Ignite Entertainment

12 ქვიარ ფილმი, რომელიც ვალენტინობის დღეს სასიამოვნოდ გაგატარებინებს

შეყვარებული ხარ თუ მარტოხელა, გულგაბზარული თუ სიყვარულით მეცხრე ცაზე მყოფი — ფილმები ყოველთვის საუკეთესო იდეაა. შეგიძლია შეყვარებულთან ერთად მოკალათდე და რომანტიკული საღამო გაატარო ან ქაღალდის ხელსახოცები მოიმარაგო და საბანში გახვეულმა სხვისი დაკარგული თუ ახლად ნაპოვნი სიყვარული გამოიტირო.

სტატიაში 12 ფილმს აღმოაჩენ, რომლებიც შენს გულში სიყვარულის ისრებს გაატარებს.

But I’m a Cheerleader (მაგრამ მე ხომ ჩიერლიდერი ვარ)

Ignite Entertainment

ეს საკულტო რომანტიკული კომედია სექსუალური ორიენტაციის “შეცვლის” მიზნით მოწყობილ ბანაკში მოხვედრილ ახალგაზრდებზეა, რომლებიც ლიდერებს არ ემორჩილებიან, ქვიარ ბარებში დადიან, საბნის ქვეშ ერთმანეთს კოცნიან, რომანტიკულ თავგადასავლებში ეხვევიან და ზეწოლის მიუხედავად, საკუთარი თავის პოვნას ახერხებენ. თუ ვალენტინობის დღეს გულიანი სიცილისთვის რაიმე მსუბუქის ყურება გინდა, ეს ფილმი იდეალური არჩევანია.

My Beautiful Laundrette (ჩემი მშვენიერი სამრეცხაო)

Working Title Films

ბრიტანული ქვიარ შედევრი ახალგაზრდა პაკისტანელი და ბრიტანელი ბიჭის სიყვარულზე გვიყვება, რომლებიც პატარა სამრეცხაოს გახსნიან და ერთობლივად მართავენ. ფილმი ყველა სოციალური, კლასობრივი თუ რასობრივი გამოწვევის მიუხედავად გაღვივებულ სიყვარულზე და ბედნიერებისკენ სწრაფვაზეა. თანაც, დენიელ დეი-ლუისი, როგორც ყოველთვის, ამ ფილმშიც დამატყვევებელია.

Bros (ძმაბიჭები)

Universal Pictures

ორი ბიჭი, რომელიც სერიოზულ ურთიერთობას გაურბის, შემთხვევით ერთმანეთს გადაეყრება. დიდად ერთმანეთი არც მოეწონებათ, თუმცა ნელ-ნელა მათ შორის სიყვარული ღვივდება. ამ მოკლე შეფასებითაც კი ნათელია, რომ ფილმი ვალენტინობისთვის მისწრებაა. გარდა ამისა, ფილმში საინტერესოდ არის გაშლილი გეი კლიშეებისა და სტერეოტიპების გადაფასების პროცესი.

I’ve Heard the Mermaids Singing (ქალთევზების სიმღერა მომესმა)

Vos

გამორჩეული წარმოსახვის მქონე მოყვარული ფოტოგრაფის კომიკური, ვიზუალურად დახვეწილი და შესანიშნავი სამსახიობო შესრულებით დაგვირგვინებული ამბავი სექსუალური ორიენტაციის თვითაღმოჩენის თანმდევ დაბნეულობაზე და უხერხულობაზეა. იმასთან ერთად, რომ რეჟისორი, პატრიშა როზემა თავდაჯერების არ მქონე ხელოვანი ქალის ბრწყინვალე პორტრეტს გვიხატავს და ერთგვარ კომენტარსაც გვთავაზობს ხელოვნების არსზე, ფილმი საოცრად მსუბუქად სანახავია და დახვეწილი იუმორით გამოირჩევა.

Heartbeats (გულისძგერა)

IFC Films

ეს არ არის ფილმი სიყვარულზე. უფრო სიყვარულის მაძიებელ სამ ეგოცენტრულ ადამიანზეა, რომლებმაც რომანტიკული ურთიერთობაც კი შეჯიბრად აქციეს, ამიტომ ჯანსაღი ურთიერთობის მოლოდინიც კი არ უნდა ჰქონდეთ. ვალენტინობის დღეს ცინიზმი თუ არ გშორდება, ამ სასიყვარულო სამკუთხედით უნდა შეიქციო თავი, რომლის “მონადირე” პერსონაჟები, ყველაფრის მიუხედავად, საოცრად მიმზიდველები არიან.

Love, Simon (სიყვარულით, საიმონი)

20th Century Fox

სიყვარულით, საიმონი ახალგაზრდა ქვიარ ბიჭის თვითგამორკვევაზე, იძულებით ქამინგაუთზე და პირველ სიყვარულზეა. ფილმი გვიჩვენებს, როგორ გვაძლიერებს რომანტიკული მიზიდულობა და როგორ გვეხმარება, მეტად გამბედავები ვიყოთ. მსუბუქი, ამაღელვებელი და ლამაზი ფილმი ვალენტინობის დღეს განსაკუთრებით უხდება.

A Single Man (მარტოხელა კაცი)

The Weinstein Company

აი, ამ ფილმის ყურებისას ქაღალდის ხელსახოცები ნამდვილად დაგჭირდება და არც რომანტიკული ვახშმის შემდეგ ნახვად ღირს (თუ, რა თქმა უნდა, ვახშამი დაშორებით არ დამთავრდა). თუ მარტოსული ხარ და საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ გაუსაძლის ტკივილზე სულისშემძვრელი ამბის ნახვა გინდა, მაშინ სწორედ ეს ფილმი უნდა ჩართო.

Shiva, Baby (შივა, პატარავ)

Dimbo Pictures

ამ ფილმს შეიძლება კომედიური ეწოდოს, მაგრამ უფრო კლაუსტროფობიული, უხერხული და ტოქსიკური ამბავია ებრაელ გოგოზე, რომელიც ოჯახურ შეკრებაზე მივა და საყვარელი, ყოფილი, აბეზარი ნათესავები და “მახრჩობელა” მშობლები მოსვენებას არ აძლევენ. ახალგაზრდა გოგოს ამბავი, რომელიც ცხოვრებაში გზის გაგნებას ვერ ახერხებს, ნამდვილად მოგხიბლავს და ამაღელვებელი რომანტიკული მომენტებით თავსაც შეიქცევ.

Call Me by Your Name (შენი სახელი დამიძახე)

Warner Bros.

იტალიის თავბრუდამხვევი ბუნება და არანაკლებ თავბრუდამხვევი ტიმოთი შალამე — მეტი რა მიზეზია საჭირო, რომ ვალენტინობის დღეს ამ ფილმს უყურო?! თვითგამორკვევის, მიმღებლობის, ოჯახური ურთიერთობების, პირველი სიყვარულისა და დაშორების საკმაოდ კარგად გამართული ამბავი.

Carol (ქეროლი)

StudioCanal

რუნი მარასა და კეიტ ბლანშეტის პერსონაჟების წინასაშობაოდ გადაკვეთილი გზები, მიზიდულობა, ურთიერთობის განვითარება, 50-იანი წლების ქვიარფობიური განწყობებით გამოწვეული დაბრკოლებები და ყველაფრის მიუხედავად, გაუნელებელი სიყვარული, რომელიც დროსთან ერთად კიდევ უფრო ძლიერდება. ეს ის ფილმია, რომელიც საშობაო დღეებს, ვალენტინობის დღეს თუ ნებისმიერ სხვა თარიღს თანაბრად შეშვენის.

Weekend (უიქენდი)

Peccadillo Pictures

ღიად გეი და ჩაკეტილი ბიჭის “ერთღამიანი ურთიერთობა” ნელ-ნელა რომანტიკულ მიზიდულობად გარდაიქმნება და ეს გადაკვეთა საკუთარი თავის მიმღებლობის, ინტერნალიზებული ჰომოფობიის, შიშების გადალახვის საფუძველი ხდება. ფილმი მცირეხნიან, მაგრამ მნიშვნელოვან ურთიერთობაზეა, რომელიც ადამიანში შინაგან ძვრასა და წარუშლელ პოზიტიურ გავლენას იწვევს.

The Watermelon Woman (ქალი-საზამთრო)

First Run Features

ეს ფილმი მიჩქმალულ ქვიარ ურთიერთობებზეა, ისტორიიდან ამოშლილ ქვიარ ადამიანებზე, რასობრივ ჩაგვრასა და თანამედროვეობისა და წარსულის შეპირისპირებაზე. ფილმის მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა შავკანიანი ლესბოსელი რეჟისორი 1930-იანი წლების შავკანიანი მსახიობის ცხოვრების ამბავს იკვლევს და ნელ-ნელა აშიშვლებს სიმართლეს, რომელიც დაკარგულია. მსახიობი, რომლის ცხოვრებასაც მთავარი პერსონაჟი იკვლევს, ლესბოსელი იყო და რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა თეთრკანიან ქალთან. ამავდროულად, თავად პერსონაჟსაც ურთიერთობა თეთრკანიან ქალთან აქვს, რაც გარშემომყოფთა განსჯის საგანი ხდება. მხატვრული გამონაგონი იმ ისტორიის დაწერის მცდელობაა, რომელიც ჩვენამდე რასისტული და ქვიარფობიური განწყობების გამო ვერ მოაღწევდა.

წინა

ჩეხი ფეხბურთელი, იაკუბ იანკტო დაქამინგაუთდა

შემდეგი

ვის ეხება „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი

ბოლო სიახლეები

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

FacebookTweetLinkedInEmail რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი