/

სიყვარულია სიყვარული

დოდო მაშინ დარწმუნდა, რომ კაცობა უნდოდა, როდესაც მამამისის კოსტიუმი ჩაიცვა, თავზე ბაბუამისის ცილინდრი დაიხურა და სარკეში ჩაიხედა. ის მალევე გამოუტყდა საკუთარ თავს, რომ სინამდვილეში კაცი უნდა ყოფილიყო. საკუთარი კლასელი გოგოები მოსწონდა, ჩუმად უთვალთვალებდა მათ, ათვალიერებდა მათ სხეულებს. თვითონ დიდხანს არ განუვითარდა მეორადი სასქესო ნიშნები და საკუთარი კლასელი გოგონების მაგალითზე აკვირდებოდა, თუ როგორ ყალიბდებოდა ქალი. ერთხელ ინგლისურის გაკვეთილზე მის გვერდით მჯდომ კლასელ გოგონას გახედა გვერდიდან, გოგონა ხელს იწევდა და უსახელო მაისურიდან მკერდი გამოუჩნდა, დოდომ გაიფიქრა, რომ ეს ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ იქვე მიხვდა, რომ მას არასოდეს ენდომებოდა ჰქონოდა მკერდი.

ცოტა ხანში დოდოს სხეულმაც დაიწყო გარდაქმნა, ძალიან ნელა, მაგრამ მაინც ამოებურცა ძუძუები, რომლებმაც მალევე შეწყვიტეს ზრდა, მაგრამ დოდოს მაინც არ მოსწონდა ის მცირე ამობურცულობები, რომლებიც ჰქონდა, არ მოსწონდა და ყოველთვის ცდილობდა მათ დამალვას, ხან თხელი აბრეშუმის შარფებით იკრავდა ისე, ხან სპეციალურად დიდი ზომის მაისურებსა და პერანგებს იცვამდა, რომ მკერდი არ დასტყობოდა. გარდატეხის ასაკშივე ტუჩის ზემოთ შავი ბუსუსები გაუჩნდა, თავიდან მოეწონა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ამისთვის ჯერ ადრე იყო, დაქალების რჩევა გაითვალისწინა და ეპილაციით მოიშორა.

კაბებს თითქმის არასოდეს იცვამდა და ამიტომ ფეხების ეპილაცია არ სჭირდებოდა, აუზებზე არ დადიოდა, ზღვაში დღისით არ შედიოდა, ღამით გადიოდა ხოლმე სანაპიროზე, მაშინ როცა სექსით დაკავებული წყვილების გარდა იქ არავინ იყო და ზღვაში მაისურით ცურავდა. სკოლა რომ დაამთავრა, მოჰავკი (მოჰიკანი, იროკეზი) გაიკეთა და ასე ნახევრად თავგადაპარსული მოძრაობდა. ბევრი მეგობარი ჰყავდა, ბიჭიც და გოგოც. ყველას უყვარდა, ჯიგარი ქალაბიჭას როლი კარგად მოირგო და არც ბიჭები აწუხებდნენ დიდად, უფრო რჩევების საკითხავად მიმართავდნენ ხოლმე და ისიც დაუნანებლად გასცემდა რჩევა-დარიგებებს.

უნივერსიტეტში რამდენიმე გოგო მოსწონდა, მაგრამ ვერ უბედავდა გრძნობებში გამოტყდომას. უნივერსიტეტის დამთავრების და მუშაობის დაწყების შემდეგ ღამის კლუბებში დაიწყო აქტიურად სიარული და ურთიერთობებიც გაუმარტივდა. აღმოაჩინა, რომ ბევრ გოგოს მასავით გოგოები მოსწონდა, ზოგს მხოლოდ გოგოები, ზოგს გოგოებიც და ბიჭებიც, ასეთი გოგოების ამოცნობაც ისწავლა და რამდენიმე ხანმოკლე ურთიერთობაც დაამყარა. ყველაფერი კარგად იწყებოდა ხოლმე, მოწონებით, ერთად გართობით, თავგადასავლებით სავსე ღამეებით, მაგრამ ეს ყველაფერი დიდხანს არ გრძელდებოდა, რატომღაც თავადაც სწრაფად ბეზრდებოდა და მის პარტნიორებსაც. ამაზეც დიდად არ ღელავდა, დაასკვნა, რომ პოლიგამი იყო, ზოგჯერ პარალელური ურთიერთობებიც ჰქონდა და კარგადაც ამენეჯმენტებდა (როგორც თავად ამბობდა), ანუ მართავდა ამ ყველაფერს. ახალი სახელის მოფიქრება არ დასჭირვებია, დოდო ხომ კაცის სახელიც იყო და ამიტომ, ამ თემაზე ბევრი არც უფიქრია.

ძირითად დროს ოფისში ატარებდა, ბევრს მუშაობდა, ბევრსაც შოულობდა ბიზნესის ადმინისტრირებით, მანქანებსაც ხშირად იცვლიდა და საანაბრო ანგარიშზე თანხასაც აგროვებდა კიდეც. ხანდახან ოპერაციაზეც ეფიქრებოდა, მაგრამ ეს იყო ის იშვიათი რამ, რისიც ეშინოდა და სწრაფადვე წყვეტდა ამაზე ფიქრს, თუმცა ხანდახან თავს მაინც უტყდებოდა, რომ თანხას სწორედ ამისთვის აგროვებდა.

სოსო მაშინ დარწმუნდა, რომ ქალობა უნდოდა, როდესაც დედის ლამაზი და ბრჭყვიალა საღამოს კაბა ჩაიცვა, თავზე ბებიის პარიკი დაიხურა და სარკეში ჩაიხედა. მას შემდეგ სოსო დიდხანს არ უტყდებოდა საკუთარ თავს იმაში, რომ ბიჭი არ იყო. თავიდან ცდილობდა, საერთოდ არ ეფიქრა ამაზე, მერე ნელ-ნელა ფანტაზირება დაიწყო, წარმოიდგენდა, როგორ იღებავდა სახეს, ივარცხნიდა გრძელ თმას, იცვამდა ლამაზ კაბებს და როგორ აღტაცებით უყურებდნენ გარშემო მყოფი კაცები. პირველად მაშინ მიხვდა, რომ ბიჭი არ უნდა ყოფილიყო, როცა ერთხელ სკოლაში ბიჭების ტუალეტში შევიდა და შერცხვა სხვა ბიჭის (რომელიც გაფაციცებით უყურებდა და აშკარად უნდოდა, დაეტოლებინა) თანდასწრებით მოშარდვა. მას შემდეგ ცდილობდა, სკოლაში წასვლამდე დაეცალა შარდის ბუშტი და სკოლაში თუ მოუნდებოდა ტუალეტში შესვლა, თავს იკავებდა სახლში მისვლამდე. ხანდახან ფიქრობდა ხოლმე, რა იქნებოდა ქალებისა და კაცების ტუალეტები საერთო რომ ყოფილიყო, ოღონდ ინდივიდუალური და თან პისუარები საერთოდ არ ყოფილიყო არც ერთ ტუალეტში.

გარდატეხის ასაკში სხეულზე თმა ამოუვიდა და ძალიან შეწუხდა. საშინლად არ მოსწონდა ის, რომ ხელებს, ფეხებს, გულ-მკერდს თმა უფარავდა, მაგრამ ყველაზე მეტად ულვაშები აგიჟებდა. ჯერ პინცეტით ცდილობდა სახეზე თმის მოშორებას, მაგრამ ის მატულობდა და ბოლოს პარსვა დაიწყო. ეუბნებოდნენ, მეტი ამოგივაო, მაგრამ რა უნდა ექნა, ვერ იტანდა სახეზე გაჩენილ უამრავ ყვითელ წერტილს. პარსვამ ვერ უშველა, თმამ იმატა და ყოველდღე, ხან დღეში რამდენჯერმე იპარსავდა და იპარსავდა წვერს. იპარსავდა ტანს, ხელებს, ფეხებს, მკერდს, ბოქვენს, საჯდომს, ყველაფერს იპარსავდა, ამაზე ძალიან ბევრი დრო ეხარჯებოდა და ეს აგიჟებდა მანამ, სანამ ეპილაციის შესაძლებლობა არ გაჩნდა. მაშინ კი დაისვენა, რამდენიმე კვირით ინარჩუნებდა უთმო სხეულს. ბოლოს იმდენი ქნა, თმა მინიმუმამდე დაიყვანა და ეპილაციაც მხოლოდ განსაკუთრებით პრობლემურ ადგილებში სჭირდებოდა. სამაგიეროდ თავზე ყოველთვის უნდოდა, რომ გრძელი თმა ჰქონოდა. გარდატეხის ასაკშივე, როგორც კი საშუალება მიეცა, თავზე თმა მოუშვა და გრძელი ქერა თმით მოძრაობდა. ბევრ პრობლემას ხვდებოდა ისედაც და მხოლოდ გრძელი თმის გამოც. ეკითხებოდნენ ბიჭი ხარ თუ გოგოო, დასცინოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაგრამ უძლებდა და ატარებდა გრძელ ქერა თმას. საგანგებოდ უვლიდა, უფრთხილდებოდა, უკან შეკრულით დადიოდა ძირითადად და ერთი სული ჰქონდა, როდის დარჩებოდა მარტო, როდის გაიშლიდა თმას, ჩაიხედავდა სარკეში და დაინახავდა საკუთარ თავს ისეთს, როგორიც უნდოდა, რომ ყოფილიყო.

უკვე საკმაოდ დიდი იყო, როდესაც მიხვდა, რომ უნდოდა მკერდი ჰქონოდა, დიდი არა, საშუალო ზომის, მაგრამ ისეთი, როგორიც ქალებს აქვთ, ძუძუები, ლამაზი, ზეაწეული, კერტებით, დვრილებით, მთრთოლარე და მგრძნობიარე. მოუნდა და გადაწყვიტა, რომ ფული შეეგროვებინა და ოდესმე ოპერაცია გაეკეთებინა. ვერავისთან მეგობრობდა, ბიჭები თავისიანად არ აღიქვამდნენ, აბუჩად იგდებდნენ, ამცირებდნენ, რიყავდნენ, გოგოებიც არ იღებდნენ თავისიანად, არ მოსწონდათ, არ ემეგობრებოდნენ. სოსოც არ ინდომებდა დიდად, იცოდა, რომ არც ბიჭებთან და არც გოგოებთან ბევრი არაფერი ჰქონდა საერთო. იცოდა, რომ განსაკუთრებული იყო და ხშირად რცხვენოდა ამის, მაგრამ იყო მომენტებიც, როცა დაფიქრდებოდა და ხვდებოდა, რომ უნდა ეამაყა იმით, რომ ყველასგან განსხვავდებოდა, იმით, რომ არ ჰგავდა სხვებს, იმით, რომ განსაკუთრებული იყო.

მშობლებმა გვიან შეამჩნიეს განსხვავებულობა, არ ეცალათ მისთვის, ლუკმა-პურის შოვნაში ატარებდნენ მთელ დროს და როცა შენიშნეს და გააცნობიერეს, საშინელი რეაქცია ჰქონდათ. მამამ გრძელ თმაში მოჰკიდა ხელი და სამზარეულოს იატაკზე ათრია, დედა კი ზემოდან დაჰკიოდა და წყევლიდა. ორი კაბა, ერთი ბიუსტჰალტერი და ქალის სამი ქვედა საცვალი უპოვეს ოთახში და გადაუყარეს, თმის შეჭრა მოსთხოვეს, უარი მიიღეს და თავად სცადეს ამის გაკეთება, მაგრამ სოსომ არ დაანება, მამის მიერ ხელებგაკავებულმა მაინც დაიძვრინა თავი და დედას არ მისცა მისი გრძელი და ლამაზი თმის მოჭრის საშუალება.

ოჯახში ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა, მშობლები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ სოსოსთვის, რომ ის კაცი იყო და გაეღვიძებინათ მასში მამაკაცური ღირსება, მაგრამ სოსო კიდევ უფრო მეტად რწმუნდებოდა, რომ კაცად არასწორად დაიბადა და სინამდვილეში ის ქალი უნდა ყოფილიყო. სახელიც მოიფიქრა, სესო. ასე უნდოდა, ყოველთვის მოსწონდა ეს სახელი და გადაწყვიტა, რომ ასე რქმეოდა. ბოლოს მშობლებიც შეეგუვნენ იმას, რომ მათი ერთადერთი სოსო სინამდვილეში სესო იყო, რა ექნათ, უყვარდათ შვილი. სესომ მუშაობა ადრევე დაიწყო, ხან მიმტანად მუშაობდა, ხან კურიერად, ბიჭის ტანსაცმლით დადიოდა, თმას უკან იკრავდა, ხმას იბოხებდა, სესოს ნიღბავდა და ასე შოულობდა სამხატვრო აკადემიაში დიზაინის სწავლისა და ჯიბის ფულს.

ერთმანეთი ბარ „წარმატებაში“ გაიცნეს. სესომ თანამშრომლებისგან გაიგო, რომ ამ ბარს ქვიარ ადამიანები სტუმრობდნენ, მოიკრიბა გამბედაობა, ქალის ტანსაცმელი ჩაიცვა, მაღალ ქუსლებზე შედგა, სახეზე მკვეთრი მეიქაფი გაიკეთა, თმა გაიშალა და ბარში ტაქსით მივიდა. სანამ ტაქსის გააჩერებდა, რამდენიმე მანქანამ გაუჩერა, სექსმუშაკი ეგონათ მოკლე კაბის გამო, მაგრამ აბეზარი კაცები ადვილად მოიშორა კაცის ხმით პასუხით. დოდო მეგობრებთან ერთად სხვა კლუბიდან წამოვიდა საკმაოდ ნასვამი და ბარში შესულმა თვალი ვეღარ მოსწყვიტა სესოს, რომელიც ბართან იჯდა და კოქტეილს სვამდა. დოდოს ბევრი არ უფიქრია, პირდაპირ მივიდა და სასმელზე დაპატიჟება შესთავაზა. სესო თავიდან ვერ მიხვდა, ქალი რატომ პატიჟებდა და უარი უთხრა, მაგრამ მანერებს რომ დააკვირდა, მიხვდა, რომ სინამდვილეში კაცთან ჰქონდა საქმე და სიამოვნებით დასთანხმდა. სამ-სამი „ორგაზმი კივილით“ დალიეს, სესო საკმაოდ შეზარხოშდა, დოდო კი ძალიან დათვრა, ფეხზე ძლივს იდგა, სკამზე წონასწორობის შენარჩუნება უჭირდა. სესო ედგა გვერდით და აკავებდა, რომ არ წაქცეულიყო.

დოდო და სესო დოდოს მეგობრებმა წაიყვანეს სახლში, გზაში დოდომ სესოს სთხოვა, მარტო ვარ დღეს, თან ძალიან მთვრალი  და გეხვეწები, ცოტა ხნით ამომყევი, სანამ ცოტათი აზრზე მოვალო. სესო დასთანხმდა. დოდოს მეგობრებმა დოდო და სესო დოდოს სახლთან დატოვეს და თვითონ წავიდნენ. კიბეებზე ძლივს ავიდნენ. სესომ დოდოს ხელი მხარზე გადაიხვია და ისე მიიყვანა  ლიფტამდე. ლიფტშიც ასე იყვნენ და დოდოს ბინაშიც ასე შევიდნენ. დოდო დივანზე წამოწვა, სესოს სთხოვა, მაცივარში ცივი წვენია და დამალევინეო. დაუსხა და მიუტანა, დალია დოდომ, სესოსაც სწყუროდა და მანაც დალია იმავე ჭიქიდან. დოდომ მადლობა გადაუხადა, დივანზე დაეშვა და ჩაეძინა. სესო იჯდა დივანზე და დაჰყურებდა მძინარე დოდოს, ლამაზ სახეს მამაკაცური იერი დაჰკრავდა, ძლიერი მხრები ჰქონდა, თითქმის შეუმჩნეველი მკერდი არც ეტყობოდა განიერ შავ მაისურზე. დოდოს შავი თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, თითქმის გადაპარსული, ლამაზი თავი ჰქონდა და სესოს მოუნდა ხელით შეხებოდა დოდოს თავის ლამაზ ფორმას. დიდხანს იფიქრა, ერიდებოდა, მაგრამ ბოლოს ფრთხილად გადაუსვა. ხელის გულში შეერჭო დოდოს უხეში თმა, ჟრუანტელმა დაუარა, კიდევ ერთხელ გადაუსვა, დოდოს სახეზე სიამოვნება გამოესახა და სესომ მოფერება განაგრძო.

გვიან გაეღვიძათ, მზე უკვე მაღლა ასულიყო და იქიდან ცდილობდა ზამთრით და უიმედობით გაციებული ქალაქის გათბობას. პირველმა დოდომ გაიღვიძა და მის გვერდით მიწოლილი სესო რომ დაინახა, ძალიან ესიამოვნა. უნდოდა, შეუმჩნევლად ამდგარიყო და სესოსთვის ყავა გაეკეთებინა, მაგრამ როგორც კი გამოძრავდა, სესომაც ააციმციმა წამწამები, შეცბუნდა, რაღაცნაირად მოერიდა და დოდოს ვერც კი გაუსწორა თვალი. დოდომ ჰკითხა, რამე ხომ არ მომხდარაო, არაო დარცხვენილმა უპასუხა სესომ.

დოდოს ნაბახუსევს თავი სტკიოდა, სესომ უთხრა, შენ იწექი, მე მოგიმზადებ ყავას და საუზმესო, სამზარეულოში გავიდა და ცოტა ხანში უკან ყავითა და სენდვიჩებით დაბრუნდა. ისაუზმეს, ისაუბრეს, მოკლედ მოუყვნენ ერთმანეთზე ერთმანეთს. შაბათი იყო და არსად ეჩქარებოდათ, მზის მიუხედავად გარეთ ციოდა და გადაწყვიტეს სახლში ყოფილიყვნენ, „მატრიცას“ უყურეს ერთად, მერე „მატრიცა: გადატვირთულს“, მერე „მატრიცა: რევოლუციებს“, შუალედებში საუბრობდნენ, პიცა გამოიძახეს, საღამოს რომის მარტივი კოქტეილები მოამზადეს და დალიეს, ბოლოს გაიხადეს და ერთად დაწვნენ დოდოს საწოლში. დიდხანს ეფერნენ ერთმანეთს, დიდხანს კოცნეს, დიდხანს ისიამოვნეს და ასიამოვნეს, ბოლოს სესომ დოდოს მხარზე დაადო თავი და მშვიდად დაიძინეს.

14 თებერვალს მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს, დოდომ მიაკითხა სესოს სახლთან. სესო ძალიან ღელავდა და ძალიან უხაროდა, დოდოსაც უხაროდა, მაგრამ არ ღელავდა, სესოს მანქანაში მისი საყვარელი სუნამო აჩუქა. კინოში წავიდნენ, რაღაც მელოდრამას უყურეს, მთელი სეანსის განმავლობაში ერთმანეთის ხელები ეჭირათ, სესო დოდოს პოპკორნს უდებდა პირში და დოდოც მორჩილად მიირთმევდა ბატიბუტს. კინოდან გამოსულებს შესცივდათ, მანქანისკენ გაიქცნენ, გზაში გახურდნენ და როდესაც მანქანასთან აქოშინებულებმა მიირბინეს, გოგომ სესო თავისკენ შეატრიალა და ქოშინით უთხრა, რომ უყვარდა. სესოს სიხარულით სახე გაებადრა, შემდეგ დაიმორცხვა და ცხოვრებაში პირველად დოდოს უთხრა, რომ მასაც უყვარდა. დოდომ სესოს წელზე ხელი მოჰხვია, თავისკენ მიიზიდა და ვნებიანად აკოცა, მერე მანქანაში ჩასხდნენ და დოდოს სახლისკენ წავიდნენ. ის ღამეც სიამოვნებაში გაატარეს.

თებერვალი სიყვარულში გაილია, მარტში პანდემიამ მოიცვა მსოფლიო, მთავრობამ, როგორც იურისტები ამბობდნენ, ანტიკონსტიტუციური შეზღუდვები მიიღო, კომენდანტის საათი გამოაცხადა და ჩაკეტა ქალაქი. ერთმანეთისგან საკმაოდ შორს ცხოვრობდნენ და მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა და ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა, ძალიან გაუჭირდათ. ხან დოდო აკითხავდა სესოს, ხან სესო დოდოს. ძალიან გაწვალდნენ, თუმცა დღითიდღე რწმუნდებოდნენ თავიანთი გრძნობების სიწრფელესა და სისწორეში.

მაისში უაზრო შეზღუდვები შერბილდა, იუსტიციის სახლმა მოქალაქეების მიღება განაახლა და დოდომ სესოს დაქორწინება შესთავაზა. სესო დაიბნა, გაუხარდა, დაფიქრდა, ვერაფერი მოიფიქრა და დოდოს უთხრა, რომ იფიქრებდა ამაზე. რამდენიმე დღის ფიქრის შემდეგ სესო დასთანხმდა დოდოს შეთავაზებას და კაბაზე ფიქრი დაიწყო. გაიკითხა და საქორწილო კაბების მკერავს სადა თეთრი მაქმანებიანი კაბა შეუკვეთა, აი ისეთი, ბოლომდე საქორწილო რომ არ არის, მაგრამ რომ ეტყობა, რომ რაღაც განსაკუთრებულის აღსანიშნავად აცვია ადამიანს. დოდომ ახალი კოსტიუმი იყიდა საყვარელ მაღაზიაში, თეთრი ჰალსტუხიც დაამატა ვარდისფერი და ცისფერი ზოლებით, ბევრი ეძება, მაგრამ ბოლოს იპოვა ერთგან.

17 მაისს სესო და დოდო იუსტიციის სახლთან დოდოს მანქანით მივიდნენ. მანქანა დააყენეს და იუსტიციის სახლის შესასვლელისკენ გაემართნენ. ლურჯ ცაზე მზე ანათებდა და სესო და დოდოც ანათებდნენ. საგანგებოდ გამოწყობილები ღიმილით ამაყად მიაბიჯებდნენ ქვის ფილებზე. როდესაც პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალთან ჩაიარეს, იქვე ჩაცუცქული მოძველბიჭო ელემენტი წამოუხტა და ყვირილით გამოეკიდა მათ. სად მიდიხართ, მოდით აქ, თქვე ქათმებოო, ეძახდა. დაეწია და სესოს მივარდა, ხელი ჰკრა, სესო წაბორძიკდა, მაგრამ არ წაქცეულა, ამასობაში დოდომ თავდამსხმელს მუშტი მოუქნია და ყბაში მოადო. ის ტიპი სულ გადაირია, ახლა დოდოსკენ გაიწია, სესომ ჩანთიდან წიწაკის სპრეი ამოიღო და თვალებში შეასხა. თავდამსხმელმა საშინლად იღრიალა, აეწვა თვალები, ვერაფერს ხედავდა, დაიბნა, ხელების ცეცებას მოჰყვა აქეთ-იქით, მაგრამ არ ჩერდებოდა, ახლა კიდევ უფრო გავეშებული მიიწევდა წყვილისკენ. ისევ სესოს მიადგა შემთხვევით და ის იყო ხელი მოუქნია, რომ დოდომ ფეხი ჩაარტყა მკერდში. თავდამსხმელი შებარბაცდა, უკან-უკან წავიდა, კიბეებზე დაგორდა და ტალახიან გუბეში ჩავარდა, იქიდან მაინც ღრიალებდა „თქვე პიდარასტებოო“, თუმცა ძალადობის სურვილი აშკარად დაკარგული ჰქონდა. სესომ და დოდომ გზა გააგრძელეს და შევიდნენ იუსტიციის სახლში.

რიგის ნომერი აიღეს და მერვე სივრცეში დასხდნენ საკუთარი რიგის მოლოდინში. მალევე აინთო მათი ნომერი 175. მაგიდასთან ახალგაზრდა გოგონა დახვდათ. ქორწინების რეგისტრაცია გვინდაო უთხრეს. გოგონამ აათვალიერ-ჩაათვალიერა და უპასუხა, ერთსქესიანთა ქორწინება არ არის დაშვებული საქართველოს კანონმდებლობითო. სესომ უთხრა, ჯერ ერთი, ერთსქესიანთა კი არა, ერთნაირსქესიანთა და მეორეც, ჩვენ სხვადასხვა სქესის ვართ, ქორწინება კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის მიხედვით ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირიაო. ოპერატორი გოგონა შეცბა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოართვა, დიდხანს უყურა ჯერ საბუთებს, შემდეგ კომპიუტერის დისპლეის, შიგადაშიგ წყვილისკენაც აპარებდა თვალს. მერე გავიდა. სესომ დოდოს უთხრა, მაშინ, როდესაც იუსტიციის სახლში სახელისა და სქესის ცვლილების რეგისტრაციის შესახებ განცხადება შევიტანე და დამიკმაყოფილეს, სქესის ცვლილების რეგისტრაციაზე უარი მითხრეს და ეს რომ არა, ახლა ვერ შევძლებდით დაქორწინებასო. ზოგი ჭირი მარგებელიაო, უპასუხა დოდომ და თვალი ჩაუკრა.

ოპერატორი გოგონა ცოტა ხანში სივრცის უფროსთან ერთად დაბრუნდა. ახლა იმან დაიწყო იმის ახსნა, რომ ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინება არ არის დაშვებული საქართველოს კონსტიტუციით. ახლა მას განუმარტა ამჯერად დოდომ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას და ის და სესო იყვნენ ქალი და მამაკაცი, რომლებსაც სურდათ ოჯახის შექმნა. ოპერატორმა გოგომ და სივრცის უფროსმა კიდევ დიდხანს ითათბირეს ერთმანეთთან, ისტერიკულად რეკავდნენ სადღაც და მერე ისევ ერთმანეთში ჩურჩულებდნენ. ბოლოს სივრცის უფროსი წავიდა, ოპერატორი გოგო კი დაუბრუნდა სამუშაო ადგილს, სესოს და დოდოს ქორწინება დაარეგისტრირა და ქორწინების მოწმობაც გადასცა წყვილს.

სესომ და დოდომ ბეჭდები გაუკეთეს ერთმანეთს, ოპერატორი გოგონას თანდასწრებით დემონსტრაციულად და ენებით აკოცეს ერთმანეთს, სურათებიც გადააღებინეს ხან დოდოს, ხან სესოს ტელეფონით და ბედნიერებმა დატოვეს ჯერ მერვე სივრცე და შემდეგ იუსტიციის სახლი. მტკვრის მხარეს გავიდნენ უკანა კარიდან, სანაპიროზე ჩავიდნენ, კარგი ამინდი იყო და მტკვარს გახედეს. იცინოდნენ, ბედნიერები კოცნიდნენ და ეხვეოდნენ ერთმანეთს. ციდან ზუზუნი მოესმათ, აიხედეს და დაინახეს დრონი, რომელსაც ცისარტყელას დროშა ჰქონდა მიმაგრებული, მიხვდნენ, რომ მეგობრები ახლოს იყვნენ. და მაშინ, როცა სესოს და დოდოს უბრალოდ უყვარდათ ერთმანეთი, ერი და უფრო მეტად ბერი ოჯახის სიწმინდის დღეს ზეიმობდა, ლგბტქია+ თემი კი ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის (ანუ ლგბტქია+ დისკრიმინაციის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდა, ოღონდ ონლაინ.

 

მოთხრობის ავტორი: ამირანი

 

ილუსტრაციების ავტორი: კოკა ქიტიაშვილი 

 

პუბლიკაციის შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს ონლაინ გამოცემა ქვიარის ხედვას ლგბტქი საკითხებისადმი.  

 

წინა

დრეგსა და რესლინგს გაცილებით მეტი საერთო აქვს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, ამბობს ქვიარ რესლერი EFFY

შემდეგი

ILGA-Europe-ის Rainbow Europe რუქის 2023 წლის მონაცემები

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი