ფილმები

/

12 ქვიარ ჰორორ ფილმი ჰელოუინისთვის

ჰელოუინის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება ჰორორის ჟანრის ფილმები. ქვიარ თემატიკას ჰორორის ჟანრში მრავალწლიანი ისტორია აქვს. თუ გასულ საუკუნეში ქვიარ პერსონაჟები მეორეხარისხოვან პერსონაჟად ან ფილმის მთავარ ბოროტმოქმედებად იყვნენ წარმოდგენილები, დროსთან

2022 წლის 10 საუკეთესო ქვიარ ფილმი

ჰორორი, ტრილერი, ფსიქოლოგიური დრამა, რომკომი, ქართული სოციალური დრამა, ბიოპიკი — გთავაზობთ 2022 წლის საუკეთესო ქვიარ ფილმებს, რომლებიც საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა გემოვნების მაყურებლისთვის: Everything Everywhere All at Once Everything Everywhere All at Once დანიელ კვანის და დანიელ შჩაინერტის ბოლო წელს

8 ახალი ქვიარ ფილმი, რომელიც საშობაო განწყობას შეგიქმნით

განურჩევლად იმისა, გრინჩთან უფრო ახლოს გრძნობთ თავს თუ ელფ ბადისთან, საყვარელი რომანტიკული კომედიების ჯადოსნურ ძალას ვერ უარყოფთ. მართალია, ძველად ძალიან ცოტა საახალწლო ფილმში შეხვდებოდით

12 ქვიარ ფილმი, რომელიც ვალენტინობის დღეს სასიამოვნოდ გაგატარებინებს

შეყვარებული ხარ თუ მარტოხელა, გულგაბზარული თუ სიყვარულით მეცხრე ცაზე მყოფი — ფილმები ყოველთვის საუკეთესო იდეაა. შეგიძლია შეყვარებულთან ერთად მოკალათდე და რომანტიკული საღამო გაატარო ან

ელიოტ პეიჯი 5 წლის შემდეგ დიდ ეკრანზე ბრუნდება

///

მისი მემუარის, Pageboy-ის, გამოსვლის შემდეგ ელიოტ პეიჯი აპირებს წლების შემდეგ პირველად დაბრუნდეს დიდ ეკრანზე.

Deadline-მა ორშაბათს განაცხადა, რომ პეიჯი ითამაშებს მთავარ როლს ფილმში „Close To You“. ფილმის მწერლი და რეჟისორია, დომინიკ სავაჟი, რომელიც ცნობილია BAFTA-ს მფლობელი სატელევიზიო ფილმებით: Nice Girl და When I Was 12.

ახალი ფილმის შესახებ ამ დროისთვის ცოტა ინფორმაციაა ცნობილი. თუმცა ვიცით, რომ ელიოტი თამაშობს პერსონაჟს სახელად სემი, რომელიც შემთხვევით ძველ მეგობარს (ჰილარი ბააკს) შეხვდება. ფილმში სემი ოჯახურ შეკრებაზე მიდის, რომელიც აიძულებს დაუპირისპირდეს დიდი ხნის დამარხულ მოგონებებს.

Umbrella Academy-ს ვარსკვლავმა Deadline-ს უთხრა, რომ „ამაყობს იმით, რომ ამ მშვენიერ ფილმზე დომინიკთან და ჰილარისთან ერთად მუშაობდა“.

„სასიამოვნო იყო მათთან, წარმოუდგენლად ნიჭიერ მსახიობებთან და ჯგუფთან თანამშრომლობა. მოუთმენლად ველი, რომ მალე გავაზიარებ ფილმს აუდიტორიასთან“ – თქვა ელიოტ პეიჯმა.

დომინიკ სავაჟმა თქვა, რომ „აღსანიშნავი გამოცდილება იყო ელიოტ პეიჯთან თანამშრომლობა ამ განსაკუთრებულ და უნიკალურ ფილმზე, რომელიც ეხება სიყვარულს, იდენტობასა და ოჯახს“.

„ძალიან ვამაყობ იმით, რასაც ფილმით მივაღწიეთ. ჩემთვის პატივი იყო ელიოტთან მუშაობა ამ ძალიან მტკივნეული, პირადი და მნიშვნელოვანი ისტორიის გასაცოცხლებლად და ეკრანზე გადმოსაცემად“ – თქვა დომენიკმა.

პეიჯი 2019 წლიდან თამაშობს ვიქტორ ჰარგრივზის როლს Netflix-ის Umbrella Academy-ში. გარდა ამისა, რეჟისორი იყო და გამოჩნდა დოკუმენტურ ფილმში There’s Something in the Water. თუმცა, ის არ გამოჩენილა მხატვრულ ფილმში 2017 წლის Flatliners-ის შემდეგ.

ეს შეიძლება მიეწეროს პეიჯის ნეგატიურ გამოცდილებას ჰოლივუდში, როგორც მან ვრცლად აღწერა პეიჯბოიში. ტანსაცმლის ჩაცმისა და სექსუალობის დამალვის ზეწოლიდან დაწყებული ცნობილ მსახიობებთან დაძაბულ ჰომოფობიურ დაპირისპირებამდე, მსახიობის მემუარებმა გამოავლინა ინდუსტრიის მწარე პორტრეტი, რომელიც ხშირად ავიწროვებს ლგბტქი საზოგადოებას. ყოველივე ამის ფონზე, ჩვენ ვიმედოვნებთ – პეიჯის დაბრუნება კინოში ნიშნავს, რომ ის ახლა თავს უფრო ძლიერად გრძნობს, როგორც მსახიობი და ჩვენ ერთი სულ გვაქვს ვიხილოთ ის დიდ ეკრანზე.

12 ქვიარ ფილმი, რომელიც ვალენტინობის დღეს სასიამოვნოდ გაგატარებინებს

შეყვარებული ხარ თუ მარტოხელა, გულგაბზარული თუ სიყვარულით მეცხრე ცაზე მყოფი — ფილმები ყოველთვის საუკეთესო იდეაა. შეგიძლია შეყვარებულთან ერთად მოკალათდე და რომანტიკული საღამო გაატარო ან ქაღალდის ხელსახოცები მოიმარაგო და საბანში გახვეულმა სხვისი დაკარგული თუ ახლად ნაპოვნი სიყვარული გამოიტირო.

სტატიაში 12 ფილმს აღმოაჩენ, რომლებიც შენს გულში სიყვარულის ისრებს გაატარებს.

But I’m a Cheerleader (მაგრამ მე ხომ ჩიერლიდერი ვარ)

Ignite Entertainment

ეს საკულტო რომანტიკული კომედია სექსუალური ორიენტაციის “შეცვლის” მიზნით მოწყობილ ბანაკში მოხვედრილ ახალგაზრდებზეა, რომლებიც ლიდერებს არ ემორჩილებიან, ქვიარ ბარებში დადიან, საბნის ქვეშ ერთმანეთს კოცნიან, რომანტიკულ თავგადასავლებში ეხვევიან და ზეწოლის მიუხედავად, საკუთარი თავის პოვნას ახერხებენ. თუ ვალენტინობის დღეს გულიანი სიცილისთვის რაიმე მსუბუქის ყურება გინდა, ეს ფილმი იდეალური არჩევანია.

My Beautiful Laundrette (ჩემი მშვენიერი სამრეცხაო)

Working Title Films

ბრიტანული ქვიარ შედევრი ახალგაზრდა პაკისტანელი და ბრიტანელი ბიჭის სიყვარულზე გვიყვება, რომლებიც პატარა სამრეცხაოს გახსნიან და ერთობლივად მართავენ. ფილმი ყველა სოციალური, კლასობრივი თუ რასობრივი გამოწვევის მიუხედავად გაღვივებულ სიყვარულზე და ბედნიერებისკენ სწრაფვაზეა. თანაც, დენიელ დეი-ლუისი, როგორც ყოველთვის, ამ ფილმშიც დამატყვევებელია.

Bros (ძმაბიჭები)

Universal Pictures

ორი ბიჭი, რომელიც სერიოზულ ურთიერთობას გაურბის, შემთხვევით ერთმანეთს გადაეყრება. დიდად ერთმანეთი არც მოეწონებათ, თუმცა ნელ-ნელა მათ შორის სიყვარული ღვივდება. ამ მოკლე შეფასებითაც კი ნათელია, რომ ფილმი ვალენტინობისთვის მისწრებაა. გარდა ამისა, ფილმში საინტერესოდ არის გაშლილი გეი კლიშეებისა და სტერეოტიპების გადაფასების პროცესი.

I’ve Heard the Mermaids Singing (ქალთევზების სიმღერა მომესმა)

Vos

გამორჩეული წარმოსახვის მქონე მოყვარული ფოტოგრაფის კომიკური, ვიზუალურად დახვეწილი და შესანიშნავი სამსახიობო შესრულებით დაგვირგვინებული ამბავი სექსუალური ორიენტაციის თვითაღმოჩენის თანმდევ დაბნეულობაზე და უხერხულობაზეა. იმასთან ერთად, რომ რეჟისორი, პატრიშა როზემა თავდაჯერების არ მქონე ხელოვანი ქალის ბრწყინვალე პორტრეტს გვიხატავს და ერთგვარ კომენტარსაც გვთავაზობს ხელოვნების არსზე, ფილმი საოცრად მსუბუქად სანახავია და დახვეწილი იუმორით გამოირჩევა.

Heartbeats (გულისძგერა)

IFC Films

ეს არ არის ფილმი სიყვარულზე. უფრო სიყვარულის მაძიებელ სამ ეგოცენტრულ ადამიანზეა, რომლებმაც რომანტიკული ურთიერთობაც კი შეჯიბრად აქციეს, ამიტომ ჯანსაღი ურთიერთობის მოლოდინიც კი არ უნდა ჰქონდეთ. ვალენტინობის დღეს ცინიზმი თუ არ გშორდება, ამ სასიყვარულო სამკუთხედით უნდა შეიქციო თავი, რომლის “მონადირე” პერსონაჟები, ყველაფრის მიუხედავად, საოცრად მიმზიდველები არიან.

Love, Simon (სიყვარულით, საიმონი)

20th Century Fox

სიყვარულით, საიმონი ახალგაზრდა ქვიარ ბიჭის თვითგამორკვევაზე, იძულებით ქამინგაუთზე და პირველ სიყვარულზეა. ფილმი გვიჩვენებს, როგორ გვაძლიერებს რომანტიკული მიზიდულობა და როგორ გვეხმარება, მეტად გამბედავები ვიყოთ. მსუბუქი, ამაღელვებელი და ლამაზი ფილმი ვალენტინობის დღეს განსაკუთრებით უხდება.

A Single Man (მარტოხელა კაცი)

The Weinstein Company

აი, ამ ფილმის ყურებისას ქაღალდის ხელსახოცები ნამდვილად დაგჭირდება და არც რომანტიკული ვახშმის შემდეგ ნახვად ღირს (თუ, რა თქმა უნდა, ვახშამი დაშორებით არ დამთავრდა). თუ მარტოსული ხარ და საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ გაუსაძლის ტკივილზე სულისშემძვრელი ამბის ნახვა გინდა, მაშინ სწორედ ეს ფილმი უნდა ჩართო.

Shiva, Baby (შივა, პატარავ)

Dimbo Pictures

ამ ფილმს შეიძლება კომედიური ეწოდოს, მაგრამ უფრო კლაუსტროფობიული, უხერხული და ტოქსიკური ამბავია ებრაელ გოგოზე, რომელიც ოჯახურ შეკრებაზე მივა და საყვარელი, ყოფილი, აბეზარი ნათესავები და “მახრჩობელა” მშობლები მოსვენებას არ აძლევენ. ახალგაზრდა გოგოს ამბავი, რომელიც ცხოვრებაში გზის გაგნებას ვერ ახერხებს, ნამდვილად მოგხიბლავს და ამაღელვებელი რომანტიკული მომენტებით თავსაც შეიქცევ.

Call Me by Your Name (შენი სახელი დამიძახე)

Warner Bros.

იტალიის თავბრუდამხვევი ბუნება და არანაკლებ თავბრუდამხვევი ტიმოთი შალამე — მეტი რა მიზეზია საჭირო, რომ ვალენტინობის დღეს ამ ფილმს უყურო?! თვითგამორკვევის, მიმღებლობის, ოჯახური ურთიერთობების, პირველი სიყვარულისა და დაშორების საკმაოდ კარგად გამართული ამბავი.

Carol (ქეროლი)

StudioCanal

რუნი მარასა და კეიტ ბლანშეტის პერსონაჟების წინასაშობაოდ გადაკვეთილი გზები, მიზიდულობა, ურთიერთობის განვითარება, 50-იანი წლების ქვიარფობიური განწყობებით გამოწვეული დაბრკოლებები და ყველაფრის მიუხედავად, გაუნელებელი სიყვარული, რომელიც დროსთან ერთად კიდევ უფრო ძლიერდება. ეს ის ფილმია, რომელიც საშობაო დღეებს, ვალენტინობის დღეს თუ ნებისმიერ სხვა თარიღს თანაბრად შეშვენის.

Weekend (უიქენდი)

Peccadillo Pictures

ღიად გეი და ჩაკეტილი ბიჭის “ერთღამიანი ურთიერთობა” ნელ-ნელა რომანტიკულ მიზიდულობად გარდაიქმნება და ეს გადაკვეთა საკუთარი თავის მიმღებლობის, ინტერნალიზებული ჰომოფობიის, შიშების გადალახვის საფუძველი ხდება. ფილმი მცირეხნიან, მაგრამ მნიშვნელოვან ურთიერთობაზეა, რომელიც ადამიანში შინაგან ძვრასა და წარუშლელ პოზიტიურ გავლენას იწვევს.

The Watermelon Woman (ქალი-საზამთრო)

First Run Features

ეს ფილმი მიჩქმალულ ქვიარ ურთიერთობებზეა, ისტორიიდან ამოშლილ ქვიარ ადამიანებზე, რასობრივ ჩაგვრასა და თანამედროვეობისა და წარსულის შეპირისპირებაზე. ფილმის მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა შავკანიანი ლესბოსელი რეჟისორი 1930-იანი წლების შავკანიანი მსახიობის ცხოვრების ამბავს იკვლევს და ნელ-ნელა აშიშვლებს სიმართლეს, რომელიც დაკარგულია. მსახიობი, რომლის ცხოვრებასაც მთავარი პერსონაჟი იკვლევს, ლესბოსელი იყო და რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა თეთრკანიან ქალთან. ამავდროულად, თავად პერსონაჟსაც ურთიერთობა თეთრკანიან ქალთან აქვს, რაც გარშემომყოფთა განსჯის საგანი ხდება. მხატვრული გამონაგონი იმ ისტორიის დაწერის მცდელობაა, რომელიც ჩვენამდე რასისტული და ქვიარფობიური განწყობების გამო ვერ მოაღწევდა.

2022 წლის 10 საუკეთესო ქვიარ ფილმი

ჰორორი, ტრილერი, ფსიქოლოგიური დრამა, რომკომი, ქართული სოციალური დრამა, ბიოპიკი — გთავაზობთ 2022 წლის საუკეთესო ქვიარ ფილმებს, რომლებიც საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა გემოვნების მაყურებლისთვის:

Everything Everywhere All at Once

Everything Everywhere All at Once დანიელ კვანის და დანიელ შჩაინერტის ბოლო წელს გამოსული აბსურდული ჟანრის კომედი-დრამაა, რომელიც ამერიკულმა კინო ინსტიტუტმა 2022 წლის ათ საუკეთესო ფილმში შეიყვანა. ფილმი ჩინელი-ამერიკელი იმიგრანტის, ეველინის ისტორიას გვიამბობს, რომელიც სამყაროს გადარჩენის მიზნით, პარალელურ სამყაროებში მოგზაურობს და საკუთარი თავის ბევრ სხვანაირ ვერსიას ხვდება. ფილმმა უკვე მოიპოვა ოქროს გლობუსის 6 ნომინაცია და მთავარი როლის შემსრულებელ მიშელ იოუს ოსკარსაც უწინასწარმეტყველებენ.

ჩემი ოთახი 

ჩემი ოთახი სოსო ბლიაძის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის სცენარზე რეჟისორთან ერთად თაკი მუმლაძემ იმუშავა. ფილმში მოქმედება პანდემიის დროს ვითარდება და გვიამბობს ორი განსხვავებული წარსულის მქონე ქალის მეგობრობის ისტორიას, რომლებიც თბილისის ძველ უბანში საერთო სახლს ქირაობენ. ფილმმა, რომლის ჩვენებაც ქართულ კინოთეატრებში თებერვლიდან დაიწყება, უკვე მოასწრო საფესტივალო მოგზაურობა და თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოც მოიპოვა.

ვრცლად ამ თემაზე – ინტერვიუ თაკი მუმლაძესთან

Benediction

Benediction გასული წლის კიდევ ერთი გამორჩეული ბიოპიკია, რომელიც ბრიტანელი პოეტის და პირველი მსოფლიო ომის ვეტერანის, ზიგფრიდ სასუნის ისტორიას გვიამბობს. ტერენსი დეივისის ფილმი ქვიარ პოეტის ორ ომზე გვიყვება — პირად ომზე, რომელიც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გარშემო ვითარდებოდა და პირველ მსოფლიო ომზე, რომელმაც მთლიანად შეცვალა მეოცე საუკუნის ისტორია. ფილმში მრავლად შეხვდებით სასუნის პოეზიას და პირველი მსოფლიო ომის იშვიათ კადრებს.

Tár

Tár ოსკარის სამი ნომინაციის მფლობელი რეჟისორის, ტოდ ფილდის 2022 წლის ფსიქოლოგიური დრამაა, რომელშიც მთავარ როლს ქეით ბლანშეტი ასრულებს. ფილმი სახელგანთქმული კომპოზიტორის და დირიჟორის, ლინდა ტარის დაცემის ისტორიას გვიამბობს და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად ტოქსიკური და არამეგობრული შეიძლება იყოს სახელოვნებო სივრცეები ახალი ტალანტების მიმართ და როგორი მცდარი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი წარმოდგენები სახელგანთქმული ვარსკვლავების მიმართ.

Bros

Bros ნიკოლას სტოლერის 2022 წლის რომანტიკული კომედიაა, რომლის სცენარზეც ბილი აიკნერმა იმუშავა. სატირული ჟანრის რომკომის სიუჟეტი ნიუ-იორკში ვითარდება და გვიამბობს პოდკასტის წამყვანის, ბობის და უძრავი ქონების აგენტის, აარონის სიყვარულის ისტორიას, რომლებიც ცდილობენ, მათი ურთიერთობა თანამედროვე სამყაროს დაკვეთებს და ფორმებს მოარგონ. კრიტიკოსების მიერ აღიარებული ფილმი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად განსხვავდება გეი და სთრეითი ურთიერთობების ფორმები და როგორ შეიძლება გეი წყვილი აღმოჩნდეს იმის მსხვერპლი, რასაც ამდენი ხანი დიდი მონდომებით ქმნიდა.

Hellraiser

Hellraiser 1987 წლის ამავე სახელწოდების ჰორორის ჟანრის საკულტო ფილმის რებუტია, რომელიც კლაივ ბარკერის გახმაურებული რომანების სერიას ეფუძნება. ფრენჩაიზის მეთერთმეტე ფილმი გამორჩეულია იმით, რომ მასში მთავარი ბოროტმოქმედის როლს ტრანსგენდერი მსახიობი, ჯემი კლეიტონი ასრულებს. ფილმში მოქმედება ჰედონისტი მილიონერის, როლანდ ვოიტის სასახლეში იწყება, სადაც სექსმუშაკი გახსნის მექანიკური თავსატეხის ყუთს, რომელიც შეიწირავს ქალის სიცოცხლეს.

Bones and All

Bones and All ლუკა გუადანინოს ბოლო წლის ნამუშევარია, რომლის პრემიერაც ვენეციის კინოფესტივალზე შედგა და საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის ლომიც კი დაიმსახურა. ფილმი, რომელშიც მთავარ როლებში ტიმოთი შალამე და ტეილორ რასელი გვევლინებიან, გვიამბობს ორ კანიბალ მოზარდზე, რომლებიც ამერიკაში მოგზაურობენ და ერთმანეთის მიმართ გრძნობები უჩნდებათ. Coming-of-age ჟანრის ფილმი კამილ დეანჯელისის 2017 წლის რომანს ეფუძნება და ალეგორიულად გადმოგვცემს იმ გამოცდილებას, რომლის გავლაც ქვიარ მოზარდების უმეტესობას უწევს.

Anaïs in Love

Anaïs in Love ფრანგული კომედიური ჟანრის ფილმია, რომელმაც შეიძლება 2021 წლის ფილმი The Worst Person in The World მოგაგონოთ, ოღონდ ერთი განსხვავებით — ანაისი 30 წლის ბისექსუალი ქალია, რომელიც ფილმის დასაწყისში არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ქალს არ აქვს ფული და მისი სასიყვარულო ურთიერთობა უფსკრულისკენ მიემართება, თუმცა ყველაფერი იცვლება, როცა ის დანიელს შეხვდება. კაცს მალე უჩნდება გრძნობები ანაისის მიმართ, თავის მხრივ, ანაისი დანიელის საყვარლით, ემილით ინტერესდება. ფილმი, რომელიც სავსეა ფრანგული იუმორით და უიმედო რომანტიზმით, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ბოლო პერიოდის პოპულარულ, მეოთხედი ცხოვრების კრიზისს ახალგაზრდა ადამიანებში.

Decision to Leave

Decision to Leave კორეელი ავტორის, პაკ ჩხან უკის რომანტიკული ტრილერია, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე შედგა და საუკეთესო რეჟისორის პრიზიც მოიპოვა. ფილმი, რომელიც 2022 წლის საუკეთესო ინტერნაციონალური ფილმის ხუთეულში მოხვდა, გვიამბობს გამომძიებლის ისტორიას, რომელიც მკვლელობის საქმის გასახსნელად ბუსანში მიემგზავრება და მოკლულის ცოლი შეუყვარდება. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ სიუჟეტში მრავლად არის დამარხული ნაღმები და ნამდვილი აღმოჩენა შეიძლება გახდეს სინეფილებისთვის, რომლებიც დიდ ყურადღებას ანიჭებენ გამოსახულებას, ფერებს, მუსიკას, სამსახიობო შესრულებასა და მხატვრობას.

Close

Close coming-of-age ჟანრის ფილმია, რომელზეც რეჟისორმა ლუკას დონტიმ იმუშავა. ბელგიური, ჰოლანდიური და ფრანგული კოპროდუქცია მოზარდების მეგობრობის შესახებ გვიამბობს. ლეო და რემი მცირე ასაკიდან მეგობრობენ და მათი მეგობრობის ედემს თითქოს ვერაფერი დაარღვევს, თუმცა საზაფხულო არდადეგებიდან სკოლაში დაბრუნებული ბიჭების ურთიერთობაში უხეშად ერევა გარემო, თანაკლასელების სახით. ლუკას დონტის დიდი ოსტატობით შექმნილი ფილმი კიდევ ერთხელ დაგვანახებს, თუ რამდენად ფაქიზი და მარტივად მსხვრევადი შეიძლება იყოს ერთი შეხედვით უდარდელი ბავშვების ცხოვრება.

8 ახალი ქვიარ ფილმი, რომელიც საშობაო განწყობას შეგიქმნით

განურჩევლად იმისა, გრინჩთან უფრო ახლოს გრძნობთ თავს თუ ელფ ბადისთან, საყვარელი რომანტიკული კომედიების ჯადოსნურ ძალას ვერ უარყოფთ.

მართალია, ძველად ძალიან ცოტა საახალწლო ფილმში შეხვდებოდით ღიად ქვიარ პერსონაჟებს, თუმცა, საბედნიეროდ, დრო იცვლება და 2020-იანებში ბევრი ახალი საშობაო და ქვიარ სიყვარულით გაჯერებული ფილმი გამოვიდა. მოდით, გადავხედოთ რამდენიმე მათგანს.

სხვა ფილმებისთვის იხილეთ ჩვენი სტატია ქვიარ საშობაო ფილმები, რომლებიც საახალწლო განწყობას აგიმაღლებს

#1. საშობაო ძიძა (2022)

ამ ახალ, 2022 წლის საახალწლო ფილმში „საშობაო ძიძა“ (ინგლ. The Holiday Sitter) მთავარ როლს ჯონათან ბენეტი ასრულებს (გახსოვთ აარონ სამუელსი Mean Girls-იდან?), რომელსაც უწევს, შობა-ახალი წლის დღეების განმავლობაში ძიძობა გაუწიოს თავის დისშვილსა და ძმისშვილს, მას კი ამაში სიმპათიური მეზობელი ჯეისონი ეხმარება.

#2. მუდამ მარტოსული (2021)

Netflix-ის პირველი ორიგინალური გეი საშობაო ფილმის „მუდამ მარტოსული“ (ინგლ. Single All the Way) მთავარი პერსონაჟია მუდამ მარტოსული კაცი, რომელიც თავის მეგობარს დაარწმუნებს, რომ უქმეების განმავლობაში მის შეყვარებულად გაასაღოს თავი… ოღონდ მან არ იცის, რომ დედამისს უკვე ჰქონდა გეგმები, მისთვის ჩუმად გაერიგებინა სხვა ადამიანი.

#3. საშობაო ნაძვის ხის ქვეშ (2021)

ფილმი „საშობაო ნაძვის ხის ქვეშ“ (ინგლ. Under the Christmas Tree) მოგვითხრობს ორი ქალის ამბავს, რომელთა გზებიც მოულოდნელად გადაიკვეთება მას შემდეგ, რაც ჩარლი, „საშობაო ხის ჭორიკანა“, ალმას უკანა ეზოში იდეალურ საშობაო ნაძვის ხეს იპოვის მეინის შტატის გუბერნატორის საშობაო წვეულებისთვის.

#4. ჯენკინსების ოჯახის შობა (2021)

ფილმში „ჯენკინსების ოჯახის შობა“ (ინგლ. A Jenkins Family Christmas) ოჯახი, რომელიც ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ ცდილობს, შობა ერთად გაატაროს, სიურპრიზის სახით აღმოაჩენს, რომ ერთ-ერთი ჯენკინსს, კენის, საშობაოდ სახლში შეყვარებული მოჰყავს.

#5. ძუკნა, რომელმაც შობა მოიპარა (2021)

ფილმი „ძუკნა, რომელმაც შობა მოიპარა“ (ინგლ. The Bitch Who Stole Christmas), რომელშიც რუპოლი თამაშობს, „ყველაზე დრეგული საშობაო ფილმია“. მისი მთავარი პერსონაჟია მოდის ჟურნალისტი, რომელსაც ცნობილი „ზამთრის მეჯლისის“ შეჯიბრზე რეპორტაჟის გაკეთება უწევს.

#6. შობა რანჩოზე (2021)

საშობაო ფილმების კლასიკურ ტროპს „ქალაქელი, რომელიც რანჩოზე ბრუნდება თავის ოჯახთან“ ფილმში „შობა რანჩოზე“ (ინგლ. Christmas at the Ranch) ქვიარ-ტვისტიც ემატება. ეს ფილმი მოგვითხრობს ქალის ამბავს, რომელიც ცდილობს, თავისი ოჯახის რანჩო გადაარჩინოს გაყიდვას, იქ კი მოულოდნელი მოეწონება რანჩოს მომვლელი ქალი.

#7. საშობაო სახლი (2020) და საშობაო სახლი 2 (2021)

„საშობაო სახლი“ (ინგლ. The Christmas House) მოგვითხრობს წყვილის ამბავს, რომელიც საშობაოდ შვილებს სახლში დაპატიჟებს (ამჯერადაც სალამი, აარონ სამუელს). მეორე ნაწილში „საშობაო სახლი 2“ ძმებს მოულოდნელად უწევთ მონაწილეობა საშობაო სახლის დეკორაციების რეალითი შოუში, სადაც ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან.

#8. ნიუ-იორკული საშობაო ქორწილი (2020)

„ნიუ-იორკული საშობაო ქორწილი“ (ინგლ. A New York Christmas Wedding) მოგვითხრობს, რა ხდება, როდესაც ანგელოზი აკითხავს მომავალ პატარძალს მის საშობაო ქორწილამდე. ის უეცრად აღმოაჩენს, რა მოხდებოდა, თავისი ბავშვობის მეგობრის მიმართ გრძნობები რომ არ უგულებელეყო.

წყარო: Cosmopolitan 

12 ქვიარ ჰორორ ფილმი ჰელოუინისთვის

/

ჰელოუინის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება ჰორორის ჟანრის ფილმები. ქვიარ თემატიკას ჰორორის ჟანრში მრავალწლიანი ისტორია აქვს. თუ გასულ საუკუნეში ქვიარ პერსონაჟები მეორეხარისხოვან პერსონაჟად ან ფილმის მთავარ ბოროტმოქმედებად იყვნენ წარმოდგენილები, დროსთან ერთად ამ ტენდენციამ სახე იცვალა და ჰორორის შემქმნელები ქვიარ ადამიანების უფრო მრავალფეროვან და საინტერესო რეპრეზენტაციას გვთავაზობენ.

გთავაზობთ ქვიარ ჰორორ ფილმების ჩამონათვალს, რომელთა შორის არის როგორც ჟანრის საკულტო, ასევე შედარებით ახალი ფილმები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოვიდა ეკრანებზე.

Knife + Heart

 

Knife + Heart იენ გონსალესის 2018 წლის ჰორორ ფილმია, რომელიც მეოცე საუკუნის იტალიური კინოს საკულტო ჟანრის, ჯიალოს ტრადიციებს იმეორებს. ფილმში მოქმედება 70-იან წლებში ვითარდება და ეფუძნება გეი პორნოგრაფიის პროდიუსერის, ენ-მარი ტენსის ისტორიას, რომლის როლსაც ვანესა პარადისი ასრულებს.

წითელი განათებებით და ღამის კლუბების ხმაურით გაჟღენთილი ფილმი გვიამბობს გეი პორნო პროდიუსერი ქალის, ენის და მისი მარჯვენა ხელის, არჩიბალდის ისტორიას. ენი ლესბოსელ საყვარელთან შერიგებას ამბიციური პორნო ფილმის გადაღებით ცდილობს, თუმცა ყველაფერი იცვლება, როცა ფილმის ერთ-ერთ მსახიობს სასტიკად მოკლავენ და ენი უცნაურ გამოძიებაში ჩაერთვება.

The Haunting

The Haunting შირლი ჯექსონის 1959 წლის საკულტო ჰორორის ჟანრის წიგნს, „ჰილჰაუსის მოჩვენებას“ ეფუძნება და გვიამბობს ადამიანების ჯგუფზე, რომლებიც ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეს მიყრუებულ აგარაკზე ატარებენ და ცდილობენ ამოხსნან, რა საიდუმლოებებს მალავს სახლი.

2018 წლის წიგნის ნეტფლიქსისეულ ადაპტაციაში ერთ-ერთი პერსონაჟი, თეო ქვიარია, თუმცა წიგნის 1963 წლის ეკრანიზაციაში ეს არ ჩანს. ამის შესახებ ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე წელში მსახიობმა კლერ ბლუმმა ისაუბრა კიდეც და თქვა, რომ კინოსტუდიამ სცენარიდან ამოჭრა ყველა ის სცენა, სადაც ნახსენები იყო, რომ თეო ქვიარია.

Bit

Bit 2019 წლის ჰორორ ფილმია, რომლის მთავარ როლში ტრანსგენდერი მსახიობი, ნიკოლ მაინსი გვევლინება. ეს კიდევ ერთი ფილმია ვამპირებზე, თუმცა სხვა მრავალი ფილმისგან განსხვავებით, ბრედ მიშელ ელმორის ფილმში ვერ შეხვდებით ვამპირი ქალების გადამეტებულ სექსუალიზებას.

Coming-of-age ჟანრის ფილმი ახალგაზრდა ტრანს გოგოს ისტორიას გვიამბობს. ლორელი სკოლის დამთავრების შემდეგ ძმასთან ერთად ლოს-ანჯელესში გადადის საცხოვრებლად. ერთ-ერთი ღამის გართობის დროს, გოგო ვამპირებს გადაეყრება და მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება. ვამპირებით და ზებუნებრივ არსებებზე მონადირეებით დატვირთული ფილმი საუკეთესო თავშესაქცევია ოქტომბრის დღეებში.

Jennifer’s Body

Jennifer’s Body 2009 წლის ჰორორის ჟანრის ფილმია, რომელიც თავის დროზე კრიტიკოსებმა არაერთგვაროვნად შეაფასეს. ფილმმა ვერ დაიმსახურა დიდი მოწონება, თუმცა წლების შემდეგ, განსაკუთრებით Me Too მოძრაობის გააქტიურების მერე ის მრავალმა მაყურებელმა შეიყვარა და საკულტო ჰორორის ჟანრის ფილმად იქცა.

ფილმი იწყება წარწერით „ჯოჯოხეთი არის თინეიჯერი გოგო“ და მასში მთავარ როლებს მეგან ფოქსი და ამანდა სეიფრიდი ასრულებენ. ფილმი გვიამბობს თინეიჯერული ურთიერთობების სისასტიკეზე და დემონური ძალებით შეპყრობილ ჯენიფერზე, რომელიც თანასკოლელ მამაკაცებს სასტიკად უსწორდება, მისი მეგობარი გოგო, ნიდი კი მის შეჩერებას ცდილობს.

Daughters of Darkness

Daughters of Darkness 1971 წლის ეროტიკული ჰორორის ჟანრის ფილმია, რომელიც რეალურ ფაქტებს და ისტორიულ ფიგურას, ელიზაბეტ ბატორის, იგივე სისხლიანი გრაფინიას ბიოგრაფიას ეფუძნება. ბატორ ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი სერიული მკვლელი. იგი მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში ცხოვრობდა და მას 600-მდე ქალი ჰყავს მოკლული.

ფილმი ახალდაქორწინებული წყვილის გაცნობით იწყება, რომელიც თაფლობის თვეს ბელგიის ერთ-ერთი ქალაქში ატარებს. ისინი მალევე შეხვდებიან ახალგაზრდა, მისტიკურ გრაფინიას, რომელიც იმავე სასტუმროში დაბინავდება. ჟანრის კლასიკად მიჩნეულ ფილმში მთავარ როლში დელფინ სეირიგი გვევლინება.

Let the Right One In


Let the Right One In 2008 წლის შვედური ფილმია, რომელიც ამავე სახელწოდების 2004 წლის ჰორორის ჟანრის რომანს ეფუძნება. ფილმმა, რომელიც ადამიანური ბუნების ბნელ მხარეებზე და ბულინგზე გვიამბობს, მალევე მოიპოვა პოპულარობა და არაერთი პრესტიჟული პრემია. ფილმის გამოსვლიდან 2 წელში კი ამერიკული რიმეიქიც გადაიღეს

მთავარ როლში ოსკარი გვევლინება, რომელიც სტოკჰოლმის გარეუბანში დედასთან ერთად ცხოვრობს. ოსკარი სკოლაში ბულინგის მსხვერპლია და ცდილობს, შური იძიოს თანატოლებზე, რის გამოც მეზობელ გოგოს, ელის დაუმეგობრდება.

The Hunger

The Hunger 1983 წლის საკულტო ჟანრის ეროტიკული ჰორორია, რომელშიც მთავარ როლებში სიუზენ სარანდონი, კეტრინ დენევი და დევიდ ბოუვი გვევლინებიან. ფილმი ვიტლი სტრაიბერის რომანს ეფუძნება და იგი მრავალი თაობის მაყურებლის საყვარელ ფილმად არის მიჩნეული.

The Hunger გვიამბობს ექიმი სარა რობერტსის და ვამპირი წყვილის სასიყვარულო სამკუთხედზე. ჯონი, რომელიც ორი საუკუნეა ვამპირია, დაბერებას იწყებს, სწორედ ამიტომ თავის პარტნიორ ვამპირთან, მირიანთან ერთად გადაწყვეტს გერონტოლოგ სარა რობერტსთან დაახლოებას, რომელიც დაბერების და ძილის ფენომენს იკვლევს.

Stranger by the Lake

Stranger by the Lake 2013 წლის ეროტიკული ჟანრის ფრანგული ჰორორია, რომელიც ეკრანებზე 2013 წელს გამოვიდა და მაშინვე დაიმსახურა კინოს კრიტიკოსების დადებითი შეფასება. ფილმი კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც მოხვდა და Queer Palm-ის პრიზით დაჯილდოვდა.

Stranger by the Lake გვიამბობს ორი კაცის, ფრენკის და მიშელის ურთიერთობაზე. ფრენკი რეგულარულად სტუმრობს ნუდისტურ პლაჟს, რომელიც პოპულარული გასართობია გეი კაცებისთვის. სწორედ ნუდისტურ პლაჟზე დაუმეგობრდება მიშელს, რომლის მიმართაც მალევე გაუჩნდება რომანტიკული მიჯაჭვულობა, თუმცა საქმეს ის ართულებს, რომ მიშელი ცივსისხლიანი მკვლელია.

Thelma

 

Thelma 2017 წლის ტრილერის ჟანრის ნორვეგიული ფილმია, რომელიც გასული წლის გახმაურებული ფილმის, The Worst Person in The World-ის რეჟისორს, ჯოაკიმ ტრიერს ეკუთვნის. ფილმი ნორვეგიამ ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაშიც გააგზავნა, თუმცა ნომინაცია ვერ მიიღო.

Thelma ახალგაზრდა ქალის, თელმას ისტორიას გვიამბობს, რომელიც ულტრა-რელიგიურ ოჯახში კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს და უჭირს მეგობრების გაჩენა. ერთ დღესაც, გოგო უნივერსიტეტში სასწავლებლად სხვა ქალაქში მიემგზავრება და რომანტიკული გრძნობები უჩნდება ანიას მიმართ, თუმცა მისი დანახვისას ყოველთვის ეწყება ეპილეფსიური შეტევები. იგი მალევე აღმოაჩენს, რომ ახალმა გრძნობამ ზებუნებრივი ძალები შესძინა.

Hellbent

 

Hellbent კიდევ ერთი ამერიკული ფილმია, რომელიც ჰორორის საკულტო ქვეჟანრის, სლეშერის ტრადიციებს იმეორებს. 2004 წელს გადაღებული Hellbent პირველი ქვიარ სლეშერ ფილმია, რომელიც სტერეოტიპების გარეშე წარმოაჩენს ქვიარ ადამიანებს ჰორორის ჟანრში. შემზარავ ფილმში უხვად შეხვდებით სისხლს და დაუნდობელ სცენებს.

სიუჟეტი დასავლეთ ჰოლივუდში ვითარდება. მეგობრების ჯგუფი ჰელოუინის აღნიშვნას გადაწყვეტს, თუმცა ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა ნიღბიანი მკვლელი მათზე ნადირობას დაიწყებს. ფილმი იმეორებს 80-იანი წლების ჰორორ ფილმებისთვის დამახასიათებელ ელემენტებს, თუმცა ამასთან ერთად ახალ პერსპექტივას სთავაზობს მაყურებელს.

Fear Street ტრილოგია

Fear Street Netflix-ის კინო პროდუქტია. ფილმი რ.ლ. სტაინის წიგნების სერიას ეფუძნება, რომელიც პირველად 1989 წელს დაიბეჭდა და მას შემდეგ 80 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გამოვიდა. ტრილოგიის სამივე ფილმი ეკრანებზე 2021 წელს გამოვიდა და იგეგმება მისი გაგრძელებაც.

ტრილოგიის პირველ ფილმში მაყურებელი 1994 წელში მოგზაურობს და თინეიჯერებთან ერთად ცდილობს, გადაარჩინოს დაწყევლილი ქალაქი. მეორე ნაწილში მოქმედება 1978 წელში ინაცვლებს, სადაც მთავარი პერსონაჟები აგრძელებენ ბოროტ ძალებთან ბრძოლას. ფილმის მესამე ნაწილში თინეიჯერების გუნდს შორეულ 1666 წელში მოუწევს გადანაცვლება.

Interview With the Vampire

Interview With the Vampire 1994 წლის საკულტო ჰორორის ჟანრის ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს ბრედ პიტი, ტომ კრუზი და კირსტენ დანსტი ასრულებენ. ფილმი, რომელიც ენ რაისის წიგნების სერიას ეფუძნება, ვამპირების თემატიკაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია. ის ორი ოსკარის ნომინაციით დაჯილდოვდა.

Interview With the Vampire-ში მოქმედება ორი ვამპირის, ლესტატის და ლუისის გარშემო ვითარდება. ისტორია შორეული 1791 წლიდან იწყება, როცა ლესტატმა ლუისი ვამპირად გადააქცია. ფილმი გვიამბობს თითქმის ორსაუკუნოვან ისტორიას. მართალია, სიუჟეტში ნაკლებად არის ნაჩვენები ლესტატის და ლუისის ქვიარობა, თუმცა წიგნების მოყვარულები მარტივად შენიშნავენ ქვეტექსტებს ამერიკელი ავტორის რომანში.