ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა, რომლებმაც ანტიდასავლური მოძრაობა, ე.წ. ხალხის ძალა დაირქვეს, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც “უცხოური ძალისგან” ფინანსდებიან, “უცხოური გავლენის აგენტად” დარეგისტრირება მოუწევთ.
“უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ პარლამენტში უკვე რეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი “უცხოური ძალებიდანაა”.
ქვიარ ორგანიზაციებს, ისევე, როგორც ქალთა, ადამიანის უფლებათა, მედია და სხვა მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მრავალეტაპიანი პროცესის გავლა უწევთ იმისთვის, რომ დონორებისგან ფინანსური გრანტი მოიპოვონ. ეს პროცესები მოიცავს როგორც ორგანიზაციაში მიმდინარე შიდა პროცესების განხორციელებას, რაც მოიაზრებს ადმინისტრაციული თუ ტექნიკური ვალდებულებების განხორციელებას, ასევე აუდიტებს. აღნიშნული ვალდებულებების შესრულებისას ორგანიზაციებს უწევთ კონსისტენტური კომუნიკაცია იმისთვის, რომ პროცესები ჯანსაღად და მიზანმიმართულად განხორციელდეს, ხოლო ამოსავალი წერტილი მოწყვლადი ჯგუფების წევრი ადამიანებისადმი თანაგანცდა და გაძლიერებაა. ცხადია, პროცესები გამჭვირვალეა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. თითოეულ ადამიანს, რომელიც რომელიმე პროექტისა თუ გრანტის შესახებ ინტერესდება, შეუძლია, წვდომა ჰქონდეს არამხოლოდ პროექტის საერთაშორისო მხარდამჭერი ორგანიზაციისა თუ პარტნიორის შესახებ, რომელსაც ორგანიზაცია საჯაროდ გამოიტანს, როგორც ვებსაიტზე, ასევე, თითოეულ ღონისძიებაზე, რომელიც კონკრეტული გრანტის ფარგლებში იმართება, ასევე, დეტალურ ანგარიშებსა თუ მოხსენებაზე, რომელიც პროექტის მიზნებს, ღონისძიებებსა და ფინანსურ საჭიროებებს მიემართება.
მსგავსი გამჭვირვალობის პირობებში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები სრულიად ღიანი არიან თავიანთი პარტნიორი და მხარდამჭერი ორგანიზაციების შესახებ, შეუძლებელია, კანონპროექტის მიზნებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ეჭვი არ შევიტანოთ. აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცება მიმართულია საზოგადოების პოლარიზაციისა და დაქსაქსვისკენ, რაც, თავის მხრივ, არარსებული მტრისგან, არასამთავრობო სექტორისგან, რეალურ მტრის ხატს, დასავლური გავლენის აგენტების სახით, შექმნის და მის დემონიზაციასა გამოიწვევს.
286 ხელმომწერ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნახსენებ მოწყვლად ჯგუფებს შორის ერთ-ერთი ქვიარ თემია, რომლის ბევრი წევრი ფსიქოსოციალური, ეკონომიკური, ფსიქიკური, იურიდიული თუ სხვა სახის დახმარებისთვის სათემო ორგანიზაციებს მიმართავს. რიგ შემთხვევაში, საუბარი არა მხოლოდ მხარდაჭერას, გაძლიერებასა და უფლებების ადვოკატირებას ეხება, არამედ — გადარჩენისთვის ბრძოლას.
დოკუმენტის დაკანონების შემთხვევაში საფრთხე შეექმნება ისეთ სერვისებს, როგორებიცაა მოკლევადიანი თუ ხანგრძლივი საცხოვრისით უზრუნველყოფა და საცხოვრისის შიდა სერვისები; კვებით უზრუნველყოფა; ფსიქოლოგის მომსახურება; იურისტის მომსახურება; საერთაშორისო და ადგილობრივი ადვოკატირება; სოციალური მუშაკის მომსახურება; ექიმის მომსახურება; დასაქმების სპეციალისტის მომსახურება; ქალთა და ქვიარ ადამიანების გაძლიერება პოლიტიკური მონაწილეობისაა და ჩართულობისთვის; გენდერისა და სექსუალობის შესახებ ხელმისაწვდომ ცოდნებსა და კვლევებზე წვდომა.
გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც ქვიარები არ არიან, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ თავიანთ სექსუალობას ან/და გენდერულ იდენტობას, წაერთმევათ საშუალება გადამწყვეტად კრიტიკულ ინფორმაციაზე წვდომა, რომელიც მათ ნავიგაციაში დაეხმარებათ.
ასევე, გასათვალისწინებელია ის ნაცრისფერ არეებში მყოფი ხალხი, რომლის რაოდინებაც საკმაოდ მაღალია და რომლებსაც ქვიარ და ფემინისტურ ცოდნაზე წვდომა არ აქვთ, თუმცა სწორი, ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის მიღების პირობებში, აქვთ მზაობა ახლის მიმღებლობისა. ეს კი, ქვიარებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს უამრავ მომავალ მოკავშირესა და მხარდამჭერს აკარგვინებს.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საფრთხე ექმნება ყველა ორგანიზაციას, რომელიც “აგენტად” შეირაცხება, თუმცა ამის რისკები განსაკუთრებით მაღალია ქვიარ ორგანიზაციების შემთხვევაში, რადგან ქვიარ ადამიანები უმრავლესობისგან უკიდურესად ჩაგრულები არიან, ხოლო მათ გარშემო არსებული სტიგმა, რომელიც არსებობს, დოკუმენტის დაკანონების შედეგად, ერთი-ათად გამწვავდება. ზიანის მიდგომის საშიშროება შეეხება როგორც ორგანიზაციებს, ასევე, ქვიარ ადამიანებს, რომლებიც მათი ბენეფიციარები არიან და მათ რესურსებს იყენებენ გადარჩენისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. შესაბამისად, საფრთხე არამხოლოდ საზოგადოების პოლარიზებისა და მოწყვლადი ჯგუფების დემონიზების სახით დგას დღის წესრიგში, არამედ — ხელშესახებ, ყოველდღიურ სერვისებსა თუ პროდუქტებზე წვდომის შეზღუდვის სახით, რომლებითაც ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები თავიანთ ბენეფიციარებს უზრუნველყოფენ. გარდა საზოგადოებრივი წნეხისა, ორგანიზაციებმა შესაძლოა, დაკარგონ პოტენციური დონორები და ყველა რესურსი გამოეცალოთ ხელიდან ქვიარ ადამიანების დასაცავად.
რუსულის კანონის ანალოგ კანონპროექტში, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებული მოძრაობის წევრებმა მოამზადეს, მმართველი პარტია არ ემიჯნება. უფრო მეტიც, მამუკა მდინარაძემ ერთობლივი სხდომის შემდეგ ფრაქცია ქართული ოცნების სახელით, უცხოურის გავლენის აგენტის კანონპროექტის გაცხადებულად მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი “პრინციპების დონეზე” შეთანხმდნენ და კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.
უკვე რეგისტრირებულ კანონპროექტის შესახებ მედიაორგანიზაციებმა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნებიდან ოფიციალურად წასული და ანტიდასავლური მოძრაობის დამფუძნებელი დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტიუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ არის საქართველოს არჩევანი და მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
“ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს”, — ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შინა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან შეუთავსებელია.