უკრაინელმა აქტივისტმა, ანდრიი ჩერნიშევმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩერნივცის, კიევის, დნეპრისა და სხვა ქალაქების თავშესაფრებში მყოფი ადამიანების სპეციფიკურ საჭიროებებზე წერს.
ანდრიი ჩერნიშევი ერთ-ერთი უდიდესი ლგბტქი ორგანიზაციის Alliance.Global-ის თანამშრომელია, რომელიც უკრაინაში 2002 წლიდან მუშაობს ადამიანის უფლებებისა და საზოგადოებაში ცოდნის ამაღლების საკითხებზე. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს აივ ინფექციის პრევენციაზე.
უკრაინის თავშესაფრებში მყოფი ლგბტქი ადამიანების დასახმარებლად ორგანიზაციამ მიმართვა გამოაქვეყნა:
„მე მქვია ანდრიი ჩერნიშევი. ამჟამად კოორდინაციას ვუწევ ჰუმანიტარულ აქტივობებს, რაც უკრაინაში ლტოლვილების გადაუდებელი საჭიროებებისთვის დაფინანსებისა და დონაციების მოძიებას მოიცას, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების დახმარებასა და მათი ქვეყნის თავშესაფრებში გადანაწილებას. დახმარებაში შედის:
- საკვები და კვების რაციონი;
- მედიკამენტები (სახვევები, ტაბლეტები, თაბაშირი, ვიტამინები და ა.შ) და პირველადი დახმარების სრული ნაკრები;
- ლგბტქი ლტოლვილების და მათი ოჯახების ტრანსპორტირება საომარი მოქმედებების ადგილებიდან უსაფრთხო ზონებში, ტაქსი ქალაქში;
- თბილი ტანსაცმელი, ქვეშაგები;
- ლგბტქი თავშესაფრის ოთახების დაქირავება;
- პირადი ჰიგიენის საშუალებები;
- ჭურჭელი თავშესაფრებში;
- მობილური კომუნიკაცია, ინტერნეტი;
- ინდივიდუალური ფინანსური მხარდაჭერა იმ ლგბტქი ლტოლვილებისთვის, რომლებიც უკვე გადავიდნენ უსაფრთხო ადგილებში, ან უკრაინის საზღვრებს გარეთ;
- უკრაინის ნებისმიერ რეგიონში, ან მის საზღვრებს გარეთ PrEP-ის მიღებაში დახმარება.
მიუხედავად საშიში სიტუაციისა, ჩვენი ლგბტქი თავშესაფრები კიევში, დნეპრსა და ჩერნივცში კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას. ჩვენი თანამშრომლები კიევში ყველაფერს აკეთებენ, რომ ღირსეული და კომფორტული დახვედრა მოუწყონ მათ, ვინც თავშესაფარს ეძებს, თუმცა ჩვენი რესურსი თითქმის ამოიწურა.
ლოჯისტიკური პრობლემების და ჩვენი პროექტებიდან ფინანსური დახმარების მიღების შეუძლებლობის გამო, ამჟამად გადაუდებელ საჭიროებებზე საკუთარ ფულს ვხარჯავთ, მათ შორის, საკვებზე, მედიკამენტებზე, თბილ ტანსაცმელსა და თეთრეულზე, უსაფრთხო ადგილებსა და თავშესაფრებში ტრანსპორტირებაზე, პირადი ჰიგიენის ნივთებზე, მობილურ კომუნიკაციასა და ინტერნეტზე საზოგადოებისთვის.
ასევე, ძალიან გვჭირდება ფინანსური დახმარება იმ ლგბტქი ლტოლვილებისთვის, რომლებიც მიდიან დასავლეთ უკრაინაში, ან აპირებენ ქვეყნის დატოვებას.
თქვენ შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ ნებისმიერი თანხით ევროში, ან აშშ დოლარში. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის საშუალებით: [email protected]
მოხარული ვიქნებით, თუ ამ მიმართვას გაავრცელებთ“ – წერს აქტივისტი მიმართვაში.
მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ იმ ორგანიზაციების ჩამონათვალსაც, რომლებიც ჩართული არიან ქვეყნისა და ლგბტქი თემის დასახმარებლად, ასევე, მათ სერვისებს, რომლებსაც ისინი ადამიანებს სთავაზობენ და გააკეთოთ შემოწირულობა.