სტრესის დაძლევისა და მართვის ტრენინგი აქტივისტებისთვის — შეჯამება

ორგანიზაციამ თანასწორობა 17 ქვიარ და სამოქალაქო აქტივისტი ქალებისთვის, უფლებადამცველი ქალებისთვის და მათთვის, ვისაც სტრესულ სიტუაციებში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნვა უწევს, ქალაქ ბათუმში სტრესის მართვისა და დაძლევის 4-დღიანი ტრენინგი ჩაატარა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალები და გოგოები სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის, თელავიდან, თბილისიდან, დედოფლისწყაროდან, ამბროლაურიდან, ზუგდიდიდან, ადიგენიდან და ბათუმიდან. ტრენინგში 25 ადამიანი მონაწილეობდა.

ტრენინგის მიზანი მონაწილეების ფსიქიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უნარების ამაღლება, ერთმანეთის გაცნობა, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამომავლოდ თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

ტრენინგის მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი ამბროლაურის რაიონიდან, ეთერ არსანიძე ამბობს, რომ შედეგად, შეძლებს საკუთარი ემოციები მეტად მართოს, რაც საქმიანობაშიც ბევრად პროდუქტიულს გახდის.

“აქტივისტებს, განსაკუთრებით ქვიარ აქტივისტებს, ჩვენს ქვეყანაში სტრესულ გარემოში ცხოვრება უწევთ. როდესაც სტრესული გარემო ყოფის ყოველდღიურობაა, გონებაში ილექება ყველაფერი, რაც შემდეგ ძალიან ბევრი ნეგატიური ფაქტორის გამომწვევია. სამწუხაროდ, ჩვენთვის არავის უსწავლებია, როგორ უნდა დავუხვდეთ ასეთ დაბრკოლებებს. სტრესის მართვისა და დაძლევის 4-დღიან ტრენინგზე ამ საკითხთან მიახლოებას ველოდი, რაც რეალურად მოხერხდა. ამ საქმის სპეციალისტად ვერ  გამოვდგები, თუმცა უკვე შემიძლია, თუნდაც უახლოესი რამდენიმე თვე ჩემი ემოციები, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური, ვაკონტროლო და ვმართო, რაც ნაკლებად დამსტრესავს და საქმიანობაშიც ბევრად პროდუქტიულს გამხდის. ყველაზე ღირებული, რაც ტრენინგმა დამიტოვა, ამ 4 დღის განმავლობაში გაცნობილი ადამიანები არიან, რომელთა სახითაც ჩემს საქმიანობაში მეტი მხარდამჭერი მეყოლება”, – უთხრა ეთერ არსანიძემ ქვიარს.

ტრენინგს ესწრებოდა მარკეტინგის სპეციალისტი და თბილისი პრაიდის ბორდის წევრი, ტაო ჭალიძეც. მისი თქმით, გაუძლიერდა შეგრძნება, რომ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში მარტო არ არის და შეუძლია, უკეთესის იმედი ჰქონდეს.

“ტრენინგთან დაკავშირებით ორი სახის მოლოდინი მქონდა: გავეცნობოდი სხვადასხვა გზას სტრესის დასაძლევად და შევხვდებოდი ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე კარგად ესმით ის გამოწვევები, რის წინაშეც თავად ვდგავარ ხოლმე, გამიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებებს. ორივე მოლოდინი 100%-ით გამართლდა. ჩემთვის სავარჯიშოების ნაწილიც და თეორიაც საინტერესო აღმოჩნდა. ახალმა ცოდნამ და ახალი ადამიანების გაცნობამ გამიმძაფრა შეგრძნება, რომ მარტო არ ვარ და შემიძლია, უკეთესის იმედი მქონდეს”, – ამბობს ტაო.

ფოტო: ეთერ არსანიძე

იურისტი თბილისიდან, მარიამ ჯიქია კი აღნიშნავს, რომ ტრენინგებზე ფორმალურ გარემოს ელოდა, თუმცა ყველა ტრენერი, კლასიკური შემთხვევისგან განსხვავებით, მზრუნველ, უსაფრთხო და გუნდურ გარემოს ქმნიდა.

“სტრესის მართვისა და დაძლევის ტრენინგები ექსპერტების და ორგანიზატორების მიერ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით სრულად იყო მორგებული ჯგუფის წევრების ინტერესებზე. გარემო უსაფრთხო და მიმღებლური იყო. ტრენინგებზე პოზიციების გაზიარებისა და მსჯელობის საშუალება მეცნიერული ცოდნის მარტივად აღქმისა და გააზრების შესაძლებლობას გვაძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგებზე დაახლოებით 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ტრენერები და ორგანიზატორები ჯგუფის თითოეული წევრის საჭიროებებსა და ინტერესებს ითვალისწინებდნენ. რაც მთავარია, პრაქტიკული ჯგუფური თერაპიები, რომელშიც მონაწილეობა არასდროს მიმიღია, ფრთხილად და წინდახედულად მიმდინარეობდა, რაც ჯგუფში საუბრის უხერხულობას არ ქმნიდა. ამასთან, სტრესის მართვის ტექნიკები, რომელიც დეტალურ და კონკრეტულ გამოყენებად საშუალებებს ეხებოდა, საკუთარი თავის უკეთ მართვის შესაძლებლობას მომცემს”, – გვითხრა მარიამმა.

საჯარო მმართველობის მაგისტრისა და აქტივისტისთვის თელავიდან, ნინო ბოჭორიძისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი ბავშვის საკითხზე საუბარი აღმოჩნდა.

“ვფიქრობ, ამ ტრენინგმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა, რადგან თეორიასთან ერთად, გვქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო პრაქტიკულ სავარჯიშოებში და ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა საკუთარი გამოცდილება. ტრენინგი მშვიდად და სტაბილურად მიმდინარეობდა. ჯგუფი იდეალურად იყო შერჩეული, რაც სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას ქმნიდა. ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის გადაცდომას. ჩემთვის ყველა თემა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, მაგრამ ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ჩვენს შინაგან ბავშვს, რომლის კარგად გამოკეტვასაც ვცდილობთ ხოლმე. ამ საკითხზე საუბარმა მიმახვედრა, რომ ჩემს შინაგან ბავშვს ყოველთვის პატივი უნდა ვცე და მოვუარო”, – ამბობს ის.

ტრენინგის ერთ-ერთი ორგანიზატორის, იურისტის და აქტივისტის, თანასწორობა 17-ის დამფუძნებლის, ნინო ბოლქვაძის თქმით, ტრენინგის მიმდინარეობამ ნათლად აჩვენა, რამდენად საჭიროა მსგავსი ღონისძიებები სამოქალაქო აქტივისტი ქალების, განსაკუთრებით კი, ქვიარ აქტივისტი ქალების მხარდაჭერის პროცესში.

“პროფესიული გადაწვის პრევენცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ქალებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას სოციალურ, სამართლებრივ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო სერვისებს უწევენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს. ამას გარდა, თვალსაჩინო გახდა რეგიონებში მსგავსი ღონისძიებების ნაკლებობა და მწვავე საჭიროება. საერთო ტრავმებზე კოლექტიური ზრუნვის ტექნიკები შესაძლებლობას გვაძლევს, დისკრიმინირებული ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევები, მათთან გამკლავების გზები, ინდივიდუალურად და ერთად გასაკეთებელი სამუშაო გავიაზროთ, იმისთვის, რომ გადავრჩეთ და შევამციროთ ზიანი, რომელსაც საზოგადოება გვაყენებს, გავაუმჯობესოთ ერთმანეთის ყოფა”, – ამბობს ნინო.

მისი ინფორმაციით, თანასწორობა 17 საქართველოს რეგიონებში ქალებისა და ქვიარ თემის მხარდასაჭერად მსგავსი ინიციატივების განხორციელებას სამომავლოდაც შეეცდება.

პროექტი თანასწორობა 17-ის ორგანიზებითა და ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

წინა

ლგბტქი აქტივისტური საქმიანობის გამო ირანში 2 ქალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

შემდეგი

აია ბერაია – იმისთვის, რომ ვისაუბროთ, გვჭირდება სივრცე

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,