ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებში იუდეველთა შორის „მაშიახის“, იგივე მესიის მოსვლის შესახებ სწავლება ჩაისახა. მის შესახებ განსაკუთრებულ ინფორმაციას ვხვდებით ესაია წინასწარმეტყველის წიგნში – რომ მესია, ანუ ცხებული მოვიდოდა, აღადგენდა სამართლიანობას, ხოლო ყველა ხალხსა და ერს ღმერთის სამეფოში მშვიდობიანად დაამკვიდრებდა.
პირველი ტაძრის დანგრევისა და ებრაელთა ბაბილონში გადასახლებასთან ერთად გაძლიერდა რწმენა, რომ მესია მოვიდოდა, ტაძარს აღადგენდა, ისრაელიანებს კი თავის მიწაზე ღირსეულად დაამკვიდრებდა.
მოგეხსენებათ, რომ ქრისტიანებს გვწამს იესო ქრისტე, როგორც სამყაროს ყველა ხალხის მესია და მხსნელი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქრისტემდეც და მის შემდეგაც (დღეის ჩათვლით) 100-მდე ჩვენთვის ცნობილი „მესია“ არსებულა, რომლებმაც ქრისტეს მსგავსად რაღაც საინტერესო იქადაგეს, მოწაფეებიც გაიჩინეს, ადამიანთა აღტაცებაც დაიმსახურეს, ერთი-ორი სასწაულიც მოახდინეს, ბოლოს კი – როგორც ხდება ხოლმე – მოკვდნენ. მათი მორწმუნეები დიდი იმედგაცრუების შემდეგ დაიფანტნენ და მათი მოძღვრებისა თუ სექტის ნატამალიც კი აღარაა ქვეყნიერებაზე. ამ „მესიების“ სახელებსაც ჩამოგითვლიდით, თუმცა იმდენად არაფრისმომცემი იქნება ეს ინფორმაცია, რომ მირჩევნია უცნაური სახელების კითხვით თავი არ მოგაბეზროთ.
თუმცა ერთ მესიაზე მოგიყვებით – XVII საუკუნეში, ოსმალეთის იმპერიაში იყო ასეთი რაბინი და კაბალისტი – საბათაი ცევი. ის სმირნის (თანამედროვე იზმირი) ებრაულ თემში დიდი პოპულარობითა და პატივისცემით სარგებლობდა. მან 1648 წელს თავი ებრაელი ერის მესიად გამოაცხადა, რამაც ერთდროულად დიდი სიხარული და მღელვარება გამოიწვია, არა მარტო სმირნისა და ოსმალეთის იმპერიის ებრაულ თემებში, არამედ მას მიმდევრები გაუჩნდა საბერძნეთის, იერუსალიმის, სპარსეთისა და ევროპის სინაგოგებშიც. მისი მესიად გამოცხადებიდან 2 წელში საბათაის უკვე 200,000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავდა (ქრისტეს მხოლოდ 90-მდე მოწაფე ჰყავდა თავის სიცოცხლეში).
ბოლოს ის აჰმედ ფაშამ დააპატიმრა შფოთის ატეხის გამო, რის შემდეგაც თვითგამოცხადებულმა მესიამ თავის მიმდევრებს განუცხადა, რომ ის აღარ იყო მესია, ხოლო თავად ისლამი მიიღო, ციხიდანაც გამოვიდა, 200,000 მიმდევარი კი იმედგაცრუებული დატოვა.
როგორც უკვე ვთქვი, ასეთი უამრავი მესია არსებულა ქრისტემდეც და ქრისტეს შემდგომაც, თუმცა არცერთი მესიის მოძღვრება ცოცხალი აღარ არის, ხოლო მათი მიმდევრები არ არსებობენ. მაშინ იბადება კითხვა – რა იყო იესო ნაზარეველის წარმატების გასაღები?
როგორც სახარებებიდან ჩანს, იესომაც გააცხადა თავი, როგორც მესია, მანაც გაიჩინა მოწაფეები, გასცა დაპირებები, მოახდინა სასწაულები და ბოლოს ტანჯვით აღესრულა, რამაც მის მოწაფეებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, თუმცა სხვა მესიების ისტორიებისაგან განსხვავებით, იესოს ამბავი მისი სიკვდილით არ მთავრდება, არამედ მის სიკვდილს მოჰყვა რაღაც განსაკუთრებული, რამაც შეშინებული და იმედგაცრუებული მოწაფეები შეუპოვარ მისიონერებად აქცია, ხოლო 2000 წლის შემდეგაც კი, ქრისტიანობა ისევ არსებობს, როგორც მსოფლიო მოსახლეობის ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგია – ბიბლია დღესაც ყველაზე მეტი ტირაჟით იყიდება, საუკუნეები კი არაფერს აკლებს ფაქტს – რომ ის ყველაზე ხშირად წაკითხვადი ბესტსელერი წიგნია, 21-ე საუკუნეშიც კი. რა არის ის მომენტი, რამაც ქრისტეს მოძღვრების ეგზომი წარმატება გამოიწვია?
ეს მომენტია ის, რაც არცერთი სხვა „მესიის“ გარდაცვალებას არ მოჰყოლია. ათობით მესიის მხოლოდ სახელი შემორჩა ისტორიას, იესო ქრისტეს მოძღვრების წარმატების გასაღები მის მკვდრეთით აღდგომაშია; ქრისტეს მოციქულებმა იხილეს ჯერ ცარიელი საფლავი შემდგომ კი თავად აღმდგარი მხსნელი, მას შემდეგ კი აღმდგარი 40 დღის განმავლობაში ეჩვენა 500-მეტ ადამიანს (როგორც ამას პავლე მოციქული ამოწმებს), აი აქ ძევს ის ერთადერთი გასაღები, რომლითაც შესაძლებელი ხდება იუდეაში ჩასახული, მეთევზეების მიერ ნაქადაგები სექტის ასეთი წარმატების გააზრება, რომელიც 2000 წელია ადამიანთა ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. აღმდგარი ქრისტეს ხილვაა მიზეზი, რამაც მშიშარა მოციქულები ისეთ მისიონერებად აქცია, რომ ამ ფაქტის შესახებ ისინი ამოწმებდნენ სინედრიონისა და რომაული სასამართლოს წინაშე, ათენის მოედნებსა და რომის სტადიონებზე, ეთიოპიაში, ანტიოქიასა და ინდოეთშიც კი.
ეს არის ისტორიული ფაქტი, რომლის ახსნაც მხოლოდ და მხოლოდ იმით შეიძლება, რომ მათ გამოცდილებაში იყო ის, რამაც ურწმუნოება რწმენად გარდაქმნა და ჩვენ გვწამს, რომ ეს იყო აღმდგარი მხსნელის ხილვა და სწორედ ამიტომ ვზეიმობთ აღდგომას, რომელიც ზოგიერთისთვის წითელი კვერცხისა და პასკის დღესასწაულია მხოლოდ.
ქრისტეს აღდგომის ფაქტის გარეშე, ქრისტიანობა ყველაზე სახალისო ხუმრობა იქნებოდა კაცობრიობის ისტორიაში. მიზეზი, რის გამოც ქრისტიანები ვართ, არ არის ის რომ იესომ ჰუმანური და ეთიკური მოძღვრება იქადაგა, რადგან ქრისტემდე 600 წლით ადრე ლაო-ძიმაც იქადაგა საინტერესო საზოგადოებრივი ეთიკა. მიზეზი იმისა, რატომაც ქრისტიანები ვართ, არის ის რომ ქრისტემ თავისი აღდგომით დაამოწმა თავისი ღვთაებრიობა, ამით კი განსაკუთრებული საზრისი შესძინა მისი ბაგიდან წამოსულ ნებისმიერ სიტყვას. როგორც პავლე მოციქული წერს: „ხოლო ქრისტე თუ არ აღდგა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც“ (1 კორ. 15:14).
აღდგომის ფაქტი, არ არის წარსულის ნაწილი, მიუხედავად იმისა რომ მისი შედეგები ესქატოლოგიურ მომავალში იპოვის თავის სრულქმნას ჩვენთან მიმართებით, ის ახლაც – აწმყოში პოულობს თავის საზრისს – რომ ბოროტებას არ ეკუთვნის ბოლო სიტყვა, რომ სიკვდილი არ არის დასასრული და რომ სიბნელე ვერ დასძლევს ნათელს. ქრისტე მოკვდა, აღდგა, ის ცოცხალია, ახლა ჩვენს შორისაა, მან დასძლია ხრწნადობა, წყვდიადი და უმეცრება და ჩვენ ვიცით, რომ მას ეკუთვნის ბოლო სიტყვა ჩვენს არსებობაშიც და გვწამს, რომ მისდამი ჩვენი მინდობა ფუჭად არ ჩაივლის მომავალში.
ბედნიერი და საზრიანი აღდგომის დღესასწაული ყოველ მის აღმნიშვნელს.
ქრისტე აღდგა, ალელუია!
თომა ლიპარტიანი