9 იანვარს კალიფორნიაში „ოქროს გლობუსის“ რიგით 79-ე დაჯილდოება გაიმართა. ისტორიაში პირველად, ოქროს გლობუსი სატელევიზიო შოუში ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის, ტრანსგენდერ მსახიობ, ემჯეი როდრიგესს გადაეცა.
ემჯეი როდრიგესს ოქროს გლობუსი რაიან მერფის გახმაურებულ სერიალ Pose-ში შესრულებული როლისთვის გადაეცა. სერიალში 31 წლის მსახიობი ექთანი ბლანკას როლს ასრულებს, რომელიც აივ/შიდსის ეპიდემიის დროს ინფიცირებულ პაციენტებს უწევს დახმარებას.
ისტორიულ გამარჯვებას მსახიობი ინსტაგრამის პოსტით გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს გამარჯვება ერთგვარი კარია, რომელიც დღეიდან უკვე მრავალი ნიჭიერი ადამიანისთვისაა ღია – „ისინი დაინახავენ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. ისინი დაინახავენ, რომ ახალგაზრდა ფერადკანიანი ლათინო გოგონა ნიუ ჯერსიდან, რომელიც ოცნებობდა, შეეცვალა ადამიანების გონება, შეცვლის მას სიყვარულით. სიყვარული იმარჯვებს. ეს გამარჯვება ყველა ლგბტ+ ადამიანს ეძღვნება. ჩვენ აქ ვართ, კარი ღიაა, მიწვდით ვარსკლავებს!!!!”
ემჯეი როდრიგესთან ერთად, ოქროს გლობუსისთვის იბრძოდნენ: უზო ადუბა, ჯენიფერ ენისტონი, ქრისტინ ბარანსკი და ელიზაბეტ მოსი.
ამასთან ერთად, ემჯეი როდრიგესი პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი მსახიობია, რომელიც გასულ წელს Emmy-იზე იყო ნომინირებული.
გახმაურებული სერიალი Pose 2018 წელს გამოვიდა ეკრანებზე და 80-იან წლებში ნიუ-იორკში მცხოვრები ტრანსგენდერი და ლგბტ+ ადამიანების ცხოვრებაზე გვიამბობს. სერიალში დიდი ადგილი ეთმობა ბოლრუმის კულტურასა და აივ/შიდსის ეპიდემიას.