სექსუალური შევიწროება

სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში

წინა სტატიაში უკვე განვმარტეთ, რა არის სექსუალური შევიწროება და განვიხილეთ ისიც, რომ ეს შეიძლება ხდებოდეს სხვადასხვა სივრცეში. მიმოვიხილეთ სამუშაო ადგილას სექსუალურ შევიწროებაც, მათ შორის, კონკრეტული საქმეები საქართველოში. ამჯერად საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებაზე ვისაუბრებთ.

საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს არასასურველ კომენტარებს, ჟესტებს, დასიგნალებას, სტვენას, შეურაცხმყოფელ წამოძახილებს, ინტიმური ადგილების ჩვენებას, ადევნებას, დაჟინებულ სექსუალურ ჟესტებს, შეხებას უცხო ადამიანების მიერ, საჯარო ადგილებში, როგორიცაა, მაგალითად, ქუჩები, სავაჭრო ცენტრები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება საკმაოდ ფართოდ გავრცელებული შევიწროების ფორმაა, რომელსაც  ქალები ხშირად აწყდებიან. ქუჩაში შევიწროების ფაქტს ხშირად უმნიშვნელოდ მიიჩნევენ და მას ნაკლები ყურადღება ეთმობა (“The Woman in the Street:”t Reclaiming the Public Space from Sexual Harassment, Deborah M. Thompsont, Yale Law Journal). ქუჩაში შევიწროების მსხვერპლი ძირითადად არის ქალი, ხოლო შევიწროების განმახორციელებელი — კაცი. სექსუალური  შევიწროების განმახორციელებელი პირი, როგორც წესი, სამიზნეს არ იცნობს, შეხვედრა ხდება პირისპირ და იგი არის საჯარო ხასიათის. შემვიწროებლის კომენტარები არის ობიექტური თვალსაზრისით დამამცირებელი, ახდენს ქალის ობიექტივაციას, არის შეურაცხმყოფელი და ხშირად შეიცავს მუქარას (Bowman, Street Harassment and the Informal Ghettoization of Women, 106 Harvard Law Review, 517).

საჯარო სივრცის განმარტება

საჯარო სივრცედ მიიჩნევა:

  • სასტუმროები და სხვა დროებითი საცხოვრებელი ადგილები;
  • რესტორნები და ბარები;
  • თეატრები, სპორტული სტადიონები და სხვა გასართობი ადგილები;
  • მაღაზიები და სხვა სავაჭრო დაწესებულებები;
  • მომსახურების დაწესებულებები, მაგალითად, სამრეცხაოები, ბენზინგასამართი სადგურები, ადვოკატების ან ბუღალტრების ოფისი;
  • საავადმყოფოები, სამედიცინო და სტომატოლოგიური კლინიკები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები;
  • ტრანსპორტი ან სადგურები;
  • მუზეუმები, ბიბლიოთეკები და სხვა საჯარო საგამოფენო ადგილები;
  • პარკები, სპორტული დარბაზები, სანაპიროები და სხვა რეკრეაციული ადგილები
  • სკოლები, კოლეჯები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • საბავშვო ბაღები, ხანდაზმულთა ცენტრები და სხვა სოციალური დაწესებულებები
  • საჯარო ქუჩები და გზატკეცილები;
  • საჯარო სივრცეები, როგორიცაა, მაგალითად, სასამართლო დარბაზები და პოლიციის განყოფილებები.

ვირტუალური სივრცე, როგორც საჯარო სივრცე

რაც შეეხება ვირტუალური სივრცის, სოციალური ქსელების საჯარო სივრცედ მიჩნევას, უნდა აღინიშნოს, რომ მაგალითად, თუ  შემავიწროებელმა სექსუალური ხასიათის მესიჯი ან ფოტო გაუგზავნა მხოლოდ ერთ კონკრეტულ პირს, ეს არ ჩაითვლება საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებად (Sexual Harassment in Public Place – Existing Administrative Regulation and Problematic Aspects, Nati Gelovani, Law and World,  10). სახალხო დამცველის განმარტებით “საზოგადოებრივი ადგილის განმარტებისას, გვერდს ვერ ავუვლით სხვადასხვა სოციალურ სივრცეში გამოკვეთილ სექსუალურ შევიწროებას. დღესდღეობით, არსებობს მოსაზრება, რომ ვირტუალური სივრცეები, რომლებიც ხელმისაწვდომია ინტერნეტის მეშვეობით, ახალი ტიპის საჯარო სივრცეა” (სახალხო დამცველის პრაქტიკული სახელმძღვანელო სექსუალური შევიწროების შესახებ).

საქართველოს კანონმდებლობა

2019 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც  საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების საკითხი დარეგულირდა და მასზე რეაგირების მექანიზმები  განისაზღვრა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1661-ე მუხლის თანახმად “საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის  მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს”. ამავე მუხლით გათვალისწინებულია საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ჩადენისთვის შესაბამისი სანქციები.

საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევების იდენტიფიცირება და მასზე რეაგირება პოლიციის ფუნქციას წარმოადგენს. პოლიცია შევიწროების ფაქტზე ადგენს სამართალდარღვევათა ოქმს, რომელიც სასამართლოს დასამტკიცებლად წარედგინება.

საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების საკითხებს ასევე აწესრიგებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი.

ავტორი: თამარ ავალიანი

წინა

ვოცნებობ, სამყაროში საკუთარი კვალი დავტოვო — ელა ჯამაგიძე

შემდეგი

წელს საქართველოში ყველაზე პოპულარული ლესბოსური პორნოა — PornHub 2022

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,