/

რუსული ტერორისტული რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვთა დაცვის შესახებ” კონსტიტუციური ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე წარმოადგინა და კანონპროექტების პაკეტად განსახილველ საკანონმდებლო საკითხების ნუსხაში დაარეგისტრირა. მათ შორის პირველი ე.წ. “ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა” განიხილება, რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ქვიარ საკითხებზე ნეიტრალური ან პოზიტიური ინფორმაციის გავრცელების კრძალავს. ასევე იზღუდება ლგბტ+ თემის საჯარო შეხვედრები, საპროტესტო გამოსვლები, პუბლიკაციების ბეჭდვა და საკითხის ღია ადვოკატირება.

საქართველოში ქვიარ თემი 2000-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობს. ლგბტ+ პირებისთვის სოციალური, იურიდიული, ჯანმრთელობისა და სხვა საკითხების მხარდასაჭერი ინსტრუმენტები ქვეყანაში გაძლიერდა, სათემო ორგანიზაციების მუშაობის შედეგად ასე თუ ისე გაუმჯობესდა მდგომარეობა . ახალი კონსტიტუციური ჩანაწერის შემდეგ, ასეთ ორგანიზაციებს საჯარო აქტივობა შეეზღუდებათ. აიკრძალება შეკრებები, ინფორმაციის გავრცელება, საჯარო აქციები, მედიაში გამოჩენა − ქვიარ თემის უფლებებისთვის ბრძოლის ფორმები რადიკალურად შეიცვლება. ქვიარების სრულიად ახალი თაობა ახალი მიდგომების შექმნისთვის და დანერგვისთვის უნდა მოემზადოს.  აიკრძალება არასამთავრობო ორგანიზაციები, ქუჩის აქტივიზმი და ახალგაზრდების თვითრეგულირებადი დაჯგუფებების გამოსვლები. სამუშაო უფრო გართულდება, რადგან  თითოეულ მოზარდს თუ ზრდასრულს, რომელსაც დახმარება დასჭირდება, თემის პროფესიონალებისგან საჯაროობის გარეშე უნდა მიეწოდოს მხარდაჭერა.

ეს გზა უკვე გაიარეს რუსეთში და შედეგები რთულია. როგორც ვიცით, იქ კანონებს ხელისუფლება ძალაუფლების უფრო მეტი გავრცელებისთვის იყენებს. ვლადიმირ პუტინის 25 წლიანი მმართველობის შემდეგ, კრიტიკული აზროვნებისგან დაცლილ საზოგადოებას ხელისუფლების მმართველი ჯგუფი, როგორც წესი, საკუთარ ინტერესებს ახვევს თავს და კანონის მიხედვით უდასტურებს კიდეც. 2012 წელს პუტინის პრემიერ მინისტრობიდან პრეზიდენტის სავარძელზე დაბრუნების შემდეგ, რუსეთის პოლიტიკა მკვეთრად კონსერვატორული გახდა, რაც, სამწუხაროდ,  საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობას მოერგო. რუსული კანონმდებლობა და პოლიტიკური ნარატივ უფრო და უფრო რეპრესიული ხდება. რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში, როგორიცაა ბელარუსი, უნგრეთი, ყირგიზეთი და საქართველო, კანონპროექტებს იმეორებენ და როგორც წესი, ჯერი საზოგადოებაზეა − მიიღებს თუ არა შემოთავაზებულ ნორმებს.

საქართველოში რუსული კანონი „გამჭვირვალობის“ შესახებ, გამოხატვის, უფლებების დეკლარირებისა და მხარდაჭერის შეზღუდვისთვის შემოდის. ხელისუფლება ეცდება განაცხადის გაკეთება აუკრძალოს თითოეულ ადამიანს, რომელიც მისი მოწყობილი “წესრიგისთვის” არაკომფორტული იქნება.

ასე მოხდა რუსეთში ამ ათწლეულის წინ და ახლა მინდა გიამბოთ, როგორ განვითარდა საქართველოსთვის მტრულად განწყობილ სახელმწიფოში მოვლენები.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუსეთის სახელმწიფომ გადაწყვიტა ლგბტ+ თემისთვის სიტყვის გამოთქმის ნებისმიერი საშუალება ჩაეკეტა. მან საფუძვლად რუსული „ტრადიციული“ ღირებულებები აიღო, რომელსაც თითქოსდა ეწინააღმდეგება გეი, ლესბოსელ, ბისექსუალ, ტრანსგენდერთა და ქვიართა დეკლარირებულ უფლებებს. 2013 წლის 11 ივნისს რუსეთის დუმამ ერთხმად მიიღო (მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე) კანონი „ბავშვთა მავნე ინფორმაციისგან დაცვის შესახებ“, სადაც ერთ-ერთი საკანონმდებლო აქტი ბავშვთა ისეთი ინფორმაციისგან დაცვის საკითხებს განსაზღვრავს, “რომელიც პროპაგანდას უწევს ტრადიციული ოჯახური ფასეულობების უარყოფას”. ასეთია ე.წ. “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობები” და ქვიარების სამოქალაქო აქტივიზმი. 2020 წლიდან კანონის მოქმედება სრულწლოვან მოქალაქეებზეც გავრცელდა და დღეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იკრძალება საზოგადოების მიმართ ქვიარების შესახებ ნებისმიერი ტიპის განაცხადის გაკეთება. კანონი კრძალავს ნებისმიერი სახის გამოვლენას „არატრადიციული“ სექსუალური ხასიათის ქცევის შესახებ. ასევე, იკრძალება ლგბტ+ სიმბოლოების გამოყენება, საჯარო გამოსვლები და დემონსტრაცია. ადგილობრივები ისჯებიან ჯარიმით, ხოლო უცხოელები დეპორტაციით, საქმიანობის შეჩერებით, პატიმრობით და სხვა.

რუსეთში კანონპროექტი ”ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის შესახებ” პირველად 2007 წელს რუსი სოციალ-დემოკრატი დეპუტატის, ალექსანდრე ჩუევის მიერ იყო წარდგენილი. ამ დროს რუსი უფლებადამცველები აქტიურად მუშაობდნენ ლგბტ+ პირების უფლებების დაცვაზე. მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მთავრობები სისტემატიურად ეწინააღმდეგებოდნენ ლგბტ+ თემის აქტივობებს. ქალაქების მერიებმა ჩააგდეს ინიციატივები ყოველწლიური პრაიდების ჩატარების შესახებ. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ რუსეთი ამ დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების გამო დააჯარიმა, დაგმო ადამიანის უფლებათა სისტემური რღვევა და პრაიდის ხელმძღვანელისთვის კომპენსაციის, 29 510 ევროს ზარალის ანაზღაურება დაავალა. მაშინ, პრაიდის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი ალექსეევმა განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ, უკვე მეექვსედ მიმართავდა რუსეთის დიდი ქალაქების ხელისუფლებებს პრაიდის გამართვის განცხადებით. მოსკოვის მერიამ გასცა კიდევ ერთი უარი, მომდევნო პერიოდში გამოსცა განჩინება, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში პრაიდის ჩატარება 100 წლით აკრძალა. რუსეთმა კი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან თანამშრომლობა შეწყვიტა და დღემდე ამ სასამართლოს შეფასებებს აღარ ითვალისწინებს.

პირველ ჯერზე დუმის სათათბირომ კანონპროექტი არ მიიღო, თუმცა მოგვიანებით, იმავე ნარატივის მქონე კანონი „ბავშვთა მავნე ინფორმაციისგან დაცვის შესახებ“ რუსეთში 2013 წელს დაამტკიცეს. მას შემდეგ ფედერაციის ტერიტორიაზე იკრძალება ისეთი შინაარსის მასალის გავრცელება, რომელიც მოიცავს უკანონო ქმედებების, ნარკოტიკების მოხმარებისა და თვითდაზიანებების შესახებ ინფორმაციას. მათ გვერდით მოხვდა ლგბტ+ კულტურის შესახებ ინფორმაცია და საკომუნიკაციო პლატფორმები. რუსულ კანონში წერია, რომ ე.წ. პროპაგანდა „ზრდის ინტერესს“ „არატრადიციული ურთიერთობების“ მიმართ, რა დროსაც ბავშვები დაუცველნი რჩებიან.

კანონს კრიტიკა მოჰყვა, როგორც დისკრიმინაციულს და არაერთგზის შეფასდა, როგორც ლგბტ+ თემის კულტურისა და უფლებების საჯარო შელახვა.

კანონპროექტის მე-3 მუხლის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეები შეიძლება დაჯარიმდნენ 5000 რუბლამდე, ხოლო საჯარო მოხელეები 50 000 რუბლამდე. ორგანიზაციები ან კომპანიები შეიძლება დაჯარიმდნენ მილიონ რუბლამდე და შესაბამისი დადგენილებით შეწყვიტონ საქმიანობა.

 

კანონის მოქმედების ფაქტობრივი შედეგები

კანონი ძალაში შესვლიდან მეორე დღესვე ამოქმედდა. 2013 წლის 30 ივლისს 24 წლის მამაკაცი, დიმიტრი ისაკოვი ყაზანში დააკავეს ერთკაციანი საპროტესტო აქციისთვის, როდესაც ის ქალაქის ცენტრში ბანერით იდგა წარწერით: „იყო გეი და გიყვარდეს – ნორმალურია, ადამიანის ცემა და მკვლელობა დანაშაულია“. მედიის ინფორმაციით ისაკოვის მშობლებმა ის თავად აიყვანეს და ჩააბარეს პოლიციას. თვითმხილველების თქმით, აქტივისტს პლაკატი დედამ წაგლიჯა ხელიდან, ხოლო მამამ მიწაზე დააგდო და პოლიციას გადასცა. დაკავების შემდეგ ბრალდებული მალევე გაათავისუფლეს, თუმცა ის სახლში მრავლობითი ფიზიკური დაზიანებით დაბრუნდა.

ქვეყანაში ლგბტ+ თემთან დაკავშირებით შეზღუდულია ყველაფერი – “გეი პროპაგანდის” შემთხვევა გულისხმობს, როგორც შვიდფეროვანი „ცისარტყელა“ დროშის ტარებას, ისე ლგბტ+ ფილმების ჩვენებას. გასულ წელს დააკავეს და დააჯარიმეს იუთუბერი, რომელსაც “ლგბტ პროპაგანდის” ფარგლებში, მაკიაჟის გაკვეთილების მომზადებაში ედებოდა ბრალი.  კანონი რამდენჯერმე ამოქმედდა ახალგაზრდული ონლაინ ჯგუფების მიმართ. მათ შორის ერთ-ერთი აპლიკაცია Deti 404 აღმოჩნდა. მისი დამფუძნებელი ელენა კლიმოვა 50 000 რუბლით დააჯარიმეს. მომხმარებლები აპლიკაციაში ჩაგვრის ისტორიებს აზიარებდნენ.

საზოგადოებაში მიღებულია გზავნილი, რომ თემის წევრები მეორე კლასის მოქალაქეები არიან, რომლებიც უსამართლობასა და ძალადობას იმსახურებდნენ და მათი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს. უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ დისკრიმინაციული კანონმდებლობა ჰომოფობი მოძალადეებისთვის მაშველ რგოლად იქცა. 2013-დან 2018 წლამდე ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილი სიძულვილით გამოწვეული დანაშაულების რაოდენობა გასამმაგდა. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რაოდენობის ზრდამ კანონის მიღებიდან ერთ ათწლეულში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. 2010 წლიდან 2020 წლამდე, ოფიციალური ინფორმაციით, 853 ადამიანის მიმართ 1 056 სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ჩაიდინეს, 365 ადამიანი კი მოკლეს. ეს ინციდენტები ძალადობრივ თავდასხმებს, მასობრივ მკვლელობებს, მუქარას, ქონების განადგურებასა და ძარცვას მოიცავდა. კვლევამ აჩვენა, რომ ლგბტ+ პირების მიმართ განხორციელებული დანაშაულები მეტად  ძალადობრივი გახდა. ამ ნიშნით გამორჩეული დანაშაულების 67% “ექსტრემალურ ძალადობადაა” შეფასებული.

2013 წელს ვოლგოგრადში 23 წლის გეი მამაკაცს ოთხი ჰომოფობი თავს დაესხა და წამებით მოკლა.  მათ მსხვერპლს სასქესო ორგანო ძალადობრივი მოქმედებების შემდეგ მოაჭრეს და თავი ლოდით გაუტეხეს.

გახმაურებული იყო კამჩატკაში “ოზერნაიას” აეროპორტის დირექტორის მოადგილის, 38 წლის ოლეგ სერდიუკის საქმე, რომელიც ჰომოფობიის გამო მოკლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მას სოფლად მცხოვრები სამი ადამიანი საქმიანობიდან გამომდინარე დაუკავშირდა. მკვლელობის მიზეზი კი „არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია“ გახდა.

აქტივისტები აცხადებენ, რომ კანონში არა მხოლოდ ლგბტ+ პირების საწინააღმდეგო განწყობის გამაძლიერებელი დებულებებია შეტანილი, არამედ საზოგადოებრივი ძალადობის ლეგიტიმაციაც ხდება. მათი თქმით, დანაშაულის შეტყობინებისას ძალადობის მსხვერპლებს დასცინიან და უარს ეუბნებიან მომხდარი ძალადობის სერიოზულად აღქმაზე. უმეტესწილად ლგბტ+ პირების მიმართ სიძულვილის ჯგუფები იყენებენ გაცნობის აპლიკაციებსა და გვერდებს. ე.წ. “გეებზე ნადირობა” მოიცავს ფიზიკურ შეურაცხყოფასა და შევიწროებას. თავდასხმის ამსახველი ვიდეოები ინტერნეტში ვრცელდება.

2013 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია გეი მოზარდის გატაცების შესახებ, რომელიც აწამეს და მოკლეს. მედიამ ვერ მოახერხა დანაშაულში ბრალდებული რუსი ნეონაცისტების ჯგუფის ამოცნობა. ჟურნალისტებმა ასევე დაადგინეს ფოტოებზე გამოსახული მსხვერპლის ვინაობა. გამოსახულებებზე გაშიშვლებული არასრულწლოვანი, სექსუალური ხასიათის სათამაშოთი ხელში, წითელი საღებავით დაფარული სხეულით არის გამოსახული.

რუსეთის მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს ანგარიშში აღნიშნულია მზარდი შიში იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ლგბტ+ პირები უფრო მეტად იქნებიან იზოლირებული და უგულებელყოფილი სახელმწიფოს მხრიდან.

რადიკალური მართლმადიდებლური ჯგუფები გამოხატავენ ნებას, იპოვონ ლგბტ+ თემის მხარდამჭერი პროფესიონალები სხვადასხვა დარგში და წარადგინონ ინიციატივები მათი სამსახურებიდან გასათავისუფლებლად.

კანონის გავლენა ხილული იყო სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე 2014 წელს. ოლიმპიური ქარტია პირდაპირ გამორიცხავს დისკრიმინაციას. აქ ნათქვამია: “დისკრიმინაცია რასის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების, სქესის ან სხვა საფუძვლით, შეუთავსებელია ოლიმპიური მოძრაობის წევრობასთან”. რუსულ კანონთან წინააღმდეგობაში მოსვლის გამო სპორტული ოლიმპიადის შესახებ საქმე სასამართლომ განიხილა. ქალაქის სასამართლოს გადაწყვეტილებით შეფერხდა “სიამაყის სახლის” შექმნა ლგბტ+ პირებისათვის. ჰომოფობიისგან თავისუფალი, თანასწორი გარემოს შექმნის იდეას რუსეთში “ექსტრემისტული” უწოდეს. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვიარ სპორტსმენები და სტუმრები მშვიდად უნდა ყოფილიყვნენ და „ბავშვებისთვის სიმშვიდე შეენარჩუნებინათ“. ის ასევე დაჰპირდა ოლიმპიადის მონაწილეებს, რომ დისკრიმინაცია არ იქნებოდა.

რამდენიმე დედაქალაქში შედგა გამოსვლები სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოწოდებებით. სპორტსმენებმა და გულშემატკივრების ნაწილმა დასავლეთში გამოიყენეს ოლიმპიური თამაშები, როგორც დისკრიმინაციის მაგალითი.

2015 წელს რუსეთში ტრანსგენდერი პირების საკანონმდებლო ბერკეტებით შევიწროება გაგრძელდა. მთავრობამ შემოიღო დადგენილება სამედიცინო შემოწმების შესახებ იმ პირთა მიმართ, რომელთაც „ფსიქიკური და სქესობრივი ხასიათის აშლილობა“ ჰქონდათ. ტრანსგენდერ პირებს მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლის უფლება ჩამოართვეს. ისინი გათანაბრდნენ „პათოლოგიურ“ აზარტულ მოთამაშეებთან და ქურდებთან. რუსმა ფსიქიატრებმა და უფლებადამცველებმა დაგმეს გადაწყვეტილება. მოგვიანებით, დადგენილება გაუქმდა და ტრანსგენდერ პირებს მიეცათ უფლება ჩაებარებინათ მართვის მოწმობის გამოცდა.

 

აქცია სანქტ პეტერბურგში 2014 წლის 1 მაისი/ანდრეი პრონინის ფოტო/Alamy Live News 

2022 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ბოლო ნაბიჯი იყო გენდერული იდენტობის დადასტურების პროცედურების აკრძალვის პაკეტში. ის კრძალავს „ყველა სამედიცინო პროცედურას, რომელიც მიმართულია პირის სქესის შეცვლისკენ“, ასევე, არ რთავს ნებას ქვეყნის მოქალაქეს ოფიციალურ დოკუმენტებსა და საჯარო ჩანაწერებში შეიცვალოს სქესი. კანონი ასევე აუქმებს ქორწინებას, თუკი ადამიანმა სქესი შეიცვალა, ასევე, უკრძალავს ტრანსგენდერებს ისარგებლონ შვილის აყვანის უფლებით. კანონპროექტი პარლამენტის ორივე პალატამ დაამტკიცა.

რუსეთში ლგბტ+ პირების მიმართ კანონის სრულად მუშაობს და საზოგადოებრივი სტიგმა მრავალგვარი ფორმით მოქმედებს. რეპრესიები იწირავს თემს და მუშაობას უკრძალავს უცხოურ ორგანიზაციებს. 2023 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „საერთაშორისო საზოგადოებრივი ლგბტ მოძრაობა“ ექსტრემისტულად შეაფასა და აკრძალა. მალევე დაარბიეს ქვიარ კლუბი Pose- და  დააპატიმრეს მისი ორი თანამშრომელი, რომელთაც ექსტრემისტული მოძრაობის დაფუძნება ედებათ ბრალად. საქმის მიხედვით, კლუბის ხელმძღვანელსა და მენეჯერს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, რუსეთში აკრძალული ორგანიზაციის სასარგებლოდ მუშაობის გამო.

კონსერვატორი აქტივისტი ეკატერინა მიზულინა უშუალოდ ესწრებოდა ქვიარ კლუბის დარბევას. ის ქალაქის ხელისუფლებასთან და სამართალდამცველებთან მანამდეც თანამშრომლობდა კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით. რუსული პოლიტიკის ამ ნარატივს სოციალური კონსერვატორები, რელიგიური კონსერვატორები და რუსი ნაციონალისტები აქტიურად უჭერენ მხარს.

პრობლემის ჭეშმარიტი მასშტაბის დადგენა ძნელია რიგი ფაქტორების გამო. მათ შორისაა არასაკმარისი ინფორმაცია, ყოვლისმომცველ მონაცემთა შეგროვების ნაკლებობა და მსხვერპლებთან შიში, ღიად ილაპარაკონ საკუთარ პრობლემებზე. ქვიარ თემი, მხარდამჭერები და აქტივისტები  არა მხოლოდ რიგითი ჰომოფობების, არამედ სახელმწიფოსა და გავლენიანი პირების თავდასხმის ობიექტებად იქცნენ. ეს გამოიხატება ყველაფერში − მათ შორის დასაქმებაში, საცხოვრებლის ძიებაში, ჯანდაცვასა და განათლებაში. ლგბტ+ პირებს, შესაძლოა, შეექმნათ ძალადობისა და დევნის საფრთხე ოჯახის, საზოგადოების და ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კანონები, რომლებიც კრძალავს სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ან საზოგადოებრივ ადგილებში. საერთო ჯამში, სოციალური ჰომოფობიის, დისკრიმინაციული კანონების და სამართლებრივი ბერკეტების არარსებობის გამო ქვიარ თემი რუსეთიდან გარბის. მის შესახებ ინფორმაცია ქრება ინტერნეტიდან, თემის წევრები შლიან საკუთარ პროფილებს, ბლოგებს და პერსონალურ ინფორმაციას ქსელიდან.

 

მასობრივი მკვლელობები სექსუალური ორიენტაციის გამო

ლგბტ+ თემის სოციალური და სამართლებრივი მდგომარეობა არა მხოლოდ ფინანსური ჯარიმებით და თვითგამოხატვის შეზღუდვით გაუარესდა. რუსეთში სულ უფრო მეტად იზრდება ლგბტ+ პირების სიცოცხლის მოსპობის რისკი. 2017 წელს „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა გამოძიება ჩეჩნეთის მაცხოვრებლების მასობრივი დაკავებების შესახებ. მიზეზად არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია დასახელდა. პირველ დღეებში 100-ზე მეტი გატაცებული მამაკაცის შესახებ გავრცელდა ცნობა, სამსახურებიდან, სახლებიდან, ეზოებიდან… ჟურნალისტური გამოძიება რამდენიმე მოკლულის შესახებ აცხადებდა. გეი მამაკაცები აიყვანეს არა მხოლოდ გროზნოში, არამედ სხვადასხვა ქალაქში. ინფორმაცია დადასტურდა ოფიციალური სტრუქტურების წყაროებითაც, მათ შორის იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რესპუბლიკის მეთაურის ადმინისტრაცია, ფე-ეს-ბე-ს ჩეჩნეთის დირექტორატი და ჩეჩნეთის პროკურატურა. ზოგიერთი დაკავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაათავისუფლეს და რესპუბლიკა დატოვა, რამდენიმე ათეულმა პირმა ქვეყნიდან წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მეგობრებისა და ნაცნობების გატაცების შესახებ შეიტყო.

დაკავებულებს შორის იყვნენ ჩეჩნეთის მუფთის წარმომადგენლები, მათ შორის რესპუბლიკის მეთაურთან დაახლოებული ცნობილი და გავლენიანი რელიგიური მოღვაწეები, ასევე ორი ცნობილი ჩეჩენი ტელეწამყვანი.

განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამომჟღავნება კავკასიაში სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. ტრადიციულ ჩეჩნურ საზოგადოებაში, ადამიანებს უკიდურესად მცირე სოციალური დისტანცია აქვთ. ინფორმაცია სექსუალური ორიენტაციის შესახებ ძალიან სწრაფად მჟღავნდება. დამალვას შედეგი არ მოაქვს. ჩეჩნებს არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე ეჭვის დროს გადარჩენის შანსები უნულდებათ. საკმარისია, ოჯახმა ძალოვნებისგან შეიტყოს დაკავების მიზეზი, ოფიციალურ ორგანოებს ახლობლების დასაცავადაც აღარც მიმართავენ. ჩეჩნეთში გავრცელებულია „ღირსების მკვლელობის“ ძველისძველი ჩვეულება, რომელიც საფუძვლად უდევს ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს. მათი რწმენით, ოჯახს სირცხვილი ჩამოშორდება, თუკი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის წევრს მოკლავენ. როგორც წესი, მსგავსი მკვლელობები საგულდაგულოდ გასაიდუმლოებულია.

2017 წლის მოვლენები მასობრივი მკვლელობებით დასრულდა. გეი მამაკაცები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად გამოაცხადეს. მათზე არ საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე დუმან ოჯახის წევრები.

 

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები

 ქვეყანაში ჩაიხშო გამოსვლები და აქციები. ხელი შეეშალა ლგბტ+ პირების მხრიდან ღია გამოხატვასა და მხარდაჭერის მიღებას.

„ჩვენ გვექცევიან, როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს, სამოქალაქო და ადამიანის უფლებების გარეშე. ჩვენ სოციალური არსებები ვართ და, ამავდროულად, საზოგადოებისთვის ავადმყოფებად და საშიშებად მივიჩნევით”, − თქვა დრაგ ქვინმა, რომელიც წარმოდგენებს მართავს რუსულ ლგბტ+ სცენაზე.

ტანია კუპერი, Human Rights Watch-ის რუსი მკვლევარი ამბობს, რომ „გეი პროპაგანდის“ შესახებ კანონი არის სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების კიდევ ერთი ფორმა.

აქტივისტები აღწერენ კანონს, როგორც შემაკავებელ ეფექტს მათთვის, ვინც ხმამაღლა საუბრობს და გამოხატავს საპირისპირო შეხედულებებს. ლგბტ+ ადამიანები აღიქვამენ მას, როგორც თავდასხმას პიროვნულ იდენტობაზე, რაც გაძლიერებულია ძალადობით და ხელშეწყობილია სახელმწიფოს მიერ დაკანონებული ჰომოფობიით.

აივ ინფიცირებული ლგბტ+ ახალგაზრდებისთვის, მათი სექსუალობისა და ავადმყოფობის სტიგმატიზაცია ნიშნავს, რომ მათ უწევთ გადარჩენა ორმაგი დისკრიმინაციის პირობებში. რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია Phoenix Plus-ის დამფუძნებელმა, რომელიც აივდადებით გეი მამაკაცებს ეხმარება, ევგენი პისემსკიმ გაიხსენა  17 წლის რუსი გეი ბიჭის ისტორია, რომლის დედამაც თქვა, რომ ჯობდა მუცელშივე მოეშორებინა. ფსიქოთერაპიის შემდეგ ბიჭმა გაიაზრა, რომ ცხოვრება არ დასრულებულა, მაგრამ, როგორც არასრულწლოვანი, დღეს ვერ მიიღებდა მხარდაჭერას ე.წ. “გეი პროპაგანდის” აქტის მიხედვით.

რუსეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა კანონის დონეზე და საკუთარ განცხადებებშიც გამოხატეს მხარდაჭერა ლგბტ+ უფლებების შეზღუდვის მიმართ.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა განცხადებები, რომელშიც თქვა, რომ ლგბტ+ უფლებები არ უნდა იყოს ტრადიციულ რუსულ ღირებულებებზე უფრო პრიორიტეტული. მან ასევე განაცხადა, რომ რუსული კანონები ლგბტ+ უფლებებს ისევე ასახავს, როგორც სხვა რიგითი მოქალაქეების უფლებებს.

დღესაც, როდესაც საქართველოში საზოგადოებრივი დისკურსის გამყარების პერიოდია, ადამიანები და საზოგადოებრივი ჯგუფები აყალიბებენ საცხოვრებელ, სამუშაო და დასასვენებელ სივრცეს საკუთარი ნააზრევის მიხედვით. განვითარების ამ პერიოდში რთულია გაარჩიო, სად არის ლგბტ+ პირთა უფლებების სივრცე და რით განსხვავდება ის რიგითი მოქალაქის უფლებებისგან. თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდება. თემის საჭიროებებზე, ინდივიდუალურ პირთა პრობლემებზე და მათი მხარდაჭერის გზების პოვნაზე ბევრად უფრო ფრთხილად, უჩუმრად და გაზრდილი ძალისხმევით მოუხდებათ საქართველოში თემის პროფესიონალებს მუშაობა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე გაიმართება. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელია საზოგადოებრივი განსჯა, სათემო ორგანიზაციების საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა და საერთო შეთანხმება, რაც პარლამენტმა სრული შემადგენლობის ხმათა ⅔-ით უნდა დაადასტუროს.

სტატიის ავტორი: დემეტრე ერგემლიძე

 

წინა

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

ბოლო სიახლეები

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

FacebookTweetLinkedInEmail რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი