ჰომოფობია — შიში, ზიზღი, მითები და რეალობა

ჰომოფობია – შიში, ზიზღი, მითები და რეალობა

“ლიბერალებს სურთ ნამუსი აგვხადონ”,“ გარყვნილების პროპაგანდა”, “პროვოკატორები”, “საკუთარ სახლში რაც უნდა ის აკეთონ”, “ჩვენ შვილებს ნუ გვირყვნიან” – გაგვიგია ხშირად მსგავსი ფრაზები.

ქვიარ ადამიანების საჯარო გამოსვლა თუ სხვა სახის ხილვადობა უმეტესად დაკავშირებულია მათ მიმართ აგრესიულ და სიძულვილის შემცველ ბულინგში, დისკრიმინაციასა და თავდასხმებში.

ჰომოფობია, ტრანსფობია, ბიფობია – რისი ეშინიათ ადამიანებს?

ნებისმიერი ფობიის და მათ შორის, ჰომოფობიის განმარტებაში საუბარია ირაციონალურ შიშზე და მასთან დაკავშირებულ ზიზღზე კონკრეტული ადამიანების მიმართ.

შიში ბაზისური ემოციაა, რომელიც წარმოადგენს რეაქციას სტიმულზე. აღნიშნული ემოცია დიდ როლს თამაშობს ადამიანის, როგორც ბიოლოგიური სახეობის გადარჩენაში, რადგან შიშის მეშვეობით შეგვიძლია ავირიდოთ საფრთხე. შიში ხდება პრობლემა, როდესაც ის რისიც გვეშინია რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს. არსებობს სხვადსხვა სახის ფობია, რომელიც ადამიანებს უშლის ხელს ფუნქციონირებში და საჭიროებს დაძლევას, ზოგ შემთხვევაში კი თერაპიულ მკურნალობას.

ფობია ეს არის მუდმივი და ირაციონალური შიში კონკრეტული სიტუაციის, საგნის ან აქტივობის მიმართ, რომელსაც თან ახლავს ძლიერი დისტრესი. (APA)

გამოყოფენ სპეციფიკურ ფობიებს, რომელშიც შედის:

●    სისხლის/ჭრილობის ფობია. ადამიანს ეშინია სისხლის ან ჭრილობის დანახვა და გაფიკრებაც კი.

●    სიტუაციური ფობია. მაგალითად, თვითმფრინავით ან მანქანით მგზავრობის შიში.

●    ბუნებრივი გარემოს შიში. მაგალითად მიწიძვრის.

●    ცხოველების ფობია.

აგორაფობია – სიტუაციის შიშს გულისხმობს, საიდანაც ადამიანს ჰგონია, რომ ვერ გაიქცევა და ვერ მიასწრებს მაგალითად სახლამდე, როდესაც პანიკა ან სხვა სიმპტომი იჩენს თავს.

სოციალური ფობია – სხვადასხვა სოციალური სიტუაციების შიშს გულისხმობს, შიში, რომ შეაფასებენ უარყოფითად, მოსაწყენად, არაკომპეტენტურად და ა.შ.

ტერმინი ჰომოფობია პირვლად ფსიქოლოგმა ჯორჯ ვინბერგმა გამოიყენა 1972 წელს. ჰომოფობია ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ ზიზღს გულისხმობს, რომელიც ირაციონალურია და მისი თანამედროვე მნიშვნელობა მოიცავს გეი[1], ლესბოსელი,[2] ბისექსუალი[3], ტრანსგენდერი,[4] ინტერსექსი[5] და ქვიარ[6] ადამიანების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას.

ჰომოფობია მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, სექსიზმის, მოიცავს სტერეოტიპებსა და წინარწმენებს (prejudice), რაც გულისხმობს უარყოფით დამოკიდებულებას, სტრეოტიპულ რწმენებსა და დისკრიმინაციულ ქცევას, მიმართულს კონკრეტული სქესის, რასის, რელიგიის, კულტურის და სხვა ნიშნის მიხედვით კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფის მიმართ.

სხვადასხვა ქვეყნებში და ეპოქაში ჰომოსექსუალობა აკრძალული და დასჯადი ოყო, ზოგან კი მიღებული. მაგალითად, ძველ საბერძნეთსა და რომში ჰომოსექსუალური ქცევა არ იყო უცხო. ქრისტიანულ და მუსულმანურ კულტურაში ის განიხილებოდა როგორც ცოდვა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ეპოქაში ჰომოსექსუალების მიმართ დამოკიდებულება კვლავ არაერთგვაროვანია, პროფესიულ-მეცნიერული თვალსაზრისით ყველაფერი ნათელი და გარკვეულია: 1973 წლიდან ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან. კონსტრუქცივისტული ხედვის მიხედვით, სექუალობის დაყოფა ჰომო და ჰეტეროსექსუალებად, ისტორიულ – კულტურული ზეგავლენის შედეგია.

ჰომოფობიის შესწავლის დასაწყისში ის განიხილებოდა როგორც პიროვნული ნიშან-თვისება. შემდეგ მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს მის გამომწვევ სოციო-ეკონომიკურ და კულტურულ ფაქტორებზე. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ისინი ვინც ნეგატიურად არიან განწყობილი ჰომოსექსუალების მიმართ, აქვთ ფსიქოტიციზმის მაღალი მაჩვენებელი და დამაზიანებელი დაძლევის მექანიზმები. (Ciocca et al, 2015). ფსიქოტიციზმი პიროვნული თვისებაა, რომელიც ხასიათდება მტრული დამოკიდებულებითა და აგრესიით სხვების მიმართ (Eysenck, 1997).

კვლევებით ასევე გამოიკვეთა, რომ ისინი, ვინც ავლენენ ნეგატიურ დამოკიდებულებას ჰომოსესუალების მიმართ:

  • ნაკლებად ჰქონიათ პირადი კონტაქტი ქვიარ ადამიამებთან.
  • იზრდებოდნენ ჰომოფობიურ გარემოში, სადაც უარყოფითი დამოკიდებულება ჰომოსექსუალების მიმართ ითვლება ნორმად.
  • მეტად რელიგურები არიან.
  • არასკამრისი განათლება აქვთ. (თუმცა, მიუხედავად განათლებისა, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ძლიერი წინარწმენები )
  • მეტად ტრადიციული დამოკიდებულება აქვთ სექსუალობაზე და სქესობრივ როლებზე.
  • აქვთ ავტორიტარიზმის მაღალი მაჩვენებელი.

ჰომოფობიური წინარწმენის მიზეზი შეიძლება იყოს დაბალი თვითშეფასებაც, რომლის ამაღლებასაც ცდილობს ადამიანი სხვისი დამცირების ხარჯზე. ასევე, ძლიერია ჯგუფის გავლენა ინდივიდზე. (Herek, 1984) თუ სანაცნობო ჯგუფი და ახლობელთა წრე, რომელიც ინდივიდისთვის მნიშვნელოვანია – არის ჰომოფობიური და ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, აღნიშნული გავლენა ვლინდება კონფორმულ ქცევში და შესაძლოა, ახლობლების კეთილგანწყობის მოპოვებისთვის დამაკნინებლად იხუმროს კიდეც ჰომოსექსუალებზე.

რაც უფრო პატივსაცემია და მნიშვნელოვანი ჯგუფი ინდივიდისთვის, მით მეტ კონფორმულობას ავლენს ჯგუფის სასარგებლოდ. საკმაოდ დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს იმ წინარწმნებმა, რომ ჰომოსექსუალები გარყვნილები და პედოფილები არიან და მათი ცემა და განადგურება ნებადართულია. ქვიარების წარმოჩენა, როგორც მტრის ხატის და ყველაზე საშიშის, შობს უკონტოლო აგრესიას. ამის ნათელი მაგალითი იყო 2013 წლის 17 მაისი, როდესაც “ალქაჯებზე ნადირობამ” საჯარო ჩაქოლვის აღტკინებული სურვილით დამუხტა ადამიანები, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც კი. გამოცხადებულმა ჰომოფობიამ შესაძლოა მიიღოს ყველაზე სასტიკი ფორმა, სადაც ადამიანის განადგურება და მკვლელობა ნებადარათულია და მისაღები.

ინტერნალიზებული ჰომოფობია

ჰომოფობია ნეგატიურად აისახება ყველაზე, თესავს ზიზღსა და შიშს, არის ბულინგის, კონფლიქტის, მძიმე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების მიზეზი.

უმეტესობას გვახსოვს 2013 წლის 17 მაისი, როდესაც სხვადასხვა ნივთებით და ქვებით შეიარაღებული, დამობილიზებული ჯგუფი ფეხდაფეხ მისდევდა მოსაკლავად ადამიანებს.

განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება სიძულვილი ქვიარ ადამინაებზე და მათ თვითშეფასებაზე. ჰომოფობიურ გარემოში ზოგჯერ რთულია მიიღო საკუთარი იდენტობა. საზოგადოებაში არსებული ძლიერი სტიგმა აიძულებს ბევრ ჰომოსექსუალს მიმართოს თავდაცვის გზებს, დაარწმუნოს თავი, რომ ის ჰეტეროსექუალია და ავლენდეს აგრესიას ჰომოსექსუალების მიმართ. იქცეოდეს როგორც ჰეტეროსექსუალი, ანუ რაც მიღებულია ‘ნორმალურ ქცევად”.

ინტერნალიზებული ჰომოფობია ასევე ვლინდება იზოლაციაში, თვითდესტრუქციულ ქცევასა და აპათიაში, რასაც მივყავართ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის განადგურებამდე.

ინტერნალიზებული ჰომოფობია ვლინდება სხვადასხვა ფიქრებით, ემოციებითა და ქცევით. ჰომოსექსუალი ადამიანები, რომლებიც არიან ინტერნალიზებული ჰომოფობები:

  • უარყოფენ საკუთარ ორიენტაციას და არ უტყდებიან არც საკუთარ თავს, არც სხვას.
  • გრძნობენ ბრაზს, ზიზღს და განრისხებას სხვა ქვიარ ადამიანების მიმართ.
  • სჯერათ, რომ ლგბტქი ადამიანების ურთიერთობა ცუდია და არსწორი.
  • თავს გრძნობენ არაკომფორტულად ქვიარ ადამიანების გვერდით.
  • მიმართავენ ხშირად დესტრუქციულ და ტოქსიკურ ურთიერთობებს
  • ავად მოიხმარენ ალკოჰოლს და სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს და ა.შ.
  • სხეულის თვითდაზიანება და სუიციდური ფიქრები/სუიციდის მცდელობები

ინტერნალიზებული ჰომოფობი ხშირად გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით ჰომოსექუალების მიმართ და ზოგჯერ, შეიძლება გვევლინებოდეს რომელიმე რადიკალური ჯგუფის ლიდერადაც კი.

ჰომოფობიის ისტორიულ-კულტურული კონტექსტი

ჰეტერონორმატიულობა, როგორც ჰომოფობიის წყარო

ჰეტერონორმატიული იდეალები, რომელიც პოლარიზებას აკეთებს ფემინურობისა და მასკულინობის, განსაზღვრავს მათ ნიშან-თვისებებსა და გარეგნულ გამოხატულებასაც. აღნიშნული იდეალების მიხედვით ქალი უნდა იყოს მეტად სენტიმენტალური, პასიური, ფემინური. ამის საპირისპიროდ – კაცი არის აგრესიული, მამაცი, აქტიური. ასევე მკაცრად არის განსაზღვრული გენდერული როლები, რომლებიც უმეტეს კულტურაში ბიოლოგიურ სქესთან არის მჭიდრო კავშირში და ბავშვის შობასა და ფიზიკურ სიძლიერეზე დაიყვანება.

გენდერული როლებისთვის დამახასიათებელია იერარქიულობა, რომლის თანახმად მამაკაცები ჭკვიანები არიან და მეტად დაფასებული, ხოლო ქალები კი ნაკლებად ჭკვიანები და სუსტები. მსგავსი რწმენები არა მხოლოდ ხელს უწყობს პატრიარქალურ გარემოში ქალების ჩაგვრასა და დისკრიმინაციას, არამედ ჰომოფობიის ერთ-ერთი პრედიქტორიც არის. (Theodore & Basov, 2000) პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც ყველა ინსტიტუცია პატრიარქალურია, ანუ მამრობითი სქესის დომინაციას ეფუძნება, ჰეტეროსექსუალობაც განამტკიცებს პატრიარქალურ წესრიგს. აღნიშნული წესრიგი გულისხმობს კაცის დომინაციას და ქალის დაქვმდებარებას. ამ მკაცრად განსაზღვრულ წესრიგში ჰომოსექსუალობას შემოაქვს გარკვეული დისბალნსი. კაცის ჰიპერმასკულინობა და დომინანტობა საფრთხის ქვეშ დგება, ისევე, როგორც ქალის, როგორც სუსტი და მხოლოდ შვილების აღმზრდელი მზრუნველი დედის.

თუ ინდივიდი არ შეესაბამება მისი ბიოლოგიური სქესის მიხედვით, მისთვის საზოგადოების მხრიდან განსზღვრულ ნორმებს – არ ცხოვრობს ოჯახად, სადაც აქვს ცოლის ან ქმრის როლი და არ გამოხატავს მისი გენდერის მიხედვით დადგენილ გარეგნულ მახასიათებლებს – ხდება ნეგატიური დამოკიდებულების და წინარწმენის სამიზნე.

ჰომოფობია პატრიარქალურ კულტურაში შეიძლება ვუწოდოთ შიშს ფემინურობისა და გაქალებისა. კაცები, რომლებიც არ შეესაბამებიან მასკულინობის დადგენილ ნორმებს, ყველაზე ხშირად ხდებიან დაცინვისა და აგრესიის მსხვერპლი.

ტრანსფობია – ტრანსგენდერი ადამიანების სიძულვილი, ასევე ნათელი მაგალითია სექსიზმისა და მიზოგინიის. ტრანსგენდერი ქალები, რომლებიც “განუდგნენ“ მასკულინობას, როგორც უპირატესს – მკაცრად ისჯებიან ამის გამო. ტრანსგენდერი ადამიანები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია საზოგადოებაში. კვლევის მიხედით, ტრანს ადამიანების 40%-ს ერთხელ მაინც ჰქონია სიუციდის მცდელობა. (Dickey, 2000)

ბიფობია – სიძულვილი ბისექსუალი ადამიანების მიმართ, გავს ჰომოფობიას, თუმცა განსხვავდება მისგან. მისი არსებობა ეჭვქვეშ დგას და განიხილება როგორც საკუთარ თავში გაურკვეველი გეი ადამიანი, რომელსაც თავის წარმოჩენა სურს ჰეტეროსექსუალად, არ არის გულწრფელი და ამასთან, გარყვნილადაც არის შეფასებული.

ჰომოფობიის ფსიქოლოგიური ფაქტორების შესწავლისას, რიგი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შესწავლილი უნდა იყოს მისი ისტორიულ-კულტურული კონტექსტი, რადგან ჰომოფობია გაცილებით კომპლექსური ფენომენია და არ შემოიფარგლება მაგალითად, მხოლოდ წინარწმენებითა და ირაციონალური შიშებით ჰომოსექსუალების მიმართ. ჰომოფობიის სიმძაფრეზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა რელიგია, ადათ-წესები, ღირებულებები, სხვადასხვა სოციალური ინსტუტუციები (სკოლა, ოჯახი, კანონმდებლობა და ა.შ.)

საქართველო, როგორც სახელმწიფო, საბჭოთა კავშირის შიგნით ჩამოყალიბდა, რამაც დაღი დაასვა ქართველი ერის და ნაციონალიზმის სპეციფიკას. „ენა, კულტურა და რელიგია იქცა იდენტობის განმსაზღვრელ ფაქტორებად“ (ზედანია, 2010). ქართველისთვის ეროვნული ტრადიციები და ღირებულებები მნიშვნელოვანია, თუმცა დღის წესრიგში დგას დასავლეთთან და ევროპასთან „შერწყმაც“, რაც ღირებულებების შერწყმასაც გულისხმობს. ქართველების ნაწილი შიშობს, რომ სხვა ქვეყნებისგან შემოსული ღირებულებები გამოიწვევს “ქართველობის დაკარგვას”, რაც თავის მხრივ გულისხმობს მათ შორის ერის გარყვნას, მისი გაჰომოსექსუალების გზით. საინტერესოა, რომ იგივე არგუენტები ჰქონდათ, მაგალითად ზოგიერთ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებშიც, სადაც ნაციონალიზმი ძლიერი იყო. ისინიც შიშობდნენ რომ დაკარგავდნენ საკუთარ ეროვნულ იდენტობას.

აქტიურად გამოიყენება ჰომოფობია სხვადასხვა პოპულისტური ჯგუფებისა და პოლიტიკოსების მიერ. ხშირად გვსმენია ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ქართველი ხალხი ტრადიციების მოყვარული ერია, სადაც ოჯახის ერთობა განისზღვრება როგორც ქალი და კაცი და არა კაცი და კაცი. ჰომოსექუალობის შერაცხვა, როგორც “არაბუნებრივის’, “ზედმეტის”, ცოდვის ან გარყვნილების – იწვვს მათ მიმართ მტრულ განწყობას.

ულტრა მემარჯვენე ჯგუფები და ჰომოფობია

სოციალური ქსელების პოპულარიზაციას მიყვა ულტრამემარჯვენე ჯგუფების გააქტიურებაც ფეისბუქზე. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ სოციალურ მედიაში არსებული სიძულვილის ენა იწვევს არასრულფასოვნების შეგრძნებასა და საკუთარი თავის სიძულვილს ბულინგის მსხხვერპლში. ასევე, ფსიქოატიური ნივთიერებების ავადმოხმარებას, რომელსაც მივყავართ ჯანმრთელობის განადგურებისაკენ, განსაკუთებით მოზარდებში. (Saha, Chandarsekhan &Choudhury, 2019)

მიმდინარე წლის აპრილში ფეისბუქმა წაშალა ერთ-ერთ ულტრა მემარჯვენე ჯგუფთან დაკავშირებული 24 ფეიჯი, 12 ჯგუფი, 23 ფეისბუქ და 11 ინსტაგრამ პროფილი, რომლებიც ავრცელებდნენ ფეიკ ნიუსებს და სიძულვილის ენას. აღნიშნული ჯგფები პოპულარობით სარგებლობდნენ და მათ ათი ათასობით მიმდევარი ჰყავდათ ფეისბუქზე.

ულტრა მემარჯვენე ჯგუფებში გაწევრიანებას სხვადასხვა ფსიქო-სოციალური მიზეზები აქვს. სოციალური იდენტობის თეორიის თანახმად, ადამიანს აქვს საჭიროება, მიეკუთვნებოდეს ჯგუფს. ჯგუფის წევრები როდესაც აფასებენ, მოსწონთ და ემორჩილებიან თავიანთ შიდა ჯგუფს, თვითშეფასების განსამტკიცბლად გარე ჯგუფში ეძებენ უარყოფით ასპექტებს, რასაც მივყავართ მათდამი აგრესიულ და მტრულ დამოკიდებულებამდე. (Tajfel & Turner 1979) მსგავსი დამოკიდებულება აჩენს საფრთხეს გარე ჯგუფების მიმართ.

ორი სახის საფრთხეს გამოყოფენ: რეალისტურ და სიმბოლურ საფრთხეებს. რეალისტური საფრთხე მოიცავს ჯგუფის ხელშესახებ, რეალურ რესურსებსა თუ მოთხოვნილებებს, როგორიცაა ტერიტორია, ფიზიკური უსაფრთხოება, მატერიალური რესურსები. რეალისტური საფრთხისაგან განსხვავებით, სიმბოლური საფრთხე ჯგუფის არახელშესახებ საფრთხეებს გულისხმობს და მორალთან, ღირებულებებთან, ტრადიციებთან, ნორმებთან, რელიგიასთან, იდეოლოგიასა თუ მსოფლმხედველობასთან არის დაკავშირებული. (Stephen Ybarra and Bachman 1999; Stephen, Ybarra and Morrison 2009).

აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ როგორც რეალისტური, ისე სიმბოლური საფრთხის აღქმა არ არის აუცილებელი რეალური იყოს. თავად საფრთხის აღქმა იწვვს შიშსა და წინარწენას სხვა ჯგუფის მიმართ. საფრთხის შედეგად შესაძლებელია სტერეოტიპების გაჩენა, არატოლერანტობა და ზიზღი გარე ჯგუფის მიმართ. ემოციურ დონეზე შიში შეიძლება გამოვლინდეს შფოთვის, ბრაზისა და ზიზღისა სახით. აღნიშნული ემოციები ქცევაში გამოიხატება როგორც აგრესიული, დისკრიმინაციული ქცევა, შევიწროვება და ა.შ.

ცნობილია, რომ ულტრა მემარჯვენე ჯგუფების ძირითადი ნარატივი კონსტრუირებულია ნაციონალიზმისა და მასკულინობის დისკურსში. ოჯახისა და ქალისა და კაცის განსაზღვრა მათი დაქვემდებარებულობის მიხედვით ხდება, სადაც ქალი არის კაცზე დაქვემდებარებული, ოჯახისა და სამშობლოს ერთგული. ჭეშმარიტი ქართველი კაცი, როგორც ოჯახისა და სამშობლოს დამცველი, ხოლო ქალი, როგორც კაცის მფარველობის ქვეშ მყოფი, ქმნიან ქართული გენის გამგრძელებელ ოჯახს. ამის საპირისპიროდ, დასავლეთის მიერ „ტვინგამორეცხილი“ ფემინისტი ქალები აღიქმებიან, როგორც გარყვნილი, ლესბოსელი ქალები, რომლებიც მიზნად ისახავენ ქალსა და კაცს შორის ნდობის დაკარგვას, რაც საბოლოოდ, გენის გაგრძელებისა და გადაშენების წინაპირობაა. (ბექაია, 2016)

ჰომოსექსუალობა არღვევს იმ წესრიგს, რომელიც აღნიშნულ ულტრა მემარჯვენე ჯგუფებში კაცის ჰიპერმასკულინობასა და დომინაციას ეფუძნება. ცხადია, დომინანტობისა და პრივილეგიის დაკარგვა არ სურს ჯგუფს. ამისათვის მიმართავს აგრესიას და დანაშაულსაც კი. ძალადობას კი ამართლებს სამშობლოს, ღირსებისა და ქართველობის დაცვის სახელით.

ულტრა მემარჯვენე ჯგუფების ორგანიზატორების გაცხადებული მიზნებია “საქართველოს გადარჩენა” მტრის ხატი ქვეშ გაერთიანებული ლიბერალური ღირებულბების მქონე ჯგუფებისგან. მიზნის მისაღწევად მთთვის ყველა საშუალება გამართლებულია, ადამიანზე ძალადობაც, მისი განადგურებაც მათ შორის. მსგავსი რადიკალური ჯგუფები ხშირად გამოიყენება სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური მიზნებისთვისაც, მაგალითად პოლიტიკური ოპონენტების დასაზიანებლად ან ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად და დასაშინებლად. აღნიშნული მიზნისთვის ფობიებსა და სიძულვილის გამოყენება აპრობირებული და გამოცდილია.

პოლიტიკური ჯგუფისთვის ადვილია მტრის ხატის შექმნა, რომლის ბრალიც იქნება ქვეყანაში არსებული პრობლემები: ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური, ოკუპაციის საკითხი და ა.შ. განტევების ვაცზე გადაბრალება ფრუსტრირებული ადამიანისთვის ერთ-ერთი მარტივი გზაა, აგრესიის წყარო ჩანაცვლდეს იმ ადამიანებით/ჯგუფით, რომელიც ხილულია და მოწყვლადი.

ჰომოფობია – ზიანი ყველასთვის

ქვეყანაში არსებული ძლიერი ჰომოფობია არა მარტო კონკრეტული ადამიანებისთვის არის დამაზიანებელი როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგოურად, არამედ თითოეული მოქალაქისთვის. ყველას უწევს იმ სახიფათო გარემოში ცხოვრება, სადაც თვითგამოხატვა დასჯადია მიუხედავად ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. ჩვენ ყველა ვკარგავთ ჩვენ ნაწილს, როდესაც ამცირებენ გვერდით თანამოქალაქეს რაიმე ნიშნით.

ჰომოფობიისა და ჰეტეროსექსიზმის[7] გაძლიერებით ძლიერდება დომინაციური ჯგუფი, რომელიც აღრმავებს პატრიარქატს აგრესიის, სიძულვილისა და ჩაგვრის გზით. ახშობს თვითგამოხატვას და დაწესებული ხისტი წესიდან ყოველგვარ გადახვევას. ამიტომ, ჰომოფობია არ ეხება მხოლოდ ქვიარ ადამიანებს, ის გვეხება ყველას, დიდსა თუ პატარას.

რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანა ქვიარ ადამიანების გარიყვისა და მარგინალიზაციის გზით ვერ იქნება სახელმწიფოს განვითარების საფუძველი. ნაცვლად რეალური პრობლემების მოგვარებისა, რომელიც მოიცავს თითოეული მოქალაქის საბაზისო უფლებას, ჰქონდეს ფსიქოლოგიური, ფინანსური ან ეკოლოგიური უსაფრთხოება. მიიღოს განათლება და იყოს დასაქმებული, სახელმწიფო კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას და განაგებს ოჯახის მოწყობის წესრიგს პატრიარქალური წყობის გამყარებისა და მეტი დომინაციისთვის.

ჰომოფობიის გამო ხშირად ხდება კონფლიქტი ოჯახის წევრებს შორის, მეგობრებს შორის. ზოგი ურთიერთობა კი საერთოდ წყდება. ურთიერთობის გაწყვეტა კონფლიქტის ნიადაგზე საზიანოა თითოეულისთვის და ზიანის შედეგები ცხოვრების ბოლომდე გასდევს ადამიანებს.

ჰომოფობია არ არის მარტივი და ერთ განზომილებიანი მოვლენა. შესაბამისად, მასთან ბრძოლა, შემცირება თუ დამარცხებაც კომპლექსურია და ბევრი მიმართულებით მუშაობას საჭიროებს.

ქვიარ ადამიანების მხრიდან უფლებრივი აღიარებისა და სხვა სახის მოთხოვნები მოიცავს საჯარო გამოსვლებს მათ შორის, ან სხვა სახის აქტივობას. მათი მარგინალიზების მიზნით ხშირად არიან შერაცხული პროვოკატორებად და მეორეხარისხოვან ადამიანებად, რომლებიც დომინანტური, პრივილეგირებული ჯგუფისგან განსხვავებით ახორციელებს “არასწორ” ქცევას ჰომოსექსუალობის გამო და უნდა იჯდეს საკუთარ საძინებელში, ჩუმად. თუმცა, პრაქტიკა გვიშვენებს რომ ლგბტ ადამიანებს საკუთარ სახლებშიც უვარდებიან. პანდემიამ კი ყველას ცალსახად დაგვანახო რომ ადამიანი საკუთარ სახლში გამოკეტილი ვერ ცხოვრობს და თუ არის იძულებული რომ გამოიკეტოს მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა აუცილებლად ზიანდება.

ჰომოფობია წარმოშობს კონფლიქტებს და ხელს უწყობს საზოგადოების გახლეჩვას. აფერხებს ქვეყნის განვითარებას. პოლარიზების ნაცვლად საჭიროა მეტი ინფორმირებულობა ლგბტქი სკითხების მიმართ, ასევე ფსიქო-სოციალურ პრობლემებზე, რომელიც ხელს უწყობს რადიკალური განწყობების ჩამოყალიბებას და გაწევრიანებას შესაბამის ჯგუფებში. ზოგადი განათლების გარდა, ასევე საჭიროა ეკონომიკის, ბიზნესის საკითხებში განათლება და დასაქმების ხელშეწყობა ქვიარ ადამიანებისთვის, რათა გრძნობდეს ინდივიდი თავს მიღებულად და სრულფასოვნად.

დიდი როლი მიუძღვის ასევე მასმედიას ინფორმაციის გავრცელებისა და ცნობადობის მხრივ. სწორი აქცენტებითა და სიფრთხილით უნდა იქნას მიწოდებული ინფორმაცია ჩვენ თანამოქალქეებზე, რომლებსაც სხვა ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა აქვთ. სხვა და არა განსხვავებული, რადგან ორიენტაციის წარმოჩენა ხშირად ხდება როგორც განსხვავებულის, როგორც არადომინანტურის, არაბუნებრივის და რაღაცის დანამატის და თუ მე რაღაცის დანამატი ვარ, მაშასადამე იმ ძირითადზე ნაკლები ვარ, ნაკლები ძალის, უნარის ან უფლებების და ა.შ. ასევე, მხოლოდ “საკუთარ საძინებელში ყოფნა” და მიწისქვეშა (“ანდერგრაუნდ”) არსებობა მეტად ახდენს ჯგუფების მითოლოგიზაციას და ზრდის ჰომოფობიას.

დემოკრატიული ღირებულებების შენებისთვის და რაც მთავარია, მისი გაზრდა-შენარჩუნებისთვის საჭიროა მუდმივი მუშაობა და ზრუნვა. მუშაობა როგორც სამოქალქო აქტივობის კუთხით, ისე სახელმწიფო დონეზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბექაია ნ. (2016), ულტრა მემარჯვენე სოციალურ მოძრაობებში გაწევრიანების ფსიქოლოგიური და სოციალური მიზეზები ქართული მარშის მაგალითზე
  2. ზედანია, გ. (2010), ნაციონალური იდენტობის საკითხი საქართველოში. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  3. Ciocca et al., (2015), Psychoticism, Immature Defense Mechanisms and a Fearful Attachment Style are Associated with a Higher Homophobic Attitude. Journal of Sexual Medicine 12(9)
  4. dickey, l. m., & Budge, S. L. (2020). Suicide and the transgender experience: A public health crisis. American Psychologist, 75(3), 380–390.
  5. Herek G.M. (1984), Beyond “homophobia”: a social psychological perspective on attitudes toward lesbians and gay men.
  1. Saha K., Chandrasekharan E., and Munmun De Choudhury (2019), Prevalence and Psychological Effects of Hateful Speech in Online College Communities.
  1. Smith D. Antony. (1992), National Identity and the Idea of the European unity.International affairs (Royal Institute of International Affairs1944-).Volume 68.No. 1.
  2. Stephen G.Walter,Ybarra, Oscar, and Kimberly Rios Morrison. (2009), Intergroup Threat Theory. Handbook of Prejudice, Stereotyping, and Discrimination. Psychology press, New-York.
  3. Theodore P.S. Basov S.A., (2000), Heterosexual Masculinity and Homophobia, Journal of Homosexuality 40(2):31-48
  4. Weinberg G. (1972), Society and the Healthy Homosexual, St. Martin’s Press

[1] ჰომოსექსუალი კაცი, რომელსაც სექსუალური და რომანტიკული ლტოლვა აქვს კაცების მიმართ.

[2] ჰომოსექსუალი ქალი, რომელსაც სექსუალური და რომანტიკული ლტოლვა აქვს ქალების მიმართ.

[3]  იზიდავს როგორც მამრობითი ისე მდედრობითი სქესის ადამიანი.

[4] ადამიანი, რომლის სქესიც არ ემთხვევა მის გენდერულ იდენტობას. .

[5] ადამიანი, რომელსაც ანატომიურად ორივე სქესის მახასიათებელები აქვს.

[6]  ერთგვარი კრებითი სახელია ლგბტქი ადაიანების აღსანიშნავად. მისი პოლიტიკური მნიშვნელობა ქვიარ აქტივიზმს უკავშირდება.

[7] ჰეტეროსექსიზმი გულისხმობს ადამიანების დაყოფას ორ გენდერად – ქალად და კაცად და ჰეტერონორმატიულობის თანახმად, ჰეტეროესქუალური ურთიერთობა ერთადერთი ნორმალური ურთიერთობაა.

წინა

„გასულ ორ წელს საერთოდ ამოვჭრიდი ჩემი ცხოვრებიდან“ – ქვიარ ემიგრანტის ამბავი

შემდეგი

იდენტობის პოლიტიკა თუ ქვიარ პოლიტიკა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების