ესპანეთში ქალებისთვის, რომლებსაც მენსტრუაციის დროს ძლიერი ტკივილი აწუხებთ, სამდღიანი მენსტრუალური შვებულების დაწესება იგეგმება. მთავრობა ახალი რეფორმის დამტკიცებას მომავალ კვირას აპირებს.
რეფორმის დამტკიცების შემთხვევაში, ესპანეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც ქალებს მენსტრუალური შვებულების აღების უფლებას მისცემს. დღესდღეობით, მენსტრუალური შვებულებით აზიის ზოგიერთ ქვეყანაში სარგებლობენ, კერძოდ, ინდონეზიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში.
გარდა სამდღიანი შვებულებისა, ესპანეთის ახალი რეფორმა მენსტრუალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად სხვა პუნქტებსაც მოიცავს. კერძოდ, სკოლის მოსწავლე გოგოებს საჭიროების შემთხვევაში ჰიგიენური საფენები და ტამპონები გადაეცემათ. გარდა ამისა, ტამპონებისა და ჰიგიენური საფენების მწარმოებლები დღგ-სგან გათავისუფლდებიან, რაც საბაზრო ფასს შეამცირებს.
რეფორმის მიზანი აბორტის ხელმისაწვდომობის გაზრდაცაა. 16 და 17 წლის გოგოებს აბორტისთვის მშობლების თანხმობა აღარ დასჭირდებათ.