დღეს, ისე როგორც არასდროს, მთელი ცივილიზებული სამყარო არის ერთიანი. ამის ნათელი მაგალითია აქციებიც, სადაც ათასობით ადამიანი გამოდის უკრაინის მხარდასაჭერად. პირადად ჩემთვის, ერთგვარი თერაპიაა და აქციებზე ყოფნით უფრო ახლოს ვარ უკრაინელ ხალხთან. ხშირად მაქვს უსუსურობის განცდა, რომ ვერაფერს ვშველი და ვერაფრით ვეხმარები, მაგრამ აქციებზე სიარულით ყოველ ჯერზე თავიდან ვიმუხტები და თავიდან ვიჯერებ, რომ ბრძოლას აქვს აზრი.
ძალიან მნიშვნელოვანია, აქციები გაგრძელდეს იქამდე, სანამ ომი უკრაინის გამარჯვებით არ დასრულდება. აქციებით ყველა ერთად ვცდილობთ, ვაიძულოთ ევროკავშირი, უფრო ეფექტური სანქციები დაადოს რუსეთს და რუს ოლიგარქებს. გარდა ამისა, ვცდილობ, უკრაინელ ხალხს ვესაუბრო და ავუხსნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრს. ეს არის მინიმალური, რისი კეთებაც შემიძლია, ამიტომ ვარ და ყოველთვის ვიქნები ყველა აქციაზე.
ბელგიაში განსაკუთრებულად პატრიოტი ქართველები ცხოვრობენ. ომის დაწყებამდე მე და ჩემმა მეგობრებმა დავაორგანიზეთ აქცია უკრაინის მხარდასაჭერად, სადაც საკმაოდ ბევრი ქართველი მოვიდა. გარდა ამისა, აქტიურად არიან ჩართულები ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში. ერთხელ, პოსტი დავწერე, ჩემი მეგობრები უკრაინაში მიდიან მოხალისეებად-მეთქი, ზუსტად 15 წუთში 5-5 ევროებად 300 ევრო მოგროვდა, რომ ბიჭებს სიგარეტის და სხვა პირველადი საჭიროებისთვის თანხა ჰქონოდათ. მათ შორის დიდი ნაწილი ქვიარები იყვნენ. ბელგიაში ყველაზე მეტი ქართველი ქვიარი ცხოვრობს და თითქმის ყველა აქციაზე დადიან. არ არსებობს უკრაინის მხარდამჭერი აქცია, სადაც ქართული დროშა არ ფრიალებს. ყველგან, ყოველთვის გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას. ყველგან, ყოველთვის მათ გვერდით ვართ – ზოგჯერ ბევრი, ზოგჯერ, შედარებით ნაკლები.
რუსეთის პატრიარქი და რუსული პროპაგანდა უკვე საუბრობს ზელენსკიზე, როგორც გეი აქტივისტზე და ამით ცდილობს მის „გაშავებას“, ხომ წარმოგიდგენიათ, ეს ომი უკრაინის მარცხით რომ დასრულდეს, რა შეიძლება მოხდეს?! კოლონიები შეიქმნება ლგბტქი ადამიანებისთვის, როგორიც უკვე არსებობს რუსეთში და მის მიერ კონტროლირებად ქვეყნებში. ტყუილად არ ვამბობთ, როცა ვახსენებთ ომს ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის. ეს არ არის ჩვეულებრივი ომი, ან სინათლე გაიმარჯვებს, ან სიბნელეში მოგვიწევს დარჩენილი ცხოვრების გატარება. ფიქრიც არ მინდა უკრაინის მარცხზე, ეს გამორიცხული მოცემულობაა. უკრაინელმა ხალხმა უკვე გაიმარჯვა ბოროტებაზე. დაუშვებელია, მსოფლიომ მიატოვოს და ეს ომი უკრაინის მარცხად გაფორმდეს. უკრაინის ომში იბრძვიან ლგბტქი თემის წევრებიც და ძალიან ღირსეულადაც. ამ ომში ბევრი ქართველი მოხალისეა, რომელიც ასევე არის ლგბტქი თემის წევრი. ეს ხალხი, ყველაზე მეტად გრძნობს რუსული პროპაგანდის შედეგებს. მთელი ცხოვრება ამასთან გვიწევს გამკლავება და, ცხადია, ქვიარ ადამიანებისთვის განსაკუთრებულად რთულია.
უკრაინა ჩვენ გვერდით იდგა არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ უფრო ადრეც, 1993-ში. მათ არასდროს ეშინოდათ საკუთარი მხარდაჭერა გამოეხატათ, ისინი იყვნენ პირველები, რომლებიც ქმედითი ნაბიჯებით გვეხმარებოდნენ და მთელი არსებით ჩვენთან იყვნენ. ამის ფონზე საქართველოს ხელისუფლების ქმედებები სილაჩრეს ჰგავს, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ. სერიოზულად კი, ნიღაბი ჩამოიხსნეს ბოლო 2 კვირის განმავლობაში. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს რუსული ხელისუფლება. ისინი ახმოვანებენ ზუსტად იმ მესიჯებს, რასაც რუსული ხელისუფლება. თვალებიდან სისხლი მდის, როდესაც მათ განცხადებებს ვუსმენ. იმის თქმაც არ შეუძლიათ, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. უსინდისოდ ამბობენ მაღალი რანგის სასულიერო პირები, რომ რომელიღაც ქვეყანაში ომია და თურმე ძალიან სწუხან ამაზე. ორ ჭიქა რძეზე ყიდიან უკრაინელი ბავშვების ცხედრებს. ორ ჭიქა რძეზე ყიდიან მთლიანად უკრაინელ ერს, ორ ჭიქა რძეზე ყიდიან, სინდისს, ნამუსს, ღირსებასა და ქართველობას! ქართველობასაც ორ ჭიქა რძეზე ყიდიან. სამშობლო გაცვალეს რძის პროდუქტებზე. ამაზე მეტი სიგიჟე, ამაზე მეტი სიმხდალე და მოღალატეობა რა უნდა ექნათ?! მრცხვენია, გულწრფელად მრცხვენია, როცა აქციებზე უკრაინელ ხალხს ვხვდები და გამოვდივარ სიტყვით, რომ ბოდიში მოვუხადო ჩვენი ხელისუფლების გამო, რომ ვუთხრა, ჩვენ აქ ვართ, თქვენთან. დღეს მხოლოდ რუსეთში და ბელარუსში აკავებენ აქციის მონაწილეებს და უკვე საქართველოშიც. უკიდურესად ლაჩარი ხელისუფლება გვყავს, რომელიც დროულად თუ არ შეიცვლება, საერთოდ რუკიდან გავქრებით.
საქართველოს არ აქვს რაიმე რესურსი, რომ განსაკუთრებული სანქციები დაადოს ვინმეს, არც არავინ სთხოვდა. მათი ერთადერთი მოვალეობა იყო, სწორი და ჯანსაღი პოზიციები ჰქონოდათ და ყველა განცხადებაში არ შერცხვენილიყვნენ. პირველ რიგში, უკრაინელი ლტოლვილების მიღება უნდა დაგვეწყო (არავინ მოაწყდებოდა საქართველოს, ევროპაში ავტომატურად აძლევენ 1-წლიან საბუთს) იმისთვის, რომ მხარდაჭერა უფრო ძლიერად დაგვეფიქსირებინა. სასწრაფოდ უნდა შემოიღონ სავიზო რეჟიმი რუსეთთან, დაუშვებელია რუსი მოქალაქეების შემოშვება იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც არსებობს. ტერორისტი პუტინი ყოველთვის რუსი ხალხის დაცვის მოტივით იწყებდა ომს მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის დადასტურებული ფაქტი.
იმედი კი არ მაქვს, დარწმუნებული ვარ უკრაინის გამარჯვებაში, უფრო მეტიც, უკვე გამარჯვებულია. დიდი მსხვერპლის ფასად ამარცხებს სამყაროს ყველაზე დიდ მონსტრს. ამ ოპტიმიზმის საფუძველს უკრაინელი ხალხი მაძლევს. მშურს მათი სიმამაცის, შემართებისა და ერთიანობის. ყველაზე მტრულად განწყობილი ოპოზიციური ლიდერებიც კი მხარში უდგანან ზელენსკის და მართლა ყველა ერთად იბრძვის. ხალხი შიშველი ხელებით აჩერებს ტანკებს, ამზადებენ მოლოტოვის კოქტეილებს, ეწერებიან მოხალისეებად. უამრავი დეტალის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც ამ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.