სტატუსმეტრი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მორიგ შეფასებას აქვეყნებს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, მოცემულ პერიოდში სრულად არის შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად შესრულებულია ორი პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და ჯერ კიდევ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია).
მათი თქმით, პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში მცირე პროგრესი შეიმჩნევა დამოუკიდებელი მედიისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართულებებით. პირველ კონტექსტში, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა, მეორე მხრივ კი, რიგი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული რეკომენდაციები გაითვალისწინა.
“ფაქტობრივად, ორი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აგრძელებენ ხელისუფლების მიერ 12 პირობის შესრულების პროგრესის შეფასებასა და ამ შეფასებების საქართველოს მოქალაქეებისთვის გაზიარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია”, – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საფარი.