ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. რუსულ კანონს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება გამოეხმაურა და ყველამ ერთხმად დაგმო ტოტალიტარული რეჟიმის ანალოგიური კანონპროექტი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა უჭერს მხარს.
წაიკითხეთ, როგორ გამოეხმაურნენ საერთაშორისო ორგანიზაციები რუსულ კანონს.
ჯანმრთელობის, უფლებების, გენდერული და სექსუალური მრავალფეროვნების ევრაზიული კოალიცია (ECOM)
ჯანმრთელობის, უფლებების, გენდერული და სექსუალური მრავალფეროვნების ევრაზიული კოალიციის (ECOM) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარია იმ საერთაშორისო ნორმებზე, რომლებსაც რუსული კანონი ეწინააღმდეგება, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის ნაწილი საქართველოც არის, ასევე OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის ერთობლივ დირექტივებს გაერთიანების თავისუფლების შესახებ. ამასთან განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონის მიღებამ შესაძლოა საქართველოს უსაფრთხო ტურისტული მიმართულების რეიტინგზე იქონიოს გავლენა და ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველ დანიშნულებად იქცეს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ნეგატიურად აისახება.
ECOM-ის განცხადებაში საუბარია იმ გავლენაზეც, რაც რუსულ კანონს მარგინალიზებულ ჯგუფებზე ექნება.
„კანონპროექტი საფრთხეს უქმნის მარგინალიზებულ ჯგუფებს, მათ შორის, ლგბტქი თემს, ასევე აივ-დადებით ადამიანებსა და სექს-მუშაკებს. კანონპროექტში აღნიშნული დათქმები შესაძლოა ჯანდაცვის პროგრამების შემცირებით, აივ-ზრუნვისა და მხარდაჭერის სერვისების დასრულდეს, რაც მნიშვნელოვნად გააუარესებს მარგინალიზებული ჯგუფების მდგომარეობას“, — აღნიშნულია განცხადებაში და ნათქვამია ისიც, რომ ეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს.
ECOM გმობს კანონპროექტს და საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტს მოუწოდოს, არ მიიღონ საერთაშორისო სტანდარტებთან წინააღმდეგობაში მყოფი კანონი, ასევე მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების სპეციალური მომხსენებლისგან ინიციატივის დაგმობას ითხოვს, საქართველოს საპარლამენტო კომიტეტებს კი კანონპროექტის ხარისხიანი, დამოუკიდებელი შესწავლისკენ და შედეგების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოში „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა რუსულ კანონთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას საფრთხეს უქმნის.
„საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს და მათ უფლებებს იცავენ. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც ეფექტიანი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება“, — აღნიშნულია განცხადებაში და ნათქვამია, რომ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ისეთი უფლებების პატივისცემასა და დაცვას, როგორიც გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვაა.
გაეროს ქართული წარმომადგენლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა შეაფერხოს, ამიტომ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: „გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას“.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ კანონს ტვიტერზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია კანონპროექტით და ის წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებთან და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მოთხოვნებთან.
„კანონპროექტის მიღება უარყოფითად აისახება ნორვეგიულ-ქართულ თანამშრომლობაზე. ნორვეგია მოუწოდებს კანონშემოქმედებს, რომ დემოკრატიული ინტერესების შესაბამისად იმოქმედონ“, — აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ტვიტში.
Civic Solidarity
პლატფორმა Civic Solidarity, რომელიც ადამიანის უფლებათა მიმართულებით მომუშავე ევროპულ, ევრაზიულ და ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს განცხადებით გამოეხმაურა რუსულ კანონს. განცხადებას 41 ორგანიზაცია აწერს ხელს.
Civic Solidarity-ის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი კონტროლის დამყარებასა და შეზღუდვებს მოასწავებს და იმეორებს ავტორიტარული ქვეყნების მიდგომებს, რაც გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებასა და ქვეყნის დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხეს უქმნის.
„მსგავსი კანონების გამართლებად ხშირად ეროვნულ სუვერენიტეტსა და დამაზიანებელ უცხოურ გავლენას მოიხსენიებენ, თუმცა, რეალურად არასამთავრობო სექტორის მუშაობის შეფერხებას ისახავს მიზნად და არღვევს გაერთიანების თავისუფლებას. ისეთი ქვეყნები, როგორიც რუსეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსია განსაკუთრებით აქტიურები არიან მსგავსი კანონების მიღების მიმართულებით“, — ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერები საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართავენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება ქვეყანას რუსული პოლიტიკური გავლენის სივრცესთან კიდევ უფრო დააახლოვებს და დააშორებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისგან.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“ და საუბარია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შესასრულებელ 12 პრიორიტეტზე, რომლის შესრულებას რუსული კანონი საფრთხეს შეუქმნის.
„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ის ასევე არსებითია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის და არის 12 პრიორიტეტის ნაწილი, კერძოდ #7 პრიორიტეტისა, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და #10 პრიორიტეტისა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება… კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.“, — აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც ნახსენებია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიმართ მოწოდება, რომ მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.
ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE)
ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE) შეშფოთებას გამოთქვამს რუსულ კანონთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია ქართული პარლამენტის სამოქალაქო საზოგადოებასთან ბრძოლის ახალი ეტაპია.
„კანონპროექტი კიდევ უფრო შეზღუდავს სივრცეს სამოქალაქო ჩართულობისთვის, გამოიწვევს მათ სტიგმატიზებას, პოლარიზაციას შეუწყობს ხელს და საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობას შეამცირებს“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც მაგალითად მოშველიებულია რუსეთში ანალოგიური კანონის მიღება, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების გარდაუვალი ლიკვიდაცია გამოიწვია.
EPDE-ის განცხადების თანახმად, რუსული კანონის მიღება შექმნის პრეცენდენტს, რომელიც რამდენიმე წელში კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ლიკვიდაციას გამოიწვევს, უპირველესად კი იმ ორგანიზაციების, რომლებიც არჩევნების გამჭვირვალობას იცავენ, ამასთან, გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოების პარალელურ სტრუქტურებს, რომლებიც დამოუკიდებელი მოქალაქეობრივი საარჩევნო დამკვირვებლის იმიტაციას ეწევიან, რეალურად კი სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტიების მიერ კონტროლდებიან — იგივე რუსეთშიც მოხდა.
EPDE ევროპულ ინსტიტუტებს მოუწოდებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების შემავიწროებელი სამართლებრივი ცვლილებები გაითვალისწინონ, როცა ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო 12 პრიორიტეტის განხორციელების გზაზე მიღწეულ პროგრესს შეაფასებენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი რუსულ კანონს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ღრმა შეშფოთებას” გამოთქვამენ, რადგან აღნიშნული სიტყვის თავისუფლებასა და ქართულ დემოკრატიას გამოწვევებს შეუქმნის.
„კანონპროექტი გააძლიერებს სტიგმას და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებსა და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი სოციუმისთვის უკეთესი მომავლის შენებას ცდილობენ. ვფიქრობთ, რომ მსგავსი კანონი საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს“, — აღნიშნულია განცხადებაში და ნათქვამია, რომ მტკიცება კანონის ამერიკულ ვერსიასთან მსგავსებაზე, სიცრუეა და ის დაფუძნებულია რუსულ და უნგრულ ვერსიაზე.
ევროპელი ჟურნალისტების ფედერაცია (EFJ)
კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპელი ჟურნალისტების ფედერაციამ (EFJ) და მისი მიღების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა.
„ეს ცუდი სიგნალია ქართული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. გამჭვირვალობით შეფუთული კანონი ფინანსურ და ადმინისტრაციულ წნეხს მიმართავს მათზე, ვინც ქართული საზოგადოების დემოკრატიული გარემოსთვის შრომობს“, — აღნიშნა EFJ-ის პრეზიდენტმა, მაჰა სევერმა.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI)
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ქართველ პარლამენტარებს მოუწოდებს, არ მიიღონ კანონი, რომელიც ავტორიტარული სახელმწიფოების მიდგომას იმეორებს და აღნიშნავს, რომ არსებობს რისკები, კანონი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტების იარაღად იქნეს გამოყენებული.
„IPI ღრმად შეშფოთებულია, რომ ქართველი კანონშემოქმედები რუსეთის ავტორიტარული სახელმძღვანელოს გადაწერას განიხილავენ. პუტინის „უცხოეთის აგენტების“ კანონი კრემლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია, რათა პრესის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება გაანადგურონ, სხვა უფლებებთან ერთად. მსგავს კანონს არაფერი ესაქმება ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის, რათა ევროკავშირის წევრი გახდეს და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს იზიარებს“, — აღნიშნავს IPI-ის დირექტორი სკოტ გრიფენი.
არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელი (ENEMO)
არჩევნების მონიტორინგის 22 ორგანიზაციისგან შემდგარი ევროპული ქსელი, ENEMO „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს კანონპროექტთან დაკავშირებით და უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც რუსული კანონის მიღებას გმობს.
„ეს გზას გაკვალავს ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და უფლებადამცველებისკენ მიმართული უპრეცენდენტო ზეწოლისთვის. შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს ქვეყნის დემოკრატიული გარემო და მოქალაქეების უფლებები სიტყვის თავისუფლების, დამოუკიდებელი მონიტორინგის განმახორციელებლებისა და ფუნდამენტური ადამიანისა და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის გზით“, — ნათქვამია განცხადებაში.
ENEMO აკრიტიკებს გამოყენებულ ტერმინოლოგიასაც და მიიჩნევს, რომ მასტიგმატიზებელი და შეცდომაში შემყვანია, რადგან ორგანიზაციებსა და ინდივიდებს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებლის იარლიყს აწებებს. ქსელი პარლამენტს მოუწოდებს, რომ არ მიიღონ კანონი, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს არღვევს.
არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრი (ICNL)
ICNL-ის განცხადებით, ახალი კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს კონტროლის ძალაუფლებას აძლევს და სტიგმის გაძლიერებასთან ერთად, ორგანიზაციებს დამატებით ტვირთს აკისრებს.
„საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა განაცხადეს იმ საფრთხის შესახებ, რომ კანონპროექტი ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასა და ევროინტეგრაციის შესაძლებლობას ავნებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ კანონის მიღება მოწყვლად ჯგუფებს დააზიანებს, როგორიც შშმ პირები არიან, რადგან შეიძლება შეეზღუდოთ წვდომა აუცილებელ სოციალურ სერვისებზე და სხვა მხარდაჭერაზე, რასაც სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს. კანონის მიღება მნიშვნელოვნად შეასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას, რომელიც დემოკრატიის დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, — აღნიშნულია განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა
კორუფციის საწინააღმდეგო გლობალური კოალიციის, საერთაშორისო გამჭვირვალობის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღება სერიოზულ უარყოფით გავლენას იქონიებს ისედაც შევიწროებულ სივრცეზე სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, ასევე შეაფერხებს კორუფციის საწინააღმდეგო პროგრესს ქვეყანაში.
„შეთავაზება, რომ სამოქალაქო საზოგადოება და მედია ორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით მონიშნონ წინააღმდეგობაშია საქართველოს მთავრობის გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებთან. კორუფციის მაღალი დონის საწინააღმდეგოდ მოქმედება, ჟურნალისტების დაცვის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების არსებითი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ის მოცემულობებია, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეა (PACE)
PACE-მა ყველა ქართულ პოლიტიკურ დაჯგუფებას მოუწოდა, რომ მხარი არ დაუჭირონ კანონპროექტს, რომლის მიღება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას დააზიანებს.
„კანონპროექტს რიგი შეუსაბამობები აქვს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან“, — აღნიშნეს PACE-ის წარმომადგენლებმა საქართველოში.