თბილისი პრაიდი 5 ივლისის მოვლენებიდან 2 წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“2021 წლის 5 ივლისის სასტიკი თავდასხმიდან 2 წელი გავიდა. ამ თარიღმა ღრმა და ტრაგიკული კვალი დატოვა ქვიარ ადამიანების, აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მეხსიერებაში.
ტკივილი და უსამართლობის განცდა, რომელიც 5 ივლისს გამოვიარეთ, არ განელებულა. Მას განსაკუთრებით ამძაფრებს თავდასხმის ორგანიზატორების დაუსჯელობა. ყველა მათგანი თავისუფალია და კვლავ ავრცელებს სიძულვილს.
5 ივლისი იყო უდიდესი დარტყმა ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობასა და ღირსეულ ცხოვრებაზე. ეს იყო დარტყმა, რომელიც რუსული ფულით დაფინანსებულმა, სამშობლოს გამყიდველმა ადამიანებმა მოგვაყენეს.
ახლა, როცა ქვეყნის დემოკრატიული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვიარ ადამიანები, მხარდამჭერები, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ყველა, ვისაც თანასწორობის და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის სწამს, გავერთიანდეთ, დავდგეთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე და მკაფიოდ დავანახოთ ჩვენს მტრებს, რომ გვინდა ისეთი ქვეყანა რომელშიც თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები თანაბრად იქნება დაცული”, – წერია განცხადებაში.
2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა ტერიტორია მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს. მათ მედიის წარმომადგენლებსა და გამვლელებზე იძალადეს. ჯამში 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.