“დაიცავი გამოხატვის თავისუფლება” – ამ სახელწოდებით დღეს, 3 ივნისს, 21:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ – პოლიციამ აქციის მონაწილეებს ბანერები წაართვა, მოგვიანებით კი მათი ნაწილი დააკავა, მათ შორის უფლებამდაცველები. ბანერებზე ძირითადად ირაკლი ღარიბაშვილი იყო გამოსახული, მოქალაქეები დააკავეს თეთრი ფურცლის გამოც.
“30 მაისიდან მოყოლებული ჯიუტებს ყოველდღე გვართმევენ ბანერებს. 2 ივნისს დააკავეს ჯიუტის წევრები და სხვადასხვა ჯგუფის წევრი აქტივისტები. დაკავების მიზეზი ერთია – პოლიცია ებრძვის ნებისმიერი შინაარსის ბანერს, სადაც ღარიბაშვილზე რაიმე მინიშნებას ამოიკითხავენ. დაამზადეთ თქვენი ბანერი ღარიბაშვილის შესახებ და მოდით 21:00 საათზე პარლამენტის წინ”, – ნათქვამია მოძრაობა ჯიუტის განცხადებაში.
ბოლო ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილი თელავში, ნაწილი კი გურჯაანში გადაიყვანეს.