Criminalization of homosexuality in Africa, NativMag
Criminalization of homosexuality in Africa, NativMag

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი

ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია

ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია  ხელისუფლების მართვის ყველა დონეზე ინსტიტუციონალიზებული დისკრიმინაციის გამოხატულებაა. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაციის მომწესრიგებელი კანონმდებლობა უფლებას აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს თვითნებური, რეპრესიული ზომები გაატარონ ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ, რაც ,,დასმენების“ შედეგად  თემის წევრების უკანონო დაპატიმრებებში, ჩხრეკაში, საცხოვრებელ ადგილებში რეიდების მოწყობასა და ქვიარ ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და დევნაში გამოიხატება[1]. ჰომოსექსუალური ურთიერთობების ამკრძალავი ნორმები საშუალებას არ აძლევს ქვიარ ადამიანებს  და აქტივისტებს შექმნან უფლებადაცვითი ორგანიზაციები, რომელიც ქვიარ საკითხებზე იმუშავებს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზების კანონები ქვიარ წყვილებს ართმევს შესაძლებლობას, საჯაროდ შეიკრიბონ. მათ მიერ ინტერნეტის გამოყენება და პირადი სივრცის ქონა სამართალდამცავების მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნას მათი სისხლის სამართლის წესით დასჯის მიზნებისთვის[2].  ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზებისა და პენალიზების კანონები კერძო და საჯარო პირების მხრიდან ჰომოსექსუალი წყვილების მიმართ ძალადობას და დაუსჯელობას ახალისებს. ამგვარი ,,ლეგალური“  კანონებითა და გამეფებული ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობიით ავტორიტარული რეჟიმები ამართლებენ ჰომოსექსუალი წყვილების მიმართ ციხეში, ქუჩაში თუ სახლში რეპრესიებსა და ძალადობას.[3]

ჰომოსექსუალური ურთიერთობის კრიმინალიზაციის მოდელები

მსოფლიოს მასშტაბით ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაციის სხვადასხვა მოდელები არსებობს: დე-ფაქტო კრიმინალიზაცია, 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, სანქციის სახით სიკვდილით დასჯის შესაძლო გამოყენება და სიკვდილით დასჯა[4].

აფრიკის  კონტინენტზე  გაეროს  51 ქვეყნიდან 31 ქვეყანაში  ჰომოსექსუალური ურთიერთობები მკაცრად კრიმინალიზებულია.[5]  რაც შეეხება ეგვიპტეს, ჰომოსექსუალური ურთიერთობები მითითებულ ქვეყანაში დე-ფაქტო კრიმინალიზებულია. ეგვიპტეში მოქმედებს კანონი პროსტიტუციის დასჯის შესახებ, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან ქვიარების დასასჯელადაც გამოიყენება. ასევე, ეგვიპტეში მოქმედებს კანონები ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,პროპაგანდის“ წინააღმდეგ, რომელიც ირიბად ჰომოსექსუალების დასჯის საფუძველია.

ამერიკის კონტინენტზე  გაეროს  35 წევრიდან  6 ქვეყანას კრიმინალიზებული აქვს  ჰომოსექსუალური ურთიერთობები.  ეს ქვეყნებია:  დომინიკის რესპუბლიკა, გრენადა, გვინეა, იამაიკა, სენტ ლუჩია, სენტ ვინსენტი და  გრენადინები. მაგალითად, დომინიკის რესპუბლიკაში, ჰომოსექსუალური ურთიერთობები ისჯება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, დამატებით სასჯელად კი სასამართლომ შეიძლება ჰომოსექსუალი ადამიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სამკურნალოდ მოთავსება მოითხოვოს.  გრენადინებშიც ჰომოსექსუალური ურთიერთობები 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს[6].

აზიის კონტინენტზე გაეროს 42 წევრი ქვეყნიდან 19 ქვეყანას ჰომოსექსუალური ურთიერთობები კრიმინალიზებული აქვს. ეს ქვეყნებია: ავღანეთი, ბანგლადეში, ბრუნეი, ირანი, ქუვეითი, ლიბანი, მალაიზია, მალდივები, მიანმანი, ომანი, პაკისტანი, ყატარი, საუდის არაბეთი, შრი ლანკა, სირია, თურქმენეთი, ემირატები, უზბეკეთი და იემენი[7].  მაგალითად,  2015 წელს, ავღანეთში სამი გეი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს ჰომოსექსუალური ურთიერთობებისთვის[8]. ავღანეთში, თალიბანის რეჟიმის წარმომადგენლები ჰომოსექსუალ ადამიანებს აუპატიურებდნენ, როზგავდნენ, აშიშვლებდნენ და დღეში რამდენჯერმე ჯოხით სცემდნენ. მითითებულმა ფაქტებმა  განსაკუთრებით იმატა 2021 წლიდან. მაგალითად, ბანგლადეშში ჰომოსექსუალური ურთიერთობები სამუდამო თავისუფლების აღკვეთით ისჯება, დამატებით სასჯელად კი შესაძლებელია ჯარიმაც დაინიშნოს. ბრუნეის კანონმდებლობა ,,სოდომური“ აქტებისთვის  სასჯელის სახით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ლესბოსური აქტებისთვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე ვადით, გაროზგვა ან ორივე ერთად. ირანში ,,სოდომური“ ქმედებებისთვის პირს შესაძლოა სიკვდილით დასჯა მიესაჯოს. თუმცა, გათვალისწინებულია ისეთი სასჯელებიც, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა და გაროზგვა. მაგალითად, მალაიზიაში, ჰომოსექსუალური ურთიერთობები 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთითა და გაროზგვით ისჯება. პაკისტანში  სისხლის სამართლის კანონი სჯის ჰომოსექსუალებს დანაშაულისთვის – ,,ხორციელი კავშირი ბუნების წესრიგის წინააღმდეგ“, რომლისთვისაც გათვალისწინებული სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით. საუდის არაბეთში, სადაც შარიათის კანონები მოქმედებს, ჰომოსექსუალური ურთიერთობები  ჩაქოლვით ისჯება. თურქმენეთში კი ჰომოსექსუალური ურთიერთობებისთვის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა დაკანონებული.

მიუხედავად იმისა, რომ  გაეროს წევრ ქვეყნებს ევროპაში კრიმინალიზებული არ აქვთ ჰომოსექსუალური ურთიერთობები, ოთხ ქვეყანაში შეინიშნება ქვიარ ადამიანების ხელისუფლების მიერ წახალისებული დევნა და შევიწროება. ამის საუკეთესო მაგალითია რუსეთი, სადაც ქვიარ ადამიანები სამართალდამცავი ორგანოებისა და ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან  სისტემატურად ხდებიან წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლნი. ბოლო პერიოდში, რუსეთში სულ უფრო მეტი სამართლებრივი შეზღუდვები უწესდებათ ქვიარ ადამიანებს, რომელიც მათი თავისუფლების  შეზღუდვისკენ არის მიმართული. განსაკუთრებით იდევნებიან ქვიარ აქტივისტები და უფლებადამცველები[9].

2013 წელს, რუსეთმა მიიღო კანონი 18 წლამდე ასაკის პირებში არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, რომელსაც ჰომოსექსუალური ურთიერთობების დე ფაქტო კრიმინალიზების მიზანი აქვს[10]. კანონი,,მორალის“ დაცვის ეგიდით მიიღეს და რეალურად ჰომოფობიის წამახალისებელი დატვირთვა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ  რუსეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობები 1993 წლიდან არის დეკრიმინალიზებული, ქვეყანაში ქვიარ თემის მიმართ სიძულვილი და წინასწარგანწყობები მაინც ძალიან მაღალია. 2022 წლის ბოლოს, რუსეთის ფედერაციის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონის „ლგბტქი პროპაგანდის აკრძალვის“ შესახებ. კანონი კრძალავს ნებისმიერ რეკლამას, მედიას, წიგნს, ფილმსა თუ თეატრალურ დადგმას, რომელიც ჰომოსექსუალობის „პროპაგანდად“ მიიჩნევა, ასევე, ყველა მოქალაქეს უკრძალავს ბავშვებისთვის პედოფილიასა და გენდერულ ტრანზიციებზე ინფორმაციის მიწოდებას. ეს ზომა მნიშვნელოვნად ზრდის ლგბტქი თემის რეპრესიას რუსეთში და აფართოებს 2013 წლის კანონს, რომლითაც ბავშვებსა და არასრულწლოვანებში ლგბტქი „პროპაგანდის“ გავრცელება აიკრძალა[11].

2023 წლის  30 ნოემბერს, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ საერთაშორისო ლგბტქი უფლებადაცვითი მოძრაობები  ექსტრემისტულ ორგანიზაციებად ცნო.[12]

მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსში კანონით  ჰომოსექსუალური ურთიერთობები არ არის კრიმინალიზებული, სამართალდამცავი ორგანოებისა და ულტრამემარჯვენე ძალების მიერ დევნისა და შევიწროების სამიზნე  ქვიარ ადამიანები და გენდერული მრავალფეროვნების საკითხებზე მომუშავე აქტივისტები არიან[13].

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი სისხლის სამართლის წესით ცალსახად  დასჯადად არ აცხადებს ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს, შეინიშნება ტრანს ადამიანების დე ფაქტო კრიმინალიზების შემთხვევები. აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ჰომოსექსუალური ურთიერთობების დე ფაქტო კრიმინალიზებას ახდენს შემდეგი მუხლებით: 308  (პროსტიტუცია); 510 (ხულიგნობა); 535 (პოლიციის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა)[14].

ევროპულ ქვეყნებში   ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაციის პრაქტიკა

  • ავსტრიამ ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია მოახდინა 1971 წელს;
  • ბელგიამ – 1795 წელს;
  • დანიამ – 1933 წელს;
  • ესტონეთმა – 1992 წელს;
  • ფინეთმა – 1971 წელს;
  • საფრანგეთმა – 1791 წელს;
  • გერმანიამ – 1969 წელს;
  • საბერძნეთმა – 1951 წელს;
  • ისლანდიამ – 1940 წელს;
  • იტალიამ – 1890 წელს;
  • ლატვიამ – 1992 წელს;
  • ლიეტუვამ – 1993 წელს;
  • მოლდოვამ – 1995 წელს;
  • ჰოლანდიამ – 1811 წელს;
  • ნორვეგიამ – 1972 წელს;
  • პოლონეთმა – 1932 წელს;
  • პორტუგალიამ – 1982 წელს.

ქართული კონტექსტი

საქართველომ ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია 2000 წელს მოახდინა, როდესაც სისხლის სამართლის  კოდექსიდან ამოიღო ,,სოდომური ცოდვების“  კრიმინალიზების მუხლები, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არსებობდა.

მიუხედავად ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზების არარსებობისა, ხელისუფლების მიერ წახალისებული ჰომოფობიური ჯგუფები ცრუ და ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებასა და ფორმირებას ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ[15].

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ულტრამემარჯვენე ძალები საზოგადოებაში ავრცელებენ დეზინფორმაციულ ნარატივს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას  მოიცავს[16]:

  • ჰომოსექსუალობის გაიგივება ცოდვასთან;
  • ჰომოსექსუალური ურთიერთობების გარყვნილებად შეფასება;
  • ლგბტქ თემის წევრთა გამოხატვის თავისუფლების პროპაგანდად შეფასება;
  • ჰომოსექსუალობის გაიგივება პედოფილიასთან;
  • ევროპისა და ზოგადად, დასავლეთის გარყვნილების სათავედ წარმოჩენა.

2024 წლის 27 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა ლგბტქი უფლებების შემზღუდველი ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. მეორე და მესამე მოსმენა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე გაიმართება.

2024 წლის 26 ივნისს ვენეციის კომისიამ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლებას კანონპროექტის არსებითი გადახედვისკენ მოუწოდა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის პრევენცია და კანონპროექტის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან[17].

,,ლგბტქი პროპაგანდის“ ბრძოლის ეგიდით ხელისუფლება ცდილობს ქვიარ თემს წაართვას ფუნდამენტური უფლებები და შელახოს მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, გაავრცელოს ცენზურა ხელოვნების სხვადასხვა დარგზე.  ,,ლგბტქი პროპაგანდის“ წინააღმდეგ მიმართული კანონი რუსულ გავლენას განიცდის და ქვიარ თემის ჩაგვრის თუ დისკრიმინაციის უპირობო ლეგიტიმაციაა.

ბიბლიოგრაფია:
[1] Our Identities under Arrest, ILGA World, 2nd Edition, 2023, available at: https://ilga.org/wp-content/uploads/2023/12/Our_Identities_Under_Arrest_2023.pdf
[2] Love, Hate and the Law, Decriminalizing the Homosexuality, Amnesty International, 2008 available at:  https://www.amnesty.org/en/wp-content/uploads/2021/07/pol300032008eng.pdf
[3] იქვე, 8.
[4] information is available at: https://database.ilga.org/criminalisation-consensual-same-sex-sexual-acts
[5] მაგ., ბურუნდი, ჩადი, ეთიოპია, განა, გამბია, კენია, ნიგერია, მაროკო, სენეგალი , ტანზანია, ზიმბაბვე, უგანდა, ზამბია, ტოგო,  და სხვა. წყარო: https://ilga.org/wp-content/uploads/2023/12/Our_Identities_Under_Arrest_2023.pdf
[6] წყარო ხელმისაწვდომია: https://ilga.org/wp-content/uploads/2023/12/Our_Identities_Under_Arrest_2023.pdf
[7] წყარო ხელმისაწვდომია: https://ilga.org/wp-content/uploads/2023/12/Our_Identities_Under_Arrest_2023.pdf
[8] წყარო ხელმისაწვდომია:  https://database.ilga.org/criminalisation-consensual-same-sex-sexual-acts
[9] Our Identities under Arrest, ILGA World, 2nd Edition, 2023, available at: https://ilga.org/wp-content/uploads/2023/12/Our_Identities_Under_Arrest_2023.pdf
[10] Information is available at: https://www.theguardian.com/world/2013/jun/11/russia-law-banning-gay-propaganda
[11] ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://queer.ge/Articles/Details
[12] Information is available at: https://www.hrw.org/news/2023/11/30/russia-supreme-court-bans-lgbt-movement-extremist
[13] Information is available at the official website of Human Rights House Foundation, Belarus: Gay pride march dispersed, participants arrested and fined – Human Rights House Foundation
[14] Trans Legal Mapping  Report, 3rd Edition, 2019, ILGA World, https://archive.ilga.org/en/trans-legal-mapping-report-2019
[15] გენდერული და ანტი-ლგბტ მობილიზება საქართველოში, მედიის განვითარების ფონდი, 2023.
[16] ანტიგენდერული და ანტი-ლგბტქი მობილიზება საქართველოში, მედიის განვითარების ფონდი (MDF), 2023, 28.
[17] CDL-AD(2024)021-e Georgia – Opinion on the draft constitutional law on Protecting Family Values and Minors, adopted by the Venice Commission at its 139th Plenary Session (Venice, 21-22 June 2024).
წინა

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

შემდეგი

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ