შვილის შეძენა ტომ დეილის ოლიმპიურ ჩემპიონატზე ოქროს მედლის მიღებაში დაეხმარა: „რაც მამა გავხდი, მივხვდი, რომ სპორტული კარიერა არ არის ყველაფერი“.
„როგორც კი მამა ხდები, შენი შვილი ხდება პრიორიტეტი“, – ამბობს 28 წლის მყვინთავი ქვიარ გამოცემა Advocate-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. სპორტსმენმა ახლახან გამოსცა წიგნი სახელწოდებით – „ამოყვინთვა ჰაერისთვის: რა ვისწავლე სპორტისგან, დიდებისა და მამობისგან” (Coming Up for Air: What I Learned from Sport, Fame and Fatherhood). მრავალი წელია, ოლიმპიური ჩემპიონი დაქორწინებულია ოსკაროსან სცენარისტზე, დასტინ ბლექზე. წყვილს 4 წლის ვაჟი, რობერტ რეი ბლექ-დეილი ჰყავს.
„მამომა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ჩემთვის“, – ამბობს დეილი – „რაც მამა გავხდი, ყველაფერს სხვანაირად ვხედავ, როცა ცუდი დღე მაქვს საცურაო აუზზე, მახსენდება, რომ ყველაფერი ჩემი კარიერით აღარ შემოიფარგლება“.
„ამ პერსპექტივის გაჩენამ ძალიან გამიმარტივა ცხოვრება, წინა წელს, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდებოდი, ძალიან დიდი სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა მოხდებოდა… ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სახლში დამხვდებოდა ჩემი ოჯახი, რომელიც ყოველთვის დამიჭერს მხარს”.
ტომ დეილიმ და მისმა მყვინთავმა პარტნიორმა, მეთი ლიმ, ოქროს მედალი ტოკიოში გამართულ ოლიმპიურ ჩემპიონატზე 2020 წელს მიიღეს. ისინი დიდი ბრიტანეთის სახელით ასპარეზობდნენ მამაკაცების სინქრონულ 10-მეტრიან საცურაო აუზზე.
დეილი ძალიან ბედნიერია, რომ გასულ ოლიმპიადაზე ქვიარ ათლეტების დიდი რაოდენობა იყო, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება: „ძალიან მიხარია, რომ გასულ წელს ტოკიოში იმაზე მეტი ღიად ქვიარი ათლეტი იყო, ვიდრე ეს იყო მთლიანად ჩემპიონატის ისტორიაში, პროგრესი აშკარად სახეზეა, მახსოვს, 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე სულ 23 ღიად ქვიარი ათლეტი იყო, მე იმ ადამიანების სიაში ვიყავი, ვინც ვერ ამბობდა საჯაროდ თავის ორიენტაციას“.
„ჯერ კიდევ უამრავი ქვეყანაა, სადაც ქვიარობა კრიმინალიზებულია და ადამიანები გრძნობენ, რომ მათი ადგილი არსადაა, ოლიმპიურ ჩემპიონატზე ამდენი ღიად ქვიარი ათლეტი მათ იმედს მისცემს, რომ ცხოვრება მათთვისაც იქნება ღირსეული“, – ამბობს დეილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყენებს თავის სოციალურ პლატფორმებს, რათა ისაუბროს იმ ქვეყნებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ აძლევენ ქვიარ ადამიანებს თანასწორი ქორწინების საშუალებას – „არ მგონია, რომ ყველაფერი ერთ ღამეში შეიცვლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხილვადობის გაზრდით და ჩვენი პლატფორმების გამოყენებით, შეგვიძლია, ადამიანებს ვუთხრათ, რომ ისინი არსებობენ და მათაც ეკუთვნით ამ სამყაროში თავიანთი ადგილი“.
მემუარების დაწერა ერთგვარი სავარჯიშო იყო 28 წლის დეილისთვის. „ამ წიგნში თითქოს უკან წავედი და დეტალურად მივყევი ჩემს წარსულს. ეს იყო უცნაური გამოცდილება, მოგონებებიდან და ისტორიებიდან ბევრი ახალი რამ ამოტივტივდა. ყველა ოლიმპიურ ჩემპიონატზე დღიურებს ვწერდი და ძალიან საინტერესო იყო ამ დღიურებთან მიბრუნება, თითქოს ჩემს ბავშვობის ხმებს დავუბრუნდი და დავინახე, როგორ გავიზარდე და გავხდი ზრდასრული ათლეტი. ძალიან სასიამოვნო იყო ამის გააზრება“.
ათლეტი ცოტა ნერვიულობდა, როგორ მიიღებდნენ მისი ბებია და ბაბუა ამ ახალ წიგნს, მეგობრების და ოჯახის წევრების უმეტესობა მხარდაჭერას უცხადებს დეილის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ ვერ ეგუება სპორტსმენის სექსუალურ ორიენტაცია – „ოჯახის სხვადასხვა წევრისთვის სხვადასხვა დრო და პროცესების გავლაა საჭირო იმისთვის, რომ ბოლომდე მიიღონ შენი ორიენტაცია, ჩემი ურთიერთობა ოჯახის ყველა წევრთან ნელ-ნელა უმჯობესდება, მყავს ბიძაშვილი, რომელიც ახლახან დაქამინგაუთდა და ჩვენმა ოჯახმა აღარ დაუშვა ის შეცდომები, რომლებიც ჩემთან დაუშვეს. ეს ყველასთვის ერთგვარი მოგზაურობა იყო, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ მივდივართ დანიშნულებამდე”.