Front Line Defenders ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მისია ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე აქტივისტების უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერაა.
Front Line Defenders-მა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც 5 ივლისსა და შემდგომ პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. დაგმო ”თბილისი პრაიდის” ოფისზე, აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმები.
წერილში საუბარია იმაზე, რომ 1-5 ივლისის პრაიდის კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს თავს ესხმოდნენ ულტრამემარჯვენე ჯგუფები. 1 ივლისს, კვირეულის გახსნაზე, დახურულ კინოჩვენებაზე მისულ დიპლომატიურ კორპუსსაც დაესხნენ თავს და კვერცხებს ესროდნენ. დაანონსებული ”ღირსების მარში” გაუქმდა, რადგან საპატრიარქომ მოუწოდა ხალხს, ქუჩაში გამოსულიყვენენ და ელოცათ, რათა მარში არ გამართულიყო. მრევლთან ერთად ქუჩებში დათარეშობდნენ ულტრამემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც ორგანიზებულად და შეთანხმებულად მოქმედებდნენ და პოლიცია მათ არ აჩერებდა. იძალადეს 50-მდე ჟურნალისტზე, რასაც მოგვიანებით მოჰყვა ჟურნალისტის – ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, ასევე, დაარბიეს ”თბილის პრაიდის” ოფისი და თავად აქტივისტებსაც დევნიდნენ საჯარო სივრცეებიდან.
Front Line Defenders გმობს ლგბტქი+ უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების დაშინებასა და მიზანში ამოღებას. მიმდინარე მოვლენები ქვეყანაში არ ქმნის გარემოს, სადაც ადამიანის უფლებათა დამცველები და ჟურნალისტები თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.
Front Line Defenders მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას: მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს ”თბილისი პრაიდისა” და სხვა აქტივისტურ ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანების ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვა და უსაფრთხოება;
აწარმოოს სასწრაფო და სრულყოფილი გამოძიება LGBTQI+ უფლებათა დამცველებზე, ჟურნალისტებსა და ოფისებზე თავდასხმის ფაქტებზე, ისევე, როგორც ჟურნალისტ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებაზე. გასაჯაროვდეს გამოძიების შედეგები და დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები;
მიიღოს ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ სახელისუფლებო და სხვა საჯარო პირებმა თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც ხელს უწყობს LGBTQI+ უფლებათა დამცველების სამუშაოს მიმართ სტიგმას და საჯაროდ დაგმონ LGBTQI+ ადამიანების ცილისწამება;
გასცენ გარანტია იმისა, რომ საქართველოში ყველა უფლებადამცველი ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებს, განახორციელოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ლეგიტიმური საქმიანობა ყველა შეზღუდვის, მათ შორის, სამართლებრივი დევნის შიშის გარეშე.