ქვიარი ამბობს

ცხოვრება რაჭაში, აქტივიზმი და ბრძოლა უკეთესობისთვის — ეთო არსანიძის ისტორია

მე ვარ ეთო არსანიძე, 34 წლის, სამოქალაქო აქტივისტი და რაჭის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელი. ვცხოვრობ რაჭაში, სოფელ კრიხში. მიმაჩნია, რომ ვარ ადამიანი, ვისი იმედიც ამ რეგიონში შეიძლება ჰქონდეთ, განსაკუთრებით, ბავშვებს, ახალგაზრდებსა და ქალებს.

ემზო კვარაცხელია – დარწმუნებული ვარ უკრაინის გამარჯვებაში

დღეს, ისე როგორც არასდროს, მთელი ცივილიზებული სამყარო არის ერთიანი. ამის ნათელი მაგალითია აქციებიც, სადაც ათასობით ადამიანი გამოდის უკრაინის მხარდასაჭერად. პირადად ჩემთვის, ერთგვარი თერაპიაა და აქციებზე ყოფნით უფრო ახლოს ვარ უკრაინელ ხალხთან.

გიორგი ჟღენტი — ბისექსუალი ვარ და ჩემს იდენტობას სიამაყით ვიღებ

მე ვარ გიორგი, 20 წლის, ქალაქ ბათუმიდან. გავიზარდე ბათუმის ყველაზე კოლორიტულ ნაწილში, ძველ ბათუმში, ე.წ. იტალიურ ეზოში. ზოგადად, ბათუმი გამორჩეულია ქალაქია თავისი კოლორიტულობით და

არც ერთ მომენტში არ მიგრძნია, რომ დედას აღარ ვუყვარვარ — მარიამ გაგოშაშვილი

მე ვარ მარიამ გაგოშაშვილი, 38 წლის, ქართველი ქვიარ ფემინისტი აქტივისტი და ემიგრანტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბავშვობა — პლეხანოვი, “გარაჟებზე” ხტომა და ხეებზე ცოცვა გავიზარდე

რაბინის რელიგიური ოჯახიდან ბათუმში ქვიარ ბარის გახსნამდე — შლომოს ამბავი

მე შლომო მქვია. 35 წლის ვარ და ამჟამად ბათუმში ვცხოვრობ. თავს იმ ადამიანად ვხედავ, რომელმაც ბევრი გამოიარა ცხოვრებაში; რომელმაც თავი შეისწავლა და შეიყვარა ისეთად, როგორიც არის; რომელიც მიზნებს ისახავს და ნელ-ნელა ახერხებს, რომ ამ მიზნებს მიაღწიოს; რომელიც იბრძვის, რომ იცხოვროს ისე, როგორც უნდა. 

მომთმენი, გამცემი, სხვების მოყვარული ადამიანი ვარ. პერფექციონისტიც — სურვილი მაქვს, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. მართალია, ხანდახან ჩემი თვისებები მევე მაზიანებენ, მაგრამ წლების გასვლასთან ერთად, ვსწავლობ საკუთარი თავი მივიღო ისეთად, როგორიც ვარ. 

ბავშვობა და თვითგამორკვევა

ისრაელში, ქალაქ კირიათ-მალახიში, რელიგიურ ოჯახში გავიზარდე. მამაჩემი მთავარი რაბინია და რელიგიური სკოლა აქვს. 7 წლის რომ ვიყავი, ჩემი მშობლები დაშორდნენ და მე დედასთან დავრჩი. არ აღვზრდილვარ სახლში, რომელშიც ფული და ფუფუნება იყო. დედაჩემს 5-6 სამსახურში უნდა ემუშავა, სახლში ფული რომ შემოეტანა. დედაჩემი, ჩემი და და მე ვცხოვრობდით ერთად და დედამ მარტო აღგვზარდა. ლომივით იყო, რომელიც ჩვენთვის იბრძოდა, რათა ყველაფერი გვქონოდა. ქალაქში, რომელშიც გავიზარდე, ხალხის უმრავლესობა რელიგიურია და შესაბამისად, გარემოც ძალიან ჰომოფობიურია.

ბავშვობის ბევრი მოგონება მაქვს. ზოგი კარგი, ზოგიც — არც ისე კარგი. ისრაელში, ათასობით ადამიანის წინაშე სცენაზე გამოსვლა და სიმღერა საუკეთესო მოგონებაა იმ ბავშვის გამო, რომელსაც სიმღერა ძალიან უყვარს. ისრაელში ყოველ ზამთარს დიდი შოუ გვაქვს, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოჩენილი მომღერლები მღერიან. შემარჩიეს, რომ მათთან ერთად მემღერა. ეს მოგონება ღრმად მაქვს ჩაბეჭდილი გონებაში და დღემდე თან დამყვება.

რა თქმა უნდა, ცუდი მოგონებებიც მაქვს. მაგალითად, ბავშვებზე ძალადობა სახლში. ასევე, ხშირად მავიწროებდნენ იმის გამო, რომ განსხვავებული ვიყავი. ყველაზე ნათლად ის მოგონება მახსოვს, როცა სკოლაში ჩემი კლასისკენ კიბეებზე ავდიოდი და ერთ-ერთმა ბავშვმა ჩანთა გამომგლიჯა და კიბეებზე დამაგორა. ამან სერიოზული დაზიანება გამოიწვია.

გეი რომ ვიყავი, ამის გააზრება 11 წლის ასაკში დავიწყე. ეს ის ასაკია, როცა ბიჭები გოგოების ყურებას იწყებენ და მე შევნიშნე, რომ ბიჭებით ვიყავი დაინტერესებული. არ ვიცოდი, რა მჭირდა. თავიდან მძულდა საკუთარი თავი ამის გამო. სარკეში ვერ ვუყურებდი საკუთარ თავს. არ მინდოდა განსხვავებულობა, მინდოდა, ყველასნაირი ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, ვიცოდი, ჩემი ოჯახი და მეგობრები შეიტყობდნენ თუ არა, რომ გეი ვიყავი, აღარ მიმიღებდნენ და ჩემთან ურთიერთობა აღარ ენდომებოდათ. ამიტომ ვებრძოდი საკუთარ თავს, რომ განსხვავებული არ ვყოფილიყავი.

ბევრი წლის განმავლობაში ტყუილში ვიცხოვრე და ვცადე, რომ ქალებთან ვყოფილიყავი. დანიშნულიც კი ვიყავი ქალზე. ისრაელში, როცა 18 წელს მიაღწევ, ჯარში მიდიხარ. იქაც ყველას ვაფიქრებინებდი, რომ “სთრეითი” ვიყავი, თუმცა შინაგანად ვყვიროდი და ვტიროდი, მინდოდა, ყველასთვის მეთქვა, რომ გეი ვიყავი!

 

ბევრი მეგობარი მყავდა, რომლებმაც აირჩიეს, რომ ჩემთან კავშირი გაეწყვიტათ, იმიტომ, რომ გეი ვიყავი. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჩამეხუტნენ და მითხრეს, რომ მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვისთან მეძინა.

პირველი პროცესი, რომელიც ჩემში დაიწყო, რელიგიურობიდან სეკულარულობამდე მისვლა იყო. ღმერთის ისევ მწამს, მაგრამ ჩაცმულობის მხრივ, რელიგიურ ადამიანს არ ვგავარ. ამ ნაბიჯმა მამაჩემის ოჯახის მხარეს დიდი ხმაური გამოიწვია. მათ არ მიიღეს ის, რომ რელიგიური აღარ ვიყავი.

21 წლის ასაკში, როცა სამხედრო სამსახური დავასრულე, თელ-ავივში გადავედი საცხოვრებლად და შევხვდი ბიჭს, რომელიც ჩემი პირველი შეყვარებული იყო.

 

შემთხვევითი ქამინგაუთი და ცხოვრება ქუჩაში

იმ ეტაპზე ჩემმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ გეი ვიყავი. ურთიერთობაში შევედი ბიჭთან და საცხოვრებლად ერთად გადავედით. ჩემმა შეყვარებულმა იცოდა, რომ ოჯახმა და მეგობრებმა ჩემი ორიენტაციის შესახებ არ იცოდნენ და დამპირდა, რომ ამას საიდუმლოდ შეინახავდა, სანამ თავად არ გადავწყვეტდი, რომ მათთვის სიმართლე მეთქვა. 

ერთ დღესაც, სამსახურში, როცა საქმე დავასრულე, ტელეფონი ავიღე ხელში ეკრანზე გამოტოვებული ზარების საოცარი რაოდენობა დამხვდა! არასდროს დამავიწყდება ეს რიცხვი — 72 გამოტოვებული ზარი და ყველა დედაჩემისგან. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბებიაჩემს დაემართა რაღაც. მაშინვე დავურეკე დედას და როცა მიპასუხა, ყვირილი, ნივთების მსხვრევა და ჩემი დის ტირილი გავიგონე. ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა. დედაჩემს ვკითხე, რა მოხდა-მეთქი და მან კითხვითვე მიპასუხა: შენ მითხარი, ვინ არის ის ბიჭი, რომელსაც facebook-ზე კოცნიო.

შოკში ვიყავი. დარწმუნებული ვიყავი, რომ დედაჩემს სხვაში შევეშალე, იმიტომ, რომ ჩემმა შეყვარებულმა იცოდა, რომ “კარადაში” ვიყავი [ტერმინი “კარადაში ყოფნა” აღწერს სიტუაციას, როცა ადამიანი საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას არავის ან ადამიანთა მცირე ჯგუფს უზიარებს] და წარმოუდგენელი იყო, facebook-ზე ჩვენი ფოტო დაეპოსტა. სასწრაფოდ შევედი მენეჯერთან და ვთხოვე, facebook-ზე შესულიყო. გვერდის გახსნისას მაშინვე დავინახე ფოტო, რომელზეც მე და ჩემი შეყვარებული ერთმანეთს ვკოცნით. მისი მეგობრების კომენტარებიც იქვეა: “რა ლამაზი წყვილი ხართ,” “წარმატებები” და ა.შ. იმ მომენტში ვიგრძენი, რომ ჩემი სამყარო განადგურდა. ალბათ, საჭირო არაა ვთქვა, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. მას ვეღარ ვენდობოდი. სახლიდან წამოვედი.

მე, დედაჩემს და ჩემს და ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირი გვქონდა და ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა დედაჩემს აღარ ველაპარაკებოდი. ეს ძალიან მწვავედ განვიცადე. წონაშიც კი დავიკელი და 45 კილოგრამზე ჩამოვედი. სამსახურს თავი დავანებე და ამის გამო ვალებში ჩავვარდი. ქირის გადახდა აღარ შემეძლო და აღმოჩნდა, რომ 23 წლის ასაკში თელ-ავივის ქუჩებში მეძინა, ვალებითა და გაუარესებული ჯანმრთელობით.

იყო მომენტები, როცა ვფიქრობდი, უკეთესი იქნებოდა, მოვმკვდარიყავი — აღარაფერი მქონდა დასაკარგი. მარტო ვიყავი, არავინ მელაპარაკებოდა და ყველამ თავიდან მომიშორა.

გარკვეული დროის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ დეიდისთვის დამერეკა, რომელიც თელ-ავივთან ახლოს ცხოვრობდა. როცა ტელეფონს უპასუხა, ტირილი დავიწყე და ვუთხარი, რომ ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. თავისთან მიმიპატიჟა და მეც წავედი. როცა მნახა, ტირილი დაიწყო, რადგან მან ჩემი სახით დაინახა კაცი, რომელსაც სიცოცხლის სურვილი არ ჰქონდა და რომელიც 45 კილოგრამს იწონიდა. დეიდაჩემმა გადაწყვიტა, რომ მასთან შევეფარებინე და დამხმარებოდა გამოკეთებაში. ასეც მოხდა.

საქართველო კარგავს სიძულვილის გარეშე, გვერდიგვერდ ცხოვრების წლებს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ერთს თუ ცისფერი თვალები აქვს, მეორეს — ყავისფერი, ერთი თუ მაღალია, მეორე დაბალია, ერთს თუ გოგოები მოსწონს, მეორეს — ბიჭები. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ, როგორც ყველამ. 

რამდენიმე თვის შემდეგ, დეიდაჩემის კარზე კაკუნის ხმა გავიგონე. კარი გავაღე და დედაჩემი დავინახე. შოკი მქონდა, იმიტომ, რომ დიდი დრო იყო გასული მას შემდეგ, რაც ბოლოს ველაპარაკე. სახლში შემოვიდა და ჩამოჯდა. ორივენი სრულიად ჩუმად ვისხედით. სხვა დღესაც მოვიდა, მერე კიდევ, შემდეგ კი დამირეკა და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობდა, დამახლოებოდა. ნელ-ნელა მე და დედაჩემმა ურთიერთობა აღვადგინეთ, თუმცა მამაჩემი დღემდე არ იღებს იმ ფაქტს, რომ გეი ვარ.

ჩემთვის რაც მნიშვნელოვანია, ეს დედაჩემია. დედაჩემმა გრძელი გზა გამოიარა, რომ მიეღო, გეი ვარ. ყველასთან ვიბრძოდი, რათა დამემტკიცებინა, რომ ისევ იგივე სოლომონი, (სოლომონ ბრძენი — ძვ. ებრ. שְׁלֹמֹה‎, შოლომო), იგივე ადამიანი ვარ და ფაქტი, რომ კაცები მომწონს, სხვა ადამიანად არ მაქცევს.

თავიდან თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, ჩემი ოჯახი რომ მზღუდავდა იმის გამო, რომ გეი ვიყავი. წლების გასვლასთან ერთად გავაანალიზე, რომ მე არაფერი დამიშავებია, უბრალოდ, ვცხოვრობდი ისე, როგორც მინდოდა. ბევრი მეგობარი მყავდა, რომლებმაც აირჩიეს, რომ ჩემთან კავშირი გაეწყვიტათ, იმიტომ, რომ გეი ვიყავი. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჩამეხუტნენ და მითხრეს, რომ მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვისთან მეძინა.

ცხადია, ფსიქოლოგიური ზიანი მომადგა ბავშვობაში “კარადაში ყოფნისას” და მას შემდეგაც, რაც დავქამინგაუთდი. ბევრი ვისაუბრე ფსიქოლოგებთან, რომლებიც დამეხმარნენ, რომ რთული პერიოდები გადამელახა.

საკუთარი თავის მიღება და 10 წელი კაცთან ქორწინებაში

დღეს, ბევრი წლის შემდეგ, გრძელვადიან ურთიერთობაში ვარ. უკვე 10 წელია დაქორწინებული ვარ ჩემი ცხოვრების კაცზე. დედაჩემიც ისეთს მიღებს, როგორიც ვარ და ჩემი ქმარი და ჩემი ცხოვრებაც უყვარს. არ ვარ ვამბობ, რომ ეს მარტივი იყო. ძალიან გრძელი პროცესი გავიარეთ, მაგრამ გზის ბოლოს მივხვდი, რომ ეს ამად ღირდა.

საქართველო კარგავს იმას, რაც ქვიარ თემს შეუძლია, რომ ქვეყანას მისცეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვიარ ადამიანები ძალიან კრეატიულები არიან, ეს ადამიანები წარმატებისკენ მიილტვიან და საქართველო ჰარმონიას კარგავს თავის მოქალაქეებს შორის.

საქართველო კარგავს სიძულვილის გარეშე, გვერდიგვერდ ცხოვრების წლებს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ერთს თუ ცისფერი თვალები აქვს, მეორეს — ყავისფერი, ერთი თუ მაღალია, მეორე დაბალია, ერთს თუ გოგოები მოსწონს, მეორეს — ბიჭები. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ, როგორც ყველამ.

პირველად ბათუმში 2018 წელს ჩამოვედი და ეს ქალაქი შემიყვარდა. ქვეყანაც შემიყვარდა. ჩამოსვლისთანავე ვიცოდი, რომ აქ ვიცხოვრებდი, აქ ვიმუშავებდი და ამ ქალაქისა და ქვეყნისთვის კარგ საქმეებს გავაკეთებდი. ასეც მოხდა  2019 წელს ბათუმში ქმართან ერთად გადმოვედი. აქ რამდენიმე ბიზნესი გვაქვს და ყველგან ქართველები გვყავს დასაქმებული. არ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ქალაქს დავტოვებ — მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში მომღერალი ვარ, რომელსაც საკუთარი აუდიტორია ჰყავს, მაინც ვირჩევ, რომ ბათუმში ვიყო და ქალაქისთვის კარგი საქმე ვაკეთო.

მათ, ვინც თვითგამორკვევის გზას ადგას, პირველ რიგში ვეტყოდი, რომ შეჩერდნენ და ღრმად ჩაისუნთქონ. შეხედეთ საკუთარ თავებს სარკეში და უთხარით, რომ მიუხედავად იმისა, ახლა რას გრძნობთ, ყველაფერი კარგად იქნება. უნდა გაიგოთ, რომ ჩვენ არ აგვირჩევია, როგორ მოვსულიყავით ამ სამყაროში — ჩვენ ვართ ისინი, ვინც ვართ, იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, ვიღაცამ მაღლა ასე გადაწყვიტა. ლამაზი ხარ ისეთი, როგორიც ხარ! შეიყვარეთ საკუთარი თავი და სხვებსაც ეყვარებით. არ ვამბობ, რომ ეს ადვილია და არ ვამბობ, რომ ეს გრძელი პროცესი არ არის, მაგრამ გზის ბოლოს უდიდესი ბედნიერებაა. შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ იმან, რომ გეი ვარ, მომიყვანა იქ, სადაც დღეს ვარ. დღეს კი, თუ ერთი რამ არსებობს, რის გამოც ბედნიერი ვარ, ეს სწორედ ისაა, რომ გეი ვარ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ასეთებად დაიბადეთ! იმედი მაქვს, ჩემი ამბავი ძალასა და შთაგონებას მოგცემთ.

ვფიქრობ, საქართველოში ქვიარ თემთან მიმართებით სწორი ინფორმაცია არ არსებობს. როცა სიტყვა გეის გაიგონებენ, ჰომოფობები მაშინვე სექსუალურ აქტზე ფიქრობენ. ამიტომაცაა ჰომოფობია. ვფიქრობ, საჭიროა, ქვიარ თემთან დაკავშირებით სწორი კომუნიკაცია. საჭიროა, შევქმნათ ადგილები, სადაც ჰეტეროსექსუალი ადამიანები დაინახავენ ქვიარებს, როგორც ადამიანებს და არა, როგორც აუცილებლად სექსუალურ აქტთან კავშირში მყოფებს. ეს გრძელი პროცესია, მაგრამ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ. სწორედ ამ მიზნით შევქმენით ფრიდა ბარი, სადაც შეხვდებით გეი წყვილს, ლესბოსელ წყვილს სთრეითი წყვილის გვერდით. ყველა ერთმანეთის გვერდით ზის და სწავლობს განსხვავებების მიღებას. ეს არის სწორი გზა, სასწაულია. აქ ბევრი მუშაობაა ჩადებული და ეს პროცესი უნდა დაიწყოს!

ცვლილებები სწორი ინფორმაციის უზრუნველყოფით უნდა დაიწყოს. ქვიარ და ჰეტერო ადამიანებს შორის კავშირები უნდა შეიქმნას და ერთმანეთი კარგად გაიცნონ. საერთო სივრცეები უნდა შეიქმნას, სადაც ყველა ერთად გაატარებს დროს, როგორც ფრიდა ბარში. შემიძლია, ვთქვა, რომ საკმაოდ ბევრი სთრეითი ადამიანი მოვიდა ჩემთან ბარში და მითხრა, რომ ფრიდას წყალობით მათ ისწავლეს გეების მიღება და მათთან მეგობრობებიც კი ჩამოაყალიბეს.

ის, რაც წინსვლის ძალას მაძლევს, ჩემი ოჯახია, ჩემი ქმარი და შინაური ცხოველები. მომდევნო ზამთარში სუროგაციის პროცესის დაწყებაზეც ვფიქრობთ, რათა მშობლები გავხდეთ. გარდა ამისა, ბარს, რომელიც ბათუმში გავხსენი, ქალაქში ცვლილებები შემოაქვს და მაძლიერებს. დედაჩემთან, ჩემს დასთან, ბებიასთან და დისშვილებთან რომ არ შემიძლია ყოფნა, ეს მასუსტებს, თუმცა, აქედანაც ვცდილობ, გავაგრძელო განვითარება.

ვიმედოვნებ, რომ 10 წელში 3 საყვარელი ბავშვის მამა ვიქნები. დაე, მომეტანოს საქართველოსთვის ცვლილებები. და, რასაკვირველია, იმედია, სიმღერებსაც ჩავწერ.

ვცდილობ, ოცნების ნაცვლად, მეტი საქმე ვაკეთო. ოცნებები იმისთვის არსებობს, რომ ჩვენ თავად ავისრულოთ. მადლობა ღმერთს, ყველა ოცნება, რომელიც მქონია, ამისრულდა. ორი მაქვს დარჩენილი — მინდა, რომ მამა ვიყო და სიმღერები ჩავწერო. რა თქმა უნდა, იმაზე ვოცნებობ, რომ მსოფლიო ისწავლის განსხვავებულის მიღებას და ბოლოს ყველა ჰარმონიაში იცხოვრებს.

ქართული ქვიარ აქტივიზმი გეი თემთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას გვაწვდის. პატივისცემისა და მოთმინების შენარჩუნებით, იყავით ყოველთვის ამაყები იმით, ვინც ხართ და რაც ხართ!

“სადაც არ უნდა მეცხოვრა, ასეთ საინტერესო გამოცდილებას ვერ მივიღებდი” — გიორგი თაბაგარი

“დავიბადე ჭიათურაში, 1985 წელს, სანამ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. როცა უკვე აზროვნება დავიწყე და ჩემი ცხოვრება მახსოვს, ეკონომიკური კრიზისი იყო და თუ სადმე იგრძნობოდა სიდუხჭირე საქართველოში, ალბათ ერთ-ერთ ასეთი ქალაქი ჭიათურა იყო. პრაქტიკულად მთელი ინდუსტრია ჩამოიშალა და ისევე როგორც ყველას, ჩემს ოჯახსაც ძალიან გაუჭირდა. შედეგად, ჩვენც შიდა მიგრაციის ტალღაში მოვყევით და 90-იანების მიწურულს თბილისში გადავედით საცხოვრებლად”, — გვიყვება გიორგი თაბაგარი, Tbilisi Pride-ის დამფუძნებელი და სამოქალაქო აქტივისტი.

ბავშვობა და ქამინგაუთი

“ბავშვობას დიდად არ ვუბრუნდები ხოლმე. კარგი რაც მახსენდება, არის ის, რომ ფეხბურთი მიყვარდა ძალიან და მინდოდა პროფესიონალი ფეხბურთელი ვყოფილიყავი. ეს ეტაპი ბავშვობასთან ერთად დასრულდა — მშობლებმა გამომიყვანეს, სწავლასა და ფეხბურთს შორის სწავლაზე გააკეთეს არჩევანი. ძალიან რთული იყო. უარყოფითად მახსენდება ის კრიზისი და გაჭირვება, რომელიც ჩემმა ოჯახმა გამოიარა. იყო პერიოდი, როცა საჭმელიც არ გვქონდა”, — ამბობს გიორგი და აღნიშნავს, რომ ალბათ კარგი იქნებოდა, ფეხბურთელის კარიერა გაეგრძელებინა.

“რაღაცები ალბათ ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული, მაგალითად, როგორ ვიგრძნობდი თავს ქალაქში, სადაც ძალიან მიყვარს ცხოვრება”

დაახლოებით 10 წლის იყო, როცა ტელევიზიით ნახა სერიალი დინასტია, სადაც ერთ-ერთმა პერსონაჟმა ქამინგაუთი გააკეთა.

“ქართულ ტელევიზიებში მისი სიტყვები ასე თარგმნეს: “მე ვარ ცისფერი”. ვიკითხე, რას ნიშნავს-მეთქი და პასუხი ვერავინ გამცა. არ არსებობდა არანაირი ინფორმაცია, მათ შორის უფროს თაობებშიც. რა თქმა უნდა, თვითგამორკვევის პროცესში ინფორმაცია არ მქონდა, ჩვენი თაობის ადამიანები მაგ კუთხით ცოტა დავიჩაგრეთ, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც არანაირი ცოდნა და არ არსებობდა არცერთ თემაზე, რომელიც სექსუალურ განათლებასთან იქნებოდა ბმაში”.

ინტერნეტის ხელმისაწვდომობასთან ერთად, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო. გაუმართლა და მეგობრები შეხვდა ისეთი, ვისთანაც ამ თემებზე საუბარი შეეძლო.

“სამმა მეგობარმა ერთად გავაკეთეთ ქამინგაუთი, პირველად სწორედ მათ ვუთხარი. ამ საუბრებში, განხილვებში იდენტობაც უფრო მკვეთრად ფორმირდა, ვიდრე მანამდე”.

საკმაოდ გვიან, 2018 წელს იყო ქამინგაუთი მშობლებთან. იმ დროს ხშირად უწევდა საზღვარგარეთ წასვლა და იქ ცხოვრება, ამიტომ მანამდე არ ჩათვალა საჭიროდ, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან აქტივიზმში იყო ჩართული. 

“დედაჩემი კოვიდით გარდაიცვალა და გარდაცვალებამდე ვერ გადახარშა ეს ინფორმაცია, საკმაოდ მძიმე იყო მისთვის. და კარგად არ მახსენდება ეს ამბავი… ორი და მყავს და მამა, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან. დედასთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა ურთიერთობები ხომ შრეობრივია, არის რაღაც საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით, რაც მოგვწონს ან არ მოგვწონს და ამის მიუხედავად გვიყვარს ადამიანები. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩემთვის და მე მგონი მათთვისაც, ალბათ”.

გიორგი თაბაგარი
ფოტო: ვახო ქარელი

ამბობს, რომ ძალიან ბევრი შეუძლია ისაუბროს ქამინგაუთის მნიშვნელობაზე და ამას თავისუფლების მოპოვებას უწოდებს — როცა შეგიძლია ყველაზე ახლობელ ადამიანებთან იყო ის, ვინც ხარ. თუმცა ხაზს უსვამს იმასაც, რომ ეს რთული პროცესია და მზაობა სჭირდება, მათ შორის, ემოციური.

“ეს არ არის მხოლოდ ის, ვინ მოგწონს. რეალურად, გიწევს ტყუილში ცხოვრება და ეს ტყუილი იმდენად შემაწუხებელია, რომ რაღაც ეტაპზე მიდიხარ იმ მომენტამდე, როცა მეტი უბრალოდ აღარ შეგიძლია”.

აქტივიზმი

“ყველგან, სადაც მივედი, მივედი მოხალისედ. ინკლუზივში იმისთვის მივედი, რომ მაშინ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ვიყავი და მინდოდა, გვეთანამშრომლა. პირველი ადამიანი, ვისაც შევხვდი, თუ სწორად მახსოვს, ეკა აღდგომელაშვილი იყო, იმ სივრცეში, სადაც ახლა თბილისი პრაიდის ოფისია. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვიხსენებ ხოლმე, თითქოს მაშინვე მინდოდა ჩართვა, მაგრამ ვერ დავინახე სად და რა ფორმით შეიძლებოდა”, — გვიყვება გიორგი და ამატებს, რომ ამის გამო დაახლოებით 2 წელი გამოტოვა. შემდეგ იდენტობაში მივიდა, სადაც ტარდებოდა შეხვედრები, ფილმების ჩვენებები. ამბობს, რომ ამ შეხვედრების, დისკუსიების შედეგად ძალიან გაიზარდა, გარდა ამისა, გაიცნო ახალი ადამიანები, მისი თაობის აქტივისტები, რომლებთან ერთად მოგვიანებით ჩართული იყო ორგანიზაცია ლგბტ საქართველოს შექმნაში.

“მალე გავარღვევთ ამ ზღვარს და ბევრად მეტი ადამიანი იფიქრებს იმაზე, რომ It’s okay to be gay”

აქტივიზმის პარალელურად, სწავლას აგრძელებდა უცხოეთში. პირველად 2007 წელს წავიდა, ორი წლით. თუმცა აღნიშნავს, რომ მაშინ ისეთი პერიოდი იყო, ხალხი ქვეყნიდან გაქცევაზე არ ფიქრობდა და უფრო პირიქით — ბრუნდებოდნენ საქართველოში. ვერ წარმოედგინა, რომ სადღაც წავიდოდა და დარჩებოდა, ამიტომ 2 წლის შემდეგ დაბრუნდა. მაგრამ სწავლისა თუ სამსახურის გამო წასვლა ხშირად უწევდა და ამბობს, რომ 2018 წლამდე, რეალურად, ემიგრაციაში იყო. 

“იცვლებოდა ხოლმე ჩემი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ — იყო პერიოდი, როცა ერთი სული მქონდა, როდის გავა*ვამდი საქართველოდან და პირიქით, როცა ერთი სული მქონდა, როდის დაბრუნდებოდი. ამ დროის განმავლობაში 7 ქვეყანაში ვიცხოვრე და საბოლოოდ მომწიფდა ის, რომ მინდოდა საქართველოში ხანგრძლივად დაბრუნება”. 

იხსენებს, რომ 2018 წელს საქართველოში აქტიური სოციალური მოძრაობების პერიოდი იყო: თეთრი ხმაურის მოძრაობა, ანდერგრაუნდ სივრცეები, ბასიანი, ხიდი, ჰორუმ ნაითსი. ამბობს, ყოველ ჩამოსვლაზე ფეხი უკან მრჩებოდა და წასვლა აღარ მინდოდაო, მით უმეტეს ვარშავაში, სადაც მაშინ ცხოვრობდა და იქაური ზამთრების გაძლება ძალიან უჭირდა. დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზად აქტივიზმსაც ასახელებს — “ლევან ბერიანიძე იწყებდა მაშინ თანასწორობის მოძრაობის შენებას და მახსოვს, ღამე ბასიანზე გამომიჭირა და ძალიან ბევრი მელაპარაკა ამ თემაზე”. 

იმ პერიოდში ბრიუსელში აპირებდა გადასვლას, ევროკომისიაში ჰქონდა სტაჟირების შეთავაზება და ძალიან უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ საბოლოოდ საქართველოში დაბრუნება და თანასწორობის მოძრაობაში მუშაობა გადაწყვიტა. 

“მქონია პერიოდი, როცა მინანია. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, სად მოეთრეოდი-მეთქი, თან მალევე აირია სიტუაცია, ბასიანის დარბევა და ა.შ., როცა ერთმანეთის მიყოლებით ცუდი რაღაცები მოხდა”, — ამბობს გიორგი, თუმცა ამატებს, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ჩამოსვლას არ ნანობს. 

ყველამ ვიცით, რომ აქტივიზმი არ არის მარტივი, მით უფრო, ლგბტქი აქტივიზმი ქვეყანაში, სადაც ჰომოფობია ჯერ კიდევ მძლავრადაა. გიორგი ამბობს, რომ ამ პროცესში ბევრი კონკრეტული ზიანი მიადგა, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, საჯარო სივრცეში უსაფრთხოდ არსებობის კუთხით.

გიორგი თაბაგარი
ფოტო: ვახო ქარელი

“რაღაცები ალბათ ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული, მაგალითად, როგორ ვიგრძნობდი თავს ქალაქში, სადაც ძალიან მიყვარს ცხოვრება. რაღაც ეტაპზე ფეხით სიარულის დისკომფორტი შემექმნა, მუდმივად იყო საფრთხის შეგრძნება, მუდმივად უნდა უყურო აქეთ-იქეთ, იფიქრო იმაზე, რატომ გიყურებს სხვა და ა.შ.”

“თუ საკანონმდებლო ცვლილებები ან რაიმე თემაზე ადვოკატირება გვჭირდება, ეს ხდება პოლიტიკის გავლით. ვინც სხვანაირად ფიქრობს, ან თავს იტყუებს, ან არაეფექტური მეთოდები აქვს პოლიტიკის განსახორციელებლად”

მიუხედავად ბევრი სირთულისა, გიორგი ფიქრობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვიარ უფლებების კუთხით ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს, როგორც კანონმდებლობის, ისე სოციალური თვალსაზრისით — “დღეს თითქმის არ არსებობს მნიშვნელოვანი კლუბი საქართველოში, რომელიც ქვიარ ფართის არ აორგანიზებს. ეს შეიძლება მხოლოდ გასართობ მოვლენად წარმოედგინოს ვინმეს, მაგრამ რეალურად, უდიდესი სოციალური დატვირთვა აქვს”.

გარდა ამისა, გიორგი საუბრობს თაობის ცვლილებაზე, ასევე, გამოკითხვებზე, რომლის მიხედვით, უფრო მეტ ადამიანს მიაჩნია, რომ ლგბტ უფლებები მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კანონმდებლობას, ის ფიქრობს, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომლის მიხედვით ოჯახი ქალისა და კაცის ერთობად განისაზღვრა, მთლიანობაში უკეთესი კანონმდებლობა გვაქვს, ვიდრე იყო და ამას განაპირობებს ანტიდისკრიმინაციული კანონიც.

“ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ უკეთეს გარემოში იმ პერიოდთან შედარებით, როცა მე ვიწყებდი. წარმოუდგენელი სხვაობაა. თუმცა ახლა მიგრაცია გვაქვს ქვიარ თემში და ეს დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ალბათ. ამის მიუხედავად, მგონია, რომ პროგრესი არის შეუქცევადი და ვერაფერი შეაჩერებს — გაიზარდა განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ახალი თაობა, ასევე, 50 წლამდე ადამიანები ბევრად გახსნილები არიან რიგი საკითხების მიმართ, ვიდრე წინა თაობა. ეს ყველაფერი მოქმედებს იმაზე, რომ მალე გავარღვევთ ამ ზღვარს და ბევრად მეტი ადამიანი იფიქრებს იმაზე, რომ It’s okay to be gay”.

დაყოფა და ერთობა

აქტივიზმის პერიოდში ყველაზე რთულად 2018 წლის 17 მაისის და 2021 წლის 5 ივლისის პერიოდები ახსენდება — ამბობს, რომ 2018 წელი იყო წყალგამყოფი, როცა ძალიან დიდი გაყოფა მოხდა ქვიარ მოძრაობაში, ხოლო 5 ივლისის პერიოდი ემოციურად ძალიან მძიმე იყო და დღემდე რთულად ახსენდება.

“თვითმიზანი სადღაც ჩავლა არასდროს ყოფილა. ჩვენი მიზანი ყოველთვის უსაფრთხო და თანასწორ გარემოში ცხოვრება იყო, სადაც ადამიანები თავს დაცულად გრძნობენ”

“2018 წელს, როცა 17 მაისს ვაორგანიზებდით, ბევრი ადამიანი იყო ჩართული და რამდენიმე დღით ადრე მივიღეთ ინფორმაცია, რომ თუ გარეთ გავიდოდით, ამას შესაძლოა მოჰყოლოდა დაპირისპირება, დაიღვრებოდა სისხლი და ა.შ. ამ ინფორმაციისთვის მზად არ აღმოვჩნდით. საერთო გადაწყვეტილება იყო, რომ არ გავდიოდით გარეთ და ვაუქმებდით ღონისძიებას. მე, ნინო ბოლქვაძე და ანა სუბელიანი ამას არ ვეთანხმებოდით. იმის მიუხედავად, რომ სრულ უმცირესობაში ვიყავით და ვმუშაობდი თანასწორობის მოძრაობაში, მართალია, ორგანიზებაში არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ გავედი აქციაზე. ძალიან რთული პერიოდი იყო, ალბათ ყველაზე დრამატული, რაც მახსენდება ქვიარ მოძრაობაში, როცა მთელმა ქვიარ კომუნამ გაგვრიყა ეს სამი ადამიანი. რთული იყო ამ პროცესის გავლა. მერე მეტ-ნაკლებად აღვადგინეთ ურთიერთობები, მაგრამ თანასწორობის მოძრაობის განვითარების პროცესში საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციის ადვოკატირების ნაწილი პრიორიტეტად ვეღარ დავინახე. ჩავთვალე, რომ იყო დრო, რაღაც ახალი გამეკეთებინა”.

როგორც ამბობს, 17 მაისის გამოცდილება იყო ის, რამაც დაარწმუნა, რომ ნაბიჯი უნდა გადაედგათ და საჯარო შეკრებისთვის ბრძოლა უფრო მეტი ხილვადობით გაეგრძელებინათ — “ამას ემატებოდა ისიც, რომ თითქოს 17 მაისმა თავი ამოწურა, ძალიან საკრალური თარიღი გახდა საპატრიარქოს გამო”.

“მე არ მაქვს ბევრი დრო, რომ 20-წლიან პერსპექტივაზე მქონდეს წარმოდგენილი, როგორ შეიცვლება ადრე თუ გვიან სიტუაცია თავისით, პატარ-პატარა აქტივობებით. ეს არ მაკმაყოფილებდა არასდროს, მინდოდა, ცოტა დამეჩქარებინა ის პროცესი, რომელიც ამ მიმღებლობას გაზრდიდა”

გადაწყვიტეს, გაეკეთებინათ ღონისძიება სრულიად ახალ მოცემულობაში, რომელიც შეიცავდა პრაიდის ელემენტებს და მათი ნიშა იქნებოდა ხილვადობისა და ადვოკატირების ნაწილი. მზადების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, უნდა ეზრუნათ სტრატეგიაზე და სხვა დოკუმენტებზე, გუნდზე.

“პრაქტიკულად ყოველ დღე მივდიოდით სოციალურ სივრცეებში, საქსეს ბარში, ჰორუმზე და ა.შ. და ვლაპარაკობდი პრაიდის იდეაზე, ძალიან მოტივირებული ვიყავი. იმ გადმოსახედიდან ორ რაღაცას ვანიჭებდი მნიშვნელობას: ისეთი აქტივისტები უნდა მომეძებნა, ვინც უკან არ დაიხევდა ხილვადობის საკითხში. რეალურად, როცა ამ საქმეს აკეთებ, გჭირდება, იყო ხილვადი, სხვანაირად პრაიდს ვერ გააკეთებ. აქტივისტების შერჩევისას, მეორე საკითხი იყო, რამდენად შეიძლებოდა დავყრდნობოდით ისეთი რთული გამოწვევების დროს, რომელიც აუცილებლად დაგიდგება და ამას სჭირდება ემოციური მზაობა და სიმამაცე, რადგან ძალიან დიდი წნეხია. ასე შევიკარით 7 ადამიანი, რომლებმაც დავაფუძნეთ თბილისი პრაიდი”.

ამბობს, რომ ორგანიზაციის კეთება სრულიად ნულიდან, მოხალისეობრივ საწყისებზე დაიწყეს და დღემდე აქვს სიამაყის შეგრძნება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს. მათ შორის, მემორანდუმი პოლიტიკურ პარტიებთან, როცა 15-მა პარტიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვით, პირობას დებდნენ, რომ უზრუნველყოფდნენ თანასწორობას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

“დღევანდელ რეალობაში იშვიათად შეძლებთ გაიხსენოთ ისეთი ფაქტი, როცა 15 პოლიტიკური პარტია რამეზე შეთანხმდა. მე და ანა სუბელიანი ვმუშაობდით ამაზე და როცა ვიწყებდით, არც კი სჯეროდათ, ალბათ 2-3 პარტია მოგიწერთ ხელსო. ჩვენ მართლა შეუძლებელი შევძელით და ისეთმა ადამიანებმაც კი მოგვიწერეს ხელი, რომლებზეც ვერ ვიფიქრებდი, რომ რაიმე ფორმით მოუნდებოდათ აფილირება დოკუმენტთან, სადაც ლგბტქი უფლებები ან ჰომოფობია იქნებოდა ნახსენები. მნიშვნელოვანია, რომ ჰომოფობია, როგორც პრობლემა, იყოს აღიარებული. ცვლილებები უცებ არ ხდება. დაიძრა ყინული, რომ პოლიტიკურ პარტიებთან რაღაც ტიპის თანამშრომლობა გვქონოდა. თუ საკანონმდებლო ცვლილებები ან რაიმე თემაზე ადვოკატირება გვჭირდება, ეს ხდება პოლიტიკის გავლით. ვინც სხვანაირად ფიქრობს, ან თავს იტყუებს, ან არაეფექტური მეთოდები აქვს პოლიტიკის განსახორციელებლად”.

“მნიშვნელოვანია, როდის რას აკეთებ, რამდენად იაზრებ კულტურულ-პოლიტიკურ პროცესს და როცა ამხელა საერთო მტერი გვყავს, ცოტა უფრო მეტი სოლიდარობა, გვერდში დგომა და ნაკლები ფეხის დადებაა საჭირო იმისთვის, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ. რესურსის ნაკლებობას არ განვიცდიდით, მხარდაჭერა გვაკლდა”

გიორგის აზრით, იმაში, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანების დამოკიდებულებები შეიცვალა და უფრო მეტი ფიქრობს, რომ ლგბტქი უფლებები მნიშვნელოვანია, თბილისი პრაიდმა დიდი როლი ითამაშა. მისი თქმით, ორგანიზაციამ ეფექტურად იმუშავა მედიასთანაც და საზოგადოებასთანაც.

“თვითმიზანი სადღაც ჩავლა არასდროს ყოფილა. ჩვენი მიზანი ყოველთვის უსაფრთხო და თანასწორ გარემოში ცხოვრება იყო, სადაც ადამიანები თავს დაცულად გრძნობენ. რიგი საკითხების უფრო გაპოლიტიკურება, პრობლემებზე პირველ პირში საუბარი რეალურად ჩვენ დავიწყეთ აქტიურად და ყველაზე ხილვადი ჯგუფი გავხდით ქვიარ თემში, რაც ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანებს ჰყავდეთ ხილული მაგალითები, ვის რა საკითხი აწუხებს. ხშირად საუბრობენ ხოლმე, რომ ხილვადობის ყველა იმ აქტს, რომელიც თბილისი პრაიდს ჰქონდა, ძირითადად, მარშის ირგვლივ, ახლავს ხოლმე ნეგატიური რეაქცია, რომ უფრო მწვავდება უსაფრთხოების გამოწვევები. მოლოდინიც გვქონდა, რომ ასე იქნებოდა, ცვლილებები მარტივად არ ხდება. ჩემს წარმოდგენაში, მე არ მაქვს ბევრი დრო, რომ 20-წლიან პერსპექტივაზე მქონდეს წარმოდგენილი, როგორ შეიცვლება ადრე თუ გვიან სიტუაცია თავისით, პატარ-პატარა აქტივობებით. ეს არ მაკმაყოფილებდა არასდროს, მინდოდა, ცოტა დამეჩქარებინა ის პროცესი, რომელიც ამ მიმღებლობას გაზრდიდა”.

გიორგი თაბაგარი
ფოტო: ვახო ქარელი

გიორგი თაბაგარს ვკითხე იმის შესახებაც, რას ფიქრობს ქვიარ აქტივისტებს შორის თვალსაჩინო აზრთა სხვადასხვაობის, ხშირად დაპირისპირების შესახებაც. მისი თქმით, არასწორია იმის მოლოდინი, რომ იმხელა ჯგუფში, როგორიცაა ქვიარ თემი, ჰარმონია უნდა იყოს — “იმდენი სხვადასხვა ჯგუფია, სხვადასხვა გამოცდილებით, რომ ჩაგვრები კი გვაერთიანებს, მაგრამ ბევრი საკითხია, რომელზეც შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი. სტრატეგიაშიც შეიძლება გქონდეს აცდენა, თუ როგორ ვხედავთ პრობლემის მოგვარების გზას. გარდა ამისა, პოლარიზება მხოლოდ პოლიტიკურ ველზე არ არის, ეს აისახება მედიაზე, სამოქალაქო მოძრაობებსა თუ აქტივისტებზეც”.

“აქტივიზმში ჩემს ჩართულობას მხოლოდ ის განზომილება არ ჰქონდა, რომ თემის წევრი ვარ. მე ეს საქმე მეხერხება, პროფესიულად მაინტერესებდა აქტივიზმი”

თუმცა ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, მათ შორის, ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით, არ უნდა, ეს ურთიერთობები იყოს არაკონსტრუქციულ ფორმატში. 

“ამ განხილვებში ჩვენ დიდი დრო დავკარგეთ წარსულში. ამიტომ თბილისი პრაიდის პირველი წლის გამოცდილების შემდეგ, გუნდში მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ არ შევსულიყავით დაპირისპირებაში, განსაკუთრებით, საჯარო ველზე იმ ადამიანებთან, რომლებიც თემს ან სხვა ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ. შეიძლება მცირე გადაცდომები იყო ამ პროცესში, იმიტომ, რომ ადამიანები ვართ, მაგრამ ყოველთვის ვაკონტროლებდით ერთმანეთს”.

ფიქრობს, რომ ეს მეტ-ნაკლებად წარმატებით გააკეთეს, თუმცა სასურველ უკუკავშირს ხშირად ვერ იღებდნენ. მაგალითად ასახელებს 5 ივლისის პერიოდს, როცა პრაიდის ორგანიზებაში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული და ამბობს, რომ აკლდათ ქვიარ ორგანიზაციები.

“ეს ჩემთვის ცოტა გაუმართლებელია და რადგან აღარ ვმუშაობ ამ სფეროში, შემიძლია ცოტა რეფლექსია მქონდეს — ცოტა სამარცხვინო იყო ალბათ, რიგი ორგანიზაციები და ადამიანები არასწორ მხარეს აღმოჩნდნენ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, როდის რას აკეთებ, რამდენად იაზრებ კულტურულ-პოლიტიკურ პროცესს და როცა ამხელა საერთო მტერი გვყავს, ცოტა უფრო მეტი სოლიდარობა, გვერდში დგომა და ნაკლები ფეხის დადებაა საჭირო იმისთვის, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ. რესურსის ნაკლებობას არ განვიცდიდით, მხარდაჭერა გვაკლდა. დღემდე გული მწყდება რიგ ადამიანებზე. მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მესმის რაღაც მომენტში, ვცდილობ წარმოვიდგინო რაღაც საკითხები მათი მხრიდან, რატომ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში ისე, როგორც მოიქცნენ. მაგრამ გული მწყდება ვიღაცებზე, კი და დღემდე მომყვება რაღაც ეტაპზე ეს გულისწყვეტა. თუმცა ამას არ ვიყენებ ბოროტად”.

როგორც გვიყვება, 2021 წლის დასაწყისში, სანამ 5 ივლისი მოხდებოდა, ორგანიზაციის გამგეობასა და თანამშრომლებს უთხრა, რომ თბილისი პრაიდს ტოვებდა.

“რატომ ვართმევთ ადამიანებს თანასწორად ცხოვრების შესაძლებლობას? რას ვკარგავთ ჩვენ იმით, რომ ვიღაცას აქვს სამოქალაქო პარტნიორობის უფლება? — ეს კითხვა ალბათ ყველა ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს”

“3 წელი ვიყავი ორგანიზაციის დირექტორი, მანამდე ჯამში სამოქალაქო აქტივიზმის დაახლოებით 12 წელი დამიგროვდა და ძალიან დიდი გზა გამოვიარე ამ პერიოდში. თითქოს ამოვწურე საკუთარი თავი სამოქალაქო აქტივიზმში იმ ფორმით, რა ფორმითაც ვიყავი. ჩემი ასაკიდან, გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია, უკეთესი ანაზღაურება მქონდეს. ის სტრესი და გამოცდილება, რომელიც გავიარე, საკმარისი იყო, რომ ჩემი ცხოვრების ის თავი დამეხურა”.

როგორც ამბობს, ძალიან შორსაც არ წასულა და ზოგადად, საქმე, რომელიც აინტერესებს, სოციალურ ცვლილებებთან უნდა იყოს ბმაში — “ამის ირგვლივ ვიტრიალებ ალბათ მთელი ცხოვრება, ალბათ ეს არის ჩემი როლი, რომელიც მინდა, რომ მქონდეს”.

გიორგი თაბაგარი
ფოტო: ვახო ქარელი

მიიჩნევს, რომ მისი ცხოვრება სხვადასხვა პროექტისგან შედგება და თბილისი პრაიდიც ერთი ასეთი, დიდი პროექტი იყო.

“აქტივიზმში ჩემს ჩართულობას მხოლოდ ის განზომილება არ ჰქონდა, რომ თემის წევრი ვარ. მე ეს საქმე მეხერხება, პროფესიულად მაინტერესებდა აქტივიზმი”.

სამოქალაქო პარტნიორობა

გიორგი თაბაგარი ახლა პარტნიორთან ერთად ცხოვრობს და აღელვებს ის საკითხი, რომ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, მათი ურთიერთობა სამართლებრივ ფორმებში მოექცეს. ამ შემთხვევაში ის საუბრობს სამოქალაქო პარტნიორობაზე ყველა იმ უფლების გათვალისწინებით, რომლებიც აქვთ თანაცხოვრებაში მყოფ ადამიანებს, გარდა ქორწინების და შვილად აყვანის საკითხისა. 

“თანაცხოვრებას აქვს ბენეფიტები, რომლებიც ნორმალურ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს. მაგალითად, როდესაც ორი ადამიანი აგროვებს საერთო ქონებას, მათ სჭირდებათ ისეთ რაღაცებზე წვდომა, როგორიც არის, მაგალითად, მემკვიდრეობა ან თუნდაც ქონებრივი დავა — თუ ცხოვრობ ადამიანთან ერთად 10 წლის განმავლობაში და ერთად შეიძინეთ ბინა, მანქანა, ნებისმიერი მცირე თუ დიდი ნივთი, ეს ყველაფერი არის თანაცხოვრების დროს შეძენილი და გჭირდება რაღაც საკანონმდებლო ჩანაწერი. იგივე ეხება, ვთქვათ, სესხის გამოტანას ბანკიდან, როცა ოჯახის წევრებს შეუძლიათ ერთობლივი სესხი გააკეთონ. გარდა ამისა, თუ ერთი პარტნიორი აღმოჩნდა საავადმყოფოში, მეორეს უნდა ჰქონდეს უპირატესი უფლება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იგივე ეხება ციხეს, ჩვენების მიცემის ნაწილს და ა.შ.”.

გიორგი ფიქრობს, როგორც საზოგადოება, ისე პოლიტიკოსები უკვე მზად არიან იმისთვის, რომ ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყოს, მაგრამ ამას სჭირდება სხვა ტიპის საკანონმდებლო რეგულირება, ხედვა და სწორი მუშაობა. მისი თქმით, სწორი არ არის შეხედულება, რომ ამ საკითხის წინ წამოწევა უფრო მეტ აგრესიას იწვევს. ის იხსენებს საკუთარ გამოცდილებას, როცა თანასწორობის მოძრაობაში სამოქალაქო კამპანიის წარმოების პროცესში ფოკუს ჯგუფები ჩაატარეს სხვადასხვა რეგიონის, ჯგუფის, ასაკის ადამიანებთან და გამოიკვეთა, რომ “როცა საქმე არ მიდგება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ქორწინება და შვილად აყვანა და საუბარია სამოქალაქო პარტნიორობის იმ გაგებაზე, რომელიც კონკრეტულ უფლებრივ ჩამონათვალს გულისხმობს, მოსახლეობას ამაზე პრობლემა არ აქვს”. 

“შეიძლება სინანულის რამდენიმე კონკრეტული მიზეზი იყოს მთლიანად პროცესში, მაგრამ ერთიანობაში არა, პირიქით — მგონია, რომ სადაც არ უნდა მეცხოვრა, სხვაგან ასეთ საინტერესო ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვერ მივიღებდი”

“თუ არ იმუშავებ, რა თქმა უნდა, მარტივია თქვა, რომ საზოგადოება ჯერ არ არის მზად. არასდროს იქნება მზად, თუ არ დაიწყება ამაზე მუშაობა”.

მისი თქმით, სამოქალაქო პარტნიორობა ქვიარებს შეუქმნის მეტ-ნაკლები თანასწორობის შეგრძნებას, რომ “ჩვენც ვართ ამ საზოგადოების მეტ-ნაკლებად თანასწორი ნაწილი, რომ ყოველ ნაბიჯზე არ ვგრძნობდეთ განსხვავებას”.

ჰომოფობიაზე საუბრისას გიორგი ამბობს, რომ ბევრი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებამ კითხვები უნდა დასვას. მისი თქმით, მთელი ამ პროცესის კრიტიკული გააზრება, საერთოდ რატომ გვაწუხებს სხვა ადამიანების ორიენტაცია, კრიტიკული ანალიზის ნაკლებობის და გაუნათლებლობის შედეგია. 

რატომ ვართმევთ ადამიანებს თანასწორად ცხოვრების შესაძლებლობას? რას ვკარგავთ ჩვენ იმით, რომ ვიღაცას აქვს სამოქალაქო პარტნიორობის უფლება? — ეს კითხვა ალბათ ყველა ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს, როცა მეორე ადამიანის უფლებრივ თანასწორობაზე მიდგება საუბარი. არაფერს, არაფერს კარგავენ რეალურად ადამიანები, არც პრაიდ მარშით კარგავენ. ეს პოლიტიკური და ყურით მოთრეული თემაა, რომელიც რუსული დეზინფორმაციის და პირდაპირ კრემლის პოლიტიკის შედეგია ამ ქვეყანაში. 2022 წლის პრაიდ კვირეული იყო ზუსტად იმის მაგალითი, რომ თუ ფულს არ ჩადებენ ჰომოფობიის ორგანიზებაში, საშუალო სტატისტიკური ქართველი ქუჩაში ქვას არ გესვრის. ამის უკან ყოველთვის დგანან რაღაც ინსტიტუციები, როგორიცაა ეკლესია, რომელიც რუსეთის მთავარი გავლენის აგენტია საქართველოში, ასევე, ალტინფო და კონსერვატიული პარტიები, რომლებიც პირდაპირ დაფინანსებას იღებენ რუსეთიდან. შესაბამისად, ჰომოფობია არის მართული პროცესი, რომელსაც კონკრეტული ინტერესი აქვს. კი, არიან ჰომოფობები ბუნებრივადაც ამ საზოგადოებაში, მაგრამ ქვით არ მოგდევენ”.

რაც შეეხება მის პირად გამოცდილებებს, ამბობს, რომ რაღაც ტიპის გამოწვევებს აწყდება და მისი საქმიანობიდან გამომდინარე, დღეს აღარ არის მარტივი იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობდა წარსულში. 

“მე ასე ვუყურებ, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრების გამოცდილება მქონდა პროფესიული ზრდის თვალსაზრისითაც და თვითრწმენის გაუმჯობესების კუთხითაც. შეიძლება სინანულის რამდენიმე კონკრეტული მიზეზი იყოს მთლიანად პროცესში, მაგრამ ერთიანობაში არა, პირიქით — მგონია, რომ სადაც არ უნდა მეცხოვრა, სხვაგან ასეთ საინტერესო ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვერ მივიღებდი”.

ძალადობა ოჯახში, იძულებითი ქამინგაუთი და ფეხზე წამოდგომა — ელენე ახობაძე

ვინც არ მიცნობს, მათთვის თავს წარვადგენდი, როგორც უბრალოდ ელენე, რიგითი ადამიანი, 22 წლის, უბრალო გარეგნობის მქონე, ცოტა უცნაური და რაღაც მხრივ, ჩაკეტილი გოგო, რომელიც საკუთარ თავს იმაზე კრიტიკულად უდგება და უარესად ხედავს, ვიდრე არის. არა, დაბალი თვითშეფასება არ მაქვს, უბრალოდ რეალისტი ვარ.

ბავშვობა — ოჯახში ძალადობა და მძიმე სოციალური პირობები

ბავშვობაში ბევრად უცნაური, პირდაპირი და დაკომპლექსებული ვიყავი. ბებოსთან, ბაბუასთან და თითქმის თანატოლ დეიდა-ბიძიასთან ერთად ვიზრდებოდი, მძიმე სოციალურ პირობებში. თვიდან თვემდე როგორღაც ვარსებობდით, პრინციპში, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა.

მახსოვს, სკოლასთან ახლოს თუთის ხე იყო. მიყვარდა ხეზე აძრომა, თუთის ჭამა და ადამიანებზე, გარემოზე ზემოდან დაკვირვება. ავძვრებოდი ხოლმე სკოლის შემდეგ ხეზე და ისე გადიოდა 2-3 საათი, ვერ ვხვდებოდი. ბევრჯერ ისე მომხდარა, რომ უწყინარ და ჩემთვის საინტერესო საქმიანობაში შემთხვევით გაპარული საათების გამო, სახლში ვუცემივარ. კი, დაგვიანების გამო მცემდნენ ხოლმე. ამის გამო, ეს კარგი მოგონებებიც ჩემთვის რთული გასახსენებელია.

 


ტკბილ-მწარე იყო ბოლო ექსკურსიაც. სანამ ექსკურსიის ამბავს მოვყვები, უნდა ვთქვა, რომ ბაბუაჩემი სვამდა კიდეც. ცხადია, ასევე მცემდა, განსაკუთრებით, როცა ნასვამი იყო. მახსოვს, ძალიან მიხაროდა ექსკურსიაზე წასვლა და განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ ბაბუაჩემი არ აპირებდა ჩემთან ერთად წამოსვლას. ექსკურსიამ მშვენივრად ჩაიარა და მეც გავერთე, მაგრამ სახლში მისულს ბაბუაჩემი ნასვამი დამხვდა. ეს, ჩემდა საუბედუროდ, ნიშნავდა, რომ ცემაში გამათენებინებდა ღამეს. ეს მოგონებაც, თუთის ხის მსგავსად, თან მიყვარს, მაგრამ, ამასთანავე, მძულს.

რადგან ბაბუაჩემს ფიზიკურად ვერ მოვერეოდი, პროტესტის ნიშნად, ხან ნივთებს ვაფუჭებდი, ხან კედლებს და ხანაც –  რას. ირონიულია, რომ ამის გამო ცემას კიდევ უფრო მიმატებდნენ.

თვითგამორკვევა

ჩემი სექსუალობა და იდენტობა ძალიან ადრეულ ასაკში გავიაზრე. დაახლოებით, 6-7 წლის ვიქნებოდი, როცა სკოლაში შევედი და კლასელთაგან ერთ-ორ გოგოს რომ ვუყურებდი, ისე ვწითლდებოდი, როგორც ბიჭები წითლდებიან ხოლმე, როცა გოგოებს უყურებენ ამ ასაკში.

ჩემს სექსუალობაში ბოლომდე პირველი ტელეფონის ქონისას გავერკვიე. ზუსტად კი — 13 წლის ასაკში, როცა დავრწმუნდი, რომ გოგოები მომწონდა. მაგ დრომდე მეგონა, რომ სრულიად მარტო ვიყავი — ერთადერთი “ასეთი”. ვფიქრობდი, რომ ავად ვიყავი. შემდეგ სხვადასხვა ინფორმაციას გავეცანი სექსუალობაზე, ბევრი წავიკითხე, ბევრსაც ვუყურე და გააცნობიერე, რომ თურმე “ასეთი” მხოლოდ მე არ ვარ.

17 წლამდე ყველაფერი შედარებით მარტივი იყო. მშვიდად ვმალავდი ჩემს იდენტობას, მაგრამ როცა პირველად შემიყვარდა გოგო, შინაგანად მგლეჯდა ქამინგაუთის სურვილი. მიუხედავად ამისა, ვერა და ვერ გავბედე ამ ნაბიჯის გადადგმა. არ ვიყავი მზად. მახსოვს, მხოლოდ, ერთ ჩემს კლასელს ვუთხარი, რადგან ვგრძნობდი, ამ კუთხით ცოტათი მგავდა და ეს უსაფრთხოების განცდას ბადებდა.

დედის მიერ უარყოფა და იძულებითი ქამინაგაუთი

17 წელი ოჯახური ძალადობაში გავატარე. მხოლოდ ამ ასაკის შემდეგ მეღირსა დედასთან ცხოვრება, თუმცა, ჩემი ტკბილ-მწარე მოგონებების მსგავსად, ესეც ვერ გაგრძელდა დიდხანს და არც მთლად კარგად მახსენდება.

მახსოვს, მაშინ უბნის მარკეტში ვმუშაობდი, ღამის სმენაში. დილით საშინლად დაღლილი მივდიოდი ხოლმე დასაძინებლად. ერთ-ერთ ასეთ დღეს, როცა სამუშაოდან დავბრუნდი, დედაჩემმა ისარგებლა მომენტით, ჩემი ტელეფონი აიღო და მიმოწერები წაიკითხა. სწორედ იმ გოგოსთან მიწერილი ნახა, რომელიც პირველად შემიყვარდა. ვფიქრობ, ეს იმიტომ გააკეთა, რომ არ ვუზიარებდი ჩემს მიმოწერებს, ფეისბუქის პაროლს და ა.შ. მას კი ინტერესი კლავდა, აინტერესებდა, რა ხდებოდა.

იძულებითი ქამინგაუთის შემდეგ, ყველამ გაწყვიტა ჩემთან კონტაქტი. ეს დედაჩემის დამსახურებაა — ყველას უთხრა რა “ავადმყოფი” ვიყავი.

ყველაზე რთული და გარდამტეხი მომენტიც სწორედ ეს იყო. როგორც კი ინტერესი დაიკმაყოფილა, ლოგინიდან ახალჩაძინებული ღრიალით წამომაგდო. მიყვიროდა, შენ ვინ ყოფილხარო. ავადმყოფი, მოდას აყოლილი და სხვა ბევრად უარესი სალანძღავი სიტყვები მეძახა და რა თქმა უნდა, ფიზიკურადაც იძალადა ჩემზე. დამარტყა, რაც ბევრად უფრო მეტკინა და მეწყინა მისი მხრიდან, ვიდრე – ბაბუაჩემის მუდმივი ცემა. მახსოვს, ის ღამე სახლში გავატარე. ვნერვიულობდი, ადგილს ვერ ვპოულობდი. ტირილისგან თვალები დამისივდა. მომდევნო დღეს იძულებული გავხდი, სახლი დამეტოვებინა. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს სახლი ჩემი გამზრდელებთან ჩაბარებისა და ძალადობის ხარჯზეა შეძენილი. დედა მუშაობდა, ბინას არემონტებდა, ერთობოდა, მე კი – ძალადობასა და ბულინგს ვიტანდი ყოველდღე. რადგან ბაბუაჩემს ფიზიკურად ვერ მოვერეოდი, პროტესტის ნიშნად, ხან ნივთებს ვაფუჭებდი, ხან კედლებს და ხანაც – რას. ირონიულია, რომ ამის გამო ცემას კიდევ უფრო მიმატებდნენ.

იძულებითი ქამინგაუთის შემდეგ, ყველამ გაწყვიტა ჩემთან კონტაქტი. ეს დედაჩემის დამსახურებაა – ყველას უთხრა რა “ავადმყოფი” ვიყავი. ამ პერიოდში განსაკუთრებით რთულად მახსენებდა ის ფაქტი, როცა პოლიციაში მომიწია წასვლა, რომ თავშესაფარი მოეცათ. მაშინ სათემო ორგანიზაციებისა და სხვა მხარდამჭერი ჯგუფების არსებობის შესახებ არ ვიცოდი და პოლიციაში წასვლის გარდა, არაფერი დამრჩენოდა. პოლიციას დავუმალე ცემის ფაქტი. თან ვუფრთხილდებოდი დედას, მეშინოდა, ციხეში არ ჩაესვათ. თავშესაფარი რომ მოვითხოვე, მითხრეს, თუ შემაკავებელ ორდერს არ გააფორმებ, ისე ვერ გადაგიყვანთო.

ქვიარ ადამიანებისთვის გარშემომყოფების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. დედას ჩემთვის ხელი რომ არ ეკრა, მოესმინა და გაეგო, მე არ მომიწევდა იმ რთული პერიოდის გამოვლა, რომელიც გამოვიარე. ჰომოფობიის გამო, ქვეყანა კარგავს ბევრ განათლებულ, კრეატიულად მოაზროვნე და ნათელი მომავლის მქონე ადამიანს, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ ეს 90-იანებს მიახლოებული ქვეყანა.

ქვიარ ურთიერთობების სიძნელეები

ქვიარ ადამიანებისთვის ურთიერთობების აწყობა საქართველოში რთულია, რადგან თემშიც იგრძნობა სიბნელე. უაზრო ჩარჩოები და სტერეოტიპები არსებობს. მაგალითად, თურმე “თომბოი” სტილის გოგოს თუ თავისივე სტილის იზიდავს და არა ფემინური, ტეხავს და მიუღებელია. ასევე, თუ “თომბოი” გოგო კაბას ჩაიცვამს, ისე დასცინიან, თითქოს ჰეტეროსექსუალ “ძველ ტიპს” ჩააცვეს კაბა, რაც არასწორია.

მე ორჯერ მიყვარდა და ორივეჯერ გული გამიტყდა. ურთიერთობის წამოწყების რამდენიმე სხვა მცდელობაც მქონდა, მაგრამ ვხედავდი, რომ არ იყვნენ ისინი ჩემი ადამიანები და ვიშლებოდით ხოლმე.

ამჟამად უსაფრთხოდ აღარსად ვგრძნობ თავს. მათ შორის, აღარც სახლში. მიუხედავად ამისა, ტკივილმა და სირთულეებმა გამაძლიერა. რაც შეეხება სისუსტეებს, მხოლოდ საკუთარ თავთან მარტო ყოფნისას ვიხსნი ხოლმე “აბჯარს”.

საზოგადოების მიერ ქვიარ ადამიანების მიღებისთვის მზაობის აუცილებლობა

ჩემი აზრით, სამწუხაროდ, პროგრესის ნაცვლად უკან მივდივართ. საზოგადოება ვერ ან არ იგებს სწორად თემის წევრების ქამინაგუთს და არ ცდილობს გაუგოს მათ.

ისეთ ადგილას ვიცხოვრებდი, სადაც ჩემი იდენტობისა და სექსუალობის გაგებისას კითხვები არ გაუჩნდებოდათ და ისე ჩვეულებრივად მიმიღებდნენ, როგორც ჰეტეროსექსუალებს იღებენ.

მათ, ვინც ახლა გადის იმ ლაბირინთს, რომელსაც თვითგამორკვევა ჰქვია, ვურჩევდი, რომ ინტერნეტში ჩაძვრნენ. არის არაერთი კარგი გვერდი, რომელზეც მათთვის გამოსადეგ ინფორმაციაზე საუბრობენ. ასევე, ვურჩევდი, რომ არ ენდონ ყველა “მეგობარს” და არც ოჯახს დაელაპარაკონ ნაჩქარევად . ყოველთვის არსებობს ქუჩაში დარჩენის რისკი და ეს რისკები თავიდანვე სწორად უნდა შეფასდეს.

ქართული ქვიარ აქტივისტი არის წამებული, რომელსაც უმეტესობა არ უსმენს, რადგან ზიზღით სავსენი არიან. ქართული ქვიარ აქტივისტი ის ექიმია, რომელიც ცდილობს ტვინამოკვეთილ და თვალებდათხრილ ადამიანს აზროვნება და ხედვა ასწავლოს.

გეგმები მომავლისთვის და რჩევები საზოგადოებას

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ემიგრაციაში წასვლას ვგეგმავ. ვიცი, რომ აქ მომავალი არ მაქვს. ყოველ ნაბიჯზე ზიზღი და მიუღებლობაა, რასაც ზოგი ქვიარისთვის სიკვდილიც მოაქვს. საზღვარგარეთ, ვფიქრობ, შანსი მაქვს არამხოლოდ ვიარსებო, არამედ სრულფასოვნად ვიცხოვრო და ჩემი გეგმები განვახორციელო.

ვფიქრობ, გაუჩერებელი შრომის პირობებში, 10 წლის შემდეგ, არ ვიქნები ცუდი პროფესიის მქონე ადამიანი, რომელიც პატარა, მყუდრო ბინას იყიდის ხმაურიან ქალაქში და მშვიდად იცხოვრებს. ესაა ჩემი გეგმა. ოცნებები არ მაქვს, რადგან, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, რეალისტი ვარ. უფრო გეგმები მაქვს კარიერული განვითარების მხრივ.

მატერიალური ზიანია, როცა, წესით, სახლი გაქვს და ქირით ცხოვრება გიწევს, რომ ჭერი იქონიო. ფიზიკური ზიანი კი, მადლობა ღმერთს, ოჯახთან განშორების შემდეგ აღარ მიმიღია და ფსიქოლოგიური ზიანთან გამკლავება თითქმის ყველას უწევს. მთავარია, არ დავნებდეთ.

გამოსავალს ისევ ხალხში ვხედავ. მათ უნდა მოინდომონ იმ წუმპიდან ამოსვლა, რომელშიც არიან. ნაკლები ყურადღება მიაქციონ ბრბოს აზრებს და თავიანთი შვილები მიიღონ. რაც უფრო მეტი მოხდება მსგავსი პრეცედენტი, მით უფრო დალაგდება ყველაფერი ეტაპობრივად.

მგონია, მხოლოდ ქვიარები ვერაფერს გავხდებით, სანამ საზოგადოება არ შეწყვეტს მანიპულატორი ეკლესიის ფრთის ქვეშ შეფარებას და მხოლოდ მის მოსმენას, სანამ არ გაიაზრებს, რომ ლესბოსელი, ტრანსგენდერი და გეი, რომლებსაც კლავენ ან ავიწროებენ, ადამიანია, ვიღაცის შვილია და მხარდაჭერა სჭირდება, როგორც როგორც სრულფასოვან ადამიანსა და როგორც მომავალს.

პაკო ტაბატაძე — გეი კაცი ვარ და ამის აღიარების არ მრცხვენია, მეამაყება საკუთარი თავი

მე ვარ პაკო ტაბატაძე, 36 წლის. ვარ მხიარული, ცოტა სევდიანიც, პოზიტიური და მასხარა, მაგრამ თუ გავბრაზდი, მტრისას! ჩემთან თამაშს, სჯობს, ცეცხლს ეთამაშო.

“მიიღე საკუთარი თავი!”

მიუხედავად სირთულეებისა, მაინც ვამბობ, რომ იდეალური ბავშვობა მქონდა. არაფერი მაკლდა, დასვენება იყო, ცირკი თუ გართობა. ბებიაჩემი გადამყიდველებთან ყიდულობდა ჩვენთვის ტანსაცმელს და ბაღში პირველი ვიყავი, ვისაც ”ჯექსონის” ფეხსაცმელი და ”ვრანგლერის” ჯინსები ეცვა. უკვე ცოტა მერე, მამაჩემი სასმელზე დამოკიდებული გახდა. როცა დათვრებოდა, ყოფილა ცემა-ტყეპაც, ქუჩაში გამოგდება და სადღაც ნაძვებში ძილიც, თუმცა ამას არ გავუტეხივარ, პირიქით, უფრო გამაძლიერა. ზოგადად, იმ პერიოდს არც ვიხსენებ ხოლმე, ვფიქრობ, რომ ნეგატივი უნდა მოიცილო და ყოველთვის კარგ, ნათელ მოგონებებზე გააკეთო აქცენტი.

დედაჩემს ვთხოვე, ენახა “ლოცვა ბობისთვის”. ფილმში მთავარი გმირი ქალი მორწმუნეა და დედაჩემიც იეჰოვას მოწმეა, ამითაც დავაკავშირე. ბევრი იტირა. როცა ფილმი მორჩა, ვკითხე, შენი შვილი რომ ცოცხალი გყავდეს, ეგ სჯობს, თუ ის უფრო მნიშვნელოვანია, მეზობლები რას იტყვიან-მეთქი.

ხუთი წლის ასაკიდან ვიცოდი, ვინ ვიყავი და რა ვიყავი. თავიდან მიჭირდა საკუთარი თავის მიღება და სულ მქონდა კითხვა — რატომ მე და არა სხვა? გარკვეული ხანი დამჭირდა ყველაფრის გასაანალიზებლად. გარდატეხის ასაკში როცა ვიყავი, ვერავის ველაპარაკებოდი, მიწევდა თამაში, რომ თითქოს გოგოები მომწონდა, მაშინ, როცა ასე საერთოდ არ იყო. სადღაც 16 წლის ასაკში შევწყვიტე ბრძოლა საკუთარ თავთან და ვთქვი: მორჩა! შენ ასეთი ხარ, ამდენს ნუ ფიქრობ და მიიღე საკუთარი თავი!

ეს იყო და ეს.

ამ პროცესში ძალიან დამეხმარა ფილმები. მაგალითად, “ლოცვა ბობისთვის”, რომელიც ერთხელაც უბრალოდ ჩავრთე და ვუყურე. ასევე, პედრო ალმოდოვარის ფილმები, განსაკუთრებით “ცუდი აღზრდა” — როდესაც ვნახე, მივხვდი, რომ საკუთარ თავთან ბრძოლას აზრი არ აქვს, მორჩა და გათავდა. შენ თუ არ მიიღებ საკუთარ თავს, არც სხვა მიგიღებს.

დედა

სკოლაში ჰომოფობიური ბულინგის გამოცდილება არ მქონია, კლასელებთან დღემდე იდეალური ურთიერთობა მაქვს. ჩემი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის სწორად მიწოდებას. სწორად მიწოდებაში იმას ვგულისხმობ, რომ არ შეიძლება, ასე ერთბაშად მიახალო ადამიანს ყველაფერი — ”ვაიმე, დედა, მე გეი ვარ!”. მე რა ვქენი? დედაჩემს ვთხოვე, ენახა “ლოცვა ბობისთვის”. ფილმში მთავარი გმირი ქალი მორწმუნეა და დედაჩემიც იეჰოვას მოწმეა, ამითაც დავაკავშირე. ბევრი იტირა. როცა ფილმი მორჩა, ვკითხე, შენი შვილი რომ ცოცხალი გყავდეს, ეგ სჯობს, თუ ის უფრო მნიშვნელოვანია, მეზობლები რას იტყვიან-მეთქი. ასეთი მიდგომები მქონდა, გამოცანებს ვუტოვებდი ხოლმე და რომ ვბრუნდებოდი, ამოხსნილი მხვდებოდა.

დედაჩემისგან უარყოფითი არაფერი მიგრძნია. თბილისი პრაიდის ერთ-ერთ შეკრებაზე, სადაც ქვიარების მშობლები იყვნენ, თქვა — ჩემი შვილია, მე გავაჩინე და ისეთი მიყვარს, როგორიც არისო. თავის რელიგიაშიც ჰქონდა პრობლემა, მაგრამ მერე იქ მივედი და გავეცანი საზოგადოებას, რას ჰქვია, შენ დედას სთხოვ, რომ შვილი გააგდოს?!

მე, პავლე ტაბატაძე, არ ვსაჭიროებ, ვიყვირო, რომ ვარ გეი. რად მინდა, რაში მჭირდება?! ისედაც მეტყობა, ვინ ვარ. ბელგიაშიც, სადაც ახლა ვცხოვრობ, არავინ გეუბნება, რომ გეია, აქ ეგ არ მოსულა, ადამიანი ხარ და მორჩა.

ახალი წელი მიყვარს ძალიან, რადგან ჩემსავით ფერადია, დედაჩემი რომ იეჰოვას მოწმეა, ნაძვის ხე არ უნდა დავდგა? ძალიან დიდი ბოდიში, მეც ვცხოვრობ იმ სახლში და თანაბარი უფლებები გვაქვს.

დედაჩემთან ყველაფერზე ვსაუბრობ, თუმცა არ მომწონს, როდესაც მშობლებთან საკუთარ სექსუალურ გამოცდილებებს განიხილავენ. ორიენტაცია ჩემი პირადი ინტიმის საკითხია, მე, პავლე ტაბატაძე, არ ვსაჭიროებ, ვიყვირო, რომ ვარ გეი. რად მინდა, რაში მჭირდება?! ისედაც მეტყობა, ვინ ვარ. ბელგიაშიც, სადაც ახლა ვცხოვრობ, არავინ გეუბნება, რომ გეია, აქ ეგ არ მოსულა, ადამიანი ხარ და მორჩა.

ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვმალავ. ქამინგაუთი აუცილებელია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ შენ თვითონ იგრძნობ შვებას, აღარ იქნები დაძაბული, არ იცხოვრებ ტყუილში და ეს ტკივილი მოგეხსნება. ღრმად რომ ამოისუნთქავ, ისეთი განცდაა. ჩემი ქამინგაუთი ბუნებრივად მოხდა, აქაც აღვნიშნავ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის ნაბიჯ-ნაბიჯ, სწორად მიწოდებას. ამ მხრივ, დღეს ტელევიზიები და სხვა საინფორმაციო საშუალებები ძალიან ცუდად იქცევიან — ამ თემას ისე წარმოაჩენენ, რომ მშობლებს გონება ერევათ და აღარ იციან, რა ქნან. ხან, ფსიქიატრთან მიჰყავთ შვილები, ხან, სექსოლოგთან, ხან იმასთან და ხან, ამასთან. არავინ ეუბნება მათ, რომ ადამიანი ასეთად იბადება, მერე არ გახდა. ვერ გახდები, არ არსებობს.

5 ივლისს სიკვდილს გადავურჩი. ბრბო ბარათაშვილის ხიდზე მოსაკლავად მომდევდა და ერთადერთი ალტერნატივა მქონდა —  მტკვარში გადავმხტარიყავი, რომ არა ტაქსის მძღოლი, რომელიც ავლაბრიდან მოდიოდა და გაქანებულ მანქანაში შევუხტი.

აქტივიზმი

აქტივიზმის კუთხით, თუ სადმე რამე გაფართხალება იყო, ყველგან ვიყავი, ყბა მქონდა გვერდზე მოქცეული ლაპარაკისგან. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც 19 წლის ასაკში ჯეობარში გამოვიდა და პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ჰომოსექსუალი იყო. მეორე დღესვე გამომიშვეს პროექტიდან, კონტრაქტი დაარღვიეს და მაშინ ჩემი საქმე ორგანიზაცია ინკლუზივმა აიღო — ძალიან დამიდგნენ გვერდში, რომ კომპენსაცია მიმეღო. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში სხვა ლგბტ ორგანიზაცია არ არსებობს.

დღეს საქართველოში მოქმედი ორგანიზაციები გაყოფილი არიან და რაღაცნაირად უნდა შეთანხმდნენ ერთ აზრზე. ზოგს მოსწონს პრაიდის იდეა, ზოგს — არა. ხალხმა ჩემგან გაიგო, რომ გეი იყო და მე თუ არ მივესალმები პრაიდს, აბა ვინ მიესალმება?! მაგრამ სწორად უნდა დაგეგმო და როდესაც იცი, რომ რაღაც საფრთხის შემცველია, არ გარისკო. გავიგე, რომ სახელმწიფომ უნდა დამიცვას, მაგრამ შენ ატარებ, შენ მომიწოდებ გამოსვლისკენ, მე მოვდივარ და გენდობი, ვიცი, რომ სახელმწიფო მიცავს, იმიტომ, რომ ეს შენ მითხარი რამდენიმე დღით ადრე. ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ გიცავენ კი არა, იქით დაგდევს სუს-ი. პრაიდის თემაზე ბოლო შეხვედრა რომ იყო, იქაც ვთქვი, რომ ის მოძალადე ხალხი ელიავაზე არმატურებს უკვეთდა, ჩვენთვის რომ ესროლათ, მქონდა ინფორმაცია. ეს რომ ვთქვი, მიპასუხეს, ხალხს ნუ ძაბავო. მერე 5-ში რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ.

მე 5 ივლისს სიკვდილს გადავურჩი. ბრბო ბარათაშვილის ხიდზე მოსაკლავად მომდევდა და ერთადერთი ალტერნატივა მქონდა —  მტკვარში გადავმხტარიყავი, რომ არა ტაქსის მძღოლი, რომელიც ავლაბრიდან მოდიოდა და გაქანებულ მანქანაში შევუხტი. სირცხვილიას ოფისში მივდიოდი, როცა მომწერეს, დარბევაა, აღარ მოხვიდეო და კოლმეურნეობის მოედანზე ჩავდიოდი, ავტობუსს რომ გავყოლოდი სახლში. ვინ მაცალა?! გაიგეს, დედაენის ბაღში იკრიბებიან “პედერასტებიო” და აქეთ წამოვიდნენ, ჯოხებზე ლურსმნები ჰქონდათ დამაგრებული. მიწისქვეშაში რომ ჩავსულიყავი, იქ ვერ გადავრჩებოდი.

ნაწილობრივ, ამ დღის დამსახურებაც იყო, საქართველოდან რომ წამოვედი. ქუჩაში თავისუფლად ვერ გამოვდიოდი, მცნობდნენ. სხვებისგან განსხვავებით, მე იმის საშუალება არ მქონდა, რომ ტაქსით მევლო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდიოდი. ვეღარც საყურეს ვიკეთებდი, თმები გადავიხოტრე და სახლიდან გასვლის წინ დედაჩემს ვეკითხებოდი, რამე ისეთი ხომ არ მაცვია, რომ მცემონ-მეთქი. დედაჩემი ნამყოფია თბილისი პრაიდის ოფისში და დარბევის კადრებს რომ ვუყურებდით, ორივე ვტიროდით. პრაიდმა ბევრი დახმარებაც გამიწია და გვერდში დამიდგა მაშინ, როდესაც ვმკურნალობდი და წამლის ფული არ მქონდა.

ზოგადად, ვფიქრობ, რომ საქართველოში ქვიარ თემს საკუთარი თავის მიმღებლობა აკლია. როდესაც საკუთარი ორიენტაციას ვერ იღებ, სხვების მიღებაც გაგიჭირდება. არის განათლების პრობლემაც და ამაში არ ვგულისხმობ დიპლომსა და უნივერსიტეტს. ეს იწვევს მერე იმას, რომ ერთმანეთს “ეშპილკავებიან”. ბელგიაში ასეთი რამ არ მინახავს — ვერ ვიტყვი, მეგობრობით გამოირჩევიან-მეთქი, მაგრამ როგორც საქართველოშია ერთმანეთის დაჭმა, აქ ასე არ არის. ამას ხმამაღლა რომ ვამბობ, ჰომოფობსა და ტრანსფობს მეძახიან. რაღაცაზე რომ ეუბნები, რომ არასწორია, არ სიამოვნებთ.

ზოგადად, სიმართლე არავის მოსწონს, განსაკუთრებით ქართველებს.

ყველაზე მძიმე გამოცდილება თავშესაფარი იყო. მშიერი ვიყავი, იქაურ საჭმელს ვერ ვჭამდი, სუნზეც კი გული მერეოდა. ხუთ კაცთან ერთად ერთ ოთახში ძილი, ჰომოფობი დირექტორი რომ მოგაძახებს, “ლტოლვილი პედერასტიო”. მანამდე მეტროში ძილი, ქუჩაში გათენება…

ბელგია

ბელგიაში პირველად 2019 წლის დეკემბერში ვიყავი, თუმცა რაღაც პრობლემების გამო საქართველოში მომიწია წამოსვლა. ორ კვირაში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ პანდემია დაიწყო და ორი წელი საქართველოში დავრჩი. თავშესაფარმა მომწერა, რომ უნდა დავბრუნებულიყავი 2021 წლის დეკემბრამდე, ჩემი დეპორტი რომ არ მომხდარიყო ევროპის შენგენის ზონაში. გამიმართლა — დედაჩემი ე.წ. ლატარიას თამაშობდა, ფული მომცა და 150 ევროთი წამოვედი.

ყველაზე მძიმე გამოცდილება თავშესაფარი იყო. მშიერი ვიყავი, იქაურ საჭმელს ვერ ვჭამდი, სუნზეც კი გული მერეოდა. იმდენად რთული პერიოდი მქონდა, დედაჩემი მიგზავნიდა ყოველთვე ხან 30 ევროს, ხან 50 ევროს. ხუთ კაცთან ერთად ერთ ოთახში ძილი, ჰომოფობი დირექტორი რომ მოგაძახებს, “ლტოლვილი პედერასტიო”. მანამდე მეტროში ძილი, ქუჩაში გათენება… ყოველდღიური ჩელენჯების გავლა მიწევდა, რამაც, საბოლოო ჯამში, უფრო გამაძლიერა.

პაკო ტაბატაძე

ახლა ინტეგრაციის კურსებს გავდივარ. ჯერ ვერ ვმუშაობ, ოფიციალური, კარგი სამსახური თუ გინდა, სადაც, მინიმუმ, 2 000 ევრო გექნება ანაზღაურება, რაღაც დონეზე ენა უნდა იცოდე, ან ჰოლანდიური, ან ფრანგული. მე ბრიუსელში ვცხოვრობ, სადაც უფრო ფრანგულია, მაგრამ მე ჰოლანდიურს ვსწავლობ, რადგან უპირატესობას ამას ანიჭებენ. ახლა მაქვს ე.წ. “A” ბარათი და სანამ “B”-ს არ ავიღებ, ვერაფერს ვიზამ, არც ქვეყნის დატოვების უფლება მაქვს.

ქართველების გადამკიდე, აქაც ისეთი ამბავია, ვინმე “Georgian”-ს რომ დაიძახებს, იქ უკვე ცუდი ხდება. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო — ბელგიაში რომ ჩამოდიხარ, რადგან შენს ქვეყანაში გდევნიან და გკლავენ, აქ გარკვეულ პირობებს გიყენებენ და გეუბნებიან, რომ ინტეგრაცია უნდა გაიარო, სკოლაში უნდა იარო, ენა შეისწავლო, მერე ერთი წელი უნდა იმუშაო და ა.შ. როცა შენ ამ დროს მიდიხარ და სოციალურ სამსახურს ეუბნები, რომ იცი რა, ნუ მავალდებულებ, შენი ენა ვისწავლოო, ძალიან დიდი ბოდიში! ან კიდევ, ამბობენ, რომ არ აინტერესებთ ინტეგრაციის კურსები, რადგან შუქნიშანზე გადასვლა ისედაც იციან. რატომ უნდა გადაგიხადონ მაშინ ფული? უკაცრავად, მაგრამ თვეში რომ 1 137 ევროს გიხდიან, მონდომებაც უნდა დაანახო იმ ქვეყანას. ასეთი დამოკიდებულებების გამო, ქართველი თუ ხარ, შენც ცუდი თვალით გიყურებენ და რაღაცების დამტკიცება გიწევს. მე რა დავაშავე?! ჩამოვედი და პატიოსნად ვარ ჩემთვის, მშვიდად და წყნარად.

გგონიათ, მიხარია აქ ყოფნა? ერთი წელია, ბედნიერი არ ვყოფილვარ, რადგან არ ვარ იმ გარემოში, რომელშიც უნდა ვიყო და ამას მიკეთებს ჩემი სახელმწიფო.

“არ ვარ იმ გარემოში, რომელშიც უნდა ვიყო და ამას ჩემი სახელმწიფო მიკეთებს”

დედაჩემის მხარდაჭერას ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს. ერთი წელია, რაც წამოვედი და დღეში სამჯერ თუ არ ველაპარაკე, ორივე ცუდად ვართ. ბავშვს რომ დედის ძუძუს მოაგლეჯ, ისე მოხდა ჩემი წამოსვლით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარდა ორი შვილი და შვილიშვილები ჰყავს, მეუბნება, შენნაირად ვერავინ მივლიდაო. დედაჩემი რომ აღარ იქნება, არ ვიცი, სიცოცხლის გაგრძელებას როგორ შევძლებ. ძალიან მძიმეა, როცა ასეთ სიტუაციაში ქვეყნის დატოვება გიწევს. რა გგონიათ, მიხარია აქ ყოფნა? ერთი წელია, ბედნიერი არ ვყოფილვარ, რადგან არ ვარ იმ გარემოში, რომელშიც უნდა ვიყო და ამას მიკეთებს ჩემი სახელმწიფო. იყო მომენტები, როდესაც ემოციების პიკი მქონდა, ცუდად ვხდებოდი და ყველაფერი ერთად ამოხეთქავდა, რაც ამ ხნის მანძილზე დამიგროვდა.

ნაციონალების დროს ანტიდისკრიმინაციული კანონი არ იყო, “ქოცებმა” მიიღეს, მაგრამ მაშინ პოლიციის იმედი უფრო გქონდა, თუ ვინმე ქუჩაში “პედერასტს” დაგიძახებდა. ახლა მოგვიგდეს ფარატინა ფურცელი, ევროპასა და ამერიკას დაანახეს, ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთო, მაგრამ რას მიკეთებს? სად მიცავს? გავრილოვის ღამის აქციაზე “პუტინ ხუილო” რომ ვთქვი, დამიჭირეს, 24 საათი “კაპეზეზე” მაყურყუტეს, ჯარიმა გადამახდევინეს და მე მიცავს ჩემი ქვეყანა?! ოკუპანტს შევაგინე და დამიჭირეს. ბნელი ხალხი რომ უზით პარლამენტში და ჰომოფობები მიწყვეტენ რაღაცებს, ეგენი უნდა მოაშორონ, პირველ რიგში, მაგრამ რაზეა საუბარი, როდესაც პირველი ჰომოფობი და მოძალადე თვითონ პრემიერმინისტრია?! 6 ივლისს პოლიციელებს ჰქონდათ თავი გახეთქილი მოლოტოვის კოქტეილებისგან. სახელმწიფო არ დგას სათანადო დონეზე, ე.წ. “ბაბულიკებს” და ქუჩური მენტალიტეტის ხალხს გაუხსნეს გზა.

აქაც, ბელგიაშიც გიწევს თავის დაცვა, მთლად ისე არ არის, როგორც საქართველოდან ჩანს. აქაც არიან გრანტიჭამია ორგანიზაციები, ვითომ რომ რაღაცას გიკეთებენ. ერთმა ორგანიზაციამ ასაკის გამო დამბლოკა, 35 წლის ხარ და ვერ შეგიფარებთო. რას ჰქვია, 35 წლის ვარ და ვერ შემიფარებ, როცა ქუჩაში ვარ, მეტროში მძინავს?! მადლობა ბელგიის სამეფოს, მაგრამ ისიც არის, რომ ჩემი აბსოლუტურად ყველა გაფართხალება იცის ბელგიის მთავრობამ. არის უბნები, სადაც ღამე ვერ გაივლი. რამდენიმე თვის წინ ბრაზილიელი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს, იმის წინ კიდე ქართველი გეი ისე სცემეს, ყბის სამი ოპერაცია დასჭირდა — აქაც ხდება ასეთი რაღაცები, თუმცა ჰომოფობია ადგილობრივებს არ აქვთ, ეს უფრო აქაური ემიგრანტების პრობლემაა. აქ კანონმდებლობა გიცავს, ბელგიის ვიცე-პრეზიდენტი ტრანსგენდერი ქალია, პარლამენტში ქვიარები არიან წარმოდგენილნი, ყველგან ლგბტქი დროშებია და ესაა მათი მხარდაჭერა, ასევე, აქაური მეფე, პრინცესა გვაძლევენ ძალიან დიდ მხარდაჭერას.

მე ვარ გეი კაცი და ამის აღიარების არ მეშინია, არ მრცხვენია. ასეთად დავიბადე, ასეთად გავიზარდე და ასეთად მოვკვდები და, დიახ, მე მეამაყება საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ.

წელს პრაიდზეც გავედი, ჯინსის ქურთუკი მეცვა, უკან პრაიდის დროშის ფერები და საქართველოს დროშა მეხატა, ზედ GEORGIA მეწერა.

No description available.

რა მაძლიერებს? ის, რომ მე ვარ გეი კაცი და ამის აღიარების არ მეშინია, არ მრცხვენია. ასეთად დავიბადე, ასეთად გავიზარდე და ასეთად მოვკვდები და, დიახ, მე მეამაყება საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ.

მინდა, ქვიარებს ვუთხრა, რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ, საკუთარი თავი მიიღონ, საკუთარი სათქმელი თქვან და მერე მართლა ყველაფერი კარგად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ადვილი არ არის. სამყარო გიგზავნის რაღაცებს, ცუდსაც და კარგსაც, ის ცუდი უნდა გადალახო, სხვანაირად არ გამოდის… და როდესაც სამყარო ხედავს, რომ შენ ამ ცუდს გადალახავ და სასოწარკვეთილებაში არ ვარდები, მერე უფრო მეტი კარგი გეძლევა.

ძალიან მენატრება ჩემი ქალაქი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ყველაზე მეტად მიყვარს და მართლა ყველაზე მეტად მენატრება. ამ ქალაქშიც, ბრიუსელშიც, იმიტომ დავრჩი საცხოვრებლად, რომ ბრიუსელს აქვს თბილისის “ვაიბი”.

ამ ყველაფერის გადატანაში ესეც მეხმარება.

გიორგი ჟღენტი — ბისექსუალი ვარ და ჩემს იდენტობას სიამაყით ვიღებ

მე ვარ გიორგი, 20 წლის, ქალაქ ბათუმიდან.

გავიზარდე ბათუმის ყველაზე კოლორიტულ ნაწილში, ძველ ბათუმში, ე.წ. იტალიურ ეზოში. ზოგადად, ბათუმი გამორჩეულია ქალაქია თავისი კოლორიტულობით და მრავალფეროვნებით, მაგრამ ქალაქის ამ ნაწილში განსაკუთრებულად იგრძნობა ბათუმის სული, რომელიც წარუშლელად აისახება იქ მაცხოვრებელთა პიროვნულობაზე. იტალიური ეზო დასახლების ისეთი ტიპია, სადაც წაშლილია ზღვარი პირადსა და საჯარო ცხოვრებას შორის, სადაც კედლებიც და კარებიც კი პირობითია და მეზობლებმა ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან. ვერ ვიტყოდი, რომ ეს შემაწუხებელია, რადგან თავიდანვე ეჩვევი, რომ მეზობელი ოჯახის წევრია, შენზე ყველაფერი იცის, ერთმანეთზე ზრუნავთ, თუ გემრიელ კერძს მოამზადებს, აუცილებლად  გაგასინჯებს, წვიმის დროს სარეცხს მოგიხსნის და ავადმყოფობის დროს ათასგვარ წამალს შემოგაშველებს.

ბავშვობა შესანიშნავი იყო, ეზოში მეგობრებთან ერთად თამაში და წიგნები. მშობლები მაქსიმალურ თავისუფლებას მაძლევდნენ, არასდროს არაფერში მზღუდავდნენ და მიტოვებდნენ საშუალებას, თავად მიმეღო გადაწყვეტილებები, ოღონდ პასუხისმგებლობაც ჩემზე უნდა ყოფილიყო. ამან ჩემს პიროვნებაზე ძალიან იმოქმედა, უამრავი საჭირო თვისება შევიძინე და დამოუკიდებლობაც ვისწავლე.

ბავშვობის მოგონებებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემი კონსტრუქტორებია, რომლებითაც ქალაქებს ვაშენებდი, წარმოვიდგენდი, რომ მერი ვარ, ვქმნიდი ფულად ერთეულებს, ვაგებდი გზებს და ვოცნებობდი, რომ მომავალში ამას რეალურ ცხოვრებაშიც გავაკეთებდი.

იმ ასაკიდანვე ვიცოდი, რომ პოლიტიკოსობა მინდოდა და აზრი მას შემდეგ არ შემიცვლია.

იდეალური გარემო ასე წარმომიდგენია — როცა საჯაროდ ქამინგაუთის საჭიროება აღარ იქნება, ადამიანები ისე მიიღებენ იდენტობას და სექსუალობას, როგორც ხვეულ თმას, ცისფერ თვალებს ან სხვა ნებისმიერ მახასიათებელს.

ახლა თბილისში ვცხოვრობ, დედასთან ერთად, ვსწავლობ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. თავიდან აქაური “კორპუსული” ცხოვრება კომფორტულად მომეჩვენა. მეზობლები უკითხავად აღარ შემოდიოდნენ სახლში და პირადი ცხოვრებაშიც მეტ-ნაკლებად ვერ ერეოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ბათუმური ეზო მომენატრა და ჩემშიც არის ბათუმის დიდი კვალი.

სკოლა — ადგილი, სადაც სილაღეს კარგავ

ცუდი მოგონებები კი სკოლას უკავშირდება. სამწუხაროდ, ქართული სკოლა საბჭოთა მემკვიდრეობაა, სადაც ბავშვების სტანდარტიზებას და ინდოქტრინაციას პირველივე დღიდან იწყებენ. თითქოს სილაღეს კარგავ, გეკრძალება კითხვების დასმა და იჯერებ, რომ შენი მოსაზრება უმნიშვნელოა, რადგან ის არასდროს შეიძლება იყოს “სწორი” უფროსის მოსაზრებასთან მიმართებით. სკოლაშივე გასწავლიან მორჩილებას, შენი არსებობა ათქულიანი სისტემით ფასდება.

შემდეგ ზრდასრულ ცხოვრებაში შენდაუნებურად ეძებ “უფროსებს”, რომლებიც მასწავლებლებს ჩაანაცვლებენ და უკვე მათი მოსაზრებების ჩრდილში გააგრძელებ ცხოვრებას. ამ ყველაფერმა ჩემზეც იმოქმედა, თუმცა შედარებით ნაკლებად, რადგან დედა ყოველთვის მხარს მიჭერდა სკოლაში კონფლიქტურ სიტუაციებში და შესაბამისად, არც მე მეშინოდა პროტესტის გამოთქმის და უსარგებლო წესების დარღვევის. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ სკოლაშიც იყვნენ ნათელი წერტილები, რომლებიც კრიტიკულ აზროვნებას გვაჩვევდნენ და ისეთ რამეებს გვასწავლიდნენ, რაც პიროვნულად გვზრდიდა, თუმცა ასეთი ადამიანები უმცირესობაში არიან და მათი ძალისხმევა საერთო სიტუაციას ვერ ცვლის.

“მეშინოდა, რომ “ასეთი” მარტო მე აღმოვჩნდებოდი”

ჩემმა იდენტობამ და სექსუალობამ გამოვლინება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა არც კი ვიცოდი ამ სიტყვების არსებობის შესახებ. ბაღში რაღაც პერიოდი გოგო მომწონდა, ამის შესახებ ბევრს ვსაუბრობდი და ეს ყველამ იცოდა. შემდეგ ბიჭი მომეწონა, თუმცა ამის შესახებ ხმას არ ვიღებდი, ვხვდებოდი, რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ამაზე იგივე რეაქცია არ ექნებოდათ. ბავშვი ვიყავი და მაშინ ვერ ვაანალიზებდი, რატომ იყო ასე და რა პრობლემებს შემიქმნიდა ეს მომავალში, უბრალოდ ვიღებდი ამას მოცემულობად და ვცდილობდი, მის მიმართ სიმპათია სხვებისგან ფარულად გამომეხატა.

ქამინგაუთის შემდეგ დედამ მითხრა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი საქმეა, რომ ვუყვარვარ და საკუთარ შვილზე უარს არასდროს იტყვის.

ბაღის შემდეგ თინეიჯერობამდე ამ საკითხს აღარ მივბრუნებივარ — თითქოს თაროზე შემოვდე და გადავწყვიტე, დამევიწყებინა, რადგან ვერ ვიგებდი მის არსს, გამოხატვის დასაშვებ ფორმებს, მეშინოდა, რომ “ასეთი” მარტო მე აღმოვჩნდებოდი. მაშინ ეს ტრავმული არ იყო, რადგან ბავშვური გონება ამაზე არ ფიქრობდა და ვერ აანალიზებდა, უბრალოდ, ამ გადმოსახედიდან ვიხსენებ პატარა გიორგის ქცევებს, რომელიც მაშინ, ალბათ, ქვეცნობიერის კარნახით ხდებოდა და ასეთ ახსნას ვუძებნი მათ.

თვითგამორკვევა და დამალვის მცდელობები

სირთულეები თინეიჯერობისას დაიწყო, როცა კიდევ მომეწონა ბიჭი. მაშინ უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს აკრძალული და დაუშვებელი იყო. შესაბამისად, ვცდილობდი მეპოვა ამ გრძნობების მიზეზი, განკურნების საშუალება. 18 წლამდე, როცა პირველად ვაღიარე საკუთარ თავთან ჩემი იდენტობა, მთელი არსებით ვცდილობდი, გამექრო ის, მეთხოვა დახმარება ღმერთისთვის. უამრავჯერ მივიღე გადაწყვეტილება, მთელი ცხოვრება დამემალა ეს ამბავი, მათ შორის საკუთარი თავისთვისაც. მაგრამ როგორც უკვე ქამინგაუთის დროს დავწერე, იდენტობა ისეთი რამ არის, ვერაფერი დათრგუნავს ისე, რომ პატარა ნაპერწკალმა ვერ შეძლოს მისი უეცრად გაღვივება.

რაღაც მომენტში იდენტობისა და სექსუალობის თემაზე სტატიების კითხვა დავიწყე, ტელევიზიის მეშვეობით ჩემნაირი ადამიანები დავინახე და ნელ-ნელა დავძლიე ყველა ჩანერგილი ცრურწმენა, შიში, კომპლექსი და მივიღე საკუთარი თავი.


“ქამინგაუთი არის ყველაზე მძლავრი ქმედება, სოციალური და პოლიტიკური აქტი”

ქამინგაუთთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები მომისმენია თემის წევრების მხრიდან. მათ შორის, როცა რამდენიმე დღის წინ საჯარო ქამინგაუთი გავაკეთე Facebook-ზე, მკითხეს, რაში მჭირდებოდა და რას მარგებდა ეს. ყველა პოზიციას აქვს არსებობის უფლება. ჩემი გადმოსახედიდან, ადამიანი სოციალური არსებაა და მას აქვს ისეთი სოციალური მოთხოვნილებები, როგორიცაა სიყვარული, მეგობრობა, პატივისცემა, თვითგამოხატვა და ეს ყოველივე შეუძლებელია, თუ გიწევს დამალო ისეთი რამ, რაც შენს პიროვნებას განსაზღვრავს. გარდა ამისა, შეუძლებელია პირადი ცხოვრება მუდმივად დამალული იყოს, რადგან პირადი ცხოვრება მხოლოდ საძინებელში დახურულ კარს მიღმა არ მიმდინარეობს და მის შესახებ სხვა ადამიანებიც იგებენ. ამიტომ დიდად არჩევანიც არ არის.

ქამინგაუთს ან თავად გააკეთებ ან აუთინგის მსხვერპლი გახდები და სხვა გამხელს ადრე თუ გვიან. მესმის, რომ ყველას განსხვავებული სიტუაცია აქვს, ზოგისთვის ქამინგაუთი პირდაპირ სასიცოცხლო რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ როგორც მოვლენა, ქამინგაუთი არის ყველაზე მძლავრი ქმედება, სოციალური და პოლიტიკური აქტი, რომელიც არსებულ რეალობას უკეთესობისკენ ცვლის.

პირველად ქამინგაუთი ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან გავაკეთე, რომელიც ასევე დაქამინგაუთდა, ორმაგი ქამინგაუთი გამოგვივიდა მეგობრებს, რომლებიც თურმე წლების განმავლობაში საერთო პრობლემის წინაშე ვიდექით და ერთმანეთსაც კი ვუმალავდით. ეს იყო დიდი შვება. ემოციურად ეს საჯარო ქამინგაუთს არც შეედრება — პირველი სულ სხვაა, მაშინ ჯერ კიდევ გგონია, რომ რაღაც გარყვნილს ჩადიხარ და ვერავინ გაგიგებს, ამიტომ მიღება უფრო ფასობს.

ქამინგაუთის გამო არავინ დამიკარგავს, ამ ქმედებამდე ყველა ის ადამიანი, ვინც ვფიქრობდი, რომ არ მაღიარებდა, ბუნებრივად ჩამოვიცილე და მათთან ემოციური კავშირი გავწყვიტე, ხოლო ყველა სხვამ მიმიღო და მხარს მიჭერს, რაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ანეიტრალებს იმ ტრავმებსა და კომპლექსებს, რომლებიც ბავშვობასა და თინეიჯერობაში საზოგადოებამ მომაყენა.

დედამ სოციალური ქსელებიდან გაიგო, რადგან პირისპირ ამის თქმა ვერ გავბედე. ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა, ვიცოდი, რომ ჩემზე უარს არ იტყოდა, სახლიდან არ გამაგდებდა, მაგრამ მეშინოდა, რაიმე ჰომოფობიური არ ეთქვა, რაც მთლიანად ჩამოშლიდა ჩემს წლების განმავლობაში ნაშენებ თვითშეფასებას, იმედს და ბოლომდე გამანადგურებდა. თუმცა მისი რეაქცია გასაკვირად სწორი და ეთიკური იყო. მეორე დღეს შევხვდით და ვისაუბრეთ, ზოგადად, ჩვენს ურთიერთობებზე. მითხრა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი საქმეა, რომ ვუყვარვარ და საკუთარ შვილზე უარს არასდროს იტყვის.

ნებისმიერი დევნა უფრო აძლიერებს ჭეშმარიტებას და გადამწყვეტ მომენტში მას ყველა აღიარებს. ქვიარ ადამიანებმა ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.

ჩემი საჯარო ქამინგაუთიდან დიდი დრო არ გასულა, ამიტომ ნათესავების და მეზობლების რეაქციები ჯერ უცნობია. ვიცი, რომ გარკვეულ დისკომფორტს ჩემი ოჯახის წევრებიც იგრძნობენ და ეს ყველაზე ტრავმულია ჩემთვის, რადგან მე მიჩვეული ვარ ჰომოფობიას, მაგრამ ჩემ გამო ოჯახზე საზოგადოების ზეწოლა განსაკუთრებით მძიმე იქნება და ეს ახალი ეტაპია, რომელიც მათთან ერთად უნდა გავიარო. ამის გამო დანაშაულის მაქვს, მაგრამ არ მივცემ საშუალებას, შიგნიდან დამამარცხოს. საზოგადოების ჰომოფობიურ ნაწილის ეს ბერკეტი ხელიდან ოდესმე უნდა გამოვაცალოთ.

გადაწყვეტილება ქვეყანაში დარჩენაზე

უამრავ ქვიარს ვიცნობ, რომელმაც ჰომოფობიის გამო ქვეყანა დატოვა. ვერაფერში ვამტყუნებ მათ, ბრძოლა და გმირობა ადამიანმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა მოსთხოვო. ევროპაში წასვლაზე დედამაც მითხრა, მაგრამ მე ემიგრაციაში წასვლას არ ვაპირებ. აქაურ ჰომოფობიაზე მეტად იმ გრძნობის უფრო მეშინია, რომელიც წასვლის შემთხვევაში დამეუფლება, სისუსტის და დამარცხების. პატრიოტობაც მგონი ეს არის, როცა რჩები იქ, სადაც შესაძლოა, საუკეთესოდ არ გრძნობ თავს, მაგრამ იმედს არ კარგავ, რომ წვლილს შეიტან სიტუაციის გაუმჯობესებაში. თანაც, გაღებული მსხვერპლი უკვე იმდენად დიდია, იმდენი ქვიარი მოკლეს, რომ წასვლის უფლებას მორალი არ მაძლევს.


ქვიარ ურთიერთობების სირთულეები საქართველოში

ქვიარ ადამიანებისთვის ურთიერთობები დამატებითი ტრავმაა, რადგან რთულია ჯანსაღი ურთიერთობების აშენება, როცა იმალები და არ გიღებენ. გარდა ამისა, ბევრჯერ საკუთარ თავშიც და სხვა ქვიარებშიც შემიმჩნევია კომპლექსები, შიშები, ტრავმები, რომლებიც არ იძლევიან საშუალებას ისე წარმართო ურთიერთობები, რომ ეს ორივესთვის სასიამოვნო და სასარგებლო იყოს. ურთიერთობების შენება ჩემთვის განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან არასდროს მინახავს ჯანსაღი როლური მოდელი. ხშირად ვერ ვუმკლავდები რაღაც მომენტებს და ტოქსიკურად ვექცევი საკუთარ თავს. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ჰეტეროსექსუალ ადამიანებსაც აქვთ, რადგან საქართველოში ნებისმიერი სოციალური კავშირი ხშირად არაჯანსაღია.

მინდა, ქუჩაში გავიდე და ვიყვირო ჩემს ბისექსუალობაზე. არა იმიტომ, რომ ვინმეს დაინტერესება გამოვიწვიო, არამედ ეს იმდენად ჩვეულებრივი ამბავი უნდა გახდეს, რომ არავინ მომაქციოს ყურადღება. იდეალური გარემოც ასე წარმომიდგენია — როცა საჯაროდ ქამინგაუთის საჭიროება აღარ იქნება, ადამიანები ისე მიიღებენ იდენტობას და სექსუალობას, როგორც ხვეულ თმას, ცისფერ თვალებს ან სხვა ნებისმიერ მახასიათებელს.

უმნიშვნელოვანესია, პოლიტიკურ სპექტრს ვაჩვენოთ ჩვენი ელექტორალური ძალა, რათა მათ გაუჩნდეთ მოტივაცია, იმოქმედონ ჩვენი უფლებების დასაცავად. არ ვართ ცოტანი.

საქართველოში საზოგადოების დამოკიდებულება ლგბტქი+ თემის მიმართ შეცვლილია. ეს ყველა იმ ორგანიზაციის დამსახურებაა, რომლებიც წლების განმავლობაში თემის ხილვადობას და ამასთან ერთად, მიმღებლობას ზრდიდა. ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, რომლებიც ქამინგაუთს არ შეუშინდნენ მაშინ, როცა ეს კიდევ უფრო რთული და საშიში იყო. Მათი ძალისხმევის წყალობით, ნელ-ნელა იზრდება მიმღებლობა საზოგადოებაში.

“ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ”

კარგად ვიცი, რას გრძნობენ ადამიანები, რომლებიც თვითგამორკვევის პროცესში არიან. მათ ვურჩევდი, რომ არასდროს დაკარგონ უკეთესი მომავლის იმედი და იბრძოლონ მისთვის. გაიაზრონ, რომ ცხოვრება ერთია და არავინ და არაფერია საკუთარ ბედნიერებაზე მნიშვნელოვანი. გამოიყენონ ყველა შანსი და მიიღონ კარგი განათლება, რადგან მხოლოდ ეს არის გარანტი იმისა, რომ დამოუკიდებლობას მოიპოვებენ. იცოდნენ, რომ თუ ოჯახის წევრებს არ ირჩევენ, მეგობრების შეცვლა შესაძლებელია და მოძებნონ ისეთი სივრცე, სადაც დამალვა არ მოუწევთ — ასეთი პატარა სივრცეები ეხმარება ადამიანს, გადაიტანოს რთული პერიოდი და დაელოდოს მომენტს, როცა ბოლომდე მიიღებს საკუთარ თავს, საკმარისად დამოუკიდებელი გახდება და დამალვაც აღარ იქნება საჭირო.

ქართული ქვიარ აქტივიზმი არის ძალა, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, რადგან სიყვარული შეუძლებელია იყოს დანაშაული. ნებისმიერი დევნა უფრო აძლიერებს ჭეშმარიტებას და გადამწყვეტ მომენტში მას ყველა აღიარებს. იმ მომენტამდე ქვიარ ადამიანებმა ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. უმნიშვნელოვანესია, პოლიტიკურ სპექტრს ვაჩვენოთ ჩვენი ელექტორალური ძალა, რათა მათ გაუჩნდეთ მოტივაცია, იმოქმედონ ჩვენი უფლებების დასაცავად. არ ვართ ცოტანი, საარჩევნო უფლება ფარულია, ამიტომ საჯარო ქამინგაუთის გარეშეც შესაძლებელია გავლენა მოვახდინოთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე და რეალობა უკეთესობისკენ შევცვალოთ.

10 წლის შემდეგ საკუთარ თავს ბათუმში ვხედავ, საიდანაც ვგეგმავ პროფესიული კარიერის დაწყებას. სასიამოვნო მზიან ამინდში, სამსახურიდან გამოვდივარ და მივდივარ ბათუმის პირველ პრაიდზე.

ვოცნებობ, სამყაროში საკუთარი კვალი დავტოვო — ელა ჯამაგიძე

მე მქვია ელა ჯამაგიძე. ვარ 25 წლის ტრანსგენდერი ქალი და ქვიარ აქტივისტი.

ბავშვობა — ჩაგვრა ოჯახსა და სკოლაში

თბილისში დავიბადე. ბავშვობიდანვე ვგრძნობდი, რომ სხვა ჩემი თანატოლი ბიჭებისგან გამორჩეული ვიყავი, რადგან უფრო მგრძნობიარე, ემოციური და თბილი ვიყავი, ვიდრე სხვა ბიჭები. ჩემი ეს განსხვავებულობა გარშემომყოფთათვის ადვილად შესამჩნევი იყო, რადგან ვცხოვრობდი ისეთ ნაცრისფერ საზოგადოებაში, სადაც ყველა ერთმანეთის მსგავსი იყო და ასეთ სოციუმში მასისგან განსხვავებული ადამიანის გამოჩენა საკმაოდ შესამჩნევი იყო. ჩემს ამ განსხვავებულობას კონსერვატორული საზოგადოება დადებითად არ იღებდა.

ბავშვობიდანვე ძალადობის მსხვერპლი ვიყავი ოჯახის წევრების, ნათესავების, თანატოლი ბავშვების, თანასკოლელებისა და მასწავლებლების მხრიდან. ყველა, ვისთანაც შეხება მქონდა, მეუბნებოდა, რომ ჩემი ქცევები მასკულინური არ იყო და მომიწოდებდნენ, შევცვლილიყავი. თუმცა, ჩემში იმდენად დიდი დოზით ცხოვრობდა გოგო, რომ ძალდატანების მიუხედავად, ვერასდროს ვმალავდი იდენტობას. ამის გამო ბევრი ტკივილის გადატანა მომიწია.

ოჯახის წევრებთან 16 წლამდე ვიცხოვრე. ამ ცხოვრებიდან არც ერთი ბედნიერი წუთი არ მახსოვს. მათგან მხოლოდ ნეგატივი, ტკივილი, დამცირება, დაუფასებლობა, მიუღებლობა და ვერ გაგება მახსენდება.

მშობლები ბავშვობიდან მეუბნებოდნენ, რომ ან უნდა შევცვლილიყავი, ან სახლიდან ქუჩაში გამაგდებდნენ, რადგან მე მათთვის სამარცხვინო შვილი ვიყავი. ჩემს უმცროს დასაც სირცხვილის განცდა ჰქონდა ჩემ გამო. ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ჩემი განსხვავებული ქცევებისა და მანერების გამო თანასკოლელები არა მხოლოდ მე, არამედ მასაც დასაც დასცინოდნენ. ეუბნებოდნენ, რომ მისი ძმა ქალაჩუნა იყო. ჩემი პატარა დაიკო ამას ძალიან განიცდიდა, დათრგუნული და შერცხვენილი იყო. მშობლებმა მითხრეს, რომ მე ჩემი ფემინური საქციელით არა მხოლოდ ჩემს, არამედ ჩემი დის მომავალსაც ვანადგურებდი, რადგან ისეთ საზოგადოებაში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობდით, ეს სტიგმა არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ოჯახის წევრებზეც ვრცელდებოდა.

ნათესავები ფიქრობდნენ, რომ უბრალოდ ავად ვიყავი და მკურნალობა მჭირდებოდა. ამიტომ ჩემს მშობლებს მოუწოდებდნენ, ექიმთან მივეყვანე და ჩემთვის სექსოლოგიური მკურნალობა ჩაეტარებინათ, რათა შევცვლილიყავი.

ოჯახის წევრებთან 16 წლამდე ვიცხოვრე. ამ ცხოვრებიდან არც ერთი ბედნიერი წუთი არ მახსოვს. მათგან მხოლოდ ნეგატივი, ტკივილი, დამცირება, დაუფასებლობა, მიუღებლობა და ვერ გაგება მახსენდება.

ქამინგაუთი

საკუთარი იდენტობა ბავშვობიდანვე გააზრებული მქონდა. ვიცოდი, რომ არსებობდნენ ბიჭები, რომლებსაც ბიჭები მოსწონდათ, მაგრამ საკუთარ თავს ასეთ ადამიანად არ მივიჩნევდი. მე მინდოდა, რომ გოგო ვყოფილიყავი. ჩემს ქვეცნობიერში მუდამ ცხოვრობდა ლამაზი, პატარა, ოქროსფერთმიანი, ლურჯთვალება გოგო, რომელიც მუდამ მკარნახობდა, როგორ უნდა მემოქმედა, მუდამ მიბიძგებდა, მას დავმსგავსებოდი, არამხოლოდ გარეგნულად, არამედ — შინაგანადაც, რადგან ის შინაგანადაც იდეალური იყო, უმანკო, კეთილი, ნაზი და სათუთი. ამაზე ბავშვობაში ვერავის ვეუბნებოდი. არ შემეძლო ვინმესთვის გამემხილა, რომ ჩემს შიგნით სხვა ადამიანი იზრდებოდა, რადგან ამის შესახებ მაშინ არავის არაფერი სმენოდა. არც მე ვიცოდი რა იყო “ტრანსგენდერი” და არც არავინ ჩემ გარშემო. ამიტომ ამას ჩემში ვინახავდი. ჩემს შიგნით შევიქმენი სხვა, გამოგონილი სამყარო და იმ სამყაროში ვცხოვრობდი, როგორც გოგო.

მოვუწოდებ ყველა ქვიარს, არ გაექცნენ საკუთარ იდენტობას, რადგან მხოლოდ საკუთარი რეალური თავის შეყვარებით იპოვიან გზას ბედნიერებისკენ. 

ჩემი განსხვავებულობა ყველასთვის იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ვერბალურად ქამინგაუთის გაკეთების საჭიროება არ ყოფილა. უშუალოდ ოჯახის წევრებთან ამ თემაზე საუბარი მაშინ დავიწყე, როცა მათ გაიგეს, რომ კაცი შემიყვარდა. ეს 16 წლის ასაკში მოხდა. პირველად შევხვდი ისეთ ადამიანს, რომელმაც ჩემში შეიყვარა ის გოგო, რომელსაც ჩემ გარშემო ვერავინ ხედავდა. მაბედნიერებდა ის ფაქტი, რომ სამყაროში ერთადერთი ადამიანი მაინც ვიპოვე, რომელსაც ვუყვარდი ისეთი, როგორიც რეალურად ვიყავი. მასთან ფარული შეხვედრები მქონდა, მაგრამ ვიღაცებმა დაგვინახეს ერთად და ჩემს ოჯახს უთხრეს. იძულებული გავხდი, მშობლებისთვის მეთქვა, რომ კაცი მიყვარდა.

ჩემს ცხოვრებას რომ ვიხსენებ ტრანზიციამდე, ვხვდები, რომ უბედური ადამიანი ვიყავი. სარკეში ჩახედვა არ მინდოდა, რადგან ვერ ვცნობდი იმ გამოსახულებას, რომელიც ანარეკლიდან მიყურებდა. ვერ ვახერხებდი გულწრფელად შემყვარებოდა სხვა ადამიანი. მგონია, რომ მაშინ გულწრფელად არავის სიყვარული არ შემეძლო, მათ შორის, არც ოჯახის, რადგან საკუთარი თავი მძულდა. მას შემდეგ, რაც ჩემი თავი აღმოვაჩინე და შევქმენი ის პიროვნება, რომელიც ჩემთვის ორგანული იყო, დავინახე, რომ თურმე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ისეთიც შეიძლება შევუყვარდე, როგორიც მე მიყვარს საკუთარი თავი. ამიტომ მოვუწოდებ ყველა ქვიარს, არ გაექცნენ საკუთარ იდენტობას, რადგან მხოლოდ საკუთარი რეალური თავის შეყვარებით იპოვიან გზას ბედნიერებისკენ. 

ოჯახი — ერთი შვილის განკვეთა, მეორეზე ზრუნვის სახელით

ქამინგაუთის გაკეთებით მშობლებისგან უფრო დიდი აგრესია მივიღე, ვიდრე ნათესავებისგან. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც 16 წლის ასაკში მშობლებმა უარი თქვეს ჩემზე და იძულებული გავხდი სახლიდან წამოვსულიყავი. მითხრეს, რომ მათ გვერდით ვეღარ ვიცხოვრებდი, რადგან მათთვის სამარცხვინო ადამიანი ვიყავი და იძულებულები იყვნენ, მეორე შვილის ინტერესებიც დაეცვათ. არ უნდოდათ, რომ მის მომავალს ჩრდილი მისდგომოდა. 

გარკვეულწილად, მეც ვგრძნობდი თავს დამნაშავედ ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, რადგან ტრანსგენდერი შვილის გამო, ცხადია, ისინიც განიცდიდნენ ბულინგს საზოგადოებისგან. ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემი პატარა დაიკოს ტკივილი, რომელსაც ჩემი რცხვენოდა. მახსოვს, როდესაც 18 წლის ასაკში პირველად ტელევიზიით გამოვჩნდი და ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარ იდენტობაზე ვისაუბრე, როგორც ქალმა, ამან მასზე ძალიან იმოქმედა. სკოლაში წასვლისაც არ უნდოდა, რადგან მისი კლასელები და მასწავლებლები მიცნობდნენ.

ყველაზე მეტად ის ადამიანური ურთიერთობები მენატრება, რომლებიც მეტ-ნაკლებად მაინც მქონდა საქართველოში. ტრანსფობიურად განწყობილი საზოგადოების მიუხედავად, მუდამ ვპოულობდი ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარდი ისეთი, როგორიც ვარ. 

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ინტეგრაციას მეტ-ნაკლებად მაინც ვახერხებდი და არასდროს ვუშინდებოდი დღისით ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას, ასევე, ხშირად ვსარგებლობდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ჩემს ქვეყანაში განვითარების გზა ვერ ვიპოვე. იყო ტრანსგენდერი საქართველოში ავტომატურად ნიშნავს, რომ განათლების მიღების, კარიერის შექმნისა და რაც მთავარია, საზოგადოებაში ინტეგრაციის გზა მოჭრილი გქონდეს. მართალია, უგულებელვყოფდი ადამიანების ნეგატიურ დამოკიდებულებას ჩემდამი, მაგრამ საბოლოოდ ქვეყანა მაინც დავტოვე, რადგან სურვილი მქონდა, რომ რაღაც უფრო მეტისთვის მიმეღწია, ვიდრე კომერციული სექს-სამუშაო იყო. არსებობის მიზნით, მანამდე აქტიურად ვიყავი ჩაბმული ამ საქმიანობაში, რამაც ფიზიკური და მორალური ზიანი ბევრჯერ მომაყენა.

ემიგრაცია და ცხოვრება ბელგიაში

ემიგრანტობა მარტივი არ არის, რადგან ისეთი ადამიანების გარემოცვაში ხარ, რომლებსაც საერთოდ არ იცნობ და არ გიცნობენ. ასეთ დროს ადამიანის გულში დიდი წყვდიადი ისადგურებს, რადგან ცხოვრობ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც არ გდევნის, მაგრამ, ამავდროულად, მათთვის შენ არაფერს ნიშნავ და არც შენთვისაა ეს საზოგადოება მნიშვნელოვანი. არავინ გიყვარს და არავის უყვარხარ, უბრალოდ საქმიანი ურთიერთობები გაქვთ ერთმანეთთან და ხშირად ისე გესაუბრებიან, რომ არც კი გიყურებენ, რადგან მათთვის უინტერესო ხარ.

საბედნიეროდ, გამიჩნდა იმის პერსპექტივა, რომ ევროპაში განათლებაზე და კარიერის აწყობაზე მეზრუნა. ახლა სწორედ ამ ეტაპს გავდივარ, მაგრამ გულის სიღრმეში განვიცდი იმას, რომ თუკი რამე წარმატებას მივაღწევ, ეს არ იქნება ჩემი ხალხისთვის მიღწეული წარმატება. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, უცხო საზოგადოებისთვის ვაკეთებ, რომლის მიმართაც ემოციურ დონეზე არაფერს ვგრძნობ და ისინიც არაფერს გრძნობენ ჩემ მიმართ.

ემიგრაციაში მეგობრების შეძენა რთულია, რადგან ევროპელები იმდენად ორიენტირებულნი არიან საქმიან ურთიერთობებზე, რომ ადამიანური ურთიერთობები და გრძნობები უკანა პლანზე აქვთ გადაწეული. შესაბამისად, საქართველოდან ყველაზე მეტად სწორედ ის ადამიანური ურთიერთობები მენატრება, რომლებიც მეტ-ნაკლებად მაინც მქონდა ჩემს სამშობლოში. ტრანსფობიურად განწყობილი საზოგადოების მიუხედავად, მუდამ ვპოულობდი ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარდი ისეთი, როგორიც ვარ. 

ევროპაში 5-წლიანმა ცხოვრებამ, პირველ რიგში, ის შეცვალა, რომ თავი ჩვეულებრივ ადამიანად ვიგრძენი, რომელიც სხვებისგან არაფრით განსხვავდება და გამოირჩევა. საქართველოში ამას ვერ ვგრძნობდი. საქართველოში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მოვწონდი. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც არ მოვწონდი, მაგრამ ყველასთვის მაინც არაჩვეულებრივ ადამიანად მივიჩნეოდი, რომელს მიმართაც განსაკუთრებული ყურადღება და დამოკიდებულება იყო.

სანამ მზის ამოსვლას ვხედავ, ვხვდები, რომ ყოველი მომდევნო დღე ახალი შანსის მომცემი შეიძლება აღმოჩნდეს და ეს უნდა გამოვიყენო ბედნიერების მოსაპოვებლად. 

იყო ქვიარი ბელგიაში ნიშნავს, რომ იყო საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, არაფრით გამორჩეული სხვებისგან. ეს დამოკიდებულება მე, როგორც ადამიანს მიქმნის დაცულობის შეგრძნებას — აქ არ მაქვს იმის განცდა, რომ ვინმე შეიძლება თავს დამესხას ჩემი განსხვავებულობის გამო, რადგან ამ საზოგადოებისთვის მე განსხვავებული ადამიანი არ ვარ. 

აქტიურად ვადევნებ თვალს ციფრული მედიის მეშვეობით საქართველოში არსებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ვითარებას და სამწუხაროდ, ვფიქრობ რომ ამ 5 წლის მანძილზე, რაც მე საქართველო დავტოვე, ამ კუთხით დიდწილად არაფერი გაუმჯობესებულა. ამას ყველაზე მეტად ცხადყოფს 5 ივლისის მოვლენები. შესაბამისად, საკუთარ სამშობლოში დაბრუნების ძალიან მეშინია, რადგან ვიცი, რომ იმავე სირთულეების წინაშე აღმოვჩნდები, რომლებიც 5 წლის წინ მქონდა — არ მექნება არანაირი სხვა შემოსავლის წყარო სექს-სამუშაოს გარდა, არ მექნება განათლება და დასაქმების პერსპექტივა, გამიჭირდება საცხოვრებლად ბინის დაქირავება და რაც მთავარია, ქუჩაში გასვლისას ძალადობრივი აგრესიის შიში მექნება.

სამომავლო გეგმები

მაძლიერებს იმედი და მომავლის რწმენა, რომ აუცილებლად ვიპოვი საკუთარ წილ ბედნიერებას. სამწუხაროდ, ცხოვრებაში იმედგაცრუებები ხშირია. როცა რაღაცის შექმნისთვის იბრძვი და იმედი გიცრუვდება, ნეგატიური განწყობა გეუფლება. ეს მეც გამომიცდია, მაგრამ სანამ მზის ამოსვლას ვხედავ, ვხვდები, რომ ყოველი მომდევნო დღე ახალი შანსის მომცემი შეიძლება აღმოჩნდეს და ეს უნდა გამოვიყენო ბედნიერების მოსაპოვებლად. 

მეშინია იმის პროგნოზირება, თუ ვინ და სად ვიქნები უახლოესი 10 წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ და ვცდილობ, ცხოვრების თითოეული ეტაპი წინასწარ დავგეგმო, ხშირად მაინც ხდება ის, რასაც ვერ წარმოვიდგენდი. მაგალითად, 5 და 10 წლის წინ ვერ ვიფიქრებდი იმაზე, რომ დღეს ევროპის ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყანაში ვიცხოვრებდი სულ სხვა ადამიანების გარემოცვაში და იმ ადამიანებს დავტოვებდი, რომელთა გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა.

ბევრ რამეზე ვოცნებობ. მინდა, ჩემი ადამიანი ვიპოვო, რომელიც არასდროს მაგრძნობინებს თავს მარტოსულად. ასევე, ვოცნებობ, ამ სამყაროში საკუთარი კვალი დავტოვო. არ მინდა, ჩემი ცხოვრება უშინაარსოდ წარიმართოს. მინდა შევქმნა ისეთი ღირებული რამ, რაც უკვდავად დატოვებს ჩემს პერსონას საზოგადოებაში. ეს ძალიან ამბიციური განაცხადია, მაგრამ მე ამის სურვილი მაქვს და ვეცდები, შესაბამისი ნაბიჯები გადავდგა.

ყველა ქვიარ ადამიანს, ვინ თვითგამორკვევის პროცესს ახლა გადის, ვურჩევდი, არ შეეშინდეთ იდენტობის, მასობრივი აგრესიის შიშით არ თქვან უარი საკუთარ თავზე. თუ საკუთარ თავს მიიღებენ და შეიყვარებენ, შეუყვარდებათ სხვა ადამიანებიც და აუცილებლად იპოვიან ისეთებსაც, ვისაც ისინი ეყვარება.

საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას ვერ დავთმობ — თორნიკე კუსიანის გამოცდილება

“ჩემი მთავარი მოტივაცია არის პატარა თორნიკე, რომელმაც ძალიან ბევრი უსამართლობა გამოიარა, გადარჩა, განვითარდა. მინდა, ის პასუხისმგებლობა, რაც იმ თორნიკეს მიმართ მაქვს, რომელსაც თავის დროზე ვერ დავეხმარე, სხვა ადამიანების კეთილდღეობისკენ მივმართო”, — გვეუბნება თორნიკე კუსიანი, ქვიარ-ფემინისტური პარტია მწვანეების დამფუძნებელი.

გვიყვება, რომ უკიდურესი გაჭირვების, იდენტობასა და ერთგვაროვან გარემოს შორის აცდენისგან გამოწვეული კონფლიქტის, წარმატების მიღწევისთვის დაუღალავი შრომის და იმედგაცრუებების მიუხედავად, ფეხზე წამოდგომის გრძელი გზა გაიარა. ახლა პოლიტიკურ პროცესში ერთვება, რათა, მისი თქმით, ქვეყნის საკეთილდღეოდ განათლების, თანასწორობისა და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა საზოგადოებასაც დაანახოს. 

თორნიკე კუსიანმა ქვიართან ბავშვობაზე, განათლების მნიშვნელობაზე, აქტივისტურ საქმიანობაზე, მწვანე ოჯახში ნაპოვნ თვითზრუნვის შესაძლებლობასა და იმ პოლიტიკურ ხედვაზე ისაუბრა, რომელიც ყველა ადამიანისთვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნაზეა ორიენტირებული. 

90-იანების ბავშვობა და ლოცვა საკუთარი თავის წინააღმდეგ

ფოტო: ვახო ქარელი

ვლოცულობდი საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ არ ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ვიყავი, ღმერთს ვთხოვდი, შევეცვალე და ვერ ვაცნობიერებდი, რომ როგორიც ხარ, ისეთი უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი.

მე ვარ ბავშვი, რომელიც დაიბადა 1989 წელს და მთელი ბავშვობა გაატარა 90-იანებში, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ინსტიტუტის კოლაფსის მომსწრე ვიყავი. თბილისში დავიბადე, ჩემი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, თანაც სამოქალაქო ომის პერიოდი იყო და ამის გამო სოფლად, საჩხერეში გადავედით, სადაც დაახლოებით 8 წელი, მე-3 კლასამდე ვცხოვრობდი. იმ პერიოდიდან მხოლოდ ჩემი ოჯახის გაჭირვება კი არ მახსოვს, არამედ ზოგადად სიდუხჭირე გარშემო. ხშირად ამბობენ, რომ გაჭირვების ციკლისთვის თავის დაღწევა ძალიან რთულია და ამას დღემდე ცხადად ვგრძნობ, თუმცა ამასთან, სწორედ ამ მოცემულობამ მომცა სოლიდარობის შეგრძნება და სურვილი, რომ რაღაცები უკეთესობისკენ შევცვალო. 

ბავშვობიდანვე ვხვდებოდი, რომ რაღაც “განსხვავებული” ხდებოდა ჩემს თავს და ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ქვიარობას. ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ნორმად მიიჩნეოდა, კითხვის ნიშანი მქონდა. მახსოვს, რომ ბავშვობიდან სოლიდარული ვიყავი ქალების მიმართ, იმიტომ, რომ პატარაობიდანვე ვაკვირდებოდი, როგორ საქმიანობდნენ სოფელში მცხოვრები კაცები და როგორ საქმიანობდნენ ქალები, ვაკვირდებოდი იმასაც, როგორ ექცეოდნენ ეს კაცები ამ ქალებს. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან ფემინისტი ვიყავი.

რაც შეეხება იდენტობას, მგონი თავიდანვე ვიცოდი, რომ არ ვიყავი ჰეტეროსექსუალი. ცხადია, ამის ადრეული ასაკიდან გააზრება იმასთან მიმართებით, რაც გარშემო ხდებოდა, მუდმივ კონფლიქტში მამყოფებდა საკუთარ თავთან. თანაც, რელიგიურ ოჯახში ვიზრდებოდი და ზოგადად, რელიგია დასახული იყო გადარჩენის ერთადერთ საშუალებად, ამიტომ რელიგიურ ცხოვრებაში მეც აქტიურად ვიყავი ჩართული. ისეთი რაღაცები მაქვს გაკეთებული საკუთარი თავისთვის, რომ დიდი ხანი დამჭირდა და კიდევ დამჭირდება, რათა ბოლომდე ამოვძირკვო შინაგანი მენტალური სისტემიდან. ფაქტობრივად, ვლოცულობდი საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ არ ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ვიყავი, ღმერთს ვთხოვდი, შევეცვალე და ვერ ვაცნობიერებდი, რომ როგორიც ხარ, ისეთი უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი. მთელ დროს საკუთარი თავის სიძულვილში ვატარებდი. ამ გზას ბევრი ქვიარ ბავშვი, ყველა ადამიანი გადის, ვისაც არ აქვს მხარდაჭერის ძლიერი ქსელი და მერე ამ რეალობით გამოწვეული ტრავმები მთელი ცხოვრება მოგყვება, ყველაფერზე ახდენს გავლენას, მათ შორის, პოლიტიკურ არჩევანზე, დანებებაზე, ქვეყნიდან გაქცევაზეც. მუდმივად ხარ იმ მდგომარეობაში, სადაც ცდილობ, საკუთარი თავი გადაარჩინო იმ ხაფანგებისგან, რომლებიც ბავშვობაში ან თინეიჯერობაში შენივე თავმა და საზოგადოებამ დაგიგო. 

ცუდად მახსენდება სკოლაც. ეს იყო ინსტიტუტი, რომელიც ალბათ დღემდე ასოცირდება ბევრ შიშთან. მოზარდობისას მეშინოდა სკოლაში მისვლის, არ მსიამოვნებდა კომენტარები, არ მსიამოვნებდა ბულინგი, რომლის მსხვერპლიც ვიყავი. ყოველთვის ვცდილობდი სხვების გაგებას, მაგრამ ამის საპასუხოდ რთულად მიგებდნენ. ხშირად ვყოფილვარ დაცინვის სამიზნე, ფიზიკური ძალადობის ობიექტიც. თინეიჯერები, განსაკუთრებით ბიჭები, ხშირად ფიზიკურად უსწორდებიან ერთმანეთს. ასე აკომპენსირებენ იმ უსუსურობას, რაშიც ვიბადებით ამ ქვეყანაშიც და სამყაროშიც, ეს არის თვითდამკვიდრების გზაც. მეც ხშირად მიწევდა ფიზიკურ ბრძოლაში ჩართვა და ამით ვამაყობდით კიდეც, მაგრამ რთული იყო გამკლავება. კლასელი გოგოების მხარდაჭერა მახსოვს, დაცვაზე არასდროს ამბობდნენ უარს. სკოლაში იყო ერთი-ორი ბულერი, რომლებმაც ტრავმები დამიტოვეს, რადგან რაც უფრო გაიზარდნენ, მით უფრო აგრესიული გახდა ბულინგის გზები. სულ ვფიქრობდი იმაზე, რომ ეს დასრულდება, ერთხელაც მოვა ის დრო, როდესაც ისეთ ადგილას ვიქნები, სადაც ამის გადატანა აღარ მომიწევს. ჩავეფლე სწავლაში, განათლებაში და ცვლილების იმედში. საკუთარ თავს დაკვეთები მივეცი და ეს ერთგვარად თვითგადარჩენის მექანიზმად მექცა. მოვუწოდებდი თავს, რომ უნდა გადავრჩენილიყავი, წარმატებისთვის უნდა მიმეღწია, რათა ვიღაცებისთვის მეორადი ადამიანი აღარ ვყოფილიყავი. 

აღარ არის იმის დრო, რომ დავიმალოთ, შევიკეტოთ

პირველი ქამინგაუთი დიდი ხნის წინ, მეგობრებთან მქონდა და პოზიტიურად ჩაიარა, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე, რომ ქამინგაუთი იმდენად მსხვერპლის როლიდან გამოსვლის მომენტია, ელოდები სევდიან ემოციებს, მხარზე ხელის დარტყმას და ფრაზას: “მაინც მიყვარხარ”. ჩემთვის ეს მიუღებელი იყო, არ მინდოდა ჩემს იდენტობაზე საუბარი სხვების მხრიდან ვალიდაციის პროცესს დამსგავსებოდა. ოჯახშიც უსაყვარლესი ადამიანები მყავს, სანათესავოშიც, განსაკუთრებით ქალებისგან ვგრძნობ მიმღებლობას. რაც დრო გადის, მით უფრო მეტ სიყვარულს ვგრძნობ. ოჯახმაც, გარემოცვამაც ჩემთან ერთად ისწავლა მიღება. შემიყვარეს ისეთი, როგორიც ვარ. ეს განაპირობა იმანაც, რომ არ დამიმალავს არაფერი საკუთარ თავზე, მტკივნეულიც რომ ყოფილიყო მათთვის. მინდა, რომ ოჯახს დავუბრუნო ყველაფერი კარგი, რაც ჩემთვის მოუციათ, კეთილდღეობა მოვუტანო ჩემი საქმიანობით. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო დედა, რომელიც თავდაუზოგავად შრომობდა, რომ მე და ჩემს ძმას განათლება მიგვეღო და ამისკენ მუდმივად მოგვიწოდებდა.

პოლიამორია — პირადი ცხოვრება და პოლიტიკური კონტექსტი

ხშირად ვფიქრობ და ვიცი, ამხელა გზის გამოვლა არ გამომივიდოდა გვერდით საყვარელი მეგობრები და პარტნიორები რომ არ მყოლოდა. უნდა ვთქვა ისიც, რომ მე ვარ პოლიამორი ადამიანი, მონოგამია არასდროს ყოფილა ჩემი და მაშინ, როცა აქ პოლიამორიაზე საუბარი ფაქტობრივად არ იყო, მე და ჩემს გარემოცვას ხშირად გვქონდა დისკუსია, ვწერდით სტატიებს. პირად ცხოვრებაში ჩემთვის ორი უსაყვარლესი ადამიანის მხარდაჭერას ვგრძნობ ყოველთვის, ისინი წინსვლის ენერგიას მაძლევენ, მიადვილებენ ღიად ცხოვრებას და შრომას. მათგან უამრავი რამე ვისწავლე, ჩემი საყრდენები არიან და მიუხედავად იმისა, რომ ახლა საქართველოში, ჩემ გვერდით არ არიან, სულ ვგრძნობ მათ მხარდაჭერას. 

პოლიამორია, კონტექსტის გათვალისწინებით, პოლიტიკური განაცხადიც არის. ეკონომიკა და პატრიარქატი არის ის ძალა, რომლებიც ერთად ქმნიან მონოგამიას, მონოგამიურ ურთიერთობებს და ხშირად ამ მონოგამიური ურთიერთობის მსხვერპლები სწორედ ქალები არიან. ქალები ხშირად ვერ ახერხებენ ურთიერთობებში არჩევანის გაკეთებას, ხშირად იძულებულნი არიან, რომ შევიდნენ ურთიერთობაში, მერე ძალადობა ითმინონ და თავის დაღწევაც ხშირად ვერ შეძლონ. მონოგამიის გზით კაცები იმორჩილებენ ცოლებს და პატრიარქატსა და ეკონომიკას შორის იდება უსიტყვო გარიგება, რა დროსაც კაცი არის ეკონომიკური ღერძი და ცოლები ეწევიან საშინაო შრომას. ადამიანებმა უნდა შევინარჩუნოთ ავტონომიურობა, ბოლომდე არ გადავეჯაჭვოთ სხვებს, მაგრამ, ამავდროულად, ერთმანეთის ნაწილი ვიყოთ. ეს შესაძლებელია რაღაც გზებით. შეყვარებულები უნდა ვიყოთ საკუთარ თავზე და შემდეგ გულში ადგილი გამოვათავისუფლოთ სხვების, მრავალი ადამიანის სიყვარულისთვის. ჩვენ შეგვიძლია სიყვარული გავუნაწილოთ ყველას — ჩვენ ხომ გვიყვარს ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები, ჩვენ ვიცით, როგორ გვიყვარდეს ერთზე მეტი.

განათლება, როგორც გარემოს უკეთესობისკენ შეცვლის გზა

ფოტო: ვახო ქარელი

თავიდან თსუ-ში ჩავაბარე ბიზნესის ადმინისტრირებაზე და იდეალურად დავხურე, შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტროზე იმავე მიმართულებით. მთელი ეს პერიოდი მაწუხებდა ის, რომ მწვანე და ქვიარ აქტივიზმში ვიყავი პარალელურად ჩართული, მაგრამ ადამიანის უფლებების, სოციოლოგიის, ეკოლოგიის, კლიმატის ცვლილების მიმართულებით განათლება არ მქონდა. Chevening-ის პროგრამამ მომცა საშუალება, რომ წავსულიყავი ბრიტანეთში და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, ლონდონის ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების სკოლაში მესწავლა გარემო და განვითარება. 

იქ აღმოვაჩინე, რომ თურმე არსებობს გარემოს მიმართ გონივრული სისტემები, რომლებიც მთელ მსოფლიოში წარმატებულად მუშაობს, მათ შორის, ეკონომიკური ინდუსტრიებშიც. ველოსიპედი გამოგონებულია და ამ ველოსიპედის განვითარებაზე მიმდინარეობს შრომა, მაშინ, როცა ჩვენ აქ იმაზე ვდავობთ, რომ გარემოსდაცვითი რეგულაცია ბიზნესს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. არადა, ბევრი მეთოდია იმისთვის, რომ ბიზნესი და ქვეყანა ცუდ მდგომარეობაში კი არ ჩააგდო, არამედ პირიქით — სხვა ქვეყნებთან მიმართებაში კონკურენტუნარიანი გახადო. გარემოსდაცვით რელსებზე ვინც პირველი გადავა, ის ქვეყნები ძალიან კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, იმათთან შედარებით, ვინც გვიან გადადგამს ამ ნაბიჯს, იმიტომ, რომ გარემოსდაცვითი რელსები განახლებადი ენერგიების წყაროს გამოყენებას, ინოვაციურ ტექნოლოგიებს, შესაბამისად, წარმოების თვითღირებულების შემცირებას გულისხმობს. 

ბრიტანეთში სწავლისას ისიც აღმოვაჩინე, რომ გამოცდილება კი მქონდა, მაგრამ მაინც არ მქონდა თანასწორი საგანმანათლებლო პირობები, რადგან რაც მე არ მისწავლია, იქ ბევრად პატარებმა იცოდნენ. ეს ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ბრალია, მაგრამ ამ ხარვეზმა მომცა პერსპექტივა, რომელიც არ ჰქონდათ სხვებს — საკითხების მრავალშრიანი გააზრება. დისერტაცია საჯარო მწვანე სივრცეებზე და ქვიარ ადამიანებზე დავწერე და კურსის საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს. 

საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას ვერ დავთმობ.

სანამ სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის აუცილებლობის შესახებ ჩემს ხედვას განათლებით გავამყარებდი, მწვანეებთან კავშირი უკვე მქონდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 21-22 წლის ასაკში, კლიმატის ცვლილების დამანგრეველი შედეგების გააზრებამ ჯერ ეგზისტენციალურ კრიზისამდე, შემდეგ კი უკვე ე.წ. კლიმატის დეპრესიამდე მიმიყვანა. გავიაზრე, რომ ის პოლიტიკური სისტემები, რომლებიც გვაქვს მთელ მსოფლიოში, არ ინტერესდებიან კლიმატის ცვლილებით და რთული იყო იმ კატასტროფული სურათის წარმოდგენა, რომ დავიღუპებით, რადგან არ არსებობს პოლიტიკური ნება — ყველას ურჩევნია მოჭრას ხეები, დააბინძუროს გარემო, ახალი, ინოვაციური მეთოდების დანერგვის ნაცვლად. კლიმატის დეპრესიამ, ერთი მხრივ, დამაზიანა, მაგრამ, მეორე მხრივ, მიმანიშნა, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. იმედის პოვნა, გადაწყვეტის გზების ძიება საკუთარ თავში დავიწყე და მწვანე ოჯახამდე მივედი, რომელმაც არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვა და სიყვარული, თვითსიყვარულიც მასწავლა. იქამდე ჩემ გარშემო არ იყო სივრცე, სადაც სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ჩემი არანორმატიული აზრების გამოხატვას შევძლებდი. ერთ-ერთი ან ერთადერთი სივრცე მწვანეები იყო და ამის გამოა, რომ დღემდე ასე ერთგულად მოვყვები. აქ მომეცა საშუალება, მესაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც მაწუხებდა, გამომეხატა ჩემი ის მხარე, რომელსაც სხვაგან ვერ გამოვხატავდი. გარკვეულწილად ორი ქვეპერსონაც კი ჩამოყალიბდა ჩემში — ერთი, რომელსაც ადამიანები იცნობდნენ სამსახურში ან ოჯახში და მეორე, რომელსაც იცნობდნენ მწვანეები. 

იმის გამო, რომ გაჭირვება თან სდევდა ჩემს ცხოვრებას და ამასთან, იყო გამოწვევები, რომლებიც ჩემს იდენტობას ახლდა თან, ვიცოდი, რომ მიუღებელი ვიყავი. თანაც, ბევრ არაინკლუზიურ სივრცეში მიწევდა ტრიალი და უსამართლობის შეგრძნებას, რასაც მსგავს გარემოში ნაადრევ ასაკში ყოფნა იწვევს, მერე აქტივიზმში საწვავად ვიყენებდი. ამან მომცა ძალა, რომ ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რათა ის, რამაც მე შემაწუხა, ის, რაც მე გამოვიარე, სხვებს არ გამოევლოთ. შეიძლება ძალიან ნაივურიც კი იყო საკუთარ თავთან მსგავსი დაკვეთა. მერე და მერე მივხვდი, რომ არ შეიძლება საკუთარ თავს ან სხვებს აჰკიდო უზარმაზარი პასუხისმგებლობა, როცა არ გაქვს შესაბამისი ძალაუფლება, რომ რაღაცები შეცვალო. 

აქტივიზმი, ალტერნატიული სივრცეები და მალვის დრო, რომელიც ამოიწურა

ფოტო: ვახო ქარელი

განსხვავებულობაა ის, რაც ერთმანეთში უნდა გვიყვარდეს, ყველა ადამიანი თავისებურად არის განსხვავებული და ზუსტად ეს ხდის მას უნიკალურს.

ცვლილებების სურვილმა განაპირობა ჩემი ლგბტქი+ აქტივიზმში ჩართვაც. თანასწორობის მოძრაობის კომიტეტის არჩეული წევრი ვიყავი რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს ხდებოდა მას შემდეგ, რაც ქვიარ აქტივიზმში გარკვეული ტიპის კრიზისი იყო — ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია ჩამოიშალა და ვხვდებოდით, რომ ქვიარ ადამიანების დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის სტრუქტურა არ არის საკმარისი. მეგობარ ქვიარ აქტივისტებთან და კლუბ ბასიანთან ერთად დავიწყეთ კოლაბორაცია ამიერკავკასიაში პირველი და ყველაზე დიდი ქვიარ ღამეების სერიის შესაქმნელად.

ყოველ ღამით ასობით ადამიანს ვესაუბრებოდით, რას ნიშნავს, როცა არ ხარ შეზღუდული იმ წარმოდგენებისგან, რომელსაც საზოგადოება კულტურული წნეხის საშუალებით თავს გახვევს, მაგალითად, რომ უნდა იყო “ქალური” ან “კაცური”, უნდა იყო ჰეტეროსექსუალი ან ხარ “ბინძური ჰომოსექსუალი”. გვინდოდა ამ დიქოტომიებისგან თავის დაღწევა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ადამიანები საკუთარ თავს ბევრად უფრო მრავალფეროვან სპექტრზე დაინახავდნენ, ამ სტანდარტებს, ამ კულტურულ კლიშეებს გარეთ დატოვებდნენ. 

ჰორუმმა მთლიანად გარდაქმნა ლგბტქი აქტივიზმი თბილისში და გააჩინა უსაფრთხო სივრცეები, რომლებიც დღეს ქალაქში ძალიან ბევრი გვაქვს. ბასიანმა შემოგვთავაზა დაცული სივრცე, ჩვენი ერთ-ერთი წვლილი კი ლგბტქი თემში უკვე არსებული ნდობა იყო. ყველა ადამიანისთვის უსაფრთხო, ინკლუზიური სივრცის შექმნა რთული იყო. საკლუბო სივრცეები, არტისტებიდან დაწყებული, განათებით დასრულებული, მთელ მსოფლიოში დომინირებულია კაცების მიერ. ძალიან რთული იყო ქალების სრულად ინკლუზია, ამიტომ ქალებისთვის ცალკე ჰორუმებსაც ვაკეთებდით. გარდა ამისა, ადგილზე ყველანი აქტიურად ვიყავით მობილიზებული და თითოეულ ადამიანს ვესაუბრებოდით, რომელსაც ადგილზე გარკვეული ტიპის უსიამოვნება ან განცდა ექნებოდა, რათა გაგვეაზრებინა და დავფიქრებულიყავით, როგორი უნდა ყოფილიყო ღამეები. იყო მუქარებიც, რომ მოვიდოდნენ ვიღაცები, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ — ვერც ვინმეს მობილიზება შეძლეს, სივრცეც დაცული იყო. ადგილზე ჩვენი ყოფნა იყო ის გარანტი, რომ ვინმეს რამე თუ სჭირდებოდა, დავეხმარებოდით. ნელ-ნელა ჩვენც ვიზრდებოდით, ვაფართოებდით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, იყო ქვიარი, არანორმატიული. ეს თვითგამორკვევა ღამეებზეც აისახებოდა. 

ჩემთვის ქვიარობა არასდროს ყოფილა დაცლილი გარემოსდაცვითი და გარემოში არსებული პრობლემებისგან, რადგან სწორედ გარემოში არსებული პრობლემებით იყო ნაკარნახევი ჰორუმ ნაითსი. ურბანულ სივრცეებზე, სხვა მწვანე სივრცეებზე თუ ვისაუბრებთ, ქვიარ ადამიანებს არათანაბარი წვდომა აქვთ საზოგადოების სხვა წევრებთან შედარებით. საჯარო სივრცეების უქონლობამ გამოიწვია ნაწილობრივ ისიც, რომ ცოტა დახურულ უსაფრთხო სივრცეში დავიმალეთ და შევიკეტეთ, თუმცა მჯერა, რომ აღარ არის იმის დრო, რომ დავიმალოთ, შევიკეტოთ, აღარ გვიცდის ჩვენ არც ქვეყანაში არსებული პროცესი, არც ზოგადად მსოფლიო, გლობალური კლიმატი, რომ დავიმალოთ, რაღაცები ვერ გავბედოთ, იმისთვის რომ სოლიდარობის ხაზები ვერ გავავლოთ ერთმანეთთან მოქალაქეებმა. ჩვენ გვჯერა, ახლა არის ის ეტაპი, რომ ადამიანებს მოვუწოდოთ, განსხვავებულობაა ის, რაც ერთმანეთში უნდა გვიყვარდეს, ყველა ადამიანი თავისებურად არის განსხვავებული და ზუსტად ეს ხდის მას უნიკალურს. სიყვარული, სოლიდარობა, საერთო ენის გამონახვა შეიძლება იყოს ის, რაც გადაგვარჩენს.

როცა საკუთარ თავს იღებ, გიყვარს და მის მიმართ ხარ სოლიდარული, თანამგრძნობი, მერე ხდები ადამიანი, რომელსაც უყვარს სხვებიც, თანაუგრძნობს, სოლიდარულია.

სტრუქტურა, პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელშიც ვართ, ერთმანეთს გვაპირისპირებს და ცდილობს, რომ ერთმანეთის მტრებად მოგვნათლოს. ამ დროს, ბევრად დიდი მტერი გვყავს, თუნდაც კლიმატის ცვლილების სახით, თუნდაც იმ პოლიტიკური სტრუქტურის სახით, რომელიც პოლარიზაციას იწვევს მთელ ქვეყანაში და ადამიანებს აპირისპირებს, სოლიდარობისა და სიყვარულის ნაცვლად ზიზღს და შურს ნერგავს. 

მარტო ქვიარ ადამიანები კი არა, მგონი ყველა თვითსიძულვილშია ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ საკუთარი თავის და სხვების მიმღებლობა ძალიან დაბალია. როცა საკუთარ თავს იღებ, გიყვარს და მის მიმართ ხარ სოლიდარული, თანამგრძნობი, მერე ხდები ადამიანი, რომელსაც უყვარს სხვებიც, თანაუგრძნობს, სოლიდარულია. ჩვენმა განათლების სისტემამ, პოლიტიკურმა სისტემამ, ჩვენმა ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა უსუსურობამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ ეს ასე არ იყოს. 

დაცემა, წამოდგომა და წინსვლა

ფოტო: ვახო ქარელი

მჯერა, რომ კულტურულად, ისტორიულად ისეთი საზოგადოება ვართ, რომელიც გენდერული, ეთნიკური თუ სხვა ნიშნით მიმღებლობის ნაწილში არ იყო ისეთი, როგორიც ახლა. 

აქტივიზმმა ბევრი ენერგია წამართვა, ბევრი რამ გამოვიარე. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2017 წელს, ბათუმის ბულვარში მოხდა, როცა მე და ჩემი მეგობრები პოლიციისა და გამვლელების ბრუტალური ძალადობის მსხვერპლები გავხდით. ტრანსგენდერ მეგობართან ვიყავით, რომლის მიმართაც საზოგადოების აგრესია წამოვიდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირეთ, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებაში მხოლოდ მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პოლიცია მოვიდა, ჩვენი ცემა დაიწყო და ძირს დაგვაგდო. ამის შემდეგ გამვლელებმაც დაიწყეს ძალადობა, მერე ჩვენვე წაგვიყვანეს განყოფილებაში და ჩვენვე დაგვდეს ბრალი დაუმორჩილებლობაში. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, როცა დავფიქრდი, რას ვაკეთებ ამ ქვეყანაში, რატომ არ მივდივარ, მაგრამ არ მტოვებდა ის განცდა, რომ წასვლა გამოსავალი არ იყო.

როცა საქართველოში არ ვარ, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს მაშინაც ვერ ვივიწყებ. სულ ვფიქრობ იმაზე, რომ შეიძლება ერთ დღეს დავბრუნდე და ბევრად უარესი სიტუაცია დამხვდეს — ქალაქში იკარგება მწვანე სივრცეები, არც იმისგან ვართ დაზღვეული, რომ ყველაფერი, რისთვისაც წლების განმავლობაში გვიშრომია, თავზე დაგვექცეს. 

განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევების შემდეგ წამოდგომაში მეხმარება ის, რომ კარგად ვიცი, საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას ვერ დავთმობ. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი წართმეული მქონდა და მაქვს, ჩემში არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც მაიძულებს, არ დავთმო და აზრი შევძინო ცხოვრებას. ფიზიკური თავდასხმა პოსტტრავმულ სტრესს გვიტოვებს და რთულია, წამოდგე, საზოგადოებისკენ მობრუნდე და მათთვის სასიკეთო ქმედებები განაგრძო, მაგრამ ჩემში ღრმად აღბეჭდილი სიცოცხლის სიყვარული არ მაძლევს დანებების საშუალებას. ასე ჩემს ცხოვრებას, იმ მაგალითს, რაც აქამდე სხვებისთვის მიმიცია, როგორც მიცხოვრია, აზრი დაეკარგება. რა თქმა უნდა, წაიქცევი, ცოტა ხანს იმკურნალებ, იზრუნებ საკუთარ თავზე და წამოდგები, წაქცევისგანაც ისწავლი, შეცვლი ტრაექტორიას, ნავიგაციის გზებს და მაინც უკან დაბრუნდები უფრო ძლიერი, იმიტომ, რომ მართალია — რაც არ გკლავს, გაძლიერებს. ამ რწმენის მიუხედავად, არავის მინდა, ვუსურვო იმავე გზის გავლა, ეს არ უნდა გვიწევდეს. 

ერთი ფეხი ისევ აქტივიზმში მიდგას, იმ ნაწილში, სადაც, როგორც წესი, თვითგანწირვაში ხარ ჩართული და ცდილობ, რომ გარემოსთვის რაღაც გააკეთო და შეცვალო, იმიტომ, რომ ძალიან გტკივა შენი წარსული — როცა საკმარისს არ აკეთებდი. მეორე ფეხი კი მიდგას იქ, სადაც ვმუშაობ თვითზრუნვის პრაქტიკებზე, რომლებსაც გარშემოც ვნერგავ. ვცდილობ, შემოვიკრიბო ადამიანები, რომლებიც ჩემზე იზრუნებენ, ისევე, როგორც მე ვზრუნავ მათზე. თვითსიყვარული გვიჭირს ყველას, რთული დაკვეთაა, შეჩვეულები ვართ, რომ საკუთარი სხეული, გარეგნობა, აზროვნება არ მოგწონდეს, მიჩვეულები ვართ გარე ვალიდაციის მოლოდინს და გვავიწყდება, რომ შენივე თავის ყველაზე დიდი მხარდამჭერი თვითონ უნდა იყო. თუ საკუთარ თავს დევალიდაციას გაუკეთებ, გარემო და სამყაროც ასე მოგექცევა.

მთელი ქვეყანა კოლექტიური თუ ინდივიდუალური ტრავმებისგან ვიტანჯებით, ამის გამოა, რომ ქართულ საზოგადოებაში ერთმანეთის სიყვარული და სოლიდარობა იკლებს. მჯერა, რომ კულტურულად, ისტორიულად ისეთი საზოგადოება ვართ, რომელიც გენდერული, ეთნიკური თუ სხვა ნიშნით მიმღებლობის ნაწილში არ იყო ისეთი, როგორიც ახლა.

თანასწორობისა და გარემოზე ზრუნვის დრო

ფოტო: ვახო ქარელი

პოლიტიკურ პროცესში ჩართვამდე იმიტომ მოვედი, რომ მჯერა, ერთადერთი გზა, გამოსავალი გამძლე სტრუქტურის შენებაა, რომელიც ლიდერების შეცვლაზე არ იქნება დამოკიდებული — დარჩება სტრუქტურა, სისტემა, რომელიც რაღაც ღირებულებებზე და პრინციპებზე იქნება დაფუძნებული.

არსად, არცერთ ქვეყანაში, არცერთ ორგანიზაციაში და არცერთ სოციალურ მოძრაობაში არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მხოლოდ ერთი გზაა გადაჭრის საშუალება, ან მხოლოდ ერთი პრობლემაა მთავარი. ამ შეცდომას პოლიტიკური აქტორები ჩვენთანაც ხშირად უშვებენ, როცა ამბობენ, რა დროს თანასწორობაა?! რა დროს გარემოა?! — თუ ჩვენ გვინდა, ავაშენოთ ქვეყანა, რომელიც იქნება სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კეთილდღეობის მომტანი ყველა მოქალაქისთვის, ყველა საკითხის თანაკვეთაზე ერთდროულად უნდა ვიფიქროთ და აუცილებლად გავწეროთ პრიორიტეტებიც. ვის წარმოუდგენია რეალური დემოკრატია ისე, რომ მისი აქტორები: მოქალაქეები, ბიზნესები, პოლიტიკოსები თანასწორნი არ იყვნენ. მე თუ პოლიტიკური ძალაუფლება არ მაქვს, არც ეკონომიკური შესაძლებლობა, სოციალურადაც შეიძლება არ მქონდეს მაღალი კაპიტალი, მაშინ რანაირად გვაქვს დემოკრატიაში თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა, საერთოდ რანაირად გვაქვს დემოკრატია. ეს არის ქვაკუთხედი ჩემთვისაც და მწვანეებისთვისაც — თანასწორობა. 

სისულელეა, რომ ქალები საკმარისად ჭკვიანები არ არიან, საკმარისად ბევრს არ შრომობენ. პირიქით არის, ისინი ყველაზე მეტს შრომობენ საშინაო ეკონომიკაშიც და საგარეოშიც, მაგრამ იმის გამო, რომ პატრიარქატში ვცხოვრობთ, ქალები მეორად მოქალაქეებად განიხილებიან.

ის პრობლემა, რაც უმრავლესობას შეიძლება აწუხებდეს, არის, მაგალითად, გაჭირვება. თუ ყველაზე დისკრიმინირებულ და სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური დღის წესრიგიდან ყველაზე გარიყულ ჯგუფზე, ინდივიდზე მოხდება პოლიტიკის სწორება, მდგომარეობა ავტომატურად გაუმჯობესდება საზოგადოების ყველა სხვა წევრისთვის.

ამასთან, აუცილებელია გავიაზროთ, რომ საზოგადოების წევრები ერთნაირები კი არ ვართ, მრავალფეროვნები ვართ და ამას მწვანე ფილოსოფიაც ნათლად გვიჩვენებს. ბუნება, რომლის ნაწილი საზოგადოებაც არის, ერთფეროვანი არაა, მრავალფეროვნება ბუნებრივი მოცემულობაა, მაგრამ საზოგადოებრივ და კულტურული ცხოვრებაში ეს რატომღაც არ გადმოგვაქვს. თუმცა, გადმოგვაქვს ის, როგორ ვიყოთ ერთნაირები და ყველა, ვინც ამის მიღმაა, გაირიყოს, არ ვცეთ პატივი. ეს ცალსახად არასწორია. 

ხშირად პოპულარულ პოლიტიკურ პარადიგმას, რომ ყველას თანაბარი სასტარტო პირობები უნდა ჰქონდეს, ისე იღებენ, თითქოს ეს უკვე გვაქვს. გავრცელებულია აზრი, რომ შენ, ერთი ადამიანი თუ მოინდომებ, ყველაფერს გააკეთებ და ამიტომ არანაირი ბარიერი არ გაქვს, წარუმატებლობა კი იმის ბრალია, რომ საკმარისად არ ინდომებ, საკმარისად შრომისმოყვარე არ ხარ, ზარმაცი ხარ. ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც უზომოდ ბევრს შრომობს, თუმცა ძალიან ბევრ ბარიერს ვერ ახტება, მაგალითად, ქალები ძალიან ხშირად ვერ შედიან მაღალ მენეჯმენტში. სისულელეა, რომ ქალები საკმარისად ჭკვიანები არ არიან, საკმარისად ბევრს არ შრომობენ. პირიქით არის, ისინი ყველაზე მეტს შრომობენ საშინაო ეკონომიკაშიც და საგარეოშიც, მაგრამ იმის გამო, რომ პატრიარქატში ვცხოვრობთ, ქალები მეორად მოქალაქეებად განიხილებიან, ძალაუფლება ძირითადად აქვთ კაცების დაჯგუფებებს, ბიზნესები მათ ხელშია, პოლიტიკაც, დღის წესრიგს ისინი ადგენენ, რომელში შეღწევისთვისაც ამ წესრიგის დანგრევაა საჭირო. 

ტყუილია ის, რომ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს შეჭირვებული რაიონის, შეჭირვებულ სოფელში და თან ამას ემატება ის ფაქტი, რომ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელია, შშმ პირია, ამავდროულად ქვიარია, არ აქვს შეზღუდვა იმ ადამიანთან შედარებით, რომელიც არის ბიზნესმენის შვილი, დაიბადა თბილისში და განათლება მიიღო საზღვარგარეთ. ერთ მხარეს ვხედავთ ადამიანს, რომელიც თვითგადარჩენის პროცესში უნდა ჩაერთოს და აღარ რჩება ენერგია განვითარებისთვის, განათლებისთვის, ის ფიქრობს საკვებზე, ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, რაღაც მინიმალური სტანდარტის შექმნაზე და კიდევ ცალკე უნდა იბრძოლოს ბარიერების გადალახვისთვის, რათა რაღაცას მიაღწიოს. ადამიანებს შორის თანასწორობა არ არის. 

მწვანეები უთანასწორობას ვხედავთ მრავალ დეტალში და არა მხოლოდ სოციალურ ჯგუფებს შორის. შეიძლება ერთ მოქალაქეს პრესტიჟულ უბანში ჰქონდეს ბინა და იქვე სუფთა ჰაერიც, მაგრამ აქ, თბილისში, 5 წუთის სავალზე კი არა, ბევრად დიდ არეალში ვერ ვიპოვით მწვანე სივრცეს, რათა ჰაერი ჩავისუნთქოთ, ბალახს შევეხოთ. ტაქსის ფული გვჭირდება მწვანე ადგილებამდე მისაღწევად და იქ მისულებმა შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ მშენებლობა დაუწყიათ. მეტიც, მწვანე სივრცეებშიც კი ბეტონი დომინირებს ბალახის ნაცვლად. ძალაუფლება აქვთ პოლიტიკურ ელიტებს, ბიზნესებს, პროპაგანდის მანქანებს, რომლებიც იმ ადამიანებს, რომლებსაც განათლებას არ აძლევენ, ტვინს ურეცხავენ. მინდა, ყველა იღებდეს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, მაგრამ ყველანი გარკვეული გავლენის ქვეშ ვართ.

ყველას პასუხისმგებლობა

ფოტო: ვახო ქარელი

ჩვენ შეგვიძლია სიყვარული გავუნაწილოთ ყველას — ჩვენ ხომ გვიყვარს ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები, ჩვენ ვიცით, როგორ გვიყვარდეს ერთზე მეტი.

ვიცი, რომ Gen Z თაობასთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემას აუცილებლად ექნება სერიოზული განხეთქილება და ეს ახალგაზრდები აუცილებლად დაეჯახებიან ამ სისტემას. ახალგაზრდებს განათლების მიღებისკენ, ისტორიის კარგად შესწავლისკენ, იმ ღირებულებების სათავის გააზრებისკენ მოვუწოდებ. აუცილებლად განსაჯონ, თავს მოხვეული ხომ არ არის ღირებულებები, რომლებიც აქვთ.

თუ ახალგაზრდებს აქამდე იმედი არ ჰქონდათ, რადგან არცერთი პოლიტიკური ძალა არ წარმოადგენს მათ ინტერესებს, პირობას ვიძლევი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მწვანეები არასდროს ვუღალატებთ მათ, ჩვენ მომავალ თაობებზე ვზრუნავთ, ჩვენი პრინციპი დედამიწის მიერ შემოთავაზებული რესურსების მომავალი თაობისთვის რაციონალურად გამოყენებაა. ახალგაზრდებს მოვუწოდებ, მოვიდნენ, დავეხმარებით შეხვედრების ორგანიზებაში, თვითგამორკვევაში, გაერთიანებაში, პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვაში, სივრცეებს დავუთმობთ, რომ საკუთარი მომავლისთვის იბრძოლონ. 

მინდა, იმ ადამიანებს, ვინც ქვეყნის გარეთ არიან, ვინც განათლებას იღებენ, მოვუწოდო, რომ შემოგვიერთდნენ მწვანეებს, პროგრესული სკოლა გავაკეთოთ ერთად, შესაძლებლობები მოვნახოთ, საკუთარი დრო, რესურსი, ენერგია დავუთმოთ ადამიანებს, გავაზიაროთ ცოდნა, გამოცდილება, არაფორმალური გზით მაინც გავაძლიეროთ ერთმანეთი. სხვაგან ცხოვრებისას არ ჩაიქნიონ ამ ქვეყანაზე ხელი, რადგან საკუთარ ფესვებს ბოლომდე ვერასდროს მოწყდები. ეს ქვეყანა გვეკუთვნის ყველას, პრობლემები გვეხება ყველას და მწვანეებს დახმარება ძალიან გვჭირდება.

არც ერთ მომენტში არ მიგრძნია, რომ დედას აღარ ვუყვარვარ — მარიამ გაგოშაშვილი

მე ვარ მარიამ გაგოშაშვილი, 38 წლის, ქართველი ქვიარ ფემინისტი აქტივისტი და ემიგრანტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ბავშვობა — პლეხანოვი, “გარაჟებზე” ხტომა და ხეებზე ცოცვა

გავიზარდე თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ძალიან დატვირთულ, ხალხმრავალ უბანში. კორპუსებს შორის იყო ძალიან დიდი ეზო და სულ იქ ვიყავი, დღე და ღამე. მყავდა ძალიან ბევრი ახლო მეგობარი, მეზობლები და უბნელები. ალბათ ჩემი ყველაზე საყვარელი მოგონებაა მე და ანა, ჩემი მეგობარი გარაჟებზე რომ დავხტივართ, ხეებზე ვძვრებით, რაღაც საიდუმლო ადგილებს აღმოვაჩენთ, მაგალითად, ძველი, მიტოვებული ქარხნის ეზო.

ცუდი მოგონებაც ეს წლებია და ტრავმები. ძალიან პატარა რომ ვიყავი, თურმე ღამით საწოლიდან ვვარდებოდი. წამიყვანეს ნევროპათოლოგთან და აღმოჩნდა, რომ სტრესის ბრალია — ჩვენი საძინებელი იყო ქუჩის მხარეს და მთელი ეს სამოქალაქო ომი, სროლები ძალიან კარგად ისმოდა, ჩანდა და ალბათ მაგის გამო ნერვები მქონდა დაზიანებული. ამას ემატებოდა უშუქობა, უგაზობა, უსაჭმლობა და ა.შ. კიდევ კარგი, რომ ბავშვი ვიყავი. ეს პერიოდი ჩემი მშობლებისთვის კიდევ უფრო რთული იყო.

მარიამი და მისი ბავშვობის მეგობარი, ანა
მარიამი და მისი ბავშვობის მეგობარი, ანა

თვითგამორკვევა და ქამინგაუთი — “ღმერთო, ლეზბიანკა არ გავხდე”

გარდატეხის ასაკში, როცა გოგოებს მოსწონდათ კლასელი და მეზობელი ბიჭები, მე არავინ მომწონებია. ცოტა მიკვირდა, მაგრამ ვებღაუჭებოდი ბავშვობას, არ მინდოდა გაზრდა, ისევ გარაჟებზე და ხეებზე ცოცვა მინდოდა. 

მოგვიანებით, როცა უკვე ვიცოდი რა არის სექსი, მქონდა ხოლმე ფანტაზიები ქალებზე, თუმცა არ ყოფილა სიმპათია კონკრეტული ადამიანის მიმართ. ვნერვიულობდი, ვფიქრობდი: “ღმერთოოო, ლეზბიანკა არ გავხდე” და ვლოცულობდი ხოლმე.

არც უნივერსიტეტში მომწონებია არავინ. მაგრამ ვსწავლობდი ფსიქოლოგიას და დავიწყე ფროიდის კითხვა სექსუალობაზე, სადაც ამბობს, რომ ყველა ადამიანი ბისექსუალია. ეს იყო გარდამტეხი მომენტი ჩემს ცნობიერებაში. მივხვდი, რომ ეს ნორმალურია და თურმე ეს არის, მე რაც “მჭირს”. 

არც ერთ მომენტში არ მიგრძნია, რომ დედას აღარ ვუყვარვარ, ან გამებუტა, ან გაბრაზებულია. პირიქით, სულ გვერდში მედგა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც დასჭირდა შინაგანი სამუშაოები, რათა ეს ყველაფერი მიეღო და გაეაზრებინა, რადგან მაშინ საქართველოში ლგბტქი აქტივიზმის პირველი დღეები იყო.

ცოდნის საშუალებით მივიღე საკუთარი თავი და ისეთი გახარებული ვიყავი, ყველა ახლო მეგობარს მოვუყევი, ფაქტობრივად, ქამინგაუთი გავაკეთე. 18-19 წლის ვიყავი, მაგრამ რადგან არანაირი გამოცდილება არ მქონდა და არც არანაირი ობიექტი მყავდა სიმპათიის. ჩემი ნათქვამი ყველამ არასერიოზულად მიიღო: “უიმე, მარიამი რა უცნაურია, სულ რაღაცას უცნაურობს, ორიგინალობს” და მსგავსი დამოკიდებულებები იყო. ეს არის ადრეული 2000-იანები ან გვიანი 90-იანები, მაშინ ლგბტქი საკითხები დისკურსში ფაქტობრივად არ არსებობდა. იყო ჭორები რამდენიმე ცნობილ ადამიანზე, კონკრეტულად გეი კაცზე, და მორჩა. ქართველი ლგბტქი ადამიანი, მით უმეტეს ქალი, ჩემს ცნობიერებაში მაშინ არ იყო, ქვიარს არავის ვიცნობდი.

მარიამ გაგოშაშვილი

წლების შემდეგ ბუდაპეშტში წავედი სასწავლებლად, სადაც პირველად მომეწონა გოგო და ვაკოცე. 21 წლის ვიყავი ამ დროს და საქართველოში რომ დავბრუნდი, უკვე ფაქტები დავდე მეგობრებთან, რომ აი, ხომ ვამბობდი.

ჩემთვის ქამინგაუთი არ ყოფილა ერთჯერადი. 22 წლის ასაკში მეგონა, რომ ბისექსუალი ვიყავი. მყავდა ბოიფრენდებიც, მაგრამ 23 წლის ასაკში შემიყვარდა გოგო და ეს იყო ჩემი პირველი ქვიარ სიყვარული. მერე უკვე მივხვდი, რომ თურმე ბიჭები არ მაინტერესებს და გავაკეთე მეორე ქამინგაუთი. 

ოჯახი — უპირობო სიყვარული

დედაჩემისთვის თქმა მომიწია. არ მინდოდა, არ ვაპირებდი. როცა ბუდაპეშტში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი, დედაჩემმა დამაკავშირა ეკა აღდგომელაშვილთან და მითხრა, რომ ის აფუძნებს ლგბტქი ორგანიზაციას. თბილისში პერიოდულად ჩამოვდიოდი და მივედი ინკლუზივში. იქ იყო თემის პირველი შეხვედრები. ალბათ მაქსიმუმ 30 ადამიანი ვიქნებოდით. იქ გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან ცუდად გადამეკიდა. პატარა რომანი გვქონდა და როცა აღარ მომინდა ურთიერთობის გაგრძელება, არ შემეშვა. ეს გაგრძელდა წლების განმავლობაში — წავედი ბერლინში, ჩამოვედი, მყავდა ბოიფრენდი, გელფრენდი და ამ პერიოდში სულ დამდევდა, მოდიოდა ფანჯარასთან და ჩემს სახელს იძახდა, ვიღაც ნაცნობი ჰყავდა მობილური ოპერატორის კომპანიაში და ჩემი ტელეფონის ნომრიდან სწერდა ჩემს ნათესავებს და ა.შ. 

შარშან, თბილისში რომ ვიყავი, 5 ივლისის პერიოდი იყო. ტაქსით გავედი დედაჩემთან. მამაჩემიც სასწრაფოდ გამოვიდა — ძალიან ინერვიულა. მგონი მიხვდა, რომ უსამართლობაა ის, რის გამოვლაც გვიწევს, რომ რეალური საფრთხე მემუქრება მე, მის შვილს.

დედაჩემთან მივედი შველის სათხოვნელად, რადგან მივხვდი, რომ ამას მარტო ვერ ვუმკლავდებოდი. არამარტო ის ვუთხარი, რომ ვიღაც მაწუხებს, არამედ ის, რომ ისიც ქვიარია და მეც. ალბათ ძალიან ბევრი იყო ეს ინფორმაცია. მახსოვს, რომ ინერვიულა, შეეშინდა, თუმცა ძალიან დამეხმარა და ყველანაირად გვერდში დამიდგა. იმ საღამოსვე მკითხა, ჩემი ბრალია, რომ ეგეთი ხარო? მე დავუშვი რამე შეცდომა ბავშვობაშიო? რაღაც პროცესი გაიარა თვითონაც ემოციურად, თუმცა არც ერთ მომენტში არ მიგრძნია, რომ აღარ ვუყვარვარ, ან გამებუტა, ან გაბრაზებულია. პირიქით, სულ გვერდში მედგა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც დასჭირდა შინაგანი სამუშაოები, რათა ეს ყველაფერი მიეღო და გაეაზრებინა, რადგან მაშინ საქართველოში ლგბტქი აქტივიზმის პირველი დღეები იყო.

მარიამ გაგოშაშვილი

ამის შემდეგ მე უფრო მეტად ჩავერთე ინკლუზივის, მერე WISG-ის მუშაობაში. დედაჩემთან ერთად ვმუშაობდი ქალთა ფონდშიც, სადაც ერთად სერიოზული პოლიტიკური განათლება გავიარეთ. ბისექსუალობის ფაზა როცა მქონდა, ფიქრობდა, რომ საბოლოო ჯამში მაინც ვიღაც ბიჭი მომეწონებოდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ასე არ იქნებოდა.

არ უნდოდა, მეთქვა ოჯახის სხვა წევრებისთვის. ვიცი, ამის მიზეზი იყო ის, რომ მერე ტვინს გაუბურღავდნენ, თავისი  ფემინისტური აქტივიზმიდან გამომდინარე, ამ ყველაფერს ისევ მას დააბრალებდნენ და არ უნდოდა პრობლემები. მე მაწუხებდა ის, რომ მიმაჩნდა, ბოლომდე არ მიჭერდა მხარს ქამინგაუთში. მაგრამ ესეც გამოვიარეთ, თვითონაც არაერთხელ მიუცია ინტერვიუები ამ თემაზე.

ჩემი ძმისგან ძალიან კარგი დამოკიდებულება იყო. ძალიან გონებაგახსნილია, ბევრი ქვიარ მეგობარი ჰყავს და მაგ მხრივ ძალიან გამიმართლა. 

მამაჩემისთვის იყო რთული. ყველას შეიძლება არ ვუყვებოდი, მაგრამ არასდროს ვმალავდი ჩემს იდენტობას. ამიტომ, მეგონა, მთელმა ოჯახმა იცოდა, მათ შორის, მამაჩემმაც. ისე მოხდა, რომ ლგბტქი ადამიანების შესახებ ერთ-ერთ პირველ ქართულ დოკუმენტურ ფილმში გადამიღეს, ლია ჯაყელი იყო ავტორი. იქ მე, დავით მიხელ შუბლაძემ და გიორგი კიკონიშვილმა გავაკეთეთ ქამინგაუთი. ვისაუბრეთ ჩვენს სექსუალობაზე და ა.შ. 2013 წლის 17 მაისის მერე ეს ფილმი გოგი გვახარიამ აჩვენა წითელ ზონაში. მაშინ უკვე ამერიკაში ვიყავი. მამაჩემმა მომწერა: “მამი, ბიჭები ვართ აქ, ვსვამთ და ტელევიზორში გიყურებთო. რა მაგარია, ვამაყობთ შენით, შენი სადღეგრძელო დავლიეთო” და ჩავთვალე, რომ ყველაფერი იცის, მიმიღო. 

სამი წლის შემდეგ, როცა დავიწყე ახალი სამსახური, რომლის სახელწოდებაშიც არის “ლესბოსელი”, მამაჩემს მივწერე, რომ ნიუ-იორკში გადავდივარ. ორაზროვანი აღარაფერი იყო და პირდაპირ ეწერა “Lesbian”, ამიტომ ვეღარ დაიძვრინა თავი, ვერ დააიგნორა ეს თემა და გაბრაზდა. დაახლოებით წელიწად ნახევარი არ ვლაპარაკობდით. მერე შევრიგდებოდით ხოლმე, როცა თბილისში ჩამოვდიოდი, მერე ისევ გავებუტებოდით ერთმანეთს და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ უახლოესი მეგობრების წრეში და ოჯახშიც მქონდა მხარდაჭერა, არ ნიშნავს, რომ დაცული ვიყავი ჰომოფობიური აგრესიისგან

შარშან, თბილისში რომ ვიყავი, 5 ივლისის პერიოდი იყო. ტაქსით გავედი დედაჩემთან. მამაჩემიც სასწრაფოდ გამოვიდა — ძალიან ინერვიულა. მგონი მიხვდა, რომ უსამართლობაა ის, რის გამოვლაც გვიწევს, რომ რეალური საფრთხე მემუქრება მე, მის შვილს. მერე ჩემს დაბადების დღეზე ჩემი შეყვარებული იყო ჩამოსული. მამაჩემმა გაიცნო და ძალიან მოეწონა, გამიყვანა ცალკე ოთახში და მითხრა: “მამი, მე მგონი, ძალიან კარგი ქალია”. საყვარლობა იყო. ასე დარეგულირდა ნელ-ნელა.

არ ვფიქრობ, რომ აუცილებელია ყველა ადამიანმა ქამინგაუთის გზა აირჩიოს, ინდივიდუალურია. ეს დასავლეთის კულტურიდან წამოსული ფენომენია, რომელიც ყველასთვის შეიძლება არ იყოს საჭირო. უკვე 9 წელია ვცხოვრობ ამერიკაში და აქ ძალიან სხვანაირად ხდება ეს ყველაფერი — თინეიჯერები მშობლებს ელაპარაკებიან პირად ცხოვრებაზე, სექსი ტაბუ არ არის, სექსუალური განათლება არის სკოლის პროგრამის ნაწილი. აქედან გამომდინარე, მიღებულია, რომ ადამიანებს ჰყავთ ბოიფრენდი, გელფრენდი და ამაზე ლაპარაკობენ. მამაჩემს იმის გაგონებაც არ ენდომებოდა, რომ მე ბოიფრენდი მყავს და სექსი მაქვს.

ქამინგაუთის გაკეთებამდე მნიშვნელოვანია, გვყავდეს მხარდამჭერები, მეგობრები, რომლებიც გვერდში დაგვიდგებიან, რადგან ამის მარტო გაკეთება რთულია.

მარიამ გაგოშაშვილი, ნანა ფანცულაია
მარიამ გაგოშაშვილი დედასთან ერთად

საზოგადოება და მეგობრები, რომლებსაც არ სჯერათ

ასე ღიად და პირდაპირ იმის თქმა, რომ ქვიარობის გამო მშორდებოდნენ, არ ყოფილა. ძირითადად იყო ის, რომ არ სჯეროდათ ჩემი იდენტობის, რადგან ყოველთვის ვიყავი ძალიან ფემინური. სერიოზულად არ მიღებდნენ, იცინოდნენ ამაზე და ეს იყო ძალიან მტკივნეული. პერიოდულად მჭირდებოდა იმის მტკიცება, რომ ქვიარი ვარ. ამ ყველაფერმა ალბათ რაღაც ურთიერთობებზე იმოქმედა, ბუნებრივად დამაშორა ხალხს, უბნელებს, რომლებიც ძალიან მიყვარს. მაგალითად, მყავს ბავშვობის მეგობარი, რომელიც თბილისში ყოველ ჩამოსვლაზე მეკამათება ჩემს იდენტობაზე. მე მგონი ვერ მიღებს, უჭირს ამის გაგება, მე კიდევ მიჭირს ახსნა-განმარტება ამდენი წლის მერე. მაგრამ ბავშვობის ბევრი მეგობარი ისევ შემომრჩა, მათი უმეტესობა ჰეტეროა. არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი წრე მყავდა, თავისუფალი. ესეც რაღაც მხრივ პრივილეგიაა, მესმის, რომ გავიზარდე თბილისის ცენტრში, განათლებულ ხალხს შორის, რომელიც არის საშუალო ფენა და ა.შ. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ისევ იმ წრეში, მაგალითად, ჩემი ნაცნობის მშობლები საშინელებებს ამბობენ ჩემზე. ვსაუბრობ ხალხზე, რომლებიც მეცნიერები არიან, უნივერსიტეტებში ასწავლიან. მყავდა შეყვარებული, რომლის მშობლებიც პროფესორები იყვნენ, მაგრამ როცა გაიგეს ჩვენ შესახებ, ძალიან ცუდად მოგვექცნენ, ეს გოგო გამოკეტეს სახლში. არ მინდა ვთქვა, რომ განათლება ჰომოფობიას ყოველთვის ეწინააღმდეგება. შეიძლება ძალიან მშვენივრად თანაარსებობდეს ეს ორი. უბრალოდ, მე გამიმართლა.

ძალიან მიამიტები ვიყავით. 17 მაისი დიდი გაკვეთილი იყო ჩემთვის, ძალიან გავიზარდე იმის მერე

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უახლოესი მეგობრების წრეში და ოჯახშიც მქონდა მხარდაჭერა, არ ნიშნავს, რომ დაცული ვიყავი ჰომოფობიური აგრესიისგან. იმის გამო, რომ არასდროს ვმალავდი იდენტობას, ყოველთვის აუთ ვიყავი როგორც თემის წევრი და ასევე ძალიან ხილვადი, როგორც ქვიარ და ფემინისტი აქტივისტი, ბევრჯერ ვყოფილვარ დისკრიმინაციისა და ძალადობის სამიზნე თუ მსხვერპლი, მაგალითად, სერვისებზე უარის თქმა, სადღაც არ შეშვება, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალადობა როგორც შემთხვევით გამვლელების, ისე პოლიციის მხრიდან. ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერა რომ არ მქონოდა, ალბათ ძალიან გამტეხდა ეს ინციდენტები ფსიქოლოგიურად, დამანგრევდა. ამ მხარდაჭერამ გამაძლიერა, რომ გავმკლავებოდი ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტებს. 

მარიამ გაგოშაშვილი

საქართველოში რაღაც დონეზე მაინც კოლექტივისტური საზოგადოება ვართ. ამას თავისი პლუსებიც აქვს, თუმცა ისიც ყოველთვის იცი, რომ შენს გადაწყვეტილებს აქვს შედეგები საზოგადოებაზე, კოლექტივზე, გარემოზე, ამიტომ არჩევანს აკეთებ შენს პირად თავისუფლებასა და სხვა ადამიანების კომფორტს შორის. კომფორტსა და თავისუფლებას შორის, ალბათ ცხადია, რომ თავისუფლებას მეტი წონა აქვს. 

2013 წლის 17 მაისი და იმედგაცრუება

ვერიდები ხოლმე დეტალების მოყოლას, რადგან ძალიან მძიმეა. თუმცა საჭიროა ამაზე საუბარი. 

მაშინ მე და ნანა, დედაჩემი ვმუშაობდით ქალთა ფონდში, ჩვენი პარტნიორები იყვნენ იდენტობა და WISG, რომლებიც ამ აქციას აორგანიზებდნენ. მე, როგორც თემის წევრი და არაფორმალური აქტივისტი, ვიყავი ჩართული ორგანიზების საკითხებში,  დავდიოდი შსს-ს შეხვედრებზეც. ნანა იქ იყო როგორც ქალთა ფონდის წარმომადგენელი და როგორც დედაჩემი. 

აქტივისტების სხვადასხვა ჯგუფზე სხვადასხვა ორგანიზაცია იყო პასუხისმგებელი. იდენტობის ხალხი პუშკინის სკვერისკენ წავიდა და რადგან იქ რთული იყო შესვლა, WISG-ის ხალხი შევხვდით ვაჩნაძის კუთხეში და ერთად ვაპირებდით ასვლას. არასწორი კომუნიკაციაც იყო, მათ შორის, იდენტობის ხალხმა არ გვითხრა დროის შესახებ და ა.შ., რასაც არ ჩავუღრმავდები, მაგრამ ეს მერე განხეთქილების საფუძველიც იყო.

ჩემთან ერთად და ჩვენს მხარდასაჭერად იყო ჩემი რამდენიმე მეგობარიც, ჰეტერო, სისგენდერი ბიჭები, ასევე, დედაჩემი. არ ვიცი როგორ, მაგრამ მალე ალბათ თვალსაჩინო გახდა, რომ აქციის მონაწილეები ვართ. მოგვეხვია ბრბო. იქ იყო რამდენიმე პოლიციელი, რომლებმაც, გარდა იმისა, რომ არაფერი გააკეთეს, პირიქით, ჩვენ გვეუბნებოდნენ, ნუ უშლით ნერვებს, ნუ ამწარებთ ამ ხალხს, დაიშალეთო და ა.შ., მაგრამ ვერანაირად ვერ წავიდოდით, ეს ხალხი ჩვენს მოსაკლავად ემზადებოდა. 20-25 ადამიანი და რამდენიმე პოლიციელი შენობის კუთხეში ვიდექით და წინ ვხედავდით ზღვა ადამიანებს. გაგვიმართლა, რომ გაეროს თანამშრომელი იყო მოსული, ოღონდ როგორც კერძო პირი, თუმცა ჰქონდა ბეიჯი. ამან გადაგვარჩინა. რომ არა ის გოგო, პოლიცია ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად არაფერს აკეთებდა. მისი მოთხოვნით კორდონივით გააკეთეს და შეგვიყვანეს სადარბაზოში. შეკრებილები ყვიროდნენ, გვაფურთხებდნენ, ქვებს გვესროდნენ.

17 მაისი
2013 წლის 17 მაისი ფოტო: გიორგი გოგუა/ლიბერალი

რაღაც პერიოდის განმავლობაში შიგნით ვიყავით, მერე რამდენიმე დამატებითი პოლიციელი მოვიდა და იქვე, კოლმეურნეობაზე რომ იდგნენ ყვითელი მიკროავტობუსები, იქიდან ერთ-ერთი წამოიყვანეს. პატარა კორდონი გააკეთეს, ქაოსი იყო. გვითხრეს, ჩაიკუზეთ და თავზე დაიფარეთ ხელებიო, რადგან შეკრებილები გვესროდნენ რაღაცებს. მიკროავტობუსში შევედით, მაგრამ ის იყო შემორტყმული ყველა მხრიდან. არ ვიცი, როგორ დავიძარით იქიდან. ცდილობდნენ კარების გაღებას, ფანჯრები ჩალეწეს, ყველაფერს გვესროდნენ – ქვებს, ხურდებს, ვიღაცამ სოსისები თუ სარედლებიც გვესროლა. ჩვენი გადმოთრევა უნდოდათ, თმებში გვწვდებოდნენ, სულ ნაკაწრები გვქონდა. ერთი თუ ორი პოლიციელი შემოგვყვა. ერთმა მართლა ძალიან გამოიჩინა თავი, რაღაცნაირად ახერხებდა, რომ ორივე კარგი დაეკეტა და არ შემოეშვა ბრბო.

თურმე სოლიდარობას, ერთმანეთის მხარდაჭერას აქვს ლიმიტები, ხანდახან ეს მხოლოდ რიტორიკაა და როცა მოქმედებაზე მიდგება საქმე, ცოტათი მოვიკოჭლებთ

რაღაცნაირად გავარღვიეთ ეს ბრბო და წაგვიყვანეს სადღაც თბილისის ზღვისკენ. მერე პოლიციის მანქანებით დაგვარიგეს სახლებში.

შემდგომი პერიოდი იყო კიდევ უფრო რთული. გარდა ამ დღის ტრავმისა, უსაფრთხოდ აღარავინ გრძნობდა თავს, იყო სახლიდან გასვლის შიში, აგრესია მეზობლებისგან. გაიზარდა აგრესია ყველას ქვიარ ადამიანის მიმართ, შეგვექმნა უსაფრთხოების პრობლემები ყველა დონეზე. იყო ჯგუფური თერაპიის მცდელობა, მაგრამ არც ისე ეფექტური. ყველა ვიყავით ტრავმირებულები და ვცდილობდით, ერთმანეთზე გვეზრუნა, როგორც შეგვეძლო. ეგ პერიოდი უკვე ძალიან ბუნდოვნად მახსოვს…

პოზიტიური იყო, რომ ხალხი აღშფოთდა და მეორე დღეს გამოვიდა. მაგრამ ბევრს გვქონდა მომენტი: “გუშინ სად იყავით?!”.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ვხვდები, რომ ძალიან მიამიტები ვიყავით. დიდი გაკვეთილი იყო ჩემთვის, ძალიან გავიზარდე იმის მერე. ძალიან მიამიტურად მჯეროდა, მაგალითად, სახელმწიფო დაპირებების იმ სიტუაციაში, რადგან შსს გარანტიას გვაძლევდა, მაგრამ მივხვდი, რომ პოლიცია და სახელმწიფო ჩვენს ინტერესებს არასდროს დაიცავს.

ასევე, ძალიან მტკივნეული იყო ის, რომ სოციალური აქტივისტების დიდი ნაწილი აქციაზე არ გამოვიდა. ეს იმედგაცრუება ნამდვილად მაქვს. ამან შეცვალა ჩემი დამოკიდებულება საქართველოში ფემინისტური მოძრაობის მიმართაც, რადგან ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფიდან ჩემი არაქვიარ მეგობრები იქ არ იყვნენ. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, რომ თურმე სოლიდარობას, ერთმანეთის მხარდაჭერას აქვს ლიმიტები, ხანდახან ეს მხოლოდ რიტორიკაა და როცა მოქმედებაზე მიდგება საქმე, ცოტა მოვიკოჭლებთ.

ამ დღემ განხეთქილებები გააჩინა ლგბტქი მოძრაობაშიც. გამოჩნდა, ვინ არის ჩაგვრის სამიზნე ყველაზე მეტად: ქვიარ ქალები და ტრანსი ადამიანები, მაშინ, როცა გეი ბიჭები პირველები იყვნენ ასულები ევაკუაციისთვის სპეციალურად გამოყოფილ ავტობუსებში, დონორებს ელაპარაკებოდნენ და ამშვიდებდნენ. რა თქმა უნდა, ყველასთვის ძალიან მძიმე იყო ეს დღე, მაგრამ ზოგისთვის უფრო. 

მანამდეც მქონდა იმედგაცრუებები, მაგრამ ეს იყო ბოლო წვეთი, რამაც მიმახვედრა, რომ აღარ მინდა მანდ ყოფნა. ჯერ ერთი, თვითგადარჩენის მომენტი იყო, რომ მჭირდებოდა დასვენება, გარემოს გამოცვლა და რეაბილიტაცია არამარტო 17 მაისისგან, არამედ ყველაფრისგან. მჭირდებოდა აქტივიზმის გადააზრებაც.

როგორც ქვიარ ადამიანი, ამერიკაში უსაფრთხოდ გრძნობ თავს. როგორც ქალი — დიდი განსხვავება არ არის, აქაც არის წამოძახებები, შევიწროება

მე და ჩემი იმდროინდელი შეყვარებული 17 მაისის მერე ძალიან მალე წამოვედით ამერიკაში. უკვე გაზაფხულზე ვფიქრობდით ლტოლვილებად ჩაბარებაზე, მაგრამ შემთხვევით გამიმართლა, რომ შემომთავაზეს სამსახური. ჩემს შეყვარებულსაც დაუფინანსეს ემიგრაციის პროცესი და გადავბარგდით.

ცხოვრება ამერიკაში

სან-ფრანცისკოში წავედით. მანამდე ვიყავი ნამყოფი და ვიცოდი, რომ იქ მინდოდა გადასვლა. სამსახურიც იქ აღმოჩნდა. იქ ბევრ ადამიანს, თან პატარა ქალაქია და ვფიქრობდი, თბილისივით იქნება-მეთქი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთოდ უცხო გარემოში არ მოვხვდი.

ძალიან მოუმზადებლად წავედით, არ ვიცოდით, სად მივდიოდით. გაგვიმართლა, რომ სრულიად შემთხვევით ნაცნობმა შემოგვთავაზა მასთან დარჩენა. დიდი ბინა იყო, ცხოვრობდა ორ სხვა ადამიანთან ერთად და სახლში ჰყავდათ ძაღლი და კატა. ჩვენ ჩავადექით ორი ადამიანი და ორი კატა. 3 კვირა ვიყავით იქ.

მარიამ გაგოშაშვილი

 

პარალელურად, ბინას ვეძებდით. ზოგადად, ამერიკელები ძალიან უცნაური ხალხია. გემეგობრებიან, მაგრამ არავინ შეიწუხა თავი, რომ რეალურად აეხსნათ საყოფაცხოვრებო ნიუანსები. მაგალითად, ის, რომ ბინას ვერ იქირავებ, თუ არ გაქვს კრედიტ ისტორია ამერიკაში. მე ვმუშაობდი, ჩემი შეყვარებული ბინებს ეძებდა. სამი კვირის განმავლობაში დღეში ათ ბინას ვნახულობდით ალბათ. ამისთვის საჭიროა აპლიკაცია შეავსო და თანხა გადაიხადო, რომ შენი კრედიტ ისტორია შეამოწმო. ვიხდიდით ამ ფულს, მაგრამ კრედიტ ისტორია არ გვქონდა. როცა მივხვდით რაში იყო საქმე, ჩემმა სამსახურმა მოგვცა საგარანტიო წერილი და ამის დახმარებით შევძელით ბინის შოვნა.

არ ვიცოდით, სად გვეყიდა საჭმელი მაგალითად, აფთიაქის საჭმელებს ვყიდულობდით, სენდვიჩებს, სნექებს. მერე აღმოვაჩინეთ დიდი სუპერმარკეტი, სადაც იყო ათასნაირი ხილი და ყველაფერი. ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება.

ცოტა კომიკური იყო ჩვენი პირველი თვე, არ ვიცოდით სად მოვხვდით, ვინ ვიყავით. შეიძლება იმის გამოც, რომ ძალიან ტრავმირებულები ვიყავით 17 მაისის შემდეგ, წესიერად არც გამოვიკვლიეთ. ძალიან ცოტა ხელფასი გვქონდა, ძალიან ღარიბები ვიყავით, მერე ნელ-ნელა მოვედით აზრზე.

მარია გაგოშაშვილი

ძალიან რთულია ემიგრაცია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან ვიზა გვქონდა და არალეგალურად არ ვიყავით. თუმცა არასდროს მინანია წასვლა და ძალიან მიხარია, რომ გადავდგი ეს ნაბიჯი.

უკვე მე-10 წელია, რაც აქ ვარ. ახლა ვცხოვრობ ნიუ-იორკში. ვმუშაობ Astraea Lesbian Foundation for Justice-ში, ვარ პროგრამების დირექტორი. რამდენიმე ფონდია ჩვენს ორგანიზაციაში, ერთ-ერთი არის საერთაშორისო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. დაახლოებით 5-მილიონიანი ბიუჯეტი გვაქვს და მხარს ვუჭერთ ქვიარ, ტრანს და ინტერსექს მოძრაობებსა და აქტივისტებს მსოფლიო აღმოსავლეთსა და სამხრეთში.

ვერ ვიმეტებ საკუთარ თავს, რომ დავბრუნდე

რაც ამერიკაში ვცხოვრობ, სულ ვარ სანაპირო ქალაქებში, რომლებიც ისტორიულად ბევრად უფრო პროგრესულია, ვიდრე დანარჩენი ქვეყანა. თან სან-ფრანცისკოც და ნიუ-იორკიც ყოველთვის იყო ქვიარ თემისთვის საყვარელი ადგილები, უსაფრთხო სივრცეები. ბევრად მეტი საკანონმდებლო დაცვაა ამერიკაში, ფედერალურ დონეზე არსებობს ქორწინების თანასწორობა. მე, მაგალითად, ჯერ კიდევ ვარ დაქორწინებული ჩემს ყოფილზე, ძალიან ზარმაცები ვართ და განქორწინება ვერ მოვახერხეთ, ისე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. როგორც ქვიარ ადამიანი, აქ უსაფრთხოდ გრძნობ თავს. როგორც ქალი — დიდი განსხვავება არ არის, აქაც არის წამოძახებები, შევიწროება. თბილისში ღამის 4 საათზე მარტო შეიძლება ვყოფილიყავი ქუჩაში და არ შემშინებოდა თავდასხმის. აქ საფრთხეს გრძნობ, მაგრამ ეს არ არის კავშირში ჩემს ქვიარ იდენტობასთან. 

ქვიარ აქტივიზმი საქართველოში და 17 მაისის ტრავმა

მოძრაობა დანაწევრებულია, მაგრამ ის არსებობს და პერსპექტივების მრავალფეროვნება ჩანს, ყველა ერთ აზრზე არ არის და მხოლოდ ერთი ხმა არ ისმის.

თუმცა დაპირისპირებების ნაწილი წამოსულია ზუსტად იმ ტრავმებისგან, რაც გვაქვს მოძრაობაში და ამის მნიშვნელობას მგონი ვერ ვხვდებით. ვერ ვაცნობიერებთ კოლექტიური ტრავმის როლს. ამ ტრავმას თუ არ ვუმკურნალეთ, არ ვუშველეთ, ეს ურთიერთობები არ დალაგდება. ძალიან საჭიროა ამაზე ყურადღების მიქცევა. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია დალხენის პრაქტიკები, საქართველოშიც არის ადგილობრივი მეთოდები. არსებობს სხვა ნაცადი მიდგომებიც, როგორიცაა მედიტაცია, არტ თერაპია, იოგა, სომატური თერაპია, და ა.შ. მე მქონდა იდეა, რომ 17 მაისის აქციაში მონაწილე ხალხი შეგვეკრიბა რაღაც გასვლით ღონისძიებაზე, სადაც დალხენის სხვადასხვა ფორმით ვიმუშავებდით ამ ტრავმებზე. ძალიან მინდა ოდესმე ეს განვახორციელო, რადგან ამ ტრავმების გააზრების გარეშე მოძრაობის კონსოლიდაცია ძალიან გაჭირდება.

მარიამ გაგოშაშვილილგბტქი მოძრაობაში ჩემთვის რამდენიმე კრიტერიუმია მნიშვნელოვანი: საჯარო დისკურსზე რამდენად აისახება ის თემები, რაზეც მოძრაობა მუშაობს, რამდენად არის აზრთა და ხმათა მრავალფეროვნება და აქტორების რაოდენობა. ამ სამივე კრიტერიუმით დიდი პროგრესია. მხოლოდ ერთი ტიპის აქტივიზმი არ არის, სხვადასხვა სტრატეგია და ადგილი აქვს ყველას ამ ერთიან ეკოსისტემაში. სოციალური ცვლილება არ არის სწორხაზოვანი მოვლენა და ყოველთვის  არის დამოკიდებული კონტექსტზე, პერიოდზე. არ ვიცით, რა არის სწორი სტრატეგია, სხვადასხვა კონტექსტის, პერიოდის, სტრატეგიის კომბინაცია ქმნის ეფექტურ შედეგს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთსა და იმავეს არ აკეთებს, არ არის ერთი ლიდერი, რომელსაც ყველა მხარს უჭერს.

იმას ვაცნობიერებ, რომ საქართველოში არ ვცხოვრობ და იმ ყველაფერს საკუთარ ტყავზე ვერ ვგრძნობ, რასაც საქართველოში მყოფი ქვიარები, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოვდივარ ხოლმე და ვცდილობ შევხვდე აქტივისტებს. 

ძალიან დიდი დაღი დააჩინა 17 მაისმა იმ თაობაზე, რომელიც მაშინ ჩართული ვიყავით აქტივიზმში. ჩვენთვის ბევრად უფრო მძიმედ აღიქმება დღევანდელი დღე. ჩემი მეგობრები, ვინც საქართველოში არიან, რაღაც პროგრესს ხედავენ, მაგრამ იმდენად არა, ვიდრე აქტივისტების ახალი თაობა, რომლებსაც ეს ტრავმა არ აქვთ. მათ ის შიში არ დაჰყვებათ, ბევრად უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილები, რაც კარგია. მე მგონი, საჭიროა ვისწავლოთ წინამორბედების, მოძრაობის გამოცდილებაზე და გავითვალისწინოთ ეს, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც კარგია, რომ ეს ტრავმა და სიმძიმე ახალ თაობას არ აქვს, აქვთ მეტი ამბიცია და ბრძოლისუნარიანობა.

ახლა ბევრად მეტ ქვიარ ადამიანს ვხედავ საჯარო სივრცეებში, ბევრად მეტი ქვიარ მეგობრული ადგილი არსებობს და ე.წ. ბაბლი, რომელიც მიმღებელია, უფრო გაფართოვდა. ეს იგრძნობა ყველა ჩამოსვლაზე. შარშან 5 ივლისი იყო ერთგვარი გადამოწმებაც, ნამდვილად ასეა თუ არა. მივხვდი, რომ შეიძლება ბაბლი გაიზარდა, მაგრამ დისტანციაც საკმაოდ გაიზარდა ბაბლსა და დანარჩენ ქვეყანას შორის, პოლარიზაციაა. უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე, რომ რეალური მიმღებლობა გაჩნდეს და არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება.

სოციალურ ცვლილებებს ბევრი დრო სჭირდება. 10 წელიც არ გასულა 17 მაისის შემდეგ და 20 წელიც არ გასულა, რაც საქართველოში პირველი ლგბტქი ორგანიზაცია, ინკლუზივი გაჩნდა. ეს ძალიან პატარა პერიოდია იმისთვის, რომ სერიოზული, ძირეული სოციალური ცვლილებები მოხდეს. ამას დასჭირდება ალბათ 20 წელი კიდევ და მერე კიდევ. სოციალურ ცვლილებებს თან ახლავს წინააღმდეგობის გაზრდა, რაც მტკივნეულია იმ ადამიანებისთვის, ვინც არის ამ ყველაფრის სამიზნე, მაგრამ ეს ცვლილების ბუნებრივი ნაწილია.

“ყველაზე მეტად თბილისი და ურთიერთობის თბილისური მოდელი მენატრება”

ძალიან გრძელვადიან გეგმებს არასდროს ვსახავ, რადგან არ ვიცი, 5 წლის შემდეგ რა მომინდება და რა პრიორიტეტები მაქვს. ახლა ნიუ-იორკში კომფორტულად ვარ. მიფიქრია ნახევარი წლით მექსიკაში წასვლაზე და იქ ცხოვრებაზეც. საქართველოზე არ ვფიქრობ. წელს არც ჩამოვსულვარ. პირველი წელია, რომ ჩავაგდე, რადგან შარშანდელი ზაფხული ძალიან მძიმე იყო 5 ივლისის გამო, ამას დაემატა უკრაინაში ომი და ჩემთვის ამდენი რაღაცის კომბინაცია ნიშნავს, რომ ვერ დავისვენებ. საცხოვრებლადაც არ ვიცი, ვერ ვიმეტებ საკუთარ თავს, რომ დავბრუნდე. ძალიან ეგოისტურად კი ჟღერს, მაგრამ ყველამ საკუთარ თავს უნდა მოვუაროთ. ოდესმე შეიძლება მომინდეს, არ ვიცი.

მთავარი, რაც მენატრება, არის კულტურული მომენტი — როგორი ურთიერთობებიც გვაქვს ადამიანებს, მეგობრობის როგორი მოდელიც არსებობს. ეს ძალიან მაკლია და მაგას სულ ვეძებ. აქ ჩემი მეგობრების უმრავლესობა ემიგრანტია და სულ ვცდილობ გარშემო მყავდეს ისეთი ხალხი, ვინც კულტურულად იზიარებს იგივე ტიპის ურთიერთობებს, მაგრამ მთლად ის არ არის. საქართველოში უფრო ღრმა, უფრო ახლო და… ძალიან მენატრება ეს. თურმე ძალიან კარგი ყოფილა ცოტა უფრო კოლექტიური საზოგადოება. მანდ როცა ვცხოვრობდი, ინდივიდუალიზმს შევნატროდი. აქ მეორე უკიდურესობაა და ძალიან იზოლირებულად გრძნობ თავს, მიუხედავად იმისა, რომ გყავს მეგობრები და ახლობლები. გარდა ამისა, თვითონ თბილისი მენატრება, ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და მით უმეტეს, პლეხანოვი, ჩემი ქუჩები, სადაც გავიზარდე, ეს ესთეტიკა და ენერგია, რაც თბილისშია.

ომიდან პარიზის მოდის სახლამდე — დემნას ისტორია

ბალენსიაგას კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ New York Times Style Magazine The Greats-სთან ინტერვიუში საკუთარ წარსულზე, ოჯახზე, შემოქმედებაზე, სიყვარულზე, მსოფლიოში არსებულ მდგომარეობასა და იმ მთავარ მიზეზზე ისაუბრა, რომლის გამოც საქართველოში დაბრუნება არ შეუძლია.

ფოტო: Lise Sarfati / New York Times Style Magazine The Greats

ჟურნალისტი წერს, რომ დემნა გვასალია თავის მუდამ პროვოკაციულ ნამუშევრებში გამუდმებით ავლენს საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან შეუმჩევლად დარჩენას ცდილობს.

“გასული ივლისის თბილ ღამეს, პარიზში, დე ლა კონკორდის მოედნის მახლობლად, იმავე ნეო-კლასიკურ სასახლეში, რომელშიც ოდესღაც იმპერატორ ნაპოლეონ I-ისა და მეფე ჩარლზ X-ის კორონაცია ტარდებოდა, ბალენსიაგამ ვახშამს უმასპინძლა დემნასთვის, რომელიც 7 წელია მოდის სახლის კრეატიული დირექტორია. 41 წლის ქართველმა დიზაინერმა ფრანგული მოდის სახლისთვის, რომელიც 1917 წელს ესპანელი დიზაინერის, კრისტობალ ბალენსიაგას მიერ დაარსდა, თავისი მეორე კოლექცია წარადგინა.

დემნა გრძელ საბანკეტო მაგიდასთან კიმ კარდაშიანთან, კრის ჯენერთან, მსახიობ მიშელ იოუსთან, სუპერმოდელებთან — ნაომი კემპბელთან და ბელა ჰადიდთან, მუსიკოს კიტ ურბანთან, კინოვარსკვლავ ნიკოლ კიდმანთან ერთად იჯდა. ასეთ ღონისძიებებზე საკუთარი მძიმე სოციალური შფოთვის შესამსუბუქებლად დემნა ყოველთვის ნდობით აღჭურვილ პირებთან ახლოს ყოფნას არჩევს, განსაკუთრებით საკუთარ ქმართან, კომპოზიტორ და მუსიკოს ლოიკ გომესთან, რომელიც ასევე ცნობილია თავისი სასცენო სახელით BFRND. მათ ერთმანეთი 2016 წელს გაიცნეს და მოგვიანებით, 2017 წელს დაქორწინდნენ”, — ვკითხულობთ სტატიაში.

დემნა ჟურნალისტს უყვება, რომ 2015 წელს ბალენსიაგამ მკაფიო დავალების შესასრულებლად დაიქირავა — მას ტანსაცმელი ძველებურად თვალისმომჭრელი უნდა გაეხადა. კრისტობალ ბალენსიაგას ჰქონდა პერფექციონისტური განზრახვა, მინიმალური კონსტურქციული ჩარევით სკულპტურული სიწმინდისთვის მიეღწია, რაც ყველაზე მიახლოებულად 1967 წლის გაზაფხულის კოლექციაში გამოუვიდა — მან შექნა საქორწინო კაბა მხოლოდ ერთი ნაკერით.

ფოტო: Lise Sarfati / ბალენსიაგა, 2016 წლის შემოდგომის კოლექცია
ფოტო: Lise Sarfati / ბალენსიაგა, 2020 წლის შემოდგომის კოლექცია

“დემნა, რომელიც თავისი დახეული ჯინსებით, დიდი ზომის მაისურებითა და საყურეებით მეტალის შემსრულებელს ჰგავს, მოდის ყველაზე დიდ სცენაზე ისე გამოვიდა, როგორც რამშტაინის კონცერტზე”, — წერს New York Times.

სტატიის მიხედვით, ბალენსიაგაში გამოჩენის შემდეგ, დემნა არა თუ ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ ყველაზე საინტერესო დიზაინერი გახდა. ინდუსტრიაში, რომელშიც გუნდები იბრძვიან სტრატეგიის შესამუშავებლად, რათა ხალხმა მათ ბრენდებზე ისაუბროს, დემნას ყოველი ფეხსაცმელი ისე არ გამოდის, რომ მომღერალ Cardi B-ის სიმღერის ტექსტად არ გადაიქცეს. ყველაზე გასაოცარი არის ის, როგორ ოსტატურად აკეთებს კრისტობალის კლასიკური ნამუშევრების ინტერპრეტაციას, ქმნის მაღალი მოდის ტანისამოსს არა მხოლოდ ატლასისა და ხავერდისგან, არამედ ნეილონისა და ჯინსისგანაც.

სტატიაში ნათქვამია, რომ რამდენჯერაც დემნას უკან დახევა უნდება, იმდენჯერ შეუძლია საკუთარი თავი ზედმიწევნით, გულდასმით შეისწავლოს. ის თავის წინამორბედს იხსენებს: ჯერ კიდევ 1940-იან და 50-იან წლებში ბალენსიაგა საერთაშორისო მოდის ვარსკვლავი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ანონიმურობის შენარჩუნებას ცდილობდა. როგორც წიგნ The Master of Us All: Balenciaga, His Workrooms, His World-ის ავტორმა, მერი ბლუმმა რადიო NPR-თან საუბრისას აღნიშნა, არავინ იცოდა, რამდენად გამხდარი ან მაღალი იყო ის და რამდენიმე ფრანგი ჟურნალისტი იმასაც ფიქრობდა, რომ ბალენსიაგა არ იყო ერთი ადამიანი, არამედ ეს იყო დიზაინერებით დაკომპლექტებული გუნდი და ამას მხოლოდ იმიტომ ფიქრობდნენ, რომ ის არსად ჩნდებოდა.

ფოტო: Lise Sarfati / დემნა ბალენსიაგას ტანსაცმელსა და ნიღაბში

2021 წელს დემნა Met Gala-ს კიმ კარდაშიანთან ერთად დაესწრო. ორივეს სახეს შავი ქსოვილი ფარავდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი დასწრება, როგორც ინდუსტრიის ვარსკვლავის, წინასწარ იყო გადაწყვეტილი, ადამიანები ვარაუდობდნენ, რომ კარდაშიანთან ერთად მისი ყოფილი ქმარი, ქანიე უესტი იყო. ნიღაბი სულ მცირე ორ მიზანს ემსახურებოდა: ნიღბის ტარება დემნას ამშვიდებდა და კამერებს არ აძლევდა საშუალებას, არასახარბიელო მომენტებში გადაეღოთ.

“ყოველთვის მქონდა პრობლემა სარკეში ჩახედვისას”, — ამბობს დემნა.

სტატიის მიხედვით, 11 წლის ასაკში დემნა დარწმუნებული იყო, რომ მოკვდებოდა — აფაზეთის ომის დროს, თვეების განმავლობაში, ყოველდღე, საღამოს 7 საათზე, საჰაერო დაბომბვის სირენის ხმა მიანიშნებდა, რომ დრო იყო მისი ოჯახის დანარჩენ წევრებს: ქართველ მამას, გურამს, ავტოსარემონტო მაღაზიის მფლობელს; რუს დედას, ელვირას, რომელიც დიასახლისობდა; მის უმცროს ძმას, ასევე გურამს; ორ ბიძას; ბიძების ოთხ შვილსა და ბებიას მიწისქვეშა ავტოფარეხში შეერთებოდა, სადაც დემნა აფეთქებული ჭურვის ჭექა-ქუხილის ჩასახშობად მუსიკას უკრავდა.

სანამ ტერიტორია ნანგრევებად გადაიქცეოდა, დემნა და მისი ოჯახი სახლიდან ევაკუირდნენ, მანქანაში რამდენიმე აუცილებელი ნივთი ჩაალაგეს — საკვები, თბილი ტანსაცმელი და ფოტოალბომი, ასევე, რამდენიმე იარაღი, რომლითაც თავს დაიცავდნენ და დაახლოებით 240 000 ქართველს ქვეყნის დედაქალაქისკენ მიმავალ გზაზე გაჰყვნენ, სადაც მათი ნათესავები ცხოვრობდნენ. სადამდეც შეძლეს, მანქანით მივიდნენ, წამოიღეს რისი ტარებაც შეეძლოთ და ფეხით განაგრძეს გზა. როდესაც დემნას ბებია ძალიან დასუსტდა და გზის გაგრძელება აღარ შეეძლო, დემნას დედამ, ელვირამ, ბუნებით მომლაპარაკებელმა, ავტომატი ცხენზე გადაცვალა.

თითქმის 3 კვირის განმავლობაში სოფელ-სოფელ მოგზაურობდნენ, ძირითადად, გარეთ და მიტოვებული მანქანების უკან ეძინათ. გადასახლებამდე დემნა გულკეთილი ბიჭი იყო, რომელსაც ოჯახისთვის მუსიკალური შოუების მოწყობა, ბებიისთვის მოდური რჩევების მიცემა და მის სამყაროს კონკურსის მონაწილეების დახატვა უყვარდა, შემდეგ კი, დასახიჩრების განსაკუთრებულად სადისტურ ფორმაზე ფიქრობდა, რომლის შესახებაც გაგებული ჰქონდა.

ერთ ღამეს, დემნა ყოფილ ჯარისკაც მამასთან ერთად მიდიოდა, რომელიც ბიძამისს ეუბნებოდა, რას იზამდა იმ შემთხვევაში, თუ მათ ოდესმე მძევლად აიყვანდნენ.

“ხელყუმბარები მაქვსო”, — იხსნებებს დემნა მამის ნათქვამს, რომელიც ამბობდა, რომ უფრო ადრე დაასრულებდა სიცოცხლეს თავის ბიჭებთან ერთად, ვიდრე საწამებლად და ტყვედ ჩავარდებოდა.

ჟურნალისტი წერს, რომ საუბრის ამ მომენტამდე, დემნა, რომელიც სამუშაო პერსონისგან განცალკევების მიზნით თავის გვარს პროფესიაში აღარ იყენებს, თავისი ოჯახის გაქცევის ამბავს ისე ჰყვებოდა, როგორც ომზე გადაღებული ფილმის სიუჟეტს. “მხოლოდ იმის გაფიქრება, რომ ის…” — ამბობს დემნა და წინადადების დასრულებას ვერ ახერხებს, ხმაში ტკივილი იკვეთება.

ვფიქრობ, ის ამას არასდროს გააკეთებდა, მაგრამ მაინც შემეშინდა მისი. მანამდე არასდროს შემშინებია მამის.

გვასალიები თბილისში უსაფრთხოდ, მაგრამ უსახსროდ ჩამოვიდნენ. დემნა დიდი ზომის იაფფასიან ტანსაცმელში, რომლის მკლავებიც ხელებს უფარავდა, რაც მოგვიანებით მან მხატვრულადაც გამოიყენა.

“საწოლზე ძილი — ეს არასდროს დამავიწყდება. მეტი რა გჭირდება ცხოვრებაში?“ — ამბობს ის.

მისი ბავშვობის გამოცდილება არასდროს არის მისგან შორს. გასულ მარტში, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 10 დღის შემდეგ, დემნამ პარიზთან ახლოს მდებარე საგამოფენო კომპლექსში ბალენსიაგას 2022 წლის შემოდგომის კოლექციის ჩვენება მოაწყო. პრეზენტაცია გახდა ალეგორია იმ დაახლეობით ერთი მილიონი უკრაინელის, ძირითადად, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობისა, რომლებიც ომის პირველ კვირას მეზობელ ქვეყნებში გაიქცნენ.

შოუს თანმხლებ ჩანაწერებში დემნა წერდა:

უკრაინის ომმა ჩემში წარსული ტრავმის ტკივილი გააღვიძა, რომელიც 1993 წელს გადავიტანე, როდესაც იგივე მოხდა ჩემს სამშობლოში და სამუდამოდ ლტოლვილი გავხდი. სამუდამოდ, რადგან ეს არის ის, რაც შენში რჩება. შიში, სასოწარკვეთა, იმის გაცნობიერება, რომ არავის უნდიხარ.

“ამიტომაც მოდას არასდროს ჰქონია ჩემთვის მნიშნველობა. მიყვარს ამის კეთება, მაგრამ მართალი რომ გითხრათ, არ მაინტერესებს. ისეთი რაღაცები მინახავს, რასთან შედარებითაც მოდა შეუსაბამო ხდება”, — უთხრა დემნამ ჟურნალისტს.

დემნას ხშირად მოდის მხიარულ დივერსანტად მოიაზრებენ, რომელიც თავის ნამუშევრებს კომედიასთან შეზავებული ცრემლებით ავსებს. ამ ყველაფრის მიღმა ერთგვარი გულწრფელობა იმალება, რომლის გარჩევაც სპექტაკლის ფონზე ხშირად რთულია. ჟურნალისტი წერს, რომ სხვა არცერთი დიზაინერი არ არის ასეთი გულწრფელი — ყველა კოლექციის უკან, რომელიც ირონიულად შეიძლება მოგეჩვენოთ, ხშირად დემნას მიმდინარე ავტობიოგრაფია იმალება. მაგალითად ავიღოთ DHL-ის ბრენდის 270$-იანი მაისური, რომელიც 2016 წელს ვეტმენსისთვის შექმნა და რომელსაც კრიტიკოსები დასცინოდნენ, რადგან ბავშვურად და ანტიმოდურად აღიქვამდნენ.

ფოტო: Lise Sarfati / ბალენსიაგას 2021 წლის კოლექცია

“ყოველდღე ვხედავდი ამანათების მომწოდებელ ბიჭებს ჩვენს ოფისში, გვიწევდა DHL-ის გადასახადების გადახდა, რაც ჩვენთვის ბევრი იყო. ეს იყო ვიზუალური პრეზენტაცია ჩემი ყოველდღიური პროფესიული ცხოვრებისა. ამას ხშირად ვაკეთებ. რაღაცას ვიღებ და ვაკეთებ”, — იხსენებს დემნა.

ამის შემდეგ ბალენსიაგასთვის შექმნილი 2023 წლის Resort კოლექცია მოდის, რომელიც შალის ქურთუკებსა და ლატექსის კოსტუმებში გამოწყობილ მოდელებს მოიცავს — სხვა დიზაინერებისთვის სადომაზოხიზმისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა შესაძლოა იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ უცნაური გამოხატულება, მაგრამ დემნას თქმით, თავისი სექსუალური განათლების ნაწილი მისთვის ძალიან პირადული იყო.

ჟურნალისტი წერს, რომ დემნას სექსუალობა არის ის, რაზეც ისე არ შეუძლია საუბარი, რომ მის ხმაში გარკვეული სევდა არ შეიპაროს. მეზობლად მცხოვრებ მეგობართან ადრეული შეხვედრა მოულოდნელად დასრულდა, როდესაც მათთან ოჯახის წევრი შევიდა და დემნას ბიჭის ხელახლა ნახვა აუკრძალა. პირველმა კაცმა, რომელიც მას შეუყვარდა და სექსკლუბები და საკრუიზო ადგილები გააცნო, ასწავლა, როგორ ჰყვარებოდა თავად, მაგრამ, სამწუხაროდ, არ უსწავლებია, როგორ შეეყვარებინა საკუთარი თავი. მისთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი არის ის, რაც არ მომხდარა.

საქართველოში ვერ დავბრუნდები, რადგან მოკვლით მემუქრებიან. ერთ-ერთი  ბიძაჩემია.

მშობლებთან 32 წლამდე არ დაქამინგაუთებულა, თუმცა 25 წლის ასაკში უკვე ჰყავდა შეყვარებული. დემნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკაზე სწავლობდა, მაგრამ მაშინაც რეგულარულად ხატავდა ტანსაცმლის ესკიზებს. ის “ერთგვარი კრიმინალების” ჯგუფთან დაახლოვდა, რომლებმაც, სავარაუდოდ, იცოდნენ მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, მაგრამ ეს არ აინტერესებდათ და მას იცავდნენ.

“ისეთ ქვეყანაში ვიზრდებოდი, სადაც ვერ ვიტყოდი, რომ გეი ვიყავი. ყოველთვის ვცდილობდი, ისეთ მკაცრ ბიჭს დავმსგავსებოდი, რომელიც იმ უბნებში გადარჩებოდა, სადაც ვცხოვრობდი, მაგრამ შინაგანად თავს ასე არ ვგრძნობდი”, — ამბობს დემნა.

2020 წლის გაზაფხულის კოლექციის წარდგენა

სკოლის დამთავრების შემდეგ, დემნა ანტვერპენის სამეფო აკადემიის სახვითი ხელოვნების კოლეჯის შესახებ საგაზეთო სტატიას წააწყდა, რომელმაც Antwerp Six შექმნა — გავლენიანი მოდის დიზაინერები: დირკ ბიკემბერგსი, ენ დემეულემესტერი, ოუალტერ ვან ბეირენდონკი, დრის ვან ნოტენი, დირკ ვან საენი და მარინა ი, რომლებმაც სკოლა 1980-იანი წლების დასაწყისში დაამთავრეს. დედის სურვილის საწინააღმდეგოდ, დემნამ კოლეჯში განაცხადი შეიტანა. ვან ბეირენდოკმა, რომელიც იმ პერიოდში აკადემიის მოდის განყოფილებაში ასწავლიდა, მასში მონათესავე სული აღმოაჩინა.

“ჩვენ ორივე ჯიუტები ვართ და ხმამაღლა ოცნება გვსურს. კრიტიკული, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, ირონიისა და იუმორის დამატება ჩვენს საქმიანობაში მნიშნველოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი სიყვარული სრულყოფილი სამკერვალოებისა და ლამაზი ქსოვილების მიმართ”, — წერია ვან ბეირენდონკის წერილში.

მოდის სკოლის შემდეგ დემნას პირველი დიდი სამუშაო მეისონ მარჯიელაში იყო, რომელიც ექსპერიმენტების ლაბორატორიად და ავანგარდული მოდის ლიდერადაა ცნობილი. დასაქმების კომიტეტმა მას პროექტის წასადგენად ერთი კვირა მისცა. დემნამ განსახილველად ცხიმიანი პიცის ყუთით 10 “ლუქი” გაგზავნა. ორი კვირის შემდეგ კი, პარიზში ცხოვრობდა. რამდენიმე წელიწადში ის ლუი ვიტონში დაიქირავეს.

ჟურნალისტი წერს, რომ დემნას ღლიდა მხოლოდ სხვა ადამიანების იდეების შემუშავება და საბოლოოდ, მეგობრებთან ერთად საკუთარი ლეიბლი გამოუშვა. სახელი Vetements, რომელიც ფრანგულად “ტანსაცმელს“ ნიშნავს. ეს აზრი ფალაფელის რესტორანში ლანჩის დროს მოუვიდა. სახელი ხუმრობას ჰგავდა, რადგან კოლექტივის არც ერთი წევრი არ იყო ფრანგი.

“როდესაც ვეტმენსი დავიწყე, იმედგაცრუებული ვიყავი ინდუსტრიით. არ ვიხდიდი გადასახადებს, არ მაინტერესებდა. მე მხოლოდ ტანსაცმლის შექმნა მინდოდა”, — იხსენებს დიზაინერი.

ფოტო: Lise Sarfati / ბალენსიაგას 2022 წლის კოლექცია

ბრენდის კრეატიულ დირექტორად მუშაობის 5 წლის განმავლობაში, ძმასთან, გურამთან ერთად, რომელიც აღმასრულებელი დირექტორი იყო, მოაწყო შოუ გეი კლუბის სარდაფში, რომელსაც ერთი კრიტიკოსი უჩიოდა, რომ საპირფარეშოს სუნი ასდიოდა (2015 წლის შემოდგომა); პარტნიორობდა 18 სხვადასხვა ბრენდთან და გამართა ის, რასაც მოიხსენიებდნენ, როგორც ნოუშოუს (no-show) — ციურიხში გადაღებული ადამიანების რეალური ზომის ფოტოებით, რომლებიც მოდელები არ იყვნენ და წარმოდგენილი იყო პარიზის ერთ-ერთ ავტოსადგომზე (2018 წლის გაზაფხული).

ვეტმენსი გახდა სენსაცია იმ დაბნეულობის გამო, რომელიც ხალხში გამოიწვია: ვერავინ გაიგო, დემნა ხუმრობდა თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ გრძნობდნენ, ის დროს კარგად ატარებდა, არსებობდა შიშიც, რომ ის შეიძლებოდა დასცინოდა მოდის ინდუსტრიასა და საზოგადოებას. ზოგიერთი ტანსაცმელი ცუდად იყო მორგებული, მოდელებს არ ეცვათ ცუდად, მაგრამ ამას არც ლამაზი ეთქმოდა.

“ეს უფრო პროვოკაცია იყო. მინდოდა ემოციის გამოწვევა, ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომლის”, — ამბობს დემნა.

ბალენსიაგას 2019 წლის გაზაფხულის ჩვენება

როდესაც დემნას არაბალანსირებულმა კაბებმა და დიდმა ქურთუკებმა უფრო მეტი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და მყისიერად მოხვდა მაღაზიებში, როგორიცაა Dover Street Market, ჟურნალისტებმა დემნას დეკონსტრუქციებსა და მარტინ მარჯიელას შორის პარალელების გავლება დაიწყეს.

“მართლა გავგიჟდი. უცებ ისეთ ადგილას აღმოვჩნდი, სადაც იმის კეთება შემეძლო, რაც მინდოდა”, — აღნიშნავს დიზაინერი.

2015 წელს, ვეტმენსის თავდაპირველი წარმატების შემდეგ, მრავალეროვნული კორპორაციის, Kering-ის აღმასრულებელმა, რომელიც Balenciaga-ს, Gucci-ს, Saint Laurent-ს, Alexander McQueen-ს და Bottega Veneta-ს ფლობს, დემნას კითხვით მიმართა, სურდა თუ არა უარი ეთქვა იმაზე, რასაც აკეთებდა და წასულიყო პარიზის დიდ სახლში.

“მან არ მითხრა, ზუსტად სად უნდა წავსულიყავი”, — იხსენებს დიზაინერი.

დემნა შემოთავაზებაზე იმ პირობით დათანხმდებოდა, თუ შეძლებდა ვეტმენსში მუშაობის გაგრძელებას. სახლში მიმავალ გზაზე მობილური გახსნა და შეხვდა სიახლე, რომ ალექსანდრ ვანგი ბალენსიაგას კრეატიული დირექტორის თანამდებობას ტოვებდა.

დიზაინერი ბალენსიაგაში ყოფნის გამოცდილებას იესოს ჯვრის ტარებას ადარებს.

“მემკვიდრეობა გასაოცარი და მასაზრდოებელია, მაგრამ ასევე ძალიან მძიმე”, — ამბობს ის.

როდესაც 2015 წელს პარიზის სახლში მივიდა, ამბობს, რომ “ეძინა”. ალესანდრო მიკელეს მსგავსად, რომელიც იმავე წელს გუჩის სათავეში ჩადგა, დემნამ ზუსტად იცოდა, რას ელოდნენ მისგან.

2019 წელს, თანამდებობაზე მისი დანიშვნიდან 4 წლის შემდეგ, ბალენსიაგამ წლიური შემოსავლის რეკორდული რიცხვი აჩვენა, რაც პირველად აღემატებოდა 1 მილიარდ ევროს (დაახლოებით 1.12 მილიარდი აშშ დოლარი).

ძვირადღირებული მოდის სახლის ყველა დიზაინერს ფისკალური პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ამის გარდა, მათ კიდევ სხვა რამ უნდა გააკეთონ: შექმნან ტანსაცმელი, რომელსაც არა მხოლოდ მოგება მოაქვს, არამედ კულტურული მომენტის სიმბოლოდ ქცევა შეუძლია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, დემნას ასეთი უამრავი მაგალითი ჰქონდა.

ბალესიაგას 2021 წლის შემოდგომის პრეზენტაცია ვიდეო თამაშის სახით

კოვიდ პანდემიის დაწყებისას, როდესაც შოუების ლაივში ჩვენება აღარ შეიძლებოდა, დემნა Epic Games-თან პარტნიორობდა “Afterworld: The Age of Tomorrow” ვიდეოთამაშზე, რომელიც ბალენსიაგას 2021 წლის შემოდგომის კოლექციაში მოიცავდა NASA-ს შტამპით დატანილ ტანსაცმელს, წითლ ქურთუკსა და შუასაუკუნეების სტილს.

რეალურ სივრცეში დაბრუნების შემდეგ, დემნამ წითელი ხალიჩა ასაფრენ ბილიკად აქცია. საკუთარ შოუში გამოიყენა ცნობილი ადამიანების კადრები, როგორც თავად შოუ. ჩვენება სიმპსონების სპეციალური მინი ეპიზოდის პრემიერით დასრულდა, რომელშიც მარჯი და ბარტია ნაჩვენები პარიზში, სამოდელო კარიერის გაგრძელების დროს. რა თქმა უნდა, სერიაში ყველა ბალენსიაგას ტანსაცმელშია გამოწყობილი.

კადრი სიმპსონების მინი-ეპიზოდიდან ბალენსიაგაზე

მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, დემნა მოწინააღმდეგეების გარეშე არ რჩება. ერთმა ჟურნალისტმა ვეტმენსში მის ნამუშევარს “გატეხილი თაობის ნაბიჭვრული სტილი” უწოდა, ხოლო მეორემ ცოტა ხნის წინ შეატყობინა, რომ იმ ფასს, რაც მისი დახეული და შეღებილი ფეხსაცმელი ღირს, ზოგი ყოველთვიურად ბინის ქირაში იხდის. დემნას ასეთი რეაქცია გაუკვირდა.

“ეს უბრალოდ ჭუჭყიანი ფეხსაცმელია, მაგრამ თუ გინდა, რომ ეს ჩემი ფეხსაცმელი იყოს, ისე უნდა გამოიყურებოდეს, თითქოს ვიღაცამ ახლახან ამოთხარა მიწიდან”, — ამბობს ის.

ჟურნალისტი წერს, რომ ძნელი არ არის იმის გაგება, თუ რატომ უქმნის დიზაინერი დისკომფორტს ზოგიერთ კრიტიკოსს. ის ერთდროულად ძალიან ბევრ იდეაზე მუშაობს და ეს ყველა მათგანის ათვისებას შეუძლებელს ხდის. დემნამ მხოლოდ იმ დიზაინერის სელფი კი არ შემოგვთავაზა, რომელსაც ინტერნეტ კულტურა მართლაც ესმის, მან ქაოტური ციფრული სამყაროს კადრის ასახვაც შეძლო.

ცხოვრება რაჭაში, აქტივიზმი და ბრძოლა უკეთესობისთვის — ეთო არსანიძის ისტორია

მე ვარ ეთო არსანიძე, 34 წლის, სამოქალაქო აქტივისტი და რაჭის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელი. ვცხოვრობ რაჭაში, სოფელ კრიხში.

მიმაჩნია, რომ ვარ ადამიანი, ვისი იმედიც ამ რეგიონში შეიძლება ჰქონდეთ, განსაკუთრებით, ბავშვებს, ახალგაზრდებსა და ქალებს.

ბავშვობა

სტუდენტობის წლების გარდა, მთელი ცხოვრება რაჭაში მაქვს გატარებული. ქუთაისში ვსწავლობდი და 4 წელი იქ ვიყავი. ვფიქრობ, ჩემი ბავშვობა ისეთი იყო, როგორიც სოფელში მცხოვრები ნებისმიერი ახალგაზრდის. ზაფხული ხალისიანი და ხმაურიანი, რადგან თბილისიდან ბევრი ჩემი თანატოლი ჩამოდიოდა და ეს ბავშვობის ძალიან საინტერესო პერიოდად მახსენდება. სულ მაინტერესებდა, ზამთარს, რომელსაც ჩვენ უშუქობაში და დიდთოვლობაში ვატარებდით, როგორ ატარებდნენ ქალაქში მცხოვრები მოზარდები და ზაფხულობით ამ ცნობისმოყვარეობის შევსება შემეძლო. ტექნოლოგიები მაშინ ასეთი განვითარებული არ იყო, ამიტომ ჩვენი ძირითადი აქტივობები სიმინდის მოპარვით, მდინარეზე სიარულითა და თამაშით შემოიფარგლებოდა. ალბათ, ბავშვები ახლაც ასე ერთობიან, მაგრამ ახლანდელი დრო მაინც განსხვავებულია. ზაფხულის ნაწილი ძალიან მრავალფეროვნად და საინტერესოდ მახსენდება. უარყოფითი მოგონება, რაც ბავშვობასთან დაკავშირებით პირველი მომდის თავში, ზამთრის გრძელი ღამეებია, როდესაც შუქი არ გვქონდა და იძულებულები ვიყავით, ადრე დაგვეძინა. გათენებისას, თუ თოვლი ძალიან მაღალი არ იყო, სიცივეში სკოლამდე ფეხით მიწევდა სიარული.

ცხოვრება რაჭაში

დილით ძალიან ადრე ვიღვიძებ, ჩემი დისშვილი მიმყავს ბაღში და შემდეგ უკვე მუშაობას ვიწყებ. არ აქვს მნიშვნელობა კვირის რომელი დღეა, სამსახურში შაბათ-კვირასაც დავდივარ. თითქმის ყოველ დღე ვსეირნობ რაჭის სხვადასხვა ადგილას, ვიღებ ფოტოებს. ამას გარდა, ვმართავ ფეისბუქ ჯგუფს რაჭველები, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმეა და დღის რამდენიმე საათი მიაქვს. ჯგუფში შეუძლებელია არასანდო, გადაუმოწმებელ ინფორმაციას წააწყდე. ზაფხულობით უფრო ბევრი რამის გაკეთებას ვასწრებ — დღეც დიდია და შესაძლებლობაც.

წლების შემდეგ რაჭაში რა ცვლილებასაც ვხედავ, არის ის, რომ გლობალური დათბობიდან გამომდინარე, იმხელა თოვლი აღარ მოდის. ალბათ, ეს ფაქტი უფრო ცუდია, ვიდრე კარგი. ახლანდელი მოთხოვნილებები განსხვავებულია მაშინდელისგან. იმ დროს ელექტროენერგია გვინდოდა, ტელევიზორი რომ ჩაგვერთო. ინტერნეტიზაცია მაშინ არ არსებობდა. თუმცა, ახლაც, ზამთრის პირობებში დენი ხშირად ითიშება, ზოგიერთ სოფელში ნაკლები ხელმისაწვდომობაა ინტერნეტთან, ცუდ ამინდში ფაქტობრივად არ იჭერს, რის გარეშეც სწავლა და განვითარება წარმოუდგენელია. ეს ახალგაზრდების წინსვლას აფერხებს.

ფუნდამენტურ საჭიროებებზე რომ ვისაუბროთ, 2022 წელია და სოფლები ჯერ კიდევ არ არის გაზიფიცირებული, თანაც ისეთ რეგიონში, სადაც ზამთარი განსაკუთრებულად დაბალი ტემპერატურით ხასიათდება. საკმაოდ რთულია ამ დროს სახლის გათბობა, შეშის ღუმელს ყველა ოთახში ვერ დადგამ. რაც შეეხება გზებს, ჩემს ბავშვობაში თოვლს არ წმენდდნენ, მაშინ საჭიროებაც ნაკლები იყო. ბოლო წლებში ეს შედარებით მოწესრიგებულია.

აქტივიზმი

სიმართლე რომ ვთქვა, საერთოდ არ ვიცოდი, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი „წოდება“ — სამოქალაქო აქტივისტი. ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ შევიტყვე, თუმცა აქტივისტი ყოველთვის ვიყავი, რადგან ჩემთვის ეს არის სასიკეთო ცვლილებებისკენ სწრაფვა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ჩემთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ეს არის ჩემთვის აქტივიზმი და არა მხოლოდ წინააღმდეგობა. რამდენიმე წლის წინ, რაღაცების ქაოსურად გაპროტესტების დრო აღარ იყო, საჭირო იყო მოქმედება. მაშინ მე და ჩემმა მეგობარმა პირველი პეტიცია შევქმენით — რეანომობილი რაჭას. სწორედ რეანომობილის არქონას აქ ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ეს იყო პირველი რეალური პროტესტი, მთელს საქართველოს გავაგებინეთ ამის შესახებ. ხელმოწერები შევაგროვეთ და დაახლოებით ორ კვირაში რაჭას უკვე ჰყავდა საკუთარი რეანომობილი. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ნეგატიური იყო, შედეგმა თავისი პოზიტივი მაინც მოიტანა. ხალხმაც გამოიჩინა ინიციატივა, მათგან დავინახე პროტესტის სურვილი და ამან მომცა ბიძგი, უფრო მეტი მეკეთებინა.

იმ პერიოდში, კერძო სექტორში ვმუშაობდი და ასე აქტიურად ვერ ვახერხებდი აქტივიზმში ჩართვას, მაგრამ მინიმალურს მაინც ვცდილობდი. ერთ დღესაც, გადავწყვიტე, რომ კერძო სექტორში მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ ვიმუშავებდი, ბევრი დრო მეხარჯებოდა, როცა უფრო მეტი კარგი საქმის გაკეთება შემეძლო. ზუსტად ერთ დღეში მივიღე გადაწყვეტილება, რომ სამსახური უნდა დამეტოვებინა. სანამ კერძო სექტორიდან წამოვიდოდი, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ორგანიზაცია უკვე შექმნილი მქონდა და პარალელურ რეჟიმში პატარ-პატარა აქტივობებს ვგეგმავდით, შემდეგ კი, მთლიანად ორგანიზაციის საქმეებში გადავეშვი.

ამბროლაური პატარა ქალაქია, ჩემი სოფელი კიდევ უფრო პატარა. ის, რომ შენ ითხოვ, რაღაცები უკეთესობისკენ შეიცვალოს, ხელისუფლებას აიძულო რაღაცები გააკეთოს, ზოგი ადამიანის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ვერ ვიტყვი, რომ აქტივიზმში ჩართვის გამო ვინმემ დამკარგა, თუმცა ყოფილა შემთხვევები და სიტუაციები, როდესაც ჩემთვის თავი აურიდებიათ. ასეთი დამოკიდებულების მოლოდინი მქონდა. შევიწროებისა და ზეწოლის მცდელობები ყოფილა, რაზეც ყველაზე მეტად დედაჩემი ღელავს და ნერვიულობს. შარშან, 5 ივლისის მოვლენების პერიოდში, ოფისის ფანჯარაზე ფურცელზე დახატული ლგბტქი დროშა გამოვაკარი, ამას მოჰყვა აგრესიული დამოკიდებულება სოციალურ ქსელში, გვემუქრებოდნენ ოფისის ფანჯრების ჩამტვრევით, თუ ჩვენი ნებით არ ჩამოვხსნიდით დროშას.

ჩემი აზრით, კარგად დაორგანიზებულ აქტივიზმს შეუძლია იმაზე მეტი, ვიდრე წამყვან პოლიტიკურ პარტიებს. ორგანიზების გარდა, ამას ჭკუა და ხალხის ნდობა სჭირდება. ჩემი ამჟამინდელი მიზანია, სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალები გახდნენ მნიშვნელოვანი ფიგურები ნებისმიერი სამთავრობო უწყებისთვის, იყვნენ პრიორიტეტები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურ საფრთხეს არ ვიგრძნობთ, რადგან მთაში ცხოვრება სტრესული და რთულია. ის, რომ თავისუფალი აზრის გამო შეიძლება შეგავიწროონ და იძალადონ კიდეც, საკმაოდ დამთრგუნველია. რა თქმა უნდა, ეს მე ვერ მაშინებს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას უშინდებიან. მინდა ჩემს ქვეყანაში უსაფრთხოების განცდა მქონდეს.

ნეგატიური ამბების შემდეგ აქტივიზმში დარჩენაში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა მეხმარებოდა. ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც რაღაც ფაქტი გამისაჯაროებია, მხარდაჭერა მიგრძნია. ეს ყოველ ჯერზე ძალას მაძლევს, ვგრძნობ, რომ მარტო არ ვარ. შეიძლება რაჭაში ბევრი მხარდამჭერი არ მყავდეს, მაგრამ საქართველოს მასშტაბით უფრო მეტი გულშემატკივარი მყავს და ის, რაზეც ხმამაღლა ვსაუბრობ, მგონია, რომ სწორია.

რაჭის სათემო ორგანიზაცია

რაჭის სათემო ორგანიზაცია 2020 წლის იანვარში შეიქმნა და 15 ადამიანს გვაერთიანებდა. მთავარი იდეა იყო ის, რომ ორგანიზებულად გვემუშავა რაჭის განვითარებაზე და პოზიტიური პროცესები დაგვეძრა. წინ წამოგვეწია ისეთი თემები, როგორიცაა ტრანსპორტის, ინტერნეტიზაციის პრობლემა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები; ქალების ჩართულობის გაზრდა; ეკოლოგია და მწვანე მიმართულება.

იყო საკითხები, რომლებზეც სამეგობრო წრეებში ვსაუბრობდით, მაგრამ ასეთი სახე და იურიდიული ფორმა არ ჰქონია. იურიდიული ფორმა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ანგარიშგასაწევი ძალა გახდე, ვიდრე ცალკე მდგომი ადამიანი. რაღაც მომენტში შეიძლება ეთო არსანიძემ უფრო მეტი გააკეთოს, ვიდრე ორგანიზაციამ, მაგრამ ორგანიზაციას მაინც სხვანაირი წონა აქვს.

თავდაპირველად, 15 ახალგაზრდა ვიყავით, მაგრამ ახლა აქტიური წევრების რაოდენობა შემცირებულია. ორგანიზაციაში 4 ადამიანია დასაქმებული. ამ პროექტის გაკეთებაში მხარი მთის ამბებმა დაგვიჭირა. მალევე წამოვიწყეთ კამპანიები ახალგაზრდა ფერმერის მხარდასაჭერად, ონი-ამბროლაურის საგზაო ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით. ევროკავშირის მხარდაჭერით ვახორციელებთ პროექტს — ქალების ძალა ინკლუზიისთვის, რომელიც მეორე წელია მიმდინარეობს; ვმუშაობთ მწვანე მიმართულებაზეც — ვართ ერთ-ერთი თანაავტორი ვიცავთ რაჭას კამპანიის, რომელიც გულისხმობს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას რეგიონში, ხალხში ცნობიერების გაზრდას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიკეთეები მოაქვს დაცულ ტერიტორიებს.

გარდა ამისა, ორგანიზაცია მხარს უჭერს კულტურულ ღონისძიებებსაც, მათ შორის, ერთ-ერთი კინოჩვენებების მოწყობაა. დაარსებული გვაქვს Cinema Club in Racha, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში შეიქმნა. ყოველ ოთხშაბათს გვქონდა ფილმის ჩვენება სხვადასხვა სეგმენტისთვის. როცა შემოდგომაზე გაუსაძლისი ზამთრის მოახლოება ვიგრძენით, სწორედ მაშინ გაჩნდა ამ კლუბის მოწყობის იდეა, რომელსაც ამ ეტაპზე იურიდიული სახე არ აქვს. პერიოდულად, ბავშვებისთვის ვაწყობთ განსაკუთრებულ ჩვენებებს, მაგრამ ძირითადად, დოკუმენტურ ფილმებს ვაჩვენებთ, რასაც საინტერესო დისკუსიები ახლავს თან.

“ჩვენი ბრძოლა უნდა იყოს ყველას ბრძოლა”

დაცული სივრცის შესაქმნელად საჭიროა მხარდაჭერა სახელმწიფო ინსტიტუციებისგან. ქვეყანაში არის დაუსჯელობის სინდრომი. ადამიანები არ ისჯებიან თავიანთი ჩადენილი დანაშაულების გამო, ან ისჯებიან არასაკმარისად, რაც ქმნის განწყობას, რომ თუკი სხვაც ჩაიდენს დანაშაულს, არც ის დაისჯება. ამიტომ, პირველ რიგში, სამართალდამცავი უწყებების მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი.

იდეალურ გარემოზე არ ვფიქრობ, ვფიქრობ ოდნავ უკეთეს გარემოზე, რადგან იდეალურობას ძალიან ბევრი ბარიერი გვაშორებს. ისეთ გარემოში ვიცხოვრებდი, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ და მინიმუმ, არ ეზიზღებათ, თუნდაც მათი განსხვავებული აზრების, შეხედულებების, ცხოვრების წესის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის გამო.

წლების შემდეგ ტერიტორიულად მინდა ისევ იქ ვიყო, სადაც ვარ. რაჭა-ლეჩხუმ-ზემო სვანეთში მქონდეს ყველაზე ძლიერი ფემინისტური ორგანიზაცია, ვიყო მისი ხელმძღვანელი და მქონდეს პატარ-პატარა ფილიალების გახსნის შესაძლებლობა სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში. რაც ყველაზე მეტად მაშინებს, არის ის, რომ არ მომიწიოს ქვეყნის დატოვება და საზღვარგარეთ წასვლა. ალბათ ვინმე იმასაც იტყვის, თუ არ გინდა, არ წახვიდეო, მაგრამ გარდა იმისა, რომ აქტივიზმში ხარ და უკეთესობისთვის იბრძვი, პირადი საჭიროებებიც გაქვს. ამ ბოლო დროს ჩემი სამეგობროდან იმდენი ადამიანი გავაცილე, ეს მაშინებს.

არ უნდა დავიღალოთ, არ უნდა ჩავცვივდეთ ნიჰილიზმში. თუ გვინდა, რეალურად შევცვალოთ რაღაც, პრინციპებს არ უნდა ვუღალატოთ და ბოლომდე მივყვეთ. შეიძლება აქტივისტები სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობდეთ — პოლიტიკური, მწვანე, ქვიარ მიმართულებით, მაგრამ საბოლოოდ ჯამში, ჩვენი ბრძოლა უნდა იყოს ყველას ბრძოლა. არ უნდა გავიხლიჩოთ, რაც ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს. მთავარია, კონკრეტული მიზნებისთვის გავერთიანდეთ.