პერსპექტივების დასახვის მიზნით

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Pride-მა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, პანელური დისკუსია — 17 მაისი: მეხსიერება და პერსპექტივები — დააორგანიზა.

პანელურმა დისკუსიამ თავი მოუყარა ლგბტქი თემის წევრებს, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქტივისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მედიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს, რათა მომხსენებლებთან ერთად განეხილათ ქართველი ქვიარ ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევები, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ძალადობის მრავალწლიანი გამოცდილება და გაეაზრებინათ ის პროგრესი, რაც ლგბტქი უფლებადაცვითი მიმართულებით მიიღწა.

თბილისი პრაიდის პირდაპირი ეთერი

უმცირესობების მდგომარეობის, საერთო ჩაგვრებისა და ურთიერთსოლიდარობის მნიშვნელობის შესახებ, მოხსენებით პარლამენტარი, ტარიელ ნაკაიძე წარსდგა. ნაკაიძის თქმით, დემოკრატიული ქვეყნისა და თავისუფალი გარემოს შენება ადამიანის მიმართ სოლიდარობის გარეშე ძნელად წარმოსადგენია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ დროს არის, როცა სახელმწიფოს მხრიდან ამის ნება არ არსებობს.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ნათელი მომავალი გვქონდეს, დემოკრატიულ ქვეყანაში, თავისუფალ გარემოში ვიცხოვროთ, პირველ რიგში, ადამიანის მიმართ სოლიდარულები უნდა ვიყოთ, მიუხედავად მისი ორიენტაციისა თუ ნებისმიერი განმასხვავებელი ნიშნისა. სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ვერცერთი უმცირესობის მიმართ კარგად მოპყრობას ვერ ვხედავთ, ძნელია რაიმე დაიმაიმედებლის პოვნა, დადებითი კონტექსტის მოძებნა ჭირს, ამიტომ სხვადასხვა სოციალური ჯგუფები ამ მომენტში კიდევ უფრო მეტად უნდა ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ. მთავარი ღირებულება ადამიანია და ინდივიდის უფლებებთან დაკავშირებით მკაფიო, ღია და აშკარა პოზიცია უნდა გვქონდეს. აუცილებელია, რომ საპარლამენტო პროცესებში სულ უფრო მეტი აქტივისტი იყოს ჩართული და მე პირადად მზად ვარ, რომ ხმა ვიყო უმცირესობების, რადგან აუცილებელია, ტაბუდადებულ თემებზე აქტიურად საუბარი დაიწყოს. რთულია თქმა, რამდენად შესაძლებელია ამ პირობებში პროგრესის მიღწევა, თუმცა მგონია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი და ყველა ერთად უნდა დავდგეთ — პოლიტიკოსები, საზოგადოება. ის ცვლილებები, რაც მოქალაქეთა განწყობების მიმართულებით მიიღწა, უნდა გაგრძელდეს და ამაში საკუთარი როლი უნდა შეასრულოს ყველამ, მათ შორის, ჩვენ, პარლამენტარებმა“, — აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ტარიელ ნაკაიძემ. 

პარლამენტარ ხათუნა სამნიძე კი თვლის, რომ უმთავრესი პრობლემა პოლიტიკაში ლგბტქი საკითხებზე საუბრის შიშია, რაც პროგრესის მიღწევას ართულებს.

„პირველ რიგში, პოლიტიკაში ქვიარ თემებზე საუბრის, დისკუსიის, თემთან ურთიერთობის შიში უნდა დაიძლიოს. ლგბტქი საკითხები პოლიტიკის, საპარლამენტო მუშაობის ნაწილი არ არის და ეს მთავარი პრობლემა მგონია. პოლიტიკოსები თავს არიდებენ მსგავს თემებზე მუშაობას და თემთან ურთიერთობას, რაც უნდა შეიცვალოს. თანასწორობის მოპოვება ხანგრძლივი, დამღლელი პროცესია, რაც თემისა და მათი მხარდამჭერებისგან მოთმინებას ითხოვს, თანაც, სახელმწიფო პრობლემას არ აღიარებს, რაც პროგრესის მიღწევასაც ართულებს. საზოგადოებრივი განწყობა იცვლება, რასაც გამოკითხვებიც მოწმობს და თუნდაც მიუღებლობის შემთხვევაში, ძალადობას ბევრი გმობს. თუმცა, ახლა კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, რომ მიღწეული პროგრესი ნათლად დავინახოთ“, — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თბილისი პრაიდის პირდაპირი ეთერი

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ, ლგბტქი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობისა და საზოგადოების დამოკიდებულებების შესახებ ისაუბრა. სხილაძემ ჩვენთან საუბრისას ლგბტქი თემის წინაშე არსებული გამოწვევები შეაფასა და აღნიშნა, რომ უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ლგბტქი საკითხები სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი არ არის.

„დღეს ლგბტქი თემის ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი არ არის. არათანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა ვერ პასუხობს დისკრიმინაციის შემთხვევებს თუ სხვა მნიშვნელოვან უფლებადაცვით საკითხებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 17 მაისის აღნიშვნა შეკრებისა და გამოხატვის უფლების დარღვევას დაუკავშირდა. წლებია, თემის წევრები და მათი მხარდამჭერები სახელმწიფო ნების არარსებობის გამო ამ დღის თავისუფალ, უსაფრთხო სივრცეში აღნიშვნას ვერ ახერხებენ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა თანასწორუფლებიანობის მიმართულებით მათი პასუხისმგებლობა გაიაზრონ, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთონ და ამ პროცესის ნაწილი იყვნენ“, — აღნიშნა ეკატერინე სხილაძემ.

თბილისი პრაიდის პირდაპირი ეთერი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრმა, ჟურნალისტმა ხატია ღოღობერიძემ მოხსენება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დაძლევაში მედიის როლის შესახებ წარადგინა. მისი თქმით, მედიამ უნდა გაიაზროს ის როლი, რაც მას საზოგადოების განათლების მიმართულებით აქვს და ეცადოს, რომ აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდოს ისე, რომ ხალხმა დასკვნები სიყვარულისა და სიკეთის სასარგებლოდ გააკეთოს.

„მედიის წარმომადგენლები ინფორმაციას ვაწოდებთ აუდიტორიას და ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ საზოგადოებამ დასკვნები არა სიძულვილის და ბოროტების სასარგებლოდ, არამედ სიყვარულისა და სიკეთის სასარგებლოდ გააკეთოს, მიხვდნენ, რომ ადამიანები არ იმსახურებენ სიძულვილსა და გარიყვას. მედიას საზოგადოების განათლების როლიც აქვს და თუ ჩვენ ფეხს ავუწყობთ საზოგადოების ამდროინდელ განწყობას, ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც გვინდა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავალი იყოს. ერთი ადამიანის ჩაგვრაც კი არის ნებისმიერი იმ მოქალაქის პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის ბედზე წუხს. მედიის როლიც სწორედ ის არის, რომ გაზარდოს მოქალაქეების თვითშეგნება, მოძალადეებს პირდაპირ უწოდოს მოძალადეები და ისინი უფლებადამცველებად არ მოიხსენიოს, რისი გამოცდილებაც გვაქვს. ქუჩაში ადამიანებს დადევნებულ ხალხს მედია უფლებადამცველებად მოიხსენიებდა. მნიშვნელოვანია, რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან და ვუწოდოთ ყველაფერს თავისი სახელი, ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს. მცირე მიღწევა გვაქვს, თუმცა აუცილებელია, კიდევ უფრო წინ წავიდეთ და საინფორმაციო სივრცის გარდა, კომედიურ თუ გასართობ გადაცემებზე მუშაობისას უკეთ გავაცნობიეროთ, რამდენად ძლიერდება სიძულვილის ფონი, სტიგმა“, — თქვა ხატია ღოღობერიძემ მედიის როლზე საუბრისას.

პანელური დისკუსიის მომხსენებლებს შორის ასევე იყვნენ გენდერისა და ადამიანის უფლებების მკვლევარი, აქტივისტი, ლევან ბერიანიძე, რომელმაც 17 მაისების ისტორიის, ხილვადობის პოლიტიკის მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. თანასწორობა 17-ის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ კი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების მნიშვნელობის შესახებ, ასევე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა.

პანელური დისკუსიისას, გამხსნელი სიტყვით აუდიტორიას საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის მოადგილე, თეონა ყუფუნიამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა მიმართეს.

პანელური დისკუსიის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რომლის დროსაც მომხსენებლებმა დამსწრეებთან ერთად განიხილეს ის გამოწვევები, რაც ლგბტქი თემს დღეს აქვს და გეგმები, რომლითაც თანასწორობის მიმართულებით პროგრესი უნდა მიიღწეს. 

წინა

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

შემდეგი

ჩვენი სხეული, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი უფლებები – 2022 წლის 17 მაისის მთავარი თემა

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი