Vecteezy

10 ფაქტი და მითი აივ/შიდსის შესახებ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) სტატისტიკების მიხედვით, მსოფლიოში დაახლოებით 36.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს აივ-ით (დამიანის მუნოდეფიციტის ირუსით). მართალია, წლების განმავლობაში აივ-ის მართვის თვალსაზრისით დიდი პროგრესია, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი მითი არსებობს იმაზე, თუ როგორია ცხოვრება აივ-თან ერთად.

ამ სტატიაში მოცემულია 10 ფაქტი აივ/შიდსზე არსებულ მითებთან დაკავშირებით.

ფაქტი #1: აივ-ინფექცია სასიკვდილო განაჩენი არ არის

„შესაბამისი მკურნალობით ჩვენ ველით, რომ აივ-ინფექცია ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას არ მოახდენს“, — ამბობს დოქტორი მაიკლ ჰორბერგი, Kaiser Permanente-ს აივ/შიდსის ეროვნული დირექტორი.

„1996 წლიდან, მაღალაქტიური, ანტირეტროვირუსული თერაპიის გაჩენასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ აივ დადებითი ადამიანის, რომელსაც კარგი წვდომა აქვს ანტირეტროვირუსულ თერაპიაზე (არვ), მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა ნორმალური იქნება, თუკი ის მისთვის დანიშნულ მედიკამენტებს მიიღებს“, — დაამატა ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა, დოქტორმა ამეშ ადალიამ.

ფაქტი #2: შეუძლებელია გარეგნულად იმის შემჩნევა, რომ ადამიანს აივ/შიდსი აქვს

თუკი ადამიანი დაინფიცირდება აივ-ით, მისი სიმპტომები დიდწილად შეუმჩნეველია. აივ-ინფექციის მქონე ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს ისეთივე სიმპტომები, როგორიც სხვა ინფექციების შემთხვევაში ვლინდება ხოლმე, მაგალითად, სიცხე, დაღლილობა ან შეუძლოდ ყოფნა. გარდა ამისა, საწყისი მსუბუქი სიმპტომები, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე კვირა გრძელდება.

ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მიღების ადრეულ ეტაპზევე დაწყებით ეფექტურადაა შესაძლებელი აივ-ინფექციის მართვა. აივ დადებითი ადამიანი, რომელიც ანტირეტროვირუსულ მკურნალობას გადის, შედარებით ჯანმრთელია და არ განსხვავდება სხვა ინდივიდებისგან, რომლებსაც ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები აქვთ.

სტერეოტიპული სიმპტომები, რომლებსაც ადამიანები ხშირად აკავშირებენ აივ-თან, სინამდვილეში შიდსთან (ეძენილი მუნური ეფიციტის ინდრომთან) დაკავშირებული დაავადებებისა და გართულებების სიმპტომებია. მიუხედავად ამისა, სწორი მკურნალობით, ეს სიმპტომები არ გამოვლინდება აივ-ის მქონე ადამიანში.

ფაქტი #3: აივ-ით ჰეტეროსექსუალი ადამიანებიც ინფიცირდებიან

მართალია, რომ აივ/შიდსის ყველაზე დიდი რისკ-ჯგუფი არიან კაცები, რომლებსაც კაცი სექსუალური პარტნიორები ჰყავთ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, ამ ჯგუფში ვლინდება აივ-ის ახალი შემთხვევების 70%.

მიუხედავად ამისა, 2016 წელს აშშ-ში ახალი აივ-ინფექციების 24% მოდიოდა ჰეტეროსექსუალებზე, მათგან დაახლოებით ორი მესამედი კი იყვნენ ქალები.

ფაქტი #4: აივ-დადებით ადამიანებს შეუძლიათ უსაფრთხოდ ჰყავდეთ შვილები

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე აივ-დადებით ადამიანს შეუძლია გააკეთოს ორსულობისთვის მოსამზადებლად, არის ანტირეტროვირუსული თერაპიის (არვ) რაც შეიძლება სწრაფად დაწყება. თუკი აივ-დადებითი ქალი მთელი ორსულობის (მათ შორის მშობიარობის) განმავლობაში ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად ყოველდღიურად მიიღებს აივ-საწინააღმდეგო მედიკამენტებს და გააგრძელებს ბავშვისთვის მედიკამენტების დაბადებიდან პირველი 4-6 კვირის განმავლობაში, ბავშვზე აივ-ის გადაცემის რისკი სულ რაღაც 1% ან უფრო ნაკლებია.

გარდა ამისა, აივ-დადებითი დედისგან შვილზე აივ-ის გადაცემის რისკის შესამცირებლად, შესაძლებელია საკეისრო კვეთით მშობიარობა და ბავშვის დაბადების შემდეგ მისი ბოთლიდან კვება.

ქალებს, რომლებიც აივ-უარყოფითები არიან, მაგრამ გეგმავენ შვილის გაჩენას აივ-დადებითი კაცი პარტნიორისგან, ასევე შეუძლიათ სპეციალური მედიკამენტების მიღება მათზე და მათ შვილებზე ინფექციის გადაცემის რისკის შესამცირებლად. იმ კაცებისთვის, რომლებსაც აივ-ინფექცია აქვთ და რომლებიც რეგულარულად იღებენ არვ-ის მედიკამენტებს, გადაცემის რისკი, ფაქტობრივად, ნულია, თუკი აივ-ის ვირუსული დატვირთვა შეუმჩნეველია.

ფაქტი #5: აივ-ინფექცია ყოველთვის არ იწვევს შიდსს

აივ-ინფექცია ის ინფექციაა, რომელიც იწვევს შიდსს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აივ-დადებით ადამიანებს ყოველთვის განუვითარდებათ შიდსი. შიდსი არის იმუნური სისტემის დეფიციტის სინდრომი, რაც გამოწვეულია იმით, რომ აივ-ინფექცია დროთა განმავლობაში უტევს იმუნურ სისტემას და ასუსტებს მას. შიდსის პრევენციისთვის საჭიროა აივ-ინფექციის მკურნალობის ადრეულ ეტაპზევე დაწყება.

„თანამედროვე თერაპიების წყალობით, შესაძლებელია აივ-ინფექციის დონეების მართვა და მისი დაბალ დონეზე შენარჩუნება, რაც იმუნურ სისტემას ჯანმრთელ მდგომარეობაში ყოფნის შესაძლებლობას აძლევს და, შესაბამისად, ხელს უშლის სხვა ინფექციების გავრცელებასა და შიდსის განვითარებას“, — განმარტავს ვოლდენის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი რიჩარდ რამირესი.

ფაქტი #6: PrEP-ის მიღებისას მაინც საჭიროა პრეზერვატივის გამოყენება

PrEP (პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა; „პრეპი“) არის მედიკამენტი, რომელიც, ყოველდღიურად მიღების შემთხვევაში, აივ-ით ინფიცირებისგან გიცავთ. მიუხედავად ამისა, პრეპი არ გიცავთ სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციებისგან, ამიტომაც რეკომენდებულია პრეპის მიღება უსაფრთხო სექსის სხვა საშუალებებთან ერთად (მაგალითად, პრეზერვატივის გამოყენებით).

პრეპზე დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ყველაფერი პრეპის პროგრამის შესახებ – თანასწორობის მოძრაობა.

ფაქტი #7: აივ-ზე ტესტირებისას უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, დაუცველი სექსი მაინც არ უნდა გქონდეთ

თუკი ადამიანი ცოტა ხნის წინ აივ-ით დაინფიცირდა, ეს შეიძლება აივ-ტესტზე პირველი სამი თვის განმავლობაში არ გამოჩნდეს.

ანტისხეულების ტესტები, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება, სხეულის აივ-ით დაინფიცირების საპასუხოდ გამოყოფილი ანტისხეულების შემჩნევის გზით მუშაობს. იმის მიხედვით, თუ რომელ ტესტს გამოიყენებთ, აივ-დადებითობა შეიძლება დადგინდეს დაინფიცირებიდან რამდენიმე კვირაში ან სამ თვემდე დროში. ტესტირებისას ჰკითხეთ ექიმს ან ტესტის გამკეთებელ პირს, დროის რა შუალედს ფარავს მოცემული ტესტი და როდის იქნება საჭირო განმეორებითი ტესტირება.

უარყოფითი პასუხის დასადასტურებლად რეკომენდებულია, აივ-ტესტი პირველი ტესტირებიდან სამი თვის შემდეგ კვლავ გაიკეთოთ. თუკი რეგულარული სექსი გაქვთ, რეკომენდებულია აივ-ზე ტესტირება ყოველ სამ თვეში ერთხელ.

ფაქტი #8: თუკი ორივე პარტნიორი აივ-დადებითია, პრეზერვატივის გამოყენება მაინც საჭიროა

კვლევებმა აჩვენა, რომ აივ-დადებითმა ადამიანმა, რომელიც რეგულარულად გადის ანტირეტროვირუსულ თერაპიას, რომელიც ვირუსს შეუმჩნეველ დონემდე ამცირებს, შეუძლებელია, პარტნიორს აივ-ინფექცია გადასდოს. ამჟამინდელი სამედიცინო კონსენსუსია „შეუმჩნეველი = არგადაცემადი“.

მიუხედავად ამისა, CDC-ის რეკომენდაციაა, რომ თუკი ორივე პარტნიორი აივ-დადებითია, მათ თითოეული სქესობრივი აქტის დროს უნდა გამოიყენონ პრეზერვატივები. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ პარტნიორი აივ-ის სხვა შტამით დაინფიცირდეს, ძალიან იშვიათ შემთხვევებში კი გადაიცეს აივ-ის „სუპერინფექციური“ ფორმა ისეთი შტამისგან, რომელიც ამჟამინდელი ანტირეტროვირუსული თერაპიის მედიკამენტებისადმი მდგრადია.

აივ-ისგან სუპერინფექციის რისკი ძალიან დაბალია, დაახლოებით 1-იდან 4 პროცენტამდე.

ფაქტი #9: შეიძლება აივ-ინფექცია გქონდეთ, მაგრამ არ იცოდეთ

დაახლოებით დათვლილია, რომ აივ-ის მქონე რვა ადამიანიდან ერთმა არ იცის, რომ აივ-ინფექცია აქვს.

აივ-ით დაინფიცირების პირველი 2-4 კვირის განმავლობაში ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები, მაგალითად, დაღლილობა, სიცხე, თავისა და ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. აივ-ის სხვა სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ლიმფური კვანძების გადიდება და ტკივილი, ასევე გამონაყარი კანზე.

თუმცა, ზოგჯერ ინფექციის ადრეულ ეტაპზე სიმპტომები საერთოდ არ ვლინდება და ადამიანმა შეიძლება ვირუსი ისე გაავრცელოს, რომ ვერც კი გაიაზროს.

აივ-დადებითობის დასადგენად ერთადერთი გზა რეგულარული ტესტირებაა.

ფაქტი #10: აივ-ინფექცია გადადის მხოლოდ სხეულის გარკვეულ სითხეებთან კონტაქტით

აივ-ით დაინფიცირება ხდება მხოლოდ ისეთი აივ-დადებითი ადამიანის სხეულის გარკვეულ სითხეებთან კონტაქტით, რომელსაც ვირუსული დატვირთვა შესამჩნევი აქვს. ეს სითხეებია:

  • სისხლი
  • სპერმა და პრეეაკულატი (ე.წ. „პრექამი“)
  • სწორი ნაწლავის სითხეები
  • ვაგინალური სითხეები
  • ძუძუს რძე

დაინფიცირებისთვის საჭიროა, რომ ამ სითხეებში არსებული აივ-ინფექცია მოხვდეს აივ-უარყოფითი ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემაში ლორწოვანი მემბრანის გავლით (როგორიც გვხვდება სწორ ნაწლავში, ვაგინაში, პირის ღრუში ან პენისის თავზე), ღია ჭრილობებიდან ან პირდაპირი ინიექციით (მაგალითად, ნემსით).

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, აივ-ინფექცია არ გადადის მწერის ნაკბენით, ჩახუტებით, კოცნით, ხელის ჩამორთმევით, ხველებით/ცემინებით, საერთო უნიტაზითა თუ ჭურჭლით, აივ-ინფიცირებულთან ერთად ვარჯიშითა თუ მასთან დროის გატარებით.

აივ-დადებით ადამიანებს, რომლებიც აივ-ის მედიკამენტებს იღებენ და ინარჩუნებენ შეუმჩნეველ ვირუსულ დატვირთვას, შეუძლიათ დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვრონ და არ გადასდონ აივ-ინფექცია თავიანთ აივ-უარყოფით პარტნიორებს სექსის დროს.

წყაროები: Everyday Health, Healthline, HIV.gov

წინა

ევროსასამართლომ ტრანსგენდერი კაცების გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე დარღვევა დაადგინა

შემდეგი

აშშ-ის სენატმა ქორწინების თანასწორობის დასაცავად ახალი კანონპროექტი მიიღო

ბოლო სიახლეები

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ