თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ: რუსეთთან ფრენების გაუქმება და ყვარელში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. ამისთვის ისინი ხელისუფლებას დროს 22:00 საათამდე აძლევენ.
გუშინ, 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილის გადახდას აპირებდა, ქორწილისთვის კი საქართველოში ასევე იმყოფებოდნენ ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა და მისი ქმარი.ორივე სანქცირებულია. ამის გასაპროტესტებლად ჩავიდნენ დღეს აქტივისტები ყვარელში, პოლიციამ კი მათი დაკავება დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, სულ 16 პირია დაკავებული.
დღესვე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ რუსებმა ქვეყანა დატოვეს და ქორწილი არ შედგება, ამის პირობა კი შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო.
მოსკოვიდან პირველი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ, 19 მაისს დაჯდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვა მოუხსნა.